ალექანდრე სოლჟენიცინი - ივან დენისოვიჩის ერთი დღე

სამუშაოზე გაყვანამდე საათ-ნახევარი მაინც რჩებოდა საკუთარი, მოსაცლელი დრო, ხოლო ვინც ბანაკის ცხოვრებას იცნობს, ისიც კარგად იცის, რომ ამ დროის განმავლობაში ყოველთვის შეიძლება ცოტა რამის შოვნა: შეიძლება ვინმეს ძველი სარჩულიდან სახელთათმანე შალითა შეუკერო, რომელიმე მდიდარ პატიმარს მშრალი თექურები საწოლშივე მიაწოდო, რათა ფეხშიშველას აღარ მოუხდეს ტანტალი და ფეხსამოსის გროვიდან სათავისოს შერჩევა; ისიც შეიძლება, საწყობებს ჩამოუარო, ვისაც რა დასჭირდება - მოემსახურო, ოთახი გამოუგავო ან რამე მიურბენინო; ან კიდევ სასადილოში შეხვიდე, მაგიდებზე დარჩენილი ჯამები მოაგროვო და ჭურჭლის სარეცხ ოთახში შეიტანო. ორ-სამ ლუკმას არც იქ დაიშურებენ. ოღონდ სასადილოში ბევრი მეტოქე გამოგიჩნდება და გასაქანს არ მოგცემენ. უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ თუ ჯამში რამეს წააწყდი ჩარჩენილს, გული ვერ გაგიძლებს, ჯამების ლოკვას მიჰყოფ ხელს.

აქ, ბიჭებო, ტაიგის კანონებია. მაგრამ ხალხი აქაც ახერხებს ცხოვრებას. ბანაკში ის იღუპება, ვინც ჯამების ლოკვას იწყებს, ვინც სანიტნაწილის იმედითაა და ვინც ნათლიასთან - ოპერრწმუნებულთან დაძვრება, რომ ხალხს უბოზოს. ოპერრწმუნებულის ამბავი, რაღა თქმა უნდა, ცოტათი გადაამეტა. იმათ კი იციან საკუთარი ტყავის გადარჩენა, ოღონდ სხვისი სისხლის ხარჯზე.

სამუშაოზე რაკი გაჰყავხართ, უკვე სანახევროდ აღარცაა კარცერი: ცხელ კერძსაც მიიღებ და დაფიქრების დროც არ გექნება. ნამდვილი კარცერი მაშინაა, როცა სამუშაოზე გაუყვანლად ისჯები.

მთელი ასმეოთხე ბრიგადა ხედავდა, როგორ მიჰყავდათ შუხოვი, მაგრამ ხმა არავის გაუღია: რის მაქნისი იყო რაიმეს თქმა, ან რა უნდა ეთქვათ? ბრიგადირს შეეძლო ცოტათი გამოსარჩლებოდა, მაგრამ იქ არსად იყო. შუხოვმაც არავის არაფერი უთხრა, თათრის განაწყენებას მოერიდა. საუზმეს შეუნახავენ, ამდენს მოიფიქრებენ.

მუშაობა ჯოხივითაა - ორი ბოლო აქვს: თუ მართლა კაცისთვის მუშაობ, ხარისხიანად უნდა აკეთო, თუ შტერებისთვის - თვალში ნაცრის შეყრაც კმარა... სხვანაირად დიდი ხანია ყველას სული ამოსძვრებოდა.

ეგერ მაგიდასთან, ყმაწვილი კაცი ჯერ ჭამას არ შედგომია - პირჯვარს იწერს. ეტყობა, დასავლეთ უკრაინელია, თანაც არიფი. აბა, რუსებს ისიც აღარ ახსოვთ, რომელი ხელით უნდა პირჯვარს გადაწერა.

სასადილოში თავზე ხალხი რომ გენგრეოდეს, მაინც არ უნდა აჩქარდე. თუ ძილს არ ჩავაგდებთ, პატიმარი საკუთარი თავისთვის დილით საუზმეზე ათ წუთს, სადილად ხუთ წუთს და ვახშმადაც ხუთიოდე წუთს ცხოვრობს მხოლოდ.

პატიმრისთვის ნომერი უბედურებაა და მეტი არაფერი; ზედამხედველი შორიდანვე გიცნობს ნომრით, ბადრაგიც ჩაგიწერს, ხოლო თუ დროულად არ გააახლებინე მხატვარს, კარცერში ჩაგსვამენ - ნომერზე რატომ არ ზრუნავო.

დილით კიდევ ისაა შესამოწმებელი, პატიმრის ტანსაცმელქვეშ სამოქალაქო ხომ არავის ჩაუცვამს. მაგრამ სამოქალაქო ნივთები ხომ უკვე დიდი ხანია ერთიანად ჩამოართვეს და ისიც უთხრეს - ვადის გასვლამდე აღარ დაგიბრუნებთო. ხოლო პატიმრობის ვადა ამ ბანაკში ჯერ არავის გასვლია.

პატიმრისა ფიქრიც არ არის ლაღი. იმას უბრუნდება ნიადაგ, იმას ჩაჰკირკიტებს: ლეიბში გადამალულ პურს ხომ ვერ მიაგნებენ? საღამოს სანიტნაწილი გამათავისუფლებს თუ არა? ჩააჯენენ თუ არ ჩააჯენენ კაპიტანს? ცეზარმა როგორღა მოახერხა თბილი საცვლის ხელზე მიღება? ალბათ, პირადი ნივთების საწყობში შეკერა ვინმე, აბა, როგორ?

ბანაკში ბრიგადირი ყველაფერია. კარგი ბრიგადირი მეორე სიცოცხლეს გაჩუქებს, ცუდი - სამარეში ჩაგაწვენს.

ბანაკში დღეები ისე გაიქროლებს, თვალს ვერ მიატან, ხოლო გადასახლების ვადას მაინც არაფერი აკდლება, ერთ ადგილზეა მუდამ.

არა უშავს, პატიმრის სტომაქი ყველაფერს ითმენს: როგორმე დღეს გავძლოთ და ხვალ სულს მოვითქვამთ. მთელი ბანაკი ამ ოცნებით იძინებს.

ჩვენში ასე ამბობდნენ: ძველ მთვარეს ღმერთი ვარსკვლავებად ფშვნისო.

ბჭობენ: შეძლებდა თუ ვერაო გაქცევას მოლდაველი? დღისით თუ გაიპარა, ეგ კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ჩაიმალა სადმე და იმას ელოდება - კოშკურებიდან გუშაგებს წაიყვანენო, ვერ ეღირსება. თუ მავთულქვეშ, სადაც გაცოცდა, კვალი არ დარჩენილა სამ დღე-ღამესაც რომ ეძებონ ზონაში და ვერ მიაგნონ, კოშკურებს არ მოშორდებიან. სამი დღე-ღამე კი არა, ერთ კვირასაც არსად წავლენ. ასეთია მათი წესდება, ძველმა პატიმრებმა კი იციან ეს ამბავი. საერთოდ, თუკი ვინმე გაიქცა, მორჩა მცველების საქმე - უჭმელ-უსმელებსა და უძილოებს დაარბენინებენ აქეთ-იქით. ზოგჯერ ისე გადაირევიან, გაქცეული ცოცხლად აღარც კი მოჰყავთ.

ჯაშუშობას რეგვენიც მოახერხებს. ჯაშუშის ცხოვრება ნაღდია და სახალისო. შენ თუ ბიჭი ხარ, კატორღელთა ბანაკში საერთო სამუშაოებში ათ წელს გაძელი!

ვინაა პატიმრის უმთავრესი მტერი? მეორე პატიმარი. პატიმრები რომ ერთმანეთს არ ბრიდავდნენ - ე-ეჰ!

სასადილოში სულ ხუთი სარკმელია: სამი - კერძების გასაცემი, ერთი იმათთვისაა, ვინც სიის მიხედვით ღებულობს საჭმელს (ათიოდე კუჭის წყლულით დაავადებული და აგრეთვე, ქურდული ავტორიტეტის წყალობით, მთელი ბუღალტერია), და ერთიც - ნახმარი ჭურჭლის დასაბრუნებელი (ამ სარკმელთა ჯამის მლოკავები ამტვრევენ ცხვირპირს ერთმანეთს). სარკმლები დაბალ-დაბალზეა დატანებული, მათში თავად მზარეულები არ ჩანან, მხოლოდ ხელები მოჩანს და ჩამჩები.

ცხელი წვენი რომ ჩაეღვარა და მთელ სხეულს მოედო, შიგანმა სულ კანკალი დაუწყო. კარგია-ა! აი ის ხანმოკლე წუთი, რომლისთვისაც ცხოვრობს პატიმარი! ამ წუთში არაფერი სწყინს შუხოვს: არც ის, რომ პატიმრობის გრძელი ვადა აქვს მისჯილი, არც ის, რომ დღეა ასე გრძელი, არც ის, რომ კვირადღე ისევ დაუკარგეს. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობს: გავუძლებთ! ყველაფერს გავუძლებთ, ღვთის წყალობით დამთავრდება!

საკატორღო ბანაკში ყველაფერს თავისი, უჩვეულო ფასი ჰქონდა, რადგან ბანაკში ყველაფერს თავისი, უჩვეულო ფასი ჰქონდა, რადგან ბანაკში ფულის შენახვა არ შეიძლებოდა, ცოტა ვინმეს თუ მოეძევებოდა და ერთობ ძვირი ღირდა.

ზოგს ასე ჰგონია: ამანათის მიმღები დიდი ქონების პატრონია, რასაც მოასწრებ უნდა დაცინცლოო! სინამდვილეში - როგორც იოლად მოდის ამანათი, ისევე იოლად იფლანგება. ზოგჯერ ამანათის მომლოდინენი მისი მიღების წინაც კი ჩალიჩობენ - იქნებ როგორმე ზედმეტი ულუფა მოვიგდოთ ხელში, ვინმეს ნამწვი გამოვტყუოთო. ეს ზედამხედველსო, ეს ბრიგადირსო. მე შენ გეტყვი და, საამანათოს მუქთამჭამელს დატოვებ ხელცარიელს! დატოვებ და მეორეჯერ მაგ შენ ამანათს ისე მიჩქმალავს, ერთ კვირასაც არ იქნება სიაში. შემნახველი საკნის მეკუჭნავეა, ის მეკუჭნავე, რომელსაც ყველა ეს პროდუქტი უნდა მიაბარო, რომლისკენაც ხვალ დილით სამუშაოზე გასვლის წინ გასწევს ცეზარი (რათა მპარავებსა და მჩხრეკელებს გადაარჩინოს სურსათი და თანაც ბანაკის უფროსის მიერ დადგენილი წესი შეასრულოს)? იმ მეკუჭნავეს გვარიანად თუ არ უწილადე, ნამცეც-ნამცეც მეტს აგაღლიტავს, იცოდე! მთელ დღეს იქაა ჩამჯდარი ის ვირთხა, სხვის პროდუქტებთანაა ჩაკეტილი. მიდი და შეამოწმე! იმას არ უნდა მისცე, ვინც შეუხოვისნაირ სამსახურს გაგიწევს? მეაბანოე რომ წესიერ საცვალს მოგაწვდის ჩუმად - იმას? პარიკმახერს, რომელიც უქაღალდოდ არასგზით არ გაგპარსავს (ესე იგი სამართებელს მუხლზე კი არ შეგაწმენდს, ქაღალდს შეახოცავს)? მეტი თუ არაფერი, სამი-ოთხი სიგარეტი ხომ მაინც უნდა უბოძო? კულტ-სააღმზრდელო ნაწილს, რათა შენი წერილები ცალკე გადაინახონ და არ დაგიკარგონ ხოლმე? ის რომ მოგინდება - ერთ დღეს მაინც სამუშაოდ ავითსო, ზონაში ვიკოტრიალო, ექიმს არ უნდა მიართვა არაფერი? მეზობელს რაღას ეტყვი, იმ მეზობელს, შენს გვერდით რომ ჭამს და სვამს, შენს სასთუმალთანვე რომ სძინავს, როგორც, მაგალითად, კაპიტანია ცეზარის გვერდით, - იმას დაუკავებ? ხომ დათვლილი აქვს შენი ყოველი ლუკმა! ასეთ მეზობელს ნამუსგარეცხილი კაციც კი მისცემს აუცილებლად. ასე რომ, ამანათი იმას შურდეს, ვისაც მუდამ სხვის ქონებაზე ებრიცება თვალები.

ათი დღე-ღამე! აქაურ კარცერში ათ დღეს ჯდომა იმას ნიშნავს, საბოლოოდ და სამუდამოდ დაკარგო ჯანმრთელობა. ჭლექი შეგეყრება და მერე ვეღარც გამოხვალ საავადმყოფოდან. ხოლო ვინც თხუთმეტდღიანი კარცერი მოიხდინა, ისინი მიწაში წვანან უკვე. ვიდრე ბარაკში გაქვს ბინა, ღმერთს მადლი შესწირე და ეცადე, არსად ჩავარდე!

პატიმრები საათს ვერასდროს ვერ ნახულობენ, ან რა ჭირად უნდათ საათი? პატიმარს მხოლოდ იმის შეტყობა უნდა, თუ როდის დაჰკრავს ადგომის ზარი, ან სამუშაოზე რამდენ ხანში გაიყვანენ, ან სადილი თუ იქნება მალე, ან კიდევ ძილის ზარი. ისე კი ამბობენ - საღამოს შემოწმება ცხრა საათზე ხდებაო. ოღონდ ცხრა საათზევე არასდროს არ მთავრდება. მეორედ, მესამედ ამოწმებენ ხოლმე. ათზე ადრე არავინ დაგაძინებს. ხოლო ხუთ საათზე უკვე ადგომის ზარს რეკავენო.

პატიმარი სადაც შეთბება, იქვე მიეძინება კიდეც. მთელ კვირას ასე გამოუძინებელი დადიან და ამიტომაა რომ, თუ კვირადღე არ შეუხვლიფეს, ბარაკ-ბარაკ მიეყრებიან, ძილის ანდომებენ იმ კვირა დღეს.

რამდენიც არ უნდა ილოცო, ვადას არავინ ჩამოგაკლებს. ზარის დარეკვიდან ზარის დარეკვამდე უნდა იცოდვილო და ისე გაიყვანო ვადა.

შუხოვი უხმოდ შეჰყურებდა ჭერს. თავადაც აღარ იცოდა - სურდა თუ არა გათავისუფლება. თავდაპირველად კი ძალიან უნდოდა და ყოველ საღამოს ანგარიშობდა - რამდენმა დღემ გაიარა უკვე და რამდენი დამრჩაო. მერე მომბეზრდა ეს ამბავი. მერე ისიც გაირკვა, რომ მისნაირებს სახლში კი არ უშვებენ, სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფალ გადასახლებაში აგზავნიდნენ. და კაცმა არ იცის, სად აჯობებს ცხოვრება - აქ თუ იქ. გათავისუფლებას იმიტომ თუ ისურვებდა, რომ შინ დაბრუნებულიყო. შინ არ გაგიშვებენო...

რუსულიდან თარგმნეს რევაზ თვარაძემ და ვახტანგ პაიკიძიმ
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2005წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში