ვინსენტ ვან გოგის უკანასკნელი წერილები ძმას

ოვერი
მაისი-ივლისი 1890

პარიზში ვინსენტი სამ დღეს დარჩა თეოსთან, მერე კი - 1890 წლის 21 მაისს ოვერსს (აუზზე) ჩავიდა და იქაური რატუშის პირდაპირ ერთ პატარა სასტუმროში დაბინავდა. მისი თვალყური ექიმმა გაშემ თვითონ იკისრა. ვინსენტი წუთსაც არ ისვენებდა, ბევრს შრომობდა. ყოველდღიურად ახალ-ახალ სურათებს ქმნიდა. ამგვარად, სიცოცხლის უკანასკნელი ორი ტვის მანძილზე 70 სურათი და 32 ნახატი შექმნა. მან დახატა 15 პორტრეტი - მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პორტრეტები, როგორიცაა ახალგაზრდა გლეხის ქალის, გაშეს და მისი ქალიშვილის, სასტუმროს პატრონის ბ-ნ რრავუს ქალიშვილის პორტრეტები, - სამი ნატურმორტი და მთელი რიგი საოცრად ხასხასა პეიზაჟები და ოვერის ხედები. აქვე შექმნა ერთადერთი ნამუშევარი ოფორტის დარგშიც (ექიმ გაშეს პორტრეტი).

ივლისის დამდეგს ვინსენტმა პარიზი მოინახულა: თეოს ბინაზე იგი შეხვდა ალბერ ორიეს და ტულუზ-ლოტრეკს. გიიომენს კი უკვე აღარ მოუცადა, პარიზი უცებ მიატოვა და მწარე ნაღველით შეპყრობილი ოვერში დაბრუნდა. ივლისის ბოლო დღეებში კი საოცრად იყო აგზნებული. 27 ივლისს პისტოლეტი ისროლა გულში და სასიკვდილოდ თავი დაიჭრა. 29-ში თეოს ხელში გარდაიცვალა, რომელიც გაშემ დაიბარა. მეორე დღეს ოვერის სასაფლაოზე დაასაფლავეს. დაკრძალვას ზოგი პარიზელი მეგობარიც ესწრებოდა: მამილო ტანგი, ემილ ბერნარი, ლავალი და სხვები.

ექვსი თვის შემდეგ, 1891 წლის 25 იანვარს, ჰოლანდიაში თეო ვან გოგიც გარდაიცვალა. 1914 წელს კი მისი ნეშტი გადაასვენეს და ვინსნეტის გვერდით დაკრძალეს.

***

21 მაისი, 1890 წ.

ძვირფასო თეო და ძვირფასო იო.

ახლა, რაკი იოსაც ვიცნობ, მარტო თეოს ვეღარ მოვწერ, მაგრამ იო, იმედია, ნებას მომცემს, ფრანგულად ვწერო: სამხრეთში ორი წლის ცხოვრების შემდეგ სათქმელის თქმას, ვგონებ, ფრანგულად უკეთ შევძლებ. ოვერი ერთობ ლამაზია. სხვათა შორის, ხშირია ჩალის სახურავები, რაც საერთოდ უკვე ძალზე იშვიათია.

იმედია, თუ აქ ორიოდ სერიოზულ სურათს დავხატავ, გზის ხარჯებს დავფარავ. ღმერთმანი, ოვერი წყნარი, ლამაზი, მართლა სოფლური ადგილია, წარმტაცი ად თავისებური.

ბნახე ბ-ნი ექიმი გაშე. საკმაოდ ექსცენტრიული ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ექიმის გამოცდილება უთუოდ შველის, წონასწორობა შეინარჩუნოს, ნერვული აშლილობა დაიოკოს, რაც მას ჩემებრ მაინც აწუხებს, თუ მეტად არა.

სასტუმრო მაჩვენა, სადაც დღეში ექვსი ფრანკი მოითხოვეს, მაგრამ მერე სხვა მოვნახე, სადაც მხოლოდ სამ-ნახევარს გადავიხდი.

ვიდრე სხვა რამეს მოვიფიქრებდეთ, აქ დავრჩები. რამდენიმე ეტიუდს რომ გავაკეთებ, მერე ვნახავ, ღირს თუ არა სხვაგან გადასცვლა. მაინც სად არის სამართალი: კაცი შრომობდეს როგორც მუშა, არ შეეძლოს და არ უნდოდეს, მუშაზე მეტი გადაიხადოს, მისგან კი ორმაგს მოითხოვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ხატავს!

ერთი სიტყვით, ვრჩები იქ, სადაც სამ-ნახევარ ფრანკს მოითხოვენ.

ამ კვირაში ექიმ გაშეს ალბათ ნახავ. მას პისაროს ერთი ლამაზი სურათი აქვს - ზამთარი, დათოვლილი წითელი სახლი, სეზანის ორი საუცხოო თაიგული და მისი კიდევ ერთი სურათი - სოფლის ხედი...

სახლი სავსე აქვს ძველისძველი გაჭვარტლული ხარახურით. გამონაკლისი ზემონახსენებ იმპრესიონისტთა სურათებია. მან საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. საუბარი წამოვიწყეთ ბელგიაზე, ძველი დროის ოსტატებზე და მისი სახე - უსიცოცხლო და ნაღვლიანი - კვლავ ღიმილმა გაანათა. მჯერა, უთუოდ დავმეგობრდებით და მის პორტრეტსაც დავხატავ.

მერე მირჩია, გაბედულად იმუშავე, ბევრი ხატე, რაც მოხდა, იმაზე ნურც იფიქრებო.

პარიზში მივხვდი - ეს ფუსფუსი ჩემთვის ძნელი ასატანია.

რა კარგია, იო, ბავშვი და შენი ახალი ბინა რომ ვნახე, რომელიც ძველს უთუოდ სჯობს!!!

***

როცა ვხედავ, რა ჯანმრთელები იზრდებიან აქაური პატარები - დღედაღამ რომ გარეთ არიან, სულ შენ, იო და თქვენი ბიჭუნა მაგონდებით. მაგრამ თუკი ბავშვის გაზრდა აქაც ძნელია, მაშ პარიზში, მეხუთე სართულზე რა იქნება? რა გაეწყობა, ყველაფერს უნდა შევურიგდე. ბ-ნი გაშე ირწმუნება, მშობლები უთუოდ კარგად უნდა იკვებებოდნენ, ყოველდღიურად ორ-ორი ლიტრი ლუდი რომ სვან, ძალიან კარგი იქნებაო. როცა გაშეს ახლოს გაიცნობ, უსათუოდ მოგეწონება. სხვათა შორის, გაშეც სწორედ ასე ფიქრობს - როცა კი ვხვდებით, თქვენს ჩამოსვლაზე მესაუბრება. ჩემი აზრით, ის ისეთივე ავადმყოფი და ნერვიულია, როგორიც მე ვარ, ანდა, ვთქვათ, შენ; თანაც ბევრად უფროსია; ორიოდ წლის წინ თურმე ცოლიც მოჰკვდომია. მაგრამ იგი თავით ფეხებამდე ექიმია, ამიტოამც პროფესია და რწმენა თავისი პროფესიისა წონასწორობას უნარჩუნებს. ახლა უკვე მეგობრები ვართ. სხვათა შორის, შემთხვევით მას მონპელიეელი ბრიია სცნობია. ისიც ჩემსავით იმ აზრისაა, რომ ბრიიამ საკმაო როლი შეასრულა თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში.

ახლა გაშეს პორტრეტს ვხატავ: თავზე თეთრი ქუდი ახურავს, თმა ძალზე ღია ფერისა აქვს, თითქმის უბრწყინავს; ხელის მტევნებიც ღია ფერითაა დახატული; ქურთუკი ლურჯი აცვია; სურათის ფონი კობალტის ფერია. გაშე წითელ მაგიდაზეა დაყრდნობილი, იქვე ყვითელი წიგნი უდევს, სასუტელას რტოც - ლილისფერი ყვავილებით. განწობილება ისეთივეა, როცა აქეთ მოვდიოდი. ბ-ნი გაშე გადაირია, ისე მოსწონს ეს პორტრეტი. მთხოვს, თუ საერთოდ შეიძლება, სწორედ ასეთი მისთვისაც დავხატო. ეს კი მეც მინდა. ახლა უკვე „არლელი ქალის“ ბოლო პორტრეტიც მოეწონა - ამ სურათის ვარდისფერი ვარიანტი შენთანაა. ყოველთვის, როცა ჩემს ეტიუდებს ათვალიერებს, გაშე ისევ ამ ორ პორტრეტს უბრუნდება და აღტაცებას ვეღარ ფარავს.

იმედი მაქვს, მისი პორტრეტის ერთ-ერთ ეგზემპლარს მალე შენთან გამოვგზავნი. ამას გარდა, გაშესთან ორი სხვა ეტიუდიც გავაკეთე და წინა კვირაში მასვე ვაჩუქე - ალოე და თავყვითელა, კვიპაროსებიც. წინა კვირას თეთრი ვარდები და ვენახი დავხატე - თეთრი ფიგურით.

ვფიქრობ, გაშეს ცხრამეტი წლის ქალიშვილის პორტრეტსაც დავხატავ. ჩემი აზრით, ამ გოგონასთან იო უცებ დამეგობრდება.

ბედნიერი ვიქნებოდი, აქ, გარეთ, ცის ქვეშ, შენი, იოს და ბიჭის პორტრეტებსაც თუ დავხატავდი.

რაც შეეხება ჩემს მომავალ სახელოსნოს, საინტერესო ჯერ ვერაფერი შევარჩიე. თუმც ოთახის დაქირავება მაინც მომიწევს იმ ტილოების მოსათავსებლად, რომლებიც შენთან არ დაეტია და შესანახად ტანგის მიეცი. ამ სურათზე კიდევ ბევრი მუშაობა დამჭირდება. ჯერჯერობით ამ პრინციპებით მიწევს ცხოვრება: „დღევანდელი დღე! მეტი არა მინდა-რა მეთქი“. ახლა ისეთი საუცხოო ამინდებია! განწყობილებაც მშვენიერი მაქვს. 9-ზე ვწვები, სამაგიეროდ 5 საათზე თითქმის მუდამ უკვე ფეხზე ვარ. ალბათ გესმის, რა კარგია, კარგა ხანი რომ გაივლის და - კვლავ თავს იპოვი. ალბათ ასეთი მდგომარეობა ცოტა დიდხანს გაგრძელდება. ერთი რამ მაინც აშკარაა - ახლა, როცა ფუნჯი მიჭირავს, საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე არლში გამგზავრებამდე. ბ-ნი გაშე ირწმუნება, ყველაფერი კარგად მიდის, საეჭვოა, შეტევები განგიახლდესო.

თუმც, სოფლების მდგომარეობას, ჩამოსული ქალაქელებით ასე რომ ივსება, ისიც კი უჩივის. ცხოვრება აქ საოცრად ძვირდება. გაშეს უკვირს - ჭამა-სმაც და თავშესაფარიც ასე იაფი ჯერ არავის დასჯდომია, ვისაც მე ვიცნობ; ნამდვილად ბედმა გაგიღიმაო. თუ ოვერში იოს და ბავშვს ჩამოიყვან, უმჯობესია, იქ დაბინავდეთ, სადაც მე ვარ. აქ გაშეს გარდა ჩვენ არაფერი არ გვაკავებს. ვფიქრობ, იგი მეგობრობას მუდამ გაგვიწევს. ვიცი, მის სახლში როცა კი მივალ, შემიძლია, არცთუ ისე ცუდი სურათი დავხატო ხოლმე, ის კი აპირებს, კვირაობით და ორშაბათობით ყოველთვის მიმიპატიჟოს.

მაგრამ მის სახლში მუშაობა რაც არ უნდა კარგი იყოს, სადილებსა და საუზმეებს ვერ გავუძლებ. ეს დიდებული ადამიანი ენერგიას არ იშურებს და ოთხ-ხუთ თავ საჭმელს ამზადებს ხოლმე, რაც საშინლად მაწყინარია ჩემთვისაც და იმისთვისაც - აშკარაა, კუჭის საქმე ვერა აქვს კარგად.

გოგენი რას ამბობს არლელი ქალის ბოლო პორტრეტზე, მისი ნახატის მიხედვით რომ გავაკეთე? ვფიქრობ, ბოლოს დარწმუნდები, რომ ეს პორტრეტი არც ისე ცუდია. გაშეს ერთი სურათი აქვს გიიომენის - „ლოგინზე მწოლიარე შიშველი ქალი“. ძალზე ლამაზი სურათია. მასთან არის გიიომენის ერთი ძველი ავტოპორტრეტიც - ძალზე შავი, სულ სხვანაირი, ისეთი არა, ჩვენ რომ გვაქვს, მაგრამ - მეტისმეტად საინტერესო.

გაშეს სახლსი, როგორც თავადაც დარწმუნდები, ანტიკვარული დუქანივით ათასი რამ მოიძებნება; თუმცა ყველაფერი საინტერესო როდია ხოლმე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს ერთის მხრივ კარგიც არის, ვინაიდან ყვავილებისთვის შესაფერ ლარნაკს ანდა თუნდაც ნატურმორტისთვის შესაფერ საგნებს აქ ყოველთვის აღმოაჩენ.

ეტიუდები, რომლებიც მე ზემოთ ვახსენე, გაშესთვის დავხატე; მინდოდა, ეგრძნო, რომ სიკეთეს უსათუოდ გადავუხდით, ფულით თუ არა, სურათებით.

ნახე ბრაკმონის ოფორტი „გრაფის პორტრეტი“? შედევრია.

რაც შეიძლება მალე მჭირდება თუთიის თეთრას 12 და ნემსიწვერას ლაქის 2 ტუბი საშუალო ზომისა.

ბარგის „ნახშირით დახატული ეტიუდების“ გამოგზავნას როგორც კი შეძლებ - შიშველ ფიგურებზე გუებნები - უსათუოდ ერთხელ კიდევ გადმოვხატავ. შედარებით სწრაფად დავხატავ - 60 ფურცელსვე, ვთქვათ, ერთ თვეში. ესე იგი, შეგიძლია, სულაც ითხოვო - არ დავსვრი და არ დავწუწავ. თუკი ახლა პროპორციებს და შიშველ ფიგურებს სერიოზულად არ ჩავუჯექი, ძალზე ცუდად დამიჯდება ეს ამბავი.

გაშემ მითხრა, მეტისმეტად გამახარებ, დელაკრუას „საფლავად დადების“ ასლი რომ დახატე, თუ ჩემთვის გადმოიღებო. ეს სურათი მან ძალზე დიდხანს ათვალიერა. ალბათ მოდელებს მაშოვნინებს. ვგრძნობ, ბევრ რამეს მიგვიხვდება და უსათუოდ, რითაც კი შეძლებს დაგვეხმარება არა რაიმე ფარული აზრით, არამედ მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით, შესაძლოა, პორტრეტები დაგვიკვეთოს, ან იქნებ სხვებს დააკვეთინოს. უნდა ვაჩვენოთ, მე ამ დარგში რა გავაკეთე. იმ სურათების გაყიდვაზე, რომლებიც ახლა უკვე მზად არის, ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი, დადგება დრო, ჩემს ზოგიერთ ნამუშევარს მსურველი რომ გამოუჩნდება. თუმც, ჩემი აზრით, უკანასკნელ ხანს ატეხილმა აყალმაყალმა გაუგონარი ფასების გამო, რომელსაც მილეს სურათებში იძლევიან, მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავა და იმის შანსი, რომ ხატვაზე გაწეული ხარჯები მაინც ამოვიგოთ, შეგვიმცირა.

ღმერთს გეფიცები, ამის გამო გონება ყველას აერეოდა.

***

ძვირფასო ძმაო და დაო.

იოს წერილი ჩემთვის მართლაც ხარება იყო. მან დამიხსნა იმ შიშისა და სიმძიმილისგან, რაც ამ დღეებში თქვენთან ერთად გადავიტანე.

განა ცოტაა, რაც ლუკმა-პურის დაკარგვის შიშმა განგვაცდევინა? განა ცოტაა, რომ ათასი მიზეზის გამო დავინახეთ, - თურმე რარიგ ბეწვზე ჰკიდია ჩვენი სიცოცხლე?

ჩამოსვლის შემდეგ გულზე თითქოს ლოდი მაწვა; იმაზე ფიქრი ვერ მოვიშორე, რომ თქვენც და მეც ქარიშხალი გვემუქრებოდა.

რა გაეწყობა! როგორც ხედავთ, ვცდილობ, კარგი განწყობილება შევინარჩუნო, მაგრამ, რა ვქნა, ჩემი ცხოვრება ძირშივეა გამოხრული - უაზროდ და უგზო-უკვლოდ დავეხეტები.

ძალიან არა, მაგრამ მაინც მეშინია, ვაითუ ტვირთად გაწევთ-მეთქი ჩემი სიცოცხლე; თუმც, იოს წერილმა დამარწმუნა, რომ თქვენ გესმით, რარიგ ვცდილობ, შრომა და ზრუნვა ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ.

დავბრუნდი და ისევ შრომას შევუდექი, თუმცა ფუნჯი ლამის ხელიდან მივარდებოდა. მაგრამ რაკი ვიცი, რა მინდა, უკვე სამი დიდი სურათი დავამთავრე.

აქედან ორი უსასრული ყანებია, ღრუბლიანი ცა რომ დასცქერის. არ მოვერიდე, უკიდურესი მარტოობა და უსაზღვრო სევდა გამომეხატა; იმედია, ამ სურათებს მალე გაჩვენებთ - მოკლე ხანში მინდა პარიზში ჩამოგიტანოთ, ვინაიდან თითქმის მჯერა: ეს სურათები გადმოგცემთ იმას, რაც მე სიტყვით ვერ გამომითქვამს, კერძოდ, სოფლად თუკი რამ არის ჯანსაღი და სულის და გულის გამკაჟებელია.

მესამე სურათი დობინის ბაღია - მისი დახატვა ჩამოსვლის დღიდან ოცნებად მქონდა.

გულწრფელად მჯერა, აქ ჩამოსვლა ცოტას გაგართობთ.

ბიჭუნაზე ხშირად ვფიქრობ. ვიცი, ჯობს ისევ ბავშვებს ზრდიდე, ვიდრე ნერვებს და ენერგიას ხატვაზე ხარჯავდე.

მაგრამ რას იზამ! საიმისოდ უკვე საკმაოდ ბებერი ვარ, რომ ყველაფერი თვიდან დავიწყო ანდა სხვა საქმეს მოვეკიდო - რა ვქნა, მე ასე მეჩვენება. ამ სურვილმა გამიარა, მაგრამ გულში ნაღველი ჩამრჩა.

გიიომენი რომ ვერ ვნახე, დასანანია, მაგრამ ჩემი სურათები რაკი უნახავს, მიხარია.

რომ მომეცადა, ალბათ ლაპარაკს შევყვებოდი და მატარებელს ვერ მივუსწრებდი.

***

„ეს წერილი 29 ივლისს ჯიბეში ედო“ - თეო ვან გოგის მინაწერი

ბევრი რამის მოწერა მსურდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ აზრი არა აქვს, იმედია, უფროსები ძველებურად მადლიერი გყავს.

მარწმუნებ, რომ ცოლი და შენ წყნარად ცხოვრობთ. ტყუილად ირჯები: თქვენი ცხოვრების ავიც და კარგიც მე ხომ ვნახე. გეთანხმები, ბავშვის გაზრდა მეხუთე სართულზე შენთვისაც და იოსთვისაც ძნელი საქმეა.

რაკი ოჯახში ყველაფერი რიგზე გქონია - მთავარი კი სწორედ ეს არის, სხვა რამეზე აღარა ღირს ლაპარაკი. ალბათ კიდევ დიდი დრო გავა, ვიდრე შევძლებთ, ჩვენს საქმეებზე წყნარად და მშვიდად ვილაპარაკოთ, - მეტს მე უკვე ვეღარას გეტყვი. ამას უშიშრად ვერ გეუბნები, - ადრეც ხომ გწერდი. მაგრამ სათქმელი მაინც მეტი აღარა მაქვს-რა. ფიქრით რასაც არ უნდა ფიქრობდნენ, მხატვრები უკვე ინსტინქტურად თავს იკავებენ სურათებით ვაჭრობაზე, ამ ვაჭრობის თანამედროვე ვითარებაზე კამათისაგან.

არსებითად, ჩვენს შესახებ ჩვენმა სურათებმა უნდა ილაპარაკონ.

დიახ, ჩემო ძვირფასო ძმაო, ათასჯერ მითქვამს და ერთხელ კიდევ გიმეორებ ჩემს სერიოზულ, დიდხანს ნაფიქრ მოსაზრებას, ერთხელ კიდევ გიმეორებ, რომ შენ არა ხარ ჩვეულებრივი, კოროს სურათებით მოვაჭრე კაცი. ჩემი მეშვეობით ზოგი ისეთი სურათის შექმნის მონაწილე ხარ, ქარიშხალიც რომ სიმშვიდეს მოჰგვრის ადამიანებს.

ჩვენ შევქმენით ეს სურათები, ეს სურათები დღეს არსებობს, - ყველაზე მეტად აი, რა მსურდა შენთქვის მეთქვა ამ საოცარი კრიზისის დროს, როცა გარდაცვლილ მხატვართა და ცოცხალ მხატვართა სურათებით მოვაჭრეთ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

რა გაეწყობა, ჩემს საქმეს სიცოცხლე შევალიე, ჩემი გონების ნახევარიც ამას მოუნდა. მაგრამ შენ ხომ ადამიანით მოვაჭრეთა რიცხვს არ ეკუთვნი და შეგიძლია, მართალ კაცს მხარი დაუჭირო, რაკი მართლაც ისე იქცევი, ადამიანს რომ შეეფერება. მაგრამ რას იზამ?!

თარგმნა ლამარა კიკილაშვილმა
„ნაკადული“, 1981წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში