გაბრიელ გარსია მარკესი - მარტოობის ასი წელიწადი

გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.

მაკონდო ისეთი ახალი იყო, რომ ბევრი საგნისთვის ჯერაც არ დაერქმიათ სახელი და მხოლოდ თითით უჩვენებდნენ.

„საგნები უსიცოცხლონი როდი არიან, - თავისებურ კილოზე გაჰყვიროდა ბოშა, - ოღონდ ძალა უნდა შეგწევდეს, სული შთაბერო მათ!“

მაკონდოში ყველაზე ჭკვიანმა კაცმა ხოსე არკადიო ბუენდიამ სახლების მშენებლობა ისე დაგეგმა, რომ წყალზე წასულ ხალხს ერთნაირი გზა გაევლო მდინარემდე, ქუჩებიც ისე გონივრულად გაიყვანა, რომ მზის ცხოველმყოფელი სხივი ერთნაირად მისდგომოდა ყოველ სახლს. დაარსებიდან სულ რამდენიმე წელიწადში მაკონდო გახდა ყველაზე სუფთა და კეთილმოწყობილი დაბა იმ სოფელ-დაბებს შორის, რაც კი საერთოდ ენახა აქაურ სამასიოდე მცხოვრებს. მაკონდო იყო ქუდბედნიერი ადგილი, სადაც ოცდაათი წლისთვის ჯერაც არავის გადაებიჯებინა და სადაც ჯერ არავინ მომკვდარიყო.

განა ტყუილად ამბობენ, ადამიანი მხოლოდ იმ ადგილთან არის მიჯაჭვული, სადაც მისი მიცვალებული განისვენებსო.

აურელიანო მაკონდოში დაბადებული პირველი არსება გახლდათ.

ურსულას დეიდა ცოლად გაჰყვა ხოსე არკადიო ბუენდიას ბიძას. მათ ვაჟი შეეძინათ. ეს ბავშვი ისე გაიზარდა, დავაჟკაცდა და მოკვდა, რომ ტანზე ერთი კარგად მორგებული ვიწრო შარვალი არ ჩაუცვამს, სულ ფართო შარვალი ეცვა; 42 წლისა მოკვდა, სისხლისგან დაიცალა სრულიად უბიწო მამაკაცი, რამეთუ კუდიანი დაიბადა, დიახ, ნამდვილი გოჭის კუდი ჰქონდა და მოკვდა ისე, რომ ეს კუდი არც ერთ ქალს არ აჩვენა დედამიწის ზურგზე. მისი მოცილება კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა: მეგობარმა ყასაბმა მისივე თხოვნით ხორცის საჩექი ნაჯახით ძირში მიაჭრა კუდი...

***

მამლების ჩხუბის საყურებლად მთელი სოფელი გამოსულიყო. ხოსე არკადიო ბუენდიას მამალმა პრუდენსიო აგილარის მამალს სული გააფრთხობინა. დამარცხებით გაცოფებულმა და თავისი გასისხლიანებული მამლის დამნახავმა პრუდენსიომ ხოსე არკადიო ბუენდიას განგებ მიმართა ხმამაღლა და ყველას გასაგონად:

- სულითა და გულით მოგილოცავ, იქნებ მაგ მამალმა მაინც გააბედნიეროს შენი ცოლი!

ხოსე არკადიო ბუენდიამ მშვიდად აიყვანა ხელში თავისი გამარჯვებული მამალი, ხალხს დაუძახა, ახლავე მოვალო, ხოლო პრუდენსიო აგილარს ორი სიტყვა მიუგდო:

- შენ კი წადი ახლავე შინ და იარაღი წამოიღე. უნდა მოგკლა.

ათ წუთში დაბრუნდა ხოსე არკადიო ბუენდია პაპისეული შუბით ხელში. მამლების ბრძოლისთვის განკუთვნილ ფარდულთან თითქმის ნახევარი სოფელი შეყრილიყო. პრუდენსიო აგილარი ფარდულის კართან ელოდა, ხელის განძრევაც ვერ მოასწრო, რომ ხოსე არკადიო ბუენდიას საოცარი სიძლიერითა და უნაკლო სიზუსტით ნასროლი შუბი - როგორადაც ოდესღაც პირველი აურელიანო ხოცავდა ამ მხარეში იაგუარებს - ყელში წაერჭო.

ღამით, როცა იმავე ფარდულში ნათესავები თავიანთ მიცვალებულს დარაჯობდნენ, ხოსე არკადიო ბუენდია საძინებელ ოთახში შევიდა. ცოლი დასაწოლად ემზადებოდა და ჩვეულებისამებრ თავის უბიწოების ნიფხავს იცვამდა. კაცმა შუბი შეაქანა ხელში და ცოლს უბრძანა: „ახლავე გაიხადე!“ ურსულა მიხვდა, კაცი არ ხუმრობდა და მორჩილად ჩაიბუტბუტა: „რამე რომ მოხდეს, იცოდე, შენ აგებ პასუხს“, ხოსე არკადიო ბუენდიამ შუბი მიწურ იატაკში ჩაარჭო:

- თუ ბედად გვიწერია ხვლიკების დაბადება, რას ვიზამთ, ბედს ვერსად გავექცევით, გავზრდით ხვლიკებს, ამ სოფელში კი შენი მიზეზით აღარავინ მოკვდება, იცოდე!

[...]

თუმცა ეს ორთაბრძოლა სოფელმა ღირსეულ ორთაბრძოლად მიიჩნია, ცოლ-ქმარს მაინც სინდისის ქენჯნა დაეუფლა ამ დღიდან. ერთხელ ღამით ურსულად რატომღაც ვერ იქნა და ვერ დაეძინა, წამოდგა, წყალს მაინც დავლევო და ეზოში გავიდა, სადაც წყლით სავსე კოკა იდგა. უცებ პრუდენსიო აგილარი დაინახა, ნაღვლიანი და მიცვალებულივით ფერგამკრთალი პრუდენსიო ჭრილობიდან სისხლის შეჩერებას ლამობდა, გამოღადრულ ყელში ბალახს იჩურთავდა.

ურსულას სულაც არ შეშინებია პრუდენსიოსი, შეეცოდა მხოლოდ. ოთახში დაბრუნებისთანავე უამბო ქმარს ყოველივე, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა ცოლის სიტყვებს: „როდის იყო, მიცვალებული საფლავიდან დგებოდა? სინდისი გვქენჯნის, ეს არის და ეს“.

მესამე ღამეს ურსულა პრუდენსიო აგილარს საბანაო ოთახში გადააწყდა, ბალახით იშორებდა ყელზე მიმხმარ სისხლს. ერთ წვიმიან ღამესაც ეზოში მოჰკრა თვალი. ხოსე არკადიო ბუენდიას გული გაუწყალა ცოლის მოჩვენებებმა და ისიც ეზოში გავიდა: მიცვალებული ისევ იქ იდგა; როგორც ყოველთვის, ახლაც ნაღველი ეხატა სახეზე:

- დაიკარგე აქედან! - დაუყვირა ხოსე არკადიო ბუენდიამ. - იცოდე, რამდენჯერაც მოხვალ, იმდენჯერ მოგკლავ!

პრუდენსიო აგილარი არც შერხეულა. ხოსე არკადიო ბუენდიამ შუბის მოქნევა ვერ გაბედა. იმ დღიდან მასაც სანატრელი გაუხდა მშვიდი ძილი. ხოსე არკადიო ბუენდიას არ ასვენებდა ის უსაზღვრო ნაღველი, წვიმაში მდგომ მიცვალებულის თვალებში რომ ამოიკითხა - ნაღველი და მონატრება შინ დარჩენილისა; თვალთაგან არ სცილდებოდა, რა გაფაციცებული ეძებდა წყალს პრუდენსიო ბალახის დასასველებლად და ჭრილობის მოსაბანად. „ეტყობა, უჭირს, - უთხრა ხოსე არკადიო ბუენდიამ ცოლს. - ეტყობა, მარტოობა უჭირს“. ურსულას ისე შეეცოდა მიცვალებული, რომ ერთ ღამეს, როცა კვლავ გადააწყდა მოჩვენებას, - იგი ახლა სამზარეულოში შესულიყო და ღუმელზე დადგმულ ქვაბებში ეტყობა წყალს ეძებდა, - გადაწყვიტა, სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში წყლით სავსე თასები დაედგა. ხოლო, როცა ხოსე არკადიო ბუენდიამ დაინახა, როგორ იბანდა ჭრილობას პრუდენსიო აგილარი მის საძინებელ ოთახში, ვეღარ გაუძლო და მორჩილად თქვა:

- იყოს ნება შენი, პრუდენსიო. წავალთ ამ სოფლიდან, წავალთ შორს და არასოდეს არ დავბრუნდებით. ახლა კი წადი და მშვიდად იყავი.

[...]

დაუსახლებელი ადგილების საძებნელად გამგზავრებამდე, ხოსე არკადიო ბუენდიამ მიწაში ჩამარხა თავისი შუბი და მერე საკუთარი ხელით სათითაოდ წააცალა თავი მოჩხუბარ მამლებსაც. ეგონა, პრუდენსიო აგილარის სულს ამით სიმშვიდეს მოჰფენდა.

***

ღამით, მდინარესთან რომ დაბანაკდნენ, ხოსე არკადიო ბუენდიას დაესიზმრა, ვითომ ბანაკის ადგიალს წამოიმართა დიდი ქალაქი, სადაც სახლებს უცნაურად გამჭვირვალე კედლები ჰქონდა. როცა იკითხა, რა ქალაქიაო, პასუხად გაიგონა ასევე უცნაური და უაზრო სახელი, მაგრამ სიზმარში მეტისმეტად ზებუნებრივად ჟღერდა ეს სახელი: მაკონდო. მეორე დღეს ხოსე არკადიო ბუენდიამ თავისიანები დაარწმუნა, ზღვის ძებნას მოვეშვათ, ტყე გავკაფოთ და ყველაზე გრილ ადგილას მიწა მოვასუფთავოთო. სწორედ აქ დააარსეს კიდეც სოფელი.

***

უძილობის ეპიდემიამ ბუენდიების სახლშიც მოიკიდა ფეხი.

[...]

ინდიელი ქალი სასოწარკვეთილი უხსნიდა ყველას, ძილის უნარის დაკარგვა კი არ არის ყველაზე საშინელი სენი, - უძილობა არც დაგვეტყობაო, - საშინელებაა ის, რაც ამ უძილობას მოჰყვება - გუმავიწყობაო. როცა კაცს უძილობა შეეყრება და ფხიზლობს, მის მეხსიერებაში უპირველესად ბავშვობის მოგონებები ქრებიან უკვალოდ, მერე სახელები და საგანთა დანიშნულებანი ავიწყდება, შემდეგ ხალხს ვეღარ სცნობს და საკუთარი პიროვნებაც ეუცხოება. ერთი სიტყვით, წარსულს მოწყვეტილი კაცი სავსებით ყეყეჩდებაო.

[...]

ორშაბათი დღე რომ გათენდა, მთელ ქალაქს არ ეძინა უკვე.

[...]

ვისაც ძილი უნდოდა, - ისინი უძილობამ კი არ დაღალა, უბრალოდ, სიზმრები მოენატრათ, - რას არ იგონებდნენ, რომ ქანცგაწყვეტილებს ჩასძინებოდათ, მაგრამ ამაოდ. ყველანი ერთ ადგილას იკრიბებოდნენ, გაუთავებლად ლაყბობდნენ, ერთ ანეკდტოს ათასჯერ იმეორებდნენ, თეთრ ყვერულზე ზღაპარს დაუსრულებლად ჰყვებოდნენ, ერთი სიტყვით, მათი ყოფა იმ თამაშს ჰგავდა, ბოლო რომ არ აქვს: ერთ-ერთი კაცი, მთხრობელი, დანარჩენებს ეკითხებოდა, გინდათ თეთრ ყვერულზე ზღაპარი გიამბოთო და თუ უპასუხებდნენ, „კიო“, მთხრობელი ამბობდა, მე „კის“ თქმა არ მითხოვია თქვენთვის. მე გთხოვეთ, გეპასუხათ, თეთრ ყვერულზე თუ გინდათ ზღაპარი გიამბოთ-მეთქი? თუ უპასუხებდნენ, „არაო“, მთხობველი ამბობდა, მე თქვენთვის „არას“ თქმა არ მითხოვია, მე გთხოვეთ, გეპასუხათ, თეთრ ყვერულზე თუ გინდათ ზღაპარი გიამბოთ-მეთქი? და თუ ხმას არავინ იღბდა, მთხრობელი ამბობდა, მე თქვენთვის დუმილი არ მითხოვია, მე გთხოვეთ გეპასუხათ, თეთრ ყვერულზე თუ გინდათ ზღაპარი გიამბოთ-მეთქი. თუ ვინმე წასასვლელად მოემზადებოდა, მთხრობელი მაშინვე ეძგერებოდა: მე თქვენთვის წასვლა არ მითხოვია, მე გთხოვეთ, გეპასუხათ, თეთრ ყვერულზე თუ გინდათ ზღაპარი გიამბოთ-მეთქი და ასე მეორდებოდა გაუთავებლად მთელი ღამეები.

[...]

გულმავიწყობის საწინააღმდეგო საშუალებამ, რომელიც აურელიანომ აღმოაჩინა სრულიად შემთხვევი, მხოლოდ ცოტა ხანი უშველა მაკონდოელებს. აურელიანო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც უძილობით დაავადდა და რაღა თქმა უნდა, გამოცდილებაც მეტი ჰქონდა ამ საქმეში. ერთხელ გრდემლი დასჭირდა ფოლადის გასაბრტყელებლად და ვერაფრით გაიხსენა მისი სახელი. მამამ უკარნახა, გრდემლი ჰქვიაო. აურელიანომ ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე დაწერა ეს სიტყვა და გრდემლს მიაკრა. ახლა კი აღარასოდეს დამავიწყდებაო, გაიფიქრა გახარებულმა, მაგრამ რა იცოდა, რომ ეს გულმავიწყობის დასაწყისი იყო ჯერ. ერთი-ორი დღის მერე ჭაბუკმა შეამჩნია, რომ ლაბორატორიულ ხელსაწყოთა სხელებს ძლივს იხსენებს. ადგა და, ვიდრე მთლად არ გადავიწყნოდა, ქაღალდებზე ჩამოწერა და ყველას სათითაოდ მიაკრა. ამრიგად, საკმარისი იყო წარწერა წაეკითხა და მაშინვე ხვდებოდა, რომელი საგანი ედო წინ. როდესაც მამამ გულისტიკივილით შესჩივლა, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და თბილი ამბებიც კი უკვე ნელ-ნელა მავიწყდებაო, აურელიანომ აუხსნა თავისი გამოგონილი ხერხი და მალე ხოსე არკადიო ბუენდიამ ჯერ საკუთარ ოჯახში, ხოლო შემდეგ მთელ ქალაქში გაავრცელა იგი. მელანში ამოვლებული ფუნჯით ყველა საგანს აწერდა სახელს.

ასე გაჩნდა წარწერები: მაგიდა, სკამი, საათი, კარი, კედელი, საწოლი, ქვაბი. მერე პირუტყვის სადგომსაც მისწვდა, მინდორშიც გავიდა და არაფერი არ დატოვა აღუნიშნავი. ძროხა, თხა, ქათამი, მანიოკა, მალანგა, ბანანი - იუწყებოდნენ წარწერები. გულმავიწყობაში ჩაძირული ხალხი მიხვდა, მალე დადგებოდა ის დღე, როდესაც წარწერის მიხედვით საგნის სახელს კი გაიხსენებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ აღარ ეხსომებოდათ თვით ამ საგნის დანიშნულება. ყველანი საგონებელში ჩავარდნენ, აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. იმის წარმოსადგენად თუ როგორ ებრძოდნენ მაკონდოელები გულმავიწყობას, საკმარისი იყო წაეკითხათ ძროხის კისერზე დაკიდული წარწერა: „ეს ძროხაა. უნდა მოვწველოთ დილა-საღამოს. იგი რძეს გვაძლევს, რძე კი უნდა აადუღოთ და დაუმატოთ ყავას, რათა რძიანი ყავა მიირთვათ“.

აი ასე ცხოვრობდნენ მაკონდოელები, თვალსა და ხელს შუა უქრებოდათ სინამდვილე, ამ წარწერების დახმარებით ცოტა ხანს კიდევ ახსოვდათ რაღაც-რაღაცეები, მაგრამ მერე რა ეშველებოდათ, როცა კითხვაც დაავიწყდებოდათ?

ქალაქის შესასვლელში დიდი აბრა გამოაკრეს: „მაკონდო“, მთავარ ქუჩაზე კი უფრო დიდი აბრა იუწყებოდა: „ღმერთი არს“. თითქმის ყველა სახლსი კედელზე დახატეს ნაირ-ნაირი პირობითი ნიშნები, რომელთაც ევალებოდათ ადამიანებისთვის გაეხსენებინათ საგნები და გრძნობები.

***

ქალს მუხლებზე კათხა ედო. აურელიანომაც ფული კათხაში ჩააგდო და ოთახში ანგარიშმიუცემლად შევიდა... საწოლში მთლად დედიშობილა იწვა მულატი ყმაწვილი ქალი, ძუძუები ძაღლისას მიუგავდა.

აურელიანომდე ამ ოთახში სამოცდასამი მამაკაცი შევიდა. სწორედ მათი ფილტვებიდან ამონასუნთქით, მათი ოფლის სუნითა და ოხვრით ავსებულიყო ჰაერი და ტალახივით ჩასქელებულიყო. ქალმა სველი ზეწარი აიღო და აურელიანოს სთხოვა, ერთ ბოლოში მომიკიდეთ ხელი და გამაწურინეთო. ზეწარი სისველეს მეტისმეტად დაემძიმებინა. ქალიშვილი მანამდე წურავდა, ვიდრე ზეწარი არ გამჩატდა. მერე ორივემ დაბერტყეს ქვეშსაფენი ჭილოფიც, საიდანაც ოფლის წვეთები წამოვიდა წვიმასავით.

აურელიანო ნატრობდა, ნეტავ სულ ასე გაგრძელდეს უსასრულოდო. მართალია, სიყვარულობანას მექანიზმი თეორიულად იცოდა, მაგრამ ახლა მუხლები ისე უკანკალებდა, ლამის წაქცეულიყო. ქალიშვილი საწოლის დალაგებას მორჩა და ვაჟს მიუბრუნდა, ახლა კი შეგიძლია ტანთ გაიძროო. აურელიანო თავის მართლებას მოჰყვა, ძალით შემომაგდეს, ოცი სენტავო გადამახდევინეს და თანაც გამაფრთხილეს, დიდხანს ნუ დარჩებით ოთახშიო. ქალი ყველაფერს მიხვდა, „გასვლისას თუ კიდევ ჩააგდებ ოც სენტავოს, შეგიძლია ცოტა ხანს კიდევ დარჩე“, - ჩუმად უთხრა ვაჟს.

აურელიანო ტანსაცმელს იხდიდა, სირცხვილი სწვავდა და თან ერთი ფიქრიც არ ასვენებდა, ჩემი ძმა უკეთესი შესახედავი იქნებოდა შიშველიო. თუმცა ქალი ბევრს ცდილობდა, აურელიანო მაინც შებოჭილი, უგრძნობელი და მიუსაფარი ჩანდა. „კიდევ ჩავაგდებ ოც სენტავოს“, - ჩაიბურტყუნა მთლად სასოწარკვეთილმა. ქალმა მადლიერებით დაუქნია თავი. კანი გადატკეცოდა თეძოზე. ზურგი მთლად გადაქერცლილი და დასისხლიანებული ჰქონდა, ქანცგაწყვეტილი მძიმედ სუნთქავდა. ორი წლის წინათ აქედან შორს ერთ ღამეს გოგოს ჩასძინებია და სანთელი ანთებული დარჩენია. სიმხურვალემ გააღვიძა თურმე, ირგვლივ ცეცხლის ალი ბრიალებდა. სახლი, სადაც გოგო და მისი გამზრდელი ბებია ცხოვრობდნენ, ფერფლად ქცეულა. მას შემდეგ დაატარებს ბებია ქალაქად და სოფლად და ისიც ოც სენტავოდ უმასპინძლდებდა კაცებს ლოგინში. აბა, რა ქნან, სახლის ფული ხომ უნდა აინაზღაურონ? ალბათ, კიდევ ათ წელიწადს მომიწევს ასე ცხოვრება, ღამეში სამოცდაათი კაცი უნდა გავისტუმრო, რომ სახლის ფული დავაგროვოთ. ესეც არ იყოს, ჭამა ხომ გვინდა, გზაში ფული ხომ გვინდა, ინდიელებსაც ხომ უნდა გადავუხადოთ ბებიაჩემის ზიდვაშიო, - შესჩიოდა აურელიანოს მულატი ქალი. როდესაც ფაშფაშა ქალბატონმა მეორედ დააკაკუნა კარზე, გულდამძიმებული აურელიანო ისე გავიდა ოთახიდან, არაფერი გაუკეთებია. მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი, მულატ ქალზე ფიქრობდა, ებრალებოდა და სურვილიც სწვავდა მისი. რაღაცნაირი დაუმორჩილებელი ძალა ეწეოდა მისკენ, გულით ეწადა ყვარებოდა და მფარველადაც გახდომოდა.

დილით უძილობითა და განცდებით გატანჯულმა აურელიანომ მტკიცედ გადაწყვიტა, ცოლად ეთხოვა ეს ქალი, გაეთავისუფლებინა ბებიის ბორკილებისაგან და ყოველღამ მხოლოდ ის დამტკბარიყო სამოცდაათი კაცის მაგივრად. ამ გადაწყვეტილებით მიადგა კიდეც დილის ათ საათზე „კატარინოს დუქანს“, მაგრამ მულატი ქალი და ბებიამისი მაკონდოდან წასულიყვნენ უკვე.

***

ერთხელ ღამით მელკიადესს მოეჩვენა, მაკონდოს მომავალს ვხედავო. მაკონდო დიდებული ქალაქი გახდება, მის ქუჩებს დიდი მინის სახლები დაამშვენებს, ბუენდიების ჭაჭანება კი აღარსად იქნებაო, - თქვა მან. „ნუ სულელობ, - გაცხარდა ხოსე არკადიო ბუენდია, - მინის სახლები კი არა, მე რომ სიზმარში ვიხილე, სწორედ ისეთი ყინულის სახლები დაამშვენებს მაკონდოს; რაც შეეხება ჩვენს გვარს, ისე არ გადავშენდებით, ერთი ბუენდია მაინც არ დარჩეს მაკონდოში უკუნეთი უკუნისამდე“.

მაკონდოელებმა გადაწყვიტეს, დაუპატიჟებელი სტუმრები - კორეხიდორი გაეგდოთ და ხოსე არკადიო ბუენდიას მიაკითხეს იმ იმედით, გვიუფროსებსო, მაგრამ მან უარი უთხრა: დონ აპოლინარ მოსკოტე ცოლ-შვილთან ერთად ჩამოვიდა და მამაკაცებს არ შეჰფერით მეორე მამაკაცი საკუთარი ოჯახის თვალწინ დაამცირონო.

„კატარინოს დუქანისთვის“ უკვე მიეშენებინათ შუშაბანდი და ფიცრის ტიხარით ერთმანეთისგან გამოყოფილი პატარა ოთხები. ამ ოთახებში მარტოხელა ქალები ცხოვრობდნენ და მათ მიმჭკნარი ყვავილების სუნი ასდიოდათ.

ათმა კაცმა ძლივს წააქცია გავეშებული ხოსე არკადიო ბუენდია, თოთხმეტმა კაცმა ასევე ძლივს შეკოჭა, ხოლო ოცმა კაცმა ძლივს მიათრია დიდ წაბლის ხესთან და თოკით მიაბეს ზედ. ხოსე არკადიო ბუენდია უცნაურსა და გაუგებარ ენაზე იგინებოდა და პირიდან მწვანე დუჟი გადმოსდიოდა. მაკონდოში დაბრუნებულ ურსულასა და ამარანტას იგი კვლავ გაკოჭილი დახვდათ, საცოდავად გალუმპულიყო წვიმაში, მაგრამ სამაგიეროდ მიწყნარებული და მშვიდი ჩანდა. ურსულამ ქმარს თოკი შემოხსნა დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე, მხოლოდ წელზე დაუტოვა, მერე პალმის ტოტებით გადაახურვინა მისი სამყოფელი, რათა მზესა და წვიმას არაფერი ევნო წაბლის ხეზე თოკით მიბმული კაცისთვის.

***

წირვის ბოლოს, ის იყო ხალხმა დაშლა დაიწყო, რომ მღვდელმა ხელი აღმართა: - ერთი წუთით შეიცადეთ, ახლავე დაგარწმუნებთ, რაოდენ უსაზღვროა ძალა ჩვენისა უფლისა.

მღვდელ ნიკანორს წირვისას პატარა ბიჭი ეხმარებოდა. ამ ბიჭმა მოხუცს ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი მოუტანა, იმანაც ადგა და სულმოუთქმელად გადაჰკრა მდუღარე სასმელი. მერე ანაფორის სახელოდან ცხვირსახოცი გამოაფრიალა, პირი მოიწმინდა, ორივე ხელი წინ გაიწვდინა და თვალები დახუჭა... და უცბად ნიკანორი თორმეტი სანტიმეტრით ასცილდა მიწას.

მეტისმეტად დამაჯერებელი იყო, წყალი არ გაუვიდოდა ამ საბუთს. რამდენიმე დღეს მღვდელი ნიკანორი ქუჩა-ქუჩა დადიოდა, ცხელ შოკოლადს სვამდა და უკვე მერამდენედ იმეორებდა თავის ოინს. ბოლოს და ბოლოს ბიჭმა იმდენი ფული დააგროვა, რომ ტაძრის მშენებლობა სულ რაღაც ერთ თვეში დაიწყეს. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ნიკანორი თავად უფლისგან სულშთაბერილი საოცრება იყო. მხოლოდ ხოსე არკადიო ბუენდიას არ სჯეროდა მისი.

ერთ დილით ხალხმა წაბლის ხესთან მოიყარა თავი, რათა კვლავ ეხილათ მღვდლის ამაღლება. ყველანი გაოცებულნი შესქრეოდნენ მღვდელს. ხოსე არკადიო ბუენდია კი იჯდა თავისთვის მშვიდად და მხოლოდ მაშინ შეირხა ოდნავ და აიჩეჩა მხრები, როცა თავის სკამიანად ამაღლებული მღვდელი ნიკანორი დაინახა.

- Hoc est simpicissimum, - თქვა ხოსე არკადიო ბუენდიამ, - homo iste statum guatrum materiae inventit. (ეს სულ უბრალო რამეა. ამ კაცმა მატერიის მეოთხე მდგომარეობა აღმოაჩინა, ლათ.)

ამის გაგონებაზე მღვდელმა ნიკანორმა ხელი აღმართა და მისი სკამიც მაშინვე დაეშვა მიწაზე.

- Nego, - თქვა მან. - Factum hoc existentiam dei probat sine dubio. (არ გეთანხმები: ჩემი ამაღლება ღმერთის არსებობას ამტკიცებს, ლათ.)

ახლა კი მიხვდნენ მაკონდოელები, ხოსე არკადიო ბუენდია ქაჯურად კი არა, ლათინურად ბუტბუტებდა თურმე.

***

უბრალო ადამიანურობის გამო აურელიანომ ლიბერალების საქმიანობა მოიწონა ყველა საკითხში, განსაკუთრებით ბავშვების საკითხში, მაგრამ გაგებით კი ვერ გაიგო, რა საჭირო იყო ომის გაჩაღება ისეთი რამის გულისთვის, რასაც ხელს ვერ შეახებს კაცი.

კვირას, დილსი რვა საათზე, მოედანზე დადგეს ხის ყუთი, რომელსაც ექვსი ჯარისკაცი ყარაულობდა. არჩევნები რომ თავისუფალი იყო, აურელიანო საკუთარი თვალით დარწმუნდა. იგი თითქმის მთელი დღე არ მოშორებია სიმამრს და თვალს ადევნებდა, ამომრჩევლებს ერთჯერ მეტად არ მიეცათ ხმა. დილის ოთხ საათზე დოლების ბრახაბრუხმა ხალხს აუწყა, არჩევნები დამთავრდაო და ყუთი დალუქეს. საღამოს აურელიანოსთან დომინოს თამაშის დროს დონ აპოლინარ მოსკოტემ სერჟანტს უბრძანა, ყუთი გახსენით და ხმებით დაითვალეთო. დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვარდისფერი ქაღალდი იმდენივე იყო, რამდენიც ცისფერი, მაგრამ სერჟანტმა ვარდისფერი ქაღალდი მხოლოდ ათი ცალი დატოვა, ცისფერებს კი საკუთარი ხელით შევსებული მიუმატა. ყუთი კვლავ დალუქეს, რათა მეორე დღეს, დილაუთენია წაეღოთ პროვინციის დედაქალაქში. „ლიბერალები ომს დაიწყებენ“, - თქვა აურელიანომ. დონ აპოლინარ მოსკოტეს თავი არც აუწევია, თამაში განაგრძო. „თუ გგონია ამ ქაღალდების შეცვლის გამო დაიწყებენ, ამაოდ ირჯები. რამდენიმე ცალი ვარდისფერი ქაღალდი ხომ დარჩა ყუთში? ვერ იჩივლებენ“. აურელიანომ წამში გაისიგრძეგანა ოპოზიციის სავალალო მდგოამრეობა. „მე რომ ლიბერალი ვიყო, - შენიშნა მან, - სულაც ამ ქაღალდების გამო დავიწყებდი ომს“.

***

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტჯერ წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება და ოცდათორმეტჯერვე დამარცხდა. ჩვიდმეტი ქალისგან ჩვიდმეტი ვაჟიშვილი შეეძინა და ჩვიდმეტივე ერთ ღამეს მოუკლეს, უფროსი ოცდათხუთმეტი წლისა მოკვდა.

თვითონ აურელიანოს თოთხმეტჯერ დაესხნენ თავს მოსაკლავად და გადარჩა, სამოცდაცამეტჯერ ჩაუსაფრდნენ და კიდევ გადარჩა, დახვრეტაც აიცდინა და ერთხელაც იმდენი ქინაქინა ჩაუყარეს ყავაში, ცხენს რომ გააფრთხობინებდა სულს, მაგრამ აურელიანო გადარჩა, მან უარი თქვა რესპუბლიკის პრეზიდენტის ნაბოძებ ორდენზე. იგი გახდა რევოლუციური ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო მსაჯული. ქვეყანაზე არ მოიძებნებოდა კაცი, ვისაც ასე შინებოდა მთავრობას.

ასეთი საქვეყნოდ ცნობილი კაცი იყო აურელიანო, მაგრამ სურათი არასოდეს გადაუღია, უფლებას არავის აძლევდა, მისთვის სურათი გადაეღო. მან უარი თქვა სამუდამო პენსიაზე, ომის შემდეგ რომ დაუნიშნეს, ღრმა მოხუცებულობამდე ოქროს თევზებში აღებული ფულით ცხოვრობდა.

თუმცა აურელიანო ბრძოლის ველზე პირველი გაიჭრებოდა ხოლმე, დაჭრით მხოლოდ ერთხელ დაიჭრა და ისიც საკუთარი ხელით კინაღამ არ მოისწრაფა სიცოცხლე. ეს ამბავი მოხდა ნეერლანდის კაპიტულაციის ხელმოწერის შემდეგ, რამაც ბოლო მოუღო თითქმის ოც წელიწადს გაგრძელებულ სამოქალაქო ომებს. აურელიანომ მკერდში დაიხალა რევოლვერი, მაგრამ ტყვიამ ზურგი გაუხვრიტა, გარეთ გავარდა და აურელიანოც იოლად გადარჩა.

თავს გადახდენილი მთელი ამ ამბების სანაცვლოდ, სამახსოვროდ და თაობებისთვის გადასაცემად მაკონდში მხოლოდ ერთ ქუჩას დაარქვეს მისი სახელი. ეს იყო და ეს. მაგრამ, როგორც თვითონ თქვა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იმ დილით, როცა ოცდაერთკაციან რაზმთან ერთად მაკონდოს ტოვებდა, რათა შეერთებოდა გენერალ ვიქტორიო მედინას ლაშქარს, სულ არ მოელოდა, ბედისწერა ამოდენა სახელსა და დიდებას თუ უმზადებდა.

***

ურსულამ გადაწყვიტა, ბერიკაცი (ხოსე არკადიო-ბუენდია) ისეთი მორჩილი და გულგრილია ყველაფრისადმი, არაფერი დაშავდება, რომ ავხსნაო. თოკები შემოხსნა, მაგრამ მოხუცი თავის სკამიდან არც წამომდგარა, იჯდა წვიმასა და მზეში ისე, თითქოს თოკს კი არა, ბორკილზე უფრო გამძლე და უხილავ რაღაცას მიეკრა ხეზე.

სამოქალაქო ომის დროს ყველამ იცოდა, ზოგიერთი ფანატიკოსი დედა თავის ქალიშვილს საგანგებოდ აგზავნიდა საქვეყნოდ ცნობილ სამხედრო მეთაურებთან დასაწოლად, რათა მერე, როგორც თვითონ ირწმუნებოდნენ, ჯიშიანი შთამომავლობა წამოზრდოდათ.

***

ერთ საღამოს პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ პოლკოვნიკ ხერინელდო მარკესს ჰკითხა:

- მეგობარო, იქნებ, მითხრა, რისთვის იბრძვი?
- რისთვისაც მოვალე ვარ ვიბრძოდე, მეგობარო, - უპასუხა პოლკოვნიკმა ხერინელდო მარკესმა: - ლიბერალთა დიადი პარტიისათვის.
- ბედნიერი ხარ. იცი, რისთვისაც იბრძვი, - უთხრა პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ. - მე კი მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სიამაყის გამო ვიბრძვი.
- ეგ ცუდია, - შენიშნა პოლკოვნიკმა ხერინელდო მარკესმა.

მეგობარს შეშფოთება რომ შეამჩნია, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას გაეღიმა:

- რა თქმა უნდა, ცუდია, - უთხრა მან, - მაგრამ იმას მაინც სჯობს, როცა სულ არ იცი, რისთვის იბრძვი, - მერე მეგობარს თვალებში ჩახედა და კვლავ ღიმილით დაუმატა: - ან როცა ისეთი რაღცისთვის იბრძვი, - აი, მაგალითდ, შენსავით, - რაც არავის არაფრად სჭირდება.

***

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ურსულად მხოლოდ ერთხელ მისწერა წერილი და ისიც წასვიდან რვა თვის შემდეგ. შიკრიკმა დიდი დალუქული კონვერტი მოუტანა ურსულას, კონვერტში კი პატარა ბარათი იდო: „თვალი ადევნეთ მამას - მალე მოკვდება“.

ურსულა შეშფოთდა: „რადგან აურელიანო ამბობს, მაშასადამე, ასეც მოხდება“. მაშინვე სთხოვა ოჯახის წევრებს მოხუცი საძინებელ ოთახში გადმომაყვანინეთო. ისედაც ტანმძიმე ხოსე არკადიო ბუენდიამ წაბლის ძირში ხანგრძლივი წლების მანძილზე ჯდომისაგან უფრო მოიმატა წონაში. ექვსმა კაცმა ვერ წამოაყენა სკამიდან და იძულებული გახდნენ საწოლამდე მიეთრიათ. როგორც კი ეს უზარმაზარი, მზით გარუჯული და წვიმებით გაჟღენთილი ბერიკაცი ოთახში შეიყვანეს, მაშინვე მოედო ირგვლივ ყოველივეს აყვავებული წაბლის, სოკოსა და ნესტის მძაფრი სუნი.

მეორე დილით მისი საწოლი ცარიელი დახვდათ. ურსულამ მთელი სახლი შემოირბინა და ბოლოს ქმარი წაბლის ძირში იპოვა. მაშინ ისევ წაათრიეს და საწოლზე მიაბეს. თუმცა ხოსე არკადიო ბუენდიას უწინდებურად ერჩოდა ძალა, წინააღმდეგობა მაინც არ გაუწევია. მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი იყო. წაბლის ძირში იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ შეგნებულად სურდა იქ ყოფილიყო, სულაც არა, - მისი სხეული მიეჩვია იმ ადგილს.

[...]

დილით, ქმართან საუზმე რომ მიჰქონდა, ურსულამ დაინახა, დერეფანში მის შესახვედრად ვიღაც უცხო კაცი მოდიოდა. ... ეს კაცი კატაურე გახლდათ, ვისტასიონის ძმა, უძილობის ეპიდემიას რომ გაექცა და უგზოუკვლოდ გადაიკარგა. ვისიტასიონმა ჰკიტხა, რატომ დაბრუნდიო, იმანაც თავისი ტომის ინდიელთა მსგავსად საზეიმოდ უპასუხა: - მეფის დაკრძალვას უნდა დავესწრო.

მაშინ შევიდნენ ხოსე არკადიო ბუენდიას ოთახში და ბერიკაცი შეანჯღრიეს, ყურშიც ჩასძახეს, სარკეც მიუტანეს ცხვირთან, მაგრამ ამაოდ. ცოტა ხნის შემდეგ, როცა დურგალი ზომას იღებდა კუბოსთვის, ფანჯრიდან დაინახეს: პაწაწინა ყვითელი ყვავილების წვიმა წამოსულიყო. მერეც, მთელი ღამე ეფინებოდა იგი ქუჩებს უხმაურო კოკისპირული წვიმასავით. ყვავილებმა დაფარეს სახურავები, ჩახერგეს კარები და მოგუდეს ღია ცის ქვეშ დარჩენილი საქონელი. იმდენი ყვავილი მოვიდა, რომ დილით მთელი მაკონდო თვალწარმტაც ხალიჩასავით იყო გადაფენილი. ხალხმა ნიჩბები და ფიწლები მოიშველია, სამგლოვიარო პროცესიისთვის გზა რომ გაეწმინდათ.

***

სულ რაღაც თორმეტ წელიწადში ყველა ვაჟიშვილს, - რომელიც პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ მოავლინა ამქვეყნად ომის წლებში სხვადასხვა მხარეში ბრძოლისას - მამის სახელი დაანათლეს, გვარი კი ყველას დედისა დარჩათ. ვაჟიშვილი კი პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას უკვე ჩვიდმეტი ჰყავდა.

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ჯერ კიდევ არ იცოდა, ომის დაწყებამდე ძნელი მისი დამთავრება რომ იყო.

თუ სიბერეში სიმშვიდე გსურს მოიპოვო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას.

***

... ასე აღმოჩნდა მშვენიერი რემედიოსი მარტოობის უდაბნოში. თვითონ სულაც არ აწუხებდა ეს ამბავი, დრო გადიოდა მშვიდ სიზმრებში, უსასრულო ბანაობაში, უწესრიგო ჭამაში და ხანგრძლივსა და ღრმა დუმილში, რის მიღმაც ერთი მოგონებაც არ იმალებოდა. ასე მიდიოდა მისი ცხოვრება მარტის იმ დღემდე... ფერნანდამ ქალებს დაუძახა, ბაღში სარეცხის ჩამოღებაში მომეხმარეთო. საქმისთვის ჯერ არც კი მოეკიდა ხელი, რომ ამარანტამ შეამჩნია, - მშვენიერ რემედიოსს სახეზე საოცარი მკრთალი ფერი დაედო, თითქმის გამჭვირვალე გაუხდა კანი.

- ცუდად ხომ არ ხარ? - ჰკითხა ქალიშვილს.

მშვენიერ რემედიოსს ზეწრის ერთი ბოლოსთვის ჩაევლო ხელი, შესაბრალისად გაიღიმა:

- პირიქით, არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად.

ეს თქვა მშვენიერმა რემედიოსმა და ფერნანდამ უცებ იგრძნო, ალერსიანმა და სხივიანმა იდუმალმა ქამრა ზეწარი გამოსტაცა ხელიდან, მერე დაინახა, როგორ გადაიჭიმა ოთხივე კუთხით. ამარანტას კაბის მაქმანსაც უცნაური თრთოლვა შეუდგა და იმ წუთას, როცა მშვენიერმა რემედიოსმა ყველას თვალწინ ზეცად იწყო ამაღლება, ზეწრის ბოლოს ჩაეჭიდა, არ წავიქცეო.

მხოლოდ ურსულა, თითქმის სრულად თვალდაშრეტილი მოხუცი მიხვდა ყველაფერს, ეცნო დაუმორჩილებელი ქარის ქროლვა და ზეწარი მის სხივიან ნაკადს მიანდო; ურსულა ხედავდა, როგორ ემშვიდობებოდა თეთრად მთრთოლვარე ზეწარსმინდობილი მშვენიერი რემედიოსი თავის დიდ ბებიას - ქალიშვილმა და ზეწარმა განკვეთეს ბუზანკლებით და გეორგინის სურნელებით სავსე ჰაერი და მიიკარგნენ იქით, სადაც დღის ოთხი საათი აღარ იყო და სადაც მოგონებათა ფრთამალი ჩიტებიც ვერ დაეწეოდნენ შორეულ სივრცეში სამუდამოდ განბნეულთ.

***

მთავრობა გაზეთებში და ბრძანებებში ერთსა და იმავეს იმდენჯერვე უმეორებდა და ტვინს უჭყლეტდა მოსახლეობას, რომ ბოლოს და ბოლოს ყველამ დაიჯერა: მოედანზე არავინ მოუკლავთ, მუშები კმაყოფნი დაუბრუნდნენ ოჯახებსო.

პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას სახელოსნოს ჩხრეკისას, თუნუქის კოლოფში იპოვეს თვრამეტი ოქროს თევზი, რის გადადნობაც ვერ მოესწრო პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას. ოფიცერმა თევზები მაგიდაზე გადმოყარა, გულდაგულ დააკვირდა სათითაოდ, სიმკაცრე სადღაც გაუქრა და მის ნაცვლად სითბო და მომხიბვლელოა დაეღვარა სახეზე. „თუ შეიძლება ერთს ავიღებ, - თქვა მან. - თავის დროზე ეს თევზი მეამბოხეთა ნიშნი იყო, ახლა კი რელიკვიაა“.

მაკონდოში ოთხი წელიწადი, თერთმეტი თვე და ორი დღე წვიმდა. [...] საათის მექანიზმი სამ დღეში ერთხელ მაინც რომ არ დაეზეთატ, კბილანებს შორის ყვავილები ამოდიოდნენ, ფარჩაზე ამონაქარგს ჟანგი მოედო, ხოლო დაფორებულ თეთრეულში ზაფრანისფერმა წყალმცენარეებმა ამოჰყვეს თავი. ჰაერიც ისეთი ნოტიო იყო და წყლით გაჟღენთილი, რომ თევზებს შეეძლოთ ღია კარიდან ოთახებში შეეცურათ და ფანჯრებიდან გამოეცურათ.

სანტა სოფია დე ლა პიედადს შვილისათვის მიცემული სიტყვა რომ აღესრულებინა - ცოცხლად არავის დავამარხინებო შენს ტავს - სამზარეულოს დანით მოჰკვეთა თავი ხოსე არკადიო მეორის გვამს.

ქვეყნიერების აღსასრული იმ დღეს დადგება, როცა ადამიანები პირველი კლასის ვაგონებით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონებში მიუჩენენ ადგილს!

უცებ გოჭის კუდიანი ბავშვი დაინახა - გეგონებოდა, რაც ქვეყანაზე ჭიანჭველაა, ყველას აქ მოუყრია თავიო, მისეოდნენ დაჭმუჭნილ, გამხმარ ტყავს და ბაღის მოხვინჭულ ბილიკზე დიდი სიბეჯითით მიათრევდნენ თავიანთი ბუდისაკენ. აურელიანო გაქვავდა. ამ საზარელ სურათს არ გაუქვავებია იგი ერთ ადგილზე, არც გაკვირვებია რამე, უბრალოდ, ამ ზებუნებრივ წამს მელკიადესის შიფრის ამოსახსნელ გასაღებს მიაგნო და დაინახა კიდეც პერგამენტებზე წამძღვარებული ეპიგრაფი, - რომელიც სრულად ესადაგებოდა ადამიანთა სამყაროს დროსა და სივრცეს: - „გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანასკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“.

იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად.


ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა
გამომცემლობა „მერანი“, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში