დანტე ალიგიერი - ღვთაებრივი კომედია

ჯოჯოხეთი

დანტემ იცნო ვერგილიუსი, დიდი რომაელი პოეტი. ხოტბა შეასხა და თავისი მასწავლებელი უწოდა. თან დასძინა, რომ მისი ლამაზი სტილის გავლენით შექმნილი ლექსებით მოიხვეჭა სახელი.

ვერგილიუსმა დანტეს აცნობა, რომ ჯოჯოხეთსა და სალხინებელში თავად გაუწევდა მეგზურობას, აჩვენებდა იმ ზომამდე დატანჯულ სულებს, მეორედ სიკვდილს რომ ნატრობდნენ. ისეთებსაც, ვინც საკუთარ მდგომარეობას ნეტარ სულებთან შეერთების იმედით შეგუებოდა. ზეცაში კი ბეატრიჩე დახვდებოდა. რადგან ვერგილიუსი წარმართი იყო, ქრისტეს შობამდე დაიბადა, ამიტომაც სამოთხეში ვერ შევიდოდა.

დანტეს არ შორდებოდა შიში, ვიათუ რთული გზის გავლა ვერ შევძლოო. ენეასი რომ ჯოჯოხეთიდან უვნებელი დაბრუნდა, ამის მიზეზი მისი დიადი დანიშნულება იყო. ღმერთმა დაიფარა იგი, რადგან ენეასს ქალაქი რომი უნდა აეშენებინა, დანტე კი ენეასი არ იყო, ამიტომ ფიქრობდა, ჩემი მოგზაურობა უგუნური ნაბიჯი იქნებაო. [...] „თუ კარგად გავიგე, უკან დაბრუნება გადაგიწყვეტია. ლაჩარივით არ უნდა მოიქცე. იმ ცხოველს ჰგავხარ, რომელსაც ის აშინებს, რაც არ უნახავს“, - უთხრა ვერგილიუსმა.

ბეატრიჩემ სამოთხეში გაიგო, რომ დანტე სახიფათო გზას დადგომოდა, რომელიც პირდაპირ ჯოჯოხეთში მიიყვანდა, ამიტომ ვერგილიუსს სთხოვა დანტესთვის ჯოჯოხეთსა და სალხინებელში მეგზურობა გაეწია. ამ მისიის შესრულების შემდეგ ღვთაებრივი სიმართლის მიხედვიტ ვერგილიუსის სულს ხსნა მოევლინებოდა.

დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთის კარიბჭეს მიუახლოვდნენ. კარზე ეწერა: „მე შენ შეგიყვან ტანჯვისა და ცრემლის ქალაქში, სადაც მარადიული სასჯელისთვის განწირულ ცოდვილებს იხილავ“. ჯოჯოხეთის ბჭეს შავად ეწერა: „თქვენ, აქ მოსულნო, ყველა იმედი დატოვეთ მანდვე!“ [...] ხმები ერთ საშინელ გუგუნად ისე ატყდებოდა მიდამოს, როგორც ქვიშაში იცის ხოლმე. დანტემ ვერგილიუსს ჰკითხა, ვინ არიან ისინი, ასე რომ იტანჯებიანო. ვერგილიუსმა უპასუხა, აქ იმ ადამიანთა სულები იტანჯებიან, რომელთაც დიდი ცოდვა არ ჩაუდენიათ, მაგრამ არც რაიმე დამსახურება მიუძღვით უფლის წინაშე. ისინი იმ ანგელოზებს ჰგვანან, არც ღმერთის ერთგულნი რომ ყოფილან და არც მოღალატენი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავდნენ. ისინი არც ზეცამ მიიღო და არც ჯოჯოხეთმა.

დანტემ და ვერგილიუსმა ჯოჯოხეთის პირველ წრეში შედგეს ფეხი. ვერგილიუსმა დანტეს მიმართა: „შენ არ მკითხავ ტანჯულ სულთა ვინაობას, მაგრამ ვიდრე ამ ადგილს გავცდებით, მინდა იცოდე, რომ მათ სხვა არაფერი შეუცოდავთ, გარდა ერთისა, ნათლისღება არ ღირსებიათ. ისინი ქრისტეზე ადრე ცხოვრობდნენ. მეც აქ ვარ, მათი ბედის თანაზიარი, ამ უნებლიე შეცოდების გამო. ჩვენი სასჯელი კი ის არის, რომ ღმერთის ხილვა მარადიულ სურვილად გვექცა, რომელსაც ახდენა არ უწერია“. [...] უფლის გარეშე არც მომხდარა, არც გაგონილა, ვინმეს ამ ქვესკნელიდან თავი დაეღწიოს.

დანტესა და ვერგილიუსს ოთხი ლანდი მიუახლოვდა. ... ისინი ვერგილიუსმა დანტეს გააცნო: „ხმალშემართული, ჰომეროსია - უდიდესი პოეტი, მას სატირიკოსი ჰორაციუსი მოჰყვება, მესამე - ოვდიუსია, მეოთხე - ლუკანი. ხუთივენი დიდების გვირგვინით ვიყავით შემკულნი. შენ თვითონაც ხედავ, რა კრძალვით მესალმებიან“. [...] ოთხივე მიესალმა დანტეს, დიდი პატივისცემა გამოხატეს მის მიმართ, თავიანთ წრეში მიიღეს და ამრიგად მეექვსე გენისად აღიარეს.

პირველი წრე გაიარეს. ქვემოთ მეორე იყო, საიდანაც კვნესა და გულისწამღები კივილი ისმოდა. ტახტზე საშინელი და მრისხანე მინოსი იჯდა. ის იყო მსაჯული, რომელიც ტანჯულ სულებს აკვირდებოდა, მათ აღსარებას ისმენდა და მერე ქვესკნელში უჩენდა ადგილს. მისი კუდი იმდენჯერ იყო დახვეული, ჯოჯოხეთის რამდენი წრეც უნდა გაევლოთ ცოდვილ სულებს. მინოსის ტახტთან ყოველთვის მრავლად შეკრებილი სულები ძრწოლვითა და კანკალით ელოდნენ განკითხვის შემდეგ ქვესკნელში ჩაგდებას.

გონს რომ მოეგო, მის გარშემო წამებული სულები დაინახა. დანტე მიხვდა, ჯოჯოხეთის მესამე წრეში იმყოფებოდა. იქ გადაუღებლად წვიმდა, სეტყვა და თოვლნარები ბინძური სითხე ჰაერს ამძიმებდა. დედამიწას საშინელი სიმყრალით წამლავდა ცერბერი - სამთავიანი საზიზღარი და სასტიკი მხეცი, რომელიც დასჯილებს ბრჭყალებით ხორცს აგლეჯდა და ფლეთდა. წვიმისგან გვემული სულები ძაღლებივით ყმუოდნენ. როცა ერთ წყლულს იფარავდნენ, მეორე უშიშვლდებოდათ. და ასე გრძელდებოდა განუწყვეტლივ.

პოეტებმა ნელი ნაბიჯით გაიარეს აჩრდილებით სავსე ბინძური თოვლჭყაპიანი ადგილი და საიქიო ცხოვრებაზე მოჰყვნენ ლაპარაკს. დანტემ ჰკითხა: საშინელი სამსჯავროს მერე, ნუთუ ტანჯვა არ გაუნელდებათ ან მათთვის არაფერი შეიცვლებაო? ვერგილიუსმა მიუგო: გაიხსენე მეცნიერება. არსი სრულყოფასთან რამდენადაც უფრო ახლოსაა, მით უფრო მეტად გრძნობს ბოროტებასა და სიკეთეს. თუმცა ეს უმსგავსო ხალხი ნამდვილ სრულყოფას ვერასოდეს მიაღწევს, მაინც ელიან, რომ განკითხვის დღე სიკეთეს მოუტანთ.

დანტემ ჰკითხა: „ოსტატო, შენ ბედისწერა ახსენე, განმიმარტე რას გულისხმობდი?“ ვერგილიუსმა მიუგო: „მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. როცა შემოქმედმა ეს სამყარო შექმნა, ყველაფერი თანაბრად გაანაწილა. მისი სიმართლის მიხედვით წარმავალი ქონება ერთი ხელიდან მეორეს, რასიდან რასას გადაეცემა, ბატონობს ერთი, ნადგურდება მეორე. თუმცა ეს მსჯავრი ბალახებში დაფარული გველივითაა, ამას ადამიანთა სიბრძნე ხელს ვერ უშლის. ცვალებადობას დასასრული არა აქვს. ფორტუნას ხშირად უსაფუძვლოდ ჯვარზე აკრავენ, გინებითა და ცილისწამებით სახელს უტეხენ იმის ნაცვლად, რომ დიდებით მოიხსენიებდნენ, თუმცა თვით ბედისწერისთვის ეს სულერთია“.

ვერგილიუსმა დანტეს უთხრა: „ამ კლდეებს შორის ისეთივე სამი პატარა წრეა, ადრე რომ ვნახეთ. ეს წრეებიც სავსეა დაწყევლილთა სულებით, მხოლოდ მათი ნახვა რომ იკმარო, დასჯის მიზეზებს გეტყვი. სამივე წრეში მოძალადეები არიან, რადგან ძალადობა სამი სახის შეიძლება იყოს. ძალადობა შესაძლოა უფლის მიმართ, მოყვასსა და საკუთარ თავზე. კაცის მკვლელობა, დაშავება, სხვისი ქონების განადგურება, გატაცება, დაწვა - მოყვასის მიმართ ძალადობად ჩაითვლება. ამიტომ მკვლელები და მძარცველები პირველ წრეში იტანჯებიან. კაცს შეუძლია თვითმკვლელობის დროს იძალადოს საკუთარ თავზე, ან ქონებაზე, როდესაც წააგებს ან გაფლანგავს და სწორედ მაშინ ტირის, როცა უნდა ილხენდეს - ასეთები მეორე წრეში ისჯებიან. ისინი, რომლებიც გულში უარყოფენ უწმინდესის სახელს ან ეწინააღმდეგებიან ღვითსგან შექმნილი ბუნების კანონებს, სოდომისა და კაორის დაღს ატარებენ. ისინი, რომელთაც თავიანთ გულში ღმერთი არ უგრძვნიათ, მესამე წრეში არიან მოქცეულნი. სიცრუე კაცთა ბუნების მანკია. ყველაზე მეტად ღმერთს მატყუარები არ უყვარს, რადგან ტყუილი, ფიზიკური ძალადობისგან განსხვავებით, ადამიანის გონებას აზიანებს. ამიტომაც მატყუარები ყველაზე ბოლო წრეში იტანჯებიან. სხვა წრეებში მოქცეულია: ფარისევლობა, პირფერობა, სიყალბე, ჯადო, მაჭანკლობა, მკრეხელობა, მექრთამეობა, სიმონია და სხვა ამგვარი სიბილწენი. უკანასკნელი მცირე წრე თვით ლუციფერის საბრძანებელია.

პოეტები ძველი ხიდიდან გადაჰყურებდნენ სულების ახალ ბრბოს. ვერგილიუსმა დანტეს ერთი მათგანი დაანახა, რომელიც მეფური სიამაყით მოაბიჯებდა. ეს იაზონი იყო, მარჯვე და გაბედული, კოლხეთიდან ოქროს საწმისი რომ მოიპარა. მან კუნძული ლემნოსიც მოინახულა მას შემდეგ, რაც იქაურმა ქალებმა ყველა მამაკაცი ამოწყვიტეს. სწორედ აქ შეძლო იაზონმა ფიცითა და დათაფლული სიტყვებით ახალგაზრდა ჰიფსიფილეს მოტყუება, მერე კი მიატოვა. ამ ბოროტების ჩადენისა და მედეას ღალატისათვის ისჯებოდა აქ. მასთან მყოფი სულებიც მსგავსი ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ.

დანტე პაპების მიერ ჩადენილ ცოდვებს კონსტანტინეს აბრალებდა, რადგან პირველ პაპს სწორედ მან მიართვა ძღვენი. ცოდვილი სული რისხვისგან თუ სინანულისგან, ფეხებს მძლავრად იქნევდა. ვერგილიუსს კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა, დანტეს სამართლიან საყვედურს რომ ისმენდა.

ტირესიასი ქალად ქცეულიყო. ახლა ორი გველი წნელით უნდა ეცემა, სანამ კაცად არ გადაიქცეოდა.

დანტე ნანახმა შეაძრწუნა. რომალეთა მიერ პულიის მოსახლეობის ამოხოცვა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მეცხრე წრეში იხილა. ერთი ცოდვილი ნიკაპიდან სხეულის ბოლომდე გაეპოთ, მუცელი ფეხებს შორის ეკიდა, სისხლიანი ფილტვები და ნაწლავები უჩანდა. ეს მუჰამედი იყო. მან შეამჩნია, რომ დანტე თვალს არ აშორებდა. თვითონ გაიხსნა გაჭრილი მკერდი და პოეტს უფრო კარგად დაანახა დასახიჩრებული სხეული. აქვე იყო უმოწყალოდ თავგაპობილი ალი. ისინი განხეთქილებას თესდნენ. ამიტომ ჭრილობები როგორც კი შეუხორცდებოდათ, ეშმაკი მივარდებოდა და ისევ შუაზე ჭრიდა. ვერგილიუსმა მუჰამედს დანტე გააცნო...

ვერგილიუსმა შესძახა, საყვირი აიღე და რისხვა დაიცხრეო. მერე დანტეს მიუბრუნდა და უთხრა - ეს გიგანტი ნებროთიაო (ბაბილონის მეფე, რომლის სახელიც ბაბილონის გოდოლთან არის დაკავშირებული). მისმა გიჟურმა წამოწყებამ, ერთის ნაცვლად მრავალი ენა წარმოშვა. ამიტომ გიგანტთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან არც ერთი ენა არ ესმის და არც მისი ნათქვამი ესმის ვინმესო.

***

„ეშმაკის ფრთები ჩვენკენ მოემართება, ოღონდ ამჯერად სამტროდ“, - თქვა ვერგილიუსმა. უკვე ისეთ ადგილას იყვნენ, სადაც აჩრდილები სრულიად გაეთოშათ და შეებოჭათ ყინულის ლოლუებს. ეს იუდას წრე იყო, სადაც თავიანთი კეთილისმყოფლის მოღალატეები ისჯებოდნენ. უამრავი ლანდი მოჩანდა. ზოგი ნათელი და გამჭვირვალე იყო, ზოგს ეძინა, ზოგიც ფეხზე იდგა და ყვინთავდა. იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც ვერგილიუსს დანტესთვის ოდესღაც მშვენიერი არსება უნდა ეჩვენებინა. ეს იყო თვით ლუციფერი. ყველაზე მეტად ახლა გმართებს გამხნევებაო, უთხრა ვერგილიუსმა, დანტე ცოცხალ-მკვდარი იდგა.

ცოდვების სამყაროს მბრძანებელი ამოდიოდა, გულმკერდზე ყინული სცემდა. უზარმაზარი იყო. გოლიათიც რომ დატოლებოდა მისი მკლავის სიგრძეს, ქონდრისკაცად გამოჩნდებოდა. სამგვარი სახე ჰქონდა. წინა სისხლისფერი, მარჯვენა სახე თეთრი და ნახევრად ყვითელი, მარცხენა - ნილოსის ნაპირებზე ბინადართა ფერისა. სამივე სახე შუბლის ზემოთ ჰქონდა, ხოლო მათ ქვემოთ კი უშველებელი ფრთები მოუჩანდა. დანტეს არასდროს უნახავს ზღვაზე გაშლილი ამხელა აფრა. ისე ძლიერად ატყლაშუნებდა თავის ფრთებს, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო და მთელი კოჩიტოც ამიტომ იყინებოდა. ექვსივე თვალთაგან მონადენი მდუღარე, სისხლაინ დუჟში არეული ცრემლი სამივე ნიკაპზე ნიაღვარივით ჩამოსდიოდა. ყოველ ხახაში ცოდვილი ჰყავდა გამომწყვდეული და რკინის კბილებით გლეჯდა. პირველში - ბასრი კლანჭებით რომ აწამებდა, ვერგილიუსის განმარტებით, იუდა ისკარიოტელი იყო. მეორეში - თავი ხახაში რომ ჰქონდა გაჩრილი და მხოლოდ ფეხები მოუჩანდა - ბრუტუსი. მესამეში კი - ხმაგაკმენდილი რომ იტანჯებოდა, ახოვანი კასიუსი (კეისრის ერთ-ერთი მკვლელი) იყო.

სალხინებელი

დანტეს გონების ხომალდმა ჯოჯოხეთის სასტიკი ზღვა დატოვა და აფრა უკეთესი წყლების საუფლოში აღმართა. იგი უმღერდა მეორე ზეციურ სასუფეველს - სალხინებელს, სადაც ადამიანის სული სამოთხეში შესასვლელად განიწმინდება.

ვერგილიუსმა დანტეს ხელი მოჰკიდა და ანიშნა ქედი მოეხარა მოხუცის წინაშე. მერე კი უპასუხა: „კატონ, ჩემი ნებით არ მოვსულვარ, ციდან ჩამოვიდა ქალწული, რომელმაც მთხოვა ამ კაცისთვის მეგზურობა გამეწია. ის ცოცხალია, მაგრამ ცოდვებითაა დამძიმებული და აუცილებელი იყო ამ გზის გავლა სულსი სახსნელად“.

ვერგილიუსმა დანტეს აუხსნა: „გიჟია, ვინც ფიქრობს, რომ გონებას შეუძლია იმ უსასრულო გზას მისდიოს, რომელსაც მხოლოდ სამება ფლობს. ადამიანს ყველაფრის გაგების ნიჭი რომ ჰქონოდა, მაშინ იესოს დაბადება საჭირო აღარ იქნებოდა. დიდი ფილოსოფოსები ამაოდ ცდილობდნენ ამ საიდუმლოებებს ჩასწვდომოდნენ, რადგან მათი გონება მხოლოდ იმას ხედავდა, რაც ხილული იყო. სანაცვლოდ, ჯოჯოხეთში ტანჯვა დაიმსახურეს“.

დანტემ ვერგილიუსს ჰკითხა: „შენს ერთ წიგნში ამომიკითხავს, რომ ლოცვით არავის შეუძლია ცის განაჩენის შეცვლა. სულები კი სწორედ ამას მთხოვენ. იქნებ შენი ნათქვამი ვერ გავიგე?“ მეგზურმა უპასუხა: „სულების იმედი ამაო არ არის, თუ მათ გონებას განსჯის ნიჭი გააჩნია. ძირს არ დაიწევს მართლმსაჯულების მწვერვალი, თუნდაც ცეცხლივით აგიზგიზდეს სიყვარული. ჩემს წიგნში სულ სხვა რამეს ვამბობდი. ლოცვა ცოდვილებს ვერ განკურნავს, თუ იგი უფლისადმი არ არის მიმართული“.

ციდან ორი ანგელოზი დაეშვა. მწვანე სამოსში გამოწყობილებს, ასეთივე ფერის ფრთები ამშვენებდათ, ხელში ცეცხლოვანი მახვილი ეპყრათ. სორდელომ პოეტებს აუხსნა: „ორივე ანგელოზი ღვთისმშობლის მიერაა გამოგზავნილი, რათა ხეობა დაიცვან იმ გველისგან, რომელიც ცოტა ხანში გამოჩნდება“. [...] სორდელომ ვერგილიუსს გასძახა იქით გაეხედა, სადაც ხეობას მთა არ ეფარებოდა და საიდანაც გველი გამოჩნდა. სწორედ ის უნდა ყოფილიყო ევას გველი, ცდუნების ხილი რომ მიაწოდა. ქვეწარმავალმა ბალახებსა და ყვავილებში გაისისინა. დანტეს არ შეუმჩნევია, როდის აფრინდნენ ანგელოზები, მაგრამ როცა ჰაერში მწვანე ფრთები გამოჩნდა, გველი იქაურობას გაეცალა. ანგელოზებმა კი კვლავ საგუშაგოს მიაშურეს.

***

ვერგილიუსმა დანტეს სალხინებლის ზნეობრივი სტრუქტურა აუხსნა: „სიყვარული ადამიანში როგორც ყოველგვარ სათნოებას, ასევე ცოდვებისკენ მიდრეკილებასაც წარმოშობს. სიავე ადამიანებს მაშინ უყვართ, როცა მოყვასს სჭირს. ზოგი სხვისი დამცირებით ცდილობს ამაღლდეს, ზოგს ეშინია პატივისცემა და სახელი არ დაკარგოს, ამიტომ სხვას უსურვებს დამარცხებას. ზოგი განიცდის ხშირად და უსამართლო დევნას და შურისძიებით არის შეპყრობილი. ასეთი კაცი მუდამ ბოროტს ნატრობს სხვისთვის. ეს სამნაირი სიყვარული ისჯება ქვემოთ. ახლა მე მინდა სხვა სიყვარული შეიცნო, რომელიც კეთილს არამართებული გზებით მიელტვის. ყოველი კაცი ბუნდოვნად სიკეთესაც გრძნობს, რომელიც სულის სიმშვიდეს ანიჭებს. ამიტომ ყველა მის მოხვეჭას ესწრაფვის. თუ რას გულისხმობს სამნაირი სიყვარული, არ განგიმარტავ, შეეცადე თვითონვე მიხვდე“.

[...]

დანტემ ვერგილიუსს სთხოვა უფროკარგად განემარტა სიყვარულის ბუნება. ვერგილიუსმა მიუგო: „ადამიანის სული იმას მიელტვის, რაც მოსწონს. შემდეგ საგნის ანაბეჭდი ძლიერდება თქვენში და იქცევა სიყვარულად. ამ უასაკო ლტოლვას აყოლილი ვერ მოისვენებს, სანამ საწადელს არ ეწევა. შენც ხედავ, თუ რამდენად შორსაა ჭეშმარიტებისგან, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველგვარი სიყვარული ქების ღირსია“. დანტე ამ სიტყვებით სიყვარულის ბუნებას ჩასწვდა. მაგრამ ის ვერ გაიგო, თუ სიყვარული გარეგანი სინამდვილისგან გვეძლევა, მაშინ სიყვარულისგან წაქეზებულ სულს პასუხი რატომ მოეთხოვებაო? ვერგილიუსმა უპასუხა: „სანამ გონება სწვდება, იქამდე მე განგიმარტავ, რაც შეეხება რწმენას, ბეატრიჩე გაგიკვლევს გზას. სიკეთე მოქმედებაში მჟღავნდება, მაგრამ ადამიანში იდეებისა და შემეცნების ჩასახვა როგორ ხდება, უცნობია. პირველი ვნების გაღვიძება როგორც ფუტკრებს მინდვრად თაფლის მოგროვების ნიჭი, ბუნებით მოგდგამთ. ამ თანდაყოლილი ნიჭისთვის უადგილოა კაცის ძაგება ან ქება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ სიყვარულს შეითვისებთ, კეთილს თუ ბოროტს? ვინც გონებით ჩასწვდომია სიყვარულის არსს, მან შეიგრძნოს თავისუფლება და დაუტოვა კაცობრიობას ზნეობის სწავლა. ვთქვატ, უნებლიეთ ვიღაც შეგიყვარდათ, თუნდაც ორმხრივი სიყვარულით, თავშეკავების ნიჭი უნდა გაგაჩნდეთ. ამ მაღალ ნიჭში ბეატრიჩე ნებისყოფას გულისხმობს. ეს დაიმახსოვრე, თუ ამაზე გაგესაუბრა“.

სამოთხე

სულმა დაასკვნა, „ადამიანმა ქვეყნად ცხოვრება რომ შეძლოს, საჭიროა ტალანტების სხვადასხვაობა. ერთნი, სოლონის მსგავსად, კანონმდებლებად იბადებიან. მეორენი, ქსერქსეს მსგავსად - მეფედ. მესამენი, მელქისედეკის მსგავსად - მღვდელმთავრად. სხვანი, დედალოსის მსგავსად - მშენებლად. ამიტომაც საშოშივე განირჩეოდნენ ისააკი და იაკობი, ხოლო კვირინიუსს მარსის ძეობა მიაწერეს. როცა ბედისწერა ბუნების წესს შეეცილება, იქ უეჭველად მწირ ნიადაგზე დათესილი ჭირნახულივით უდღეური ნაყოფი ჩნდება. კაცთა მოდგმა ბუნების მიერ დაწესებულ ნატერფალს რომ მიჰყოლოდა, ალბათ ხალხს უკეთესი მომავალი ექნებოდა. მაგრამ თქვენ, ვისაც უხვად მიცემული აქვს სამხედრო ნიჭი, მღვლად აკურთხებთ, ხოლო მეფის ტახტს რიტორად შობილს უბოძებთ“.

არწივმა ლაპარაკი განაგრძო: „ღმერთმა როდესაც სამყარო შექმნა, თავისი ძალა ისე ძლიერ არ აღუბეჭდავს, რომ მისი სიტყვა უსასრულოდ არ დარჩენილიყო ადამიანურ შესაძლებლობაზე მაღლა. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ლუციფერი, რომელიც ყველა ქმნილებაზე მაღლა იდგა, თავისი ქედმაღლობის გამო ღმერთს აუჯანყდა და ღვთაებრივი მადლი დაკარგა. ადამიანის გონება მით უმეტეს ვერ სწვდება ღვთაებრივს, არ შეუძლია უფლის ზრახვა შეიცნოს, მხოლოდ საკუთარის გამხელა ძალუძს. ამიტომ მოკვდავთათვის მინიჭებული თვალი ვერ ხედავს სამართლიანობის სიღრმეს ისევე, როგორც ოკეანის ფსკერს“. დანტემ ჰკითხა: „თუ ადამიანი ისეთ შორეულ მხარეში დაიბადა, სადაც არასდროს გაუგიათ ქრისტეს სახელი, კეთილშობილური ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ მონათლულა და არც რწმენა ჰქონია, ამ შემთხვევაში როგორ ხდება სულის ხსნა? რისთვის უნდა განიკითხოს იგი, მისი ბრალი ხომ არ არის, ურწმუნო რომ გარდაიცვალა?“ არწივმა აუხსნა: „ადამიანს არ ძალუძს ასეთი რთული საკითხის განსჯა, რადგან მისი ხედვა იმ სიმართლით არის შემოსაზღვრული, რაც ათასი მილის სიშორეზე ჩანს. ეს პრობლემა მაშინ იქნებოდა, რომ არ არსებობდეს საღვთო წერილი, სადაც გაცხადებულია რწმენის ჭეშმარიტება. სიკეთე თავისით არასდროს ვრცელდება, ის ყოველთვის ღვთაებრივთან არის შერწყმული“.

„ბევრს პირზე აკერია უფლის სახელი, მაგრამ განკიტხვის დღეს უფრო შორს იქნებიან ღმერთისგან, ვიდრე ისინი, რომელთაც უფლის სახელი არ სმენიათ და მოუნათლავად გარდაიცვალნენ“.

ადამმა უთხრა დანტეს: „შვილო ჩემო, უფლის რისხვის მიზეზი აკრძალული ხილის გასინჯვა კი არა, შეუცნობლის შეცნობის სურვილი იყო. ჯოჯოხეთის წინა კარში დავრჩი და ცაში ასვლას ოთხი ათას სამას ორი წელი ველოდი. მიწაზე კი ცხრაას ოცდაათი წელი ვიცხოვრე. ჩემი ედემიდან გაძევებიდან ექვსი ათას ოთხას ოთხმოცდათვრამეტი წელი გავიდა. ენა, რომელზეც ვლაპარაკობდი, მანამდე გაქრა, სანამ ადამიანები ბაბილონის გოდოლის შენებას დაიწყებდნენ, რადგან ყველაფერს, რაც თქვენგან მოდის, წარმავალობა თან დაჰყვება. კაცთა მოდგმას ბუნება ანიჭებს ენას, ხოლო მეტყველებას - უფალი განაწესებს. სანამ ჯოჯოხეთს ვეწვეოდი, „ელ“ ერქვა უფალს, მერე კი „ელი“, რადგან კაცთა მოდგმა ფოთლების მსგავსად იცვლება. ერთნი მიდიან, მეორენი კი - მოდიან“. ადამმა აღნიშნა, რომ ცოდვებით სავსე, სამოთხეში შვიდი საათი დააყოვნეს.

შემდგენელი - მადონა ბოკუჩავა
გამომცემლობა „ადაპტი“, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში