გაბრიელ გარსია მარკესი - პატრიარქის შემოდგომა

ფეხზე კრაგები ეცვა, ტანზე უშნო სამხედრო უნიფორმა, მარცხენა ფეხზე ოქროს დეზის ჰქონდა მიმაგრებული. იატაკზე პირქვე იწვა ამქვეყნად ყველა მოკვდავზე, ზღვისა და ხმელეთის უძველეს ცხოველებზე უხნესი კაცი. მოკეცილი მარჯვენა ხელი ბალიშივით ამოედო თავქვეშ. 

ასე სჩვეოდა ძილი მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ხანგრძლივ ღამეებში. მიცვალებული ამოსაცნობად გადმოვაბრუნეთ, მაგრამ სვავებს ისე დაეკორტნათ მისი სახე, რას ამოვიცნობდით, თანაც ჩვენ ხომ არასოდეს გვინახავს იგი და თუმცა მისი პროფილი ამოტვიფრული იყო მონეტების ორივე მხარეს, გამოსახული იყო საფოსტო მარკებზე, წამლებზე, ბანდაჟებზე და ავგაროზებზე, თუმცა მისი ლითოგრაფიული პორტრეტი დროშითა და დრაკონით მკერდზე ყველგან და ყოველთვის გვხვდებოდა თვალში, ვიცოდით, რომ ეს იყო ძველი ასლების ასლები და რომ ჯერ კიდევ კომეტის წელიწადსაც კი არავის სჯეროდა ამ სურათების ნამდვილობა, ჯერ კიდევ მაშინ ჩვენს მშობლებს თავიანთი მშობლებისაგან და ჩვენც ლამის დაბადებიდანვე გვიჩიჩინებდნენ, ის ცოცხალია და ხელისუფალთა სასახლეში ცხოვრობსო. ვიღაცას დაუნახავს თურმე, ფიესტის ღამეს როგორ აინთო სასახლეში მრგვალი ლამპიონები. ეგ რა არისო, ირწმუნებოდა მეორე, ნამდვილად დავინახე პრეზიდენტის კარეტაში წამიერად გაელვებული ნაღვლიანი თვალები, გაცრეცილი ტუჩები და საეკლესიო სამოსელივით მოსირმული ფარდიდან გამოყოფილი იდუმალი ხელი, რომელსაც დამშვიდობების ნიშნად უქნევდა თითქმის უკაცრიელ ქუჩასო. იმასაც ამბობდნენ, ამას წინათ ერთი უსინათლო მაწანწალა შეუპყრიათ ქუჩაში, ხუთ სენტავოდ კითხულობდა თურმე მივიწყებული პოეტის რუბენ დარიოს ლექსებს, მაგრამ მალევე გაუშვიათ გახარებული და ბედნიერი, პირადად პრეზიდენტს გაუმართა პოეზიის საღამო და ოქროს მონეტითაც დაასაჩუქრეს. მაწანწალას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ უნახავს, ჯერ ერთი, ბრმა იყო და რას ნახავდა, მეორეც, ყვითელი ციებ-ცხელების მერე ის საერთოდ არც ერთ მოკვდავს არ უნახავს, და მაინც თავში გვქონდა ჩაჭედილი, რომ ის აქ იყო, რომ დედამიწა ბრუნავს და სიცოცხლე გრძელდება, ცხოვრება თავის გზით მიდის, ფოსტა მოდის და მუნიციპალური სასულე ორკესტრიც, სადაც გარდაცვლილ მუსიკოსებს სხვა ბებერი მუსიკოსები ცვლიდნენ, შაბათობით სულელურ ვალსებს უკრავს მტვრიანი პალმების ხეივანში დე არმას მოედნის ფარნების ნაღვლიან შუქზე.

წერა-კითხვა არ იცოდა, ათასნაირ კანონსა და დადგენილებას ცერა თითის ანაბეჭდით ამტკიცებდა, მაგრამ როცა იგი მარტო დატოვეს თავისი სამშობლოსა და ძალაუფლების ამარა, გადაწყვიტა, ტვინი აღარ ეჭყლეტა დაწერილი კანონებით და ქვეყანა ალალბედზე ემართა.

მისი გადაწყვეტილებები მისი ბრძანებებივით მარტივი იყო. ბრძანება მაშინვე სრულდებოდა. კოშკის საათი თორმეტზე კი ნუ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ, ორზე ჩამოჰკრას, ასე უფრო ხანგრძლივი მოგვეჩვენება სიცოცხლე.

როგორც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, თავისი სამსახურებრივი კარიერის დასაწყისში, პრეზიდენტი ახლაც დიდ დროს ახარჯავდა შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ გვეგონა, პრეზიდენტს არმია მიაჩნდა თავის საიმედო დასაყრდენად და იმიტომაც ფიქრობდა მასზე ამდენს, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტი სწორედ იქიდან ელოდებოდა საფრთხეს და იმიტომაც ადევნებდა თვალს სამხედროების ყოველ ნაბიჯს. ყაზარმებში დადიოდა, ოფიცრებს ცალ-ცალკე აქეზებდა, ამან ეს თქვა, იმან ის თქვაო. ყველა ერთმანეთს გადაკიდა, ოღონდ ერთად არ ყოფილიყვნენ და ზოგს სად ამწესებდა სამუშაოდ და ზოგს სად, ყველანაირად ცდილობდა შეთქმულების საყრდენი შეესუსტებინა. ყაზარმებს ისეთი ვაზნებით ამარაგებდა, ათიდან რვა რომ ფუჭი და უვარგისი იყო, დენთში ნახევარზე მეტი სილა ერია, სამაგიეროდ სასახლის სარდაფები იყო იარაღით გამოტენილი, გასაღებები მხოლოდ მას ჰქონდა, თანაც თითო-თითო.

მრავლად გამოფენილ ტრანსპარანტებზე მას მოიხსენიებდნენ როგორც წმინდა სამების მარჯვნივ მჯდომ უსახელო მოციქულს.

***

დეკემბერში, კარიბის ქვეყნებში გაზაფხულის დადგომისას, გენერალი თავისი კარეტით მიემართებოდა ციცაბო კლდის თავზე წამომართული შენობისაკენ, სადაც მთელი საღამო დომინოს ეთამაშებოდა კონტინენტის სხვა ქვეყნების ყოფილ დიქტატორებს, სხვა სამშობლოების აწ დამხობილ მამებს, რომლებსაც უთვალავი წლის წინათ უბოძა თავშესაფარი.

ისინიც მისი სტუმართმოყვარეობის ჩრდილქვეშ შეყუჟულნი ნელ-ნელა ნებდებოდნენ სიბერეს. ტერასებზე ჩარიგებულ სავარძლებში ჩაფლული ცოცხალი ლეშები თავს ინუგეშებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს ქიმერული ხომალდი უსათუოდ მოგვაკითხავს და კვლავ ხელისუფლებაში დაგვაბრუნებსო.

ეს სახლი პრეზიდენტმა ზღვისპირა კლდის თავზე მაშინ ააგო, როცა სტუმრები მომრავლდნენ, თუმცა რა ერთი და რა ასი, მისთვის ყველა ერთი იყო. ერთ დღეს მაინც დილაუთენია ბევრი მოადგა სასახლეს. საპარადო მუნდირები სიჩქარეში პირდაპირ საშინაო პიჟამოებზე ჩაეცვათ, თან წამოეღოთ ხაზინიდან მოპარული ფული და ორდენებით, გაზეთებიდან ამონაჭრებითა და სურათებით გაძეძგილი ჩანთები. მასპინძელს პირველსავე აუდიენციაზე უჩვენებდნენ სურათებს, როგორც რწმუნების სიგელს. აი, ნახეთ, გენერალო, აქ ჯერ ისევ ლეიტენანტის ჩინი მაქვს. ეს სურათი პრეზიდენტად არჩევის დღს გადამიღეს, ეს კი ჩემი პრეზიდენტობის მეთექვსმეტე წლისთავზეა გადაღებულიო. აი, ეს ნახეთ, გენერალო. მაგრამ გენერალმა მოსულებს პოლიტიკური თავშესაფარი ისე უბოძა, სულაც არ დაინტერესებულა არც მათი წარმომავლობით და არც მათი რწმუნების სიგელებით. ერთადერთი საბუთი, რომელსაც შეუძლია დამხობილი პრეზიდენტის პიროვნება დამიდასტუროს, გარდაცვალების ცნობა გახლავთო, ამბობდა ის და გაბეზრებული ისმენდა მათ უაზრო ლაქლაქს, დროებით გესტუმრეთ, ჩემო გენერალო, სულ ცოტა ხნით, ვიდრე ჩემი ხალხი კვლავ მიხმობსო.

მაგრამ მასპინძელმა მშვენივრად იცოდა, ეს იყო პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად საჭირო გაცვეთილი ფორმულა, რახარუხა სიტყვები და მეტი არაფერი. ყველა ერთნაირად რატრატებს, პირველად მოსულიც და ბოლოს მოსულიც, დამხობილიც და დამამხობელიც. ამ უტვინოებს ლობიოს ჭამა ეგონათ პოლიტიკოსობა, ის კი არ იცოდნენ, თუ დაეცი, მორჩა, გათავებულია შენი საქმე, ახლა კი თავს იტყუებენ სულელური ილუზიებით.

ახალმოსულებს პირველი ორი-სამი თვე თავის სასახლეში აბინავებდა და მანამ ეთამაშებოდა დომინოს, სანამ ბოლო სენტავოს არ წაგლეჯდა. ჯიბე რომ გამომიფხიკა, ჩემო ბატონო, მერე ზღვისკენ გაჭრილ ფანჯარასთან ხელკავით მიმიყვანა და გამიბა გულითადი საუბარი, ისაო, ეს ცხოვრება ხანმოკლეაო. ერთი ბოლო აქვსო, მაგრამ რაკი კაცის გული გაუმაძღარია, ხომ ხედავთ აგერ იმ დიდ სახლს ზედ კლდის თავზე, ტრანსატლანტიკურ გემს რომ ჰგავს მთის წვერზე შერჩენილს, იქაო თქვენ გელოდებათ ნათელი კაიუტა, გემრიელი კერძები და უამრავი თავისუფალი დრო, რათა თქვენსავით ბედკრულ ადამიანებთან ერთად დაისვენოთ მშვენიერ ტერასაზე, რომელიც პირდაპირ ზღვას გადასცქერისო.

დეკემბერში, საღამოობით მასაც უყვარდა ტერასაზე გასვლა, მაგრამ ამ იმპოტენტებთან მაინცდამაინც დომინოს სათამაშოდ კი არა, უბრალოდ, სურდა ამ დამყაყებული, ბეხლეწი ადამიანების დანახვაზე განეცადა იდუმალი სიხარული და უპირატესობა იმის გამო, რომ თვითონ ერთ-ერთი ამათგანი არ იყო.

[...]

გენერალმა დაიჯერა თავისი უკვდავება და დეკემბერში კვლავ ეწვია კლდეზე შემდგარ სახლს, რათა დამტკბარიყო ყოფილ დიქტატორთა უბედურების ცქერით, ერთბედქვეშ მყოფთა იძულებითი ძმური კავშირით ამ თავშესაფარში. მის დანახვაზე დიქტატორებს ლაპარაკის საღერღელი ეშლებოდათ, უკვე მერამდენედ ისმენდა ერთი და იგივეს.

ვთქვათ, ეს დომინოს ქვა მე ვარ, ეს კი ყეყეჩი კონსერვატორია, ვერაფრით მოვურიგდით ერთმანეთს, ესეც არ იყოს, მე არაფერი ვიცოდი პაპებისა და მასონების საიდუმლო ალიანსის თაობაზე. ნეტავი ამდენს არ ლაქლაქებდეს ეს გადაღძუებული ბერიკაცი, ვერა ხვდება, წვნიანი რომ უცივდება. ახლა მეორე გადაღძუებული იწყებდა ახსნას, ვთქვათ ეს საშაქრე პრეზიდენტის სასახლეა, ქარი რომ არა, მტრის ქვემეხიდან გამოსროლილი ყუმბარა ოთხასი მეტრით დაშორებულ სასახლემდე ვერ მოაღწევდა, და თუ ახლა ამ გასაცოდავებულ ყოფაში ვარ, ეს სულ რაღაც ოთხმოცი-ოთხმოცდაორი სანტიმეტრის ბრალია, ბედი არ გინდა.

იმედგადაწურულიც ბევრი იყო მათ შორის, სხვის კარზე მათხოვრული ყოფით დაბეჩავებულები გაფაციცებული ელოდებოდნენ თავიანთი ქვეყნის გემის გამოჩენას, რომელსაც კვამლის ფერსა და გასაცოდავებულ გუგუნზე ცნობდნნ. მეორე დილით კი გამთოშავ წვიმასა თუ ქარში პორტისკენ მიცუხცუხებდნენ, რათა სანაგვე ყუთებიდან ამოექექათ მეზღვაურების გადაყრილი ნაგავგახვეული გაზეთები. მერე ბრუნდებოდნენ თავშესაფარში, სხდებოდნენ და კითხულობდნენ თავიდან ბოლომდე, მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივაც. კითხულობდნენ, ვინ მოკვდა, ვინ დაქორწინდა, ვინ ვინ დაპატიჟა ან სულაც ვინ ვინ არ დაპატიჟა თავის დაბადების დღეზე და ამ ამბების მეშვეობით ცდილობდნენ ამოეცნოთ, რა ვითარება იყო მათ ქვეყნებში. სასწაულის მოლოდინში ნამდვილად იყვნენ, ცალ-ცალკე ყველას სჯეროდა, რომ მის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა ერთი შავად მოქრუშული ღრუბელი, რომელიც აპოკალიფსურ გრიგალს დაატეხდა თავს მის სამშობლოს, დაანგრევდა კაშხლებს, კალაპოტიდან გადმოიყვანდა მდინარეებს, დატბორავდა მინდვრებს, ყანებს, ქალაქებს, დაიწყებოდა შიმშილობა, ქვეყანაში გაჩნდებოდა შავი ჭირი და აი, სწორედ ამ დროს ხალხი საშველად უხმობდა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნიდან გააძევა, იმ ადამიანს, ვისაც ძალუძს ქვეყანას ააცილოს სრული განადგურება და ანარქია. აი, ნახავთ ასე თუ არ მოხდება.

მაგრამ ამ დიადი წუთების მოლოდინში ცხოვრება თავისას ითხოვდა და ბებრებიც ყოფით წვრილმანებს ვერსად ემალებოდნენ. განზე გაიხმობდნენ ხოლმე რომელიმე შედარებით ახალგაზრდა ლტოლვილს და სთხოვდნენ, თუ არ შეწუხდებით, ძაფი გამიყარეთ ნემსში, შარვალი გამეხა, უნდა დავკემსო, ხომ არ გადავაგდებ, ეს შარვალი ხსოვნასავით ძვირფასია ჩემთვის, სულიერად მავსებს. უცხო თვალთაგან მოფარებულები საცვლებსაც ირეცხავდნენ და ახლად მოსულთა ჰაიჰარად გადაყრილ, ნახმარ, პირდაბლაგვებულ საპარსებსაც ჩუმ-ჩუმად აგროვებდნენ, ჭამითაც თავ-თავიანთ ოთახებში გამოკეტილები ჭამდნენ, რათა არავის შეემჩნია მათი უკბილო უძლურება, არავის ენახა ბებრული სიძაბუნის, შეუკავებლობის ნიშანი, სამარცხვინოდ ჩასვრილი შარვალი.

ერთ ხუთშაბათ დღეს ერთ-ერთმა იმათგანმა, რომელიც, ცოტა არ იყოს, საკმაოზე მეტხანს შემორჩა სააქაოს, სული განუტევა. მიცვალებულს ერთადერთი შემორჩენილი პერანგი ჩავაცვით, მკერდზე ჩინ-მედლები დავაბნიეთ, თავისი ქვეყნის დროშაში გავახვიეთ, თავისი ქვეყნის ჰიმნიც ვუმღერეთ და გადავულოცეთ სამარადისო დავიწყების საუფლოს, კლდის ფერხთით გაწოლილ ზღვის ფსკერს, საითკენაც გამეტებით მიაქანებდა ერთადერთი ბალასტი, მისივე ნატანჯი, ეროზიაგამოვლილი გული. ამ საცოდავს არაფერი დარჩენია დედამიწაზე ერთი ცარიელი ადგილის გარდა, უიმედობის ტერასაზე გამოდგმული სკამის გარდა. ჩვენც ამ სკამზე ვსხდებით, ჩემო გენერალო, ვთამაშობთ და სანაძლეოზე ჩამოვდივართ მის არარსებულ ნივთებს. ვინ იფიქრებდა, ჩემო გენერალო, ასეთი დიდებული ცხოვრების მერე ასეთ უბადრუკ სიკდილს თუ არგუნებდა ბედი.


***

გენერალმა გადაწყვიტა კვლავ ბოლომდე გამოეწურა ცხოვრება, ტკბილი ოცნებები სინამდვილედ ექცია და ცოდვილი სურვილები დაეკმაყოფილებინა, ამიტომაც ეძებდა დამყოლ მულატ ქალებს, დილაუთენია რომ იწყებდნენ ოთახების დაგვა-დალაგებას, ეძებდა და ადვილადაც პოულობდა თმის საცხისა და საერთო საძინებელი ოთახის საძაგელი სუნის წყალობით. ჩაუსაფრდებოდა რომელიმე მათგანს, სადმე კარს უკან მიიმწყვდევდა და ისე დაჩინჩლავდა, როგორც მამალი დედალს, თან სიბნელეში ესმოდა ქალის კრიახი, ეს რა ყოჩაღი ყოფილხარ, ჩემო გენერალო, ამ ხნისა და ასეთი ყოჩაღი, საკვირველია პირდაპირ. მაგრამ არც ეს წამიერი სიყვარული ამშვიდებდა, პირიქით, სევდით ევსებოდა გული და მის გასაქარვებლად სადღაც მოფარებულში მიყუჟული მღეროდა, იანრვის შუქმფინარე მთვარევ, შენს სარკმელთან, როგორც ეშაფოტზე, ვდგავარ სევდიანი.

სამშობლო ყველაზე კარგი გამოგონებაა, დედა, ოხრავდა იგი, თუმცა ნაკლებად ელოდებოდა მის პასუხს. დედა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო პირში მიეხალა მისთვის, იღლიაში საძაგელი სუნი აგდისო.

ერთ მშვენიერ დღეს გენერლის უშფოთველობას მოულოდნელად მოეღო ბოლო და ეს მოხდა პარამოს ერთ სოფელში, მამლების ბრძოლისას. ერთმა ღონიერმა, გაშმაგებულმა მამალმა ასევე გაშმაგებული და აზარტში შესული მაყურებლის თვალწინ თავის მეტოქეს თავი წააცალა და ვიდრე მთვრალი მუსიკოსები ტუშს აგრიალებდნენ გამარჯვებულის პატივსაცემად, იქამდე კორტნა, ვიდრე მთლად არ შემოეჭამა. პრეზიდენტს გულმა რეჩხი უყო, ნამდვილად მიმანიშნეს, შენც ასეთი დღე გელისო. ეს ისე აშკარად იგრძნო, რომ თავის მხლებელს ჩუმად უბრძანა, ბუკს რომ უბერავს, ის კაცი დააპატიმრეთო. მუსიკოსს იარაღიც აღმოაჩნდა და იქამდე აწამეს, ვიდრე არ აღიარა, როცა ხალხი გასასვლელისკენ გაერმართებოდა, დრო უნდა მეხელთა და პრეზიდენტი მომეკლაო. მაშინვე მივხვდი, თქვა პრეზიდენტმა, მივხვდი, ჩემთვის რომ უნდა ესროლა, ყველას თვალებში შევცქეროდი, ყველა თვალებში შემომცქეროდა, ეგ კი თვალებს ვერ მისწორებდა, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის, რა ეგონა მაგ საცოდავ რქიან რქაზე დამკვრელს, ვერ შევამჩნევდი თუ რა. მაგრამ პრეზიდენტი ძალიან კარგად ხვდებოდა, ამით რომ არ დამთავრდებოდა მისი შფოთვა და შიში, სასახლეშიც კი ვერ გრძნობდა თავს მშვიდად და უშიშრად. ყველაფერი წესრიგშია, ჩემო გენერალო, არავითარი საფუძველი არ არსებობს შიშისო, გულდაჯერებით არწმუნებდა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მაგრამ პრეზიდენტს იმ ზომამდე აწვალებდა მამლების ბრძოლის დროს გაჩენილი წინათგრძნობა, რომ ცოტას გაწყდა, ადგილი არ გაუცვალა პატრისიო არაგონესს (ორეულს). თავის კერძს აჭმევდა, თაფლს თავისი კოვზით სთავაზობდა, თუ მოწამლულია, ბოლოს და ბოლოს ორივენი მოვკვდებით და ეგ იქნებაო, თავს იმშვიდებდა აფორიაქებული. ორივენი მდევარდადევნებულით დაბორიალობდნენ მივიწყებულ, ცარიელ ოთახებში, ცდილობდნენ მხოლოდ ხალიჩებზე ევლოთ, ვერავინ გაიგონოს ჩვენი ნაბიჯების, სპილოს ნაბიჯების ხმაო.

მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, ეგ არ არისო კანონიერი პრეზიდენტი, ეგა ინგლისელებმა დასვეს პრეზიდენტის სავარძელშიო, მერე გრინგოებიც წაეხმარნენ თავიანთი ჯავშნოსნებიდან შიგადაშიგ გამოტყორცნილი კვერცხებითო. ერთხელაც გრინგოებმა შემოგითვალეს, მივდივართ, გტოვებთ ამ შენს ბინძურ ბორდელში, ვნახავთ, უჩვენოდ რისი გამკეთებელი ხარო. და თუ მაშინ არ გადმობრძანდით მაგ სავარძლიდან და არც ახლა აპირებთ გადმობრძანებას, იმიტომ კი არა, რომ არ გინდათ, ძალიანაც კარგად გინდათ, მაგრამ გეშინიათ, იცით, ქუჩაში რომ გამოჩნდეთ ჩვეულებრივი მოკვდავივით, ადამიანები ძაღლებივით დაგესევიან და დაგგლეჯენ სანტა მარია დელ ალტარში გამართული ხოცვა-ჟლეტისთვის, პატიმრები ცოცხლები რომ ჩაუყარეთ ნიანგებს წყლით სავსე ორმოში, იმისათვის, ადამიანებს ცოცხლად რომ გააძრეთ ტყავი და მერე ამ უბედურთა ოჯახებს დაუგზავნეთ, აქაოდა, ვინც ჭკუით არ იქნება, ყველას ასე მოუვაო, იმისათვის.

უცებ ტკივილისა და სირცხვილისაგან აბღავლებულმა პატრისიო არაგონესმა (გენერლის ორეულმა) ორივე ხელი წაივლო მუცელზე, ღმერთო ჩემო, ჩემო გენერალო, ჩავიჯვი. პრეზიდენტმა გაიფიქრა, ალბათ გადაკრულად მიმანიშნებს, სიკვდილის წინაშე შიშს ვაღიარებო, მაგრამ პატრისიო არაგონესი თითქოს მიუხვდაო, შებღავლა, გადაკრულად კი არა, მართლა ჩავიჯვიო. მაშინ კი შეუძახა პრეზიდენტმა, გემუდარები, მაგას ნუ იზამ, ცოტაც მოითმინე, სამშობლოს გენერალები ასე არ კვდებიანო, მაგრამ უკვე გვიან იყო. პატრიოტული გრძნობებისგან და კუჭისგანაც დაცლილი არაგონესი საკუთარ ცრემლსა და განავალში ამოქვარქნილი უსულოდ დაასკდა იატაკს.

პრეზიდენტმა იცოდა, თუ გინდა მოწინააღმდეგე გატეხო, მეგობრად და კეთილისმყოფლად უნდა მოაჩვენო თავი. ეს არის მტრის დამარცხების ერთადერთი იარაღი.

***

ჩვენთვის კომეტის ჩავლა ოცნებების მსხვრევასა და დიდ იმედგაცრუებას ნიშნავდა. ეს დღე ჩვენი უიღბლობის დღე იყო საერთოდ, რადგან უხსოვრადი დროიდან ხალხში გავრცელებული აზრით, გენერლის სიცოცხლე ჩვეულებრივი მიწიერი დროის მდინარებას არ ექვემდებარებოდა, იგი ციური სხეულის მოძრაობაზე იყო დამყარებული და იცოცხლებდა მანამ, სანამ არ დაინახავდა ჩავლილ კომეტას. ასე ეწერა მას დაბადებიდანვე, მაგრამ კომეტის მეორე გამოჩენას მოესწრებაო, ეს არ თქმულა და ვერც მოესწრება, რაც არ უნდა ამტკიცონ მლიქვნელებმა. ასე რომ, ამ კომეტის გავლას ველოდებით როგორც ჩვენი აღორძინების, წამს, როგორც უმშვენიერეს ციურ მოვლენას, რომელიც ას წელიწადში ერთხელ ხდება ნოემბრის ღამეს და რომლისთვისაც ვემზადებით მთელი არსებით. განზრახული გვაქვს მოვაწყოთ სადღესასწაულო ფეიერვერკი, საგანგებოდ ამ დღისთვის შევქმნათ ხალისიანი მუსიკა, ზუსტად თერთმეტ საათზე ზუსტად თერთმეტჯერ საზეიმოდ ავაგუგუნოთ ზარები არა იმიტომ, რომ ვაქოთ და ვადიდოთ იგი, არამედ ყველას ვაუწყოთ მისი დასასრულის დასაწყისი.

[...]

მეეზოვე ქალები უკვე ხვეტავდნენ კომეტის ჩავლის მერე დატოვებულ ამ ციურ ნაგავს. ჩვენ არ შევმცდარვართ, რაღაცა მაინც მოხდა, ჩვენ გავხდით უდიდესი ისტორიული სიცრუის მსხვერპლნი, რამეთუ ოფიციალურად გამოცხადდა, კომეტის კეთილად გავლა რეჟიმის გამარჯვებაა ბოროტ ძალაზეო. ეს ციური მოვლენა იმ მიზნისთვისაც გამოიყენეს, რათა წერტილი დაესვათ პრეზიდენტის უცნაურ სნეულებებზე ლაპარაკისთვის. როგორ შეიძლება ავად იყოს ის კაცი, ვისაც ხელეწიფება მართოს ციური სხეულებიც კი. გამოქვეყნდა ხალხისადმი მისი სადღესასწაულო მიმართვაც, გადავწყვიტე არ გადავდგე და ვემსახურო ჩემს სამშობლოს კომეტის მეორე გამოჩენამდეო. იქუხა მუსიკამ, ზეცა ააჭრელა ფერადმა შუშხუნებმა, არადა, სწორედ ამ მუსიკითა და შუშხუნებით გვსურდა აღგვენიშნა მისი სიკვდილი, მისი რეჟიმის დასასრული.

***

ვინ დაიჯერებდა, რომ ეს ბეხრეკი კაცი ოდესღაც იმოდენა ძალაუფლებას ფლობდა, რომ თუ ვინმეს ჰკითხავდა, რომელი საათიაო, მაშინვე უპასუხებდნენ, თქვენი რომელიც გაგეხარდებათ ჩემო გენერალოო. და მართლაც, დღეს ღამედ აცხადებდა, ან პირიქით. სადღესასწაულო დღეებიც თავის ნებაზე გადაჰქონდ-გადმოჰქონდა, კალენდარს ისე ადგენდა, რომ მისი ჩასვლა რომელიმე კუთხეში მაინცდამაინც რომელიმე დღესასწაულს დამთხვეოდა და იგივე დღესასწაული სხვაგანაც არ გამორჩნოდა.

როგორც წესი, ლამის ყველა სოფელში ტარდებოდა მამლების ბრძოლა. გენერალი ხმამაღლა ენიძლავებოდა მაყურებელს. თუ რომელიმე მამალი მოუვიდოდა თვალში, ფსონსაც მაშინვე ჩამოდიოდა მის სახელზე, მისი უცნაური ხარხარი დოლების ბრაგუნს ჰგავდა, მთელი გალიერა ძაგძაგებდა, აღარც მუსიკა ისმოდა და აღარც შუშხუნების ტკაცატკუცი, რადგან ჩვენც მასთან ერთად ვხარხარებდით, თუ გაჩუმდებოდა, ჩვენც უნდა გავჩუმებულიყავით. აგზნებული და გახარებული უკრავდა ტაშს, როცა მისი მამლები ჩვენს მამლებს ამარცხებდნენ. რა იცოდა მან, რომ ჩვენს მამლებს საგანგებოდ ვწვრთნიდით მის მამლებთან დასამარცხებლად. აქამდე არც უმტყუნიათ მამლებს ჩვენთვის, მაგრამ ერთხელ მოხდა ისე, რომ დიონისიო იგურანის უძლიერესმა მამალმა სიცოცხლეს გამოასალმა უმაღლესი ხელისუფლის მამალი. გალიერაში სიჩუმე ჩამოვარდა, სული განაბა ყველამ, მაგრამ ის წამოდგა, დიონისიოსთან მივიდა და ხელი ჩამოართვა, ყოჩაღ, მართლა მაჩო ყოფილხარო. ისეთ კარგ გუნებაზე იყო, მადლობაც უთხრა, ძალიან მასიამოვნეთ, მძაფრი წუთები განმაცდევინეთ შენ და შენმა ჭრელმა მამალმა, იქნებ მომყიდოო. სიამოვნებით, ჩემო გენერალო, მოკრძალებით უპასუხა დიონისიომ, რომელიც ამის შემდეგ ტაშით, მუსიკითა და პეტარდების ბათქა-ბუთქით მიაცილეს სახლამდე, იმ ღამესვე თავის საძინებელში ჩაიკეტა, მთელი ბოთლი შინნახადი ლერწმის რომი გამოცალა, ჰამაკის თოკს მარყუჟი გაუკეთა და თავი ჩამოიხრჩო. საბრალო დიონისიო იგუარანი.

ლეგენდა ჩვენს პრეზიდენტზე მანამდე შეიქმნა, ვიდრე სრულ ძალაუფლებას მიაღწევდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ დაიჯერა, რომ მიაღწია. ლეგენდა ჯერ კიდევ იმ წლებში შეიქმნა, როცა მას ღრმად სწამდა წინასწარმეტყველებისა და სიზმრებისა, როცა მას შეეძლო, სადმე გამგზავრება მხოლოდ იმიტომ გადაედო, რომ რომელიღაც ჩიტმა სტვენით გადაუფრინა თავზე, შეეძლო ხალხის წინაშე აღარ გამოსულიყო დათქმულ შეკრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დედამისმა ბენდისიონ ალვარადომ ქათმის კვერცხში ორი გული აღმოაჩინა, ეს კი ცუდი ნიშანი იყო.

დეპუტატებისა და მოსამართლეების მხარში დგომა აღარ სჭირდებოდა, მათი დამოწმების გარეშეც ღრმად იყო დარწმუნებული თავისი ძალაუფლების კანონიერებაში. უბოძა მათ ჯილდოები, აღიარება, სიმდიდრე და ელჩებად გაამწესა შორეულ მდიდარ ქვეყნებში, თავისთან კი ერთგულ აჩრდილად დაიტოვა მაჩეტეთი შეიარაღებული ფეხშიშველი ინდიელი, რომელიც წამითაც არ ტოვებდა მარტო, პირველი ის სინჯავდა პრეზიდენტის საჭმელს და წყალს, თვალს ადევნებდა, პრეზიდენტს ვინმე არ მიახლოვებოდა დადგენილ მანძილზე უფრო ახლოს.

გამოცხადდა ამნისტია პოლიტპატიმრებისთვის, გასახლებულებსაც მიეცათ სამშობლოში დაბრუნების ნება, რა თქმა უნდა, გარდა ინტელექტუალებისა, მაგათ არც არასდროს დავაბრუნებ, მამლაყინწობენ, სისხლი უდუღთ ძარღვებში, ვერაფერში გამოიყენებ, თუ გამოიყენებ და, გარწმუნებთ, პოლიტიკოსებზე და მღვდლებზე უარესები არიან. დანარჩენებს შეუძლიათ დაბრუნდნენ. ქვეყანა ერთად უნდა ავაშენოთ.

ჯერ კიდევ გათენებამდე გასცა ბრძანება, ლატარიის გათამაშების მონაწილე ბავშვები ცემენტით დატვირთული ბარჟებით სიმღერ-სიმღერით გაეყვანათ ქვეყნის ტერიტორიული წყლებიდან. ასეც მოიქცნენ, გაიყვანეს და ააფეთქეს. სიმღერაში გართული ბავშვები ისე წავიდნენ ფსკერისკენ, ვერც კი მოასწრეს გაეგოთ, რა მოხდა. როდესაც სამმა ოფიცერმა პრეზიდენტს მოახსენა, გენერალო, თქვენი ბრძანება შესრულებულიაო. პრეზიდენტმა ჯერ ორი ჩინით დააწინაურა ისინი, ერთგულებისთვის მედლებიც კი უბოძა, ხოლო შემდეგ ბრძანა, სამივე დაეხვრიტათ როგორც ჩვეულებრივი დამნაშავეები, რადგან არის ბრძანება, რომელიც შეიძლება გაიცეს, მაგრამ არ შეიძლება შესრულდეს.

- საქმე ის არის, ჩემო გენერალო, რომ ყველანი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან, ეკლესიაც კი!
- ეგრე გეგონოს, ეკლესია იმის მხარეზეა, ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ.

ერთ საღამოს გენერალმა დაწერა, ჩემი სახელია საკარიასი. შუქურას წამით გაელვებულ შუქზე რამდენჯერმე წაიკითხა თვისი სახელი ხმამაღლა, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ბოლოს ისეთი შორეული და უცხო მოეჩვენა, რომ გაბრაზებულმა ნაკუწებად აქცია ქაღალდი, რა ჩემ ფეხებად მინდა სახელი, მე მე ვარ.

დედის ლოცვას შვილისთვის ბევჯერ აუცდენია დამიზნებული ტყვია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუბლზე წითელნაჭერგადაკრული გადაეშვებოდა ხოლმე შუაგულ ბრძოლაში ყვირილით, გაუმარჯოს ლიბერალურ პარტიას, გაუმარჯოს გამარჯვებულ ფედერალისტებს, ძირს მძღნერი გოდოები. მაგრამ ფედერალისტური იდეები იმდენად არ აწუხებდა, რამდენადაც პარამოელი ანუ მთელი კაცის პირველყოფილი ცნობისწადილი, ენახა და შეეცნო ზღვა.

იმ მონასტრის არქივში, სადაც ის მოინათლა, არავითარი ჩანაწერი არ აღმოჩნდა მისი (გენერლის დედის) დაბადების შესახებ, სამაგიეროდ მისი ვაჟის დაბადების მოწმობა აღმოჩნდა, თანაც სამი. აღმოჩნდა, რომ სამი სახელი ჰქონია, რომ სამჯერ ჩასახულა სხვადასხვა ვითარებაში და სამივეჯერ დღენაკლული დაბადებულა. ჩვენმა ისტორიკოსებმა ისურვეს ასე, რათა საიდუმლოდ შეენახათ პრეზიდენტის დედის ნამდვილი წარმომავლობა.

კარგად უწყოდა, ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის.

ღარიბებს ჩემი ფეხები დარჩებათ, ისეთ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, მძღნერს რომ ფასი დაედოს, უტრაკოდ მოევლინებიან ამ ქვეყანას.

გენერლისთვის თავად დროს ერქვა ლეტისია ნასარენო, ჩემი ცხოვრების ლეტისია ნასარენო, ასე მოიხსენიებდა ცოლს ხშირად. კრევეტის სუნით ჩასქელებულ-გაჯერებულ და იმავდროულად გზნებით აღსავსე სიესტის დროს მხოლოდ ერთი სურვილი იპყრობდა ბერიკაცს, ოფლით გაჟღენთილ ჭილოფზე შიშველი წოლილიყო შიშველი ლეტისია ნასარენოს გვერდით, ღამურას ფრთებივით გაშლილი ელექტროვენტილატორის ქვეშ. არ არსებობს სხვა შუქი შენი დუნდულების შუქის გარდა, არ არსებობს არაფერი, შენი ტოტემური ძუძუების, ბრტყელი ტერფის, სამკურნალო ბალახის სუნისა და შორეულ კუნძულ ანტიგუას იანვრის ხორშაკის გარდა, იმ კუნძულისა, სადაც ოდესღაც მოევლინე ამ ქვეყანას მარტოობის ერთ ადრიან დილას და შეისუნთქე ჩამყაყებული ჭაობის სულისშემხუთველი ჰაერი.

ყველაზე სარწმუნო საინფორმაციო წყარო, რომლის მიხედვითაც წარმართავდა გენერალი თავის საქმიანობას, გახლდათ სასახლის საერთო ფეხსალაგების კედლებზე გაკეთებული ანონიმური წარწერები. სწორედ ამ წარწერებით იგებდა ის სიმართლეს, რის პირში თქმასაც ვერავინ გაუბედავდა.

ერთადერთი რჩევა, რაც გენერალმა შვილს მისცა, შეეხებოდა ბრძანების გაცემის ცოდნას, არასდროს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ.

როგორც ყოველ სტუმრობაზე, ახლაც არწმუნებდა, პატივცემულო ელჩო, რაც გინდათ მთხოვეთ, ოღონდ ზღვას თავი დაანებეთ. თქვენ რომ ზღვა მოგცეთ, მერე მე რა ვქნა, ფანჯრიდან რაღას ვუყურო, ამოდენა სახლში რა ვაკეთო. ხომ გავგიჟდი, ხვალ რომ ვერ ვიხილო ჩამავალ მზის შუქზე ალმოდებული ჭაობივით ზღვა. როგორ ვიცხოვრო დამსხვრეულ ფანჯრებში ღმუილით შემოჭრილი დეკემბრის ქარების გარეშე, შუქურას მწვანე ციალის გარეშე მე ხომ ჩემი ნისლიანი ზეგანი იმიტომ დავტოვე და ციებაშეყრილი და სიცხიანი იმიტომ გადავეშვი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, რომ ზღვა მენახა. ტყუილებს წერენ ჩემი ბიოგრაფები, პატრიოტული გრძნობები ჰქონდა მოჭარბებულადო, არც ავანტურის გამო ვიბრძოდი, როგორც ირწმუნებიან ზოგ-ზოგნი და მით უმეტეს, არც ფედერაციის იდეები მაწუხებდა, ნათელი დაადგეთ დაღუპულებს იქ, სადაც არიან - ზღვა მინდოდა მენახა, მორჩა და გათავდა, სხვა ყველაფერი ფეხებზე მკიდია, ასე რომ, ჩემო ძვირფასო უილსონ, სჯობს სხვა რამე მთხოვოთ.

სამხედროები ძალიან მარტივნი და ამბიციურნი არიან, მათთვის მთავარია მბრძანებლობა და არა ძალაუფლება, გენერალო, ისინი ემსახურებიან არა რაღაცას, არამედ ვიღაცას, ამიტომაც იმართებიან ადვილად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთს მიუსევთ.

სხვა გზა არ გაქვთო, დედა, აპრილში წაგვგლიჯეს კარიბის ზღვა, ელჩ ევინგის ინჟინრებმა ზღვა ნაწილებად დაჰყვეს და თითოეული ნაწილი დანომრეს, რათა ჩვენი გრიგალებიდან შორს, არიზონას ცის ქვეშ არ გასჭირვებოდათ მისი აწყობა. წაიღეს ზღვა, ჩემო გენერალო, წაიღეს თავისი სიმდიდრიანად, ჩვენი ქალაქების ანარეკლებიანად, ჩვენი შერეკილი წყალდიდობებიანად და დამხრცალებიანად.

როცა საკუთარი სხეული გიმუხთლებს და გაგწირავს, ამაზე უფრო დამამცირებელი და იმავდროულად სამართლიანი არავითარი სხვა სასჯელი არ არსებობს ადამიანისათვის.

***

გენერალი მოკვდა მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად სურდა სიკვდილი, როცა ამდენი წლის უნაყოფო ილუზიებისა და თავის მოტყუების შემდეგ ნელ-ნელა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს, შეიძლება დიდხანს იცოცხლო, მაგრამ მხოლოდ ბოლოში მიხვდე ცხოვრების არსს და შეიძლება ვერც მიხვდე მიუხედავად წელთა სიმრავლისა.

ის მოკვდა მაშინ, როცა მიხვდა თავისი ცხოვრების უნაყოფობის მიზეზს. ოდესღაც, გზის დასაწყისში მან დაიჯერა, რომ სიყვარული არ შეუძლია, აკი უხაზო ხელის გულის ენიგმა და მკითხავის კარტი ამას ადასტურებდა. მან ხორციელი სიყვარული ძალაუფლების სიყვარულზე გაეცვალა. ძალაუფლების სიყვარულის დემონს თავს ევლებოდა, ყველაფერს მას სწირავდა, თავის ნებით გახდა ძალაუფლების მსხვერპლი და მთელი ცხოვრება ნელ ცეცხლზე იწვოდა შეწირული ზვარაკივით. სისასტიკესა და უზნეობაზე აღმოცენებულმა საკუთარი თავი სიცრუითა და დანაშაულით გამოკვება. მან სძლია თავის უჩვეულო სიხარბესა და თანდაყოლილ სიმხდალეს, რათა ქვეყნიერების აღსასრულამდე მუშტად შეკრული ხელიდან არ გავარდნოდა თავისი შუშის ბურთულა. ვერ ხვდებოდა, რომ ძალაუფლების წყურვილი უფრო მეტად უღვიძებდა ძალაუფლების წყურვილს, რომ ძალაუფლებით ბოლომდე ტკბობა შეუძლებელია არა მარტო ჩვენი ქვეყნიერების აღსასრულამდე, არამედ სხვა სამყაროთა აღსასრულამდეც.

ერთი რამ კი ნამდვილად იცოდა, სწორედ ისინი ატყუებდნენ, ვისაც მისი გულის მოგება სურდა. იცოდა, კუდის ქიცინში ფულს რომ იღებდნენ ფარისევლები, იცოდა, ხალხს იარაღის მუქარით რომ ერეკებოდნენ ქუჩებში, რათა მას ზარ-ზეიმით და სასურველი შეძახილებით შეხვედროდნენ. ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერ შეებრძოლა, არჩია, ამ სიცრუით, ამ ყალბი დიდებით ეცხოვრა. აკი არაერთხელ დარწმუნდა, რომ სიცრუე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ეჭვი, უფრო სახეირო, ვიდრე სიყვარული და უფრო ხანგამძლე, ვიდრე სიმართლე. ამქვეყნად სხვა რა უნდა გაჰკვირვებოდა ამაზე მეტად, თავისი ძალაუფლების ფიქციას მოესწრო. ბრძანებებს იძლეოდა, მორჩილებით კი აღარავინ ემორჩილებოდა, ადიდებდნენ, დიდება კი თვალსა და ხელს შუა გაქრობოდა, ერთი-ორი ქვეშევრდომიღა შემორჩენოდა და ისინიც არაფრად აგდებდნენ.

ძალიან გვიან, მხოლოდ თავისი შემოდგომის ფოთოლცვენისას მიხვდა, რომ აღარასოდეს იქნებოდა თავისი ძალაუფლების სრული მპყრობელი, და მიუხედავად წელთა სიმრავლისა, ცხოვრება მაინც შეუცნობელი რჩებოდა ბოლომდე, რამეთუ ბედად ეწერა მისთვის მხოლოდ უკუღმა პირიდან, ნაკერების მხრიდან ეცქირა, მხოლოდ ილუზორული, მოჩვენებითი რეალობის გობელენისძაფების დარღვევასა და კვანძების გახსნაზე ეფიქრა. ეჭვადაც არასოდეს გაუვლია და არც სიცოცხლის მიმწუხრს მიხვდარა, რომ ნამდვილი ცხოვრება ის არის, რომელსაც ყველა ხედავს, ის არის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა მხრიდან, ეს მხარე თქვენი არ იყო, ჩემო გენერალო, ეს მხარე უპოვართა მხარე იყო. ჩვენ ცხოვრებას ვხედავდით მრავალთა წელთა ტანჯვა-ვაების სიღრმიდან, ვხედავდით თქვენს უსასრულოდ გაგრძელებულ შემოდგომის ფოთოლცვენას, რომლის მიუხედავადაც ჩვენ მაინც ცოცხლები გვეთქმოდა. ჩვენი უბედურება უბედურება იყო, ბედნიერების წამიერი გაელვება კი ბედნიერება. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი სიყვარული სიკვდილის ვირუსით იყო დასნეულებული, მაგრამ სამაგიეროდ ნაღდი იყო, ჩემო გენერალო. ის სინათლეს მატებდა იმ ცხოვრებას, რომელშიც თქვენ ვაგონის მტვრიან ფანჯარაში წამიერად გაელვებულ მოჩვენებას წარმოადგენდით თქვენი საცოდავად მზირალი თვალებით, მოცახცახე უფერული ტუჩებით. და გამომშვიდობების ნიშნად აფარფატებული აბრეშუმის ხელთათმანიანი ხელით. ამ ხელისგულს ბედის ხაზი არ აჩნდა, და ისედაც, ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებთ, ბოლოს და ბოლსო ვინ იყო იგი სინამდივლეში. იქნებ სულაც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი იყო ეს უსულგულო ტირანი, რომელმაც ვერა და ვერ გაიგო, სად იყო წაღმა და სად უკუღმა პირი იმ ცხოვრებისა, რომელიც ისე ძალიან გვიყვარს, ისე გვეძვირფასება, რომ მას ალბათ გაუჭირდება ამის გაგება. მას ხომ ზაფრავდა ის, რაც ჩვენ მშვენივრად ვიცოდით - მართალია, ცხოვრება რთული და ხანმოკლეა, მაგრამ სხვაგვარი არც არსებობს, ჩემო გენერალო. ჩვენ არ გვეშინოდა ამ ერთადერთი ნამდვილი ცხოვრებისა, ჩვენ ვიცოდით, ვინც ვიყავით, მან კი ვერც ის გაიგო, თავად ვინ იყო და ვერც ის, ჩვენ ვინ ვიყავით.

ეს უბადრუკი ბერიკაცი, მთელი ცხოვრება რომ თავის მსტვენავ თიაქარს დაათრევდა, საბედისწერო, დაუპატიჟებელმა სტუმარმა ერთი დარტყმით მოცელა და ძირიან-ფესვიანად გამოგლიჯა ხელიდან სიცოცხლეს.

თავისი შემოდგომის უკანასკნელი დამჭკნარი ფოთლების შრიალით გაემართა იგი მოუსავლეთისკენ, ჩალუსკუმებული დავიწყებისკენ. შეშინებული ჩაბღაუჭებოდა სიკვდილის ნავის დაძონძილ იალქანს, სიცოცხლის ნიშატი აღარ ეტყობოდა, მის ყურთასმენასაც აღარ სწვდებოდა ქუჩებში გამოფენილი ხალხის აუწერელი სიხარულის ჟრიამული, საზეიმო დაფდაფების ხმა, ფერად-ფერადი ფეიერვერკის ტკაცატკუცი. აღარ ესმოდა ზარების ამაღლებული, ზარზეიმური გუგუნი, რომელიც ხალხსა და მთელ ქვეყანას ამცნობდა, რომ უსასრულო დრო, როგორც იქნა, დასრულდა.

ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა
გამომცემლობა „სიესტა“, 2006წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში