მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან

1924

ჩემს ნაწერებში გამრავლდეს წვრილმანები: - მოძრაობა, ცხოველები და სხ.

მოთხრობის თემა: ფრანგი მინისტრი ან დიდი მოხელე, რომელსაც მინდობილი აქვს საქ-ოს საქმე, ამბობს: „ჟორჟია? ჰო, მახსოვს. ორიანას მუზეუმში ვნახე მათი დაბადება. ამერიკაშია არა?“

მოთხრობა „ღილი“. ქმარი და ცოლი სტუმრად იყვნენ. ქმარი ბნელ ოთახში შევიდა და წააწყდა მძუვნობას. როცა ორივენი გავიდნენ, ტახტზე ღილი იპოვნა. იმ ღილით ეძება და იპოვნა. მისი ცოლი აღმოჩნდა.

ვინც მუდამ იხედება თავის სულში, ის მუდამ ხედავს მხეცს, ნანობს. და თვითონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე. სწუხს, იგლიჯება. (და ჯვარცმულია)

სქესობრივი ინსტინქტი ზვავივით მოდის. კანონი, სინდისი, ზრდილობა, შიში - ყოველივეს დამპალ ჩითივით ჰხევს.

ქმარი ზოგჯერ საპატიო სახელია ვირის.

ბაზალეთის ტყის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. იმავე განგებამ სამი წლის შემდეგ წითელ ხიშტით უკანვე ჩააგდო.

კარგია მუდმივი უსისხლო ომი (რომანში).

პოლიტიკა და პარტიობა ქალისთვის? პოლიტლოზუნგებს და პარტიულ ბილეთს ქალი ჰკარგავს პირველივე ღამეს, ოდეს ... იგემებს.

ჩემი სახლიდან თეატრამდის 1924 წ. 15-იან ყინვაში 40-ზე მეტი დავთვალე უპალტოო.

ფ. მახარაძის და ცხაკაიას დავა: ვინ წაიკითხა პირველად „კაპიტალი“, ვინ ნახა, ვინ ამოიღო ხმა და დაარსა პირ. ჯგუფი? გაიხსენე მოციქულთა დავა, - პავლემ ქრისტე არც კი ნახაო.

ნუ შეაცდენ ნურავის: ნურც მეგობარს, ქალს, ხალხს ან ვინმეს. ღიას ნუ დასტოვებ კარებს, სალაროს, ნუ გააღიზიანებ მეგობრის ცოლს და სხ. ვინაიდგან პატიოსანიც შესცდება ან შეიძლება შესცდეს, თუ ქალს ძუძუები დაუნახა, ან ღია სალაროს წააწყდა (განვითარდეს).

ამ ქვეყნად ყოველივე სქესია. ჩვენმა გლეხმა უხეშად და სწორედ თქვა: „ეს ქვეყანა ... ტრიალებსო“.

ჩვენი ქალაქი იმიტომ ინგრევა, რომ მსხვილმანს დაედევნენ (ჯებირი, ხიდი, კოჯრის გზა, აბანოების უბნის დანგრევა) და წვრილმანი კი დაივიწყეს - (ტრამვაი, ქუჩა, შენობა). წვრილმანის და მსხვილმანის თეორია.

დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენს თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩნიარა.

X ისეთი ღარიბი იყო, რომ წინ მარტი უჩანდა და უკან აპრილი.

მთელი ჩვენი ისტორია გვიმტკიცებს, რომ ქარტული ენერგია აფეთქებით თავდებოდა, ხანგრძლივობა არა გვყოფნიდა (დაღლილი ერი ვართ). თითქმის ყველა ომი ასე თავდებოდა: ბრძოლაში თუ გავიმარჯვებდით, ცოტა ხანს გავყვებოდით მტერს და მეორე დღესვე გამოვწევდით შინისკენ. ეს იყო თარეში, რბევა, პარტიზანობა და არა ფართოდ დასახული საომარი მოქმედება. ასეთი ერი მკვიდრ სახელმწიფოს ვერ აშენებდა და აკი ვერც ავაშენეთ.

გოგოლი თურმე „ოხრანკა“-ში მუშაობდა. დღესაც მას უდიდეს პატივს სცემენ, ილია ჭავ-ძეს კი მარხავენ.

ვაჟას და სხვას უკვე „შეუსწორეს“ ქართული.

ილია ჭავჭავაძე ხელოვნებაში უკიდურესი რადიკალი იყო, პოლიტიკაში კი მემარჯვენე. ანატოლ ფრანსი კი პირუკუღმა; სიტყვით მაინც კომუნისტია, ხელოვნებაში კი მემარჯვენე. განვითარდეს.

სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.

საქ-ში მილიონი კრება და წარმოდგენა მაინც ყოფილა. არც ერთი არ დაწყებულა დროზე. კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია.

2/VI -25 წ. მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუა ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადია. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს.

საქართველოში რომ სეტყვა მოდის, მე, ქალაქელი ქართველი გლეხის ზარალსა და უბედობას ვსტირი - სწორედ ისე, როგორც სტირის ქართველი გლეხი. ხოლო ქალაქელი უცხოელი - რუსი, სომეხი და ურია შეიძლება ხარობენ კიდევაც ბუნების სიდიადით და რისხვით. ისინი მშვენების გარდა ამ მოვლენაში ვერაფერს ჰხედავენ, მე კი მხოლოდ ქართველი გლეხის ცრემლს ვხედავ. აღტაცება უცხოსი და ჩემი ცრემლი - აი გარდაუვალი უფსკრული.

1925

1925 28/VIII მარიამობის წირვა და წლის პანაშვიდი იყო ბაკურიანში. ასი ოჯახი მაინც იქნებოდა, რომელთა ნათესავები დაუხვრიტეს. მაგრამ პანაშვიდს ორიოდე მოხუცი და ხუთიოდე ბავშვი დაესწრო. ამ ამბავის სიღრმე და მნიშვნელობა განუზომელია. ამავე დღეებში ჩვეულებრივი სიმღერა. დუდუკი. ზურნა.

დაათვალიერეთ ჩვენი აგარაკები და ყოველივეს გაიგებთ. ¾ უცხოელები არიან საქ-ში მცხოვრებნი ე.ი. უცხოელები წინანდებურად ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ.

რასაც უწინ, ათი წლის წინათ თვითონ სომხები ვერ ბედავდნენ - ტფილისში სომხურ წარწერებს, - ეხლა კომუნისტებმა გააკეთეს.

ერტმა 1905 წ. მიტინგზე ღვთის არყოფნის დასამტკიცებლად რევოლვერით ხატები დახვრიტა და სთქვა: „აბა, რას მიზამს?“ უპასუხებს: „მეტი რა უნდა გიქნას, გაუგიჟებიხარ“.

არამიანცის სახელობის სამკურნალო დასტოვეს, ზუბალაშვილის სახალხო სახლს კი სახელი მოხსნეს.

ბერბიჭაშვილი - ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ.კომ. წევრად!!!

ევროპიდან ჩამოსული ყოველივეს ევროპული საზომით ზომავს. აქედან მელანქოლია, პესიმიზმი და უიმედობა.

მე XIX ს-დან დღევანდლამდე ჩვენი ლიტერატურა ორპირი გამოძახილია ევროპის. იქაური ხმა ჯერ მოსკოვში მოისმის, შემდეგ რუსულად გარდაიქმნის და მერმე ტფილისში ოდნავი შესწორებით მეორდება.

რუსული ლიტერატურის 9/10 ნასესხებია: - ზოგი აღმოსავლეთიდან, ზოგიც ევროპისგან. იგი თავის საქონლად საღდება ჩვენში (იხ. სტასოვი, პოტანინი).

სამი ფორმულა „ქართულ მწერლობაში“ 1) ჯერ ძველი უნდა დაინგრეს, მერმე ახალი აშენდეს; 2) ჯერ ახალი აშენდეს, მერმე ძველი დაინგრეს; 3) ერთად აშენდეს და დაინგრეს.

ვინც ქალზე ლაპარაკობს, ის ჰგულისხმობს მთელი ქვეყნის დედაკაცებს, გარდა საკუთარი ცოლისა.

პანკისელ ქისტებს თათრული სკოლა გაუხსნეს. ერთი სიტყვაც კი არ ესმით თათრული. მათი დედაენა ქართულია.

1926

მჩატე ხალხს დიდი ნიჭი აქვს აღდგენის (ქართველებზეა ზედგამოჭრილი).

ზოგი ადამიანი უგმიროდ ვერა სძლებს. თუ ცოცხლებში ვერ იპოვნა, მკვდრებში მოსძებნის და სალოცავს აუგებს. ნაწილობრივ ყველაზე ითქმის იგივე - ერზედაც.

ჩხეიძემ თავი მოიკლა. მიზეზი ცხადია - თავგანწირულობა, სასოწარკვეთილება, უიმედობა. „ძლივს არ გამოჩნდა ერთი პატიოსანი კაცი საქართველოში! არის ჟამი ერის - ადამიანის ცხოვრებაში, ოდეს მაუზერის გავარდნა ერთადერთი ვაჟკაცური აქტია: ან სხვას უნდა დაუმიზნო, ან საკუთარი თავი გაიხვრიტო. დღეს ასე უნდა მოიქცეს ყოველი პატიოსანი ქართველი და ვინც ამას ვერ გაჰბედავს - პირწავარდნილი თეიმურაზ ხევისთავია. დღეს თვითმკვლელობა გარდაუვალი მოვალეობაა“.

ჩვენი ბრმა წამბაძველობა იქამდე მიდის, რომ ქალაქში ახლად გაშენებულ ბაღ-ჭალაკებში ნაცვლად ჩვენებური ჭანდარისა, ცაცხვისა და ასიოდე იქაურ მშვენიერ მცენარისა ვრგავთ ჩრდილოელ, უშნო აკაციას.

25/IX 1917წ. - 25/II 21წ.

რუსის ოჯახი დიდ ეზოში და ქართველები. რუსები მუდამ აქტიურები არიან. ქართველები კი მაყურებელნი. რუსი დედაკაცი, სამი შვილი, ქმარი, ძმა და სამიოდე კურო. არაყი. მერე ჯოჯოხეთი. ვინ ვისა სცემს - ვერავინ გაიგებს. მდგმურები ერევიან. Ах, проклятые буржуи довольно попили нашеи большевисткои кровушки. დასდევს ძაღლებს და ვისაც დაინახავს, ფანჯრები ჩამტვრეული. ტომრები ჩალით ლოგინად. თავპირს ამტვრევენ ერთმანეთს, ხუთი წუთის შემდეგ მღერიან, ჰკოცნიან. მილიცია არც კი მოდის, მოჰბეზრდათ. უშვერი ლანძღვა. ჩხუბში ხშირად ტიტვლები არიან, ეზოში დარბიან. თოკებით ჰკრავენ. ოციოდე ბავშვი. ჩხუბი რომ იწყება, დედაკაცი ტანთ იხდის, არ დამეხიოსო, ჩხუბის დროს - еше! Еше! Ты бьешь меня! меня! - თან სტირის. ხან ერთია ქვეიდან, ხან მეორე. ძმა გაჰკივის: я за свою сестры жизнь отдам! აივნები ლოჟებს ჰგავს. ერთს გადაემტერა: меньшевик проклятыи! ვერ გაასახლეს. გაიმარჯვა.

კადეტის კარავაევის მკვლელებს (1906წ.) ეხლა ასამართლებენ, ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილი კი საკ. კომ-იის წევრია: ცხადია ყოველივე.

ვისაც მოკრძალების (სირცხვილის) გრძნობა აქვს, მუდამ დინჯად უნდა ლაპარაკობდეს. პათოსით მხოლოდ ბოზები, დემაგოგები და პოეტები უბნობენ.

23/VII ერთი უცხოეთის გაზეთი დზერჟინსკის „წმინდა ჯალათს“ ეძახის.

ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერ-ჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად დარჩება.

დღეს მთელი საქართველო და რუსეთიც პირქაფიანად დავობენ. ხალხი გაღარიბდა თუ გამდიდრდაო? მოჰყავთ კოშკების სიმაღლე ცხრილები და ასალაბიანი ციფრები. მე კი ვიტყვი: წადით რომელიმე სოფელში, გამოიყვანეთ ასი გლეხი, ჩაჰხადეთ შალვრები და დასთვალეთ - რამდენს აცვია ნიფხავი. კიდევ გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ და შეადარეთ. სიმართლეს უმალვე გაიგებთ (შარდენის დრო).

ჩემი საიდუმლოდ მუშაობა პარტიაში 1921-23 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახსნელად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა - ალღო მოძმის მიშველებისა. და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას.

ჩემი ეპიტაფია: „აქ მარხია მიხ. ჯავახიშვილის ფერფლი, მეტი არაფერი“.

ჩემი ტრაღედია: არა მყავს მემკვიდრე - არც ფიზიკური (ვაჟი), არც სულიერი ლიტერატურაში.

მწიგნობარი ამბობს: ნაყიდ წიგნს რომ სხვა გამიჭრის, წაიკითხავს და დამიბრუნებს, ისე მგონია თითქო ვინმემ ცოლის პირველი ღამე წამართვაო.

1926-7

წლეულს, 1926 წ. 3000 მთხოვნელიდან უნივერ-ში მიიღეს 400. დანარჩენი უსწავლელი დარჩა. ამის გამო ჟურ „ტარტაროზში“ კარიკატურაა დახატული. უნივ-სკენ იმედით მიდიან, უკან კი ტირილით ბრუნდებიან. მასხრად არის აგდებული 2500 ჭაბუკის ცრემლი. ასეთი ამბავი ხდება კომუნ-ურ ქვეყნებში.

ქართველს ვერაფერში დააჯერებ. უნდა მიიყვანო იქამდე, რომ თვითონვე შეიგნოს. ორმოც წელიწადს ვაჯერებდი - სოციალიზმი უუდიდესი უბედურებააო, რომ რუსის მუჟიკს უფრო მეტი აქვს მეზობლის შეჭმის მადა, ვიდრე აზნაურს. დაიჯერა მხოლოდ დღეს, როცა იმის ზურგზე დამტკიცდა ეს ცხადი ჭეშმარიტება.

ერთი მუშა ამბობს: „გეფიცები დედმამას, ცოლ-შვილს, პატიოსნებას: ვინმე რომ გამიყვანდეს დიდ მოედანზე, გამხდიდეს და ას ჯოხს დამკრავდეს - ნიკოლოზ მეფეს რად ებრძოდიო, დავუყვირებ: დამკა, კიდევ დამკარ! ახია ჩემზე, ახი!“

ჟორდანია სწერდა ილია ჭავჭავაძის მოკვლაზე: Лес рубят шепки летят. სარაჯიშვილის სიკვდილის გამო კი დეპეშა გამოგზავნა: Искренно оплакиваю смерть настояшего грузина. დასკვნა.

კოწია თავართქილაძემ სტამბებით და წიგნით გასტენა საქ-ლო. ოცჯერ იჯდა ციხეში ჩუმი ლიტერატურის გავრცელებისთვის .ეხლა ერთი ჯაგლაგა ცხენი ჰყავს, ბარგს ეზიდება და იმ ცხენზე უარესად ცხოვრობს.

1927

1832 წ. შეთქმულებას „ყაზარმობა“ დაერქვა.

გაკოტრებული მწერალთა კავშირი სამ ლექციას უმართავს ანდრეი ბელის და ფულს აძლევს. მეტრეველი და სხვები კი თითო წლობით დასდევენ თავიანთ სამთუმნიან ვალებს.

რუსეთის წინააღმდეგ კოალიცია იკვრის. ცხადია. მონაწილეებმა აქვე უნდა მიიღოს სანაცვლო და ნადავლი, მაგრამ ოსმალეთს მანდატს ჰპირდებიან არაბეთის ნაწილზე, იტალიას ალპებსა და აფრიკაში, გერმანიას კოლონიების დაბრუნებას სთავაზობენ. ამავე დროს კოალიციის ავტორ ინგლისთან ათასობით მუშაობენ რუსი მონარქისტები. ცხადია, რუსეთის დანაწილებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ რეჟიმის შეცვლაზე. და რადგან რუსეთში ან ბოლშევიზმი შეიძლება არსებობდეს, ან თეთრი დიქტატურა, არჩევანიც ცხადია: ყოველ ქართველს ისევ დღევანდელი ურჩვნიან თეთრშავა გუშინდელს.

საქ-ლო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაჰყიდის ჩვენს მიწა-წყალს, ხალხსა და სინდისს.

პლაკატის ნიმუში: „გაერთიანებული ძალებით შრომის და მეცნიერების ჩვენ დავამარცხებთ ჭლექს!“ მეტი არაფერი. დახატულია ჩაქუჩი და გვირილა. ჭლექიანი კითხულობს ამ პლაკატს და ფიქრობს: როგორ? ვინ? ვისთან? დაწვება და მოკვდება.

ტემა: ეჯიბია საზღვარზე დაუხვდა რამიშვილის ემისარს. ივანე ქარცივაძეს. უთხრა პაროლი, წამოიყვანა, მიესალმა, დააბინავა, ორი საათი ებაასა. ყოველივე გაიგეო, წერილები ჩამოართვა. - სამი თვეა გელოდები. დაიგვიანე - დააპატიმრა.

ცალცალკე არსებობს პოლიტ. სოციალური რეჟიმი და ეპოქა. შეიძლება რეჟიმს გაეპარო, ბოიკოტი გამოუცხადო. არაფერი დაგიშავდება. იქნება მოიგო კიდევაც, მაგრამ თუ ეპოქას გაექცევი, საფლავში ჩასვლა გირჩვნია. ცოცხალ ლეშს ისევ მძორი სჯობია.

მენშევიზმი ფარია ბოლშევიზმისა. მოიხმარეს და გადააგდეს. როცა დასჭირდებათ, ისევ ამოიფარებენ.

დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში. ეს ამბავი ჩვენს მწერლებს სასაცილოდ არ ჰყოფნისთ. ასე იციანიან ზულუსები და ბუშმენებიც, როცა ევროპიელი კბილებს იხეხავს.

ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო. მოდუნდა, გაღატაკდა, დაიგრაგნა, მოიკრუნჩხა, თითქო დამბლად დაეცაო, თითქო სიკვდილის ლანდი მოეჩვენაო. ქართველი თითქმის დამუნჯდა. უკვე დაბლუვდა: ბორძიკებს, ვარდება, ბლუკუნებს.

1905-6წ. გურიის ასაკლებად რომ ეგზეკუცია მიდიოდა, ჭავჭავაძემ კრებაზე სთქვა: „მთავრობას ვთხოვოთ რაზმის დაბრუნება. თუ არ შეგვისრულეს, ჩვენც წავიდეთ და გურულებთან ერთად თავი შევაკლათ“. წავიდა, სთხოვა. დააბრუნეს. რაკი არ დამშვიდდენ კრილოვის რაზმი გაგზავნეს. როცა აიკლეს, გურულების დასახმარებელი კომიტეტი შესდგა. ილიამ 25მ შესწირა. ერთმა (ნინო ნაკ-ძემ იცის) სთქვა: „ასეთ ბინძურ ხელისგან შეწირულებას ვერ მივიღებთ. ფული დავუბრუნოთ და გაზეთებში გამოვაცხადოთ“. ყველანი სოც. დემოკ. იყვნენ ნინოს გარდა. ექიმ ჭოღოშვილს და ნ. ნაკაშიძეს დაავალეს წერილის დაწერა და ხელის მოწერა. უარი თქვეს. მერე გადასწყვიტეს: 9 იანვარს გურიაში მიტინგი იქნება. 20 ათასი დაესწრება. ასეთ რეზოლუციას მივაღებინებთ და ფულს დავუბრუნებთო. აღარ დასცალდათ. რუსის სალდათები შევიდნენ და გურულები სირცხვილს გადაარჩინეს.

გერონტი ქიქოძე და სვიმონ ყიფიანი ერთი ყალიბიდან არიან გამოსულნი - უნდილები, ურწმუნონი, სკეპტიკით შექმნილნი.

დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერ სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.

მაგონდება: ჩეკას საკანში მაწვალებდა ტყე - უღრანი, ტევრი, დაბურული. გამოვედი და „ტყის კაცი“ დავწერე.

ილია ჭავჭ-ძეს 1896 წ. მრგვალი კაკლის ლანგარით (ჩვენვე გავაკეთეთ წარწერით „წ.კ. სკოლისგან თავად ილ. ჭავ-ძეს“) ძღვენი მივართვი. ეს მრგვალი ხონჩა ხელა მუზეუმშია (იხ. ფოტ. სურათი „ილიას დაკრძალვა“.)

ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი - რაღაც განყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას.

ოსებიც კი მიდიოდნენ ამერიკაში ფულის საშოვნელად. ქართველს კი წამლადაც ვერ იპოვნიდით. ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ ტიბეტელებივით კარჩაკეტილი ხალხი ვართ.

უუდიდეს ფსიხოლოგებს - შექსპირს, გოგოლს, დოსტოევსკის, გოეთეს და ათას სხვას - არასოდეს უსწავლიათ ფსიხოლოგია. ეს იმას ამტკიცებს, რომ ფსიხოლოგია მეცნიერება არ არის.

სანამ მკითხველი იყო, ლიტერატურაც იყო. იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები. წრეულს კრიზისი დაიწყო. მკითხველმა უცებ იხუვლა და გაიქცა. წიგნი აღარ იყიდება. „მნათობს“ 1200 ხელმომწერიდან (იანვარში) დარჩა 400 (სექტემბერში). ამას აუცილებლად მოჰყვება ლიტერატურის გაუქმებაც. ჩემით დაიწყეს - დამითხოვეს. სხვებიც მომყვებიან. ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ ქვემძრომი ფინაჩები. უხვად არიან. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.

ჩვენი ეპოქა - რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაღედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა - დედა, ზოგისთვის კი უზენაესი სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი - ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომვე ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირიდან. სჯობდა, სჯობდა ან უფრო ადრე გავჩენილიყავი, ან უფრო გვიან.

მე მუდამ ვკივი: მემკვიდრე, მემკვიდრე, მომეცით მემკვიდრე!

1929/30

მე ჯერ არ მითქვამს ჩემი სათქმელი, ნაადრევია ჩემი სიკვდილი.

ერთმა ქათამმა თავი ჩამოიხრჩო და ასეთი წერილი დასტოვა: „მე დღეში მხოლოდ 1 კვერცხის დადება შემეძლო, და მე კი წკეპლით მთხოვდნენ 4-ის დადებას“. ამ ქათმის დღეშია დღევანდელი ქართული მწერლობაც.

„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითი-დღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“. („ძაღლი“)

ემიგრანტებზე აღარავინ ამბობს „არის“. ყველანი ამბობენ „იყოო“.

როცა რუსი უარს ამბობს რუსობაზე, ისევ რუსად რჩება. თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულია. ასეთი განსხვავებაა ქართულ და რუსულ კომუნისტებს შორის.

„ჩვენ ვიმარჯვებთ, თქვენ კი მარცხდებით“ - წარამარად იკვეხნიან პროლეტმწერლები. ყველა ლომები რომ ამოვჟლიტოთ, ტურაც კი ლომად გასაღდება - აი, ჩემი პასუხი.

1930/31

ქრისტე რომ ჩამოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებტ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: „ბიჭო იესო, როგორა ხარ? რასა იქ შე ჩემო ნალავ? წამო ერთი ჩარექა დამალევინე“...

გინდათ დღევანდელი ჩვენი კულტურული დონე გაიგოთ? შეიხედეთ საზოგადო საპირპარეშოებში და წარწერებიც გასინჯეთ, თუნდაც დიდ დაწესებულებაში.

ერთი დღისა მეშინიან: დრო მოვა და ჩემი ბინის წინ შავი ბალდახინი გაჩერდება.

ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს ჩვენი სახლი. ჩვენი ცოლ-შვილი, და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.

1931-1933 აპრილამდე

პოლიტიკურად ყველაზე ჭკვიანი მოქალაქე ის არის, ვინც გაიგებს, თუ როდის ატყუებს მას მთავრობა და როდის არა. ეს კი ლატარეას ჰგავს, სადაც 99 ფუჭი ბილეთია და 1 მართალი.

ჩვენ გვაქვს მშვენიერი კონსტიტუცია და ისეთი ფეხის-ალაგები, საცა არც ერთი ევროპელი არ შევა. რომელია ზომსადარი, კონსტიტუცია თუ ფეხის-ალაგი? ეკითხება ერთი ვინმე მეორეს. - პასუხი: ფეხის-ალაგი, განუყრელი, ორგანული ნაწილია კონსტიტუციის, თუ კონსტიტუცია სინამდვილეშიც არსებობს, თუ არა და - კულტურის ზომსადარი მხოლოდ ფეხის-ალაგია.

ჩვენ ქართველებს, ჩვენი ღმერთი გვყავს, რომელიც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს და სხვა ენა არ იცის.

მოსკოვის გაზეთებში განცხადებანი იბეჭდება: უარვყოფ ჩემს დედმამას, გადავუდექი ჩემს მშობლებს - კულაკებს, ვაჭრებს, აზნაურებსო.

მოგონებანი: ილიას ძალიან უყვარდა სიმღერა „ბერი კაცი ვარ და ნუ მომკლავ“ და ხშირად ამღერებდა გლეხობას. არ აცდა. მისი სიბერეც არ დაინდეს და მოჰკლეს. ეს სიმღერა სიმბოლოა მისი სიკვდილის.

ნოე ჟორდანიას დიდი პაპა ზაბუედილ ჟორდანია ლანჩხუთელი დაუდეგარი ფეოდალი იყო. ხალხს იტაცებდა და ჰყიდდა. ქაიხოსრო გურიელმა ალაგმა (იხილე პოტოს ზემოხს-ლი წერილი).

ჩემი ანდერძის დასასრული: ... ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ.

მწერალთა სასახლეში ორი მამულიშვილის სურათი ეკიდა. ერთი მათგანი - დ.ყიფიანი რუსებმა მოჰკლეს, მეორეს კი - დიდი ილიას ქართველებმა გაუხვრიტეს შუბლი. ბოლშევიკებს ძილი უფრთხოდათ. ყიფიანის სურათი ქურდულად გააპარეს, ილიას კი ჯერ ერიდებიან, მაგრამ მისი დროც დადგება.

ჯუღა - ქურიდან გამოშვებული დამდნარი ლითონი ან შლაკი. ჯუღელი კაცი - გულღრძო, უგულო. ჯუღაშვილი.

1935

მე, მწერალი, დღეს სასაფლაოზე ვცხოვრობ. ირგვლივ ვაება და კაეშანია. მეუბნებიან, გმირული რამ დასწერეო. თუ სხვებთან ერთად ვიგლოვე - თავში ჩამირახუნებენ, თუ ავტლიკინდი - სირცხვილით დავიწყვები. ვარ მდუმარე და დარდიანი.

ჩემო ტფილისო: შენ რომ სახე გქონოდა, ერთს შეგაფურთხებდი, სილას გაგკრავდი. მერე ფეხებში ჩაგივარდებოდი, მუხლებს დაგიკოცნიდი და ბავშვივით ავტირდებოდი.

თვითონ ღმერთსაც სჭირდება რეკლამა, ჩვენზე უფრო მეტიც, რადგან მისი არსებობაც საეჭვოა, ჩვენ კი უცილობელი ფაქტი ვართ.

ილია ჭავჭავაძე მუხა იყო უდაბნოში ამოსული (დღეს ივ. ჯავახიშვილი) გარშემო ბუჩქნარი ერტყა. მუხნარად გადააქცია.

„სოციალიზმი სულის ჭლექია, გამოფიტულ გონებას შეეპარება, ჩაბღუჯავს, დაიმორჩილებს, გამოხრავს და მოჰკლავს“.

ჩემი ბედი ძლიერ ჰგავს გ. ერისთავის, ორბელიანებისა და სხვათა ბედს. ჯერ სიკვდილი გადაუწყვიტეს, მერე აპატიეს. დიდი მწერლები გამოვიდნენ. ჩეკაში ამაზე ვფიქრობდი.

ილია ჭავჭავაძის მკვლელი ყაჩაღ იმერლიშვილთან მივიდა და უთხრა: „ძმად უნდა გაგეფიცო“. „ვინა ხარ?“ - „მე ძაღლი მოვკალი“ - „ვინა?“ - „ილია მოვკალი“. იმერლიშვილმა იქვე მოკლა.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში