ედუარდ შევარდნაძე - ჩემი არჩევანი: დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად

როცა 1990 წლის 20 დეკემბერს გადადგომის შესახებ ჩემს განცხადებაში ვახსენე დიქტატურის საშიშროება, ბევრმა თავის მტვრევა დაიწყო, თუ კონკრეტულად ვის ვგულსხმობდი. მოითხოვდნენ დიქტატურის კანდიდატის დასახელებას, მკითხაობდნენ, თუ რა სახით მოგვევლინებოდა ის. მაშინაც და ახლაც შემეძლო მათთვის მეპასუხა ერთი საბჭოთა პოლიტოლოგის სიტყვებით: ამ ძალას კონკრეტული სახე და მისამართი არა აქვს. ეს არის მეთოდები და სტილი. ეს არის სიცრუე, პროვოკაცია, მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის მზად არის სამსახურის გასაწევად... და, თუ ეს ყველაფერი მალე გახდა საჭირო, საკითხავი იქნება „ვინ?“ კი არა, არამედ: „რატომ?“, „რისთვის?“

დაიწყო თავდასხმები ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსზე. რაკი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა მუდამ ესწრაფვის მტრული ტენდენციის პერსონიფიცერებას, ანგარიში მე წარმომიდგინეს. მე, სისტემის აღზრდილი, მისი დამცველი და მის მიერვე დაწინაურებული, წარმოვჩნდი განდგომილად, რომლის დანდობა არ იქნებოდა.

აუცილებელი იყო ნდობის აღდგენა, საჭირო იყო მსოფლიოს დარწმუნება, რომ საბჭოთა საფრთხე არ არსებობდა, მას უნდა ერწმუნა ჩვენი ზრახვების სიწმინდე და სიწრფელე.

შინაც და საზღვარგარეთაც რამდენჯერ უკითხავტ, მაინც რა არისო ეს ახალი პოლიტიკური აზროვნება? მე ვუპასუხებდი კითხვითვე: შეუძლია კი ადამიანს ძველებურად აზროვნება და, მაშასადამე ძველებურად მოქმედებაც ისეთ პირობებში, რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხავენ ამის შესაძლებლობას? ირკვევა, რომ შეუძლია, რა პარადოქსიც არ უნდა იყოს, შეუძლია ახალ პირობებშიც იაზროვნოს და იმოქმედოს ძველებურად, თუკი ეს ახლებური პირობები მას ემტერება; თუ ეს ახალი პირობები მას უქადის, რომ ძალაუფლებას, პრივილეგიებს, ძალმომრეობასა და გავლენას, მატერიალური დოვლათის მართვისა და განაწილების სისტემაში ხელმძღვანელ მდგომარეობას დაკარგავს.

საკმარისი იყო, ახალი აზროვნება შეხებოდა ძველ სიმაგრეებს საბჭოთა კავშირის შიგნით და გავრცელებულიყო მის გარეთ ტრადიციული ბატონობის სფეროებზე, რომ ვითარება მკვეთრად შეცვლილიყო. ეს მოხდა იმ ეტაპზე, როცა უქმდებოდა სსრკ კონსტიტუციის მე-6 მუხლი საბჭოთა სახელმწიფოს ცხოვრებაში კომპარტიის „ხელმძღვანელი და წარმმართველი როლის შესახებ“.

ჩვენი საერთო უბედურებაა, რომ ძალაუფლებაზე მონოპოლიის პირობებში დიალოგი, როგორც პოლიტიკის საშუალება, უკუაგდეს. ხელმძღვანელობის მეთაურულ-მბრძანებლური სტილი იგუებს მხოლოდ იერარქიის მონოლოგს.

უფრო იოლია, ოპონენტს თავი გაუტეხო, ვიდრე დაამარცხო მის თავში დაბადებული იდეა. ეს იმდენად გაგვიჯდა ძვალსა და რბილში, რომ ერთმანეთთან ნორმალურად საუბარს გადავეჩვიეთ.

ადამიანის ფაქტორს თუ ეყრდნობით, თუ შეგნებულად აფხიზლებთ და ამკვიდრებთ მას ცხოვრებაში, თუ აძლევთ მას აქტიური თვითგამოხატვის უფლებას, უკვე აღარ შეიძლება, - უბრალოდ, უფლება არ გაქვთ, - ანგარიში არ გაუწიოთ ადამიანს.

დიახ, არ შეიძლება მიზნისკენ სწრაფვისას შემაფერხებელ ძალთა მოქმედების გაუთვალისწინებლობა. მაგრამ არც იმ ძალების უგულებელყოფა შეიძლება, რომლებიც გვეხმარებიან მიზნის მიღწევაში. ვერ ვიტყვი, რომ მ.ს. გორბაჩოვი ამ ძალებს უგულვებელყოფდა. მას გამუდმებით უხდებოდა საყრდენების არჩევა და, თუ ერთი საყრდენი სუსტი, არასაიმედო აღმოჩნდებოდა, ის უნებურად იმ საყრდენისკენ გადაინაცვლებდა, რომელიც მას მეტი სიმყარის გარანტიას აძლევდა. ზოგი ნამდვილად არასაიმედო იყო, სხვებს ის თვითონ აქცევდა ზურგს და ამის შედეგად წარმოქმნილ ვაკუუმში „ბრძოლის ათწლეულებით“ გამოცდილი საყრდენი ჩნდებოდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საყრდენი არც ისე საიმედო იყო, როგორც მიხეილ სერგის ძეს ეჩვენებოდა.

მე არ ვჩქარობ ჩემი აზრის გამოთქმას, ვიდრე არ დამიგროვდება ნებისა და აზრის ის „მასალა“, რომელიც გადაწყვეტილებად იქცევა.

ავტორიტარული აზროვნება, რომელიც საკუთარ მიზნებს გარდუვალობად მიიჩნევს, ყველა დროში ერთნაირია.

ადამიანები ცდილობდნენ მათთვის მოზომილი სამყაროს ფარგლების გაფართოებას, თავიანთი დროის მოწინავე იდეებით გამსჭვალულ შორეულ სივრცეებში გაღწევას. იარაღთან ერთად სახლებში ინახავდნენ ქარტული ლიტერატურის კლასიკოსთა - ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას - ნაწარმოებებს, შემდეგ გაჩნდა ტოლსტოი, რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების, ლეგალური მარქსისტების, პლეხანოვის, კაუცკის წიგნები...

პირველი კილოგრამი ჩაის ფოთოლი ექვსი წლისამ მოვკრიფე.

1989 წლის საშინელ დღეებში, თბილისში რომ ჩამოვედი აქ დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, - ძალის მოშველიებით მიტინგის დარბევის შედეგად როცა ადამიანები დაიღუპნენ, - ჩემს თანამემამულეებს ვუთხარი: „თქვენ უკვე ისეთები აღარა ხართ, როგორც გუშინ იყავით, მაგრამ მეც შევიცვალე“. რასაკვირველია, შეიძლება ადამიანი გაკიცხო იმისათვის, რომ განუდგა თავის ადრინდელ შეხედულებებს, შეიძლება ადამიანმა ძალიანაც იამაყოს იმით, რომ არ სურს პრიციპების დათმობა, მაგრამ როცა ის ებღაუჭება მკვდარ, ან მომაკვდავ პოსტულატებს, ჩემი აზრით, ეს თვით სიცოცხლესთან, მის მარადიულ არსთან, მის მუდმივ განახლებასთან შეუთავსებელია. იცვლებოდე - ეს იმას ნიშნავს, პასუხობდე ცხოვრების ძახილს. საუბარია არა მიმიკრიაზე, შემგუებლობაზე, ლაჩრულ ადაპტაციაზე, ქედის მოდრეკაზე. არა! საუბარია მიზანზე, რომლისთვისაც ულმობლად გადასინჯავთ საკუთარ პოზიციებსა და შეხედულებებს. მიზნის პრობლემა კი ყოველთვის არჩევნის პრობლემაა, და არჩევანი თუ მორალურად უმწიკვლოა, მაშინ ეს არჩევანი ისე უნდა გააკეთო, რომ ერესსა და განდგომაში დადანაშაულებისა არ შეგეშინდეს.

ფაშიზმთან ომი ბოროტებასთან ჩემი პირადი ბრძოლდა გახდა. ფაშიზმი კომუნიზმს ებრძოდა, კომუნიზმი კი ჩემი რელიგია იყო. ამ ბრძოლაში გამარჯვება კომუნიზმის გამარჯვება იყო, მაშასადამე, ეს ჩემი გამარჯვებაც იყო.

პოლიტიკაში ძალიან ადრე, მთლად ბავშვი ჩავერთე. უფრო ზუსტად, პოლიტიკამ თავად ჩამითრია. თანატოლებმა მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს მეშვიდე კლასში.

როცა კომკავშირის რაიკომში დამიბარეს და ინსტრუქტორის თანამდებობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. ჩემმა მშობლებმა, ვიდრე სული ედგათ, ეს ვერ მაპატიეს. წლების შემდეგ, როცა უკვე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად ვმუშაობდი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დედამ მითხრა: „შენ საზოგადოების სნეულებათა მკურნალობას მოჰკიდე ხელი. ფუჭი საქმეა, ჯობდა, ჩემი ტანჯვა შეგემსუბუქებინა...“

იოსებ ჯუღაშვილს, რომელსაც მსოფლიო უფრო სტალინად იცნობდა, თავისი პატარა სამშობლოსადმი თითქოს ლმობიერება უნდა გამოეჩინა. ეს თვალსაზრისი ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ იგი საფუძველშივე მცდარია. კლასობრივი ბრძოლის ამოცანები და ინტერესები უგულვებელყოფენ ეროვნულ გრძნობებს. თეორია, რომლის ჩამოყალიბებაშიც სტალინმა „ფასდაუდებელი წვლილი“ შეიტანა, პრაქტიკულად დადასტურებას მოითხოვდა. თანაც, ბევრ თანამემამულესთან სტალინს თავისი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი. რა დაავიწყებდა მას, მაგალითად. ე.წ. „ქართულ საკითხს“, როცა მისი თანაპარტიელების ჯგუფმა, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელებმა, წინააღმდეგობა გაუწიეს მისეული „ავტონომიზაციის“ გეგმის განხორციელებას. ეს გეგმა უნიტარული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა და მასში შემავალ ეროვნულ რესპუბლიკებს არანაირ დამოუკიდებლობას არ უტოვებდა. „ქართული საკითხი“ გადაიზარდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფორმის შესახებ პოლემიკაში; ეს პოლემიკა კი თანდათან გადაიქცა „ნაციონალ-უკლონისტებთან“, როგორც სტალინის ოპონენტები მონათლეს, ანგარიშსწორებად. სტალინს სხვა პოლიტიკური ყაიდის მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. ის, რომ იტყვიან, სახით იცნობდა მათ, იცოდა, რომ საქართველოში შემორჩა წინააღმდეგობის ბირთვი და, თუმცა ქართველთა უმეტესობისათვის სტალინი დიდი თანამემამულე იყო, რეპრესიათა ჯაჭვური რეაქცია მაინც განურჩევლად მოქმედებდა. მან მოიცვა ორმოციანი წლების მიწურულიცა და ორმოცდაათიანი წლების დასაწყისიც.

1956 წლის 9 მარტისთვის თბილისში მრავალათასიანი მიტინგები გადაიზარდა მსვლელობებსა და დემონსტრაციებში, რომლებიც განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო რუსთაველის პროსპექტზე. დემონსტრანტები პეტიციებითა და საპროტესტო დეპეშებით მიადგნენ კავშირგაბმულობის სახლს და მიიღეს მომაკვდინებელი პასუხი: ავტომატური იარაღის ზალპი. მტკვრის სანაპიროზე ტანკები დაიძრნენ. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს ათობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაიჭრა. მართალი არ არის, თითქოს მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე საბრძოლო ტექნიკა პირველად ბუდაპეშტში გამოიყენეს 1956 წლის ოქტომბერში. განსხვავებული აზროვნების წინააღმდეგ არგუმენტად ტანკი პირველად გამოჩნდა თბილისში იმავე 1956 წლის მარტში.

მშრომელის „კერძომესაკუთრეული ინსტინქტის“ წახალისება არყევდა თვით სოციალისტური წყობის საფუძვლებს. საზოგადოებრივი მეურნეობა რომ არაეფექტური გახდა, - ეს მეორეხარისხოვან საქმედ ითვლებოდა, მთავარი იყო პოსტულატის სიწმინდის დაცვა.

ტოტალიტარულ სახელმწიფოში პენიტენციალურ სისტემასაც ახლავს ტოტალიტარიზმის ყველა შემზარავი ნიშანი და ერთი ადამიანი ვერ შეძლებს თვით სახელმწიფოს არსის შეუცვლელად ამ სისტემის რეფორმირებას.

ჩვენმა შინაურმა მაფიოზებმა დაიწყეს დიდი ფულის შეგროვება სსრკ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის მოსასყიდად, რათა მას თავის მოადგილედ დავენიშნე, თბილისიდან მოსკოვს გადავბარგებულიყავი და მათთვის თავი დამენებებინა. შუამავლად იგულვეს მინისტრის ახლო ნაცნობი, მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი. მე ის უზადო კაცად მიმაჩნდა, ამიტომ ყველაფერ ამაზე მეცინებოდა და გარიგების ჩაშლას ველოდი და ასეც მოხდა.

ამბობენ, ინიციატივა ისჯებაო. მითუმეტეს ისჯება ის ინიციატივა, რომელიც ხელყოფს სისტემის წმიდათაწმიდას - მის უფლებას, გადაწყვიტოს, თქვენ რა უნდა აკეთოტ და როგორ უნდა აკეთოთ; თუ ხელყოფს იმის უფლებას, რომ თავისი ნებისამებრ გმართოთ თქვენ.

როცა თენგიზ აბულაძემ გადაიღო - ასევე „ექსპერიმენტის“ სახით - სახელგანთქმული ფილმი „მონანიება“ და ამის შესახებ მოსკოვში შეიტყვეს, ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა: - ამბობენ, თქვენ ანტისაბჭოთა ფილმი გადაგიღიათო... ეს უკვე კითხვა კი არა, მტკიცება იყო და მუქარაც ისმოდა. - რატომ ანტისაბჭოური? - ვკითხე მე, - „მონანიება“ არის ფილმი იმაზე, თუ სადამდე მივყავართ ძალადობას და უკანონობას. განა ეს პრობლემა ჩვენთვის აქტუალური არ არის?

საქართველოს დისიდენტური მოძრაობის ბევრ მონაწილეს კარგად ვიცნობდი, ზოგიერთ მათგანთან არაერთხელ მისაუბრია. სიტყვა „დისიდენტი“ იგივე იარლიყია, რომლის უკან პიროვნების ჭეშმარიტი მისწრაფებები იმალება. ისინი არავითარი დისიდენტები არ ყოფილან - ჩვეულებრივი, ნორმალური, მაგრამ არსებული ვითარებით განრისხებული ადამიანები იყვნენ. ჩვენ უიარლიყებოდ ვსაუბრობდით და ბევრ რამეში ვეთანხმებოდი მათ, მაგალითად: დავით გარეჯის უდაბნოს უნიკალური სამონასტრო კომპლექსიდან სატანკო-საარტილერიო პოლიგონის შორს გადაწევის აუცილებლობაში. ამ სამონასტრო კომპლექსს ხომ დეტონაცია ანგრევდა; ასევე ვეთანხმებოდი ფასდაუდებელ ძველ ხელნაწერთა უკეთ შენახვისა და დაცვის მოთხოვნას. ყველაფერი ეს, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაზეც ეს ადამიანები მელაპარაკებოდნენ, ჩემი საზრუნავიც იყო, მაგრამ ირკვეოდა, რომ მათი მოგვარების ძალა არ შემწევდა. ვერაფრით ვერ ვახერხებდი შესაბამისი ცენტრალური უწყებების დარწმუნებას, რომ აუცილებელია პოლიგონის სხვა ადგილას გადატანა და ხელნაწერთა თანამედროვე საცავის მშენებლობისთვის ასიგნებათა გამოყოფა. მე არ შემეძლო დაცვა იმ პირგამეხებული კაცებისა და ქალებისა, რომლებიც არსებული მანკიერების გაკილვასა და მხილებას სულაც არ სჯერდებოდნენ და ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, რომლებიც, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების თანახმად, სულაც არ იყო უწყინარი.

ალბათ, 1985 წლის შუა ივნისის იმ დღის გახსენებაც მმართებს, როცა ჩემს კაბინეტში, თბილისში, ტელეფონის ზარი გაისმა და ყურმილში გრობაჩოვის ხმა გავიგონე. - მე შენთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული განზრახვა მაქვს. ორი რამ მინდა შემოგთავაზო, ოღონდ კონკრეტული წინადადებებისთვის ჯერ მზად არა ვარ. ორივე განზრახვა სამუშაოდ მოსკოვში გადმოსვლასთან არის დაკავშირებული. საკმაოდ დავიძაბე, ვუთხარი, რომ თბილისში ჩემს ამჟამინდელ მუშაობას მხარდაჭერა სჭირდებოდა და ამ მხარდაჭერის იმედი მქონდა. სხვა არაფერი მინდა-მეთქი. - გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებ, - მითხრა გორბაჩოვმა. - ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება იქნება. 30 ივნისს ისევ დამირეკა. - მინდა განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ: საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას გთავაზობთ. ხვალ დილით მოსკოვში გელით. - ამქვეყნად ყველაფერს ვიფიქრებდი, ამას გარდა კი, მაგრამ, გრომიკო? - გრომიკო მხარს უჭერს შენს კანდიდატურას. ჩამოხვალ და ვილაპარაკოთ.

ცივილიზებულმა სამყარომ სწორედ ავღანეთის პრობლემის მოგვარების, ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ ირწმუნა ჩვენი. სწორედ ამის შედეგად გადაიშალა ფართო სივრცე ახალი აზროვნების პრინციპთა პრაქტიკული განხორციელებისთვის, და, ეგებ, სწორედ ავღანეთის ეპოპეის გამოცდილებამ გვაფიქრებინა დასავლეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა.

იდეატა დრამას, ვაი რომ, თითქმის ყოველთვის მოჰყვება მათ ავტორთა და განმახორციელებელთა პიროვნული ტრაგედიაც.

როცა თქვენ გასწავლიან და დაგასწავლეს, რომ სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ურთიერთობები ემორჩილება კლასობრივი ბრძოლის ინტერესებსა და კანონებს, შეუძლებელია ერთბაშად, იოლად შეითვისო ზოგადკაცობრიულ ღირებულებათა ყველა სხვა ღირებულებაზე უზენაესობის იდეა...

იდეოლოგიით განმტკიცებული და დაკანონებული ანტაგონიზმი მოითხოვდა, რომ ყურთასმენა გამეფაციცებინა: „იცოდე, არ მოგატყუონ, არ გაგაცურონ!“.

ფილოსოფოსის განსწავლულობის პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ, როგორც სწორად შენიშნა ჩვენი დროის თვალსაჩინო მოაზროვნემ, მერაბ მამარდაშვილმა, ადამიანები რეალურად, ჯერ საქმით იწყებენ სხვაგვარ აზროვნებას, სანამ ამაზე რაიმე ფილოსოფიურ თვალსაზრისს შეიმუშავებდნენ. ჩემი აბავიც ასე იყო.

1986 წლამდე მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი ვრცელდებოდა მხოლოდ პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაში კი არსებობდა სხვა პრინციპი - პროლეტარული ინტერნაციოალიზმი, რომელიც უფლებას გვაძლევდა, ვთქვათ, ვარშავის ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი მოკავშირეების საქმეებში ჩავრეულიყავით შეიარაღებული ძალითაც კი.

ქვეყნის საზღვრებს ვკეტავდით, რომ მოქალაქეებს გარეთ ვერ გაეღწიათ; უცხოეთში მისავლინებლად ადამიანებს ისე ვარჩევდით, როგორც კოსმონავტებს მთვარეზე გასაფრენად; ადამიანებს არჩევანი აღარ დავუტოვეთ. კანონიერად ითვლებოდა სოციალისტური არჩევანი. თუ გვწამდა, რომ ჩვენი იდეოლოგია ჭეშმარიტია, რომ ის ყველაზე მოწინავეა, მაშინ რატომღა გვეშინოდა სხვა მრწამსის წარმომადგენლებთან კონტაქტისა? რატომ ვკრძალავდით წინგებს, რატომ ვახშობდით რადიოგადაცემებს, რატომ ვსჯიდით ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი უყურებდნენ სხვა ფილმებს, ისმენდნენ სხვა მუსიკას, ცეკვავდნენ სხვა ცეკვებს?

თუ საკუთარ ხალხს „მტერს“ დაუსახავ, შეგიძლია, აიძულო, რომ მოითმინოს ნებისმიერი გასაჭირი, ხელმოკლეობა. შეგიძლია, ნებისმიერი მსხვერპლი გააღებინო, უარი ათქმევინო იმაზეც კი, რაც ყველაზე აუცილებელია, მაგრამ დგება მომენტი და მოთმინების ფიალა ივსება. მთავარი კი ის არის, რომ ადამიანური ღირსების გამუდმებული დაკნინება ქვეყანასა და ხალხს ცივილიზაციის საერთო პროცესიდან გამოთიშვას უქადის და მაშინ კი ნამდვილი საფრთხე ემუქრება ხალხის უსაფრთხოებას.

ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, როგორიც არ უნდა იყოს შეიარაღების დონე, ეროვნული უშიშროება ფიქციაა.

მე მგონია, რომ ჩვენი დროის ყველა ძვრებში მაინც ჰუმანურობის იდეის აღორძინების, ადამიანთან, ადამიანურ მასშტაბებთან მიბრუნების გეზია უმთავრესი. ახალი აზროვნება - ეს არის სამყაროს დანახვა ადამიანიდან, მისი პოზიციიდან, ინტერესებიდან. „ადამიანი არის საზომი ყველაფრისა“. ამ თვალსაზრისით ახალი აზროვნება სულაც არ არის ახალი. ის ახალია იმ აზრით, რომ ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტაცია დღეს პოლიტიკის სულ უფრო და უფრო გარდაუვალი იმპერატიული საზომი ხდება. იდეალიზმია? შესაძლოა. მაგრამ მისი უარყოფით ერთადერთ სწორ პოლიტიკას იმ პოლიტიკის აღიარება მოგვიწევს, რომელიც თავის მთავარ ორიენტირთაგან გამორიცხავს პიროვნებას, მის სიმშვიდესა და კეთილდღეობას, რომელიც პიროვნებას ყალბი და ანგარებით განმსჭვალული ეროვნული ინტერესების მსხვერპლად ხდის.

ავღანეთში ჩვენი დანაკარგების ციფრები ფართოდ არის ცნობილი. მათ ხშირად იმოწმებენ, მაგრამ რატომღაც დუმილით უვლიან გვერდს სხვა შემზარავ ციფრს - დაღუპულ მილიონნახევარ ავღანელს. „ადამიანური მასშტაბი“ ერთადერთია, უნივერსალურია და მე ვერ ვეგუები შერჩევით მის გამოყენებას.

მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა ჩვენმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საბჭოთა კავშირ-ავღანეთის საზღვარი, მე და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვ.ა. კრიუჩკოვი ისევ გავფრინდით ქაბულს. იმავე საღამოს ნაჯიბულას ოჯახის სტუმრები ვიყავით. ქალაქს რაკეტებს უშენდნენ, მთავარ პროვინციებში ცხარე ბრძოლები იყო გაჩაღებული. ბრძოლის ხმა თითქოს აღწევდა ოთახშიც, სადაც შინაურულ სუფრას ვუსხედით ჩვენ, სტუმრები, ოჯახის უფროსი და მისი ცოლ-შვილი. - ხომ არ აჯობებდა, - ფრთხილად დავიწყე მე, - თქვენს ოჯახს ქვეყანა დაეტოვებინა? ჩვენ შეგვეძლო მოსკოვში გადასვლაში დაგხმარებოდით... თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ გვიპასუხა დიასახლისმა: - ჩვენ გვირჩვნია, ამ სახლის ზღურბლთან დავიღუპოთ, ჩვენი ხალხის თვალწინ დავიხოცოთ, ვიდრე გავექცეთ მის უბედურებას. ჩვენ ყველანი აქ დავრჩებით ბედნიერ ბოლომდე ან უბედურ აღსასრულამდე...

ამ მხრივ მუდამ მწყალობდა ბედი: ჩემი თანამემამულე მითთა მთხზველები ჩემს ცხოვრებას თავშესაქცევი თქმულებებითა და ზღაპრებით რთავდნენ ხოლმე. ზოგ მათგანში სიკეთეა, ზოგში - ღვარძლი; ზოგი მომწონს, ზოგი - არც მაინცდამაინც.

შულცი, უშრეტი ფანტაზიის კაცი, რომლის გამომგონებლობას ზღვარი არ გააჩნდა, ხან პოტომაკზე გემით სეირნობას აწყობდა, ხან მართავდა წმიდა ამერიკული ყაიდის დასვენების საღამოებს ბანჯოთი და სიმღერითურთ - „ო, ჯორჯია, ჯორჯია“; ხან კიდევ მაოგნებდა სიურპრიზით, - იელის უნივერსიტეტის დიდებული ქოროთი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერას - „მრავალჟამიერს“.

თუ „მოქალაქე“ (ცნების დამახინჯების კლასიკური ნიმუში) მეტისმეტად დიდხანს იყო მოკლებული ადამიანის სტატუსს, მაშინ ერთადერთი რამ, რითაც სამშობლოში მისი გაჩერება შეიძლება, ეს არის მისთვის ამ სტატუსის მიცემა.

ტოტალიტარიზმის უნივერსიტეტებიდან დემოკრატიის აკადემიაში მეტისმეტად აჩქარებული გადასვლა ვერ ითვალისწინებდა ხალხის გონებრივი განვითარებისა და პოლიტიკური კულტურის დონეს. ამას მოჰყვა მტკივნეული ექსცესები და გართულებანი.

პოლიტიკას ადამიანები ქმნია. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც მას ქმნიან, ადამიანები უნდა იყვნენ. მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, მეორე მხარის გარეშე კი ის საერთოდ არ არსებობს. სწორედ ეს მეორე მხარეა მთავარი, ის არის წაღმა პირი: პოლიტიკას ადამიანებისთვის ქმნიან.

ადამიანი, - სათქმელად რომ „ამაყად ჟღერდა“ ჩვენში - სინამდვილეში საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ყოფის საშუალება იყო და არა მიზანი. მეტისმეტი დაჟინებით გვინერგავდნენ, ჩვენ კი ვუნერგავდით სხვებს, რომ ყველაფერზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დგას, პიროვნებისა და მოქალაქის ინტერესები კი როგორმე მოგვარდება.

კოლოსალური ენერგია დასჭირდა გადასახლებულ და განდევნილ სახელგანთქმულ მოქალაქეთა - მეცნიერთა, მწერალთა, რეჟისორთა, პატიოსან, უბრალო ადამიანთა - დაბრუნებას, მათი მთელი დანაშაული ის იყო, რომ არ სურდათ ძალმომრეობისა და სიცრუის კანონთან შერიგება. და კიდევ უფრო ძნელი იყო კეთილი სახელის დაბრუნება ქვეყნისათვის, რომელშიც ასე ექცეოდნენ საუკეთესო ადამიანებს.

სადამ ჰუსეინთან ჩემმა პირადმა შეხვედრებმა საკმაოდ მკაფიო აზრი შემიქმნა მასზე. ის ძლიერი ნებისყოფის, მკაცრი, მბრძანებლური ბუნების პიროვნებაა, თან, რასაკვირველია, ჭკვიანი კაცია. დიახ, კუვეიტთან ომით ის ცდილობდა მისთვის არასახარბიელო პოლიტიკური შეთანხმებების „შესწორებას“. დიახ, ერაყის ქურთისტანში ქიმიური იარაღი გამოიყენა. დიახ, სასტიკად ახშობს დაუმორჩილებლობის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ ყველაფერი, რაშიც მას ბრალს სდებენ, ხორციელდებოდა ისეთ პირობებში, რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხავდნენ რაიმე ორგანიზებული გზით აგრესიის მოგერიებას, კონფორნტაციითა და მტრობით გათიშული მსოფლიოს მხრივ რაიმე სანქციებს.

გამომცემლობა „განათლება“, 1992 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში