რევაზ გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

1991 წლის ბოლოს მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფოს საბოლოო დაშამ შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკა. პირველად შუა საუკუნეების შემდეგ აღდგენა დაიწყო თურქეთისა და ირანის, როგორც რეგიონული ზესახელმწიფოების, ფაქტობრივმა სტატუსმა: ისინი ხელახლა გამოჩნდნენ იმ სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც მათ ორი საუკუნე არავინ აჭაჭანებდა. 1990-იანი წლების მიჯნიდან ისრაელმა შეიძინა ერთი მილიონი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, რომელთაც მკვეთრად გაზარდეს მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ევარდ საიდი თავის წიგნში „ორიენტალიზმი“ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთში არსებობს ყალბი წარმოდგენა ახლო აღმოსავლეთის შესახებ, დამყარებული ცრურწმენებზე და წინასწარაღებულ აზრზე, რომ აღმოსავლეთი არ იცვლება და ის „უმდაბლესია“. სხვაგან ის წერდა, „რამდენადაც ეს შეერთებულ შტატებს ეხება, ოდნავი გადაჭარბება იქნება თუ ვიტყვი, რომ მუსლიმები და არაბები იქ არსებითად აღიქმებიან ან როგორც ნავთობის მომწოდებლები ან როგორც პოტენციური ტერორისტები“.

ამერიკელი მეცნიერის, ლერი უოლფის სიტყვებით, „როდესაც 1770 წელს ვოლტერი რუსეთის თვითმპყრობელ ეკატერინე II-ს სწერდა: „თქვენი უდიდებულესობა არმიებს უნდა წარმართავდეს ვალახეთში, პოლონეთში, ბესარაბიაში, საქართველოში; და ამ დროს კი თქვენ პოულობთ დროს მომწეროთ!“ ვოლტერი აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიის სამშენებლო ბლოკებს აწყობდა განათლებული ხალხის გონებრივ რუკაზე“. გამოდის, რომ უკვე XVIII საუკუნეში საქართველო, ყოველ შემთხვევაში, ვოლტერის მიერ, აღიქმებოდა, ევროპის ბლოკად თუ არა, ერთ აგურად მაინც.

ანგარიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთშია ნავთობის დადგენილი მსოფლიო მარაგის 55 პროცენტი და ბუნებრივი გაზის (ანუ კონვენციური - დამოუკიდებელი ბუდობების სახით არსებული ან ნავთობის თანმხლები - აირის) დადგენილი მსოფლიო მარაგის 41 პროცენტი.

ახლო აღმოსავლეთის წილი ნავთობის მსოფლიო მარაგში ბოლო წლებში ერთგვარად შემცირდა (64 პროცენტიდან 2001 წელს 55 პროცენტამდე - 2010 წელს), რადგან ბოლო ათწლეულში აღმოჩნდა ახალი რესურსები ვენესუელაში (იქ ახლა მსოფლიო მარაგის 15 პროცენტს ვარაუდობენ), ანგოლაში, ყაზახეთში, კანადაში და სხვ. მაგრამ ახლო აღმოსავლეთი დღემდე ფლობს ნავთობის მსოფლიო მარაგის ნახევარზე მეტს, თანაც მისი ნავთობი ხარისხით უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, ვენესუელის ან ყაზახეთისა. მოპოვებაც აქ უფრო იაფი ჯდება.

1908 წელს სამხრეთ ირანში, მასჯედ-ე-სოლეიმანის მახლობლად, ჭაბურღილიდან პირველად ამოხეთქა ნავთობმა. მაშინვე შეიქმნა „ანგლო-სპარსული სანავთობო კომპანია“ (1954 წლიდან ესაა „ბრიტიშ პეტროლიუმი“). ამ კომპანიის მთავარი აქციონერი 1914 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ინგლისის სამხედრო-საზღვაო ძალების იმდროინდელი მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დაჟინებული მოთხოვნით, გახდა დიდი ბრიტანეთის მთავრობა. 1910-13 წლებში კომპანიამ ააგო ნავთობსადენი სპარსეთის ტერმინალ აბადანამდე, სადაც 1913 წელს გაიხსნა ახლო აღმოსავლეთში პირველი და, დიდხანს, მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 1934 წელს დაიწყო ნავთობის სამრეწველო მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან. 1932 წელს აღმოაჩინეს ნავთობი საუდის არაბეთში. 1938 წელს იქ მისი სამრეწველო მოპოვება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომამდე ნავთობის ძირითადი მწარმოებლები მხოლოდ ირანი და ერაყი იყვნენ. 1940-იანი წლების დასაწყისში მთელი რეგიონი მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის სულ 5 პროცენტს აწარმოებდა. 1946 წლიდან დაიწყო ნავთობის მოპოვება ქუვეითში. მალე აღმოჩნდა, რომ ნავთობი ასევე მდიდარია უდაბური და ხალხმცირე საამიროები აბუ-დაბი და დუბაი (მომავალი გაერთიანებული არაბული საამიროების წევრები).

მთელი ასი წლის განმავლობაში, 1870-იანი წლებიდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე, ნავთობის საშუალო მსოფლიო ფასი არასოდეს გადასცილებია 2 აშშ დოლარს ბარელისათვის. მის ფასზე არ ზემოქმედებდნენ არც მსოფლიო, არც ლოკალური ომები და არც ეკონომიკური კრიზისები. ფაქტობრივად, ინფლაციის გათვალისწინებით, ნავთობი იაფდებოდა კიდეც, რადგან ბარელი ნავთობისთვის, მაგალითად, 1913 წელს გადახდილი ერთი დოლარი 2010 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 20 დოლარს უდრიდა, ხოლო 1970 წელს გადახდილი 1.8 დოლარი - 10 დოლარს (იმავე 2010 წლის პარიტეტით) მთელი 1950-1960-იანი წლების განმავლობაში, ბარელი ნავთობი სტაბილურად ღირდა 1.8 დოლარი, რასაც ზემოხსენებული კარტელი უდგა გარანტად.

ნავთობის მსოფლიო „ფასების რევოლუცია“ პირველად 1973 წელს მოხდა. იმ წლის ოქტომბერში ისრაელისა და არაბული ქვეყნების ომმა („იომ-ქიფურის“ ომი) ბიძგი მისცა არაბული ქვეყნების ემბარგოს „პროისლამურ“ აშშ-სა და ნიდერლანდებში ნედლი ნავთობის გატანაზე. ამას მოჰყვა პანიკა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და, შესაბამისად, ფასის უკონტროლო ზრდა. 1974 წლის ბოლოსათვის ერთი ბარელინედლი ნავთობის ფასი 1970 წლის დონესთან შედარებით თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და 11.58 აშშ დოლარს მიაღწია (2010 წლის ფასებით ეს 51 დოლარს უტოლდება). შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ახალ პიკს მიაღწია მხოლოდ 1980 წელს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციისა და მალევე დაწყებული ერაყ-ირანის ომით გამოწვეულმა პანიკამ ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 36.83 დილარამდე აიყვანა (2010 წლის ფასებით ეს 96 დოლარს უტოლდება). ნედლი ნავთობის ფასი კარგა ხანს აღარ გაზრდილა, ხოლო 1980-იანი წლების მეორე ნახევარში 16-18 დოლარამდეც კი ჩამოვიდა, რამაც, სხვათა შორის, ხელი შეუწყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე ორიენტირებული საბჭოთა ეკონომიკის კრახს, გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ ჩავარდნას და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლას. სტაბილური ფასი ნედლ ნავთობზე 1990-იან წლებშიც შენარჩუნდა, ხოლო 1998 წელს 12.72 დოლარამდე დაეცა (ამას რუსეთში მოჰყვა დეფოლტი და ეკონომიკური კრიზისი). მაგრამ XX საუკუნის დასაწყისიდან ნავთობის ფასმა ისევ დაიწყო ზრდა და 2008 წლის ივლისში მოხსნა ყველა რეკორდი - ბარელის ფასი 147 დოლარი გახდა! თუმცა, მალევე დაწყებულმა მსოფლიო საბანკო საფინანსო კრიზისმა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა მკვეთრად დაასუსტა, ნავთობის ფასიც დასცა. ორიოდე წლის შემდეგ ფასმა მაინც აიწია და 2011 წლის სექტემბრისათვის 115-120 აშშ დოლარს მიაღწია (ოღონდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დასუსტებული დოლარია!)

ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, სადაც საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ნელა იზრდებოდა და ცალკეულ წლებში კვდებოდა იმდენივე, ან მეტიც კი, ვიდრე იბადებოდა, ბოლო ნახევარი საუკუნეა „დემოგრაფიული აფეთქების“ სტადიაშია, და ამას ბოლო ჯერ არ უჩანს. 1950 წელს რეგიონში 86 მილიონ ადამიანს ითვლიდნენ, 1970 წელს - 139 მილიონს, 2000 წელს - 300 მილიონს, 2011 წელს კი უკვე 378 მილიონს.

***
საკუთარი და ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემა სავსებით ლოგიკურია ერთი წარმოშობის ტომისათვის: ის შეკრული უნდა იყოს, რათა ყველა მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს საერთო ძალით გაუმკლავდეს. ერთი, მფარველი და მხოლოდ თავის რჩეულ ხალხზე მზრუნველი ღმერთის იდეა კი პოლიტიკური მონოლითის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

პოლითეისტური რწმენის მქონე დამპყრობელი, ჩვეულებრივ, უფრო ადვილად ეგუება ადრე დამკვიდრებულ კულტებს, შეიძლება გაითავისოს კიდეც ზოგიერთი ადგილობრივი ღვთაება და „ჩააჩოჩოს“ საკუთარი ღმერთები ძველ პანთეონში.

მონოთიზმი არ უტოვებს ადგილს სხვა ღმერთებს და აგრესიულად იცავს თავის ექსკლუზიურ ადგილს ადამიანის სულში. თავისთავად, მონოთეიზმი არ ნიშნავს, რომ ის უფრო აახლოებს ჭეშმარიტებასთან ადამიანს, ვიდრე პოლითეიზმი, რომლის შემთხვევაშიც რელიგიური სისტემის შემქმნელი ადამიანები ღმერთის ფუნქციების ანაწილებენ რამდენიმე ღვთაებაზე და მათ იერარქიას ქმნიან.

მიუხედავად თვალსაჩინო განსხვავებებისა და კონფრონტაციისაც კი, ახლოაღმოსავლური მონოთეისტური რელიგიები საკუთარი ფესვებით საკმაოდ მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. აშკარაა, რომ ისლამი თაყვანისცემისას იმავე ღმერთს გულისხმობს, რომლესაც იუდაიზმი და ქრისტიანობა: „ალლაჰ“-ი - არაბულად და „ელ“-ი - ებრაულად „ღმერთს“ ნიშნავს. საერთოსემიტური (მათ შორის ქანაანელთა) მთავარი ღმერთი ასევე „ელ“-ი იყო. ისლამი ცნობს წინასწარმეტყველებად იმავე პირებს, რომლებსაც იუდაიზმი და ქრისტიანობა. არაბულად ნუხი იგივეა, რაც ებრაულად ნოახი (ქართულად - ნოე); ასევეა იბრაჰიმი (აბრაჰამი, აბრამი), ისხაკი (იცხაკი, ისაკი), იაკუბი (იაკოვი, იაკობი), იუსუფი (იოსეფი, იოსები), ისმაილი (იშმაელი), მუსა (მოშე, მოსე), ჰარუნი (აჰარონი, არონი), აიუბი (იობი), დაუდი (დავიდი, დავითი), სულეიმანი (შლომო, სოლომონი), ილიასი (ელიაჰუ, ილია), იუნუსი (იონა). ქრისტიანებისათვის მაცხოვარი იესო (ებრაულად - იეშუა) მუსლიმებისთვის არის წინასწარმეტყველი ისა ბინ-მარიამ (იესო მარიამის ძე). ისლამი პატივს მიაგებს მარიამს როგორც წინასწარმეტყველ ისას დედას: იგი იშვიათი ქალია, რომელსაც ყურანი მოწიწებით ახსენებს. გარდა ამისა, ყურანი წინასწარმეტყველებს (ასეთად იქ 28 პირია მოხსენიებული) მიათვლის ადამსა და ისქანდარს (ალექსანდრე მაკედონელს). მაგრამ ყველაზე მაღლა ყურანი აყენებს ისლამისთვის უდიდეს წინასწარმეტყველ - მუჰამმადს. ქრისტიანებმა იუდაიზმისგან თავიანთი გამოყოფა წიგნის (ახალი აღთქმის) სახით დააკანონეს; მათთვის ებრაელთა წმინდა წიგნი - თანახი - ძველ აღთქმად იქცა. მუჰამმადი, როდესაც ისლამის დროშის ქვეშ არაბებს აერთიანებდა, ბიბლიას (ძველ და ახალ აღთქმას) განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და „წიგნის ხალხის“ მიმართ შემწყნარებლობას მოითხოვდა. მუჰამმადის მეტიდაციები ჯერ ზეპირად გადაეცემოდა, მისი სიკვდილის შემდეგ წიგნის (ყურანის) სახით ჩამოყალიბდა და დაკანონდა.

ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა და კარგა ხანს გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკის იარაღი, ამჟამად პრაქტიკულად გამქრალი ზოროასტრიზმი. ის უკვე ძვ. წ. VI საუკუნეში იქცა იმპერიის (აქამანიანთა ირანის) ფაქტობრივ სახელმწიფო რელიგიად, ჰქონდა თავისი წმინდა წიგნი (ავესტა). მიიჩნევენ, რომ მისმა ადრეულმა ფორმებმა გავლენა მოახდინა იუდაიზმის ფორმირებაზე და მისი მეშვეობით - ქრისტიანობაზე. ტექნიკურად ზოროასტრიზმი მონოთეისტური რელიგია იყო, ან „ახლოს იდგა მონოთეიზმის იდეასთან“, თუმცა სამყაროს დუალისტური პოზიციიდან განიხილავდა, სადაც ღმერთი აჰურა მაზდა ადამიანის სულებისათვის ებრძოდა ბოროტებას (სიცრუეს), რომელსაც არიმანი განასახიერებდა. ზოროასტრიზმი უარყოფდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვის ველურ პრაქტიკას. თავიდან ის საკმაოდ ტოლერანტული რელიგია იყო: აქამანიანთა ირანში ყველა ღმერთის ტაძარი თავისულად მოქმედებდა.

ზოროასტრიზმა ვერ გაუწია სათანადო მეტოექობა ახალ, აქტიურ მონოთეისტურ რელიგიებს. მას შეუბრალებლად ებრძოდა ჯერ ქრისტიანობა, ხოლო ისლამმა საერთოდ ბოლო მოუღო. ირანში ზოროასტრიზმის მხოლოდ მცირერიცხოვანი მიმდევრები დარჩნენ; „პარსების“ სახელით ცნობილი ზოროასტრელების უმეტესობა ახალ ინდოეთში ცხოვრობს, სადაც მათი ცენტრია ქალაქი მუმბაი (ადრე ცნობილი, როგორც ბომბეი).

***
შიდარელიგიური სხვაობა თვალსაჩინოა და ეს პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას. ისრაელთან კონფლიქტში ქრისტიანი პალესტინელი არაბები შედარებით უფრო ნეიტრალური პოზიციის დაცვას ამჯობინებდნენ, კონფრონტაციაში მუსლიმი პალესტინელები არიან ჩართული. სხვათა შორის, ეს გარემოება ქრისტიან არაბებს გარკვეულ ორაზროვნებას უქმნის: მუსლიმი თანამოძმეები მათ ნაკლებად ენდობიან და არც ისრაელი იჩენს მათ მიმართ რაიმე თანაგრძნობას. ამიტომაც ქრისტიანი პალესტინელების ემიგრაციას მასობრივი ხასიათი მიეცა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ისლამს, ან ისლამიზმს, შეიძლება განისაზღვროს, როგორც რწმენა, რომ ყურანსა და ჰადისებში მოცემულია ყველაფერი მნიშვნელოვანი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოს საზოგადოება და მმართველობა. ისლამიზმის თანდათანობით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მძლავრ იდეოლოგიურ ძალად ყალიბდება. უკანასკნელ ათლწეულებში, განსაკუთრებით, 1970-იანი წლების ბოლოდან, ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მეტ ძალას იძენენ ისლამზე ორიენტირებული მოძრაობები, რომლებიც ადგილობრივ სეკულარულ ხელისუფალთ უკიჟინებენ მორალის დეგრადაციას, ისლამისათვის მიუღებელ დასავლურ ფასეულობათა დანერგვას.

ისლამიზმის აღზევება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორისაა ძველი კოლონიური ჩაგვრა, დასავლური ფასეულობების აგრესიული შეჭრა უცხო კულტურულ გარემოში და არანაკლებ აგრესიული უკურეაქცია ამაზე. სამწუხაროდ, XXI საუკუნის დამდეგიდან დასავლეთის ქვეყნების თეორიულად გამართლებულმა პოლიტიკამ ისლამურ აღმოსავლეთში დემოკრატიის ხელშესაწყობად და ტირანული რეჟიმების დასამხობად (ავღანეთი, ერაყი) პრაქტიკაში უკუშედეგი მოიტანა და გააძლიერა ისლამური ოპოზიცია. ეს ტენდენცია სულ უფრო გამოკვეთილი ხდება.

ძალიან არსებითია, რომ შვილის რელიგიისა და/ან ეროვნების მამით განსაზღვრის წესისაგან განსხვავებით, რაც ყველა ძირითადი სარწმუნოებისა და ცივილიზაციის მიერ აღიარებული ტრადიციაა, ებრაელის რელიგია/ეროვნება დედის მიხედვით დგინდება. ჰალახას (ებრაული სამართლის) თანახმად, ებრაელად ითვლება ებრაელი დედის შვილი, მამის სარწმუნოების/ეროვნების მიუხედავად.

1950 წელს ისრაელში მიღებული „დაბრუნების კანონი“ 1970 წლის მცირე შესწორების მიღებამდე გარკვეუალდ არ ეთანხმებოდა ჰალახას (ებრაულ სამართალს). კანონის პირველ პუნქტში ეწერა: „ყველა ებრაელს აქვს უფლება შემოვიდეს ამ ქვეყანაში, როგორც ოლე (რეპატრიანტი)“. მაგრამ დაზუსტებული არ იყო, თუ ვინაა ებრაელი. სხვა რელიგიის ადამიანებს კი კანონი საერთოდ არ ეხება. სეკულარული კანონის ეს თავისებურება იმით იყო გამოწვეული, რომ ნაცისტები ებრაელად (რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა ელოდა) მიიჩნევდნენ მამით ებრაელსაც, თუნდაც დედა მას გერმანელი ჰყოლოდა. „დაბრუნების კანონმა“ შეღავათი მისცა ყველას, ვისაც ნაციზმი ჩაგრავდა. 1970 წელს იმავე კანონში რელიგიური პარტიების დაჟინებით ასეთი შესწორება იქნა შეტანილი: „ამ კანონის მიზნებისათვის „ებრაელი“ ნიშნავს პირს, რომელიც შობილი იქნა ებრაელი დედის მიერ, ანდა მოქცეული იქნა იუდაიზმში და რომელიც არაა სხვა რელიგიის წევრი“. ამრიგად, სეკულარული კანონი რელიგიურ წესთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.

როგორც ღია წყაროებში წერენ, მოსადი (ისრაელის საგარეო დაზვერვა) თავის პოტენციურ აგენტურას არაბულ და სხვა ქვეყნებში ეძებს სწორედ დედით ებრაელებს შორის, რომლების ჩანერგვაც ამ ქვეყნების მმართველ ორგანოებში, არმიაში, მეცნიერებაში, რელიგიურ სფორშიც კი შედარებით ადვილად შეუძლია.

ორთოდოქს ებრაელებს შორის არიან ე.წ. „ულტრაორთოდოქსული“ მიმართულების მიმდევრებიც - ებრაულად ჰარედი (მრ. ჰარედიმ) ჰქვიათ. ისინი გამოირჩევიან შავი ფერის ტანსაცმლით, ზოგჯერ (ძირითადად, აშკენაზი ჰარედიმი) - პეისებით („კულულებით“ საფეთქლების გაყოლებაზე). ჰარედიმის ოჯახები მრავალშვილიანია, ვინაიდან შობადობის რეგულირება მათ წრეში აკრძალულია, მაშინ როცა სეკულარულ ებრაელებს, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას, მცირერიცხოვანი ოჯახები აქვთ. ჰარედიმს უფლება ეძლევად არ იმსახურონ ისრაელის არმიაში. მათი უმრავლესობა არ მუშაობს და სახელმწიფოს კმაყოფაზეა, ვინაიდან მათი ძირითადი საქმეა რელიგიის შენახვა - თორის შესწავლა და ქადაგება დანარჩენი ებრაელებისათვის. ამასთან, ბევრი მათგანი არ ცნობს ისრაელის ჰიმნს, დროშას, საერო დღესასწაულებს და არც ადამიანთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს, ისრაელს, რომელიც, მათი რწმენით, თურმე „მაშიახმა (მესიამ) უნდა აღადგინოს“ და არა ადამიანებმა.

***
თეორიულად ყველა მუსლიმი ერთ თემს (არაბულად - უმმა) ეკუთვნის, მიუხედავად მისი ეთნიკური, რასობრივი წარმოშობისა ან მოქალაქეობრივი კუთვნილებისა.

მუსლიმები არასოდეს უწოდებდნენ თავს მაჰმადიანებს. ეს ქრისტიანების მიერ გამოგონილი ტერმინია. ამ მცდარ ტერმინის, „მაჰმადიანის“, გამოყენებით ჩვენ ფაქტობრივად ვახდენთ ქრისტესა და მუჰამედის გათანაბრებას - თითქოს მუჰამედი (მაჰმადი) იგივე იყოს მუსლიმებისათვის, რაც იესო ქრისტე - ქრისტიანებისათვის. სინამდვილეში ქრისტიანებისათვის იესო არის ძე ღვთისა და მაცხოვარი, მაშინ როცა მუსლიმებისათვის მუჰამმადი მხოლოდ ღვთის (ალაჰის) მოციქული და წინასწარმეტყველია.

ისლამი ამჟამად თითქმის მთლიანად დომინირებს ახლო აღმოსავლეთში. ისლამი ოფიციალურად ან ფაქტობრივად სახელმწიფო რელიგიაა ახლო აღმოსავლეთის 12 ქვეყანაში, გარდა კვიპროსის, ისრაელის, ლიბანისა და თურქეთისა (ეს უკანასკნელიც, პრინციპში, ისლამური ქვეყანაა, თუმცა სეკულარული).

საუდის არაბეთსა და ომანს არა აქვთ დაწერილი კონსტიტუცია; ქუვეითის, ბაჰრეინის, კატარისა და გას-ის კონსტიტუციებში არაფერია ნათქვამი რელიგიაზე, მაგრამ ამ ექვსივე სახელმწიფოს ისლამური ხასიათი აშკარაა. სირიის 1973 წლის კონსტიტუცია არ ახსენებს ისლამს, როგორც სახელმწიფო რელიგიას, მაგრამ კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი მუსლიმი უნდა იყოს, ხოლო კანონმდებლობის წყაროდ მიჩნეულია ისლამური კანონი - შარიათი. ეგვიპტეში, ერაყში, იემენში, იორდანიაში სუნიტური მიმართულების ისლამი ოფიციალურადაა გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად. ირანში სახელმწიფო რელიგია შიიტური მიმართულების ისლამია.

შარიათს - ისლამურ რელიგიურ კანონსა და ქცევის წესებს - ეყრდნობა სასამართლო პრაქტიკა საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, გას-ში, ქუვეითში, ომანში, იემენში, ირანში. ეს ნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში შექმნილი შარიათის მიხედვით ქვებით უნდა ჩაიქოლოს მრუშობაში ბრალდებული ქალი, უნდა მოხდეს ხელის მოკვეთა - ქურდობისათვის, თავის მოკვეთა - უფრო სერიოზული დანაშაულისათვის, რომელთა შორისაა მკვლელობა, გაუპატიურება, ჰომოსექსუალობა, ნარკოტიკების გავრცელება, ალაჰის გმობა, ჯადოქრობა და სხვ.

ყურანში (5:45) დადგენილია: „სული სულის წილ, და თვალი თვალის წილ, და ცხვირი ცხვირის წილ, და ყური ყურის წილ, და კბილი კბილის წილ, და ჭრილობები - შურისგებაა“. ასეთი რამ ისლამის „გამოგონება“ რომ არ გვეგონოს, დავძენ, ყურანში გამეორებულია ის, რაც ბევრად ადრე ჩაიწერა თორაში „თუ უბედურება მოხდა, სული სულის წილ უნდა ზღო, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ, დამწვრობა დამწვრობის წილ, ნატკენი ნატკენის წინ (გამოსვლა, 21:23 - 25). შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ ისტორიაში და ძვ.წ. XVIII საუკუნის ჰამურაბის კანონები გავიხსენოთ, სადაც დაახლოებით იგივე წესებია. უბრალოდ, თორასა და ჰამურაბის კანონების პრაქტიკაში გამოყენება შეწყდა, შარიათისა - არა.

***
ყველაზე მოქნილი სიახლეების (მათ შორის დასავლეთიდან შემოსულის) დანერგვის მიმართ არის ჰანაფიტური მაზჰაბი. შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ თურქეთი, სირია და ერაყი კულტურულად ყველაზე წინწასული მუსლიმური ქვეყნებია.

ყველაზე კონსერვატიულია ჰანბალისტური მაზჰაბი. ჰანბალიტურმა სკოლამ მისცა დასაბამი ფუნდამენტალისტურ-პურიტანულ მოძრაობას, რომელიც უაჰაბიიას (ვაჰაბიზმის) სახელით ცნობილი.

ჩეჩნეთის პირველი ომის დროიდან (1994-1996) და ისლამური ტერორიზმის გავრცელების კვალდაკვალ, ვაჰაბიზმი გადაიქცა რუსეთისა და დასავლეთის პრესის მთავარ საფრთხობელად. ზოგი დასავლეთელი და რუსი პოლიტიკოსი იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს „მთავარი საფრთხე ქრისტიანული ცივილიზაციისათვის ვაჰაბიტური მოძრაობიდან მოდის“. ეს აშკარა გადაჭარბებაა. მაგრამ ვაჰაბიზმი სავსებით რეალური ძალაა.

1740-იან წლებსი არაბეთის ნახევარკუნძულზე, ნაჯდის მხარეში მუჰამად იბნ-აბდალ-უაჰაბმა შექმნა ულტრაკონსერვატიული ისლამური მოძღვრება, რომელიც უარყოფდა ყველანაირ სიახლეს და მოუწოდებდა ცხოვრების ისეთი ნორმების აღდგენისაკენ, რომლებიც ყურანსა და ადრეული სუნას პრაქტიკას დაეყრდნობოდა. უაჰაბის მოძღვრება განსაკუთრებით ეწინააღმდეგება მისტიციზმს, წმინდანების, „წმინდა შენობებისა“ და საფლავების თაყვანისცემის ხალხურ ტრადიციას, მიზგითების დეკორირებას, ყველანაირ ფუფუნებას, მათ შორის თამბაქოსა და ყავის მოხმარებასაც კი. ყველა მუსლიმს, ვინც მათ მოძღვრებას არ მისდევს, ვაჰაბიტები მწვალებლად მიიჩნევიან.

პოლიტიკური ძალა ამ მოძღვრებას შესძინა 1745 წელს დამყარებულმა კავშირმა ანაიზას ტომის ბელადთან - მუჰამად იბნ-საუდთან, რომლის შორეულმა შთამომავალმა, აბდალაზიზ ას-საუდმა, თანდათან დაიპყრო ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი და 1932 წელს შექმნა საუდის არაბეთი, სადაც ვაჰაბიზმი ფაქტობრივად სახელმწიფო რელიგიად იქცა.

უაჰაბის მოძღვრება დღეისათვის რამდენადმე ერუდირებულია მოდერნიზაციითა და ტექნოლოგიური განვითარებით. საუდის არაბეთში, მაგალითად, არსებობს ტელევიზია, მოქმედებს ინტერნეტი, თუნდაც ულამა ამის წინააღმდეგი იყოს; ზოგი საუდიანი უფლისწულის სასახლეში ზღაპრული სიმდიდრეა თავმოყრილი. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ „ნავარდისას“ არ იკლებს ფუფუნების საგნებსა და მომსახურებას.

ამასთან, უაჰაბის მოძღვრების ერთგულება ხანდახან აბსურდული ვანდალიზმის ფორმას იღებს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ვაჰაბიტებმა პირველად დალაშქრეს ჰიჯაზი და, განმეორებით, 1925 წლიდან, როდესაც აბდალაზიზ ას-საუდმა საბოლოოდ დაიპყრო ის, ვაჰაბიტები ანგრევდნენ ისლამის ისტორიულ ნაგებობებს და საფლავებს იმ საბაბით, რომ „მართლმორწმუნე მუსლიმებს მათთვის თაყვანისცემა არ მოსვლოდათ აზრად“.

საუდიანთა მეფე ფაჰდის (1982-2005) ბრძანებით აღგავეს დედამიწის პირიდან სახლი მექაში, სადაც მუჰამმადი დაიბადა და სახლი მედინაში, სადაც ის მუჰაჯირობისას ცხოვრობდა, აგრეთვე მისი პირველი ცოლის, ხადიჯას, სახლი; გაანადგურეს მექასა და მედინას ძველი სასაფლაოები, მუჰამმადის დედის, ამინა ბინთ უაჰბის, და მამის საფლავები და ა.შ. დაანგრიეს სულ ცოტა თერთმეტი ძველი მიზგითი მექასა და მედინაში. ყველაფერ ამას ვაჰაბიტები კლირიკები იმით ასაბუთებენ, რომ „სუნა-ში მათი მოლოცვა ნახსენები არაა და არცაა საჭირო“. მექაში ისტორიული სახლების ნგრევას ქალაქის კეთილმოწყობის საჭიროებითაც ამართლებენ!

მუჰამმადის დროინდელი მცირეოდენ ნაგებობებში, რომლებიც არ დაუნგრევიათ, მექაში დარჩა ალ-მასჯიდ-ალ-ქააბა, მუსლიმთა მთავარი სალოცავი, ხოლო მედინაში - ალ-მასჯიდ-ალ-ნაბაუი (წინასწარმეტყველის მიზგითი).

საუდის არაბეთის გარეთ ვაჰაბიტები მრავლად არიან სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში. კატარის ადგილობრივ სუნიტურ მოსახლეობაში ისინი უმრავლესობას შეადგენენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჰაბიზმის მიმდევრები არ იყენებენ თვითსახელად „ვაჰაბიტს“ (ეს ევროპელების მიერ შექმნილი სიტყვაა): ისინი თავის მუვაჰიდუნ-ს უწოდებენ, რაც ერთიანობის მომხრეს (უნიტარისტს) ნიშნავს.

ვაჰაბიტური მოძღვრების მკაცრი მოთხოვნები მუსლიმებისადმია მიმართული. სხვა სარწმუნოებათა მიმდევრებს ეს მოთხოვნები უშუალოდ არ ეხება, თუმცა საუდის არაბეთში ქცევის გარკვეული წესების დაცვა არამუსლიმებსაც მოეთხოვებათ: მაგალითად, ქუჩაში ყოფნისას უცხოელ ქალს სხეულის ყველა ნაწილი და სახე შებურული უნდა ჰქონდეს.

სხვა საქმეა, რომ ასეთი პურიტანი, ფუნდამენტალისტი მუსლების წრეში შეიძლება მოინახოს ხალხი, ვინც მზად იქნება აწარმოოს ჯიჰადი, საღვთო ომი, „ურწმუნოების“ წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ჯიჰადის საბაბს თვითონ „ურწმუნოები“ არ მისცემენ.

სუნიტურ ისლამში ვაჰაბიზმი არაა ერთადერთი ფუნდამენტალისტური მიმდინარეობა (ანუ ისეთი, რომელიც ადრეული ისლამის საფუძვლებს, „ფუნდამენტს“, ეყრდნობა). მაგალითად, ავღანეთის თალიბები, რომლებიც ასევე ამკვიდრებენ ყურანსა და სუნას ძირეულ მცნებებს, ეკუთვნიან ე.წ. დეობანდის მიმართულებას, რომელიც ჰანაფიტურ მაზჰაბზეა დაფუძნებული.

ისლამში არსებობს ფუნდამენტალისტური, პურიტანული მიმდინარეობა სალაფიზმი (არაბულად სალაფიია, რაც მომდინარეობს „წინაპრების“ აღმნიშვნელი არაბული სიტყვიდან: იგულისხმებიან მუჰამმადის თაობა და მისი მომდევნო ორი თაობა, რომლებიც „ჭეშმარიტ ისლამს“ მისდევენ). სალაფისტები კრედოა წინაპართა ამ თაობების ლოცვის მეთოდის, მანერების, ზნეობის, ღვთისმოსავობის, ქცევის გამეორება. სალაფისტები საკმაოდ გავრცელდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ისლამის სუნიტური მიმართულებაა წარმოდგენილი. მაგალითად, ეგვიპტის „მუსლიმური ძმობა“ ძირითადად სალაფისტურ იდეებს ეყრდნობა. მუსლიმი თეოლოგებისა და პოლიტოლოგების რიგი ამტკიცებს, რომ დასავლეთში გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, სალაფისტები არ არიან ტერორიზმის მომხრენი და მზად არიან მოარიგონ ისლამი თანამედროვეობასთან.

ტერმინები ვაჰაბიზმი (უაჰაბიია) და სალაფიზმი (სალაფიია) 1970-იანი წლებიდან პრაქტიკულ სინონიმებად გამოიყენება. მაგრამ სალაფისტები, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან აბდალ-უაჰაბის მოძღვრებას, უარყოფენ სრულ მსგავსებას და ამტკიცებენ, რომ ვაჰაბიზმი არის ცალკე, ულტრა-კონსერვატიული მიმართულება სალაფიზმის წიაღში.

[...]

შიიტები თემის ლიდერს უწოდებენ იმამს, რომელიც მათთვის არის ერთდროულად სასულიერო და საერო ძალაუფლების განმახორციელებელი. სუნიტებისათვის კი იგივე ტერმინი (იმამი) აღნიშნავს რიგით სასულიერო პირს (მიზგითის მოძღვარს), რომელიც ხშირად საერთო ხელისუფლებას ექვემდებარება. შიიტური სამღვდელოება უფრო გავლენიანია თავის თემში, ვიდრე სუნიტური - საკუთარში. ეს გარკვეულად განგვიმარტავს XX საუკუნის ირანში ისლამური რევოლუციის წარმატების საიდუმლოს და იქ არსებული თეოკრატიის მდგრადობას.

შიიტებისათვის წმინდანის ტოლია პირველი 12 იმამი - ხალიფა ალი, მისი ვაჟები ჰასანი და ჰუსაინი და ამ უკანასკნელის პირდაპირი შთამომავლობა.

შიიტობა თავიდანვე გამოირჩეოდა მისტიციზმით (მაგალითად, მას სჯერა მე-12, გაუჩინარებული იმამის, ხელახალი მოვლინებისა მაჰდის, ანუ მესიის როლში) და ყურანისადმი მტკიცე ერთგულებით. ყურანის გარდა ისლამის სხვა წმინდა წიგნებს, მაგალითად სუნას, შიიტები არ ცნობენ.

არსებობს შიიტობის რამდენიმე განშტოება (ზაიდიზმი, ისმაილიტობა და სხვ.) თურქეთის შიიტების ალევიების უწოდებენ (ბევრი მათგანი ენობრივად ქურთია), რომლებიც არ უნდა ავურიოთ ალავიტებში (თუმცა ორივე ტერმინის ძირი არის „ალი“, მეოთხე ხალიფას სახელი).

ალავიტობას საკმაოდ მრავალი მიმდევარი (1.5 მილიონამდე) ჰყავს სირიის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რაიონებში, ნაწილობრივ - თურქეთსა (ჰათაის ილში) და ჩრდილოეთ ლიბანში. ალავიტები ავითარებენ აზრს, რომ ხალიფა ალი, მუჰამადის ბიძაშვილი და სიძე, მოციქულის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო. სხვა შიიტებისაგან ალავიტებს განასხვავებს მათი რიტუალები, რომლებიც ზოროასტრულ და ქრისტიანულ ელემენტებს შეიცავს. მათი დოგმატებისა და რიტუალების ნაწილი სხვებისგან საიდუმლოდაა დაცული, რის გამოც ზოგიერთი სუნიტი ულამა ალავიტებს საერთოდ ისლამის გარეთ ხედავს, თუმცა სირიაში ისინი ოფიციალურად ცნეს მუსლიმებად.

მართალია, ალავიტობა შიიტობის ფორმაა, მაგრამ წმინდა პოლიტიკური მიზეზის გამო სირიელი ალავიტები ცდილობენ არ გაუსვან ამას ხაზი. საქმე ისაა, რომ ალავიტებს განეკუთვნება სირიის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის საგრძნობი ნაწილი. ადრე დისკრიმინირებული რელიგიური უმცირესობის, ალავიტების, ჩართვა სამხედრო სამსახურში დაიწყო ფრანგების ბატონობის დროს, 1920-იანი წლებიდან. 1940-იან წლებში, სირიაზე ფრანგული მანდატის დამთავრებისას, ბევრი ალავიტი აღმოჩნდა მაღალ თანამდებობაზე, განსაკუთრებით არმიაში. ალავიტები აქტიურად ჩაერთვნენ პარტია „ბაას“-ის (აბრევიატურა „ბაას“ ქართულად ნიშნავს „არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიას“. ეს არის სეკულარული, არარელიგიური პოლიტიკური ორგანიზაცია) საქმიანობაში, რომელმაც 1963 წელს ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ნახევარი საუკუნე ერთპარტიული სისტემით მართავდა სირიას. სირიის პრეზიდენტები 1971 წლიდან - მამა-შვილი ჰაფიზ და ბაშარ ალ-ასადები - ალავიტები არიან. მათ ნათსავებსა და კლანის წევრებს უჭირავს მმართველი პოზიციები პარტიაში, არმიასა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

***
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში საკუთარი არაბული დიალექტი ან დიალექტები (ზოგან - თითქმის გამოკვეთილი ენები) ჩამოყალიბდა, რომლებიც სხვა არაბული ქვეყნის ნაკლებ განათლებული მოქალაქისათვის შეიძლება გაუგებარიც კი იყოს. არაბული ქვეყნების ნამდვილი გამაერთიანებელი არის ლიტერატურული არაბული, „ლუღათუ-ლ-ფუსხა“ - სუფთა, სწორი ენა, რომელიც ყურანის წმინდა ტექსტს ემყარება.

თუკი ჯგუფს ექსკლუზიური რელიგია აქვს, მისი თვითშეგნებისათვის აღარცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ ენაზე ლაპარაკს (მით უმეტეს, თუ შენარჩუნებულია რელიგიის „წმინდა ენა“). ამიტომაც შეიძლებოდა, რომ გაფანტულად მცხოვრები ებრაელი და სომეხი თავისი განსახლების ადგილზე გაბატონებულ ენაზე გადასულიყო ისე, რომ არ დაეკარგა ეთნო-რელიგიური თვითშეგნება.

თეორიულად ყველა მუსლიმი ერთ თემს (უმმა) ეკუთვნის და ეთნიკური სხვაობა მათ შორის მეორეხარისხოვანია. მაგრამ ნათლია, რომ ისლამი მრავალ ერშია გავრცელებული.

აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრები სომხები ქრისტიანულ რუსეთის იმპერიას თავიანთ მფარველად მიიჩნევდნენ. 1828-1829, 1853-1856, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს ოსმალეთის სომხები რუსეთის იმპერიის მხარეს იჭერდნენ. შესაბამისად, მეფის მთავრობაც მფარველობდა სომხებს. მაგალითად, 1829 წელს მესხეთ-ჯავახეთიდან ოსმალეთში წასული მუსლიმი, ძირითადად ქართულენოვანი, მოსახლეობის სანაცვლოდ ამ რაიონში რუსეთმა ანატოლიიდან მოსული სომხობა დაასახლა. 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ბერლინის ტრაქტატის შესაბამისად შეიერთა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, შეთახნმების თანახმად მუსლიმ (ქართველ) მოსახლეობას ეძლეოდა სამი წელი, რომ გადაეწყვიტა, თუ სად ამჯობინებდა ცხოვრებას. მისმა ერთმა ნაწილმა არჩია ოსმალეთი და გადასახლდა დღევანდელი თურქეთის შავი ზღვისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში. ესენი იყვნენ ბურსის, ბალიქესირის, კოჯაელის, ადაფაზარისა და სხვა ილების ამჟამინდელი ქართულენოვანი მოსახლეობის წინაპრები, რომლებსაც თურქები „გურჯებს“ უწოდებენ, ხოლო თვითსახელად „ჩვენებური“ აქვთ.

ქრისტიანობა ძალას არ იშურებდა ძველი რწმენების აღმოსაფხვრელად. შეგნებულად და დაუზოგავად განადგურდა „წარმართული“ (წინარექრისტიანული) ხელოვნების უამრავი ნიმუში, დაიწვა ძვირფასი ხელნაწერები. კერპებთან ერთად დააქციეს ტაძრები, მოსპეს არქიტექტურის ნიმუშები. ხდებოდა, ასე ვთქვათ, „კულტურული რევოლუცია“, როდესაც სრულად და შეუქცევადად უნდა გაწყვეტილიყო კულტურული კავშირი წარსულთან.

661 წელს არაბთა სამხედრო-თეოკრატიული მონარქიის არსებობა დასრულდა. სამოქალაქო ომში დაიღუპა მეოთხე და უკანასკნელი უმწიკვლო ხალიფა ალი (656-661). ალის მოკვლამ უდიდესი განხეთქილება წარმოშვა ისლამში. ძირითად მიმარტულებას - სუნიტობას (რომელიც ყურანთან ერთად წმინდა წიგნად აღიარებს სუნას, სადაც მოცემულია მუჰამმადის ცხოვრების აღწერა: აქედან მოდის მისი სახელი - სუნიტობა) გამოეყო „ალის პარტია/მომხრეები“ (შიათ ალი, შემოკლებით შია, აქედან - შიიტობა). შიიტების თვალსაზრისით, ხალიფას ტიტული მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო წინასწარმეტყველის ქალიშვილის (ფატიმას) და სიძის (ალის) შთამომავლობაზე, კერძოდ ჰასანსა და ჰუსაინზე. ეს უკანასკნელიც მეტოქეებმა მოკლეს და ის შიიტებმა წამებული წმინდანად შერაცხეს. (შიიტების ცნობილი რიტუალი, „შაჰსეი-ვაჰსეი“, არის მოთქმა-დატირება „შაჰ ჰუსაინ, ვაჰ ჰუსაინ“. ამ რიტუალის შესრულებისას შიიტები ფიზიკურ თვითგვემას ახორციელებენ).

სელჩუკები ბიზანტიის კულტურულ გავლენასაც განიცდიდნენ. აღნიშვნის ღირსია, რომ რუმის სულტნებმა თავიანთ სიმბოლოდ აქციეს ბიზანტიური ორთავიანი არწივი (მოგვიანებით, 1472 წლიდან, ის მოსკოვის დიდი მთავრების სიმბოლოც გახდება).

1453 წელს კონსტანტინოპოლისათვის საბედისწერო ალყის დროს, როდესაც სულტანი მეჰმეთ II ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელ რედუტებს ლეწავდა, ოსმალების მხარეს ბევრი ევროპელი ქრისტიანი იბრძოდა. ის უზარმაზარი ზარბაზანიც კი, რომლითაც ოსმალები ანგრევდნენ კონსტანტინოპოლის კედლებს, უნგრელი ოსტატის მიერ იყო ჩამოსხმული.

***
ოსმალეთ-სპარსეთის ომები ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ვერ შეიქმნა ქურთების სახელმწიფო, ვერ აღდგა სომხების სახელმწიფო, ვეღარ გაერთიანდა ქართული სამეფო-სამთავროები, ხოლო ერთი ქართული სახელმწიფო, სამცხე, საერთოდ მოისპო. ის ოსმალეთმა დაიპყრო და „ჩილდირის (გიურჯისტანის) ეიალეთის“ სახელით შეიერთა: მასში შევიდა მესხეთი, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, არტაანი და ზემო აჭარა. ამ ომების დროსვე სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კახეთიდან ფერეიდანში გადაასახლა ქართული მოსახლეობა, ხოლო ქვემო ქართლში ბორჩალუს თიურქული ტომი ჩაასახლა.

სამცხე-საათაბაგო XVII  საუკუნიდან მთლიანად გადაიქცა ოსმალეთის ადმინისტრაციულ ერთეულად. მის ჩრდილოეთ ნაწილს მხოლოდ 1829 წელს აიღებს რუსი გენერალი პასკევიჩი. მალე იქ ტფილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები შეიქმნება.

რუსეთის იმპერაცია მესხეთის მუსლიმ მოსახლეობას „თათრებს“ მიათვლიდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ბილინგვური - ქართულ-თურქულენოვანი იყო და ქართულ გვარებს ატარებდა. საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა მათ მიმართ არათანმიმდევრულობას იჩენდა: 1926 წლის მოსახლეობის აღწერის დროს ისინი „მუსულმანებად“ ჩაწერეს; 1939 წლის აღწერის დროს კი აღრიცხეს, როგორც „აზერბაიჯანელები“. ნაცვლად იმისა, რომ ადგილზევე მოეხდინათ მათი დაბრუნება ქართველი ერის შემადგენლობაში, საბჭოთა ხელისუფლების ანტიჰუმანური პოლიტიკის წყალობით ისინი 1944 წელს გაასახლეს ამ ტერიტორიიდან. ამჟამინდელ რუსულ ლიტერატურაში მესხეთის გამუსლიმებულ ქარტულ მოსახლეობას „თურქ-მესხებად“ მოიხსენიებენ, ხოლო თურქეთში მათ „ახალციხელ თიურქებს“ უწოდებენ. მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის საზღვარგარეთიდან წაქეზებული ლიდერები უარყოფენ ქართველობასთან რაიმე კავშირს, მოითხოვენ დაბრუნებას საზღვრისპირა რაიონში და მათთვის ტერიტორიული ავტონომიის შექმნას იქ მცხოვრები ქართული და სომხური მოსახლეობის ინტერესების სრული უგულებელყოფით. ეთნოტერიტორიული ავტონომია კონფლიქტს გარდაუვალს ხდის, რაც კარგად დაასაბუთა ერთმა შვედმა მეცნიერმა, სხვათა შორის, საქართველოს მაგალითზე.

***
ოსმალეთის სამხედრო უპირატესობას თავის მეტოქეებზე ქმნიდა რეგულარული არმია. ასეთი არმიის ხერხემალი კი იყო იენიჩერთა კორპუსი (იენი ჩერი - „ახალი ჯარი“). იენიჩერები (ქართულში მათ იანიჩრებად მოიხსენიებდნენ) იყვნენ ე.წ. დევშირმეს წესით ქრისტიანი ხალხებიდან (მხოლოდ ალბანელებიდან, ბოსნიელებიდან, ბერძნებიდან, ბულგარელებიდან და სომხებიდან; სხვა ტომებში დევშირმე აკრძალული იყო) მცირეწლოვან ასაკში წამოყვანილ, გამუსლიმებულ და სათანადოდ გაწვრთნილ სულტნის გვარდიის წევრებს, რომელთაც ეკრძალებოდათ ოჯახის შექმნა და მოეთხოვებოდათ სულტნის უსიტყვო მორჩილება. XIV-XVI საუკუნეებში იენიჩერთა ქვეითი ჯარი მსოფლიოში საუკეთესო არმია იყო და ოსმალეთის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. მისი მეშვეობით შეიძლებოდა დიდი ლაშქრის გაკონტროლება. რადგან იენიჩერები სხვადასხვა ტომებიდან იყვნენ შეკრებილი და, როგორც ჯგუფი, ვერც ერთ ტერიტორიას ვერ მიიჩნევდნენ „თავისად“, ისინი ვერც სეპარატიზმის საფრთხეს შექმნიდნენ.

XVI საუკუნიდან იენიჩერთა ინსტიტუტი გადაგვარებას იწყებს. XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან დევშირმე ვეღარ ტარდებოდა, რადგან ევროპამ სერიოზულად შეუტია ოსმალეთს ბალკანეთში. იენიჩერები ოჯახდებიან (ეს უფლება მათ 1581 წლიდან მიიღეს) და ფაქტობრივად ქმნიან სულტნის პრეტორიანულ გვარდიას; სულტანი იენიჩერებზე დამოკიდებული ხდება; ისინი მოითხოვენ უზომო პრივილეგიებს. 1826 წელს იენიჩერთა მორიგი გამოსვლა სტამბოლში სულტანმა მაჰმუდ II-მ ზარბაზნებით ჩაახშო და ამ ინსტიტუტმა არსებობა შეწყვიტა.

***
ვინაიდან სულტანს დიდი ჰარამხანაში მრავალი ვაჟიშვილი უჩნდებოდა, მისი მემკვიდრე, ყველაზე ყოჩაღი და ჯანმრთელი ვაჟი, ტახტზე ასვლისთანავე ახოცვინებდა თავის ძმებსა და ნახევარძმებს, რათა კონკურენტი არასდროს ჰყოლოდა (ეს წესი დაადგინა კონსტანტინოპოლის დამპყრობმა სულტანმა მეჰმეთ II-მ). ამის გამო არ დამდგარა იმპერიის გაყოფის საკითხი. ეს სასტიკი წესი მხოლოდ XVII საუკუნეში შეცვალა სულტანმა აჰმედ I-მა: უფლისწულებს დახოცვის ნაცვლად სამუდამო პატიმრობაში ამყოფებდნენ. მოგვიანებით ეს წესიც გაუქმდა.

ისლამი მართლმორწმუნეს უკრძალავს მევახშეობას და ფაქტობრივად, საბანკო საქმიანობასაც (არამუსლიმის მიერ ამ აკრძალვის დარღვევაზე სულტნის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა, მაგრამ სტამბოლში ფულის ტრიალი სახიფათო რამ იყო). დასავლეთ ევროპაში კი XVII საუკუნის ბოლოდან სწორედ ბანკები იქცა ეკონომიკის დაჩქრებული განვითარების სტიმულად (ინგლისის ბანკი 1694 წელს დაარსდა).

1918 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანია მაქსიმალურად მფარველობდა საქართველოს, რადგან ის საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ (უფრო პროექტორატად) ეგულებოდა კავკასიაში. ოსმალეთის „ახალგაზრდა თურქთა“ და რუსეთის ბოლშევიკთა შიშით იმდრონდელი საქართველოს ხელისუფლებაც გერმანული გავლენის სფეროში ყოფნას ამჯობინებდა. ამ გეოპოლიტიკურ გათვლებს ხაზი გადაესვა იმავე წლის ნოემბერში, გერმანიაში მომხდარი რევოლუციისა და ომში მისი დამარცხებისთანავე.

რუს-ი იყო სკანდინავიელი ვიკინგების ერთი ჯგუფის ტომობრივი სახელი. როდესაც VIII საუკუნეში სკანდინავიელი რუების რაზმმა დაიპყრო (ან დაარსა) ციხესიმაგრე კიევი დნეპრის მაღალ ნაპირზე, მისი ბელადებისა და მათი რაზმის სახელი გადავიდა ადგილობრივ სლავურ მოსახლეობაზე. კიევის პირველი მთავრების სახელები (რიურიკი, ოლეგი/ჰელგი, ოლგა/ჰელგა, იგორი/ინგვარი) ეჭვს არ ტოვებს მათ სკანდინავიურ წარმოშობაში. საკმაოდ მალე ადგილობრივმა სლავურმა უმრავლესობამ მოახდინა რუსების ენობრივი ასიმილაცია, ისე, რომ მათი სახელი საკუთარ ეთნონიმად აქცია. ანალოგიური რამ მოხდა VII საუკუნეში ბალკანეთში აღმოსავლეთიდან მოსული თიურქულენოვანი ბულგარების შემთხვევაში, რომელთაც ასევე განიცადეს სლავიზაცია, მაგრამ გადასცეს სლავურ უმრავლესობას თავისი სახელი (ბულგარ-ი), როგორც ეთნონიმი.

***
საქართველოსთვის რუსულ-ოსმალური გარიგების უარყოფითი შედეგი იყო ის, რომ რუსეთის მეფის იმედად მყოფი ქართლი ადვილად ჩაუვარდა ხელში ოსმალოს. ვახტანგ VI იძულებული გახდა ქართლის მთელ ინტელექტუალურ ელიტასთან ერთად რუსეთში გადასახლებულიყო. ამ ემიგრანტთა მომდევნო თაობები გარუსდა და საქართველოსათვის დაიკარგა. თბილისმა კარგახნით დაკარგა ქართული კულტურის ცენტრის როლი. მეორე მხრივ, ქართლის ტახტის მემკვიდრეების ემიგრაციას არაპირდაპირ შედეგად მოჰყვა ის, რომ გაადვილდა აღმოსავლეთ საქართველოს ორი სამეფოს გაერთიანება კახეთის ბაგრატიონების ხელქვეით.

1783 წელს რუსეთის დიპლომატიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა: გეორგიევსკში გაფორმდა ხელშეკრულება (ტრაქტატი), რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ნებაყოფლობით უთმობდა სუვერენიტეტის დიდ ნაწილს რუსეთის მონარქს და მის მფარველობაში შედიოდა. პროტექტორატების თითქმის ანალოგიურ სისტემას ბრიტანეთი ამყარებდა სპარსეთის ყურის აუზსა და ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და იქ კრეისერებს აგზავნიდა თავისი პროტექტორატების დასაცავად. ასეთ იმპერიალიზმში, სამწუხაროდ, უჩვეულო არაფერია.

მაგრამ რუსული (და მას აყოლილი - ქართული საბჭოთა) იტორიოგრაფიის მტკიცება, თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით „ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთისა და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ აგრესიასა და სრულ გადაშენებას“, რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობაა. სპარსეთს არ ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნომინალური ვასალი (სპარსეთისთვის ის „ერეკლე-ხანი“ იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იყო. ქართლ-კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი მოთარეშეების (მათ ზოგად სახელად ქართველები „ლეკს“ ვიყენებდით) ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც დახმარებია.

უფრო სავარაუდოა, რომ კახთბატონი საკუთარმა მრჩეველებმა (ისე ჩანს, რომ ისინი სხვა ქვეყნის მონარქისათვის უფრო ზრუნავდნენ, ალათ არც თუ უანგაროდ) მოხიბლეს მისი შთამომავლობისათვის ქართლის შენარჩუნების პერსპექტივით: ტრაქტატი ერეკლესა და მის მემკვიდრეებს (მეტისმეტად მრავარიცხოვანთ, რომელთა პრეტენზიების დაკმაყოფილებას ერთი სამეფო არ ეყოფოდა) მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მფლობელად ცნობდა და ბუნდოვნად პირდებოდა გაფართოებას სამცხე-საათაბაგოს ხარჯზე. თანაც იმ პერიოდში სპარსეთი დასუსტებული იყო, ხოლო აღმავალი რუსეთი უფრო საინტერესო იყო თბილისის სამეფო კარისათვის.

ძნელი წარმოსადგენია, რომ სპარსეთი, რომელიც თავის თავს მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სიუზერენად მიიჩნევდა, ადვილად შეურიგდებოდა ამ შეთანხმებას. მაგრამ სპარსეთში მორიგი არეულობა სუფევდა და კიდევ 12 წელი იყო გასავლელი, ვიდრე აღა-მაჰმად-ხანი მოვიდოდა თბილისში და დაარბევდა მას. სხვათა შორის, ის რამდენიმე თვით ადრე მოუწოდებდა ერეკლე II-ს გაეწყვიტა ურთიერთობა რუსებთან და საქმე მშვიდობიანად მეოგვარებინა.

1783 წლის აქციის გეოპოლიტიკური შედეგი ცნობილია. გეორგიესკის ტრაქტატმა მოახდინა სპარსელების თბილისზე ლაშქრობის პროვოცირება. ამ სადამსჯელო აქციის გაუგონარმა სისასტიკემ რუსეთს გაუადვილა შემდეგი ნაბიჯი - ქართლ-კახეთის ანექსია. რუსეთი უბრძოლველად შემოვიდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში, რასაც „რუსეთთან საქართველოს ნებაყოფლობითი შეერთება“ დაარქვა.

სავსებით დასაშვებია, რომ რუსეთის იმპერია გეორგიევსკის ტრაქტატის გარეშეც შემოვიდოდა სამხრეთ კავკასიაში: იქ დამკვიდრება რუსეთისათვის გეოპოლიტიკური იმპერატივი იყო. მაგრამ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ქართლ-კახეთისათვის უკეთესი პირობებით (მაგალითდ, ხომ შეძლეს დასავლეთ საქართველოს სამთავროებმა ნომინალური ავტონომიის ათწლეულობით შენარჩუნება რუსეთის იმპერიაში?), რომ არა ზოგიერთი ქართველი თავადის („დიპლომატის“) სულსწრაფობა და ერეკლეს მემკვიდრეების სიმრავლე და უნიათობა.

***
1774 წლის ზავის პირობებით, ყირიმის სახანო ოსმალეთისგან დამოუკიდებლად ცხადდებოდა. 1783 წელს რუსეთმა მოახდინა ფორმალურად მის მიერვე დამოუკიდებლად ცნობილი ყირიმის სახანოს ანექსია, რაც ოსმალეთთან კიდევ ერთი ომის მიზეზი გახდა.

XIX საუკუნის ომებში რუსეთის იმპერიას კავკასიაში საკმაო ტერიტორიული მოგება ხვდა წილად. 1829 წელს მან შეიერთა სამცხე-ჯავახეთი, სადაც დაასახლა ოსმალეთიდან მოწვეული 30-40 ათასი სომეხი და ბრძენი, სამაგიეროდ იქაურ მუსლიმ მოსახლეობას, ძირითადად - ქართულენოვანს, უბიძგა წასულიყო ოსმალეთში. 1877-1878 წლების ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ შეიერთა აჭარა-ქობულეთი, არტაანისა და ყარსის ოლქები.

ხმელთაშუა და წითელი ზღვების დაკავშირების იდეა დიდი ხანია არსებობდა. აქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ ფარაონებისა და აქამანიანთ სპარსეთის ბატონობის დროს მდ. ნილოსიდან იმ დროს უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულ წითელ ზღვამდე რაღაც საწყლოსნო გზა არსებობდა, მაგრამ ის კარგა ხანია დაფარა ქვიშამ. ფრანგმა დიპლომატმა და ბიზნესმენმა ფერდინანდ დე ლესეპსმა განიზრახა არხის სუეცის ყელზე გაყვანა. აღსანიშნავია, რომ 1863 წლის შემდეგ არხს მანქანებით თხრიდნენ, რაც სიმბოლურად აღნიშნავდა ხელით შრომის დასასრულს და მექანიზებულ შრომაზე გადასვლას. 1869 წელს ხმელთაშუა და წითელი ზღვების წყლები პირველად შეხვდა ერთმანეთს და ევროპისა და ინდოეთის დამაკავშირებელი საზღვაო გზის სიგრზე განახევრდა. ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის აღსანიშნავი ზეიმისთვის ჯუზეპე ვერდის ოპერა შეუკვეთეს: მან „აიდა“ შექმნა. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა დიდ დაუდევრობად მიიჩნიეს სუეცის არხის დატოვება საფრანგეთის, იმ დროს ჯერ კიდევ პოლიტიკური მეტოქის, კონტროლქვეშ. ფარული გარიგების გზით ინგლისის მთავრობამ ბენჯამინ დ’ იზრაელის მეთაურობით 1875 წელს ეგვიპტის ხედივისგან (1866 წელს ეგვიპტის მემკვიდრეობითმა ფაშებმა სულტნისაგან მიიღეს ეს ტიტული, რაც დაახლოებით ნიშნავს მმართველს, ბატონს) შეიძინა არხის აქციების დიდი პაკეტი (175 ათასი აქცია, საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი).

ბარონ ჰირშის კომპანიამ 1888 წელს გახსნა ხაზი ვენიდან სტამბოლამდე (ამ მარშრუტით დადიოდა აგატა კრისტის მიერ უკვდავყოფილი „აღმოსავლეთის ექსპრესი“) 1892 წელს ეს რკინიგზა შეისყიდა გერმანულმა „დოიჩე ბანკმა“ და ის ბერლინ-სტამბოლ-ბაღდადის („ბაღდადის რკინიგზა“) სამომავლო ხაზის ნაწილად აქცია.

რუსეთმა 1914 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ეს შედეგად მოჰყვა გერმანული ჯავშნოსანი „გიობენისა“ და კრეისერ „ბრესლაუს“ მიერ 29 ოქტომბერს შავ ზღვაში განხორციელებულ სამხედრო პროვოკაციას, როდესაც მათ მოულოდნელად დაბომბეს რუსეთის სანაპირო ქალაქები - ოდესა, სევასტოპოლი, ფეოდოსია და ნოვოროსიისკი. ამ დროისთვის ოსმალეთმა ფიქტიურად შეისყიდა ეს გემები გერმანიისაგან, რომელთაც „იავუზ სულტან სელიმი“ და „მიდილი“ დაარქვა. თუმცა გემები ოსმალური დროშით ცურავდნენ, მაგრამ მათი ადმირალი და ეკიპაჟი გერმანელები იყვნენ (მეზღვაურებს მხოლოდ ფორმა გამოუცვალეს და ფესები დაახურეს თავზე. სამხედრო პროვოკაციის თანაინიციატორი გერმანელებთან ერთად იყო ოსმალეთის სამხედრო მინისტრი ენვერ ფაშა.

***

ბალფურის დეკლარაცია

ფორინ ოფისი, ნოემბრის 2, 1917წ.

ძვირფასო ლორდო როტშილდ, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მისი უდიდებულოსების მთავრობის სახელით გადმოგცემთ ებრაელთა სიონისტური მისწრაფებისადმი თანაგრძრნობის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც წარედგინა და დამტკიცდა კაბინეტის მიერ:

„მისი უდიდებულესობის მთავრობა კეთილგანწყობით უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის დაფუძნებას და გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას, რათა გააადვილოს ამმიზნის მიღწევა, იმის ნათელი გაგებით, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს, ანდა იმ უფლებებსა და პოლიტიკურ სტატუსს, რომლებითაც ებრაელები სარგებლობენ რომელიმე სხვა ქვეყანაში“.

მადლობელი დაგრჩებით, თუკი გააცნობთ ამ დეკლარაციას სიონისტურ ფედერაციას.

არტურ ბალფური

***
1936 წლის 20 ივლისის მონტრიოს კონვენცია (Montreux Convention) არეგულირებს „შავი ზღვის სრუტეების“ სტატუსს, რომლებიც თურქეთის სუვერენიტეტის ქვეშაა, მაგრამ ღიაა ყველა ქვეყნის სავაჭრო გემებისათვის მშვიდობიან ან საომარ ვითარებაში (თუ თურქეთი არაა ომის მონაწილე). თუ თურქეთი ომის მონაწილეა, იმ ქვეყნების სავაჭრო გემებს, რომლებიც არ არიან თურქეთთან ომში ჩაბმული, შეუძლიათ ისარგებლონ სრუტეებში ტრანზიტით იმ პირობით, რომ ნეიტრალიტეტს დაიცავენ (ანუ არ დაეხმარებიან ომის სხვა მონაწილეს).

ბიზანტიური ტიპის მართლმადიდებელი ქრისტიანობა არსებითად ხელს უწყობდა ამ იმპერიის პერიფერიებზე ან მიმდებარე, ეთნიკურად ჰომოგენურ მხარეებში „ეროვნული“ სახელმწიფოების მშენებლობას და შუასაუკუნეობრივი ერების ჩამოყალიბებას. [...] იმავეს ვერ ვიტყვით ისლამზე. ისლამი წარმოშობის პირველ საუკუნეებში არსებობდა მხოლოდ ერთი ისლამური სახელმწიფო, რომელსაც ერთი ხელისუფალი - ხალიფა - მართავდა. ის ერთდროულად განასახიერებდა სასულიერო და საერო ხელისუფლებას. შემდგომში ეს პოლიტიკური ერთობა დაიშალა, თეორიულად კი ისლამური სახელმწიფო მხოლოდ ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც ძლიერი მუსლიმი მმართველი, რომელიც თავს ხალიფას მემკვიდრედ გამოაცხადებდა, ყველა სხვა მუსლიმ მმაღველს ან თავის ვასალად მიიჩნევდა ან მეამბოხედ, რომელიც უნდა დაესაჯა (თუკი ამის ძალა შესწევდა!). მაგრამ, რეალურად, იქმნებოდა ძალთა გარკვეული თანაფარდობა და ეს „თეორია“ პრაქტიკაში იშვიათად, ან საერტოდ არ ხორციელდებოდა.

ბერნარდ ლიუისი აღწერს საინტერესო ფაქტს ამასიის ზავთან დაკავშირებით, რომლითაც სპარსეთმა და ოსმალეთმა 1555 წელს დაამთავრეს ომების 41-წლიანი პერიოდი, და რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებად ითვლება: „თუკი ოსმალური ხელშეკრულებების საარქივო ან გამოქვეყნებულ კრებულებს გავსინჯავთ, ამასიის საზავო ხელშეკრულებას იქ ვერ აღმოვაჩენთ. ეს კრებულები საკმაოდ ახლო პერიოდამდე მოიცავს მხოლოდ ხელშეკრულებებს ოსმალეთის იმპერიასა და ქრისტიანულ ქვეყნებს შორის. ქრისტიანული ქვეყანა ლეგალური ერთეული იყო. სხვა მუსლიმური სახელმწიფო ლეგალური ერთეული არ იყო. სულტნის პოზიციიდან, შაჰი მეამბოხე იყო; შაჰის პოზიციიდან, მეამბოხე იყო სულტანი, ამიტომაც სავაზო მოლაპარაკებებისას ეს საკითხი ღიად დატოვეს... ერთი ოსმალური დამწერლობითი ხელოვნების სახელმძღვანელო ორ შესაბამის დოკუმენტს წარმოგვიდგენს. პირველს მოხდენილად ჰქვია „ვედრების წერილი“ და მიეწერება შაჰს, მაგრამ აშკარად ოსმალო მოხელის მიერაა შედგენილი. მეორე დოკუმენტში სულტანი სულგრძელად პასუხობს, რაც ცალმხრივი განცხადებაა მისი მხრიდან, მაგრამ სინამდვილეში მოიცავს ხელშეკრულების მუხლებს. ეჭვგარეშეა, რომ სპარსეთის მხარესაც უნდა ჰქონოდა ეკვივალენტური დოკუმენტი“.

XX საუკუნემდე ახლო აღმოსავლეთში ნომინალურად მხოლოდ ორი სახელმწიფო იყო -ოსმალეთი და სპარსეთი. XX საუკუნის ბოლოს ამავე ტერიტორიაზე 16 სახელმწიფო არსებობდა. ირანმა შეინარჩუნა ტერიტორია. დანარჩნი სახელმწიფოები კი შეიქმნა ან ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე, ან ადრე ფორმალური სახელმწიფოებრიობის არმქონე არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ და დასავლეთ პერიფერიაზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო ბრიტანული ქმნილებაა.

ოსმალეთ-სპარსეთის საზღვრის დემარკაცია (ადგილზე მონიშვნა) მხოლოდ 1913 წელს დამთავრდა: ის ჩაატარეს რუსმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა. საზღვარი ოფიციალურად გაფორმდა იმავე წლის სტამბოლის შეთანხმებით. ამ შეთანხმებით დემარკირებული საზღვარი აშორებს თურქეთსა და ირანს, ერაყსა და ირანს. ამრიგად, უძველესი საზღვარი რეგიონში ჯერ ასი წლისაც არაა. დანარჩენი საზღვრების უმეტესობა კიდევ უფრო გვიანდელია: ისინი ჩამოყალიბდა და გაფორმდა ძირითადად 1920-იანი წლებიდან.

***
ხანდახან ისმის ხოლმე ლაპარაკი „ბუნებრივ საზღვრებზე“, რომელიც თითქოს შედარებით ადვილი დასაცავი მიჯნაა. მაგრამ, როგორც ინგლისელი სპეციალისტები აღნიშნავენ: „არ არსებობს ის, რასაც „ბუნებრივ საზღვარს“ უწოდებენ. ყველა საზღვარი თვითნებურია. იქნება თუ არა ის კარგი ღობე, დამოკიდებულია მისი განვითარების სტადიაზე და არა ფიზიოგრაფიაზე. „მოწიფული“ გეომეტრიული საზღვარი, ანუ ისეთი, რომელიც სათანადოდაა აღიარებული და კარგად იმართება, შეიძლება ბევრად უფრო სტაბილური და საიმედო იყოს, ვიდრე ფიზიკურად მკაფიო, მაგრამ სადავო საზღვარი“.

გამოყოფენ ოთხი ტიპის სასაზღვრო დავას. ესენია: პოზიციური, ტერიტორიული, ფუნქციური და საზღვარგადაღმა რესურსული დავა. ყველა მათგანი ახლო აღმოსავლეთშიც ვლინდება:

პოზიციური დავა ეხება ხოლმე საზღვრის ზუსტ მდებარეობას: ის გამომდინარეობს ან იურიდიული დოკუმენტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციიდან, ანდა წარმოიშობა საზღვრის ფიზიკური თავისებურებების ცვლილების შედეგად (მაგალითად, მდინარის კალაპოტის შეცვლის, კუნძულის აღმოცენებისა თუ გაქრობის გამო).

ტერიტორიული დავის საბაბს ქმნის ერთსა და იმავე მიწაზე მეზობელი ქვეყნების პრეტენზია, რაც, ჩვეულებრივ, ეყრდნობა სხვადასხვა პოზიციიდან გაგებულ ისტორიას ან „გეოგრაფიულ აუცილებლობას“ (მაგალიტად, ჩაკეტილი ქვეყნის მისწრაფებას გავიდეს ღია ზღვაზე; სტრატეგიული, სასიცოცხლო სივრცის მოპოვებას და ა.შ.). რეგიონში ყველაზე ცნობილი ტერიტორიული დავაა კონფლიქტი პალესტინის მიწის გამო.

როგორც პოზიციური, ისე ტერიტორიული დავის შემთხვევაში მხარეები ჩვეულებრივ მოითხოვენ საზღვრის გადაწევას.

ფუნქციური დავის შემთხვევაში მეზობელი მხარეები ჩივიან, რომ საზღვარი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებს, ტვირთების გადაადგილებაზე, მიწის გამოყენებაზე (მაგალითად, საძოვრად).

საზღვარგადაღმა რესურსული დავა წარმოიშობა, როდესაც ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მეორე ქვეყანა მის ხარჯზე იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად, წყალს.

***
მიიჩნევენ, რომ მოციქულ მუჰამმადის დროშა მწვანე ფერისა იყო. XIX საუკუნიდან ეს ფერი თავიანთ სიმბოლოდ აქციეს ისლამის ერთ-ერთი მიმართულების, ვაჰაბიზმის, მიმდევრებმა. (საუდის არაბეთის, სადაც ვაჰაბიზმი სახელმწიფო რელიგიაა, დროშის მწვანე ფონზე თეთრი ასოებით არაბულად წერია შაჰადა (ისლამის რწმენის განცხადება): „არაა ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამმადია ალაჰის მოციქული“. წარწერის ქვეშ სამეფოს დამაარსებლის, აბდალაზიზის, ხმლის გამოსახულებაა). ლიბიას 1977-2011 წლებში ერთფეროვანი სახელმწიფო დროშ ჰქონდა და ის მწვანე იყო; 2011 წელს იქ ძველი სამფეროვანი დროშა აღადგინეს. მწვანე ფერი ისლამის სიმბოლოდ იქცა.

ერაყის დროშაზე სამი მწვანე ვარსკვლავია. 1991 წელს, კოალიციასთან ომის დროს, სადამ ჰუსეინმა ვარსკვლავებს შორის ჩაამატებინა სიტყვები ალაჰუ აკბარ - დიდ არს ალაჰი“. ამით მას უნდოდა თავისი რეჟიმისათვის ისლამური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. 2008 წელს ერაყის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ჩამატებული სიტყვები ამოიღეს.

მწვანე, თეთრი და წითელი ფერები სპარსეთის (ირანის) დროშაზე XVIII საუკუნიდან ჩნდება. 1906 წელს ისინი ჰორიზონტალურ ზოლებად დაალაგეს. 1980 წელს კი, ისლამური რევოლუციის შემდეგ, დროშაზე ორ რიგადდაიტანეს სტილიზებული კუფური შრიფტით შესრულებული სიტყვები ალაჰუ აკბარ (ეს სიტყვები 22-ჯერ მეორდება, რაც ისლამური კალენდრის იმ დღეს აღნიშნავს, როდესაც აიათოლა ჰომეინი ირანში დაბრუნდა 1979 წელს). დროშის შუაში, თეთრ ფონზე ოთხი ნახევარმთვარისა და მახვილისგან შედგენილი რევოლუციური ემბლემაა. შაჰის დროს სახელმწიფო ემბლემა ხმალშემართული ლომი იყო.

ბირთვული იარაღის საწარმოებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ატომური ელექტროსადგურის (აეს) მიერ ნახმარი საწვავი. ამიტომაც აეს-ებისა და სხვა დანიშნულების ბირთვული რეაქტორების მშენებლობას მეტოქე ქვეყნებში თვალს გაფაციცებით ადევნებენ ხოლმე.

1945 წლსი 19 მარტს კრემლმა აღარ გააგრძელა თავდაუსხმელობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ 1925 წლის 17 დეკემბერს საბჭოთა-თურქული ხელშეკრულება. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა (მინისტრმა) მოლოტოვმა 1945 წლის 7 ივნისს წამოჭრა 1931 წლის მოსკოვის შეთანხმებით თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიების (ყარსი, ართვინი, არტაანი) უკან დაბრუნებისა და შავი ზღვის სრუტეებში საბჭოთა სამხედრო ბაზების შექმნის საკითხები. საბჭოთა კავშირში მზადდებოდა საზოადოებრივი აზრი: 1945 წლის ბოლოდან და მთელი 1946 წლის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა სომხებსა და ქართველებს კვებავდა ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების ფუჭი ოცნებებით, რაც მოასწავებდა ამ ხალხების ჩათრევას ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში. სტალინმა ვერ დაიწყო შეტევა თურქეთზე უფრო იმის გამო, რომ აშშ-ს უკვე ჰქონდა ატომური ბომბი, საბჭოთა კავშირს კი ის 1949 წლამდე არ ჰქონდა. საბჭოთა არმიის გენშტაბში, როგორც ჩანს, გამოთვალეს, რომ თურქეთთან ომის შემთხვევაში ამ უკანასკნელის მხარეს აშშ გამოვიდოდა.

სერ უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის უკვდავი სიტყვები: „შეერთებული შტატები ყოველთვის იპოვის სწორ გზას, მას შემდეგ, რაც ყველა სხვა გზას მოსინჯავს!“

საბჭოთა კავშირის ვეტო იორდანიის გაეროში მიღებაზე იყო საბჭოტა რესპუბლიკების გაეროს წევრად მიღებაზე დადებული ამერიკის ვეტოს საპასუხო რეაქცია. სტალინის დროს კრემლი გეგმავდა ყველა მათგანის, როგორც „სუვერენული სახელმწიფოს“, გაეროში შეყვანას (და ამით თავისთვის 16 ხმის გარანტირებას!) დასავლეთის ქვეყნები დათანხმდნენ გაეროში მიეღოთ მხოლოდ უკრაინის სსრ და ბელორუსიის სსრ.

(მესამე გადამუშავებული გამოცემა)
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში