მიშელ უელბეკი - მორჩილება

ეს-ესაა დასრულდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც შესაძლოა, საუკეთესოც კი იყო.
ასეთი ბედი ეწევა ყველას ჩვენს ჯერ კიდევ დასავლურ და სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებებში სწავლის დასრულების შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა ამას მაშინვე არ ან ვერ აცნობიერებს, რადგან ისინი მოუნუსხავს ფულის შოვნის სურვილს, ან, მათგან ყველაზე პრიმიტივები - სავარაუდოდ, მომხვეჭელობას; მათ განუვითარდათ ყველაზე მძფრი დამოკიდებულება ზოგიერთი სახეობის პროდუქციისადმი, ასევე აჯადოებთ თავის გამოჩენის სურვილი, რათა შესაშური სოციალური ადგილი დაიკავონ საკუთარი წარმოდგენით შექმნილ სამყაროში, რომელიც კონკურენტულად მიაჩნიათ; მათ ენთუზიაზმს ზურგს უმაგრებს სხვადასხვა კერპის გაღმერთება: სპორტსმენის, მსახიობებისა და მოდელების.

ბევრი, შესაძლოა მეტისმეტად ბევრი რამ დაწერილა ლიტერატურის შესახებ. ლიტერატურა არის art majeur იმ დასავლეთისათვის, ჩვენ თვალწინ რომ ამთავრებს სიცოცხლეს, ხოლო მისი სპეციფიკურობის განსაზღვრა ძნელი სრულებით არ გახლავთ. ლიტერატურის დარად მუსიკასაც შეუძლია გადმოსცეს მღელვარება, ემოციური აფორიაქება, სევდა ან აბსოლუტური ექსტაზი; ლიტერატურის მსგავსად მხატვრობასაც შეუძლია ასახოს აღტაცება, ახალი თვალით დანახული სამყარო. მაგრამ მხოლოდ ლიტერატურას ძალუძს გაგრძნობინოთ, როგორ უკავშირდებით სხვა ადამიანის გონებას, მთლიანობაში აღიქვამთ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, მის საზღვრებს, მის სიმდაბლეებს, მის აკვიატებულ იდეებს, მის რწმენა-წარმოდგენებს; ყველაფერ იმას, რაც მას აღელვებს, აინტერესებს, აღაგზნებს ან ზიზღს ჰგვრის. მხოლოდ ლიტერატურას ძალუძს, საშუალება მოგცეთ აწ უკვე გარდაცვლილის გონებას ყველაზე უფრო პირდაპირი, სრულყოფილი და სიღრმისეული გზით დაუკავშირდეთ, რასაც ვერც კი შეედრება თუნდაც დიდი ხნის მეგობართან საუბარი - როგორი ხანგრძლივი და მტკიცეც უნდა იყოს მეგობრობა, საუბარში არასოდეს იტყვი იმას, რასაც მხოლოდ ცარიელ ფურცელს გაუმხელ, რომლის მკითხველი შენთვის უცნობი ადამიანი იქნება. რასაკვირველია, ლიტერატურულ ნაწარმოებზე საუბრისას მნიშვნელოვანია სტილის სილამაზე, წინადადებების მუსიკალურობა; ავტორისეული აზროვნების სიღრმე, მისი აზრების ორიგინალურობაც არ არის ხელწამოსაკრავი; მაგრამ ავტორი, უპირველეს ყოვლისა, ის პიროვნებაა, რომელიც თავის წიგნებში არსებობს; ძალიან კარგად წერს თუ ძალიან ცუდად, ნაკლებად მნიშვნელოვანია; მთავარია, წერს და მისი კვალი მართლაც ჩანს წიგნებში. [...] გარდა ამისა, საყვარელი წიგნი, უპირველს ყოვლისა, ის წიგნია, რომლის ავტორიც უყვართ, რომელთან შეხვედრაც სურთ, რომელთან ერთადაც დღეების გატარებას ისურვებდნენ.

უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლა თითქმის არავისთვის არაფრის მომცემია; გამონაკლისს შეადგენენ განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტები - სასეირო მდგომარეობაა, რადგან სისტემის ერთადერთი მიზანი საკუთარი თავის გამრავლებაა, ამასთან პროცესის უვარგისი ნარჩენი 95 პროცენტს აღემატება. თუმცა, ნარჩენი ზიანის მომტანი სრულებით არ არის და შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, მარგინალური სარგებლობაც კი მოიტანოს. გოგონა, რომელსაც სურს „სელინის“ ან „ჰერმესის“ მაღაზიათა ქსელის რომელიმე ფილიალში კონსულტანტად იმუშაოს, რასაკვირველია, უპირველესად საკუთარ გარეგნობაზე უნდა ზრუნავდეს; მაგრამ თანამედროვე ლიტერატურის ლიცენციანტის ან მაგისტრის დიპლომი დამატებითი გარანტიაა დამქირავებლისთვის, რომ საჭირო კომპეტენციების გარდა, მის ხელქვეითს ერთგვარი ინტელექტუალური მოქნილობა ახასიათებს, რაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა - ფუფუნების ინდუსტრიაში ლიტერატურა ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა.

ცოდნის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია; გონებრივი განვითარების დონეები უკიდურესად მრავალფეროვანია, და ვერაფერი აღმოფხვრის ამ ფუნდამენტურ უთანასწორობას.

ახალგაზრდობის იდეა თავის თავში მოიცავს ცხოვრებისადმი ენთუზიაზმით აღსავსე დამოკიდებულებას, ან ერთგვარ ჯანყსაც კი, რასაც ახლავს უპირატესობის გრძნობა იმ თაობის მიმართ, რომელიც უნდა შეიცვალოს.

ინტიმურ ცხოვრებაზე საუბარი მამაკაცების საზოგადოებაში მიღებული არ არის: ისინი ილაპარაკებენ პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, ფინანსურ ბაზრებზე ან სპორტზე, როგორც მათ ბუნებას შეესაბამება; სასიყვარულო ურთიერთობებზე სიტყვა არ დასცდებათ და ასე იქნება მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მამაკაცის სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა მინიჭებული სიამოვნების აღიარება.

ხშირად აგრესია ცდუნების სურვილს ნიღბავს.

ბოლოს მაინც ჭამამდე მიდის ყველაფერი. [...] ადამიანები ყოველთვის თანხმდებიან სუშის შეთავაზებას; მათ შორის, ყველაზე მომთხოვნი გასტრონომებიც, როგორებიც არიან საკუთარ წონაზე მზრუნველი ქალები; ერთგვარი კონსენსუსი არსებობს უმი თევზის ნაჭერსა და თეთრ ბრინჯს შორის.

ცხოველების, ასევე ადამიანების უმრავლესობა ისე ცხოვრობს, რომ არასოდეს აწუხებს საკუთარი არსებობის გამართლების პრობლემა. ცხოვრობენ იმიტომ, რომ ცხოვრობენ, ეს არის და ეს, ასეთია მათი არგუმენტი; მერე იხოცებიან, იმიტომ რომ უნდა დაიხოცონ და ცხოვრების ანალიზი ამით სრულდება.

ათეისტისთვის სრულებით არ არის ადვილი, ისაუბროს წიგნებზე, რომელთა მთავარი თემა რელიგიაზე მოქცევაა; ისევე, როგორც ძნელი წარმოსადგენია, სასიყვარულო რომანით დაინტერესდეს ის, ვისაც არასოდეს ჰყვარებია.

გასაოცარია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები რატომღაც ძალიან ამაყობდნენ ამგვარი საარჩევნო სისტემით, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ორ დაპირისპირებულ ბანდას შორის ძალაუფლების განაწილება და ზოგჯერ ომებსაც იწყებდნენ, რომ ამგვარი სისტემა თავს მოეხვიათ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მას ისეთივე ენთუზიაზმით სრულებით არ აფასებდნენ.

ერთდროულად ალერსითა და დაცინვით გვიმზერდა, როგორც ქალებს სჩვევიათ მამაკაცების საუბრის ყურისგდება, როდესაც ეს საუბარი რაღაც შუალედურია მამათმავლობასა და დუელს შორის.

შეგიძლიათ ადამიანებს საშუალება მისცეთ დიდხანს ილაპარაკონ. მათ მხოლოდ საკუთარი ნათქვამი აინტერესებთ, მაგრამ დროდადრო მცირეოდენი ჩარევაც აუცილებელია.

როდესაც დუმილს არ არღვევ, თანამოსაუბრეს პირდაპირ თვალებში უყურებ, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნი, თითქოს მის თითოეულ სიტყვას ხარბად ყლაპავ, ადამიანები, როგორც წესი, ლაპარაკობენ. ადამიანებს უყვართ, როდესაც უსმენენ, ეს იცის ყველამ, ვინც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებს; ამავე დროს, ყველა მწერალმა, ყველა ჯაშუშმა.

სეკულარულ „თანაცხოვრებაზე“ დაფუძნებული ათეისტური კაცობრიობა ხანმოკლე, წარუმატებელი არსებობისთვისაა განწირული.

ევროპელი უკიდურესი მემარჯვენეებისთვის დღესავით ნათელია, რომ მუსლიმებსა და ევროპის დანარჩნ მოსახლეობას შორის ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს სამოქალაქო ომი. ამიტომ მიიჩნევნე, რომ თუ ამ ომში გამარჯვება სურთ, უმჯობესია, ის რაც შეიძლება ადრე დაიწყოს - თუ ჰიპოთეზას დავუჯერებთ, 2050 წლამდე და საუკეთესო შემთხვევაში, უფრო ადრეც.
არჩევნები ემორჩილება ისტორიის იმ განსაკუთრებულ ნარატიულ მექანიზმს, რომლის თანახმად, პირველივე წუთებიდან ცნობილია, როგორ გაიხსნება კვანძი; მაგრამ საქმეში ჩართულია უკიდურესი მრავალფეროვნება (პოლიტოლოგები, „პირველი რიგის“ სარედაქციო პოლიტიკური მიმოხილვების ავტორები, პარტიის მომხრეები, რომლებიც ყრილობებზე ზეიმობდნენ ან ტიროდნენ... ბოლოს თავად პოლიტიკოსები, მათი ცხელ-ცხელი, გააზრებული ან ამაღელვებელი განცხადებები), ზოგადად, მონაწილეთა მღელვარება იშვიათ, ძვირფას, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მართლაც ისტორიული მოვლენის უშუალო მონაწილე ხარ.

იმათ, ვინც უნივერსიტეტში ასწავლის, ვერც კი წარმოუდგენია პოლიტიკურ ევოლუციას მათ კარიერაზე გავლენის მოხდენა თუ შეუძლია; საკუთარი თავი ხელშეუხებლად მიაჩნიათ.

ის, ვინც აკონტროლებს ბავშვებს, აკონტროლებს მომავალს.

ვირთხები ჭკვიანი ძუძუმწოვრები არიან, ისინი ადამიანებზე მეტხანს იცოცხლებენ; ყოველ შემთხვევაში, მათი სოციალური სისტემა მეტად მტკიცეა.

სიტყვა დაასრულა ციტატით 1793 წელს მიღებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციიდან: „როდესაც ხელისუფლება ხალხის უფლებებს არღვევს, აჯანყება ხალხისა და მოსახლეობის თითოეული ფენისთვის ყველა წმინდა უფლება და ვალდებულებაცაა“.

უფსკრული ხალხსა და მისი სახელით მოსაუბრეებს - პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს - შორის აუცილებლად მიგვიყვანდა რაღაც უაღრესად ქაოსურ, ძალადობრივ, გაუთვალისწინებელ მოვლენამდე.

კვირა დილით გზებზე მანქანები ცოტაა, ასეთ დროს, ჩვეულებრივ, საზოგადოება იღვიძებს, იზმორება, მის წევრებს ინდივიდუალური არსებობის ილუზია აქვთ.

სამოქალაქო ომისგან შორს ყოფნა - ეს ისაა, რაც აუცილებლად უნდა სცადო.

ჩემს თავს შეკითხვა დავუსვი, იქ რას ვაკეთებდი. ზოგადად, მსგავსი კითხვა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუსვას საკუთარ თავს, ნებისმიერ ადგილზე, თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში; მაგრამ მარტოხელა მოგზაურს უნდა ვაღიაროთ, ეს განსაკუთრებით ახასიათებს.

წყვილი მთელი სამყაროა. ავტონომიური და ჩაკეტილი, რომელიც უფრო ვრცელ სამყაროში ისე გადაადგილდება, მასთან ნამდვილი შეხება არც აქვს.

მარტოხელა მოგზაური ყოველთვის ეჭვს, ზოგჯერ მტრულ დამოკიდებულებასაც კი იწვევს, მაგრამ ადამიანები მას თანდათან ეჩვევიან.

ჯიჰადისტები თავდადებული სალაფისტები არიან, რომლებიც ძალადობას მისდევენ იმის ნაცვლად, რომ წინასწარმეტყველის ქადაგებას ენდონ, მაგრამ სალაფისტებად რჩებიან და მათთვის საფრანგეთი უღმერთო მიწაა, dar al koufr; „მუსლიმური ძმობისთვის“ საფრანგეთი უკვე პოტენციურად dar al koufr-ის ნაწილია. სალაფისტებისთვის ყველა სახის ძალაუფლების წყარო ღმერთია, ხალხის წარმომადგენლობის პრინციპი უღმერთობის გამოვლინებაა; მათ არასოდეს მოუვათ თავში აზრად, შექმნან პოლიტიკური პარტია ან მას მხარი დაუჭირონ. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჯიჰადის იდეა ხიბლავთ, ახალგაზრდა ჯიჰადისტებს გულის სიღრმეში არჩევნებში ბენ აბესის გამარჯვება სურთ; ამის არ სჯერათ, ჰგონიათ, რომ ჯიჰადი მიზნის მისაღწევი ერთადერთი გზაა, თუმცა ბენ აბესს ხელს არ შეუშლიან.

ქრისტიანობა და ისლამი უამრავ ბრძოლაში დაუპირისპირდა ერთმანეთს, ბრძოლა ყოველთვის იყო ადამიანების უმთავრესი საქმიანობა. როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ომი არის de nature, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ისლამთან შეთანხმების, ალიანსის დრო დადგა.

მუსლიმების ნამდვილი მტერი, ის, რისაც მათ ეშინიათ და ყველაზე მეტად ეზიზღებათ, არის სეკულარიზმი, ათეისტური მატერიალიზმი. მათთვის კათოლიკეები მორწმუნენი არიან, კათოლიციზმი წმინდა წიგნის რელიგიაა; საჭიროა მხოლოდ დარწმუნება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან და ისლამი მიიღონ; სწორედ ეს არის მუსლიმის მიერ რეალურად დანახული ქრისტიანობა. [...] ებრალების შემთხვევაში საქმე ცოტათი რთულადაა. თეორია, შეიძლება ითქვას, იგივეა - იუდაიზმი წმინდა წიგნის რელიგიაა, აბრაამსა და მოსეს ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს; რაც შეეხება პრაქტიკას, ისლამურ ქვეყნებში მუსლიმების ურთიერთობა ებრაელებთან ყოველთვის უფრო პრობლემური იყო, ვიდრე ქრისტიანებთან დამოკიდებულება; და რასაკვირველია, პალესტინის საკითხმა ყველაფერი გაართულა.

ისრაელი ჩამოყალიბების დღიდან ომშია. თავდასხმები, ბრძოლები იქ ერთგვარად გარდაუვალი, ბუნებრივი რამაა, ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლით ტკბობას ხელს არ უშლის.

თუნდაც მოჩვენებითი პოლიტიკური დებატების არსებობა აუცილებელია მედიასაშუალებების ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის, შესაძლოა მოსახლეობაში დემოკრატიის თუნდაც ფორმალური გრძნობის შენარჩუნებისთვისაც.

ჟურნალისტებს ახასიათებთ, არ მიაქციონ ყურადღება ინფორმაციას, რომელიც არ ესმით.

ქალი, მართალია, ადამიანია, მაგრამ კაცობრიობისგან ცოტათი განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს, ცხოვრებაში ცოტა ეგზოტიკა შემოაქვს.

ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი.

ნიცშემ, ბებერი ძუკნის ალღოთი, სამართლიანად შენიშნა, რომ ქრისტიანობა თავისი ბუნებით ქალური რელიგიაა.

„თუ ისლამი პოლიტიკა არ არის, ის არაფერია“, - აიათოლა ჰომეინი.

ქალებს - ყოველ შემთხვევაში, ისეთებს, საკმარისად ლამაზები რომ იყვნენ, რათა მდიდარ ქმარში სურვილი გაეღვიძებინათ - შესაძლებლობა ჰქონდათ, თითქმის მთელი თავიანთი ცხოვრება ბავშვებად დარჩენილიყვნენ. ყმაწვილობიდან მცირე ხანში თავად ხდებოდნენ დედები და ბავშვურ სამყაროში ხელახლა გადაეშვებოდნენ; მათი შვილები იზრდებოდნენ, მერე ბებიები ხდებოდნენ, და ასე გადიოდა ცხოვრება. მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდათ, როდესაც სექსუალურ საცვლებს ყიდულობდნენ, ბავშვურ თამაშებს სექსუალური ანაცვლებდა - რაც, თავისი სიღრმისეული არსით, შეიძლება ითქვას, ერთი და იგივეა. რასაკვირველია, ავტონომიას კარგავდნენ, მაგრამ fuck autonomy.

- ჭეშმარიტი ათეისტები, სინამდვილეში, დიდი იშვიათობაა.
- ასე გგონიათ? პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ათეიზმი მყარადაა ფეხმოკიდებული დასავლურ სამყაროში.
- ჩემი აზრით, ეს ზედაპირული შთაბეჭდილებაა. ნამდვილი ათეისტები, რომლებსაც შევხვედრივარ, იყვნენ აჯანყებულები; ისინი არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ ღმერთის არარსებობა ცივად და გადაჭრით ემტკიცებინათ, არამედ მისი არსებობის იდეას უარყოფდნენ ბაკუნინისებურად „და თუნდაც ღმერთი არსებობდეს, საჭიროა თავიდან მოვიშოროთ...“, ისინი კირილოვის ტიპის ათეისტები იყვნენ. ღმერთს იმიტომ უარყოფდნენ, რომ მისი ადგილი ადამიანისთვის ემეტებოდათ, ჰუმანისტები გახლდნენ - ადამიანის თავისუფლების, ადამიანური ღირსების მაღალი იდეალების მომხრეები.

არც აინშტაინი ყოფილა ათეისტი, თუმცა მისი რწმენის ნამდვილი ბუნების განსაზღვრა რთულია; მაგრამ როდესაც ის ბორს სიტყვას შეუბრუნებს და ეუბნება, რომ „ღმერთი კამათელს არ აგორებს“, სრულებით არ ხუმრობს. მისთვის წარმოუდგენელია, სამყაროს კანონებს შემთხვევითობა განაგებდეს. ვოლტერისეული „მესაათე ღმერთის“ არგუმენტი უცილობელი რჩებოდა, საკმაოდ ძლიერ მოიკიდა ფეხი XVIII საუკუნეში, და სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას იმის შესაბამისად, რომ მეცნიერება თანდათან მჭიდროდ უკავშირდებოდა ასტროფიზიკასა და ელემენტარული ნაწილაკების მექანიკას. გულახდილად ვთქვათ, ნუთუ სასაცილო არ არის, ჩვეულებრივი გალაქტიკის გაშვერილ მკლავზე მდებარე ანონიმურ პლანეტაზე მცხოვრები ბეჩავი არსება თავის პატარა თათებზე წამომართული რომ აცხადებს: „ღმერთი არ არსებობს“?

ეს მორჩილებაა, - ასეთი სიძლიერით არასდროს გამოხატულა განსაცვიფრებელი და მარტივი იდეა, რომ ადამიანური ბედნიერების მწვერვალი აბსოლუტურ მორჩილებაშია. ეს ის იდეაა, რომლის გამოთქმას ჩემი რელიგიის აღმსარებლებთან მოვერიდებოდი, რადგან შესაძლოა მკრეხელობად ჩათვალონ, მაგრამ ჩემთვის არსებობს კავშირი ქალის მამაკაცისადმი აბსოლუტურ მორჩილებას და ადამიანის ღმერთისადმი მორჩილებას შორის, როგორც ეს ისლამს წარმოუდგენია. ისლამი ამ სამყაროს იღებს, და იღებს მთლიანობაში, როგორც ასეთს, ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ. ბუდიზმის შეხედულებით, ამქვეყნიური სამყარო არის დუკკჰა - შეუსაბამობა, ტანჯვა. ქრისტიანობაც სერიოზულ თავშეკავებულობას ამჟღავნებს - განა სატანა „ამ სამყაროს უფლისწული“ არ არის? ისლამისთვის კი, პირიქით, ღვთის მიერ სამყაროს შექმნა უნაკლო, აბსოლუტური შედევრია. სხვა რა არის ყურანი, თუ არა უზარმაზარი სახოტბო პოემა? ხოტბა - შემოქმედის და მისი კანონებისადმი მორჩილების.

ნოსტალგიას საერთო არაფერი აქვს ესთეტიკასთან, არც ბედნიერი დროის მოგონებასთან. რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ნოსტალგია უბრალოდ იმიტომ გიპყრობს, რომ იქ ცხოვრობდი. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად თუ ცუდად. წარსული ყოველთვის კარგია, ისე როგორც მომავალი, მხოლოდ აწმყო გვაყენებს ტკივილს, რომელსაც წყლულივით ვატარებთ, მშვიდი ბედნიერების ორ პერიოდს შორის.

იმდენი ინტელექტუალი უჭერდა მხარს სტალინს, მაოსა თუ პოლ პოტს და მათთვის ამის გამო საყვედური არავის არასდროს უთქვამს; საფრანგეთში ინტელექტუალობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებელიც ხარ. პასუხისმგებლობის აღება ინტელექტუალებს არ ახასიათებთ.

პრობლემა ის არის, რომ იესოს ადამიანები ძალიან უყვარდა: მათ გამო ჯვარზე გაკვრის ნების მიცემა, სულ მცირე, უგემოვნობას მოწმობდა, როგორც ამას ბებერი ძუკნა ამბობდა. არც მისი დანარჩენი ქმედებები გამოირჩეოდა დიდი გონივრულობით, როგორიც არის, მაგალითად, მოღალატე ცოლის შეწყალება იმ არგუმენტით, რომ „ქვა პირველმა იმან ესროლოს, ვინც უცოდველია“. ეს სრულებით არ გახლდათ ძნელი, საკმარისი იყო, შვიდი წლის ბიჭისთვის დაეძახა - პირველ ქვას ის ნაბიჭვარი ლაწირაკი ესროდა.

ათეიზმისა და ჰუმანიზმის უარყოფა, ქალის მორჩილების აუცილებლობა, პატრიარქატის დაბრუნება - მათი ბრძოლა, შეხედულებების თვალსაზრისით, ერთი და იგივე გახლდათ. და ეს აუცილებელი ბრზოლა ცივილიზაციის ახალი ორგანული ფაზის დასამკვიდრებლად დღეს ქრისტიანობის სახელით ვეღარ წარიმართებოდა; ეს მისია ისლამს, დობილ რელიგიას, უფრო ახალს, მარტივსა და ჭეშმარიტს უნდა ეკისრა, მაშასადამე, ესტაფეტა ამიერიდან ისლამმა მიიღო. პროგრესისტების პრანჭიაობის, ენის მოჩლექისა და სამარცხვინო წაღმა-უკუღმა ტრიალის გამო, კათოლიკური ეკლესია უუნარო აღმოჩნდა, ზნე-ჩვეულებათა დეკადანსის წინააღმდეგ ებრძოლა. გადაჭრით უნდა უარეყო ჰომოსექსუალთა ქორწინება, აბორტის უფლება და ქალების მუშაობის იდეა. ფაქტებისთვის თვალი უნდა გაგვესწორებინა: დასავლეთ ევროპამ გახრწნის უკიდურეს საფეხურს მიაღწია, მას თავის გადარჩენაც კი აღარ შეუძლია, ისე როგორც ეს V საუკუნეში რომის იმპერიას დაემართა. იმიგრანტი მოსახლეობის მასობრივი მოძალება, რომელიც ჯერ კიდევ დაღდასმულია ბუნებრივი იერარქიებით, ქალის მორჩილებითა და მოხუცებულთა პატივისცემით გამსჭვალული ტრადიციული კულტურით, ისტორიულ შანსს წარმოადგენდა ევროპის მორალური და ოჯახური ცხოვრების რეანიმაციისთვის და ძველი კონტინენტის ახალი ოქროს ხანის პერსპექტივას ქმნიდა. იმიგრანტთა ნაწილი ქრისტიანი იყო; მაგრამ უმრავლესობა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მუსლიმია.

სიმართლე ითქვას, XIX საუკუნის II ნახევრის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორი, ცენზურისთვის თავის არიდების მიზნით, ამა თუ იმ პერიოდში ბელგიელ გამომცემელს მიმართავდა.

მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2015წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში