ლოურენს სკოტ შიითსი - იმპერიის 8 ნამსხვრევი

თავი I (1989-1991) მშვიდობით, ლენინგრადო, მშვიდობით, იმპერიავ!


საბჭოთა კავშირის დანგრევის იდეა ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. “იმპერია” ძალიან მიმზიდველი იდეაა – საიმედო, მონოლითური, პროგნოზირებადი და დამამშვიდებელი. ჩვენ, ამერიკელები (ასევე ისინიც, “საბჭოელებიც”), ამ იდეას შვიდი ათწლეულის განმავლობაში ველოლიავებოდით. ჯერ კიდევ სკოლაში, რამდენჯერ გავქცეულვართ ბირთვული სიმბოლოებით მოხატული თავშესაფრებისკენ და რამდენჯერ წარმოგვიდგენია, რომ ზუსტად ამ დროს ჩვენი “მტრებიც” ასე იქცეოდნენ.

თუ ასე იოლად დაეცა ჩვენი უპირველესი მტერი, რომლის შიშშიც არაერთი თაობა გაიზარდა, მაშინ რა უნდა გვეფიქრა ჩვენი ხელით ნაგოგმანები “უკვდავების” შესახებ? ვაითუ ჩვენი, ამერიკული “იმპერიაც” ერთ დღეს ასე მოულოდნელად დაცემულიყო?

საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის თავისუფლება, რომელიც იმპერიის დასუსტებამ მოიტანა, სხვა არაფერია, თუ არა საშინელი ანარქიის ნიშანი.

ლენინგრადის ბლოკადის დროს ცოცხლად დარჩენა ზოგისთვის მართლაც სასწაული იყო, მაგრამ გადარჩენილებს მაშინდელი ამბების მოყოლა არ უყვართ. დღესაც კი ბლოკადის შესახებ მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობენ. მაშინდელი მოვლენები იმდენად გულისშემძვრელი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ საბჭოთა ფილმებშიც კი ბლოკადაზე თითქმის არაფერია ნათქვამი.

საბჭოთა სისტემა, მთელი თავისი არსით, ნებისმიერ ადამიანს (ცხადია, პარტიული ნომენკლატურის გარდა) ყველანაირად უშლის ხელს წარმატების მიღწევაში და გალიაში გამომწყვდეულ ლაბორატორიულ ვირთხად აქცევს. ამიტომაცაა, რომ კაცების დიდი ნაწილი შვებას სასმელში პოულობს, ქალებისა კი – რელიგიაში.

– მართალია, სტალინის დროს ხალხს ხვრეტდნენ, – ამბობს ნინა ნიკოლაევნა სინანულით, თუმცა დარწმუნებით, – მაგრამ უბრალო ხალხს ეს თითქმის არ შეხებია. ძირითადად იმ ხალხს სჯიდნენ, ვისაც ასე თუ ისე ხელი მიუწვდებოდა ძალაუფლებაზე. ამას ისე ამბობს, თითქოს პოლიტიკაში მონაწილეობა თავისთავად დანაშაული იყოს, ხოლო უდანაშაულობა მხოლოდ ხელისუფლებისადმი მდუმარე მორჩილებას გულისხმობდეს.

– ჩვენს ხალხს რკინის ხელი სჭირდება, – ამბობს და ნგრევის პირას მდგარ იმპერიაში გამეფებულ ქაოსს გულისხმობს – ქუჩაში გამოყრილი ლოთებით დაწყებული და გეგმიური ეკონომიკის მარცხით დამთავრებული. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ამ აზრს კიდევ ბევრი რუსისგან გავიგონებ.

ლიონა შახნაზაროვა, ეთნიკური სომეხი, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან ანტისომხურ გამოსვლებს გამოექცა. ეს იყო პირველი ნიშანი საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული კონფლიქტებისა, რომლებმაც მალე მთელი იმპერია მოიცვა. როგორც ამბობდნენ, ამ ძალადობის უკან იდუმალი ბნელი ძალები იდგნენ.

საბჭოთა სუკ-ის აგენტზე წარმოდგენა ამერიკელებს ძირითადად ჩვენი, ამერიკული ფილმებიდან გვაქვს ჩამოყალიბებული. ამ ფილმებში, როგორც წესი, უდანაშაულო ამერიკელებს საბჭოთა კავშირის ქუჩებში აპატიმრებენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ნადირობა იყოს, და მაშინვე “გულაგში” ამწესებენ. უცვლელია ტიპური “კაგებეშნიკის” პორტრეტიც: ცუდად ჩაცმული, სადისტური მიდრეკილებების, პარანოიით შეპყრობილი კაცი, კაცთმოყვარეობის ან თანაგრძნობის ყოველგვარი ნიშნების გარეშე.

უბრალო რუსებსაც კი ხშირად აღიზიანებდათ იმ ამერიკელების გულუბრყვილობა, რომელთაც სწამდათ, რომ საბჭოთა კავშირის რეფორმირებისთვის ცოტაოდენი დემოკრატიის უმტკივნეულო ინიექცია საკმარისი იქნებოდა.

ნახევარი ქალაქი ხარაჩოებში იჯდა – ეს იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი თვისება.

ვოვამ თავისი ლექცია განაგრძო ბულგაკოვის “ოსტატსა და მარგარიტაზე”. მისი თქმით, ავტორმა შეძლო სატანის სახით საბჭოთა კავშირის ზუსტი პორტრეტის შექმნა, სამყაროსი, სადაც ბოროტება სიკეთე გახდა, სიკეთე კი – ბოროტება.

იყო თუ არა მოსაწონი ღილების ფაბრიკაში ვირივით მუშაობა ჰიპერინფლაციის, კორუმპირებული, ქურდი ხელმძღვანელობისა და მტაცებლური ბიუროკრატიის პირობებში? ან იქნებ ხელმძღვანელად ან სახელმწიფო მოხელედ ყოფნა იყო “მორალური”? იყო თუ არა ამაზე ნაკლებად “მორალური” რეკეტიორად ან კორუმპირებულ პოლიციელად ყოფნა, იმ ადამიანებად, რომლებიც წურბელებივით წოვდნენ დიდ თუ მცირე საწარმოებსა და ფირმებს? საბჭოთა იმპერიის მწუხრი დაბრეცილ სარკეში ირეკლებოდა, სადაც სიბნელე სინათლედ მოჩანდა, სამოთხე ტყუილად იქცა, ჯოჯოხეთი კი მთელ ქვეყანაში გაბატონებულიყო.

კარი ლენამ გაგვიღო, ვოვას პირველმა ცოლმა. მაშინვე მივხვდი, რა ხდებოდა მის თავს – ის და მისი ქმარი ისევ “ერთად” ცხოვრობდნენ, ერთ კომუნალურ ბინაში. ბინის ხუთი თუ ექვსი ოთახიდან მათ ორი ოთახი ეკუთვნოდათ, ერთში ლენას ეძინა, მეორეში კი – ვოვასა და ელის. მათ საწოლებს ერთმანეთისგან თხელი კედელი ყოფდა. ლენამ გამიღიმა და მხრები აიჩეჩა. ამით უსიტყვოდ ამიხსნა სიტუაციის უჩვეულობა.

როცა გორბაჩოვის მეტოქემ, ბორის ელცინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ახალი პოსტსაბჭოთა ერთეულის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შეკოწიწება დაიწყო, საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დასრულდა. თუმცა, ბევრმა რუსმა ჯერ კიდევ არ იცოდა, განაგრძობდა თუ არა ოფიციალურად სსრკ არსებობას. ნამგალ-უროიანი დროშა ჯერ კიდევ ფრიალებდა, სხვა თუ არაფერი.

დილით, სანამ მე საშობაოდ პურსა და იაფ ძეხვს ვყიდულობდი, გორბაჩოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსთან ტელეფონით დაკავშირება ითხოვა და შეატყობინა, რომ მოსკოვის დროით საღამოს შვიდ საათზე სპეციალურ სატელევიზიო განცხადებას გააკეთებდა. ისიც ამცნო, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას “ბირთვული ქეისის” – საბჭოთა ბირთვული რაკეტების გამშვები პულტის – რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, ბორის ელცინისთვის გადაცემის შესახებ. – როგორც კი განცხადებას გავაკეთებ, ეს ბრძანება ძალაში შევა, – უთხრა ბუშს გორბაჩოვმა და დაამატა, – ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად შეხვდეთ შობას და მშვიდადაც დაიძინოთ. როგორც ამბობენ, მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად პრეზიდენტები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ბუშმა შესთავაზა გორბაჩოვს თავშესაფარი თავის ქვეყანაში.

გორბაჩოვმა ღრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ის თავად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის დაშლას. 1985 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა სისტემის რადიკალური ცვლილებებისა. – ყველანი ვხედავდით, – გვიხსნიდა გორბაჩოვი, – რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ იყო... მესმოდა, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილებების დაწყება ჩვენნაირ საზოგადოებაში არა მხოლოდ უკიდურესად რთული, არამედ სახიფათოც იყო. მიუხედავად ამისა, დღესაც დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილება დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც 1985 წლის გაზაფხულზე მივიღე, ისტორიულად გამართლებული იყო. გამოსვლა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა, რაც უჩვეულოდ მცირე დროა ასეთი ისტორიული მიმართვისთვის. ბოლოს გორბაჩოვმა ყველას ყველაფერი საუკეთესო გვისურვა და გადაცემაც დასრულდა. საბჭოთა იმპერიამ შექმნიდან 69 წლის, 11 თვისა და 25 დღის შემდეგ არსებობა დაასრულა.

გორბაჩოვი და მისი რამდენიმე ასისტენტი თავიანთ ოთახში შევიდნენ, ვისკი ჩამოისხეს და საბჭოთა კავშირის “შესანდობარი” დალიეს. გორბაჩოვი იხსენებს: არ გამართულა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის არც ერთი სხვა პროცედურა, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია მიღებული. მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ახლო ურთიერთობის მიუხედავად, ახლადშექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნების – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების – არც ერთი პრეზიდენტი არ ჩამოსულა მოსკოვში ამ დღეებში. დარეკვითაც კი არავინ შეიწუხა თავი.

დამოუკიდებლობის ჯინი ბოთლიდან ამოვიდა, რამაც სათავე დაუდო “სუვერენიტეტების აღლუმსა” და რადიკალური ნაციონალიზმის აყვავებას. ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ამ მრისხანების შედეგები გამოჩნდა, ერთი შეხედვით, ყველაზე მოულოდნელიც იყო – ღვინითა და სიმღერებით განთქმული საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და სტალინის სამშობლო.

თავი II (1992-1996) საქართველო: ანარქია სამოთხეში

ეროვნულ გვარდიას ღიპიანი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობს. მის მისიას, სავარაუდოდ, არაფერი აქვს საერთო აფხაზურ სეპარატიზმთან, მან ადამიანთა გატაცებები უნდა შეაჩეროს. როგორც ამბობენ, არავის უთქვამს კიტოვანისთვის, აფხაზეთს დასხმოდა თავს. არავის მიუცია ეროვნული გვარდიისთვის ნება, შესულიყო ქალაქებში, მათ უბრალოდ რკინიგზა უნდა დაეცვათ. მაგრამ ვიღაცამ კიტოვანის ბიჭებისკენ შემთხვევით ისროლა და მათაც ცეცხლით უპასუხეს. დაიწყო ძარცვა და ექსცესები. ამ ყველაფერში ალკოჰოლისა და ტესტოსტერონის კვალიც ერია.

სამოცდაშვიდი წლის ჯაბა (1926 წელს დაიბადა) კარგად შენახული, აკურატულად ჩაცმული (ბაფთებს ანიჭებს უპირატესობას) და ყალბი თბილი ღიმილით შეიარაღებული კაცია. სამოცდაექვსი წლის ასაკში შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელთა უმეტესობას უკვე კარგი სამხედრო კარიერა აქვს. ჯაბას კარიერა კი, მათგან განსხვავებით, სულ ორ წელს ითვლის. მისი დახმარებით ჩამოაგდეს ექსცენტრიკული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ზამთარში, ახლა კი მხატვარ კიტოვანთან ერთად მთავარი პროტაგონისტია საქართველოს უახლეს ომში აფხაზების წინააღმდეგ. ცხოვრება ხელოვნებას ჰგავს. ჯაბას ახლანდელი “ოფიციალური” სამუშაო გაინტერესებთ? ის დრამატურგია, სცენარისტი.

მხედრიონელები მხოლოდ საკუთარი თავისა და ზოგჯერ ჯაბას წინაშე არიან პასუხისმგებელნი, ჯაბა კი არავის წინაშე არ აგებს პასუხს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველას ესმის ეს. მათი ავტომანქანების სანომრე დაფები ძლიერ პერსონიზებულია, ხშირად კი სანომრე დაფის გარეშე დადიან.

მხედრიონელებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მისიაზე, რომელიც აფხაზეთში ეკისრებათ. “ჩვენ სამშობლოსათვის ვიბრძოლებთ” – ასე გაიძახიან. და როცა ვეკითხები, რაც ნიშნავს ეს, გამოცარიელებული მზერით მპასუხობენ.

პატარა თვითმფრინავის ფრთების ქვეშ, ჩანთებზე ვსხედვართ, მზეს ვეფარებით. გვერდით სამი მეომარი მიზის, ცხვარი ჰყავთ თოკზე გამობმული. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ლეგენდარული ქართული სტუმარმასპინძლობა მიჩვენონ: წამდაუწუმ ასხამენ ჭაჭას – ყურძნის ქართულ არაყს – მინის ჭიქაში და ჭიქას ჭიქაზე სვამენ ერთი გადაკვრით. ოფლში იწურებიან და ისე იქცევიან, თითქოს წვეულებაზე მიდიოდნენ, ან იმპერიის სამგლოვიარო კოცონზე.

ომის პირველ დღეებში ქართველებმა დემონსტრაციულად გაიარეს მთელი სანაპირო ზოლი რუსეთის საზღვრამდე, არჭობდნენ ქართულ დროშებს, კოცნიდნენ ადგილობრივ ქალებს და სვამდნენ ადგილობრივ კაცებთან ერთად. მაგრამ ტერიტორიის მონიშვნა და მისი შენარჩუნება ერთი და იგივე არ არის. თვრამეტი წლის შემდეგ, 2010 წელს, გიორგი ყარყარაშვილი, ახალგაზრდა ქართველი გენერალ-მაიორი აფხაზეთის ომში, რომელიც შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა ოცდაექვსი წლის ასაკში, გასაოცარ რამეს ამბობს: “აფხაზეთში ძალიან არაორგანიზებულად შევედით. ზუსტი მიზანიც კი არ გვქონდა და სოფლების ძარცვა დავიწყეთ გზადაგზა. შედეგად, ერთი თვეში მოვახერხეთ ის, რომ მთელი ადგილობრივი მოსახლეობა მტრად გადავიკიდეთ.”

შევარდნაძეს გაეროში უკეთესად შეხვდნენ და მან მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც “აგრესიულ სეპარატიზმს” უწოდებდა აფხაზეთში. თუმცა, ზოგ ქართველ ჟურნალისტს და სამთავრობო მოხელეს, რომლებიც ამერიკაში ახლდნენ მას, ეს გამოსვლა არ უნახავს, რადგან ცოტათი გადაახტნენ პროტოკოლს და ბრონქსში დაძრწოდნენ ჩამოფასებული ტელევიზორებისა და სტერეო აპარატურის საყიდლად.

იმავე თვის ბოლოს, შურისძიების ან იმის გამო, რომ პირისაგან მიწისა აღეგავათ აფხაზების არსებობის ისტორიული მასალა ამ რეგიონში, სოხუმში ქართველმა მეომრებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელშიც აფხაზეთის კულტურული არქივი იყო მოთავსებული და ისტორია, ფაქტობრივად, გაანადგურეს. 170000 უნიკალური დოკუმენტისა და არტეფაქტისგან მხოლოდ რამდენიმე ათასი გადარჩა. ამან ისე გაამწარა აფხაზები, რომ არასდროს დავიწყებიათ.

სინამდვილეში, რუსეთი აფხაზების მხარეს იდგა – აფხაზებისთვის რუსებთან ალიანსი პრაგმატიზმის საკითხი იყო. რუსები მათ იარაღით ეხმარებოდნენ და წვრთნიდნენ; ეს მოგვიანებით მაღალი ჩინის რუსი სამხედრო ოფიცრებისგან გავიგე აფხაზეთში. თავად რუსებს ნაწილობრივ კულტურული არგუმენტი ჰქონდათ – რუსები აფხაზებს უფრო “რუსიფიცირებულებად” მიიჩნევდნენ, მაგრამ უმეტესად მათი მიზანი სტრატეგიული იყო (აფხაზეთს შესანიშნავი სამხედრო პუნქტები, საბჭოთა სამხედრო ელიტის კურორტები და ნავსადგურები ჰქონდა); ამას დაუმატეთ კრემლის სიძულვილი შევარდნაძისადმი იმის გამო, რომ მიხეილ გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრობისას მან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის “დანგრევაში”. ზოგს სურდა, სამაგიერო გადაეხადა, შევარდნაძე გაენადგურებინა და საქართველო დაენაწევრებინა.

მსოფლიომ ამ კრიზისს იმით უპასუხა, რომ გაეროს რვა “დამკვირვებლისგან” შემდგარი პატარა ჯგუფი გამოგზავნა ჰოლანდიელი ბრიგადის გენერლის, ჰვიდეგაარდის მეთაურობით. მათ ვერაფერი გააკეთეს.

ქართველები დონ კიხოტებივით იცავდნენ ქალაქს. რეალურად აღარ ჰქონდათ მძიმე შეიარაღება, თუ არ ჩავთვლით 1960იან წლებში გამოშვებულ რამდენიმე ჟანგიან T-55 ტიპის ტანკს. საარტილერიო დანადგარების უმეტესობის ხუფები დაკეტილი იყო არშემდგარი ცეცხლის შეწყვეტის ზავის გამო და ამბობდნენ, რომ “შუამავალი” რუსები უარს აცხადებდნენ მათ გახსნაზე. ქართველები რამდენიმე ჰაუბიცის იმედზეღა იყვნენ.

ძარცვა დედაქალაქში უნდა გენახათ. სახლთან მივედი, საიდანაც აფხაზი პარტიზანები ავეჯს ეზიდებოდნენ და სატვირთო მანქანაზე აწყობდნენ. ჩხუბობდნენ იმაზე, რა მოეხერხებინათ ნადავლისათვის. ერთი კაცი მაშინვე ვიცანი. გამარჯვებით თავბრუდასხმული რიგითი მებრძოლების ფონზე შედარებით ერუდირებული ჩანდა. თავი აფხაზეთის პარლამენტის წევრად წარმომიდგინა. მეც მიცნო შეცბუნებულმა. მებრძოლები კვლავ განაგრძობდნენ ნადავლის გამოტანას. – რასაც აქ ხედავ, სამწუხაროა, მაგრამ ესაა სიმართლე, – მითხრა, – ესაა ომი (და ასეც იყო. ასეთ რამეს ყველა პოსტსაბჭოთა ომში წავაწყდი, რაც კი მინახავს: ცოტა თუ იტყოდა უარს ძარცვაზე ან “ნადავლის აღებაზე”, თუკი შანსი გაუჩნდებოდა).

ორივე მხარე, განსაკუთრებით ომის ბოლო დღეებში, სხვა სისასტიკეებთან ერთად, მოკლულ მოწინააღმდეგეებს ყურებს აჭრიდა და თვალებს თხრიდა (ხშირად მანამ, სანამ მოკლავდნენ).

ედუარდ შევარდნაძე (კაცი, რომელმაც ბოლო მოუღო ცივ ომს) აფხაზეთიდან გემით ან გაყინული უღელტეხილებით არ გაქცეულა. იმ უკანასკნელი, გაუბედურებული, საწვავის ავზგახვრეტილი თვითმფრინავით გამოფრინდა, სოხუმის აეროპორტში რომ ვნახეთ, ფრთებდაცხრილული. მუშებმა ლითონის საკერებლები დაადეს და იმდენი საწვავი შეაკოწიწეს, რაც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უცებ გადმოფრენას ეყოფოდა.

ზვიადი ლინგვისტი და ეთნოგრაფი იყო, ფეთქებადი ხასიათისა და მიდრეკილი აფხაზების მსგავსი ეთნიკური უმცირესობების მისამართით უკმეხი განცხადებებისკენ. ერთხელ თქვა, რომ აფხაზები უნდა “წავიდნენ საქართველოდან იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ”, რითაც ხაზი გაუსვა იმ რადიკალურ მოსაზრებას, რომ აფხაზები საქართველოს ფარგლებს გარეთ მთიანი ადგილებიდან იყვნენ წარმოშობით და თანდათან ჩამოსახლდნენ შავი ზღვის სანაპიროზე. “აფხაზი ერი არ არსებობს”, – ყვიროდა მეგაფონში საქართველოს პარლამენტის წინ 1990 წელს დემონსტრაციის დროს.

უცებ გარეთ სროლა ატყდა. ვიფიქრეთ, რომ მთავრობამ ქალაქის შტურმით აღება გადაწყვიტა და იატაკზე დავწექით, მაგრამ კალაშნიკოვების კაკანი ერთ წუთში შეწყდა. გარეთ გავედით. სამხედრო მეთაური ვახტანგ “ლოთი” ქობალია მოსულიყო და სროლაც მის საზეიმოდ დასახვედრად მოაწყვეს.

უცებ, ამ ტალახიან გზაზე კოკისპირულ წვიმაში ტყის შუაგულში, სადაც ქურდებს თავისუფლად შეეძლოთ, ყველაფერი წაერთმიათ ჩვენთვის, დრო შეჩერდა. ყაჩაღები გაჩუმდნენ. სერგეიმ ჯადოსნური სიტყვები წარმოთქვა: “შვილები”, “პური”. სასტიკი დღეები იყო: რწმენა, წესები და კანონები სწრაფად ინგრეოდა. თუმცა, ქართული სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობა და შვილის სიწმინდის კულტი არ დაევიწყებინათ. კაცმა, რომელსაც ჩვენი გაძარცვა უნდოდა, ხელი გაუშვა ლინზას, თითქოს ჭუჭყიანი ჰქონდა და მანქანის კარი ნელა მოხურა.

იწყება ვაჭრობა ქართულ დელეგაციასა და ჩეჩნებს შორის, თუ რა უყონ გამსახურდიას კუბოს. ჩეჩნები და მათი ვიცეპრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი დაჟინებით მოითხოვენ, ნეშტი გროზნოში გადააფრინონ. ქართველები კი მოითხოვენ, არასამეცნიერო დონეზე დადასტურდეს, რომ კუბოში ნამდვილად გამსახურდიას ნეშტია. ჩეჩნები უარს ამბობენ, რადგან კუბოს გახსნა, მათი აზრით, მკრეხელობაა. ერთი ქართველი უპასუხებს, რომ გამსახურდია მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და არა მუსლიმანი ჩეჩენი. ქართველები უარს ამბობენ კუბოს ჩეჩნების თვითმფრინავში ატანაზე. ზვიადის ნეშტი ამ დროს, თითქმის მივიწყებული, ალაგ-ალაგ ასფალტშერჩენილი ასაფრენი ბილიკის შუაგულში დევს, გარშემო კი დავაა გაჩაღებული. საბოლოოდ ჩეჩნები წყნარდებიან და თანხმდებიან კუბოს მცირე ხნით გახსნაზე. კუბოს გარშემო ვგროვდებით, ფიცრები დანეს126 ტიანებული და გაშავებულია ზამთრის მიწაში ორი თვის განმავლობაში დების გამო. არანორმალური მღელვარება ეუფლება ყველას. ქართველები ფრთხილად ხსნიან თავსახურს. ფორმალდეჰიდისა და ბალზამირების გარეშე ბიოლოგიური პროცესები უკვე დაწყებულია. ზვიადი მოტეხილია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი “შეხვედრაა”, ეჭვი არ მეპარება, ეს გამსახურდიაა, რადგან მისი უნიკალური სახის ნაკვთები კვლავ უცვლელია. აცვია შავ-თეთრი კოსტიუმი და მწვანე წინწკლებიანი მუქი ფერის ჰალსტუხი უკეთია. და რაც ყველაზე უცნაურია, პრეზიდენტს ფეხსაცმელი არ აცვია (ეს სათავეს უდებს ყველანაირ ჭორს, რომელთა შორის აღსანიშნავია ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი გამსახურდია სიკვდილის წინ ისლამზე მოაქციეს, რაც აბსურდულია. ზვიადს ისლამი რომ მიეღო, სუდარაში გახვეულს დაკრძალავდნენ და არა – კუბოთი). ქართველი თანამდებობის პირი ზვიადისკენ იხრება, თითქოს ბრილიანტის ავთენტოკურობას ამოწმებსო და ყურადღებით აკვირდება – ნატყვიარი აინტერესებს, რომელიც, ცხადია, ისევ პრეზიდენტის თავის მარჯვენა მხარესაა. ნაწილობრივ რაღაც ობითაა დაფარული, მაგრამ მაინც მკაფიოდ ჩანს. ერთი-ორი წუთი ათვალიერებენ ნეშტს, შემდეგ ქართველები ისევ ახურავენ თავსახურს, თითქოს კუბო კი არა, მარგარინის ქილა ყოფილიყოს. ნეშტს ცაში მიაფრენენ.

ნელ-ნელა სისხლიანი კონფლიქტებისა და ომების გაშუქება სრულებით ნორმალური ხდება, ან თავს ირწმუნებ, რომ ყოველთვის შეგიძლია შეჩერდე და წახვიდე, დაუბრუნდე იმ საქმეს, რასაც “ამ” საქმემდე აკეთებდი, რომელიც არც შენს გონებას აზიანებს, არც ჯანმრთელობას და არც სულს.

თავი III (1993-1996) აზერბაიჯან-სომხეთის ომი

ჩახმახის ფუნქცია შეასრულა არეულობამ, რომელიც მთიან ყარაბაღში დაიწყო 1980-იანი წლების ბოლოს, ანტისომხურმა კამპანიამ აზერბაიჯანში და ადგილობრივი უზენაესი საბჭოს განცხადებამ, რომლის წევრთა უმეტესობა სომეხი იყო, სომხებს გადასცემოდა მთიანი ყარაბაღი (მათი მტკიცებით, სტალინმა უკანონოდ გადასცა ეს რეგიონი აზერბაიჯანს), ნაწილობრივ, “დაყავი და იბატონეს” ტაქტიკით.

უცნაური და ბოროტი კლანური ინტრიგები წამლავდა აზერბაიჯანს მთელი ომის განმავლობაში და სწორედ ეს ინტრიგები იყო მთავარი ფაქტორი იმისა, რამაც რაოდენობრივად მცირე, მაგრამ ძლიერ მოტივირებულ სომხებთან გამაოგნებელ დამარცხებამდე მიიყვანა ქვეყანა.

პროცესის დასასრულს, 1994 წელს, როდესაც ხელი მოეწერა შხამიან შარბათს – ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას – სომხებს უკვე დაკავებული ჰქონდათ აზერბაიჯანის ტერიტორიის 14 პროცენტი და მათ შორის თითქმის მთლიანი მთიანი ყარაბაღი. რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა, რომ კრემლის მიერ დაწესებული საზღვრები სსრკ რესპუბლიკებისათვის სულაც არ იყო წმიდათაწმიდა.

ამ ქალის (და ბევრი სხვა სომხის) აზრით, ეს ყველაფერი ერთი ამბის ნაწილი იყო: ყარაბაღის ომი თურქების კიდევ ერთი მცდელობა იყო, ამოეწყვიტათ სომხები – ლოგიკური გაგრძელება თითქმის წარმოუდგენელი “მეც იეღერნისა”, ანუ დაახლოებით მილიონ-ნახევარი სომხის გენოციდისა ოსმალეთის იმპერიის (დღევანდელი თურქეთის) აღსასრულს პირველი მსოფლიო ომის დროს.

1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც სსრკ-სა და დღევანდელ თურქეთს შორის დაიდო, სომხობის ეს ყველაზე გახმაურებული სიმბოლო საზღვრის იქით, მტრის ტერიტორიაზე მოექცა და ხალხს ყოველდღე თვალში ეჩხირებოდა, როგორც ეროვნული მარცხის სიმბოლო. ამ მთას იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ერევანში არარატის ხედის მქონე ბინები 30 %-ით ძვირი ღირს სხვა ბინებთან შედარებით.

ოფიციალური ვერსიით, სომხები ქელბაჯარისა და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობის მიზეზად ასახელებდნენ ყარაბაღის გარშემო “უსაფრთხოების ზონის” შექმნის აუცილებლობას და ამბობდნენ, რომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს კვლავ დაუბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც იგი აღიარებდა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას ან შედგებოდა რაიმე მუდმივი სამშვიდობო გეგმა

1990-იანი წლების სომხეთში ერთ-ერთი პოპულარული სუვენირი იყო რუკა, რომელზეც გამოსახული იყო სომხეთი ახ.წ. 2014 წელს. კარტოგრაფიული ფანტაზია იყო ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააღვიძოს პატარა, ყოფილი “იმპერიების” მისწრაფებები სსრკ-ის მსგავსი გიგანტების დანგრევამ. რუკაზე დატანილი სომხეთი მოიცავდა დღევანდელ სომხეთს, ყარაბაღს, დღევანდელი თურქეთისა და აზერბაიჯანის დიდ ნაწილს და საქართველოს ნაწილსაც – შავი ზღვიდან ხმელთაშუა და კასპიის ზღვებამდე.

მე აღვნიშნე, რომ ცხადია, არარატი მტკივნეული სიმბოლო იყო, მაგრამ არავინ ფიქრობდა, დღევანდელი თურქეთი ოდესმე უარს იტყოდა მასზე. – დიახ, ალბათ, მართალი ხარ, – მშვიდად მიპასუხა. – მაგრამ ის შენთვის სასურველ ლამაზ ქალს ჰგავს. გულის სიღრმეში იცი, რომ ალბათ, ის სრულიად მიუწვდომელია, მაგრამ მაინც აგრძელებ ბრძოლას მის მოსაპოვებლად.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პრესა ამას “სამოქალაქო ომს” უწოდებდა, მოქმედებები ძირითადად მოიცავდა შემდეგს: ჰუსეინოვის მეამბოხეები თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორებით წაიწევდნენ რამდენიმე კილომეტრით წინ დედაქალაქისკენ და გაჩერდებოდნენ, ხოლო სამთავრობო ჯარები უკან იხევდნენ შემდეგი ხიდისკენ ან მწვანე ზოლისკენ. თითქოს არავის მოსდიოდა აზრად, აეღოთ ტერიტორიები, რომლებიც დედაქალაქის ორი მთავარი ქუჩისგან დაშორებული იყო. “ბრძოლები” გულისხმობდა ასფალტის ნაგლეჯის შენარჩუნებას ან დათმობას და შემდეგ სახლში წასვლას ღამის გასათევად. ცხადია, ზოგჯერ საღამოობით ბაქოს ღია კაფეებში ვხედავდით იმ “სამთავრობო” ოფიცრებს, ვინც ახლომდებარე ფრონტებზე გვყავდა ნანახი დღის განმავლობაში, საღამოს კი მწვადებს მიირთმევდნენ და საგმირო საქმეებზე საუბრობდნენ. ასე რომ, სამოქალაქო ომი ცნობილი გახდა იმ სახელით, რაც რეალურად ერქვა – “შიშ-ქებაბის ომი”.

აზერბაიჯანელებს დემოკრატია აღუთქვეს, მაგრამ მათი ქვეყანა იშლებოდა, სომხებთან აგებდა მიწებს, იძირებოდა კომიკურ საოპერო ომებში, როგორსაც ჩვენ ვაშუქებდით, კორუფციაში, მილიტარისტებსა და კრიმინალში. ამიტომ, “დემოკრატია” სულ უფრო და უფრო მეტად ასოცირდებოდა უბრალო ანარქიასთან.

– აღმოსავლურ დემოკრატიაში ძლიერი კაცი ზრუნავს ხალხზე. კანონი და წესრიგი მეფობს, – ამტკიცებდა ადილი, – ესაა გარდამავალი გზა დემოკრატიისკენ, რადგან ჩვენ გარდამავალ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ხალხი პატრიარქალურ სისტემასაა მიჩვეული, “დიდი კაცის” ყოლას და ახლაც ეს უნდათ. […]– თქვენ, ამერიკელებს, კარგად არ გესმით. ჩვენ არ ვართ მზად დემოკრატიისთვის, როგორც თქვენ უწოდებთ ამ წყობას, – თქვა ადილმა და შუბლიდან ჯავშანტრანსპორტიორის მური და ოფლი მოიწმინდა, – იმას კი არ ვამბობ, რომ დემოკრატია არასდროს გვექნება, მაგრამ ახლა ძალიან ადრეა. ეს ქაოსია და არა დემოკრატია.

თავი IV (1993-2004) ჩეჩნეთი: დეპორტაციის ექო

გადაწყვეტილება საომარი მოქმედების დაწყების შესახებ რუსული მხარის მიერ, პრაქტიკულად, აბანოში იქნა მიღებული, სანახევროდ შიშველი, გალეშილი ადამიანების მიერ – იმ დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის დაბადების დღე იყო. მაშინ რუსებმა ქალაქ გროზნოს, ჩეჩნეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე აეროპორტები დაბომბეს, რათა მოწინააღმდეგისათვის ფრენის საშუალება მოესპოთ.

როცა ჩვენი “ნივით” გროზნოს ვტოვებდით, ასობით ფარებანთებული მანქანა შემოგვხვდა, რომლებშიც შეირაღებული მამაკაცების სილუეტები მოჩანდა. დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ეს ხალხი გროზნოდან კი არ გამორბოდა, ჩვენსავით, არამედ გროზნოსკენ მიემართებოდნენ, როგორც ჩანს, თავ-თავიანთი მანქანებით, მსუბუქად, მხოლოდ კალაშნიკოვებითა და სხვა სასროლი იარაღით აღჭურვილნი, რათა რუსულ ტანკებსა და “მიგ“-ებს, საბრძოლო თვითმფრინვებს აღდგომოდნენ წინ. ისე ჩანდა, თითქოს ეს ხალხი დიდი ენთუზიაზმით იყო აღვსილი, რუსებთან ბრძოლაში ხელმეორედ ეცადათ ბედი. და 1944 წლის დეპორტაციისა და ამ ამბავთან დაკავშირებული სხვა ასოციაციების გათვალისწინებით, მათი გაგება ძნელი არ იყო.

შამილ ბასაევი, ერთ დროს მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი სასაწავლებლის ნასტუდენტარი, მშენებელი, შემდეგ – კომპიუტერების ბიზნესით დაკავებული ადამიანი, იმ დროისთვის უკვე ცნობილი “ტერორისტ-სეპარატისტი“ გახლდათ: 1991 წლის ნოემბერში მან და მისმა ამხანაგმა თურქეთის რეისის ადამიანებით სავსე თვითმფრინავი გაიტაცეს, რათა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ მიეპყროთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. 1995 წლის ივნისში მან და მისმა ხალხმა ერთერთი ყველაზე თავზეხელაღებული ოპერაცია განახორციელეს მსოფლიო ომების ისტორიაში – ბასაევმა ის გააკეთა, რითაც იმუქრებოდა: ომი ჩეჩნეთის საზღვრებს გარეთ გაიტანა, საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე.

ისედაც მძიმე ვითარება 1996 წლის 21 აპრილს ჯოხარ დუდაევის, ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერის, მკვლელობამ გაართულა. იგი იმ დროს მოკლეს, როდესაც ჩეჩნეთის სამხრეთ მთიანეთის ერთერთი ქედიდან სატელიტური ტელეფონით საუბრობდა. რუსებმა სატელიტური სიგნალი დაიჭირეს და დუდაევის დადგენილი ადგილსამყოფლის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. რაკეტა დუდაევისგან რამდენიმე იარდის დაშორებით აფეთქდა და ის თითქმის იმავწუთს გარდაიცვალა.

ჟერუო განქორწინებულ ან დაქვრივებულ ჩეჩენ ქალს ნიშნავს, ან კიდევ ისეთს, რომელსაც გათხოვების ყველანაირი ასაკი გადაუცდა, ანუ ისეთი ქალი, რომელიც ტრადიციულ ჩეჩნურ კონვენციებში კდემამოსილების ვალდებულებისაგან თავისუფალია. თუმცა, ქალს რომ ჟერუო დაუძახო, ეგ სულ არ ნიშნავს, თითქოს “კახპად“ მოიხსენიებ. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება მას უფლებას აძლევს, სქესობრივი ცხოვრება დაუქორწინებლად ჰქონდეს.

ზნეობის ნორმების დამცავი პოლიციის გამოჩენა “ჟერუოს“ ზღურბლთან ომის შემდგომი ჩეჩნეთის ახალი ტენდენცია და რეალობა იყო. ის, რაც სეკულარულ კონფლიქტად დაიწყო, თანდათანობით მკვიდრად იძენდა რელიგიური რადიკალიზმის ელემენტებს, იმპორტირებული ისლამის აგრესიული ფორმა ნელნელა ანაცვლებდა ტოლერანტულ, სუფიზმზე დაფუძნებულ ტრადიციებს ამ ქვეყანაში, და ეს იმას ნიშნავდა, რომ ზინა, რომელსაც სწამდა, ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა, უკვე ადრინდელივით ლაღი და თავისუფალი ვეღარ იქნებოდა.

1997 წლის სექტემბერში, ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც თავისუფალი “მესაბოტაჟე“ ქალები გავიცანი, ჩეჩნეთში პირველად მოხდა საჯარო სიკვდილით დასჯა. გროზნოს ცენტრში ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ დახვრიტა სპეციალურმა რაზმმა მკვლელობაში ბრალდებული ქალი და მამაკაცი.

თანდათანობით, შეფარვით, მაგრამ განუხრელად, ჩეჩენთა სეკულარული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ჯიჰადის ( წმინდა ომი არამუსლიმების წინააღმდეგ) გზაზე შედგა და რუსეთის მთელი სამხრეთი ზოლის გაყოლებაზე, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაჭიმული ისლამური ხალიფატის შექმნის იდეის დამკვიდრება დაიწყო. ჯიჰადის ავანგარდად კი ბასაევი და მისი მეთაურობის ქვეშ მებრძოლი ჩეჩნები იქცნენ. ჭეშმარიტების მომენტი 1999 წლის აგვისტოში დადგა, როცა შეარაღებული მეამბოხეების რაზმი ბასაევის მეთაურობით რუსეთის ფედრაციის მეზობელ რესპუბლიკაში, დაღესტანში შეიჭრა და “ხალიფატის” შესაქმნელად გამიზნული კამპანიის დაწყება გამოაცხადა. ადგილობრივი ისლამისტების მცირე ჯგუფის გარდა, დაღესტნელებმა ( დაღესტანი კი ორმოციოდე ეთნიკური ჯგუფისაგან შედგება) დაუპატიჟებელ სტუმრებს მხარი არ დაუჭირეს. ბასაევის ხალხმა რუსეთის მიერ რამდენიმეკვირიან დაბომბვას გაუძლო და შემდეგ უკან, ჩეჩნეთში დაბრუნდა.

რუსლანმა აღიარა, რომ რელიგიური მას შემდეგ გახდა, რაც ქალაქ სერჟენ-იურტის საინდოქტრინაციო ბანაკში არ მოხვდა, სადაც “არაბები ასწავლიდნენ“, როგორ ეცხოვრათ, როგორ გამხდარიყვნენ ნამდვილი მუსლიმები. “მაგრამ ერთ რამეს გეტყვით საიდუმლოდ, ჩეჩნეთს ნამდვილ ისლამურ სახელმწიფოდ ვერასდროს გადააქცევენ, ეგ შეუძლებელია, ჩვენ ჩვენი სუფისტური ტრადიციები გვაქვს. საერთოდ, ჩეჩნეთში მებრძოლთა სხვადასხვა ტიპი არსებობს. ზოგი გულწრფელია; ზოგი უბრალოდ ისლამის სახელსაა ამოფარებული, რომ თავისი კრიმინალური საქმიანობა დამალოს,“ – მითხრა რუსლანმა.

თავი V (1998-2005) რელიგიის დაბრუნება: ათეიზმის მარცხი

1990 წელს, როცა სუკის არქივები გაიხსნა, თვალნათლივ გამოჩნდა ეკლესიის კორუმპირებულობა, რომლის მასშტაბებმა თვით დისიდენტები და სუკის დოკუმენტებზე მომუშავე გამოცდილი არქივისტებიც კი შეაძრწუნა. ასეთივე მდგომარეობა იყო ისლამშიც. მეჩეთების უმეტესობა დაიხურა, ის რამდენიმე ღვთისმსახური კი, რომელთაც მათი გაღების უფლება ჰქონდათ, სინამდვილეში ე.წ. “მარქსიზმის მოლები” იყვნენ და მეჩეთებში იმისთვის მუშაობდნენ, რომ მორწმუნეებისთვის თვალი ედევნებინათ, ანუ თვით “რწმენა” მინიმუმამდე შეემცირებინათ.

1998 წელს ოთხმოცი წლით ადრე დახვრეტილი და ციმბირის ერთ-ერთი სოფლის განაპირას დამარხული მეფე ნიკოლოზის IIისა და მისი ოჯახის ცხედრების გადმოსვენებამ ნათლად აჩვენა ძალაუფლების მპყრობელთა მორალური კონფლიქტი ისტორიის ამ საშინელ მოვლენასთან დაკავშირებით. რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც არაფრის დიდებით არ აღიარებდა თავის მონაწილეობას რელიგიის მარქსიზმით ჩანაცვლების საქმეში, დნმ-ის ტესტების შედეგებიც კი უარყო, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ცხედრები ნამდვილად რუსეთის უკანასკნელ მეფესა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდა.

პატრიარქი ალექსეი მეორე იმედოვნებს, სოფიას ტაძარი რუსეთის საიდუმლო სამსახურებს დაეხმარება “ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში უამრავი შიდა და გარე არაკეთილმოსურნის, უფრო მეტიც, მტრის არსებობის პირობებში”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკლესია და უშიშროება პარტნიორები არიან. კრემლი ეკლესიას დაეხმარება, ეკლესია კი – კრემლს. მათთვის, ვინც რამე ვერ გაიგო, ტაძრის შესასვლელში მემორიალური დაფაც კიდია, რომელზეც წერია: “სოფიას ტაძარი ხელახლა გაიხსნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელშეწყობით”.

თავი VII (2003-2011) რევოლუციები, ჩრდილოეთის ირემი და რადიაცია

სხვები მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი ეს სერბეთიდან იყო იმპორტირებული, თუმცა ეს ვერსიაც ძალზე გაზვიადებულია. სააკაშვილის პარტიის აქტივისტები მართლაც იმყოფებოდნენ ბელგრადში (სავსებით ღიად და დაუფარავად) იმისათვის, რომ ხელისუფლების ასეთი ხერხით შეცვლის ტაქტიკა შეესწავლათ, თუმცა ეს მსოფლიოში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია – პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ხშირად უზიარებენ გამოცდილებას.

ერთხელ, რამდენიმე წლით ადრე, შევარდნაძემ აღიარა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზეთში ჯარები შეიყვანა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამ ომის შეჩერების ძალა არ ჰქონდა. მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დროს ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და ყველაფერს ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი წყვეტდნენ. შევარდნაძე მაშინ “ეროვნული გვარდიის” მთავარსარდალიც კი არ იყო.

ყველაზე საოცარი დეტალი ამ ინციდენტისა (ჩერნობილის კატასტროფა) ის არის, რომ სანამ მეოთხე რეაქტორიდან გამოჟონილი რადიაცია შვედეთამდე აღწევდა, პირველი და მეორე რეაქტორები, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, კიდევ ერთი დღე-ღამის განმავლობაში განაგრძობდა მუშაობას, რათა ელექტროენერგიის პრობლემა არ შექმნილიყო და ამას, თავის მხრივ, პოლიტიკური რეპრესიები არ მოჰყოლოდა.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში