დენ ბრაუნი - და ვინჩის კოდი

და ვინჩის კოდი - ფაქტები

სიონის პრიორატი, ევროპული საიდუმლო საზოადოება, რომელიც დაარსებულია 1099 წელს, რეალურად არსებული ორგანიზაციაა. 1975 წელს პარიზის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აღმოაჩინა Les Dossiers Secret-ის (საიდუმლო დოკუმენტების) სახელით ცნობილი პერგამენტები, რომლებშიც დასახელებული იყო სიონის პრიორატის მრავალი წევრი, მათ შორის სერ ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და ლეონარდო და ვინჩი. 

ვატიკანის პრელატურა, ცნობილი, როგორც „ოპუს დეი“, კათოლიკური სექტაა, რომლის შიგნით უკიდურესი ღვთისმოშიშებაა დამკვიდრებული. ფაქებმა იდოლოგიური დამუშავების. ე.წ. „ტვინის გამორეცხვის“, იძულებისა და „სხეულის მოკვდინების“ საშიში პრაქტიკის შესახებ, ეს სექტა ბოლო დროს პოლიმიკის თემად აქცია. „ოპუს დეიმ“ ახლახანს დაასრულა 47 მილიონ დოლარად ღირებული ეროვნული შტაბ-ბინის მშენებლობა ნიუ-იორკში, ლექსინგტონ ავენიუს 243 ნომერში.

ხელოვნების ნიმუშთა, არქიტექტურულ ნაგებობათა, დოკუმენტებისა და საიდუმლო რიტუალების ყველა აღწერილობა ამ რომანში სინამდვილეს შეესაბამება.

***

სიკვდილის მოლოდინი დიდი მამოძრავებელი ძალაა.

სამეუფო გზის ყველა ერთგული მიმდევარი ატარებდა ამ ნივთს - ეს იყო ტყავის ზოდი ლითონის წვეტიანი კაუჭებით, რომლებიც ხორცში ერჭობოდა პატრონს, რათა მუდმივად შეეხსენებინა მისთვის ქრისტეს ვნებანი. ამ ნივთით გამოწვეული ტკივილი ეხმარება მის მფლობელს, არ დაემორჩილოს ხორციელ გულისთქმას.

ლენგდონმა მთელი ცხოვრება ერთმანეთთან თითქოს შეუთავსებელ ემბლემებსა და იდეოლოგიებს შორის დაფარული კავშირების კვლევაში გაატარა, ამიტომ სამყაროს მჭიდროდ გადახლართული ისტორიებისა და მოვლენების ქსელად აღიქვამდა. კავშირი შეიძლება უხილავი იყოს - ხშირად ასე მოძღვრავდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუდენტებს - მაგრამ ყოველთვის არსებობს. უბრალოდ, ზედაპირის ქვეშ იმალება.

ევროპულ სასტუმროებში რეგისტრაციისათვის პასპორტის წარდგენას ითხოვენ, ეს უბრალო ფორმალობაზე მეტია - ეს კანონია. ნებისმიერ ღამეს, ნებისმიერ ადგილას, ინტერპოლმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვის სად სძინავს.

ლენგდონი ტიუილრის ბაღებს ყოველთვის იდუმალ ადგილად მიიჩნევდა. აქ კლოდ მონე ექსპერიმენტებს ატარებდა ფორმასა და ფერზე, რამაც, პირდაპირი გაგებით, საფუძველი ჩაუყარა იმპრესიონიზმს.

უზარმაზარი ნალის ფორმის ლუვრი ევროპაში ყველაზე გრძელი შენობა იყო, უფრო გრძელი, ვიდრე ერთმანეთს ბოლოებით მიწყობილი სამი ეიფელის კოშკი. ღია მოედნის მილიონი კვადრატული ფუტიც კი მუზეუმის ფრთებს შორის მუზეუმის ფასადის სიდიადესთან ვერ მოვიდოდა. ლუვრის მთელი პერიმეტრი - ეს იყო სამი მილის სიგრძის გასაოცარი მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი კვირა მაინც სჭირდება ამ მუზეუმში დაცული 65 300 ხელოვნების ნიმუშის სათანადოდ დათვალირებას, ტურისტების უმეტესობა ირჩევს ექსკურსიის შემოკლებულ ვარიანტს. ეს არის ნამდვილი ჭენება მუზეუმში სამი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების - მონა ლიზას, ვენერა მილოსელისა და ფრთოსანი ნიკეს სანახავად: არტ ბუხვალდმა ერთხელ დაიკვეხნა, სამივე შედევრი ხუთ წუთსა და 56 წამში ვნახეო.

La Pyramide - პარიზის ლუვრის ახალი შესასვლელი თითქმის ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც თვითონ მუზეუმი. საკამათო, ნეომოდერნისტული შუშის პირამიდა, რომელიც ჩინური წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა ი.მ. პეიმ დააპროექტა, ჯერ კიდევ იწვევდა სინანულს ტრადიციონალისტებში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ნაგებობამ რენესანსის სტილის შიდა ეზოს სიდიადე გაანადგურა. გოეთემ არქიტექტურას „გაყინული მუსიკა“ უწოდა, ხოლო პეის კრიტიკოსებმა ეს პირამიდა საკლასო დაფაზე ფრჩხილების ღრჭიალს შეადარეს. თუმცა პროგრესულად მოაზროვნე თაყვანისმცემლები მიესალმნენ პეის 71 ფუტის სიმაღლის გამჭვირვალე ნაგებობას. მათი აზრით, ეს იყო ძველებური სტრუქტურისა და თანამედროვე მეთოდის თვალისმომჭრელი შერწყმა, სიმბოლური კავშირი ძველსა და ახალს შორის, რაც ხელს შეუწყობდა ლუვრის შესვლას ახლა ათასწლეულში. [...] ამბობენ, რომ საფრანგეთის ბოლო პრეზიდენტი, რომელმაც პირამიდის აშენების ნება დართო, „ფარაონის კომპლექსით“ იყო დაავადებული. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარიზი ეგვიპტური ობელისკით და ხელოვნების სხვა ნიმუშებითა და არტეფაქტებით აივსო. ფრანსუა მიტერანი ისე იყო გატაცებული ეგვიპტური კულტურით, რომ დღემდე „სფინქსს“ ეძახიან. (ეს პირამიდა პრეზიდენტ მიტერანის მოთხოვნით შეიქმნა და ზუსტად 666 შუშის ნაჭრით არის აგებულიო. ეს უცნაური მოთხოვნა იყო და ყოველთვის საკამათო თემა იყო შეთქმულებათა თეორიის მოყვარულებს შორის. ისინი ამტკიცებდნენ, 666 სატანური რიცხვიაო.

ლიფტის პრიალა კარში კაპიტანის ჰალსტუხის ქინძისთავი დაინახა. ეს იყო ვერცხლის ჯვარცმა, რომელშიც ჩასმული იყო შავი ონიქსის ცამეტი თვალი. ლენგდონს ეს ცოტა უცნაურად მოეჩვენა. ეს სიმბილო ცნობილი იყო როგორც Crux gemmata - 13 პატიოსანი თვლით მორთული ჯვარი - ქრისტიანული იდეოგრამა, რომელიც ასახავს ქრისტეს და მის თორმეტ მოციქულს. როგორღაც არ ელოდა ლენგდონი, რომ ფრანგული პოლიციის კაპიტანი თავის რელიგიურობას ასე ღიად ამჟღავნებდა. მაგრამ საქმე საფრანგეთს ეხებოდა, სადაც ქრისტიანობა იმდენად რელიგია კი არა, უფრო დაბადებით მიღებული უფლებაა.

ლუვრში, გამოსაჩენ ადგილებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები დამთვალირებლებს გასაგებ ინფორმაციას აწვიდს: ჩვენ გხედავთ. ხელი არაფერს შეახოთ. - არის რომელიმე ნამდვილი? - ჰკითხა ლენგდონმა და კამერებზე მიუთითა. ფაშმა თავი გააქნია. „რა თქმა უნდა, არა“. ლენგდონს არ გაჰკვირვებია. ვიდეოთვალი ასე დიდ მუზეუმებში არაეკონომიური და არაეფექტურია. ლუვრის უამრავ გალერეაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით მიღებული მასალის მონიტორინგისათვის მუზეუმს რამდენიმე ასეული ტექნიკური მუშაკი დასჭირდებოდა. დიდი მუზეუმების უმრავლესობა ახლა ე.წ. „შემაკავებელ დაცვას“ იყენებს. ნუ დააკავებთ ქურდებს გარეთ. უმჯობესია ისინი შიგნით დააკავოთ. შეკავების სისტემა ირთვება ექსპონატის შეხებისთანავე და, თუ ქურდი რომელიმე მათგანს მოხსნის, გასასვლელები სათანადო გალერეის ირგვლივ ჰერმეტულად დაიხურება, ქურდი კი პოლიციის მოსვლამდე რკინის გისოსებს უკან აღმოჩნდება.

ოპუს დეი, სიტყვასიტყვით, „ღვთის საქმე“, საძმო, დაარსებული 1928 წელს ესპანელი მღვდლის, ხოსე მარია ესკრივას მიერ, ხელს უწყობდა კონსერვატიული კათოლიკური ფასეულობების დაბრუნებას და აქეზებდა თავის წევრებს, სიცოცხლეშივე გაეღოთ უზარმაზარი მსხვერპლი საღვთო საქმის შესასრულებლად. ოპუს დეის ტრადიციონალისტური ფილოსოფია თავდაპირველად ესპანეთში ფრანკოს რეჟიმამდე წარმოიშვა, მაგრამ 1934 წელს ხოსე მარია ესკრივამ გამოაქვეყნა სასულიერო შინაარსის წიგნი - „სამეუფო გზა, ანუ 999 საკითხი მედიტაციისათვის: როგორ შევასრულოთ ღვთის საქმე ამქვეყნიურ ცხოვრებაში“ - რის შედეგადაც მისი ქადაგება აფეთქების ტალღასავით სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დღეს „სამეფო გზის“ ტირაჟი 4 მილიონ ეგზემპლარს აღემატება, თარგმნილია 42 ენაზე, ოპუს დეი კი გლობალურ ძალად იქცა. მისი საცხოვრებელი დარბაზები, სასწავლო ცენტრები და უნივერსიტეტებიც კი მსოფლიოს ნებისმიერ დიდ მეტროპოლისში შეიძლება ვიპოვოთ. ოპუს დეი ყველაზე სწრაფად მზარდი და ფინანსურად ყველაზე დაცული კათოლიკური ორგანიზაციაა მსოფლიოში. რელიგიური ცინიზმის, ათასგვარი უცნაური კულტისა და ტელემქადაგებლის საუკუნეში ოპუს დეის მზარდი სიმდიდრე და ძალაუფლება მაგნიტივით იზიდავდა ეჭვს. - ოპუს დეის ბევრი „ტვინების გამომრეცხავ“ კულტს უწოდებს.

ყოველ ადამიანს აქვს ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ ოპუს დეის ყველა წევრი ერთ მიზანს ემსახურება: გააუმჯობესოს მსოფლიო ღვთის საქმის კეთებით.

იმის ახსნა, თუ რას „ნიშნავს“ სიმბოლო, იგივე იქნებოდა, ვინმესთვის გეკითხა, როგორ იმოქმედებს შენზე ესა თუ ის სიმღერაო - ეს ხომ ყოველი ადამიანისათვის სხვადასხვა იქნება. კუ კლუქს კლანის თეთრი თავსაბურავი შეერთებულ შტატებში სიძულვილისა და რასიზმის ასოციაციას იწვევს, ხოლო ესპანეთში იგივე კოსტიუმი ქრისტიანული რწმენის სიმტკიცეს ასახავს.

ხუთქიმიანი მაგიური ფიგურა, ბუნების თაყვანისცემასთან დაკავშირებული წინაქრისტიანული სიმბოლოა. უძველესი ადამიანები აღიქვამდნენ თავიანთ სამყაროს, როგორ ორი, მამრობითი და მდედრობითი, ნაწილისაგან შემდგარს. მათი ღმერთები და ქალღმერთები ძალაუფლების ბალანსის, ინისა და იანის შესანარჩუნებლად მუშაობდნენ. როდესაც მამრობითი და მდედრობითი ძალები გაწონასწორებულია, მსოფლიოში ჰარმონია სუფევს. როდესაც ისინი გაწონასწორებულნი არ არიან, ქაოსი მკვიდრდება.

ადრეული რელიგია დაფუძნებული იყო ბუნების ღვთაებრივ კანონზომიერებაზე. ქალღმერთი ვენერა და პლანეტა ვენერა ერთი და იგივე იყო. ქალღმერთს ღამეულ ცაზე ჰქონდა ადგილი და ბევრი სახელით იყო ცნობილი: ვენერა, აღმოსავლეთის ვარსკვლავი, იშტარი, ასტარტე. ყოველი მათგანი ძლიერი ქალურობის ცნებას გამოხატავდა და დაკავშირებული იყო ბუნებასა და დედამიწასთან.

პლანეტა ვენერა ხაზავს ზუსტ ხუთქიმიან მაგიურ ფიგურას დაბნელებულ ცაზე ყოველი რვა წლის მანძილზე. ისეთი გაოგნებული იყვნენ ჩვენი წინაპრები, როდესაც ეს მოვლენა შეამჩნიეს, რომ ვენერა და მისი მაგიური ფიგურა სრუყოფილების, სილამაზისა და სექსუალური სიყვარულის ციკლური ხასიათის სიმბოლოებად მიიჩნიეს. ვენერას მაგიურობისათვის ვალის მოხდის მიზნით, ბერძნებმა გამოიყენეს მისი რვაწლიანი ციკლი თავიანთი ოლიმპიური თამაშების მოსაწყობად. დღეს ბევრმა არ იცის, რომ ოლიმპიური თამაშების ოთხწლიანი განრიგიც ვენერას ნახევარ ციკლს მიჰყვება. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი კინაღამ ოლიმპიადის ოფიციალური ემბლემა გახდა, მაგრამ უკანასკნელ წუთში შეიცვალა - მისი ხუთი ქიმი ხუთი ურთიერთგადამკვეთი წრით შეცვალეს, რათა უკეთ გამოეხატათ ოლიმპიური თამაშების სული, მონაწილეობა და ჰარმონიულობა.

მადლობა ჰოლივუდს. ხუთქიმიანი ვარსკვლავი ახლა ვირტუალური კლიშე გახდა სატანისტ სერიულ მკვლელებზე გადაღებულ ფილმებში, ის როგორც წესი, მიჩხაპნილი იყო რომელიღაც სატანისტური ბინის კედელზე, სხვა დაუსაბუთებელ დემონურ სიმბოლიკასთან ერთად. ლენგდონი ყოველთვის სასოწარკვეთილებას გრძნობდა, როდესაც ამ სიმბოლოს ასეთ კონტექსტში ხედავდა; ამ მაგიური ფიგურის ჭეშმარიტი საწყისები სინამდვილეში ღვთაებრივი იყო.

სიმბოლოები ძალიან სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ ეს მაგიური ფიგურა (ხუთქიმიანი ვარსკვლავი) ადრინდელმა რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ შეცვალა. ეს წარმართული რელიგიების მოსასპობად და მასების ქრისტიანობაზე მოსაქცევად მიმართული კამპანიის ნაწილი იყო. ეკლესიამ დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია წამართული ღმერთებისა და ქალღმერთების წინააღმდეგ, მათი ღვთაებრივი სიმბოლოების ბოროტების სიმბოლოებად შეცვლით. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა არეულობის პერიოდში. ახლად წარმოქმნილი ძალაუფლება ითვისებს არსებულ სიმბოლოებს და დროთა განმავლობაში აკნინებს მათ, რათა მათი მნიშვნელობა გაანადგუროს. წარმართულ და ქრისტიანულ სიმბოლოებს შორის ბრძოლაში წარმართები დამარცხდნენ; პოსეიდონის სამკბილა ეშმაკის ფიწალი გახდა, ბრძენი მოხუცის კონუსის ფორმის ქუდი ბოროტი ჯადოქრის სიმბოლოდ იქცა, ვენერას ხუთქიმიანი სიმბოლო - ეშმაკის ნიშნად. სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმაც შეცვალეს ამ ნიშნის შინაარსი; ახლა ის, პირველ რიგში, ომის სიმბოლოა. ის ახატია ყველა საომარ თვითმფრინავსა და ყოველი გენერლის სამხრეს. და ამას ჰქვია სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი.

სიმბოლოს გამეორება მისი მნიშვნელობის გაძლიერების უმარტივესი გზაა.

1982 წელს, როდესაც პაპმა იოანე პავლე მეორემ მოულოდნელად ოპუს დეი აამაღლა და მიანიჭა წოდება პაპის პირადი პრელატურა, რითაც ოფიციალურად სანქცირებული გახადა მათი ნებისმიერი საქმიანობა. არსებობს ეჭვი, რომ ოპუს დეის დაწინაურება იმავე წელს მოხდა, როდესაც თითქოს ერთმა მდიდარმა სექტამ თითქმის ერთი მილიარდი დოლარი გადაურიცხა ვატიკანის რელიგიური საქმიანობის ინსტიტუტს - ჩვეულებრივ, ვატიკანის ბანკის სახელით ცნობილს - რითაც იგი სამარცხვინო გაკოტრებას გადაარჩინა. მეორე მანევრი, რომელმაც ასევე ყველა გააოცა, ის იყო, რომ პაპმა ოპუს დეის დამაარსებელი დააყენა წმინდანად შერაცხვის „სწრაფ ბილიკზე“. მან დააჩქარა კანონიზაციისათვის ხშირად საუკუნის ხანგრძლივობის პერიოდი და იგი ოც წელზე დაიყვანა.

 და ვინჩი ყოველთვის უხერხული თემა იყო ისტორიკოსებისათვის, განსაკუთრებით ქრისტიანულ ტრადიციაში. გარდა იმისა, რომ მეოცნებე გენიოსი იყო, იგი აშკარა ჰომოსექსუალიც იყო და თაყვანს სცემდა ბუნების ღვთაებრივ წესრიგს. ეს ორი თვისება მას მუდმივად ამყოფებდა ღვთის წინაშე ცოდვილის მდგომარეობაში. უფრო მეტიც, მხატვრის უცნაური ექსცენტრიული საქციელი მას, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დემონურ აურას უქმნიდა: ადამიანის ანატომიის შესასწავლად და ვინჩი საფლავებიდან იღებდა გვამებს; მას ჰქონდა საიდუმლო დღიურები, სადაც წერდა გაუგებარი უკუღმა ხელწერით; სჯეროდა, რომ ფლობდა ალქიმიკოსის ძალას და შეეძლო ტყვია ოქროდ გარდაექმნა; სწამდა, რომ ღმერთიც კი შეეძლო მოეტყუებინა და შეექმნა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ელექსირი; მის გამოგონებებს შორის კი შემაძრწუნებელი საომარი და საწამებელი იარაღებიც იყო.

და ვინჩის უზარმაზარმა წვლილმა სახვით ხელოვნებაში, რომელიც თავისი არსით სრულიად ქრისტიანული იყო, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ უფრო გააღრმავა საყოველთაო აზრი მისი სულიერი თვალთმაქცობის შესახებ. და ვინჩი ათასგვარ ფულად წყალობას იღებდა რომის ეკლესიისგან და თანხმდებოდა რელიგიური თემატიკის ასახვაზე. ეს საკუთარი რწმენის ასახვა არ ყოფილა, არამედ მხოლოდ კომერციული ავანტიურა იყო, რომელიც მისი ცხოვრების მდიდრული სტილის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. საუბედუროდ, და ვინჩი ოინბაზი იყო და ხშირად თავს ირთობდა იმით, რომ ჩუმად ხერხავდა ტოტს, რომელზედაც თვითონ იჯდა. მან ბევრ თავის ქრისტიანულ ნახატში ჩადო დაფარული სიმბოლიკა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულს - ეს იყო საკუთარი რწმენის წინაშე ვალის მოხდა და ეკლესიის გაცურება.

ეს არის ფიბონაჩის მიმდევრობა - ეს ის პროგრესიაა, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი ორი წინა ციფრის ჯამის ტოლია. ციფრთა ეს თანმიმდევრობა იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბონაჩიმ XIII საუკუნეში შეადგინა.

თავდაპირველად ტარო იმისათვის შეიქმნა, რომ ეკლესიის მიერ აკრძალული იდეოლოგიები თაობიდან თაობას გადასცემოდა. ახლა ტაროს მისტიკურ თვისებებს თანამედროვე მკითხავები იყენებენ. ტაროს კარტებში ქალური ღვთაებრიობის საწყისს სწორედ ხუთქიმიანი ფიგურები აღნიშნავს.

გამოჩნდა მკრთალი ყვითელი პერგამენტი, რომელზეც გამოსახული იყო და ვინჩის დახატული ცნობილი შიშველი ფიგურა - ვიტრუვიუსის მამაკაცი - ეს სახელი ნახატს დაერქვა მარკუს ვიტრუვიუსის, ბრწყინვალე რომაელი არქიტექტორის პატივსაცემად. რომელმაც ხოტბა შეასხა ღვთაებრივ პროპორციას თავის ნაშრომში De Architectura. არავის ესმოდა და ვინჩიზე უკეთესად ადამიანის სხეულის ღვთაებრივი სტრუქტურა. და ვინჩი გვამების ექსჰუმაციას ახდენდა, რომ გაეზომა ადამიანის ჩონჩხის ზუსტი პროპორციები. ის პირველი იყო, ვინც აჩვენა, რომ ადამიანის სხეული ფაქტობრივად შედგება ნაწილებისგან, რომელთა პროპორციული შეფარდება ყოველთვის ტოლია PHI-სა (1.618).

მიქელანჯელოს, ალბრეხტ დიურერის, და ვინჩისა და სხვათა ნაწარმოებები აშკარად მოწმობდა, როგორ გამიზნულად იცავდა მხატვარი ღვთაებრივ პროპორციას ნაწარმოების კომპოზიციაში. ლენგდონმა უჩვენა PHI ბერძნული პანთეონის, ეგვიპტური პირამიდებისა და ნიუ-იორკის გაეროს შენობის არქიტექტურულ განზომილებებში. PHI შეიმჩნევა მოცარტის სონეტების, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის, აგრეთვე ბარტოკის, დებიუსისა და შუბერტის ნაწარმოებების ორგანიზაციულ სტრუქტურებში. რიცვი PHI, - სტრადივარიუსმაც კი გამოიყენა თავისი ცნობილი ვიოლინოების დამზადებისას.

ყველა წრფივი სეგმენტის შეფარდება ხუთქიმიან ვარსკვლავში მაგიური PHI-ს ტოლია. ამით ეს სიმბოლო ღვთაებრივი პროპორციის სრუყოფილი გამოსახულება ხდება. ამიტომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი ყოველთვის იყო სილამაზისა და სიზუსტის სიმბოლო, დაკავშირებული ქალღმერთთან და წმინდა ქალთან.

გლობუსზე ვარდის ხაზი - რომელსაც ასევე მერიდიანი, ანუ გრძედი ერქვა - იყო ნებისმიერი წარმოსახვითიხაზი, გავლებული ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება ვარდის ხაზების უსასრულო რაოდენობის მიღება, იმიტომ, რომ გლობუსზე ყოველ წერტილს შეიძლება ჰქონდეს გრძედი, რომელიც მასზე გაივლის და ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლუსებს შეაერთებს. ძველი ნავიგატორებს უნდა გადაეწყვიტათ, ამ ხაზებიდან რომელი იქნებოდა სწორედ მათთვის საჭირო ვარდის ხაზი, ანუ ნულოვანი გრძედი - ხაზი, საიდანაც აითვლებოდა ყველა სხვა გრძედი დედამიწაზე. დღეს ეს ხაზი ლონდონშია და გრინვიჩის ობსერვატორიაზე გადის. მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე გრინვიჩი მთავარი მერიდიანის უფლებას დაიმკვიდრებდა, მთელი მსოფლიოს ნულოვანი გრძედი გადიოდა პარიზსში, სენ-სიულპისის ეკლესიაში. სენ-სიულპისის თითბირის მარკერი მსოფლიოს პირველი მთავარი მერიდიანის ნიშნული იყო და, მართალია, გრინვიჩმა ეს პატივი პარიზს 1888 წელს ჩამოართვა, პირველი ვარდის ხაზი აქ დღემდე ემჩნეოდა.

ისინი თავს Prieure de Sion-ს - სიონის პრიორატს უწოდებენ. საფრანგეთში არიან დაფუძნებულნი და თავის რიგებში მთელი მსოფლიოდან გავლენიან ადამიანებს იზიდავენ. ფაქტობრივად, ეს მსოფლიოში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო საზოგადოებაა. [...] ამ საძმოს წევრები ისტორიაში ცნობილი ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ, მაგალითად, ბოტიჩელი, სერ ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო და ლეონარდო და ვინჩი. და ვინჩი 1510 წლიდან 1519 წლამდე პრიორატის პრეზიდენტი, პრიორატის დიდი მაგისტრი იყო. გატაცებული იყო ქალღმერთის იკონოლოგიის შესწავლით, წარმართობით, ქალ-ღვთაებებით და ეკლესიისადმი სიძულვილით.

***

თავისი უზარმაზარი რეპუტაციის მიუხედავად, მონა ლიზა 30X21 დიუმის ზომის ტილოა - უფრო პატარა, ვიდრე მისივე გამოსახულებიანი პოსტერები, რომლებიც იქვე, ლუვრის საჩუქრების მაღაზიაში იყიდება. იგი სალ-დე-ეტას ჩრდილო-დასავლეთის კედელზე კიდია, ორი დიუმის სისქის პლექსიგლასის დამცველი შუშის უკან. ის დახატულაი ალვისხის თხელ ფიცარზე. სურათის არაამქვეყნიური, ბურუსით მოცული ატმოსფერო იმის შედეგია, რომ და ვინჩი ვირტუოზულად ფლობდა sfumato-ს ხერხს. ამ ხერხით შესრულებულ ნახატებში ფორმები თითქოს ერთმანეთში იკარგება. მას შემდეგ, რაც ლუვრში დაიდო ბინა, მონა ლიზა, ანუ La Joconde, ორჯერ მოიპარეს. ბოლო შემთხვევა 1911 წელს იყო, როდესაც სურათი გაქრა ლუვრის ეგრეთ წოდებული კვადრატული დარბაზიდან, რომელსაც შეუღწევადის რეპუტაციაჰქონდა. პარიზელები ტიროდნენ ქუჩებში და წერილებს გზავნიდნენ გაზეთებში, სადაც ქურდებს ევედრებოდნენ, დაებრუნებინათ სურათი. ორი წლის შემდეგ მონა ლიზა იპოვეს ფლორენციის რომელიღაც სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, ორმაგძირიან ჩემოდანში.

[...] ბევრი ხელოვნებათმცოდნე ვარაუდობდა, რომ და ვინჩის ღრმა პატივისცემას მონა ლიზასადმი არაფერი ჰქონდა საერთო მის ხელოვნებასთან. სინამდვილეში სურათი გასაოცრად უბრალო sfumato-ს სტილში შესრულებული ნაწარმოები იყო. და ვინჩი თაყვანს სცემდა თავის ნამუშევრებს. ეს კი, ბევრის აზრით, რაღაც უფრო ღრმა მიზეზის გამო ხდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო საღებავების ფენებს შორის დამალული შეტყობინება. ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი მონა ლიზა საიდუმლო ხუმრობაა. ხელოვნების ისტორიისადმი მიძღვნილი ბევრი წიგნი განიხილავს სურათის ათასგვარ საიდუმლოსა და მსუბუქ ალუზიებს, და მაინც, გასაოცარია, რომ უდიდეს საიდუმლოდ უმრავლესობა მაინც მის ღიმილს მიიჩნევს.

[...] ეს მხოლოდ პატარა ტრიუკია. და ვინჩიმ სოფლის პეიზაჟი დაბლა დასწია მარცხნივ, რითაც იმას მიაღწია, რომ მონა ლიზა მარცხნიდან ბევრად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მარჯვნიდან. ეს არის ავტორის პატარა ფარული ხუმრობა. ისტორიულად, მდედრობითობისა და მამრობითობის ცნებები მხარეებს ინაწილებდნენ - მარცხენა მდედრობითია, მარჯვენა კი მამრობითი. იმის გამო, რომ და ვინჩი ქალური პრინციპების თაყვანისმცემელი იყო, მან მონა ლიზა ისე დახატა, რომ იგი უფრო დიდებული მარცხნიდან ყოფილიყო და არა მარჯვნიდან.

[...] ამონს მართლაც ვერძისთავიანი კაცის სახით ხატავდნენ და იცით ვინ იყო ამონის წყვილი? ვინ იყო ნაყოფიერების ეგვიპტური ქალღმერთი? ეს იყო ისიდა, ამრიგად, ჩვენ გვყავს მამაკაცი, ამონი - Amon და ქალღმერთი ისიდა - ისის, რომლის უძველესი პიქტოგრამა ადრე ცნობილი იყო, როგორც L’ISA - AMON L’ISA. მონა ლიზას მარტო სახე კი არ აქვს ბისექსუალური, არამედ მისი სახელიც კი მამაკაცისა და ქალის ღვთაებრივი კავშირის აღმნიშვნელი ანაგრამაა. ეს და ვინჩის პატარა საიდუმლო და მონა ლიზას მრავლისმთქმელი ღიმილის მიზეზია.

***

სიონის პრიორატის ტრადიცია, რომ საუკუნეების მანძილზე შეენარჩუნებინა ქალღმერთის კულტი, დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ ადრეული ქრისტიანული ეკლესიის გავლენიანმა მამაკაცებმა „მოატყუეს“ მსოფლიო იმით, რომ გაავრცელეს ქალის დამამცირებელი ტყუილები და სასწორი მამაკაცების სასარგებლოდ გადახარეს. [...] საძმოს სწამს, რომ კონსტანტინემ და მისმა მიმდევარმა მამაკაცებმა წარმატებით გადაიყვანეს მსოფლიო მატრიარქალური წარმართობიდან პატრიარქალურ ქრისტიანობაზე. ამას პროპაგანდისტული კამპანიით მიაღწიეს და, შედეგად, წმინდა ქალი დემონურ ძალად გამოცხადდა და ცნება „ქალღმერთი“ სამუდამოდ მოისპო თანამედროვე რელიგიიდან.

კათოლიკურმა ინკვიზიციამ გამოსცა წიგნი, რომელსაც შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი პუბლიკაცია ეწოდოს. Malleus Maleficarum - ჯადოქართა ურო - იყო წიგნი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო „თავისუფლად მოაზროვნე ქალთაგან მომდინარე საშიშროებები“ და მითითებას აძლევდა სამღვდელოებას, როგორ უნდა მოეძებნათ, ეწამებინათ და გაენადგურებინათ ისინი. ამ ეკლესიის მიერ დასჯილ „ჯადოქრებს“ შორის იყვნენ მეცნიერი და ქურუმი ქალები, ბოშები, მისტიკისა და ბუნების მოყვარულები, სამკურნალო მცენარეთა შემგროვებლები და ნებისმიერი ქალი, რომელიც „საეჭვოდ იყო შეწყობილი გარემომცველ ბუნებასთან“. ბებიაქალებსაც ხოცავდნენ და მათი ერეტიკული საქმიანობისთვის, ანუ იმისათვის, რომ თავიანთ სამედიცინო ცოდნას ისინი სამშობიარო ტკივილების შესამსუბუქებლად იყენებდნენ. ეკლესიის განცხადებით, ეს ტანჯვა ღვთის სამართლიანი სასჯელია იმისათვის, რომ ევამ შეჭამა ხე ცნობადის ნაყოფი და დასაბამი მისცა პირველ ცოდვას. ჯადოქართა დევნის სამასი წლის მანძილზე ეკლესიამ კოცონზე დაწვა ქალების საოცარი რაოდენობა - ხუთი მილიონი. პროპაგანდამ და სისხლისღვრამ შედეგი გამოიღო. დღევანდელი მსოფლიო ამის ცოცხალი მტკიცებაა.

ქალები, რომლებიც ოდესღაც სრულყოფის უმნიშვნელოვანეს საწყისად იყვნენ მიჩნეულნი, ახლა ტაძრებიდან განდევნილნი აღმოჩნდნენ. მსოფლიოში არ არსებობენ ქალი რაბინები, მდედრობითი სქესის კათოლიკე მღვდლები ან ისლამის მსახურნი. ოდესღაც კურთხეული აქტი Hieros Gamos - კაცსა და ქალს შორის ბუნებრივი სექსუალური კავშირი, რომლის შედეგადაც თითოეული პარტნიორი სულიერ და ხორციელ მთლიანობას იძენს - დღეს სირცხვილადაა მიჩნეული. წმინდა მამებს, რომელთაც ოდესღაც ქალთან სექსუალური კავშირი ღმერთთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა, ახლა ეშინოდათ თავიანთი ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილებისა და ამას ეშმაკის ხრიკებად მიიჩნევდნენ, თვით ქალი კი ბოროტის საყვარელ თანამზრახველად იყო შერაცხული. არც ქალთა მემარცხენე ყაიდის ორგანიზაციები გადაურჩნენ ეკლესიისაგან ცილისწამებას. საფრანგეთსა და იტალიაში, სიტყვებმა, რომლებიც აღნიშნავს „მარცხენას“ - gauche და sinistra - უკიდურესად უარყოფითი მნიშვნელობა მიიღო, მაშინ, როდესაც სიტყვა „მარჯვენა“ ნიჭისა და სიმართლის სინონიმად იქცა. დღემდე რადიკალური აზროვნება ითვლება მემარცხენედ და ყოველივე ბოროტი და შავბნელი sinister-ია. ქალური საწყისი შავ ძალად გამოცხადდა. ქალღმერთის დღეები დათვლილი იყო. მდგომარეობა შეიცვალა. დედამიწა კაცის სამყაროდ იქცა და დადგა განადგურებისა და ომის ღმერთების ხანა. ორი ათასი წლის განმავლობაში ქალური საწყისის მიერ გაწონასწორებული მამაკაცური „მე“ ახლა მარტო დარჩა. სიონის მონასტერს სწამდა, რომ წმინდა ქალური საწყისის განადგურებამ გამოიწვია თანამედროვე მსოფლიოში ის, რასაც ჰოპის ტომის ამერიკელი ინდიელები უწოდებდნენ kayanisquatsi-ს - „წონასწორობადაკარგულ ცხოვრებას“. ეს არასტაბილური მდგომარეობა გამოიხატა ტესტოსტერონით წაქეზებული ომებით, ქალთმოძულე საზოგადოებების სიმრავლითა და დედაბუნების აბუჩად აგდების ურიცხვი შემთხვევით.

***

ლეონარდო და ვინჩი - მადონა მღვიმეში
თავდაპირველი დავალება, დაეხატა მადონა მღვიმეში, და ვინჩის მისცა ორგანიზაციამ, რომელიც „უმანკო ჩასახვის საძმოს“ სახელით იყო ცნობილი. მათ სჭირდებოდათ წმინდა ფრანცისკოს ეკლესიაში, მილანში, საკურთხევლის ტრიპტიხის დასამშვენებელი ნახატი. მონაზვნებმა ლეონარდოს მისცეს განსაზღვრული ზომები და სასურველი თემა - ქალწული მარიამი, ყრმა იოანე ნათლისმცემელი, ანგელოზი და ყრმა იესო თავს აფარებენ გამოქვაბულს. მართალიან, და ვინჩიმ ის გააკეთა, რაც სთხოვეს, მაგრამ, როცა ნამუშევარი შემკვეთებს ჩააბარა, ისინი შეძრწუნდნენ. სურათი სავსე იყო ფეთქებადსაშიში და შემაშფოთებელი დეტალები.

სურათზე გამოსახული იყო ქალწული მარიამი ცისფერ სამოსში. იგი იჯდა და მკლავი მოეხვია ჩვილისთვის. სავარაუდოდ, ეს იყო ყრმა იესო. მარიამის წინ იჯდა ანგელოზი, ისიც ყრმასთან ერთად, როგორც ეტყობა, ეს იოანე ნათლისმცემელი უნდა ყოფილიყო. უცნაური ის იყო, რომ კანონიკური ტრადიციის მიხედვით იესო აკურთხებს იოანეს, აქ კი, პირიქით, ყრმა იოანე ლოცავდა იესოს... და იესო ემორჩილებოდა მის ავტორიტეტს! მაგრამ უფრო შემაშფოთებელი შედეგი დეტალი იყო: მარიამს ერთი ხელი აწეული ჰქონდა ყრმა იოანეს თავს ზევით და ეს მოძრაობა აშკარა მუქარას გამოხატავდა - მისი არწივის კლანჭებივით თითები თითქოს ვიღაცის უხილავ თავს ჩაჰფრენოდა. და ბოლოს, ყველაზე აშკარა და შიშისმომგვრელი ის იყო, რომ სწორედ მარიამის დაგრეხილი თითების ქვევით, ანგელოზი ურიელი თითქოს ვიღაცას მარიამის ბრჭყალებისმაგვარ თითებში მომწყვდეულ უხილავ თავს აჭრიდა.

ლეონარდო და ვინჩი - ქალწული მღვიმეში
და ვინჩიმ ბოლოს საძმო დაამშვიდა და ამ სურათის მეორე „შელამაზებული“ ვარიანტი დახატა. აქ ყველა მოქმედი პირი უფრო ორთოდოქსული წესით იყო განლაგებული. მეორე ვარიანტი ახლა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ეკიდა და ერქვა ქალწული მღვიმეში.

***

პირველი საათი ყოველთვის კრიტიკულია. გაქცეულთა ქცევის გათვლა დასაწყისიდან ერთი საათის განმავლობაში შეიძლება. ყველას ერთი და იგივე სჭირდება: სამგზავრო საშუალება, თავის შესაფარებელი ადგილი, ნაღდი ფული - წმინდა სამება.

ჰიერონიმუს ბოსხი - მიწიერ სიამოვნებათა ბაღი 1500-1510
ხშირტევრიან პარკს, რომელიც „ბულონის ტყის“ სხელითაა ცნობილი, სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ, მაგრამ პარიზელი მოყვარულები მას იცნობენ, როგორც „ამქვეყნიურ სიამეთა ბაღს“. ეს ეპითეტი თითქოს პირფერობაა, მაგრამ სინამდვილეში პარკის შინაარსს ზუსტად ასახავს. ვისაც კი ბოსხის ამავე სახელწოდების ტრაგიკული სურათი უნახავს, მიხვდება, რა იგულისხმება ამაში. ნახატი, ისევე, როგორც თვითონ ტყე, ბნელი და არეულ-დარეულია. ეს არის ყველა ჯურის ავაზაკისა და გარყვნილის თავშესაფარი. ღამით ტყის მიხვეულ-მოხვეული გზები სავსეა ასობით მანათობელი გასაქირავებელი სხეულით - მამაკაცებით, ქალებითა და გაურკვეველი სქესის არსებებით, რომლებიც მიწიერ სიამეებს - ადამიანის ყველაზე ღრმად ჩამარხულ, გამოუთქმელ სურვილებს დააკმაყოფილებენ.

***

სიონის საძმო დაარსა ფრანგების მეფემ გოდფრუა დე სუონმა 1099 წელს იერუსალიმში, ზუსტად ქალაქის დაპყრობის შემდეგ. ამბობენ, მეფე გოდფრუას ოჯახი ფლობდა დიდ საიდუმლოს, რომელიც ქრისტეს დროიდან მოდიოდა. იმის შიშით, რომ ეს საიდუმლო მისი სიკვდილსი შემდეგ არ დაკარგულიყო, მეფე გოდფრუამ დაარსა საიდუმლო საძმო - სიონის პრიორატი - და დაავალა მათ, რომ ის დაეცვათ და თაობიდან თაობისათვის გადაეცათ. იერუსალიმში გატარებული დროის მანძილზე საძმომ შეიტყო დამალული დოკუმენტების საცავის შესახებ. ისინი დამარხული იყო ჰეროდეს აშენებული ტაძრის ნანგრევებქვეშ, რომელიც, თავის მხრივ, აშენებული ყოფილა ამავე ადგილას ადრე მდგარი სოლომონის ტაძრის ადგილას. ეს დოკუმენტები, მათი რწმენით, ადასტურებენ გოდფრუას დიდ საიდუმლოს და ისინი ისეთი სახიფათო შინაარსისაა, რომ ეკლესია არაფერზე დაიხევს უკან მათ ხელში ჩასაგდებად. საძმომ ფიცი დადო, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დოკუმენტები მოეპოვებინა ტაძრის ნანგრევებიდან და სამუდამოდ დაეცვა ისე, რომ საიდუმლო არასოდეს დაკარგულიყო. დოკუმენტების ნანგრევებიდან გამოსახსნელად საძმომ შექმნა სამხედრო შენაერთი - ცხრა რაინდისაგან შემდგარი ჯგუფი, სახელად „ქრისტესა და სოლომონის ტაძრის გლახაკ რაინდთა ორდენი“, ჩვეულებრივ ისინი ტაძრის რაინდების, ანუ ტამპლიერების სახელით არიან ცნობილნი. [...] პილიგრიმების დაცვის იდეა ნიღაბი იყო. ამ ნიღაბს ამოფარებული ტამპლიერები თავიანთ მისიას ასრულებდნენ. მათი ჭეშმარიტი მიზანი წმინდა მიწაზე ტაძრის ნანგრევებიდან დოკუმენტების ამოღება იყო. [...] ერთ რამეს კი ყველა მეცნიერი ეთანხმება: რაინდებმა რაღაც აღმოაჩინეს ნანგრევების ქვეშ... რაღაც ისეთი, რამაც ისინი გაამდიდრა და წარმოუდგენელი ძალაუფლება მიანიჭა.

ლენგდონმა სწრაფად დაუხატა სოფის ტამპლიერთა ისტორიის სტანდარტული, მეცნიერებაში აღიარებული სურათი. აუხსნა, როგორ ილაშქრეს რაინდებმა მეორედ წმინდა მიწაზე და როგორ უთხრეს მეფე ბოლდუინ II-ს, რომ მათი მიზანი გზებზე ქრისტიან პილიგრიმთა დაცვა იყო. რაინდები გასამრჯელოს არ იღებდნენ, ღარიბულად ცხოვრობდნენ და მეფეს მოახსენეს, რომ მხოლოდ თავშესაფარი სჭირდებოდათ. მათ ითხოვეს უფლება, რომ ტაძრის ნანგრევებისქვეშა საჯინიბო დაეკავებინათ. მეფე ბოლდუინმა დააკმაყოფილა ჯარისკაცების თხოვნა და რაინდებიც მოკრძალებულად დასახლდნენ განადგურებულ ტაძარში. საცხოვრებლის ასეთი უცნაური შერჩევა შემთხვევითი არ იყო. რაინდებს სწამდათ, რომ დოკუმენტები, რომლებსაც საძმო ეძებდა, ღრმად იყო ჩამარხული ნანგრევების ქვეშ - წმინდათაწმინდას ქვევით. ეს იყო საიდუმლო დარბაზი, სადაც , მოარული აზრით, თვით ღმერთის სამყოფელი იყო. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ებრაული რწმენის ცენტრი იყო. თითქმის ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ცხრა რაინდი ნანგრევებში და ყველაგან ფარულად მაგარ კლდეს თხრიდა. მათ ცხრა წელი დასჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ იპოვეს ის, რასაც ეძებდნენ. მათ განძი აიღეს და წავიდნენ ევროპაში, სადაც მათი გავლენა თითქოს ერთ ღამეში განმტკიცდა.

არავინ იცოდა ზუსტად, ეს რაინდების მხრიდან ვატიკანის შანტაჟი იყო, თუ ეკლესიამ უბრალოდ სცადა რაინდების სიჩუმე ეყიდა, მაგრამ მოხდა ის, რომ პაპმა ინოკენტი II-მ მაშინვე გამოუშვა უპრეცედენტო ბულა, რომელიც რაინდ ტამპლიერებს უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებდა და აცხადებდა მათ „საკუთარი თავის კანონმდებლებად - ავტონომიურ სამხედრო შენაერტად, რომელიც დამოუკიდებელი იყო მეფისა თუ პრელატებისგან და ყოველგვარი - რელიგიური თუ პოლიტიკური - ჩარევისგან იყო დაცული.

ვატიკანისგან მიღებული კარტ-ბლანშის საშუალებით რაინდ ტამპლიერთა გავლენა გასაოცრად გაიზარდა როგორც რიცხობრივად, ისე პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისითაც. მათ თავი მოუყარეს უზარმაზარ მამულებს თორმეტზე მეტ ქვეყანაში, დაიწყეს კრედიტების მიცემა გაკოტრებული დიდებულებისათვის და, სამაგიეროდ, მათ პროცენტებს ახდევინებდნენ. ამგვარად, მათ თანამედროვე საბანკო სისტემა დააარსეს და თავიანთი სიმდიდრე და ზეგავლენა გააფართოვეს.

1300 წლისათვის ვატიკანის საქნციამ რაინდებს ხელი შეუწყო, ისეთი ძალაუფლება მოეპოვებინათ, რომ პაპმა კლიმენტი მეხუთემ გადაწყვიტა რაიმე ეღონა. საფრანგეთის მეფე ფილიპ მეოთხესთან შეთანხმებით, პაპმა შეადგინა კარგად დაგეგმილი ცბიერი ოპერაცია ტამპლიერების მოსასპობად და მათი განძის ხელში ჩასაგდებად. ამ გზით მას უნდოდა კონტროლის ქვეშ ჰქონოდა ვატიკანისთვის საზიანო საიდუმლო. ერთ-ერთი სამხედრო მანევრის დროს, პაპმა გამოსცა საიდუმლოდ დაბეჭდილი ბრძანება, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით უნდა გაეხსნათ მის მეომრებს 1307 წლის 13 ოქტომბერს.

კლიმენტის წერილში ნათქვამი იყო, რომ მას ღმერთი გამოეცხადა და გააფრთხილა: ტამპლიერები ერეტიკოსები არიან და მათ ბრალი ედებათ ეშმაკის თაყვანისცემაში, ჯვრის წაბილწვაში, მამათმავლობასა და სხვა მკრეხელურ საქციელში. ღმერთმა კლიმენტის უბრძანა, გაეწმინდა დედამიწა ყველა რაინდის ერთად მომწყვდევით და მათი წამებით იქამდე, ვიდრე ისინი ღმერთის წინაშე თავიანთ დანაშაულს არ აღიარებდნენ. კლიმენტის მაკიაველური ოპერაცია ზედმიწევნითი სიზუსტით ჩატარდა. იმ დღეს ურიცხვი რაინდი დაატყვევეს, უმოწყალოდ აწამეს და, საბოლოოდ, ცოცხლად დაწვეს, როგორც ერეტიკოსები. ამ ტრაგედიის გამოძახილი ჯერ კიდევ ისმის თანამედროვე კულტურაში; დღემდე პარასკევი, ცამეტი რიცხვი უიღბლოდ ითვლება.

მიუხედავად კლიმენტის ცილისწამებისა და მათი მოსპობის უკიდურესი სურვილისა, რაინდებს ჰყავდათ გავლენიანი მოკავშირეები და ზოგიერთმა მოახერხა, ვატიკანის მიერ მოწყობილი წმენდისთვის თავი დაეღწია. კლიმენტის ჭეშმარიტ მიზნად ტამპლიერების ნაპოვნი ძლევამოსილი და ძვირფასი დოკუმენტების ხელში ჩაგდება ჰქონდა დასახული, როგორც ჩანს, ისინი იყო მათი ძალაუფლების წყარო, მაგრამ ხელიდან გაუცურდა. დოკუმენტები უკვე დიდი ხანია, მინდობილი ჰქონდა ტამპლიერების ჩრდილში მყოფ მათ შემქმნელს, სიონის მონასტერს, რომლის საიდუმლოების საფარმა დაიცვა ისინი ვატიკანის ელვისებური შემოტევის დროს, როდესაც ვატიკანმა ალყა შეკრა, პრიორატმა დოკუმენტები ღამით პარიზიდან ჩუმად ლა-როშელში მდგარი ტამპლიერების გემებზე გადაიტანა. სად წავიდა დოკუმენტები, ამ საიდუმლოზე პასუხი მხოლოდ სიონის პრიორატისთვის არის ცნობილი, რადგან ეს დოკუმენტები დღესაც კი გამუდმებული ძიებისა და სპეკულაციის წყაროა. სჯერათ, რომ ისინი რამდენჯერმე გადაადგილეს და ხელახლა გადამალეს.

საუკუნეების განმავლობაში, ამ საიდუმლოსთან დაკავშირებული ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დოკუმენტთა მთელი შეკვრა, მისი მნიშვნელობა და საიდუმლო, რომელსაც იგი იცავს, ცნობილია ერთი საერთო სახელით - სანგრილი. ასობით წიგნი დაწერილა მის შესახებ და ცოტაა ისეთი საიდუმლო, რომელსაც ისტორიკოსებს შორის ისეთი ინტერესი გამოეწვიოს, როგორც სანგრილს.  [...] სანგრილი უძველესი სიტყვაა. წლების განმავლობაში მისგან წარმოიქმნა მეორე ტერმინი... უფრო გვიანდელი სახელი - „წმინდა გრაალი“.

წმინდა გრაალი სანგრილის ზუსტი მნიშვნელობაა. ეს გამოთქმა მოდის ფრანგული Sangraal-იდან, რომელიც მოგვიანებით სანგრილად გადაიქცა და გაიყო ორ სიტყვად: San Greal. სანგრილის დოკუმენტები წმინდა ბარძიმის საგანძურის მხოლოდ ნახევარია. ისინი თვით ბარძიმთან ერთადაა დამარხული... და მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას მალავს. დოკუმენტებმა ტამპლიერებს ისეთი დიდი ძალაუფლება იმიტომ მიანიჭა, რომ ისინი ბარძიმის ჭეშმარიტ ბუნებას ავლენდნენ.

სიონის პრიორატის თანახმად, წმინდა გრაალი სულაც არ არის ჭურჭელი. ისინი აცხადებენ, რომ ბარძიმის, ანუ Chalice-ს ლეგენდა, სინამდვილეში არის ჭკვიანურად დაფარული ალეგორია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბარძიმის ისტორია იყენებს Chalice-ს, როგორც მეტაფორას სხვა, გაცილებით დიდი რამისათვის, საკრალური ქალური საწყისისთვის ყველა სიმბოლური მინიშნების ჩათვლით.

***

ლეონარდო და ვინჩი - მოგვთა თაყვანისცემა, 1481-1482
იტალური ხელოვნების ექსპერტმა, მაურიციო სერაჩინიმ გამოავლინა შემაშფოთებელი ჭეშმარიტება, რომელიც ჟურნალმა ნიუ-იორკ ტაისმა დიდის ამბით გამოიტანა სტატიის სათაურში „ლეონარდოს დაშიფრული სურათი“. სერაჩინომ გამოავლინა ის, რომ მოგვთა თაყვანისცემის ნაცრისფერ-მწვანე პიველადი ქვედა ფენა მართლაც ლეონარდოს ნამუშევარია, ხოლო თვითონ ფერწერა მას არ ეკუთვნის. სინამდვილეში და ვინჩის სიკვდილიდან წლების გასვლის შემდეგ ვიღაც ანონიმმა მხატვარმა და ვინჩის მონახაზი ფერთა ზედმიწევნითი იმიტირებით შეავსო. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო ის, რაც თვითმარქვიას ქვეშ იყო. ინფრაწითელი რეფლექტოგრაფის ხერხით გადაღებულმა ფოტოებმა და რენტგენმა გვიჩვენა, რომ ამ ცრუ მხატვარმა, როდესაც და ვინჩის მიერ დატოვებულ კონტურებს აფერადებდა, რამდენიმე საეჭვო გადახვევაც კი გააკეთა ორიგინალიდან... თითქოს უნდოდა, და ვინჩის ნამდვილი მიზანი გაენადგურებინა. რაც არ უნდა ყოფილიყო სურათის ქვეშ, ის მაინც ცნობილი უნდა გამხდარიყო ხალხისათვის. და მაინც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილნმა ფლორენციის უფიცის გალერეის ადმინისტრაციამ მაშინვე დამალა სურათი ქუჩის გადაღმა საწყობში. ახლა გალერეის სტუმრები ლეონარდოს დარბაზში ერთობ დამაბნეველ და არაფრისმთქმელ წარწერას ხედავენ მოგვთა თაყვანისცემის ადგილას. ამ სურათს უტარდება დიაგნოსტიკური ტესტები და სარეტავრაციოდ მზადდება.

სიმბოლოლოგების პროფესიული ნაკლია მათი მუდმივი სწრაფვა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აღმოაჩინონ დაფარული მნიშვნელობა, იქ სადაც ხშირად ის სულ არ არის.

შვეიცარიისათვის საბანკო საქმეში საიდუმლოს შენახვა შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი წყაროა. მაგრამ ხელოვანთა წრეებში, კარგა ხანია, არსებობს აზრი, რომ ასეთი მომსახურება გამართლებული არ არის. ეს ხომ იდეალური ადგილია, სადაც ხელოვნების ნიმუშთა ქურდებს წლობით შეუძლიათ ნაქურდალის შენახვა, ვიდრე ვნებათაღელვა არ ჩაივლის. საკუთრების კანონები დეპოზიტებს პოლიციისაგან იცავს, თნაც ანგარიშებს მხოლოდ ნომრები აქვს და გვარებით არ არის ცნობილი. ამიტომაც ქურდები მშვიდად გრძნობენ თავს, რადგან მათ კვალზე პოლიციას ვერავინ და ვერაფერი მიიყვანს.

ვარდი - ამ სიმბოლოზე დაყრდნობით მთელი არმიები და საიდუმლო ორგანიზაციები იქმნებოდა. როზენკროიცერები. ვარდისა და ჯვრის რაინდები.

ბევრი მოაზროვნე ფიქრობდა ინფორმაციის დამცავი კრიპტოლოგიური საშუალებების გამოგონებაზე: იულიუს კეისარმა შექმნა წერილობითი კოდი, რომელსაც „კეისრის ზარდახშა“ ეწოდა; შოტლანდიის დედოფალი მერი იყენებდა შენაცვლებად შიფრს და ასე გზავნიდა საიდუმლო უწყებებს ციხიდან; ხოლო ბრწყინვალე არაბი მეცნიერი აბუ იუსუფ ისმაილ ალ-კინდი თავის საიდუმლოს შესანიშნავად დაფარული შენაცვლებადი შიფრით იცავდა, რომელშიც ბევრი ანბანი იყო გამოყენებული. და ვინჩიმ კი თავი აარიდა მათემატიკასა და კრიპტოლოგიას. მან საკითხის მექანიკური გადაწყვეტა ამჯობინა. ეს იყო კრიპტექსი - ადვილად გადასატანი კონტეინერი, რომელსაც შეეძლო დაეცვა წერილები, რუკები, სქემები და ნებისმიერი სხვა რამ. როგორც კი ინფორმაცია კრიპტექსში ჩაიკეტებოდა, მისი მიღება შეეძლო მხოლოდ იმას, ვისაც შესაბამისი პაროლი ჰქონდა.

Sub rosa - რომაელები ვარდს კიდებდნენ შეხვედრის დროს, რითაც მიანიშნებდნენ, რომ ეს შეხვედრა კონფიდენციალური იყო. შეხვედრის მონაწილეები ხვდებოდნენ, რომ რაც ითქმებოდა ვარდის ქვეშ, ანუ - Sub rosa - საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

სიონის პრიორატის საძმოს დიდი მაგისტრების რიცხვში შედიოდნენ ლეონარდო და ვინჩი, ბოტიჩელი, სერ ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო და ყველაზე ბოლო დროისა, ჟან კოქტო, ცნობილი პარიზელი მხატვარი, პოეტი და დრამატურგი.

ადამიანები ორი მიზეზით ეძებენ ხოლმე ბარძიმს: პირველი, იმდენად მიამიტები არიან, რომ სჯერათ, თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგულ ქრისტეს ბარძიმს ეძებენ... მეორე, მათ იციან სიმართლე და ის მათ აშინებს. ისტორიულად ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს არსებობდა ბევრი ჯგუფი, რომელიც ბარძიმის განადგურებას ცდილობდა.

წმინდა ბარძიმი, უმეტესობა მხოლოდ იმას კითხულობს, სად არის ის. უფრო სწორი კითხვაა: რა არის წმინდა ბარძიმი?

- ბიბლია ფაქსით არავის გამოუგზავნია ზეციდან.
- უკაცრავად?
- ბიბლია ადამიანის შექმნილია, ღმერთის კი არა. ბიბლია ჯადოქრობით კი არ ჩამოვარდნილა ღრუბლებიდან. იგი ადამიანმა შექმნა, როგორც მღელვარე დროთა ისტორიული მატიანე და უთვალავი თარგმანის, დამატების და გადაკეთების შედეგად განვითარდა. ისტორიას არასოდეს არ ჰქონია ამ წიგნის სრული ვარიანტი.

***

იესო ქრისტე გასაოცარი ზეგავლენის მქონე ისტორიული ფიგურა იყო, მსოფლიო მასშტაბით ალბათ ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შთამაგონებელი ლიდერი, როგორც წინასწარმეტყველმა მესიამ, იესომ ჩამოაგდო მეფეები, შთააგონა მილიონობით ადამიანი და დაარსა ახალი ფილოსოფიები. როგორც სოლომონ მეფისა და დავითის ჩამომავალს, იესოს სრული უფლება ჰქონდა, ებრაელთა მეფის ტახტი დაეკავებინა. გასაგებია, რომ მის ცხოვრებას დედამიწაზე მცხოვრები მისი ათასობით მიმდევარი იწერდა - ოთხმოცზე მეტი სახარება განიხილეს ახალი აღთქმის კანონში შესატანად და მხოლოდ რამდენიმე შეარჩიეს - მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები. რომელი სახარება უნდა ჩაერთოთ? ეს ქრისტიანობის ძირითადი პარადოქსია! ბიბლია, როგორც დღეს ვიცით, წარმართმა რომაელმა იმპერატორმა, კონსტანტინე დიდმა შეაჯერა. კონსტანტინე მთელი სიცოცხლე წარმართი იყო და მხოლოდ სიკვდილის წინ მოინათლა. ამ დროს ის იმდენად დასუსტებული იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი აღარ ჰქონდა. კონსტანტინეს დროს რომის ოფიციალური რელიგია იყო მზის თაყვანისცემა Sol Invictus, ანუ უძლეველი მზის კულტი. ხოლო კონსტანტინე ამ კულტის მთავარი ქურუმი იყო. მისდა საუბედუროდ, რომი მზარდმა რელიგიურმა არეულობამ მოიცვა. ქრისტეს ჯვარცმიდან სამი საუკუნის მერე ქრისტეს მიმდევართა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ომი დაიწყო და კონფლიქტმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ რომის ორ ნაწილად გახლეჩის საშიშროება შეიქმნა. კონსტანტინე მიხვდა, რომ რამე უნდა ეღონა, ასე რომ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 325 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომი ერთი რელიგიის ქვეშ გაეერთიანებინა. ეს რელიგია იყო ქრისტიანობა.

[...] კონსატანტინე ძალიან კარგი პოლიტიკოსი იყო. მან შეძლო დაენახა, რომ ქრისტიანობა ძალას იკრებდა და მანაც დროს ფეხი აუწყო. ისტორიკოსები ჯერად გაოცებულნი არიან, როგორ ბრწყინვალედ შეძლო კონსტანტინემ მზის თაყვანისმცემელი წარმართების ქრისტიანობაზე მოქცევა. მან შეაჯერა წარმართული სიმბოლოები, თარიღები და რიტუალები მზარდ ქრისტიანულ ტრადიციებთან და შექმნა ერთგვარი რელიგია-ჰიბრიდი, რომელიც ორივე მხარისთვის იყო მისაღები.

[...] წარმართული რელიგიის კვალი ქრისტიანულ სიმბოლიკაში უდავოა. ეგვიპტური მზის დისკოები კათოლიკე წმინდანთა შარავანდედი გახდა. პიქტოგრამები, სადაც ისიდა ძუძუს აწოვებს თავის სასწაულებრ ჩასახულ ვაჟიშვილს, ჰორასს, ზუსტად გადმოიტანეს ჩვენთვის ნაცნობ ნახატებში, სადაც ქალწულ მარიამს ჩვილი იესო უჭირავს. ქრისტიანული რიტუალების პრაქტიკულად ყველა ელემენტი - მიტრა, საკურთხეველი, ღვთის სადიდებელი მოკლე ჰიმნი და ეკლესიის ერთიანობის ცნება, ზიარების რიტუალი - პირდაპირ აიღეს წარმართული რელიგიებიდან.

[...] ქრისტიანობაში არაფერი ორიგინალური არ არის. წინაქრისტიანული ღმერთი, მითრა - რომელსაც ღვთის ძესა და სამყაროს ნათელს ეძახდნენ - 25 დეკემბერს დაიბადა, გარდაიცვალა, დაიკრძალა კლდის სამარხში და შემდეგ სამ დღეში აღდგა, სხვათა შორის, 25 დეკემბერი არის ოსირისის, ადონისისა და დიონისეს დაბადების დღეც. ახალშობილ კრიშნას საჩუქრად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური.

[...] ქრისტიანობის ყოველკვირეული წმინდა დღეც წარმართობიდანაა აღებული. თავდაპირველად, ქრისტიანები ცნობდნენ ებრაულ წმინდა დღეს - შაბათს, მაგრამ კონსტანტინემ ეს დღე გადაიტანა და დაამთხვია წარმართთა მზის თაყვანისცემის დღეს. იქიდან მოყოლებული დღემდე მრევლი წირვა-ლოცვაზე კვირა დილით დადის და აზრადაც არ მოსდის, რომ ამას წარმართთა მზის ღმერთის ყოველკვირეული თაყვანისცემის უძველესი ტრადიცია უძევს საფუძვლად.

[...] რელიგიათა შერწყმის დროს კონსტანტინეს დასჭირდა ახალი ქრისტიანული ტრადიციის განმტკიცება. მან მოაწყო ქრისტიანთა მსოფლიო თავშეყრა, რომელიც ნიკეის საეკლესიო კრების სახელით არის ცნობილი. ამ შეკრებაზე ქრისტიანობის მრავალ საკითხზე იყო კამათი და კენჭისყრით დადგინდა აღდგომის თარიღი, ეპისკოპოსთა როლი, წმინდანად შერაცხვის წესი და რა თქმა უნდა, იესოს მიენიჭა ღვთაებრივი სტატუსი. ისტორიის ამ მომენტისათვის იესო მისი მიმდევრებისთვის იყო მოკვდავი წინასწარმეტყველი, დიდი და ძლევამოსილი ადამიანი, მაგრამ მაინც ადამიანი. მოკვდავი. იესოს ღვთის ძედ შერაცხვის საკითხი ნიკეის საბჭოზე ოფიციალურად დაისვა და იქვე უყარეს კენჭი. იესოს ღვთაებრიობა ხმათა სულ მცირე უპირატესობით გადაწყდა, ქრისტეს ღვთაებრიობის დამკვიდრება საჭირო იყო რომის იმპერიის შემდგომი გაერთიანებისა და კათოლიკე ეკლესიის ახალი ხელისუფლებისათვის. იესოს ღვთის ძედ ოფიციალური წარმოჩენით, კონსტანტინემ იგი ადამიანთა სამყაროს მიღმა არსებულ ღვთაებად აქცია. ეს იყო არსება, ვისი ძალაუფლებაც უეჭველი, უდავო იყო. ამან არა მარტო წარმართთა შემდგომი პრეტენზიები კი არ აღკვეთა ქრისტიანობის მიმართ, ქრისტეს მიმდევრებს ახლა შეეძლოთ აღედგინათ თავიანთი სახელი მხოლოდ კანონიერი წმინდა შუამავლის - რომაული კათოლიკური ეკლესიის მეშვეობით. საქმე ძალაუფლებაში იყო. ქრისტე, როგორც მესია, ძალზე საჭირო იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ბიუროკრატიისათვის. ბევრი მეცნიერი აცხადებს, რომ ადრეულმა ეკლესიამ პირდაპირ მოჰპარა იესო თვის თავდაპირველ მიმდევრებს, მოაცილა მას კაცობრივი ბუნება, ღვთაებრიობის მიუწვდომელ სუდარაში გაახვია და თავისი საკუთარი ძალაუფლების განსადიდებლად გამოიყენა.

[...] კონსტანტინემ აამაღლა იესოს სტატუსი მისი სიკვდილიდან თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ. იმხანად უკვე არსებობდა ათასობით დოკუმენტი, რომლებშიც მოკვდავი ადამიანის, იესოს ცხოვრება იყო აღწერილი. საჭირო იყო ამ ისტორიული წგინების გადაწერა ახალი გარემოების შესაბამისად. კონსტანტინემ იცოდა, რომ ამისთვის გაბედული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. და აი, ამ დროს წარმოიშვა ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე მთავარი მომენტი - კონსტანტინეს დავალებით და დაფინანსებით შეიქმნა ბიბლიის ახალი კანონიკური შედგენილობა. მასში გამოტოვეს ის სახარებები, სადაც ქრისტეს ადამიანურ თვისებებზე იყო ლაპარაკი, ხოლო ის ევანგელეები, რომლებიც მის ღვთაებრივ სახეს წარმოაჩენდნენ, სხვადასხვა გამოგონილი ამბით შეივსო. ადრინდელი სახარებები კანონგარეშედ გამოცხადდა. მათ ერთად მოუყარეს თავი და დაწვეს.

[...] ნებისმიერს, ვინც აკრძალულ ევანგელეებს აირჩევდა, თუ ის კონსტანტინეს ვერსიისგან იყო განსხვავებული, ერეტიკოსად შერაცხავდნენ. სიტყვა ერეტიკოსი სწორედ ისტორიის ამ მონაკვეთში წარმოიშვა. ლათინური სიტყვა haereticus ნიშნავს „არჩევანს“. ისინი, ვინც ქრისტეს თავდაპირველი ისტორია აირჩია, მსოფლიოში პირველი ერეტიკოსები იყვნენ.

[...] ზოგი სახარება განადგურებას გადაურჩა. 1950-იან წლებში გამოქვაბულში დამალული მკვდარი ზღვის პაპირუსები აღმოჩნდა იუდეის უდაბნოში ყუმრანის მახლობლად. და, რა თქმა უნდა, კოპტური პაპირუსები, რომლებიც იპოვეს 1945 წელს ნაგ-ჰამადიში. გარდა იმისა, რომ ეს დოკუმენტები ბარძიმის ჭეშმარიტ ისტორიას მოგვითხრობს, მათში ქრისტეს ამქვეყნიური მსახურების უაღრესად ადამიანურ ხასიათზეა ლაპარაკი. რასაკვირველია, ვატიკანი კვლავ ცრუ ტრადიციას მისდევდა და ძალიან შეეცადა, ხელი შეეშალა ამ პაპირუსების გამოქვეყნებისათვის. რატომაც არ გააკეთებდნენ ამას? პაპირუსები ხომ წინ წამოსწევდნენ თვალშისაცემ შეუსაბამობას და შეთითხნილ ისტორიებს, აშკარად დაამტკიცებდნენ, რომ თანამედროვე ბიბლია შედგენილი და რედაქტირებული იყო იმათ მიერ, ვისაც გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა. მათი მიზანი იყო, წინ წამოეწიათ იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მისი ზეგავლენა საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოეყენებინათ.

***

ლეონარდო და ვინჩი - საიდუმლო სერობა, 1498
გაოგნდებით, როცა გაიგებთ, თუ როგორი უცნაური დეტალები ჩართო ამ სურათში და ვინჩიმ. მკვლევართა უმრავლესობა მათ ან ვერ ხედავს, ან ამჯობინებს არ შეამჩნიოს. ეს ფრესკა სინამდვილეში წმინდა ბარძიმის საიდუმლოს სრულყოფილი გასაღებია. და ვინჩი ამას არ ფარავს საიდუმლო სერობაში. წმინდა ბარძიმი საგანი არ არის. ის სინამდვილეში ადამიანია. ის ქალია.

[...] ბარძიმი, ფაქტობრივად, არის ქალურობის უძველესი სიმბოლო. წმინდა ბარძიმი გამოხატავს წმინდა ქალსა და ქალღმერთს, რომელიც ახლა, რა თქმა უნდა, დაკარგულია, სრულად განადგურებულია ეკლესიის მიერ. ქალის ძალა და მისი უნარი წარმოშვას სიცოცხლე, ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ იგი საფრთხეს უქმნიდა უპირატესად მამრობითი ორიენტაციის ეკლესიის აღმავლობას, ამგვარად, წმინდა ქალი ეშმაკეულად იქნა მიჩნეული და უწმინდურად გამოაცხადეს. „პირველადი ცოდვის“ ცნება ადამიანმა შექმნა და არა ღმერთმა. ამ ცნების თანახმად, ევამ გასინჯა ვაშლი და ამით კაცობრიობის დაცემა გამოიწვია. ქალი, ოდესღაც წმინდა სიცოცხლის მომნიჭებელი, ახლა მტერი გახდა.

[...] ქალის, როგორც სიცოცხლის მომტანის ცნება, ანტიკური რელიგიის საფუძველი იყო. ბავშვის დაბადების პროცესი მისტიკური და მძლავრი მოვლენა იყო. სამწუხაროდ, ქრისტიანულმა ფილოსოფიამ გადაწყვიტა ქალისთვის წაერტმია შემოქმედებითი ძალა ბიოლოგიური ჭეშმარიტების იგნორირებით და მამაკაცი წარმოაჩინა, როგორც შემქმნელი. შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ევა შეიქმნა ადამის ნეკნისგან. ქალი გახდა მამაკაცის გამონაზარდი. შესაქმე იყო ქალღმერთის დასასრულის დასაწყისი. გრაალი, არის დაკარგული ქალღმერთის სიმბოლო, ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად წარმართული რელიგიები ადვილად არ კვდებოდა. ლეგენდები რაინდების მიერ დაკარგული ბარძიმის ძიებათა შესახებ სინამდვილეში იყო ისტორიები დაკარგული წმინდა ქალის მოსაძებნად მოწყობილი აკრძალული ექსპედიციების შესახებ. რაინდები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „თასს ეძებენ“, კოდირებული ენით მეტყველებდნენ. ისინი თავს იცავდნენ ეკლესიისგან, რომელმაც დააკნინა ქალი, აკრძალა ქალღმერთი, დაწვა ურწმუნონი და წმინდა ქალის წარმართული თაყვანისცემა უკანონოდ გამოაცხადა.

წმინდა ბარძიმი მართლაც გამოჩნდა საიდუმლო სერობაში. ლეონარდომ მას სურათზე კარგა დიდი ადგილი მიუჩინა. იმაზე რას იტყვით, საპატიო ადგილას რომ ზის მაცხოვრის გვერდით? აქ შეცდომა არ არის. ლეონარდო შესანიშნავად განასხვავებდა ქალსა და მამაკაცს თავის ნახატებში.

იესოს მარჯვნივ მყოფი ქალი ახალგაზრდა იყო, მოწიწებული, მორცხვი გამომეტყველებით, მშვენიერი წითური თმითა და გულმკერდზე მშვიდად დაწყობილი ხელებით. ეს არის მარიამ მაგდალინელი. მაგდალინელი მეძავი არ ყოფილა. ეს მცდარი აზრი ადრექრისტიანული ეკლესიის ცილისმწამებლური კამპანიის შედეგად მიღებული მემკვიდრეობაა. ეკლესიას სჭირდებოდა მარიამ მაგდალინელისათვის სახელის გატეხა, რომ მისი საშიში საიდუმლო დაეფარა. ეს იყო მისი, როგორც წმინდა ბარძიმის, როლი. ადრეულ ეკლესიას სჭირდებოდა მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ მოკვდავი წინასწარმეტყველი იესო ღვთაებრივი არსება იყო. ამიტომ ყოველი სახარება, სადაც აღწერილი იყო იესოს ცხოვრების მიწიერი მხარეები, ბიბლიიდან უნდა ამოეღოთ. ადრეული რედაქტორებისათვის ყველაზე პრობლემური, ფაქტიურად, მიწიერი თემა იყო - ის, რაც ხშირად მეორდებოდა სახარებაში. ეს არის მარიამ მაგდალინელი, უფრო ზუსტად კი, მისი და იესოს ქორწინება. ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, და ვინჩიმ კი ნამდვილად იცოდა ამ ფაქტის შესახებ. საიდუმლო სერობა სწორედ რომ ყვირის, რომ იესო და მარიამ მაგდალინელი ცოლ-ქმარი იყვნენ.

მიაქციეთ ყურადღება, რომ იესოსა და მაგდალინეს ერთმანეთის მიმართ თითქმის სარკისებურად არეკლილი სამოსი აცვიათ. იესო და მისი მეუღლე თითქოს შეერთებულნი არიან ბარძაყთან და ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იხრებიან, თითქოს ერთმანეთს შორის აშკარად მოხაზული უარყოფითი სივრცე უნდა შექმნან. თუ იესოს და მაგდალინეს, როგორც ადამიანებს დავინახავთ, ეს ანბანის ერთ-ერთი ასოა, უნაკლოდ მოხაზული ასო M. კონსპირაციის თეორიტიკოსები გეტყვიან, რომ ამ ასოთი აღინიშნება სიტყვა Matrimonio ან მარიამ მაგდალინელი. დანამდვილებით ეს არავინ იცის. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ დამალული M აქ ნამდვილად არის. ეს არ არის შეცდომა. ბარძიმთან დაკავშირებული უთვალავი ქმნილება შეიცავს დამალულ ასო M-ს. ჭვირნიშნებში, ან ნახატების ქვედა ფენებში, ან კომპოზიციურ ალუზიებში. ყველაზე აშკარა M, რა თქმა უნდა, ამოტვიფრულია ლონდონური პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველზე - ეს ეკლესია აგებულია ჟან კოქტოს მიერ, რომელიც სიონის საძმოს დიდი მაგისტრი იყო.

[...] ცოტამ თუ იცის, რომ მარიამ მაგდალინელი, გარდა იმისა, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელი იყო, თავისთავად იყო ძლიერი ქალი. ის ბენიამინის ტომიდან იყო. მარიამ მაგდალინელი სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მაგდალინელს როლი შეუცვალეს და მეძავად გარდასახეს, რათა ძლევამოსილ ოჯახთან მისი კავშირის კვალი წაეშალათ. ეკლესიას მარიამ მაგდალინელის სამეფო სისხლი კი არა, ქრისტესთან მისი კავშირი აწუხებდ,ა რომელიც ასევე სამეფო სისხლისა იყო. როგორც მათეს სახარება მოგვითხრობს, იესო დავითის ჩამომავალი იყო. იგი სოლომონის, ებრაელთა მეფის შთამომავალია. ბენიამინის ძლიერ საგვარეულოსთან დანათესავებით იესომ შეურია ორი სამეფო სისხლი. ამით მან მძლავრი პოლიტიკური კავშირი შექმნა. ეს ის კავშირია, რომელსაც პოტენციურად შეიძლებოდა ტახტზე კანონიერი პრეტენზია ჰქონოდა და აღედგინა მეფეთა გენეალოგიური ხაზი, როგორც ეს სოლომონის დროს იყო.

[...] წმინდა ბარძიმის ლეგენდა არის ლეგენდა სამეფო დინასტიის შესახებ. როდესაც ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იყო „თასი, რომელშიც ესხა ქრისტეს სისხლი“... სინამდვილეში გულისხმობს მარიამ მაგდალინეს - ქალის საშოს, რომელიც ატარებდა იესოს სამეფო სისხლის შთამომავალს, მისი გვარის გამგრძელებელს. თქვენ წინაშეა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული დაფარული ფაქტი. იესო ქრისტე მარტო დაქორწინებული კი არ იყო, იგი თურმე მამაც კი ყოფილა. მარიამ მაგდალინელი იყო წმინდა ჭურჭელი. იგი იყო თასი, რომელშიც ესხა იესო ქრისტეს სამეფო სისხლი. იგი იყო საშო, რომელიც ატარებდა გვარის გამგრძელებელს, და ის ვაზი, საიდანაც საიდუმლო ნაყოფი გაიზარდა!

პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვა Sangreal წარმოიშვა სიტვებიდან San Greal - ანუ წმინდა გრაალი, მაგრამ თავისი უძველესი ფორმით სიტყვა Sangreal გაყოფილი იყო სხვა ადგილას - Sang Real, სამეფო სისხლი.

მაგდალინელის ძალაუფლებისგან თავის დასაცავად, ეკლესიამ სამარადისო მეძავად გამოაცხადა იგი და ქრისტესთან მისი ქორწინების მტკიცება საგულდაგულოდ დამალა. ამით შეუძლებელი გახადა ნებისმიერი მტკიცება, რომ ქრისტეს ჰყავდა სისხლით მასთან დაკავშირებული შთამომავალი და თვითონ იყო მოკვდავი წინასწარმეტყველი.

ჯორჯია ო-კიფი  - სიცოცხლის ყვავილი
ხუთფურცლიანი ვარდი - ამ სიმბოლოთი საძმო გრაალს, ანუ მარიამ მაგდალინელს აღნიშნავს. რადგან მისი ხსენება ეკლესიის მიერ აკრძალული იყო, იგი მრავალი საიდუმლო ფსევდონიმით გახდა ცნობილი, ესენია: თასი, წმინდა ბარძიმი და ვარდი. სახელი „ვარდი“ უკავშირდება ვენერას ხუთქიმიან მაგიურ ფიგურას და ვარდის კომპასს. სიტყვა „ვარდი“ - Rose ერთნაირად იწრება ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და მრავალ სხვა ენაში. Rose - არის ანაგრამა სიტყვისა - Eros. ეს ხორციელი სიყვარულის ბერძნული ღმერთის სახელია. ვარდი ყოველთვის იყო ქალური სექსუალურობის მთავარი სიმბოლო. ქალღმერთის პრიმიტიულ კულტებში ხუთი ფურცელი აღნიშნავდა ქალის ცხოვრების ხუთ სტატიას - დაბადებას, მენსტრუაციას, დედობას, მენოპაუზასა და სიკვდილს. გაშლილი ვარდი ჰგავს ქალის სასქესო ორგანოებს. ეს ის კვირტია, საიდანაც კაცობრიობა შემოდის ამ სამყაროში და თუ ოდესმე გინახავთ ჯორჯია ო-კიფის რომელიმე ნახატი, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

სიონის საძმო დღემდე თაყვანს სცემს მარიამ მაგდალინელს, როგორც ქალღმერთს, წმინდა ბარძიმს, ვარდს და ღვთაებრივ დედას.

***

ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები წერენ. როდესაც ორი კულტურა ეჯახება ერთმანეთს, დამარცხებული ნადგურდება, ხოლო გამარჯვებული წერს ისტორიულ წიგნებს - წიგნებს, რომლებშიც ადიდებს საკუთარ ქმედებებს და უგულებელყოფს დამორჩილებულ მტერს. ნაპოლეონმა თქვა: „რა არის ისტორია, თუ არა ზღაპარი, რომელიც ურთიერთშეთანხმებით ირწმუნეს?“ თავისი არსით ისტორია ყოველთვის ცალმხრივი მონათხრობია.

არსებობს ჭორი, რომ განძის ნაწილს წარმოადგენს ლეგენდარული Q დოკუმენტი. ამ საბუთის არსებობას ვატიკანიც კი აღიარებს. მტკიცების თანახმად, ეს არის იესოს მოძღვრებათა წიგნი, რომელიც შესაძლოა მისი საკუთარი ხელით იყოს დაწერილი.

სიონის პრიორატს ჰქონდა კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა - დაეცვა თვით სისხლით შთამომავლები. ქრისტეს შთამომავლობა მუდმივი საფრთხის წინაშე იყო. ადრეულ ეკლესიას ეშინოდა, რომ, თუ შთამომავლობა გაიზრდებოდა, საიდუმლო ქრისტესა და მაგდალინელის შესახებ ბოლოს და ბოლოს ამოტივტივდებოდა და დაემუქრებოდა კათოლიციზმის ძირეულ დოქტრინას ღვთაებრივი მესიის შესახებ, რომელსაც არ ჰქონდა ურთიერთობა ქალებთან და არავისთან იყო სექსუალურად დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ქრისტეს შთამომავლობა ფარულად გაიზარდა საფრანგეთში, ვიდრე მეხუთე საუკუნეში არ გადადგეს გაბედული ნაბიჯი. ამ დროს ისინი ქორწინების გზით დაუკავშირდნენ საფრანგეთის სამეფო გვარს და ჩამოაყალიბეს გენეალოგია, მეროვინგების დინასტიის სახით.

სიონის პრიორატს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია. მას აქვს სამმაგი ვალდებულება: უნდა დაიცვან სანგრილის დოკუმენტები, მარიამ მაგდალინელის სამარხი და რა თქმა უნდა, უნდა აღზარდონ მეროვინგების სამეფო დინასტიის დღემდე გადარჩენილი შთამომავლები და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას. [...] დარჩნილია მეროვინგების მხოლოდ ორი ხაი. ეს არის გვარები პლანტარი და სენ-კლერი.

ბარძიმის ისტორია ყველგან არის, ოღონდ დაფარულია. როდესაც ეკლესიამ სახელგატეხილი მარიამ მაგდალინელის ხსენება აკრძალა, ამბავი მის შესახებ და მისი მნიშვნელობის შესახებ თაობებს უნდა გადასცემოდათ სხვა, უფრო საიდუმლო საშუალებების გამოყენებით... იმ საშუალებებით, რომლებიც დაცული იყო მეტაფორებითა და სიმბოლოებით. ხელოვნება - ეს საუკეთესო მაგალითია. ლიტერატურისა და მუსიკის საუკეთესო ნიმუშებიც საიდუმლოდ გვიამბობენ მარიამ მაგდალინელისა და იესოს ისტორიას. ლენგდონი სწრაფად მოყვა და ვინჩის, ბოტიჩელის, პუსენის, ბერნინის, მოცარტის და ვიქტორ ჰიუგოს ქმნილებების შესახებ. ყოველი მათგანი ჩურჩულით გვიამბობს იმ მცდელობების შესახებ, რაც დაგმობილი წმინდა ქალის სახელის აღსადგენად გაკეთებულა აქამდე. უკვდავი ლეგენდები, სერ გავაინისა და მწვანე რაინდის, მეფე არტურის, მძინარე მზეთუნახავის შესახებ ბარძიმის ალეგორიებია. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა სავსეა მასონური სიმბოლოებით და ბარძიმთან დაკავშირებული იდუმალი მინიშნებებით.

დისნეის დაფარული აზრების უდიდესი ნაწილი ეხება რელიგიას, წარმართულ მითებსა და ისტორიებს დაკნინებული ქალღმერთის შესახებ. შემთხვევითი არ არის, რომ დისნეი ხელახლა მოგვიყვა კონკიას, მძინარე მზეთუნახავის და ფიფქიას ზღაპრებს. ყველა ეს ზღაპარი ეხება წმინდა ქალის დატყვევებას. სულაც არ არის საჭირო სიმბოლიზმში სპეციალური განათლება, რომ მიხვდე, ფიფქია პრინცესაა, რომელმაც დედინაცვლის რისხვა დაიმსახურა და მოწამლული ვაშლი გასინჯა. ეს იყო აშკარა ალუზია ევას დაცემისა ედემის ბაღში. ანდა, პრინცესა ავრორა ავიღოთ, მძინარე მზეთუნახავიდან, რომელსაც საიდუმლო სახელი „Rosе“ დაარქვეს და ბოროტი ჯადოქრისგან დასაცავად უღრან ტყეში დამალეს - ეს იყო ბავშვეიბსთვის დაწერილი ისტორიები ბარძიმის შესახებ.

მსოფლიოში ნებისმიერი რწმენა ფაბრიკაციაზეა დაფუძნებული. აი, სიტყვა რწმენის განმარტება - იმის მიღება, რაც ჩვენ ჭეშმარიტად მიგვაჩნია, მაგრამ ვერასოდეს დავამტკიცებთ. ყველა რელიგია ღმერთს აღწერს მეტაფორის, ალეგორიისა და ჰიპერბოლის სტილისტური საშუალებების გამოყენებით. ასე ხდებოდა ძველი ეგვიპტელებიდან მოყოლებული და თანამედროვე საკვირაო სკოლების ჩათვლით. მეტაფორები ეხმარება ჩვენს გონებას, გავიაზროთ ის, რისი გააზრებაც შეუძლებელია. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ჩვენს მეტაფორებს ჩვენ თვითონ ვიჯერებთ.

ბანქოს რამდენი მოთამაშე იმის აინუნშიც არ არის, რომ ქაღალდის ოთხი რიგი - ყვავი, გული, აგური და ჯვარი - გრაალთანაა დაკავშირებული. ეს სიმბოლოები პირდაპირ კავშირშია ტაროს ოთხ რიგთან, რომელთაც ხმალი, თასი, კვერთხი და ხუთქიმიანი ვარკსვლავი შეადგენს. ყვავი ხმალია - ბასრი პირი. მამრი. გული - თასი მდედრი. ჯვარი - კვერთხი, ანუ სამეფო გენეალოგია. აყვავებული კვერთხი (ძალაუფლების სიმბოლო). აგური - ხუთქიმიანი ვარსკვლავი - ქალღმერთი, საკრალური ქალურობა.

როდესაც შეკითხვას სწორი პასუხი არა აქვს, მაშინ მხოლოდ ერთი გულახდილი პასუხი არსებობს. უბრალოდ პასუხის არ გაცემა, რაც დადებითსა და უარყოფით პასუხს შორისაა. დუმილი.

გამომცმელობა - GAMS-print

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში