ავღანთა ხვედრიც - ჩვენს გაფრთხილებად!..

ავტორი: როსტომ ჩხეიძე

არავის უკვირს ლიტერატურის ასპარეზზე ნაგვიანევი დებიუტი. არც განსაკუთრებული აჟიოტაჟი და წარმატება, თუნდ ნაგვიანევ დებიუტს რომ მოსდევს. 

და ამ მხრივ არც ხალიდ ჰოსეინის წარმატება მოჩანს რაღაც უჩვეულოდ, ორმოცი წლისა რომ შემოაბიჯებდა მწერლობაში და პირველივე რომანს „ფრანით მორბენალი“ აღტაცებული შეეგებებოდა მკითხველი.

ავღანური წარმოშობის მწერალი ამერიკულ ლიტერატურაში უნდა დამკვიდრებულიყო, და მეტი დამკვიდრებაც რაღა გინდა, როდესაც გაყიდულ ეგზემპლართა რაოდენობა ამ ქვეყანასა და მის საზღვრებს მიღმა 21 მილიონს მიაღწევდა.

„ფრანით მორბენალი“ ხელმისაწვდომი შეიქნებოდა ჩვენი მკითხველისთვისაც: ლალი ყუშიტაშვილის მიერ ჩინებულად ამეტყველებული ქართულად და „არტანუჯის“ გრიფით გამოცემული. და რაოდენ მოკრძალებულიც უნდა იყოს გაყიდულ ცალთა რაოდენობა საქართველოში, არამარტო დიდად დააფასებს გემოვნებიანი მკითხველი და უკეთეს წიგნთა თაროზე მიუჩენს ადგილს, არამედ მისი გაცნობის კვალობაზე ბევრი რამ წამოაგონდება საქართველოს უახლესი ისტორიიდანაც და ზოგჯერ ისიც შეიძლება მოეჩვენოს: ავღანეთი არ ვიცით, მაგრამ ეს რომანი ჩვენზე კი ნამდვილად არის დაწერილიო.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ სხვა სიმძაფრით იმოქმედებს ჩვენზე ის პასაჟი, 1978 წლის დეკემბერს ხალიდ ჰოსეინის სამშობლოში ქუჩებში რუსული ტანკები რომ გამოჩნდებიან და:

- თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ.

„ჩემი“ ანუ იმ ნამდვილი ავღანეთის, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს თავისი წეს-ჩვეულებანი და ეროვნული თვითმყოფადობა-თავისებურებანი და არ გაითქვიფოს გადამთიელებში, არ იქცეს რუსეთის იმპერიის ნაწილად.

ამიტომაც „სიკვდილი“ ავღანელ პატრიოტთა განცდის სიმწვავესა და უკიდურესობას გამოხატავს, თორემ ამ ქვეყანასაც ბედად ეწერა თავი დაეღწია რუსული კაბალისათვის, მათ თავგამეტებას კი ის სიკეთეც მოეტანა, რომ აქაურ მარცხსაც უნდა შეერყია რუსეთის იმპერიის ძლიერება, ჩამოეფხრიწა მისი უძლეველობის შარავანდი და ხელი შეეწყო იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისათვის, რომელსაც საბჭოთა რესპუბლიკებისათვის ნანატრი შვება უნდა მოეტანა და საქართველოც ღირსებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

და რაოდენ სასიხარულოა, რომ ხალიდ ჰოსეინის რომანი მარტოდენ ამ მხრივ კი არ იპყრობს ჩვენს ყურადღებას, არამედ უწინარესად მაინც მხატვრული შთამბეჭდაობით, იმ ლიტერატურული სრულფასოვნებით, მსოფლიო რომანისტიკას რომ ამდიდრებს; და სწორედ ეს შთამბეჭდაობაა, ძალდაუტანებლად რომ წამოგვიტივტივდება მეხსიერებაში თუნდ ჩინგიზ აიტმატოვის რომანი „თეთრი ხომალდი“ - თუ როგორ ებღაუჭება ყირგიზი მწერალი ეროვნულ თავისებურებებს და ცდილობს მათ გადარჩენას, ერთგვარ სიმბოლოდ კი ადათ-წესების გადარჩენისა გამოჰყავს არა მხცოვანი პიროვნება, არამედ პატარა ბიჭი, როგორც ხიდი მომავლისაკენ.

არ დაიჯეროთ, რომ ფინალში ეს პატარა ბიჭი იღუპება - იგი ხომ წყალში შთაინთქმის, ეს კი მხატვრულ-მეტაფორულ ენაზე სხვა არაფერია, თუ არა საწინდარი განახლება-აღორძინებისა.

ხალიდ ჰოსეინის რომანშიც პატარა ბიჭმა უნდა იტვირთოს ეს დიდი მისია - ეროვნულ სულიერ ღირებულებათა გადარჩენა. ფრანის ფრენას რომ შეიგრძნობს, ამ ფრენის რიტუალურ დანიშნულებასა და მეტაფორულ მნიშვნელობას, იგი თავისი ერის სრულუფლებიანი წევრი ხდება და ჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ უკვე უნდა მიწვდეს რაღაც იდუმალს, ხვალ და ზეგ მისთვისაც რომ გაცხადდება და... მაშ სულიერი უწყვეტობაც გაგრძელდება.

არა, ასე მაინც რას აღეტაცა ამერიკელი მკითხველი?

მხატვრული ღირსებანი მხატვრულ ღირსებებად, მაგრამ... გარდა იმისა, რომ ამ რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერებოდა, გადაიღებდნენ ფილმადაც, გაიხსნებოდა კლუბებიც, დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურადაც გამოცხადდებოდა და ბევრისათვის სულაც სამაგიდო წიგნად იქცეოდა.

- წარსულს ვერ გაექცევი, - იტყვის მთავარი გმირი, რადგანაც ცხოვრება დაუდასტურებს, რომ ტყუილუბრალოდ არ უნდა მოინდომო შენთვის მწარედ გასახსენებელი ამბების მიჩქმალვა თუ შელამაზება, ისევ სჯობს თავისი სახელი დაარქვა, მოინანიო და შეეცადო მის გამოსწორებას შენს არსებაში ახალი პიროვნული თვისებების აღმოჩენითა და გამკვეთრებით.

საამისოდ კი ყველაზე მეტად თავგანწირვის მაგალითი გამოგადგება, შენს თვალწინ ჩადენილი.

თურმე ყველაფერი სულაც არ დაკარგულა.

თურმე დარჩენილან ადამიანები ქვეყანაზე - აგერ თუნდ ჰასანი, ძირფესვიანად რომ უნდა შეგირყიოს სული თავისი სიცოცხლითაც და თავისი სიკვდილითაც.

მერე კიდევ:

- თუ რამე ვისწავლე ამ ქვეყანაში, ერთი ისაა, რომ არ უნდა დანებდე.

„ეს ქვეყანა“ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც... ისევე უნდა შეიყვანოს ჯარები ავღანეთში, როგორც წლების წინათ რუსეთის იმპერიამ, და როგორც ისინი ამართლებდნენ თავიანთ სამხედრო ექსპანსიას ინტერნაციონალური ვალის მოხდის აუცილებლობით, ასევე დაიწყებდნენ ამერიკელებიც თავიანთი მოქმედების გამართლებას თალიბანის ძალმომრეობის აღკვეთის გარდუვალობით.

თალიბანი დაუპირისპირდებოდა და კიდეც გამორეკავდა საბჭოთა არმიელებს ავღანეთიდან, მაგრამ... აგერ ხალიდ ჰოსეინიც გვიმტკიცებს: ერთი უბედურება მხოლოდ მეორით შეიცვალა, თალიბანი ავღანელთათვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი გახლდათო.

და აჰა, მოიფინებოდა ქვეყნის ქუჩები განუკითხაობის ათასგვარი ნაყოფით - სექსუალური ძალადობით, ობოლი ბავშვებით, მათხოვრებით.

მაგრამ ავღანეთი უნუგეშოდ არ უნდა დარჩენილიყო და... ამერიკა მოსახლეობის დაცვის ლოზუნგით დაძრავდა ჯარებს.

„ფრანით მორბენალი“ მომხრეა ამერიკული სამხედრო ექსპანსიისა.

და ეს იდეური ხაზი სინამდვილეში სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს, თუ არა იმას, მგელს მგლისფერი ძაღლი რომ გირჩევნია ანუ: რუსულ იმპერიალიზმს ამერიკული იმპერიალიზმი.

ვითომ ამხელა განსხვავებაა მათ შორის?

ქართული სიბრძნე, ანდაზით გამოხატული, რომ სულ სხვას შეგვაგონებს და ერთნაირ უბედურებად სახავს, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?

ეჰ, ამ სიბრძნესა და ამ ანდაზას ვიღა დაგიდევს!..

რა გასაკვირია, ასერიგად რომ აღფრთოვანებულიყვნენ ამერიკელები და ხალიდ ჰოსეინის რომანისათვის პოლიტიკური დანიშნულებაც დაეკისრებინათ, უპირველესად სწორედაც პოლიტიკური და იმ ფილმსაც, იმ კლუბებსაც, იმ სავალდებულო საკითხავად დადგენასაც ის მიზანი მინიჭებოდა, მათი სამხედრო ექსპანსია გამართლებული რომ გამოჩენილიყო კიდევ ერთხელ, - თანაც, ავღანური მწერლის თვალთახედვით.

სრულიად განსხვავებულ მოვლენად და არა რუსული იმპერიალიზმის აგრესიის ალიკვალად.

თუმც... რუსული პროპაგანდა რა, ნაკლებად „ათეთრებდა“ თავის მოქმედებას ავღანეთში, გინდა თუ არა, თქვენს გადასარჩენად და სწორ გზაზე დასაყენებლად შემოვსულვართ, თქვენთვის სიკეთისა და ბედნიერების მოსანიჭებლადო?!.

ეს ტენდენცია, აწ უკვე ამერიკული აგიტაციისა, ასე მკვეთრად რომ ცნაურდება რომანში?!.

ხალიდ ჰოსეინი თალიბანს უპირისპირდება არა სამართლიანობის პოზიციიდან, არამედ - ამერიკული თვალთახედვით, რაც ლაქად აჩნდება წიგნის ჰუმანისტურ პათოსს, ზღუდავს მის თვალსაწიერს.

მაგრამ ისეთი მკაფიო და ხელშესახებია ავღანური ტრადიციების გადასარჩენად მწერლის თავგამოდება, საბოლოოდ მაინც ეს მრწამსი გადაძლევს და „ფრანით მორბენალი“ თავს აღწევს პოლიტიკური კონიუნქტურის მარწუხებს და ინარჩუნებს თავის მხატვრულ ძალმოსილებას.

სულ არ ყოფილიყო ის ტენდენცია, სჯობდა, ცხადია.

მაშინ... აღარც უამრავი რეცენზია დაიწერებოდა.

აღარც კლუბები გაიხსნებოდა.

აღარც დამამთავრებელი კლასების პროგრამაში შეიტანდნენ სავალდებულო საკითხავად.

და ვეღარც სამაგიდო წიგნის ავტორიტეტს მოიპოვებდა.

ეგაა, ჩვენ თუ დავუფასებდით.

და დროდადროც თუ გადმოვიღებდი, თავს რომ მოგვანატრებდა და გადაფურცვლა კიდევ ერთხელ მოგვინდებოდა, კითხვისას ნება-უნებლიეთ ჩვენს დრამატულ სინამდვილეში გადავეშვებოდით, რადგანაც თუ რაიმეს, წარსულსაც ვერ გაექცევი, მითუმეტეს - წარსულს, რომელიც ჯერ არც დასრულებულა, და ღმერთმა ინებოს, ისე შეიკრას მისი კომპოზიციური ქარგა, ჩვენ როგორც გვეოცნებება - მგლებისა და მგლისფერი ძაღლების რკალს გარიდებული და ნამდვილ სახელმწიფოებრივ გზაზე დამდგარი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში