მარკუს ზუზაკი - წიგნის ქურდი
ცოტა ხნის წინ ქუჩაში, რომელიც ზეთით დალაქავებულ ფურცელს ჰგავდა, ბავშვები კლასობანას თამაშობდნენ. მე რომ მივედი, ექოდ ჯერ ისევ ისმოდა ხტუნაობის ხმა, ისმოდა კისკისიც, ღიმილით შეზავებული, მაგრამ მალე მიწყდა. შემდეგ ბომბები. ამჯერად მეტისმეტად გვიანი იყო. სირენები. გუგულის ძახილი რადიოთი. მეტისმეტად გვიანი იყო. სულ რამდენიმე წუთში ბეტონისა და მიწის ყორღანები აღიმართა გზებზე, ქუჩები გადაგლეჯილ ვენებს დაემსგავსა. სისხლი მანამ მოედინებოდა, სანამ არ შედედდა და გამოჩნდა ადამიანთა სხეულები, როგორც მორები ღვარცოფის შემდეგ.
ბრბო იმას აკეთებდა, რაც საერთოდ ევალება.
ღატაკები ყოველთვის ცდილობენ იმოძრაონ. ჰგონიათ, ადგილის შეცვლა დაეხმარებათ. არ უნდათ, აღიანო, რომ გზის დასასრულს ძველი პრობლემები ელოდებათ.
განმარტება, რომელიც ლექსიკონში არ იძებნება - არდატოვება: ნდობისა და სიყვარულის აქტი, რომელსაც მაშინვე გრძნობენ ბავშვები.
ალბათ ფიქრობთ, რომ ესეც უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ გინდა, სიცოცხლე შეიგრძნო, სუნთქვას უნდა მიუგდო ყური.
იმ ბიჭზე უარესი, რომელსაც ეზიზღები, ის ბიჭია, რომელსაც უყვარხარ.
ხომ იცი, ვიღაც იტყვის, ნაცისტური გერმანია ანტისემიტიზმმა წარმოშვა, ან მეტისმეტად მონდომებულმა ლიდერმა და სიძულვილით აღსავსე ფანატიკოსმა ერმაო, მაგრამ რაც უნდა იყოს, ამას ვერავინ უარყოფს - გერმანელებს ერთი რამ განსაკუთრებით უყვარდათ: დაწვა. რას აღარ წვავდნენ: მაღაზიებს, სინაგოგებს, რაიხსტაგებს, სახლებს, პირად ნივთებს, დახოცილ ადამიანებს და, რა თქმა უნდა, წიგნებს. წიგნების დაწვა ძალიან მოსწონდათ და ამით, წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევდნენ, ისეთი გამოცემები მიეთვისებინათ, რომელთა შოვნასაც სხვა ვითარებაში ვერაფრით მოახერხებდნენ.
თოვლიან სახურავებზე გაწოლილი ვარდისფერი სინათლის ზოლები მოჩანდა. - შეხედე ამ ფერებს, ძნელია, არ მოგეწონოს კაცი, რომელიც ფერებს კი არ ხედავს მხოლოდ, არამედ მათით საუბრობს.
მამობილმა „მოლკინგის ექსპრესის“ ასლი მიიტანა შინ, მასში განცხადება იყო დაბეჭდილი: ქალაქის მოედანზე ნაცისტები კოცონის გაჩაღებას აპირებდნენ, მას აუცილებლად დაესწრებოდნენ „ჰიტლერიუგენტის“ ადგილობრივი განყოფილების წევრები. კოცონი ფიურერის დაბადების დღის გარდა (20 აპრილი), მტრებზე გამარჯვებასა და პირველი მსოფლიო ომის სამარცხვინო ბორკილებისგან თავის დაღწევას ეძღვნებოდა. გაზეთში ეწერა: „ყველანაირი მასალა, რაც ამ დრომდე შემოგრჩათ: გაზეთები, პლაკატები, წიგნები, დროშები - მტრული პროპაგანდის ნებისმიერი ნიმუში, მიუნხენის ქუჩაზე მდებარე ნაცისტური პარტიის ოფისში მიიტანეთ“. შილერის ქუჩაზეც კი - ყვითელი ვარსკვლავების ქუჩაა - რომელიც ცოტა ხანში უნდა განეახლებინათ, უკანასკნელად გაჩხრიკეს, რათა ფიურერის პატივსაცემად კოცონზე დასაწვავი ნივთები ეპოვათ. არც ის გამიკვირდება, პარტიის წევრებს მოსახლეობის მორალურად გამხრწნელი, ათასობით წიგნი და პლაკატი კოცონზე დასაფერფლად, საგანგებოდ დაებეჭდათ.
დასაწვავ ნივთებს ურიკებით ეზიდებოდნენ, ქალაქის მოედნის შუაგულში აგროვებდნენ და ზემოდან მოტკბო სითხეს ასხამდნენ. წიგნები, ქაღალდები და სხვა ნივთები გროვიდან ცვიოდა, მაგრამ უკან აბრუნებდნენ. შორიდან გროვა ვულკანს ჰგავდა, ან რაღაც გროტესკულ, უცხო სანახაობას, რომელიც, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, ქალაქის შუაგულში გამართულიყო. ეს სანახაობა აუცილებლად უნდა დასრულებულიყო, რაც შეიძლება სწრაფად.
ადამიანებს იზიდავს განადგურების სურათები. ქვიშის სასახლეები, ბანქოს სახლები - აი, რისგან იწყებენ. მოვლენების ესკალაციის უდიდესი ნიჭი აქვთ.
ბრბო ხომ, საერთოდ, ასეთია. ვერ დაძრავ, ვერ დაუძვრები, მისი სუნთქვით უნდა ისუნთქო, სიმღერებს აჰყვე და კოცონს დაელოდო.
ნარინჯისფერი ალი ხელებს უქნევდა ბრბოს და ქაღალდსა და ნაბეჭდ სტრიქონებს ნთქავდა, სიტყვებს გლეჯდა წინადადებებიდან. დამაბრმავებელი, მოგიზგიზე ალის მიღმა, მეორე მხარეს, ყავისფერმუნდირიანებმა და სვასტიკიანებმა ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს. ხალხის დანახვა შეუძლებელი გახდა, უნიფორმებსა და სიმბოლოებს თუ გამოარჩევდი. კოცონის თავზე ჩიტები ტრიალებდნენ. კამარას კრავდნენ. ალი მანამ იზიდავდა მათ, სანამ მეტისმეტად არ მიუახლოვდებოდნენ. იქნებ ჩიტები კი არა, ადამიანები იყვნენ? რა თქმა უნდა, სიცხეს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ყველანაირ თანმდიმდებრობას ოდესმე რამე აუცილებლად დაარღვევს, ერთხელაც ყველაფერი აირევა, გზიდან გადავა.
ომი ლოგიკასა და ცრურწმენას შორის ადვილად შლის ზღვარს.
სულელი ვარ და კეთილიც. ეს კი მსოფლიოში ყველაზე დიდ იდიოტად მაქცევს.
ომი, რა თქმა უნდა, ისედაც გულისხმობს სიკვდილს, მაგრამ ადამიანს მიწა ეცლება ფეხქვეშ, როცა ის ადამიანი კვდება, რომელიც ოდესღაც მის გვერდით ცხოვრობდა და სუნთქავდა.
მომაკვდავი ადამიანები რატომღაც ისეთ შეკითხვებს სვამენ, რომელზეც პასუხი იციან. ალბათ უნდათ, მართლები წარდგნენ სიკვდილის წინაშე.
ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ