ტიციან ტაბიძე - ცისფერი ყანწებით

მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის. მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი, მის აკვანზე ნიმფების მაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდნენ ნანას, ბუნეას არ უწოვებია მისთვის ძუძუ, შავი ქალაქის ნისლიტ და მკთომარე გაზით იზრდებოდა, ამიტომ დასაბამითვე მას თან დაყვა ნარველი პირველყოფილი ლაღი ცხოვრების მოგონებისა, ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული. სარწმუნოება მკვდარია, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება ცხოვრება, აქ იწყება მითის ქმნა, გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქნელნი.

ძველი პატრიარქალური კულტურა ირღვევა. ეს სიკვდილი ძველი ქვეყნის გამოიტირა ბელგიელმა პოეტმა ემილ ვერჰარნმა წიგნში „სოფელნი აჩრდილნი“. ქალაქი მბრძანებლობს.

ახალი ფუტურისტების ტერმინოლოგიით, თანამედროვე კულტურა წარმოადგენს უზარმაზარ ქალაქს, ლონდონს, ნიუ-იორკს, ჰამბურგს, სადაც ტრუბები მაღლია ტაძრებზე, სადაც ცოფიანად მიჰქრიან ავტომობილები და გასაფრენად დარაზმულან ცეპელინები. აქ დრო არ არის უკან მოხედვის, აქ შეიქმნა წუთის კულტი. პოეტის შეგნება დამძიმდა რუხრკინის ქალაქით და ამოხეთქა ახალ უცნობ სიმღერაში პოლ ვერლენის „კოჭლი სონეტი“, ალ. ბლოკის „ბალაგანჩიკი“ ასახვაა ამ ახალი შეცნობის. ასე იქმნება თანდათან ახალი სახე ვიზოინერების.

და მოდერნიზმი სიმღერაა ამ ვიზიონერების.

„ჩემ წინ იშლებიან - ამბობს ინგლისელი მწერალი მორისი - მწუხარე სურათები. თანამედროვე ტალახიანი ბურჟუაზიული კულტურა შედის ყველგან, სპობს რა თავის მგზავრობაში ყველაფერს კარგს ძველი დროიდან დანარჩენს, მთელ სამყაროს ხუთავს თავის ხვევნაში, ცხოვრება შეიქმნა ვეებერთელა კანტორა. ჰომეროსის ადგილი უკავია ჰაქსლის, ცეცხლის პოემები ბაირონის და შელლის თანდათან იდევნებიან ბეჯითი კანტორის წიგნებით“.

კანტორის წიგნებმა ვერ დაფარეს, მართალია, პოეზია. ბაირონის და შელლის პოემებს მოჰყვნენ: სტეფანე მალარმეს „იროდიადა“, პ. ვერლენის „სატურნული პოემები“ და ალ. ბლოკის „თოვლის ქალწული“, მაგრამ აქ უფრო მხილდება როგორ დაშორდნენ ერთმანეთს მხატვარი და ბუნება. აქ ჩნდება ორი პოლუსი, რომელნიც არასოდეს არ შეერთდებიან.

მხატვრული მაგალითით ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ ვაჟა-ფშაველა - პანის ღვთაებრივი მჭვრეტელი, ხევის ნიაღვრით დასოლებული მუზით, რომლისთვისაც ბუნება ემბაზიც იყო, საქორწინო საწოლიც და კუბოც. ვაჟაში არ არის სტილიზაცია ბუნების, როგორც ფრანგ პოეტ დიუჟარდენში, რომელიც აცოცხლებს ბუკოლიკას.

ვაჟა ხელუხლებელი ბუნებაა.

მეორე მხრივ: ოსკარ უაილდი, რომელმაც ბუნებას ხელოვნების მოსამსახურის როლი აკისრა. მართალია სატუსაღოში გაზრდილი უაილდი ამბობდა: თავის დიდებულ წყალში გამბანს ბუნება და მომარჩენს მწარე ბალახებითო, მაგრამ ახალ ცხოვრებისთვის ამდგარ უაილდს ვერ გაიგებდა ბუნება. იმდენხანს იყო მისთვის ბუნება დეკორაცია, რომ არ ეყოფოდა ჯადოქრობა მისი გაცოცხლებისთვის.

***

ქალაქმა შეჰქმნა ახალი სახეები, აქ ჩაეყარა საფუძველი ლიტერატურულ სკოლას, რომელიც ცნობილია სიმბოლიზმად. სიმბოლიზმი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომწიფდა, კლასიკურ შკოლად იქცა და ერთი თვალით უყურებს კიდეც თავის საფლავს. სიმბოლიზმის საინტერესო ახსნას იძლევა ფრანგი მწერალი რემი-დე გურმონი:

- რა არის სიმბოლიზმი? კითხულობს გურმონი: „თუ დავეყრდნობით სწორ გრამატიკულ მნიშვნელობას სიტყვისას, თითქმის არაფერი. თუ კითხვას გავწევთ განზე, მაშინ იმას შეუძლია აღნიშვნა იდეათა მთელი რიგის: ინდივიდუალიზმი ლიტერატურაში, შემომქედების თავისუფლება, დასწავლილი ფორმულების უარისყოფა, ლტოლვა ყოველივე არაჩვეულიბრივისადმი, უცნაურობისადმიც კი. ის ნიშნავს კიდევ იდეალიზმს, სოციალურ რიგის ფაქტებს უგულებელ ყოფას, ანტინატურალიზმს, ტენდენციას, მიმართულს იქით, რაც არი ცხოვრებაში დამახასიათებელი, ტენდენციას მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემისას, რომელიც ერთ ადამიანს მეორისგან ანსხვავებს. სურვილს, დაიჭირო ის რაც არსებითია...“ ჩვენ ვიღებთ ამ ფორმულას და გვინდა ვცადოთ გარკვევა, როგორ გამოიხატა ის ქართულ მწერლობაში. პირველად უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ კრიტიკაში ირევა ორი ცნება: სიმბოლიზმი, როგორც მეთოდი და სიმბოლიზმი, როგორც შკოლა; ეს, რასაკვირველია, შეცდომაა, მაგრამ უფრო უარესია როცა ირევა ერთმანეთში სიმბოლიზმი და ალეგორია. ამას რომ ხშირად აქვს ადგილი, ეს იქედანაც სჩანს, რომ თითქმის ყველა იდეოლოგი სიმბოლიზმის ანიშნავს ამის შერევას (კ. ბალმონტი, წიგნი „მთათა მწვერვალნი“, ვ. ბრიუსოვი, წიგნი „შორეულნი და ახლობელნი“).
ამას ჩვენში უფრო ბევრჯერ ქონია ადგილი. სწორედ აქედან დაიბადა ლეგენდა ვაჟა-ფშაველას სიმბოლისტობის.

სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა ერთმა პოეტმა. მასზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყველა ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დაჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეიერვერკების გასროლა. ოსკარ უაილდი პიროვნების თავისუფლების და მეშჩანურ მორალის დაპირდაპირებამ რედინგის ციხემდი მიიყვანა. რედინგი მისთვის ძალიან ადრე დაიწყო და საფლავშიც არ გათავებულა. ვის არ ახსოვს პარიზის აღელვება „ციმბალისტების“ პირველ ლაშქრობაზე, ვ. სოლოვიოვის და ნ. მიხაილოვსკის რისხვა რუსეთელ სიმბოლისტთა გამოჩნაზე. საფიქრალი იყო, რადგან სხვაგან ასეთი აღელვება გამოიწვია სიმბოლიზმმა, ჩვენშიც მონახავდენ ფიცხებს ინკვიზიციის ცეცხლის დასანთებად, მაგრამ პირველ სიმბოლისტ პოეტებს უთხრეს თავის დასტური არჩილ ჯორჯაძემ და კიტა აბაშიძემ. ამ ორი პიროვნებით იწურება ქართული ესტეტიური კულტურა სიმბოლისტებამდე. [...]

***

ერთ ჩემს წერილში ვწერდი, რომ ჩვენში სიმბოლიზმს ღამეც არ გაუთევია მეთქი. მე ამას ახლაც ვიმეორებ. მხოლოდ ახლა იწყება ხაზების გახსნა, მხოლოდ დღეს ხდება ეს შეჯგუფება. მართალია ჯერ კიდევ ბინდია, მაგრამ ეს ბინდია საგარიჟრაჟო.

საზოგადოდ, ჩვენ მწერლობაზე ფიქრი ვერ დააყენებს მოყვარულ გულს კარგ იმედებზე. გ. მაიაშვილმა ერთ თავის წერილში „მეგობარში“ მრისხანე ხელით მილურსმა ერთი მეპრესე, დაარქვა რა იმას ბატონი შაბლონი. მე არ მახსოვს ამ მეპრესეს გვარი და რომ მახსოვდეს კიდეც, არ გავიმეორებდი, რადგან არ არი ღირსი მიეწებოს გ. მაიაშვილის დიდ სახელს. მხოლოდ ეს თქმა დიდხანს დარჩება ჩვენს მწერლობაში. ბატონი შაბლონი დღეს მალაყიას გადადის ჩვენს ლიტერატურაში. იგი მრავალსახიანია, მრავალ ფეხიანი და კოშმარივით აწევს ქართულ სინამდვილეს. მარტო პოლიტიკური ცხოვრება არ არის მისი მოედანი, ჭრიალა „დროგით“ მწერლობაშიც შემოდის.

და გგონია კიდეც, რომ ის „ბედის ქუდია“ ჩვენ საზოგადოებრივ აზროვნებას თანდაყოლილი. თუ რამდენად არის ჩვენი მწერლობა სიმბოლიზმისგან კვალდამჩნეული, ეს შეიძლება აქედან დავინახოთ: ავიღოთ ძვირფასი სამება ჩვენი პოეზიის:

სანდრო შანშიაშვილმა უკვე ნახა თავისი სახე. ცალკე წერილში მე შევეხები მის ახლანდელ შემოქმედებას. აქ ჩემ თავს ნებას ვაძლევ მის წარსულს შევეხო. მისი პირველი გამოსვლა და სიმბოლისტად მონათვლა მაშინ მოხდა, როცა ის ერთი ხელით სთარგმნიდა ნადსონის და რატგაუზის იაფ რომანსებს, მეორეთი მეტერლინკს, კ. ბალმონტს, ედგარ პოს. როგორ აბამდა ის ამ შეუდარებელ მწერლებს ერთმანეთს?

ეს სეკრეტია, და თუ გინდა სასწაულიც. მე ეს თარგმანები ახლაც მახსოვს. აქედანაც შეიძლებოდა დანახვა მგოსნის დიდი ნიჭის. რასაკვირველია, პირველი მწერლები არას დროს არ ნახავდნენ ადგილს ს. შანშიაშვილის წიგნში, მე ბოდიშს ვიხდი იმათ გახსენებისთვისაც, მაგრამ ამაზე თავის დროს არავის მიუქცევია ყურადღება და აშკარაა, როგორ იოლად იძლეოდა სიმბოლისტობის პატენტი.

გ. ტაბიძეზე ჩემი აზრი გამოვთქვი „საქართველოში“. ის ახალგაზრდაა ამ სამებაში და ყველაზე მეტად ეტყობა სიმბოლიზმისკენ გადახრა. „მე და ღამე“ გვიჩვენებს, რომ მისი სული უძიროდ ღრმაა, მგოსანიც შორს იყურება შიგ და გრძნობასაც დაკრავს საბედისწერო ელფერი. პირველი წიგნის ნერვების ტოკვაზე ეტყობა, რომ გაზრდის შხამიან ყვავილს სიმბოლიზმისას. რაც ძვირად არ დავაფასოთ ის, რაც იმან მოგვცა, მაინც იმაზე მეტი მომავალშია.

ი. გრიშაშვილი უსათუოდ გაშორდა ბესიკს, როგორც დღევანდელი თბილისი ერეკლეს დროის თბილისს. მაგრამ შორია ეს გზა? განა დაშორდნენ ისინი ერთმანეთს ისე, რომ ვერ იცნონ? მე ვიცი - თქვენ მეტყვით გრიშაშვილის თვალის მჭრელ მეტაფორაზე, მაგრამ ვისი ბრალია, რომ თქვენ ბესიკი დაივიწყეთ?

შენის ბაგისა ორნივ მეცა: ტკბილი და მწარე,
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე...

ეს ლექსი ბესიკის არი, შეადარეთ რომელიც გინდათ პოეტური სახე ი. გრიშაშვილის და მაშინ დარწმუნდებით, რომ ბევრს ნიშნავს წარსულის უცოდინარობა. ი. გრიშაშვილი ძალიან დამთავრდა და ეხლა თავის თავს დაუწყო გადამღერება და უნდა მოხდეს ძირითადი ტეხილი მისი შემოქმედების, რომ არ დააჭკნეს გვირგვინები. თუმცა იმ გვირგვინების ღირსი, რომელსაც იგი ატარებს, უსათუოდ არი.

ბელეტრისტებში ნ. ლორთქიფანიძე იპყრობს ყურადღებას. ნ ლორთქიფანიძე ძუნწი თავადია, ძალიან ძვირად სწერს... მის ეტიუდებში მოსჩანს მხატვარი, მის ძვირფას ოფორტებს ჩვენ გულით ვატარებთ. ეტიუდებში ისეთი ხვეულებია აზრების და გრძნობების, ისეთი გადასავალი ტრაგიკულის გულუბრყვილობაზე, ხანდისხან დოსტოევსკისებური ავხორცობაც, რომ გრძნობ ჯადოქარის ხელსა და გინდა რომ დახაზოს დიდი სურათი, რომლის დახატვა ჯერ მარტო იმას შეუძლია. არის აგრეთვე ჭუმბაძე და სხვები, მაგრამ არ არის არც ერთი მწერალი, რომელიც ასახავდეს უნაკლოდ სიმბოლიზმის „L’ art Poetigue”-ს....

სრულიად მოულოდნელად ამ წერილში მოხვდა თითქმის ყველა მწერალი, რომელიც აჩერებს ყურადღებას. ამიტომ მინდა მივუმატო კიდევ ორი: ვ. გაფრინდაშვილი და პ. იაშვილი. ამათ მოაქვთ რაღაც ჩვენს პოეზიაში და იმაში, რაც მათ მოაქვთ, არის გრზნობა, არის სიახლე. ვ. გაფრინდაშვილის „ძაღლის სიმღერა“ და „ოცნება წვიმაში“ უჩვეულოა ჩვენი პოეზიისთვის. „მეფის ქორწილი“ პ. იაშვილის, იმის გარდა, რომ გაბრმავებს ნათელი ფერადებით, პირველი ლექსია ქართულად ტრიოლეტებით დაწერილი. მე ვუცდი რომ იმათ შეკრან თაიგული და უფრო გამოაჩინონ თავიანთი პოეტური სახე... ამათ მოაქვთ ჩვენში ნამდვილი მოდერნიზმი...

***

არის ნიადაგი ჩვენში სიმბოლიზმისთვის?

ქართველ ხალხში სცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული. იმას უნდა მუდამ სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების, რატომმ იღებება ქართველი ქალი? ესეც ხომ მოდის ბრალი არ არი. ამას ხომ ჩვენში დიდი ისტორია აქვს. მიზეზი აქაც იგივეა, ეს აქტიორობა და თეატრალიზაცია ცხოვრების. ეს ბუნება შეუსწავლელია ჯერ სრულიად. ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი, სიმბოლიზმი სწორედ ფილოსოფიაა ამ ნიღაბის.

და ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია.

ჩვენში მზადაა ნიადაგი მოდერნიზმისთვის.

ერთიმწერალი თავის ლექციაში სამი წლის წინად ამტკიცებდა, რომ არსებობს ერთგვარი „ატმოსფერული გავლენა იდეების“, რომელიც შეუცნობლად იპარება სულში. მერეჟკოვსკის ერთ შარშანდელ ფელეტონში ეს ამგვარი აფორიზმით გამოითქვა: ბევრს ჩვენგანს არ წაუკითხავს კანტის „კრიტიკა წმინდა გონების“, მაგრამ სიკვდილის დროს უსათუოდ იგრძნობს იმის გავლენასო...

ამნაირად ყველა არგუმენტი იქეთკენ არის, რომ სიმბოლიზმი აუცილებელია.

მართალია, დღეს ჩვენში მეფობს სუმბური და გაურკვევლობა.

ერთი ჩვენში უკვე სახელიანი კრიტიკოსი ურჩევს ახალგაზრდა მწერლებს რაფიელ ერისთავს მიბაძონ, მაგრამ ეს გადავა თავისით. ცხოვრება თავისას მოითხოვს და წაიღებს კიდეც. უჭკუო რეცეპტებს არ ემორჩილება იგი. მწერლობა თავისით დაიხვეწება, კათაკმეველნი თვითონ მიხვდებიან წასვლის დროს და არ მოუცდიან შეძახებას...

***

სიმბოლიზმი ჩვენში რომ უცხოეთიდან მოდის, ამაში არაფერი საფრთხე არ არი. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულ დროში საქართველო იმყოფებოდა ბევრ სხვა და სხვა კულტურის გავლენის ქვეშ. ბევრი გადმოუღია იმას ბერძნულ, არაბულ, სპარსულ კულტურის, ბევრი იმათთვისაც გაუტანებია. ამას არაფერი დაუშლია რუსთაველისათვის შეექმნა „ვეფხის ტყაოსანი“, რომელშიც უაღრესად არი გამოჩენილი ქარტული სული. უკანასკნელ დროს ჩვენში დამკვიდრდა ერთგვარი ცვლა ლიტერატურულ შკოლათა, იმ გეგმით, როგორც ევროპაში.

აქ იდეები სამუდამო ცვლაშია. როცა ხალხი იღებს სხვისგან რამეს, იმას თავის ბრძმედში ატარებს. ნაციონალური აპერცეპციის ძალით ერი ითვისებს იმას, რაც მის ეროვნულ თავისებურებას ეგუება, რასაც იმასთან ახლობელი კავშირი აქვს.

სიმბოლიზმს ამ შემთხვევაში ბევრი შეუძლია მოუტანოს ქართველ ერს. პირველ ყოვლისა ჩვენში დავიწყებულია სიტყვა. არ არსებობს ერთი შრომა, ქართული ლექსის ბუნებას რომ იკვლევდეს.

გეუბნებათ თქვენ რამეს ბესიკის და აკაკის ანბანთა ქება?...

სიმბოლიზმის, როგორც ფორმის გაღმერთების გაგება, როგორც პრიმატი „როგორის“ „რაზე“ - გაუგებრობაა. ამგვარი დასმა საკითხის მიუღებელია, რადგან იგი გულისხმობს განცალკევებას, იქ, სადაც კონკრეტულად არსებობს მხოლოდ ერთიანობა. მაგრამ ფორმას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. ვიტყვი კიდეც, ჩვენში, სადაც სიტყვა კარგავს თავის თვითმთმობ ღირებულებას, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს, და სრული გატაცებაც მათი საჭირო არის. ქართულ სიტყვის გაღატაკებას მიაპყრო ყურადღება არჩილ ჯორჯაძემ.

გერონტი ქიქოძემ ნათლად დაგვანახა თუ სანამდი მიიყვანა ვაჟამ სიტყვა.

მე ვათავებ წერილს.

ბარათში, რომელიც „ოქროს ვერძს“ მისწერეს, ვკითხულობთ: - „საქართველოს რენესანსი დაიწყო, წარმოვთქვი ერთხელ და ამ სიტყვების სიმართლეს დღითი დღე ვგრძნობ. მაგრამ რენესანსი იგი ჯერ კიდევ ქაოსისა და ფორმის ბრძოლაში აშკარავდება და კიდევ დიდი დროა საჭირო, რომ ფორმამ სძლიოს სავსებით ქაოსს. ეს ფიქრები მებადება, როცა შევსცქერი უახლოესი ხელოვნების ზრდას“.

ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ რენესანსი დაიწყო, მხოლოდ ძალიან დიდხანს გასტანს ფორმისა და ქაოსის ბრძოლა.

მომავალ დიდ ქართველ მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი მე მესმის როგორც ქართული სიტყვის შემკრები ერთეული და მალარმე ამავე აზრით ევროპის პრეზენტიზმისა და ფუტურიზმის. ეს გზა აუცილებელია. როგორც უნდა გათავდეს ომი, აშკარაა წინა აზიაში ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით. ეროვნულ კულტურის ყველა ფოლაქებ შეკრული, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. ჩვენ ვიზამთ ამას. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნულ აღორძინების სადღეგრძელოს სრულაიდ სერიოზულად ვსვამ „ცისფერ ყანწებით“.

ჟ. „ცისფერი ყანწები“, 1916წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში