ჯალათები - ადამიანის უფლებათა დამცველებად

ავტორი: როსტომ ჩხეიძე

დიქტატურა რომ დაემხობოდა რუმინეთში, ჰერტა მიულერი შეეცდებოდა გამოეთხოვა უშიშროების სამსახურიდან ის ოქმები, მის მრავალწლიან ტანჯვა-წამებას რომ ასახავდა.

მეხსიერებიდან რა წაუშლიდა იმ საზარელ ეპიზოდებს, მაგრამ მოინდომებდა დოკუმენტური დადასტურების მოპოვებასაც. ჯერ ისედაც ცნობისწადილი ჰკლავდა, ოქმებში როგორ გადავიდა ის ყოველივეო, და მითუმეტეს - მოგონებათა წიგნის შექმნას რომ განიზრახავდა. ასეთ დროს კი უშიშროების საიდუმლო საცავები სწორედ მისწრებაა, თუნდ ბევრი რამ გაყალბებულად და გადასხვაფერებულად წარმოდგებოდეს.

ახალი ცხოვრება დგებოდა, სრულიად საპირისპირო მანამდელი პოლიტიკური რეჟიმისა.

და თვითონ ჰერტა მიულერიც სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახალი სინამდვილის ფონზე - ნაცვლად დევნილი, შევიწროებული, ჭორებისა და ცილისწამებათა აბლაბუდაში გახვეული ქალისა, თვალდათვალ ამოიზრდებოდა სახელოვანი მწერალი, ნობელის პრემიითაც რომ დააჯილდოებდნენ, თორემ სხვა ჯილდოები და მკითხველის დაუმცხრალი ინტერესი ხომ არ მოაკლდებოდა და არა.

და აი, მისი რომანების, მოთხრობებისა და ესეების წყებას უნდა შემატებოდა ავტობიოგრაფიული რომანიც „ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა”, რომლის ჩინებული თარგმანიც - ეკატერინე რაისნერისა და ნატალია ნადირაშვილის მიერ შესრულებული - გამომცემლობა „ინტელექტის“ წყალობით ხელმისაწვდომი შეიქნებოდა ჩვენი მკითხველისთვისაც... იქ კიდევ რომანი „მელა მაშინ უკვე მონადირე იყო“, იქ კიდევ ესეების ციკლი „მეფე დაიხრება და კლავს“, თუმც ვაითუ შორს გაგვიტყუოს ნობელიანტი მწერლის მხატვრულ-ესთეტიკურმა ნააზრევმა, რადგან ამჯერად მარტოდენ ერთი შტრიხითა თუ ერთი დეტალით თუ შემოვიფარგლებით.

ისე რაოდენ ორიგინალური აღნაგობისაა ეს ავტობიოგრაფიული რომანი, კომპოზიციურ ღერძსა და ქარგას რომ ქმნის არა ამ ყაიდის თხზულებათათვის ნიშანდობლივი თხრობა, არამედ... დიალოგი ანგელიკა კლამერთან, ჰერტა მიულერის მხატვრულ სამყაროსა და ბიოგრაფიულ ლაბირინთებსა და ნიუანსებში ღრმად გარკვეულ პიროვნებასთან, მღელვარე თხრობის სადავეები ვისთვისაც დაუთმია მწერალს და მის კითხვებზე აასხამს მოგონებათა სურათებს. ოქმებს გამოითხოვდა და... მხოლოდ 2008 წელს მოიპოვებდა - სეკურიტატეს (უშიშროების სამსახურის) ოქმების შემსწავლელი უწყების დაარსებიდან ათი წლის თავზე. თვითონ ამ უწყების დაარსებას რა დრო დასჭირვებოდა? დიქტატურის დამხობიდან ათი წელი.

თუ რომელიმე უწყება ამ ოქმებში ჩახედვას მოიწადინებდა, ამის შესახებ უშიშროების სამსახურისათვის უნდა ეთხოვა, იქ კი... ძირითადად ძველი თანამშრომლები ისხდნენ. ისინი ჯერ თვითონ ჩახედავდნენ ხოლმე ამ დოკუმენტებს გაცემამდე და თუ რაიმე არ ეჭაშნიკებოდათ, მსურველებს ამ სიტყვებით იგერიებდნენ: მასალები ჯერაც დამუშავების პროცესშიაო.

ცხადია, ისინი არ ჩქარობდნენ მათ მიერვე შედგენილი ოქმების “გასუფთავებას”.

უწყება ჰერტა მიულერს ჯერ შეატყობინებდა: ოქმები აღარ არსებობს, რევოლუციისას მოსახლეობამ შტურმით რომ აიღო უშიშროების შენობა, დოკუმენტაციაც მაშინ განადგურდაო. ცოტა მოგვიანებით კი... ოც გვერდს თუ გაიმეტებდნენ, ოღონდ ისეთს, მწერალი ამ ფურცლებზე მასთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტსაც ვერსად იპოვნიდა. ამას მიიჩნევდა საოცრად სულელურ ტყუილად, აროგანტულობად, რაც ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მიზეზის თქმის ღირსადაც არ მიგიჩნევენ.

ჰერტა მიულერი შეუპოვრად გააგრძელებდა მცდელობას ოქმების მოსაპოვებლად და კიდეც მიაწოდებდნენ ორ ნაწილად სხვადასხვა დროს, მაგრამ... მათში საგულისხმო სრულიად არაფერი აღმოჩნდებოდა.

აკლდა მთელი წლები, ქარხანა საერთოდ არ იხსენიებოდა, ამოიკითხავდი აგენტთა მთელ კარუსელს, ოღონდ დაშიფრულს, იხსენიებოდა ადგილები, საუბრები, შეფასებანი, ცილისწამების გეგმები, მაგრამ აკლდა დავალებების მიმცემთა სახელები. ოქმებში არცერთი პროფესიონალი სეკურიტატელი არა ჩანდა. ოქმები მაშინაც დუმდა, როცა სუიციდი და მკვლელობა გაიელვებდა. სეკურიტატეს მართლაც რომ არაფერი ჰქონდა დასამალი, უდანაშაულო რომ ყოფილიყო, ხომ შეძლებდა ოქმების მეშვეობით თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას. მაშ რატომ არ იქცეოდა ასე? თუმც... ყველაფერი გასაგებია.

ერთ რაიმეს კი დაადასტურებდა ამ ოქმების გაცნობით და აღტაცდებოდა: მის სამეგობრო წრეში ჯაშუში არ აღმოჩნდებოდა, უშიშროება ვერცერთის გადაბირებას ვერ შეძლებდა ლიტერატორთა ამ შეკრული გაერთიანებიდან, მათი მეგობრობის მოწამვლას ვერ მიაღწევდა.

სულ უთვალთვალებდნენ, სათითაოდ თუ ჯგუფურად, მაგრამ მხოლოდ გარედან - მეზობლების, კოლეგების, ნაცნობებისა თუ ჟურნალისტების მეშვეობით. ოქმებში ამის ამოკითხვა დიდად არ გააკვირვებდა, მაგრამ ძალიან შეშინდებოდა, როდესაც გამოირკვეოდა, რომ თურმე მისი ბინა მოსასმენი აპარატურით ყოფილა სავსე და ყველა ოთახში უსმენდნენ.

მუდმივი დევნის მიუხედავად, მეგობართა ამ წრიდან ვერავის წარმოედგინა, რომ... თურმე ქვეყნის მტრების სიის სათავეში ეწერნენ. ტექნიკაში გაუთვითცნობიერებელნი სეკურიტატეს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ და უშიშროება თავისი ტექნიკით ჯერაც ქვის ხანაში ეგონათ, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მათ გაუბედურებულ ქვეყანაში.

ოქმების გაცნობისას შოკში ჩააგდებდა იმ უხამსობის აღმოჩენა, რომ სეკურიტატე ჰერტა მიულერის დისკრედიტაციას ცდილობდა გერმანიაშიც. ქარხნიდან მისი გამოძევების შემდეგ უშიშროებას თურმე ათობით გეგმა შეემუშავებინა თავისი “დეზინფორმაციის მეთოდებით” და მათ მწერლის ცილისწამებისათვის იყენებდა.

ჭორების გასავრცელებლად გერმანულ ტელევიზიებს, რადიოსადგურებსა და გაზეთებს წერილებს გაუგზავნიდნენ და არწმუნებდნენ: ჰერტა მიულერი ჯაშუშიაო. საზღვარგარეთ წარგზავნილ რუმინელებს, მაგალითად, ფოლკლორული ანსამბლების თანმხლებთ, ევალებოდათ უშიშროების მიერ ნაკარნახევი ამ წერილების დაწერა და დასავლეთის საფოსტო ყუთებში ჩაყრა.

რა გასაკვირია, იმის თქმაც ეკადრათ, “დაბლობები” ჰერტა მიულერმა ჩვენი დავალებით დაწერაო!..

მწერლისათვის გულსატკენი აღმოჩნდებოდა, რომ თვით რეჟიმის დამხობის შემდგომ სეკურიტატეს ყოფილ თანამშრომლებს ნებისმიერი პროფესიით შეეძლოთ მუშაობა.

- ეს ხალხი არსად გამქრალა, შენარჩუნებული გავლენისა და ფუნქციების წყალობით სახელმწიფო საკუთრებას დაეუფლნენ, მდიდარ აროგნატულ “დემოკრატებად” იქცნენ.

მწერლური სიწრფელითა და სიალალით მაინც მოელოდა ჰერტა მიულერი: ეგებ ერთ მათგანს მაინც წამოსცდეს წარსული ცხოვრების გამო მონანიების ერთი სიტყვაო.

ერთი სიტყვაც რაღაა, არა?!.

მსგავსიც არაფერი.

არც სეკურიტატეს, პოლიციისა და სასაზღვრო ჯარების შესახებ იმართებოდა საჯარო დისკუსიები. საზოგადოება მათ არაფერს ეკითხებოდა, მათ შორის - არც მკვლელობებზე.

მოულოდნელად ქალაქის ცენტრში თავის ყოფილ დამკითხველს რომ შეეჩეხებოდა აწ უკვე აღიარებული მწერალი, ის მაშინვე იცნობდა და... კვერცხის რიგში მდგარ ხალხში გაერეოდა. იცოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა, თუ მასში უშიშროების თანამშრომელს ამოიცნობდნენ. ხალხი ჯერ კიდევ გაცოფებული იყო და შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლებაზეც არ ეთქვათ უარი.

მწერალი გვერდით ამოუდგებოდა და მუქარით კი დაემუქრებოდა: ახლა ჩემი უნდა გეშინოდეთო, - მაგრამ, რა გასაკვირია, სახალხოდ არ განეცხადებინა ამ კაცის ვინაობა და ზიზღმორეული გაშორებოდა.

ცხოვრება ტრიალებდა.
ჰერტა მიულერს კვლავაც თავის დაცვა უხდებოდა, ჭორებისა და ცილისწამებათა გასაქარწყლებად მიზანმიმართული მცდელობა, ისინი კი - გამომძიებლის სახელს ამოფარებული ჯალათები - ადამიანის უფლებათა დამცველად გარდასახულიყვნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოეყალიბებინათ და... მთლად მაშინდელივით თუ ვერა, ჯერაც ურთულებდნენ ცხოვრებას მათ მსხვერპლთ, რომელთა დროც არა და არ დგებოდა.

იცვლებოდა დოკუმენტური მასალები, სხვაფერდებოდა თუ სულაც უკვალოდ ქრებოდა დანაშაულის ყოველგვარი კვალი და თავიდან ცოტა მორიდებული გამომძიებელ-დამკითხველები სულ უფრო მოიცემდნენ ძალასა და რიხს: რა დაგკარგვიათ და რას ეძებთ უშიშროების ოქმებში, განა რა გეგულებათ ამისთანა... თუ არ დაგიშლია, ეძებეთ და ეძებეთ, ჩვენ რა, ოდნავი ბრალიც არ მიგვიძღვის და მთის ბროლივით კრიალანი ვართ, ანკი სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოგვიღამდა წუთისოფელიო...

* * *

ნუთუ ჩემი და ჩემისთანების დრო არასოდეს უნდა დადგესო, - გულზე შემოყროდა ჰერტა მიულერს.

კიდევ კარგი, ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას მაინც ვეღარავინ დაუშლიდა, მამხილებელი, მრისხანე დოკუმენტის შექმნას იმ თითქოსდა პირწმინდად გამქრალი ოქმების სანაცვლოდ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში