იოსებ სტალინი - რევოლუციის პერსპექტივების შესახებ

ტროცკი თავის სიტყვაში პარტიის XV კონფერენციაზე ამბობდა: „ლენინს მიაჩნდა, რომ 20 წელიწადში ჩვენ ვერასგზით ვერ ავაშენებთ სოციალიზმს, ჩვენი გლეხური ქვეყნის ჩამორცენილობის პირობებში 30 წელიწადშიც ვერ ავაშენებთ. დავუშვათ 30-50 წელიწადი, როგორც მინიმუმიო“.

მე აქ უნდა განვაცხადო, ამხანაგებო, რომ ტროცკის მიერ გამოგონილ ამ პერსპექტივას საერთო არა აქვს რა ამხ. ლენინის პერსპექტივასთან სსრ კავშირში რევოლუციის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტროცკი თვითონ იწყებს თავის სიტყვაში ამ პერსპექტივასთან ბრძოლას. მაგრამ ეს უკვე მისი საქმეა. მაგრამ უნდა უნდა განვაცხადო, რომ ვერც ლენინი და ვერც პარტია პასუხს ვერ აგებენ ტროცკის მიერ გამოგონილი ამ პერსპექტივისა და იქიდან გამომდინარე დასკვნებისათვის.

ის ფაქტი, რომ ტროცკი, რომელმაც ეს პერსპექტივა შეთხზა, თავის სიტყვაში შემდეგ თვითონ იწყებს ბრძოლას თავისსავე ნათხზავთან, - ეს ფაქტი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ტროცკი საბოლოოდ დაიბნა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.

ლენინს სრულებითაც არ უთქვამს, რომ „ჩვენ ვერასგზით ვერ ავაშენებთ სოციალიზმს“ 30 თუ 50 წელიწადში. ნამდვილად ლენინი აი რას ამბობდა:

„10-20 წელი სწორი ურთიერთობისა გლეხობასთან - და უზრუნველყოფილია გამარჯვება მსოფლიო მასშტაბით (თუნდაც რომ მოაგვიანდეთ პროლეტარულ რევოლუციებს, რომლებიც მწიფდება), წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის თეთრგვარდიული ტერორით 20-40 წელიწადს ტანჯვა“.

შეიძლება თუ არა ლენინის ამ დებულებიდან იმ დასკვნის გამოყვანა, რომ ჩვენ „ვერასგზით ვერ ავაშენებთ სოციალიზმს 20-30 ან 50 წელიწადში“? არა, არ შეიძლება. ამ დებულებიდან შეიძლება გამოვიყვანოთ მხოლოდ შემდეგი დასკვნები:

ა) გლეხობასთან სწორი ურთიერთობით ჩვენთვის უზრუნველყოფილია გამარჯვება (ე.ი. სოციალიზმის გამარჯვება) 10-20 წელიწადში;

ბ) ეს გამარჯვება იქნება გამარჯვება არა მარტო სსრ კავშირში, არამედ გამარჯვება „მსოფლიო მასშტაბით“;

გ) თუ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ გამარჯვება ამ ვადაში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ გაგვანადგურეს, და პროლეტარიატის დიქტატურის რეჟიმი შეიცვალა თეთრგვარდიული ტერორის რეჟიმით, რომელმაც შეიძლება 20-40 წელიწადს გასტანოს.

რა თქმა უნდა, შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ლენინის ამ დებულებას და იქიდან გამომდინარე დასკვნებს. მაგრამ არ შეიძლება დაამახინჯო იგი, როგორც ამას ტროცკი სჩადის.

ხოლო რას ნიშნავს გამარჯვება „მსოფლიო მასშტაბით“? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ასეთ გამარჯვებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სოციალიზმის გამარჯვებას ერთ ქვეყანაში? არა, არ ნიშნავს. ლენინი თავის თხზულებებში ზუსტად განასხვავებს ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვებას გამარჯვებისგან „მსოფლიო მასშტაბით“. „მსოფლიო მასშტაბით“ გამარჯვებაზე რომ ლაპარაკობს, ლენინს სურს თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის წარმატებებს, ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური მშენებლობის გამარჯვებას ისეთი უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, რომ იგი (გამარჯვება) არ შეიძლება შემოიფარგლოს ჩვენი ქვეყნით, არამედ მან ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაში უნდა გამოიწვიოს მძლავრი მოძრაობა სოციალიზმისაკენ, ამასთან, თუ ეს გამარჯვება დროის მიხედვით ვერ დაემთხვა პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებას სხვა ქვეყნებში, მან ყოველ შემთხვევაში დასაწყისი უნდა მისცეს სხვა ქვეყნების პროლეტართა მძლავრ მოძრაობას მსოფლიო რევოლუციის გამარჯვებისაკენ.

აი როგორია რევოლუციის პერსპექტივა ლენინის მიხედვით, თუ მხედველობაში ვიქონიებთ რევოლუციის გამარჯვების პერსპექტივებს, რაზედაც არის სწორედ ლაპარაკი ჩვენს პარტიაში.

ამ პერსპექტივისა და 30-50 წლის შესახებ ტროცკის პერსპექტივის ერთმანეთში არევა ნიშნავს ლენინისათვის ცილის დაწამებას.

როგორ დგას საკითხი ნამდვილად

ვთქვათ ასეა, გვეუბნება ოპოზიცია, მაგრამ ვისთან უმჯობესია, ბოლოს და ბოლოს, გვქონდეს კავშირი - მსოფლიო პროლეტარიატთან თუ ჩვენი ქვეყნის გლეხობასთან, ვის მივცეთ უპირატესობა - მსოფლიო პროლეტარიატს თუ სსრ კავშირის გლეხობას? ამასთან საქმე ისე გამოჰყავთ, თითქოს დგას სსრ კავშირის პროლეტარიატი და მის წინაშე ორი მოკავშირეა - მსოფლიო პროლეტარიატი, რომელიც მზად არის დაუყოვნებლივ დაამხოს თავისი ბურჟუაზია, მაგრამ საამისოდ ელოდება ჩვენს უპირატესობითს თანხმობას, და ჩვენი გლეხობა, რომელიც მზად არის დაეხმაროს სსრ კავშირის პროლეტარიატს, მაგრამ სავსებით დარწმუნებული არ არის, რომ სსრ კავშირის პროლეტარიატი დათანხმდება ამ დახმარების მიღებაზე. ეს, ამხანაგებო, საკითხის ბავშვური დაყენებაა. საკითხის ასეთ დაყენებას საერთო არაფერი აქვს არც ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მიმდინარეობასთან, არც მსოფლიო კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ბრძოლის ფრონტზე ძალთა თანაფარდობასთან. ბოდიშს ვიხდი ასეთი გამოთქმისათვის, მაგრამ საკითხის ასე დაყენება მხოლოდ ინსტიტუტელ ქალისვილებს შეუძლიათ.

სამწუხაროდ, საქმის ვითარება ისეთი როდია, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი გვიხატავს, ამასთან საფუძველი არა გვაქვს ეჭვი ვიქონიოთ იმაში, რომ ჩვენ სიამოვნებით მივიღებდით დახმარებას როგორც ერთი, ისე მეორე მხრისაგან, მარტო ჩვენზე რომ იყოს ეს დამოკიდებული. არა, ასე როდი დგას საკითხი სინამდვილეში.

საკითხი აი ასე დგას: ვინაიდან მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის ტემპი შენელდა, დასავლეთში სოციალიზმის გამარჯვება ჯერ არა ჩანს, სსრ კავშირის პროლეტარიატი კი ხელისუფლების სათავეში დგას, წლითი-წლობით განამტკიცებს მას, თავის გარშემო რაზმავს გლეხობის ძირითად მასებს, აქვს უკვე სერიოზული წარმატებანი სოციალისტური მშენებლობის ფრონტზე და წარმატებით განამტკიცებს ყველა ქვეყნის პროლეტარებთან და ჩაგრულ ხალხებთან მეგობრობის კავშირს, - გვაქვს თუ არა საფუძველი უარვყოფდეთ იმას, რომ სსრ კავშირის პროლეტარიას შეუძლია დასძლიოს თავისი ბურჟუაზია და განაგრძოს სოციალიზმის ძლევამოსილი მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად კაპიტალისტური გარემოცვისა?

აი როგორ დგას საკითხი ახლა, თუ, რასაკვირველია, დავეყრდნობით არა ფანტაზიებს, როგორც ამას ოპოზიციური ბლოკი სჩადის, არამედ სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის ბრძოლის ფრონტზე ძალთა ნამდვილ თანაფარდობას.

პარტია ამ კითხვაზე უპასუხებს, რომ სსრ კავშირის პროლეტარიატს შეუძლია ასეთ პირობებში დასძლიოს თავისი „ნაციონალური“, ბურჟუაზია და წარმატებით აშენოს სოციალისტური მეურნეობა.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ:

„ევროპის პროლეტარიატის პირდაპირი სახელმწიფოებრივი დახმარების გარეშე რუსეთის მუშათა კლასი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერ გადააქცევს თავის დროებით ბატონობას ხანგრძლივ სოციალისტურ დიქტატურად“ (იხ. ტროცკი, „ჩვენი რევოლუცია“)

ხოლო როგორია ტროცკის ამ ციტატის აზრი და რას ნიშნავს „ევროპის პროლეტარიატის სახელმწიფოებრივი დახმარება“? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასავლეთის პროლეტარიატმა წინასწარ არ გაიმაჯრვა, თუ დასავლეთის პროლეტარიატმა წინასწარ არ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, სსრ კავშირის პროლეტარიატს არა თუ არ შეუძლია დასძლიოს თავისი ბურჟუაზია და აშენოს სოციალიზმი, არამედ ძალაუფლებასაც ვერ შეინარჩუნებს.

აი როგორ დგას საკითხი და აი სად არის ჩვენი უთანხმოების ფესვი.

რით განსხვავდება ტროცკის ეს პოზიცია მენშევიკ ოტო ბაუერის პოზიციისაგან?

სამწუხაროდ, არაფრით.

გამარჯვების შანსების შესახებ

ვთქვათ ასეა, ამბობს ოპოზიცია, მაგრამ ვის მეტი აქვს გამარჯვების შანსი - სსრ კავშირის პროლეტარიატს თუ მსოფლიო პროლეტარიატს?

„შეიძლება ტუ არა წარმოვიდგინოთ, - ამბობს ტროცკი თავის სიტყვაში საკავშირო კ.პ. (ბ) XV კონფერენციაზე, - რომ 30-50 წლის განმავლობაში ევროპის კაპიტალიზმი ლპობას განიცდის, პროლეტარიატს კი რევოლუციის მოხდენის უნარი არ აღმოაჩნდება? მე გეკითხებით: რატომ უნდა ავიღო მე ეს წანამძღვარი, რომელსაც არ შეიძლება სხვა რამე ეწოდოს, თუ არა წანამძღვარი უსაფუძვლო უნუგეშო პესიმიზმისა ევროპის პროლეტარიატის მიმართ?.. მე ვამტკიცებ, რომ არავითარი თეორიული თუ პოლიტიკური საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ ჩვენთვის გლეხობასთან ერთად უფრო ადვილი იქნება სოციალიზმის აშენება, ვიდრე ევროპის პროლეტარიატისათვის - ძალაუფლების აღება“. (იხ. ტროცკის სიტყვა საკავშირო კ.პ. (ბ) XV კონფერენციაზე).

ჯერ-ერთი, უყოყმანოდ უნდა უგუვაგდოთ ევროპაში „30-50 წლის განმავლობაში“ უძრაობის პერსპექტივა. ტროცკისათვის არავის არ დაუვალებია დაყრდნობოდა დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში პროლეტარული რევოლუციის ამ პერსპექტივას, რომელსაც ჩვენი პარტიის პერსპექტივასთან საერთო არა აქვს რა. ტროცკიმ თვითონ შეიბოჭა თავი ამ გამოგონილი პერსპექტივით და თვითონვე უნდა აგოს პასუხი ასეთი ოპერაციის შედეგებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ვადები ერთიორად მაინც უნდა შემოკლდეს, თუ მხედველობაში ვიქონიებთ დასავლეთში პროლეტარული რევოლუციის ნამდვილ პერსპექტივას.

მეორეც, ტროცკი უყოყმანოდ წყვეტს, რომ დასავლეთის პროლეტარებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ დასძლიონ მსოფლიო ბურჟუაზია, რომელსაც ამჟამად ძალაუფლება უპყრია, ვიდრე სსრ კავშირის პროლეტარიატს - დასძლიოს თავისი, „ნაციონალური“, ბურჟუაზია, რომელიც პოლიტიკურად უკვე განადგურებულია, სახალხო მეურნეობის მბრძანებელი პუნქტებიდან განდევნილია, ეკონომიურად იძულებულია უკან იხევდეს პროლეტარიატის დიქტატურისა და ჩვენი მეურნეობის სოციალისტური ფორმების შეტევის გამო.

მე მიმაჩნია, რომ საკითხის ასეთი დაყენება სწორი არ არის. მე მიმაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენებით ტროცკი სავსებით ამხელს თვის თავს. განა სწორედ ამასვე არ გვეუბნებოდნენ მენშევიკები 1917 წლის ოქტომბერში, როცა ისინი ყველა გზაჯვარედინზე გაიძახოდნენ, რომ დასავლეთის პროლეტარებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ ბურჟუაზიის დამხობისა და ძალაუფლების აღებისა, ვიდრე რუსეთის პროლეტარებს, სადაც ტექნიკა ნაკლებად განვითარებულია და სადაც პროლეტარიატი მცირერიცხოვანიაო? და განა ფაქტი არ არის, რომ, მიუხედავად მენშევიკების გოდებისა, რუსეთის პროლეტარებს 1917 წლის ოქტომბერში გაცილებით მეტი შანსი აღმოაჩნდათ ძალაუფლების აღებისა და ბურჟუაზიის დამხობისა, ვიდრე ინგლისის, საფრანგეთის ან გერმანიის პროლეტარებს? განა მთელ მსოფლიოში რევოლუციური ბრძოლის პრაქტიკამ არ დაგვანახა და არ დაამტკიცა, რომ არ შეიძლება საკითხის ისე დაყენება, როგორც მას ტროცკი აყენებს?

ის საკითხი, თუ ვის მეტი აქვს მალე გამარჯვების შნსი, წყდება არა იმ გზით, რომ დავუპირისპიროთ ერთი ქვეყნის პროლეტარიატი სხვა ქვეყნების პროლეტარიატს ან ჩვენი ქვეყნის გლეხობა - სხვა ქვეყნების პროლეტარიატს. ასეთი დაპირისპირება ბალღური შედარობანას თამაშია. ის საკითხი, თუ ვის მეტი აქვს მალე გამარჯვების შანსი, წყდება რეალური საერთაშორისო ვითარებით, კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ბრძოლის ფრონტზე ძალთა რეალური თანაფარდობით. შეიძლება მოხდეს, რომ დასავლეთის პროლეტარებმა დაამარცხონ თავიანთი ბურჟუაზია და ხელთ იგდონ ძალაუფლება უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ჩვენი ეკონომიკის სოციალისტური საძირკვლის აშენებას მოვასწრებდეთ. ეს სრულებითაც არ არის გამორიცხული. მაგრამ შეიძლება ისიც მოხდეს, რომ სსრ კავშირის პროლეტარიატი მოახერხებს ჩვენი ეკონომიკის სოციალისტური საძირკვლის აშენებას უფრო ადრე, ვიდრე პროლეტარები დასავლეთში თავიანთ ბურჟუაზიას დაამხობენ. არც ეს არის გამორიცხული.

მალე გამარჯვების შანსების საკითხის გადაწყვეტა აქ დამოკიდებულია კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ბრძოლის ფრონტზე შექმნილ რეალურ ვითარებაზე და მხოლოდ მასზე.

პრაქტიკულ-პოლიტიკური უთანხმოებანი

ასეთია ჩვენი უთანხმოების საფუძვლები.

ამ საფუძვლებიდან გამომდინარეობენ პრაქტიკულ-პოლიტიკური ხასიათის უთანხმოებანი როგორც საგარეო და საშინაო პოლიტიკის დარგში, ისე წმინდა პარტიულ დარგში.

ა) პარტია, გამოდის რა კაპიტალიზმის ნაწილობრივი სტაბილიზაციის ფაქტიდან, ფიქრობს, რომ ჩვენ ვიმყოფებით რევოლუციათაშორის პერიოდში, რომ ჩვენ კაპიტალისტურ ქვეყნებში რევოლუციისაკენ მივდივართ, და კომპარტიების ძირითადი ამოცანა ის არის, რომ გზა გაიკაფონ მასებისაკენ, განამტკიცონ კავშირი მასებთან, დაეუფლონ პროლეტარიატის მასობრივ ორგანიზაციებს და მოამზადონ მუშატა ფართო მასები მომავალი რევოლუციური შეჯახებებებისათვის.

მაგრამ ოპოზიცია, რომელსაც არა სწამს ჩვენი რევოლუციის შინაგანი ძალები და ეშინია კაპიტალიზმის ნაწილობრივი სტაბილიზაციისა, როგორც ისეთი ფაქტისა, რომელსაც შეუძლია დაღუპოს ჩვენი რევოლუცია, შესაძლებლად მიაჩნია (ან მიაჩნდა) კაპიტალიზმის ნაწილობრივი სტაბილიზაციის ფაქტის უარყოფა, ინგლისის გაფიცვა მიაჩნია (ან მიაჩნდა) კაპიტალიზმის სტაბილიზაციის დამთავრების ნიშნად, ხოლო როცა მაინც აღმოჩნდა, რომ სტაბილიზაცია ფაქტია, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მით უარესია ფაქტებისათვის და რომ, მაშასადამე, შეიძლება გადავახტეთ ფაქტებს, ამასთან თავი მოგვქონდეს მყვირალა ლოზუნგით ერთიანი ფრონტის ტაქტიკის გადასინჯვის, დასავლეთში პროფესიულ მოძრაობასთან კავშირის გაწყვეტის შესახებ და ა.შ.

მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ ანგარიში არ გაუწიო ფაქტებს, მოვლენათა ობიექტურ მსვლელობას? ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერების ნიადაგს მოშორდე და მარჩიელობის ნიადაგზე დადგე.

აქედან წარმოსდგება ავანტიურიზმი ოპოზიციური ბლოკის პოლიტიკაში.

ბ) პარტია, გამოდის რა იქიდან, რომ ინდუსტრიალიზაცია სოციალისტური მშენებლობის ძირითადი გზაა, ხოლო სოციალისტური ინდუსტრიისათვის ძირითად ბაზარს ჩვენი ქვეყნის საშინაო ბაზარი წარმოადგენს, ფიქრობს, რომ ინდუსტრიალიზაცია უნდა ვითარდებოდეს გლეხობის ძირითადი მასის (მუშებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ) მატერიალური მდგომარეობის განუხრელი გაუმჯობესების ბაზაზე, რომ კავშირი ინდუსტრიასა და გლეხურ მეურნეობას შორის, პროლეტარიატსა და გლეხობას შორის და პროლეტარიატის ხელმძღვანელობა ამ კავშირში, როგორც ამბობს ლენინი, „ალფა და ომეგა საბჭოთა ხელისუფლებისა“ და ჩვენი მშენებლობის გამარჯვებისა, რომ ამასტან დაკავშირებით საერთოდ ჩვენი პოლიტიკა, კერძოდ საგადასახადო პოლიტიკა და ფასების პოლიტიკა, ისე უნდა იქნას აგებული,რომ ხელს უწყობდეს ამ კავშირის ინტერესებს.

მაგრამ ოპოზიცია, რომელსაც არა სწამს სოციალიზმის მშენებლობის საქმეში გლეხობის ჩაბმის შესაძლებლობა და ალბათ ფიქრობს, რომ ინდუსტრიალიზაციის გატარება შეიძლება გლეხობის ძირითადი მასის საზიანოდ, გადადის ინდუსტრიალიზაციის კაპიტალისტური მეთოდების გზაზე, იმ გზაზე, რომ გლეხობა განიხილოს როგორც „კოლონია“, როგორც პროლეტარული სახელმწიფოს მხრივ „ექსპლოატაციის“ ობიექტი, და აყენებს ინდუსტრიალიზაციის ისეთ ღონისძიებებს (გლეხობის გადასახადებით დაბეგვრის გაძლიერება, სამრეწველო საქონლის გასაცემი ფასების გადიდება და ა.შ.), რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ დაარღვიონ ინდუსტრიის კავშირი გლეხურ მეურნეობასთან, ძირი გამოუთხარონ ღარიბი და საშუალო გლეხის ეკონომიკურ მდგომარეობას და დაარღვიონ თვით საფუძვლები ინდუსტრიალიზაციისა.

აქედან წარმოსდგება ოპოზიციის უარყოფოთი დამოკდებულება პროლეტარიატსა და გლეხობას შორის ბლოკის და ამ ბლოკში პროლეტარიატის ჰეგემონიის იდეისამი, - დამოკიდებულება, რომელიც სოციალ-დემოკრატიის დამახასიათებელია.

გ) ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ პარტია, კომუნისტური პარტია, პროლეტარიატის დიქტატურის ძირითადი ინსტრუმენტია, რომ ხელმძღვანელობა ერთი პარტიისა, რომელიც არ უზიარებს და ვერც გაუზიარებს ამ ხელმძღვანელობას სხვა პარტიებს, წარმოადგენს იმ ძირითად პირობას, ურომლისოდაც წარმოუდგენელია პროლეტარიატის რამდენიმე მტკიცე და განვითარებული დიქტატურა. ამის გამო ჩვენ შეუწყნარებლად მიგვაჩნია ფრაქციების არსებობა ჩვენი პარტიის შიგნით, ვინაიდან თავისთავად ცხადია, რომ პარტიის შიგნით ორგნაიზებული ფრაქციების არსებობა იწვევს ერთიანი პარტიის დაშლას პარალელურ ორგანიზაციებად, ჩვენს ქვეყანაში ახალი პარტიის ან ახალი პარტიების ჩანასახთა და უჯრედთა შექმნას და მაშასადამე პროლეტარიატის დიქტატურის რღვევას.

მაგარამ ოპოზიცია, რომელიც აშკარად არ ილაშქრებს ამ დებულებათა წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა თავის პრაქტიკულ მუშაობაში გამოდის პარტიის ერთიანობის შესუსტების აუცილებლობიდან, პარტიის შიგნით ფრაქციების თავისუფლების აუცილებლობიდან და, მაშასადამე, - ახალი პარტიისათვის ელემენტების შექმნის აუცილებლობიდან.

აქედან წარმოსდგება გამთიშველი პოლიტიკა ოპოზიციური ბლოკის პრაქტიკულ მუშაობაში.

აქედან წარმოსდგება პარტიაში „რეჟიმის“ შესახებ ოპოზიციის მიერ ატეხილი ღრიანცელი, რაც არსებითად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში პროლეტარიატის დიქტატურის რეჟიმის წინააღმდეგ არაპროლეტარული ელემენტების პროტესტების გამოხატულებას.

აქედან წარმოსდგება საკითხი ორი პარტიის შესახებ.

ასეთია, ამხანაგებო, საერთო ჯამი ჩვენი უთანხმოებისა ოპოზიციასთან.

დეკემბერი 1926 - ივლისი 1927
გამომცემლობა „სახელგამი“, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი, თბილისი, 1949წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში