გიორგი მაისურაძე - დაკარგული კონტექსტები

ბელადის პირადი ნივთის ხელყოფა კი უკვე ხელისუფლების უზურპაციად აღიქმება. უფრო მეტიც, ხელისუფლების მიტაცებისათვის მისი ყოფილი მფლობელის დამარცხება და თვით მისი ფიზიკური განადგურებაც კი არაა საკმარისი. დამხობის აქტი სიმბოლურ დონეზეც უნდა გათამაშდეს, რაც დამხობილის პირადი ნივთების შებღალვას, დესაკრალიზაციას საჭიროებს, რაც ხშირად დამარცხებულის სასმისიდან დალევით გამოიხატება.

შევარდნაძის გადადგომას იმავე საღამოს, ანუ 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საზეიმო მიტინგზე ზურაბ ჟვანიამ "ვარდების რევოლუცია" უწოდა. ასე გაიჟღერა პირველად ოფიციალურ კონტექსტში გამოთქმამ, რომლის ავტორიც არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე იყო.

მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციას" "საქართველოს სულიერი მისიის განხორციელება" უწოდა. ასეთი, თუნდაც რიტორიკული კვალიფიკაციით, რევოლუციის კონცეფციამ არა ახალი, არამედ სრულიად არქაული, ქრისტიანულ-მესიანისტური მიმართულება მიიღო და თანაც იდეოლოგიურად ამ რიტორიკული ფიგურის ავტორს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა. თუმცა, ასეთი გადაძახილი არ ყოფილა შემთხვევითი: გამსახურდიასთან დაბრუნდა, მისი სრული რეაბილიტაცია და მოწამის შარავანდედით ეროვნულ პანთეონში კანონიზაცია, ერთი მხივ, ახალი ხელისუფლების "ოიდიპური", მეორე მხრივ კი რევოლუციური სიუჟეტის ლოგიკით იყო ნაკარნახევი: ვინაიდან შევარდნაძე გამსახურდიას დამხობის შემდეგ დაბრუდნა საქართველოში და თავისი წინამორბედის მმართველობას "პროვინციული ფაშიზმი" უწოდა, გამსახურდიას რეაბილიტაციით ხაზი უნდა გასმოდა შევარდნაძის უზურპატორობას და არალეგიტიმურობას, რამაც უკვე რევოლუციის სიუჟეტში სამართლიანობის აღდგენის მოტივი შემოიტანა.

წმინდა გიორგის, მედეასა და პრომეთეს ქანდაკებები "მოდერნიზაციის" ხანის საქართველოს ნაციონალისტური მითოლოგიის უმაღლესი ტრიადა: წმინდა გიორგი, როგორც საქართველოს პატრონი, იმპერიულ ურჩხულთან მებრძოლი, სიძლიერისა და გამარჯვების სიმბოლო; პრომეთე, როგორც მეამბოხე, თავგანწირვისა და გამძლეობის ნიმუში და ზეკაცის პროტოტიპი; და მედეა, როგორც საქართველოს დასავლურ სამყაროსთან პირველი დამაკავშირებელი. საინტერესოა თავად ამ ქანდაკებათა ესთეტიკაც: მედეა და წმინდა გიორგი XIX საუკუნის ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელ ნეოკლასიცისტურ ფორმებს იმეორებენ. რაც შეეხება პრომეთეს - იგი ნაცისტური გერმანიის ოფიციალური ესთეტიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, მოქანდაკე არნო ბრეკერის ნამუშევრების ლამის პირდაპირი ასლია. ასეთი ვიზუალური გარემო კი საბრძოლო-ჰეროიკული განწყობის საყრდენს ქმნის, რომელიც ადვილად გადადის აგრესიულ ნაციონალიზმსა და ძალის იდეოლოგიაში.

საბჭოური წარმომავლობისაა სამხედრო-პატრიოტული პროპაგანდა საბრძოლო შინაარსისა და ისტორიული ანალოგიების გამოყენებით შექმნილი ვიდეო რგოლებით, მუსიკალური კლიპებით, პლაკატებითა თუ ლოზუნგებით, ასევე პატრიოტული ფილმებითა და ლექსებიტ, რაც პირდაპირ სტალინის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოგონილ სქემას იმეორებს. ასე მივიღეთ "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლების იდეოლოგია, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შეგება: 1. შუა საუკუნეების ქრისტიანული მესიანიზმი და ესქატოლოგიური ბრძოლის იდეა; 2. XIX საუკუნის ნაციონალიზმი და მისთვის  ნიშანდობლივი თავგანწირვა და ჰეროიზმის პრინციპები; 3. სამხედრო-პატრიოტიზმის საბჭოური ანალოგიის აღმზრდელობითი პროპაგანდა.

როდესაც 2008 წლის 11 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, - "ვისაც რით შეუძლია", - ეს განცხადება არა მხოლოდ უპასუხისმგებლობის, არამედ დროისა და ეპოქის არასწორი აღქმის ნიმუში იყო, რომლის ქვეტექსტიც პოლიტიკური აზროვნების ნაცვლად, ხალხური სიმღერიდან - "ქართველო, ხელი ხმალს იკარო", მოდიოდა.

1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებზე ასეთი ტრანფარანტიც კი გაჩნდა: "მოვითხოვთ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადადგომას!" ეს აფექტი განსაკუთრებით გამსახურდიას დამხობის და შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაძლიერდა. დასავლეთი, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლება სცნო და მას მხარი დაუჭირა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო მასონური, სიონისტური, იეზუიტური, სატანისტური, ჰომოსექსუალური თუ ფემინისტური შეთქმულების ცენტრად გადაიქცა, რომლის მიზანიც ქართველი ერის გადაგვარება და მოსპობაა.

1956 წელს სტალინის ოფიციალური კულტის დამხობით საბჭოთა კავშირში "ღმერთი მოკვდა" და საყოველთაო ნიჰილიზმის ხანა დადგა. სტალინი მის მიერ შექმნილი საბჭოთა იმპერიის ერთადერთი გამაერთიანებელი და საინტეგრაციო ფიგურა იყო. მის პიროვნებაში უტოპიური ესქატოლოგია მესიანურ იმპერიად განხორციელდა, რომელშიც სტალინის ხორცშეხმული მესიის ადგილი ეკავა. ოფიციალური იდეოლოგიიდან სტალინის კულტის გაქრობით თავად ეს იდეოლოგია აღმოჩნდა თაყვანისცემის იმ ერთადერთი სუბიექტის გარეშე, რომლისადმი რწმენა და მორჩილება ასეთ მესიანურ იდეოლოგიას ქმედითუნარიანს ხდიდა. და, ვინაიდან "ღმერთი" ა(ღა)რ არსებობს, ყველა სახის კორუფციაც ნებადართულია...

ჰომო პოსტსოვიეტიკუსის მთავარი მახასიათებელი ნიშანი, რაც მას ასევე მემკვიდრეობით ერგო, უმრავლესობის მხარეს ყოფნაა, ანუ იქ, სადაც არა სოლიდარობა, არამედ ძალა და ერთობაა. იგი იქაა, სადაც ყველა; და თანაც ვერ იტანს, ბრძოლას უცხადებს იმათ, ვინც ამ უმრავლესობას ემიჯნება, არ სწამს კოლექტიური ეიფორიებისა და საყოველთაოდ აღიარებული თუ დამკვიდრებული ჭეშმარიტებების... ამავე დროს, ჰომო პოსტსოვიეტიკუსები ყველაზე მტკივნეულად საკუთარი საბჭოთა pudenda origo-ს - "სასირცხვილო წარმომავალობას" განიცდიან და მთელი ინტენსივობით მისის დავიწყებითა და მეხსიერებიდან განდევნით არიან დაკავებულნი, რაც სხვადასხვა სახის აკვიატებულ შეხედულებებში გამოიხატება.

როდესაც საბჭოურის საკუთარ თავში შეცნობა და მისგან გათავისუფლება არ ხდება, მთელი ენერგია "გარეგნულ" ნიშნებზე გადადის. ყველაფერი, რაც ოკუპანტს, ანუ რუსეთს უკავშირდება - რუსული ენა, ლიტერატურა, კინო, მუსიკა (რომელზედაც არა მხოლოდ ქართველ ჰომო პოსტსოვიეტიკუსთა თაობებია გაზრდილი, რაც მათ საკუთარ საბჭოთა "სასირცხვილო წარმომავლობას" ახსენებს, არამედ რომლის სიმბიოტურ ნაწილსაც ბოლო ორი საუკუნის ქართული კულტურად წარმოადგენდა) - მეხსიერებიდან უნდა ამოიშალოს. საბოლოო ჯამში, რეალობა, რომელსაც ჰომო პოსტსოვიეტიკუსები ქმნიან, საბჭოთა კავშირის ვირტუალური პოსტსაბჭოთა კავშირით შეცვლაა, რომელიც საკუთარ თავში საბჭოური სტერეოტიპებისა და მითების დაძლევისკენ კი არაა მიმართული, არამედ სწორედ საბჭოთა ხანაში ჩამოყალიბებული მითოსური სააზროვნო სტრუქტურის კარიკატურულობამდე მიყვანილ აბსოლუტიზაციას ცდილობს. მეხსიერებიდან განდევნილი და მითებად ქცეული წარსული აკვიატებული იდეებისა და ქმედებების სახით უკან ბრუნდება და ყველაზე მეტად სწორედ ტოტალიტარული წარსულისაგან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება.

პირველი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ გადადგა, 15 აპრილს რუსეთისათვის შექმნილი "ეკონომიკური ბლოკადა" იყო. ზვიად გამსახურდიას მითითებით გადაიკეტა სამტრედიის რკინიგზა და სამი კვირის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ამან საქართველოს ისედაც დაუძლურებული ეკონომიკა სრულ კატასტროფამდე მიიყვანა, თუმცა კი იმდროინდელი ხელისუფლება ამას რუსეთის დასჯას, მასზე ზეწოლას უწოდებდა.

რუსეთით იზომება ქართველი ისტორიული პიროვნებების ღვაწლი და მნიშვნელობა: მაგალითად, ერეკლე II გასაკიცხია, რადგან მან რუსეთთან მფარველობის ტრაქტატი გააფორმა, რომელიც შემდგომში რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების ანექსიის წინაპირობა აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ეროვნული გმირი და სათაყვანებელია 1924 წელს საბჭოთა რუსეთის წინააღდეგ აჯანყებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომლის ჰეროიკულ ავანტიურასაც შედეგად მხოლოდ ასობით ქართველის უაზრო მსხვერპლი მოჰყვა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერი, რასაც საქართველო აკეთებს, არა საკუთარი თავისათვის, არამედ რუსეთის ჯინაზე.

ალეგორიული შინაარსის დანახვა შეიძლება X საუკუნეში შექმნილ და XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოჩენილ იოანე ზოსიმეს ტრაქტატში "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა": ქართული ენა, რომლის სახარებისეული ეკვივალენტიც ლაზარეა, მკვდარია, დამარხულია, მაგრამ მას ქრისტე მკვდრეთით აღადგენს და მეორედ მოსვლის ჟამს ამ ენაზე განიკითხავს არამართალთ, ანუ ქართული ენა იქცევა განკითხვის ინსტრუმენტად, სადამსჯელო იარაღად. ამით კი ჩაგრული შურს იძიებს მჩაგვრელზე. ამგვარ თეოლოგიურ ფანტაზიებში საკუთარი სიმცირისა და უძლურების სეგრძნების კომპენსაცია ხდება.

თუკი მოკავშირე რესპუბლიკების შემკვრელი რუსეთი იყო, ავტონომიურების - თავად მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებიც ამგვარი სახელმწიფო სტრუქტურით მინისაბჭოთა კავშირებს, ანუ, სახაროვისეული მეტაფორით, "მცირე იმპერიებს" განასახიერებდნენ - საკუთარი ცენტრალიზებული ხელისუფლებით, დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ერთეულებითა და ადგილობრივი "ეროვნული უმცირესობებით", რომლებსაც, როგორც საკავშირო მასშტაბით რესპუბლიკებს, რესპუბლიკის შიგნით გარკვეული წარმომადგენლობითი კვოტები ჰქონდათ, რაც უკვე კონფლიქტისა და შოვინიზმის დამატებით კერებს წარმოშობდა. ნაციონალიზმები, რომლებმაც ჯერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არშემდგარი "სოციალისტური შინაარსის" გაქრობასთან ერთად იფეთქა, ერის სტალინისეული განსაზღვრებისა და "ფორმით ნაციონალურის" კონცეფციებიდან აღმოცენდა, რომლებიც ამასთანავე საბჭოური ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს - უმრავლესობის უფლების განმტკიცება უმცირესობების უუფლებობის ხარჯზე - შეიცავდნენ.

ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, საქართველოს პირველი მრავალპარტიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება 1990 წელსვე აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და ცდილობს ძალის გამოყენებით ადგილობრივი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობას. ამით საქართველო გაუცნობიერებლად ბაძავს ნგრევის პროცესში მყოფ საბჭოთა იმპერიას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე სრულიად დაკარგული აქვს ყოველგვარი უნივერსალური ღირებულება და მისი ერთადერთი "შინაარსი" ნაციონალური ფორმიდან წამოსული ნაციონალიზმია. ეს ნაციონალიზმი კი არტიკულაციის ფორმებად მხოლოდ ძალადობას, ჩახშობასა და უმცირესობების ჩაგვარს იცნობს, რომელიც მას საბჭოთა იმპერიული სისტემიდან აქვს ნასწავლი და გადმოღებული. ძალადობის ასთი სისტემის ლოგიკა ერთ პრინციპს ეფუძნება: უმცირესობის უფლება უმრავლესობის უფლებებს ლახავს! ამიტომაც უმრავლესობა საკუთარ ძალაუფლებას უმცირესობაზე ძალის გამოყენებითა და მისი ნების დათრგუნვით ამკვიდრებს. აფხაზეთის ომი სწორედ ამ ცნობიერების გამოხატულება იყო.

"სუდია-პიდარასტ!" ეს იყო ქართველი გულშემატკივრების ერთსულოვნების გამოხატულება, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი ერთხმად აპროტესტებდა საფეხბურთო მსაჯის გადაწყვეტილებას. ეს იყო "ძალა ერთობაშიას" ყველაზე მძაფრი ქართული საბჭოთა გამოვლინება. ამასთან, ეს ფრაზა ჩემს მეხსიერებაში არსებული ქართული კოლექტიური რესანტიმენტის პირველი ფორმაციაა: თუ "დინამო" ვერ იგებს, ეს რუსი "სუდიას" ბრალია.

მთელი პოსტსაბჭოთა ქართული კოლექტიური ფობიები და სასიყვარულო ვნებები, რომლებიც "ძირს!" და "-ჯოს!" ტონალობებში ჟღერს ხოლმე ბოლო ორი ათწლეულია, ამ აქე-შეძახილის დეკონსტრუქციულ ნაირსახეობებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელთა ობერტონებშიც ისევ ბედისადმი დაუმორჩილებლობის ამაყი ფორმულა - "სუდია - პიდარასტ!" ცოცხლდება და ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეის გმირული და მოწამეობრივი შარავანდედით იმოსება.

გაუცხოლებით სექსუალობის ამ ფორმის ადგილი არალეგიტიმური ხდება კულტურულ ტრადიციაში, ანუ ჰომოსექსუალობა კი ყოველთვის იყო საქართველოში, მაგრამ ის "ქართული" არ ყოფილა. ამიტომაც მას, როგორც არატრადიციულს, სწორედ ტრადიციის სახელით უნდა ვებრძოლოთ. ასეთი აზროვნების ლოგიკა კი, საბოლოო ჯამში, არაფრით განსხვავდება "სუდია პიდარასტის" ლოგიკისგან: არსებობს ვიღაც სხვა, უცხო ძალა, მტერი, რომელიც ყველაფერში დამნაშავეა და ჩემს უმანკოებას მართმევს. "კარგი", რომელსაც ღმერთი მოავლინებს და "ბოროტსა არ დაჰბადებს", მხოლოდ ტრადიციულად "ჩემიანები", ჩემთან დაძმობილებულები შეიძლება იყვნენ.

შეძახილები და ლოზუნგები, რომლებმაც ფეხბურთის სტადიონიდან ჯერ მიტინგებზე გადმოინაცვლეს, შემდეგ პარლამენტები დააკომპლექტეს და მედიასივრცე დაიკავეს, ორ ათწლეულზე მეტია, ერთ სტერეოტიპს ამკვიდრებენ: "გენეტიკურად ქართული" არის ის, რაც დისკურსულ ტრადიციასთან, ანუ საჯარო სივრცეში საუბრისა და გამოხატვის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებთანაა შესაბამისობაში. ეს ტრადიცია კი ყოველივე "არატრადიციულს", რაც უცხოა არა ქვეყნისა და მასში მცხოვრები ხალხისათვის, არამედ სწორედ ტრადიციულობის დისკურსისასთვის, ასხვისებს და უცხო, მტრული ძალების მიერ შემოგდებულად აცხადებს.

მონოეთნიკური და ერთსარწმუნოებიანი საქართველო, სადაც ყველა "სხვა" უცხოსა და მტრულის სტატუსს იძენს, ავტომატურად უცხადებს კულტურულ ომს საკუთარ თავს, რომელიც სამოქალაქო ომებში ბუნებრივად გადაიზრდება.

არადა, აზროვნებამ, შემეცნებითი აქტი რომ შედგეს, უბიწოება უნდა დაკარგოს. "უმანკო აზროვნება" სააზროვნო ქალწულობა - შემეცნების უნარის არქონას ნიშნავს.

მითი იბადება მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნილებაა და, ამდენად, იგი ერთგვარი "საზოგადოებრივი დაკვეთაცაა".

***

ვიღაცამ შენობაში შემიყვანა. მეორე სართულზე ხალხი ირეოდა, ძირითადად შევარდნაძის მომხრე დეპუტატები და მთავრობის წევრები. განსაკუთრებით ირინა სარიშვილი აქტიურობდა. გადაწყდა მიტინგის ჩატარება. მე მიტინგების მოწყობის თითქმის ხუთწლიანი სტაჟი მქონდა და ამიტომაც ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე. პირველი სიტყვაც მე წარმოვთქვი და გავიმეორე, რომ უნდა ავირჩიოთ შევარდნაძეს, შეიარაღებულ ფორმირებებსა და გამსახურდიას შორის, და ისიც დავამატე, რომ შევარდნაძე ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ სრული იზოლაციისა და ქაოსში არ აღმოვჩნდით...

დეპუტატები, მინისტრები, თბილისის მერი, სამხედრო პირები - ყველა, ვინც შევარდნაძეს მხარს უჭერდა, სიტყვით გამოვიდა. განსაკუთრებული ოვაციები თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის გამოჩენამ გამოიწვია.

ამასობაში დაღამდა და სულ ბოლოს შევარდნაძეც გამოჩნდა. მან გაიმეორა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცეა, რომ მას არ შეცვლის, და სთხოვა ხალხს, დაიშალეთო; რომ აზრი არა აქვს აქ დგომას, მე ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავო... ამაზე ატყდა ყვირილი; ვიღაცამ ქუჩიდან დაიძახა: "ჩვენ ავლოკავთ!" ხმაურში ცალკეული შეძახილების გარჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ შინაარსი მაინც ასეთი მახსოვს: არ წავალთ, არ დავიშლებით! და უცებ დაიწყეს ასფალტზე დასხდომა. მე ფანჯარასთან ახლოს ვიყავი. ასე დავინახე და ეჭვიც არ შემპარვია, რომ დასხდნენ, რადგანაც ეს მაშინ ძალიან გავრცელებული სამიტინგო-საპროტესტო ფორმა იყო, რომელიც უკვე 1988 წლიდან დამკვიდრდა. ამ დროს შევარდნაძემ შეწყვიტა სიტყვა და ფანჯარას მოშორდა.

აი, სწორედ ამ მომენტში შემოვიდა ილია მეორე და თქვა ის, რის ნახვაც Youtube-ზე განთავსებულ არაერთ ვიდეოზეც შეიძლება: "მე მაქვს უფლება, როგორც საქართველოს სულიერ მამას, და პირადად თქვენს სულიერ მამას, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური". ამის შემდეგ გადაკოცნეს ერთმანეთი, შევარდნაძემ თქვა, "ხმა ღვთისა და ხმა ერისაო" და მიტინგიც დამთავრდა.

[...]

სახლში რომ მივედი, ტელევიზორში შევარდნაძის ინტერვიუ ვნახე, რომელშიც ამბობდა, ხალხმა დამიჩოქაო... მე ის დასხდომის სცენა გამახსენდა და ვიფიქრე, რომ დაიჩოქეს. მალე უკვე ყველა იმას ამბობდა, რომ შევარდნაძეს დაუჩოქეს.

[...]

თეიმურაზ სტეპანოვი ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, რომელიც მე ოდესმე მინახავს შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაში. ჰოდა, იმ საღამოს მან ჩემი სტატიის შინაარსის გამო მისაყვედურა და მითხრა, რომ ჩემი ამოსავალი წერტილი სიცრუეზე დგას და, ამდენად უკვე დამახინჯებული ფაქტების რეპროდუქცია გაომდის: 14 სექტემბერს პარლამენტის წინ მიტინგზე ხალხმა არ დაიჩოქა და დაჩოქების ისტორია იმ საღამოსვე შეითხზა! ყველაზე პარადოქსულიც ის იყო, რომ იქ მყოფი ხალხიდან, რომელთა შორის ჩემთვის ცნობილი არაერთი სახე იყო, თვით ყველაზე მეტად "შევარდნაძისტებსაც" კი, არავის უთქვამს, რომ მან პირადად დაიჩოქა ან ვინმე დაჩოქილი საკუთარი თვალით ნახა. მაგრამ თვით ასეთებიც კი იმ დღეს ხალხის დაჩოქებაზე ლაპარაკობდნენ. დაჩოქების ამბავი ისე მყარად დამკვიდრდა ხალხის მეხსიერებაში, რომ, როდესაც ადრე, ზოგი ხუმრობით, ზოგი კი ჩემი "დისკრედიტაციის" მიზნით მახსენებდა ხოლმე ამ ამბავს, იმის დამატებითაც, ხალხი რომ დააჩოქეო, ამაზე მეც გაღიზიანებანარევი ღიმილით ვპასუხობდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დაჩოქების დრამა შევარდნაძის მოგონილი მითი იყო (თუმცა გამოსარიცხი ისიც არ არის, რომ მიტინგების არმცოდნე შევარდნაძეს მართლაც ასე მოეჩვენა).

[...]

შევარდნაძემ მის წინაშე დაჩოქების მითით ახალი, ორიგინალური სიუჟეტი შექმნა: ფაქტი - ფიქცია, ამ ფიქციის თანამონაწილედ და თანაავტორად კი ადამიანთა განუსაზღვრელი რაოდენობა აქცია, ანუ ყველა ის, ვინც ამ მითს მხარი აუბა და დაიჯერე. სწორედ ამ მითით მოახდინა მან საკუთარი თავის "მეფედ" და ადამაინების მის "ქვეშევრდომებად" ლეგიტიმაცია, რაც ყველამ ერთხმად ირწმუნა: შევარდნაძის მხარდამჭერთათვის იგი პატრიარქის მიერ ღვთის სახელით ("ხმა ღვთისა") ხელდასმული და "დაჩოქილი" ერის ხმით დადასტურებული სუვერენი გახდა, მოწინააღმდეგეებისათვის კი ტირანი, რომელმაც დაგვაჩოქა. ორივე ვარიანტში შევარდნაძემ დაჩოქების მითის მეშვეობით ლეგიტიმაცია მიიღო.

[...]

როდესაც შევარდნაძის ღიმილიან ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ დროს შევარდნაძე ფიქრობდა: "რა კარგად მესმის თქვენი... როგორ ზუსტად ვიცი, თქვენ რაც გინდათ..." - ესაა კმაყოფილი, თავდაჯერებული ღიმილი, როდესაც პოკერს თამაშობ და შენი თანამოთამაშეების კარტები იცი. იცი, რა გაუხარდებათ, რაზე გაბრაზდებიან, რაზე აუჩუყდებათ გული, აღელდებიან, სიხარულის კისკისიც კი რომ აღმოხდებათ თვით მის ყველაზე დიდ მოძულეებსაც, როდესაც შევარდნაძე მათთვისაც გულისამათრთოლებელ ინტონაციას მოძებნის...

***

მარქსი წერს: "ეს ადამიანი იმიტომაა მეფე, რომ მას სხვა ადამიანები ისე ეპყრობიან, როგორც ქვეშევრდომები. ამავე დროს, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი იმიტომ არიან ქვეშევრდომები, რადგანაც ის მეფეა". ჩემი აზრით, სუვერენი სწორედ ისაა, ვისაც ადამიანების დარწმუნება შეუძლია, რომ ისინი მისი ქვეშევრდომები არიან. ის კი არ უნდა უყვარდეთ, როგორც სახალხო გმირი, ან ეთაყვანებოდნენ, როგორც წმინდანსა თუ მესიას, არამედ მას ქვეშევრდომობდნენ: ფიქრობდნენ, როგორც ქვეშევრდომები, იქცეოდნენ, როგორც ქვეშევრდომები, ქედს იხრიდნენ, როგორც ქვეშევრდომები, სძულდეთ, როგორც ქვეშევრდომებს, ჯანყდებოდნენ, როგორც ქვეშევრდომები... ადამიანებს ასე დასაქვეშევრდომებლად კი საჭიროა ისინი მითში აღმოჩნდნენ, რომელიც მათი ცნობიერების რეალობას შეესატყვისება და ამის მეშვეობით დაიჯერონ, რომ ისინი ქვეშევრდომები არიან, იმისგან დამოუკიდებლად, მოსწონთ საკუთარი ქვეშევრდომობა თუ არა, ამაყობენ ამით თუ რცხვენიათ ამის გამო.

ბოლო ოცი წლის საქართველოს პოლიტიკური ისტორია დაჩოქების სუბიექტების ძებნაა. ცალკეული ხელისუფლების მმართველობის ხანგრძლივობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად დააჯერებს ადამიანებს, რომ ისინი მას უჩოქებენ, რომ ისინი მისი ქვეშევრდომები არიან. შემთხვევითი არაა ილია II-ის უზარმაზარი ავტორიტეტი და პოპულარობა, რომელიც თანამედროვე საქართველოში დაჩოქების სუბიექტის განსახიერებაა: პატრიარქის თაყვანისცემა და მის წინაშე მუხლის მოდრეკა არათუ გამართლებული, არამედ იმ "მადლის" მიღების გარანტიცაა, ურომლისოდაც უზენაესი ძალაუფლების მითოსთან თანაზიარობა და თანამონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა.

ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა, 2012 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში