კარიბჭე ირანული თეატრის სამყაროში - თანამედროვე სპარსული დრამატურგია
ავტორი: როსტომ ჩხეიძე
სასაფლაოზე ღამით კაცი საფლავებს შორის დარბის, ვიდრე ერთ სამარეს წაადგებოდეს, თავზე რამდენიმე ჩირაღდანი რომ დაუმაგრებიათ, და შიშველი ხელებით დაიწყებდეს თხრას. ისედაც სულისგამყინავი სურათია, რომელიც კაცის მონოლოგმა კიდევ უფრო შემძვრელი უნდა გახადოს, მითუმეტეს, ყოფით სცენას თანდათან უნდა შემოებლანდოს მისტიკურობის ნისლი, და ისეთი მხატვრული და ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, რომ მკითხველმა რეალობად განიცადოს გოგონას წამიერი გაცოცხლება და კაცის თხოვნა-ვედრების: იცი, ახლა არავითარი სურვილი არა მაქვს, იმის გარდა, რომ პასუხი გამცე. შემიძლია, მერე მშვიდად მოვკვდე. ვგრძნობ, ამაღამ მე ვარ, ვინც საფლავში უნდა დაიძინოს. როგორ მეძინება! ნეტავი ძილს დამანებებდე! მომეცი ძილი. ის მაინც მითხარი, რომ ჩემი სიტყვები გაიგონეო, - პასუხად სამარიდან თუ იდუმალებიდან ამცნოს: გავიგონეო.
და კაცი კიდეც შეერთოს უსასრულობას.
სიურრეალიზმს სჩვევია ამისთანა მხატვრული გარემოს შექმნა და ამირ დეჟაქამის „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ სწორედ ამ სტილისტიკით არის შექმნილი, ერთმოქმედებიანი დრამის აღნაგობით, მთლიანად მონოლოგს რომ ეყრდნობა, თავით ბოლომდე ვედრებითა და უხილავი მიჯნის გარღვევის ჟინით განმსჭვალულს, კაცი არაფრისდიდებით რომ არ ეგუება წუთისოფლის კანონებს და მზადაა, რომ ქალაქის მეფის ქალი საფლავიდან ამოიყვანოს, სუდარა ტანზე შემოახიოს, გულში ჩაიკრას და მთელი თავისი ყოფნა იმის არყოფნაში ჩაღვაროს, რათა მიწიდან როგორმე თავი წამოაწევინოს.
- სანამ იყავი, არაფერი მითქვამს, სანამ იყავი, შენთვის არასოდეს მომიკითხებია, სანამ იყავი, ვერ მივხვდი, ვინ იყავი. ვამბობდი, არის და ვარ, იფურჩქნება და მეც მივედინები. ქრის და ვსუნთქავ-მეთქი. შენი არსება მაარსებებდა, ვიყავი და მივედინებოდი, ვიტალღებოდი და ვგუგუნებდი! მინდოდა მეთქვა და ვმუნჯდებოდი, მინდოდა შემომეხედა და ვბრმავდებოდი, მინდოდა გამეგონა და ვყრუვდებოდი. გზას მიჭრიდი გზის ყაჩაღად გადაქცეული და მთელ ჩემს სარჩო-საბადებელს თან ნაძარცვად მიიყოლებდი.
სად იჩივლოს?
რომელი მოსამართლე მოისმენს მეძველმანის საჩივარს ქალაქის მეფის ქალის წინააღმდეგ!
ის - არწივი და ეს - კოღო, ის - სარო და ეს - ეკალი!
აქ მდინარესაც სძინავს, ნილოსს სძინავს, სძინავს ევფრატს, მაგრამ... დალაპარაკებით გაიღვიძებს.
და კაცმა ზეცას უნდა შეღაღადოს: წაიღე მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი წილი, მთელი ჩემი არჩივი, ოღონდაც უთხარი, რომ წამოდგესო.
პირველითგან ხომ იყო სიტყვა.
მაშ ესეც აღსდგეს ზეციური სიტყვის მობერვით, წარმოდინდეს, დაიტალღოს... და კიდეც აღსდგება.
ამირ დეჟაქამის დრამა სულ რამდენიმე ფურცლიანია, მაგრამ ბევრგვარ ფიქრსა და განცდას მოიყოლებს და არც ადვილი გასახსნელია მისი მხატვრული მრწამსი, რამდენიმე ნაკადად განტოტვილი, მაგრამ გიორგი ლობჟანიძეს ურჩევნია მკითხველის გონება უმთავრესად იმ კუთხით მიმართოს: ეს პიესა-მონოლოგი ღმერთისა და ადამიანის მარადიულ პრობლემას უტრიალებს და ამ ურთიერთობის მთელ ტრაგიზმს მეტად ორიგინალური ფორმით წარმოაჩენსო.
ეს დაკვირვება გამოთქმულია კრებულისათვის „თანამედროვე სპარსული დრამატურგია“ წინასიტყვაობად დართულ ესეიში, რომელიც უაღრესად დაწურულია, მაგრამ არაერთი ისეთი საგულისხმო დაკვირვება თუ მოსაზრებაა შემოთავაზებული, რომ გაიშალოს და სათვალსაჩინო მასალითაც შეივსოს, ერთ ჩინებულ მცირე მონოგრაფიადაც წარმოდგება.
არადა, სპარსული დრამატურგია იწვევს სურვილს მისი ღრმად გაანალიზებისა და მხატვრული თავისებურებისა და ღირსების სრულფასოვანი წარმოჩენისა ქართულ ენაზეც, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი თვალსაწიერი ამ მხატვრული სინამდვილის აღმოჩენითაც.
აგერ გიორგი ლობჟანიძე გვიმტკიცებს და ექვსი დრამატურგის თითო პიესის ქართული ორეულების შექმნით გვიდასტურებს, რომ ირანული თეატრი ტოლს არ უდებს ირანულ კინოს, რომლის ფენომენიც უკვე წლებია მსოფლიო პროფესიული წრეების წრფელ აღტაცებას იწვევს და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოც მოუპოვებია.
ტოლს უდებს კი არა, ეგებ გაცილებით საგულისხმოც იყოს, ვიდრე კინოა, მაგრამ:
- სცენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრი ჯერჯერობით მსოფლიოში ირანული კინოსავით პოპულარული არ გამხდარა. თეატრის მაღალ დონეს, რასაკვირველია, განაპირობებს რეჟისორთა და მსახიობთა პროფესიული ოსტატობა, მაგრამ უპირველესად, ეროვნული დრამატურგია, რომელიც... უაღრესად თავისებური და საინტერესოა.
ჩიტი რომ ნარზე ზის და ხელის აქნევას ელოდება!..
მარჯვე საბაბი კი აღმოჩნდებოდა „არტანუჯის“ მიერ წამოწყებული პროექტი „თანამედროვე დრამატურგია“ (თამარ კიკნაველიძისა და მაია კუდავას იდეით), გერმანელ ავტორებს სპარსელებიც მალევე რომ შეემატებოდნენ და მკვიდრ საყრდენსაც შეუქმნიდნენ პროექტის წარმატებულ გაგრძელებას.
ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ერთ კრებულს სრულყოფილად აესახა თუნდაც დღევანდელი ირანული დრამატურგიის განვითარების ტენდენციები და საერთო დონე, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ამ ექვს პიესასაც თვალნათლივ მიენიშნებინა სპარსული დრამატურგიის მრავალფეროვნება და მხატვრულ ძიებათა დაუცხრომლობა, უპირველესად კი დავერწმუნებინეთ:
- რა სასწაულები შეუძლია მოახდინოს თეატრმა ყველგან და, განსაკუთრებით, ამა თუ იმ მიზეზით ჩაკეტილი საზოგადოებრივი სივრცის პირობებში.
ასე გვიხსნის კარიბჭეს ამ სივრცეში შესაღწევად ეს ექვსი დრამატურგიული ნიმუში, რომელთაგან სოთბ ედ-დინის „სამახსოვრო ფოტო“ ყოფითი იგავის ჟანრისაა, აქბარ რადის „მინათა მიღმიდან“ და მოჰამად ჩარმშირის „მოტოციკლეტისტი რეზა“ ოჯახური დრამებია, ნაყმე სამინის „სიზმარი ცარიელ ჭიქაში“ კი ეპოქათა შორის ჭიდილის ფონზეა გაშლილი.
ამ მხრივ - ეპოქათა ჭიდილის გადმოსახედიდან - განსაკუთრებით დამაფიქვრელია ბაჰრამ ბეიაზის „დარტყმათა თავყრილობა“, ყველაზე სპეციფიკური კრებულში თავმოყრილ ნიმუშთა შორის და ამიტომაც მთარგმნელს დიდხანს ვერც გადაეწყვიტა მისი გადმოღება: იქნება თუ არა გასაგები და, შესაბამისად, საინტერესო ქართველი მკითხველისთვისაცო.
სპეციფიკურობა კი იმ უმწვავეს პრობლემას გამოუწვევია, ირანში წმინდანთა ჩვენება სცენასა თუ კინემატოგრაფში დიდხანს რომ იყო აკრძალული, მეტიც, ტაბუირებული, აქ კი ეს პრობლემა ფართო ისტორიულ-კულტუროლოგიურ კონტექსტში გააზრებულა.
პიესის მთავარი კონფლიქტი ისაა, რომ თეატრალური ჯგუფი დგამს წარმოდგენას მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფისა და შიიტთა პირველი იმამის ალი იბნ აბუ ტალიბის მკვლელობის თემაზე, ოღონდ ჯერჯერობით არ მოეპოვებათ შესაბამისი ნებართვა „ზემდგომი ინსტანციებიდან“ და, სავარაუდოდ, ვერც მოიპოვებენ.
პიესა პიესაში უკვე კარგად ნაცნობი მხატვრული ხერხია, მაგრამ როდესაც შთამბეჭდავად და დიდი ხელოვნებით შეასხამ ხორცს, აღმოჩნდება, რომ თურმე რაოდენ ამოუწურავი ყოფილა ამგვარი კომპოზიციური ქარგის შესაძლებლობანი და რა თავბრუდამხვევი ფოიერვერკის შემსწრენიც კი შეიძლება შევიქნათ, მითუმეტეს, როდესაც ბეიაზივით სტილურ-ენობრივადაც განასხვავებ პიესის პერსონაჟებისა და პიესაში დადგმული პიესის გმირთა მეტყველების რეგისტრს. ერთი მხრივ ზეაწეული, დეკლარაციული, ხატოვანი და ერთგვარად არქაული მეტყველება, მეორე მხრივ კი ჩვეულებრივი, ხშირად ჟარგონითაც საუბარი.
ეს გადასვლები ქართულ ვერსიაში ძალზე მოხდენილად მონაცვლეობს და არამარტო სიტყვაზე ვენდობით მთარგმნელს, რომ: ენის ეს სხვადასხვა რეგისტრი სინამდვილეში ეპოქებს შორის წარმოქმნილ უზარმაზარ ღირებულებათა და კულტუროლოგიურ კონფლიქტს წარმოაჩენს, - არამედ ხელშესახებადაც ვგრძნობთ.
პერსონაჟი მწერალი ჩიხში მომწყვდეულა, რაკიღა ნებას არა რთავენ წმინდანთა შემოყვანისას სცენაზე, და მაშ ძალაუნებურად უკეთური ადამიანები უნდა წარმოსახოს, ოღონდ... მათი სიავის გარეშე, ბოროტების პროპაგანდა რომ არ დაბრალდეს.
- შედეგი? როცა ცუდებს მათ სიცუდეს გამოაცლი, კარგები გახდებიან და მერე გაუგებარია, რატომღა უარვყოფთ? ცუდები ზოგჯერ იმითაც ხდებიან კარგები, თუ კარგებს შევაქებთ, და ვეღარ გაარკვევენ, რატომ ეკიდებიან მათ მტრად და რატომ კლავენ. ამ სიტუაციაში კი, აბა, მწერალმა რა უნდა ქნას?
ჩიხში მომწყვდევა გულს უტეხს და გაოგნებული შეჰყურებს უკვე დაწერილ სცენებს, აწ უკვე გაფანტულთ, რაკიღა მათი შემაერთებელი ხაზი, მთავარი პერსონაჟის სახით, დაკარგულა!.. და ორი იდეის თუ ურთიერთდაპირისპირებული ორი მხარის კონფლიქტი მთავარი პერსონაჟის არყოფნის გამო ცალმხრივი და არარეალიზებული გამხდარა. ამიტომაც საკუთარ თავს სხვა რა უწოდოს, თუ არა გაოგნებით გასავათებული.
ეს გადასვლები ქართულ ვერსიაში ძალზე მოხდენილად მონაცვლეობსო...
განსაკუთრებული სტილურ-ენობრივი სირთულეც წარმატებითაა დაძლეული და სხვა პიესების გარეგნული სიიოლის მიღმა ჩამალული დაბრკოლებანიც მარჯვედაა გადალახული, და სპარსელ დრამატურგთა ორიგინალური სამყარო ამთავითვე მთელი თავისი მხატვრული შთამბეჭდაობითაა განმეორებული იმ მდიდარი ქართული ენით, რაც ლამის თვალსადახელშუა დაგვეკარგოს და ცალკეულ მწერალთა თავდადებული გარჯის ფასადღა ინარჩუნებს სიცოცხლესაც და იმ უჩვეულო მადლსაც, ყოველი ენის გულისგულს რომ შეადგენს და თავისი მუსიკაც თან დაჰყვება, ამ მუსიკის შეგრძნების, გათავისებისა და მკითხველისათვის გაზიარების გარეშე კი ყოველი მხატვრული ქმნილება - ორიგინალური თუ თარგმნილი - ადრე თუ გვიან გასაქრობადაა განწირული.
სწორედ ენის ეს მუსიკაცაა საგრძნობი პიესათა ამ რკალში.
თითქოს ზედმეტი გახლდათ „თანამედროვე სპარსული დრამატურგიის“ თარგმანის ღირსებაზე ყურადღების გამახვილება და მიამიტ მკითხველს შესაძლოა ეგონოს, რომ რა დიდი თავგამოდება სჭირდებოდა სპარსელ დრამატურგთა შემოყვანას ჩვენს ენობრივ სივრცეში იმ პიროვნების მიერ, ვის სახელსაც უკავშირდება ყურანის ჩინებული ქართული ორეულის შექმნა, რომ აღარაფერი ითქვას საადი შირაზელის „გოლესთანზე“, იბნ ალ-მუკაფას „ქალილასა და დიმნას წიგნზე“, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის რომანზე „იესო - ძე კაცისა“, სპარსულ ხალხურ ზღაპრებსა თუ ჯალალ ედ-დინ რუმის, სოჰრაბ სეფეჰრისა ან ფორუყ ფაროხზადის პოეზიაზე, მაგრამ ყოველ მხატვრულ თხზულებას თავისი სამყარო აქვს და თავისი გასაღები სჭირდება, ასე რომ, გამოცდილება თავისთავად დიდად კი გშველის, მაგრამ იმდენსაც არა, რომ ადვილად გაგეხსნევინოს ესა თუ ის მწერალი, მითუმეტეს, ამ რანგის სპარსელი დრამატურგები, ირანული თეატრის დონე მსოფლიო მნიშვნელობისაც რომ აქციეს.
და ეს მაშინ, როდესაც თეატრის ისტორიის ხანგრძლივობით ვერ დაიკვეხნიან - ვიდრე ყაჯართა დინასტიის ერთი ყველაზე გონიერი და გემოვნებიანი იერარქი, ნასრედ-დინ შაჰი, 1873 წელს საფრანგეთში მოგზაურობისას ევროპულ თეატრალურ წარმოდგენებსაც ნახავდა და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ტრადიციულ ირანულ სანახაობაში თანადროულ სამსახიობო ელემენტებსაც შეიტანდა, შიიტურ ისლამში დამკვიდრებული „შაბიჰეხანისა“ და „თა’ზიეს“ მისტერიათა ანაბარა იყვნენ, თეატრალიზებული შეხსენებით ალი იბნ აბი ტალიბისა და მისი ვაჟების - ჰასანისა და ჰუსაინის - მკვლელობებისა; და კიდევ „ყესსეხანების“ ინსტიტუტიც ჩამოყალიბებულიყო, კაფეებსა და ყავახანებში ზღაპრებსა და ეროვნული ეპოსის „შაჰ-ნამეს“ ლეგენდებს რომ უკითხავდნენ თუ უყვებოდნენ თავშეყრილ საზოგადოებას.
ხელოვნების ისტორიისათვის ამ ყოველივეს უდავო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პროფესიული თეატრის დაფუძნებას კიდევ სხვა მოვალეობა ეკისრება სახელმწიფოს წინაშე და ამ მოვალეობის შეგნებითაა განმსჭვალული იმ ავტორთა შემოქმედება, რისი ნაწილიცაა „თანამედროვე სპარსული დრამატურგიის“ ეს კრებული, რომლის თავისებური შთამაგონებელიც მთარგმნელის მეგობარი და ქართული თეატრის ბრწყინვალე მსახიობი ნატა მურვანიძე აღმოჩნდებოდა და გიორგი ლობჟანიძე ამიტომაც უძღვნის მას ამ ნამუშაკევს, რომელიც არაფრისდიდებით არ უნდა დარჩეს ამ კრიტიკული ჩანახატის ამარა და ჩვენმა ირანოლოგებმა, თუნდ იგივე თეა შურღაია იქნება, მზია ბურჯანაძე თუ სხვანი, შესაფერისადაც შეაფასონ და ღირსეული ადგილიც მიუჩინონ ჩვენი მთარგმნელობითი ხელოვნების წარმატებულ ნიმუშთა მდინარებაში.