ჯონ სტაინბეკი - რუსული დღიური

სადილად ოთხასი გრამი არაყი, დიდი თასი სავსე შავი ხიზილალით, კომბოსტოს წვნიანი, სტეიკი, შემწვარი კარტოფილი, ყველი და ორი ბოთლი ღვინო მოგვართვეს. ას ათ დოლარამდე დაგვიჯდა ხუთ კაცს. იმ დროს საელჩოში დოლარად თორმეტ რუბლს ყიდულობდი. მომსახურებისთვის ორ საათნახევარი დასჭირდათ, რამაც ოდნავ შეგვაშფოთა. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ შეკვეთის ასე გვიან მოტანა რუსული რესტორნებისთვის დამახასიათებელი ყოფილა და ისიც გავიგეთ, რა არის გაჭიანურების მიზეზი.

რადგან ყველაფერი საბჭოთა კავშირში, ყოველი ტრანზაქცია, მთავრობის მიერ კონტროლდება ან კიდევ იმ მონოპოლიების მიერ, რომლებსაც თავის მხრივ მთავრობა მართავს, საბუღალტრო აღრიცხვა უსასრულოდ დიდხანს გრძელდება. მიმტანი ძალიან ნელა იწერს შეკვეთას. მაშინვე არ მიდის საჭმლის მოსათხოვად სამზარეულოში, ჯერ მიდის ბუღალტერთან, რომელიც ინიშნავს შეკვეთას და გასცემს ქვითარს სამზარეულოში გასაგზავნად. შემდეგ ხელახლა იწერს და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვს კერძს. როდესაც საჭმელი მზადდება, გაიცემა ქვითარი, რომ საჭმელი მომზადდა და გადაეცემა მიმტანს. მაგრამ ამის შემდეგაც არ მოაქვთ საჭმელი მაგიდასთან. ეს ქვითარი მიმტანს მიაქვს ბუღალტერთან, რომელსაც საბუღალტრო წიგნში შეაქვს ჩანაწერი, რომ ის საჭმელი, რომელიც მოითხოვეს, მომზადდა. ბუღალტერი მიმტანს აძლევს ამის დამადასტურებელ ქვითარს, რის საფუძველზეც მიმტანს გამოაქვს სამზარეულოდან საჭმელი სტუმრებთან და თავის წიგნაკში იწერს, რომ საჭმელი, რომელიც შეუკვეთეს, მომზადდა, მოიტანეს და ახლა უკვე მაგიდაზეა. ამ საბუღალტრო აღრიცხვას ძალიან დიდი დრო მიაქვს. მოთმინებაც რომ დაკარგო, ვერაფერს შეცვლი, რადგან ამას ვერაფერი მოუხერხდება. ეს პროცესი გარდაუვალია.

***

1936 წელს რამდენიმე დღით ვიყავი მოსკოვში, და მას შემდეგ საგრძნობლად შეცვლილიყო ქალაქი. ახლა გაცილებით სუფთა ჩანდა, ვიდრე ადრე. ქუჩები მორეცხილი და მოპირკეთებული იყო, მე ტალახიანი და ჭუჭყიანი მახსოვდა. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში დიდი მშენებლობა დაწყებულიყო. იქ რომ ვიყავით, ქალაქს აწესრიგებდნენ, შენობების გარშემო ყველგან ხარაჩოები იყო. ღებავდნენ შენობებს, ჩამონგრეულ ნაწილებს აშენებდნენ, რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის რვაასი წლის იუბილე უნდა აღენიშნათ დიდი ზარ-ზეიმით. რამდენიმე თვეში კი ნოემბრის რევოლუციიდან ოცდაათი წელი გადიოდა.

ერთი რუსული თამაშის შესახებ ბევრი რამ გვსმენოდა, ჩვენ მას “რუსულ გამბიტად” მოვიხსენიებთ, ამბობდნენ, ცოტა თუ იმარჯვებს ამ თამაშშიო, წესები კი საკმაოდ მარტივია. სახელმწიფო ბიუროს წევრი, რომლის ნახვაც გინდა, იქ არაა, სადაც აკითხავ, ავადაა, საავადმყოფოშია, ან შვებულებაშია გასული. ასე შეიძლება წლობით გაგრძელდეს. და თუ თავდასხმას რომელიმე მის თანამშრომელზე მოინდომებ, ისიც ქალაქგარეთ აღმოჩნდება, ან საავადმყოფოში, ან ისიც შვებულებაში იქნება გასული. ერთხელ უნგრული კომიტეტი, რომელსაც ერთი ისეთი პეტიციის წარდგენა სურდა, რომელიც, როგორც ვხვდები, საბჭოთა მთავრობისთვის მოსაწონი არ იყო, სამი თვე იცდიდა ერთ კაცთან შესახვედრად იმის გასარკვევად, რომ სინამდვილეში სხვა ვინმეს უნდა დალოდებოდა. იმ სხვა ვინმესთან შეხვედრა კი აღარ მოხერხდა. ერთი ამერიკელი პროფესორი კი, ჭკვიანი, განათლებული, კეთილი კაცი, რამდენიმე კვირა იცდიდა მისაღებში, რომ სტუდენტების გაცვლით პროგრამაზე გაგზავნის წინადადებით შესულიყო ამაზე პასუხისმგებელ პირთან. მაგრამ ის არავინ მიიღო. “რუსულ გამბიტს” ვერაფრით დაუპირისპირდები, მისგან თავს ვერ დაიცავ, ამიტომ ისღა დაგრჩენია, მოდუნდე.

ამ პირველს ჰგავდა სხვა ყველა საბჭოთა კავშირის სააბაზანო. შესაძლოა სადმე სხვანაირებიც იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს. ყველა ონკანიდან წვეთავდა - ხელსაბანშიც და აბაზანაშიც. ყველა წყალსადენი კი თითქოს წყალგაუმტარი იყო. ხელსაბან ნიჟარას თუ აავსებდი, სავსე დარჩებოდა. აბაზანის ტრაპიდანაც რომ ამოიღებდი საცობს, წყლისგან არ იცლებოდა აბაზანა. საქართველოში კი ერთ სასტუმროში იმხელა ხმაზე მოწვეთავდა წყალი, იძუUლებული ვხდებოდით, სააბაზანოს კარი მაგრად მიგვეხურა, რომ დაძინება შეგვძლებოდა.

თუ ომი ერთადერთი პასუხია, რომელსაც მთავრობის წევრები გვცემენ, მაშინ უბედურ დროში გვიცხოვრია და ეგაა.

ავუხსენით მისტერ კარაგანოვს, რომ ამერიკაში მწერ ლებს სხვა ადგილი უკავიათ, სელაპებზე ოდნავ მაღლა და აკრობატებზე დაბლა დგანან. ასეც უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწერალი, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა მწერლებს ეხებათ, რომელიც ძალიან სწრაფად გაითქვამენ ხოლმე სახელს, იმ კინომსახიობი ქალივით, რომლის შესახებაც ჟურნალ-გაზეთებში ბევრს წერენ, სწრაფად თვრებიან წარმატებისგან. აი, კრიტიკის ქარცეცხლში გატარება კი კარგად მოუხდებათ ხოლმე. ჩვენ ასე გვგონია, რომ რუს და ამერიკელ, თუნდაც ბრიტანელ მწერლებს შორის განსხვავება მთავრობისადმი მათი დამოკიდებულებით გამოიხატება. რუსებს ასწავლიან, წვრთიან, აქეზებენ, აჯერებენ რომ მათი მთავრობა კარგია, მათი მთავრობის ყველა გადაწყვეტილება სწორია, და რომ მათი, მწერლების მოვალეობა ისაა, ყველაფერში მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს და ხალხს აცნობონ, რა კარგ რამეს აკეთებს ქვეყნის მთავრობა.

ამერიკელები და ბრიტანელები კი იმ მძაფრი გრძნობით არიან შეპყრობილი, რომ ყველა მთავრობა როგორღაც საშიშია, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს მთავრობის წილი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მთავრობის ძალაუფლების ზრდა ცუდია, რომ მოქმედ მთავრობას გამუდმებით ყურადღებით უნდა ადევნო თვალყური, სასტიკად გააკრიტიკო და თითის წვერებზე აწეული ამყოფო.

მხატვარს თუ უნდა საჯარო გალერეებში გამოფინონ მისი ნამუშევრები, აქ კი მხოლოდ ასეთი გალერეებია, მაშინ ფოტოგრაფიული მხატვრობით უნდა დაკავდეს. ის, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც, ფერებისა და კონტურების მოხაზულობაში ექსპერიმენტებს არ გააკეთებს, არც ახალ ტექნიკას შეიმუშავებს და არანაირ სუბიექტურ მიდგომას არ გამოავლენს თავისი ხელობისადმი.

მგზავრობის დროს კაპას თან წიგნები აღმოაჩნდა. არ ვიცოდი, საიდან ჰქონდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ წიგნებს იპარავს ხოლმე. თვითონ ამბობს, ვთხოულობო. როგორც წესი, ჩაიდებს ჯიბეში წიგნს და თუ გამოიჭერენ, წამოიძახებს ხოლმე, დავაბრუნებ აუცილებლად, დროებით უნდა გეთხოვოთ, ძალიან მინდა წავიკითხოო. მაგრამ იშვიათად თუ აბრუნებს წიგნებს უკან. მისმა უტიფრობამ პიკს ედ გილმორთან მიაღწია. მოსკოვში მყოფ კორესპონდენტებს შორის წიგნები ძალიან ფასობს, ამერიკიდან ახალი დეტექტივებისა თუ თანამედროვე რომანების გამოგზავნა კი დიდი სიხარულის საბაბია. ისე მოხდა, რომ ედ გილმორს ახალი მიღებული ჰქონდა ელერი ქუინის წიგნი. ხუთი თავი წაეკითხა მხოლოდ, როცა მას ვესტუმრეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მივედით, წიგნი გვერდით გადადო, რომ დაგვლაპარაკებოდა. როცა წამოვედით, წიგნი მოიძია და ვერსად იპოვნა, კაპას “ეთხოვა” მისგან.

ამასობაში ჩვენი საბუთები მოსკოვში გაიგზავნა ვიზისთვის და მისაღებ დროში უკანაც დაგვიბრუნდა. ნიუ-იორკში რუსეთის საკონსულოში მივედი და გენერალურმა კონსულმა მითხრა, გეთანხმებით, კარგი რამ გამოვა ამ საქმიდან, მაგრამ ფოტოგრაფი რაღაში გჭირდებათ, საბჭოთა კავშირში უამრავი ფოტოგრაფი გვყავსო.

კაპა ამბობს, მუზეუმი ეკლესიაა რუსებისთვისო. უზარმაზარი, მოკაზმული შენობები მოსწონთ. მოსწონთ სიხალვათე.

კაპა მიიჩნევს, რომ წვიმა მისთვის ზეციდან მოვლენილი რისხვაა, რადგან წვიმაში ფოტოებს ვერ იღებს. ამინდი მან ოთხ თუ ხუთ ენაზე გამოლანძღა. კაპა ფოტოკადრებზე წუხს მუდმივად. აქაოდა, სინათლე აკლიაო, ხანაც ზედმეტი განათებააო. ნეგატივია ცუდად გამჟღავნებულიო, ცუდად არის დაბეჭდილიო, ფოტოაპარატია დაზიანებულიო. მუდმივად წუხს, მუდმივად. აი, წვიმა კი პირდაპირ მისთვის განკუთვნილი ღვთა­ებრივი სასჯელია.

გათენდა თუ არა, თარიღს დავხედეთ, 9 აგვისტო ყოფილა. მხოლოდ ცხრა დღის ჩამოსული ვყოფილვართ საბჭოთა კავშირში. მაგრამ იმდენი რამ ვნახეთ, იმდენმა რამემ მოახდინა ჩვენზე შთაბეჭდილება, რომ ბევრად მეტი დრო გვეგონა გასული.

მოსკოვში კაპამ წიგნები მოიპარა და თან წამოიღო, სამი დეტექტივი იყო, “მაქსიმ გორკის დღიურები”, “ამაოების ბაზარი” და 1927 წლის ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენება.

ერთი ქალი შეარჩია კაპამ სურათის გადასაღებად, სანდომიანი სახე ჰქონდა და ლაღად იცინოდა. სოფლის ხუმარა ეგ იყო. “მე მხოლოდ კარგი მუშა როდი ვარ, ორჯერ დავქვრივდი, ამიტომ ბევრ კაცს ჩემი ეშინია”, ეს უთხრა კაპას და ფოტოაპარატის წინ კიტრი აუქნია. კაპამ უკან არ დაიხია, “რას იტყვი იმაზე, ახლა მე რომ გამომყვე ცოლად?” ქალმა თავი უკან გადააგდო და ახითხითდა. “რას გეტყვი, იცი! ღმერთს რომ კიტრი კაცზე უწინ გაეჩინა, სამყაროში ახლა ნაკლები უბედური ქალი იქნებოდა!” - ამის გაგონებაზე მთელმა მინდორმა სიცილი დააყარა კაპას.

***

აეროპორტის კომენდანტმა გუშინდელი შეცდომის გამო უამრავჯერ მოგვიბოდიშა. სურდა, როგორმე გავებედნიერებინეთ. იმაზე იზრუნა, რომ ჩაი არ მოგვკლებოდა და ჩვენს გასამხიარულებლად მოიგონა კიდეც რაღაც. გვითხრა, რომ ჩვენ გარდა არავინ იმგზავრებდა იმ თვითმფრინავით, რომელიც ახლა შავი ზღვიდან მოფრინავდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ხმარსკის შევუტიეთ, ხმარსკიმ მას შეუტია. ყველას დაწყვეტაზე ჰქონდა ნერვები და ჰაერში დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა. აეროპორტში ცხელოდა და მტვრიანი, მშრალი, ცხელი ქარი ქროდა შენობის გარეთ. ესეც იწვევდა ადამიანების გაღიზიანებას და ისინი ერთმანეთს აჯავრებდნენ, ჩვენც არაფრით ჩამოუვარდებოდით მათ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი თვითმფრინავიც დაეშვა საფრენ ბილიკზე. და იმის მაგივრად, რომ მარტო გვეფრინა, თავი მგზავრებით გადაძეძგილ თვითმფრინავში ამოვყავით. ძირითადად მგზავრები ქართველები იყვნენ, მოსკოვში მიფრინავდნენ, ქალაქის დაარსების რვაასი წლის აღსანიშნავად. თავიანთი ბარგი თვითმფრინავის შუაგულში დაელაგებინათ და თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო. საჭმელიც მოემარაგებინათ. ჩემოდნები გამოტენილი ჰქონდათ კერძებით. კარი როგორც კი დაიხურა, მაშინვე ჩაიხუთა იქაურობა, მზე ლითონის კედლებს ახურებდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ტემპერატურას თვითმფრინავში. შემზარავი სუნი იდგა, ადამიანების, დაღლილი ადამიანების. ლითონის სკამებზე ვისხედით, რომლებიც კაფეტერიის ლანგრებზე ბევრად კომფორტული ვერ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავი აფრინდა, და მაშინვე ჩემ გვერდით მჯდომმა კაცმა ჩემოდანი გახსნა, იქიდან ნახევარი ფუნტი ლორი ამოიღო, რომელიც სიცხეში დნებოდა, და იმის გაღეჭვა დაიწყო, ცხიმი კი ნიკაპზე ჩამოეწუწა. კეთილი კაცი იყო, მხიარული თვალები ჰქონდა, მეც კი შემომთავაზა ლორის ნაჭერი, მაგრამ უარი ვუთხარი, არ ვიყავი მაგის განწყობაზე. თვითმფრინავში თავიდან კი ცხელოდა, მაგრამ მალე ტემპერატურა რადიკალურად შეიცვალა. ოფლი სხეულზე შეგვეყინა. ვიყინებოდით. საბრალობლად ვიმგზავრეთ მოსკოვამდე, რადგან თხელი ტანსაცმლის გარდა თან არაფერი გვქონდა. საწყალი ქართველები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ისინი ხომ ტროპიკული სარტყლიდან არიან და შეუჩვეველნი უნდა იყვნენ ასეთ სიცივეს.

***

ბოლოს და ბოლოს ფოსტაც მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ოცდახუთი დღის ჩამოსული ვიყავით რუსეთში, და უკვე გვეჩვენებოდა, რომ რამდენიმე წლის მანძილზე მოვშორებოდით ჩვენიანებს.

***

სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან, გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი ჩაგვესმოდა.

ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ. ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც. ისინი იტალიელებივით მხიარულები იყვნენ და ბურგუნდიელებივით ძლიერები. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოკიდებდნენ. ბევრად განსხვავდებოდნენ სხვა რუსი ხალხებისგან, რომლებიც იქამდე გვენახა, და ადვილი მისახვედრი იყო, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები რატომ აღმერთებდნენ მათ, ქართველებს. ტროპიკული კლიმატია მათი ენერგიის წყარო. ვერაფერი მათ სულს ვერ დასცემს, და მათ თვითმყოფადობას ვერ დაუკარგავს. ამის მცდელობაში ამაოდ იყვნენ საუკუნეების მანძილზე დამპყრობლები, მეფის რუსეთის არმიები, მტარვალები, და აქაური წვრილი თავადაზნეურებიც. ყველას ქართველების გატეხვა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დაამჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას.

***

სადილი, რომელზეც მოსკოველმა მწერლებმა დაგვპატიჟეს, ქართულ რესტორანში გაიშალა. დაახლოებით ოცდაათი მწერალი და მათი კავშირის წარმომადგენელი იყო სადილად მოწვეული, მათ შორის სიმონოვი და ილია ერენბურგი. ამ დროს უკვე არყის დალევა აღარ შემეძლო. ჩემი მომნელებელი სისტემა ამ ალკოჰოლურ სასმელს ვეღარ ეგუებოდა. აი, მშრალი ქართული ღვინო კი გემრიელი იყო. ასეთი ღვინოები დანომრილია. ამიტომ კაცმა უნდა იცოდეს, რომ სამოცი ნომერი არის ძლიერი წითელი ღვინო, ოცდაათი ნომერი კი მსუბუქი თეთრი ღვინო. ეს რიცხვები არასწორია, მხოლოდ ის ვიცით, რომ ორმოცდახუთი ნომერი ღვინო - მშრალი, მსუბუქი, არომატული და წითელი - ძალიან მოგვეწონა და შემდეგ მუდამ იმას ვუკვეთავდით. შამპანურიც იყო, ისიც კარგი. რესტორანში ქართული ორკესტრი მღეროდა, მოცეკვავეებიც იყვნენ, კერძები კი ისეთივე გემრიელი იყო, როგორც საქართველოში, - საუკეთესო მთელ რუსეთში.

გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში