ოთარ ჭილაძე - ცა მიწიდან იწყება

ტროლეიბუსში ჩემი თავი დავინახე. იმანაც დამინახა, მაგრამ თვალი ამარიდა. მე ტაქსში ვიჯექი და სამსახურში მივდიოდი. მძღოლს ვთხოვე, ტროლეიბუსისათვის გაესწრო. ტროლეიბუსის გაჩერებაზე დავხვდი, მაგრამ მე ტროლეიბუსში უკვე აღარ ვიყავი.

მე რომ ნება მომცენ, ასე წავაწერდი სამასი არაგველის ძეგლს: ომი წაგებული იყო, მაგრამ მონობას სიკვდილი ვარჩიეთ.

***

ქართული სული: ძალიან გვინდოდა მაჭარი. სიღნაღში, რა თქმა უნდა, არ იყო. გზაზე, როცა უკან ვბრუნდებოდით, შემთხვევით გავაჩერებინე მანქანა და პირველსავე შემხვედრს ვთხოვე, ერთი ბოთლი მაჭარი მაშოვნინე-მეთქი. ჩაგვიჯდა მანქანაში და შინ მიგვიყვანა. დაფაცურდნენ ქალები - დედა და ცოლი, და ერთ წუთში მშვენიერი სუფრა გაგვიშალეს. ძალიან ავღელდით. ნამდვილი, უანგარო პატივისცემა და ადამიანობა ესაა. ფულზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მაინც ამოვიღე თუმნიანი და მასპინძლის პატარა ბიჭს - ნიკოს ვაჩუქე, თან ზედ წავუწერე, ჩემს სახელზე კამფეტი იყიდე-მეთქი. მასპინძელი აიმრიზა, ვითომ ეგ რად გინდოდაო. ბოლოს მითხრა, ასი წლის მერეც რომ მოხვიდე, ეგ თუმნიანი შენი წარწერით ასევე დაგხვდებაო. გადავკოცნე, ან რა უნდა მეთქვა?! ღმერთმა ჯანმრთელად და შეძლებულად ამყოფოს მისი ოჯახი.

***

მამაკაცს ნაჩუქარი თავისუფლება თრგუნავს, აბნევს, ასევდიანებს და იძულებული ხდება, გამანთავისუფლებელს ფეხებში ჩაუვარდეს, ქვეშევრდომობა სთხოვოს. მხოლოდ სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება უნერგავს მამაკაცს საკუთარი თავის რწმენას, არწმუნებს - ღირსია და უფლება აქვს დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით.

საქართველო იმ გემს ჰგავს, საჭე რომ გაფუჭებია, ანძები რომ გადამტვრევია, კურსი რომ დაკარგვია, ეკიპაჟს რომ მიუტოვებია, მაგრამ ტრიუმი საჭმელ-სასმელის დიდი მარაგით აქვს ამოვსებული.

დავიწყე ვან გოგის წერილების თარგმნა (რუსულიდან). უბრალოდ, მსიამოვნებს, თორემ ტყუილი შრომაა. ჩვენი თეორეტიკოსი მთარგმნელები გაჰკივიან, ყველაფერი დედნიდან უნდა ვთარგმნო- თო. იცოცხლე - კარგია, მაგრამ, სანამ მე ფრანგულს ვისწავლი, ვან გოგი გაცოცხლდება. მეორეც ერთი, ჩემი აზრით, მარტო უცხო ენის ცოდნა (?) საქმეს არ შველის. შენი ენაც უნდა იცოდე. ამაზე კი, რატომღაც ჩუმად არიან. თუმცა ამ შემთხვევაში, მათი თარგმნილი წიგნები ყვირიან.

დამესიზმრა, თითქოს ფოლკნერს ეწერა: საქართველოს ისევ ხამის კაბა აცვია, ღვთაებასავითო.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ ევროპელებისათვის აზიელები ვართ, ხოლო აზიელებისათვის ევროპელები. სინამდვილეში რა ვართ, ეშმაკმა იცის.

ჯოისი უდიდესი პაროდისტია, მაგრამ მისი პათოსი ლიტერატურის აღორძინებისკენაა მიმართული და არა პირიქით! პირიქით, უბრალოდ, არ შეიძლება, ვიდრე ადამიანი იარსებებს... ადამიანს ჭირდება ვარდზე მკვნესავი ბულბული, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ!

“მეტი სინათლეო” - უთქვამს გოეთეს სიკვდილის წინ. გასაგებია, მომაკვდავმა უკანასკნელად გაიბრძოლა სიკვდილისეული წყვდიადის დასაფრთხობად, ჩვენი ენამოსწრებული კრიტიკოსები კი გაიძახიან, ანდერძი დაუტოვა ახალგაზრდა მწერლებსო, რაც შეიძლება მეტი სინათლე შეიტანეთ თქვენს ნაწარმოებებშიო.

ქართველს შეუძლია იყოს თავისი ხალხის პოეტი და, ამავე დროს, თავისი ხალხის დამპყრობელი, ხალხის - გენერალიც.

მესიობა თუ გინდა, ხალხს ოინი კი არ უნდა გაუკეთო, სასწაული უნდა აჩვენო, იმისი არსებობა რომ დაიჯეროს, ვის წარმომადგენლადაც ასაღებ თავს.

ადამიანები თავიანთი განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე გარკვეულ წესრიგს ამყარებენ კანონების, იდეებისა თუ მოძღვრებათა შესაბამისად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათ მიერ შემუშავებული ცხოვრების წესი, ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო აღმოჩნდება და ერთხელ და სამუდამოდ დაუპირისპირდება, დათრგუნავს ბუნების წესს, რომელიც თავის თავში მარადიულ ცვლილებას, უფრო სწორად, ყველაფრის თავიდან გამეორებას გულისხმობს.

“უნდა თქვენში ატარებდეთ ქაოსს, რათა შვათ მოცეკვავე ვარსკვლავები” - ზარატუსტრა ასე ეუბნებოდა მოწაფეებს.

თუ დანარჩენ კაცობრიობას ძმის მკვლელობა ადევს ცოდვად, ჩვენ ქართველებს - ჩვენი განსაკუთრებული ცოდვა გვაქვს - მამის მკვლელობა! ბევრი რამ ამ ცოდვის გამო მოგვდის და კიდევ დიდხანს ვერ ამოვალთ, ალბათ, ამ ცოდვისგან, თუკი საერთოდ ამოვალთ როდისმე.

პირადად ჩემთვის, ქართველი ხალხის ისტორია იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ის “ღმერთის რჩეული” ხალხია და განსაკუთრებული “მისიითაა” მოვლენილი ამ ქვეყანაზე, არამედ იმიტომ - მიუხედავად თავისი ჩვეულებრიობისა, აქამდე რომ უძლებს მრავალ არაჩვეულებრივ, არაბუნებრივ განსაცდელს და მიუხედავად მრავალი ისტორიული უსამართლობისა, გნებავთ, უსვინდისობისა, მაინც ინარჩუნებს ადამიანურ სახეს და თვისებებს.

ჩვენმა ემიგრაციამ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ იცის მშობლიური ენა. მაგრამ ეს მარტო მათ ცუდ მდგომარეობაზე კი არ მეტყველებს, არამედ რუსული დამპყრობლური პოლიტიკის სისასტიკეზეც. ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტსაც ისევე უჭირდეს მშობლიურ ენაზე წერა (ალბათ ლაპარაკიც), როგორც ნოე ჟორდანიას. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომელიც გნებავთ ქვეყნის მწერალი, რობაქიძესავით იტანჯებოდეს მშობლიური ენის სტიქიაში.

ჩვენ თუ მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ანუ, თუ მართლა თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ შორის ნებისმიერი დაპირისპირება - სოციალური იქნება ის თუ ინტელექტუალური - დაუშვებელია. ჩვენ ყველანი ერთად და ერთნაირად უნდა გავთავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, უვიცნიც და მცოდნენიც, უცოდველნიც და ცოდვილნიც, უპოვარნიც და მდიდრებიც, უნიჭონიც და ნიჭიერნიც, პატრონიანიც და უპატრონონიც. არც ერთი ხალხი მარტო მორწმუნე, ან მარტო მდიდარი ადამიანებისაგან არ შედგება, სადაც ალხანაა, იქ ჩალხანაცაა. რასაკვირველია, თუკი ხალხი ვართ და არა ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ანდა კიდევ უარესი, რელიგიური სექტა. ჩვენ, საბედნიეროდ, ხალხი ვართ, თანაც ერთ-ერთი უძველესი ხალხი დღევანდელ მსოფლიოში და ეს უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია ჩვენივე ისტორიით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი კულტურით...

ბავშვობაში საითაც არ უნდა გაიხედო, დედის საკინძის ღილი ციმციმებს ყველგან!!! დედის საკინძის ღილითაა შეკრული ქვეყნის უბე!!! უფრო სწორად, უნდა იყოს შეკრული. დღევანდელ ცხოვრებას დედის საკინძის ღილი აკლია სწორედ.

ადამიანს ძირითადად ძალით იმონებენ, თუმცა არცთუ ისე იშვიათად, საკუთარი სურვილითაც, ნებაყოფლობით, შეგნებულად ემონება ვიღაცას. ხალხისა არ იყოს, ადამიანიც უმთავრესად საკუთარი ნების გამოხატულებად თვლის იმის ნების აღსრულებას, ვინც უყვარს, ვისიც სჯერა, ანდა ვისიც ეშინია დროის ამა თუ იმ ეტაპზე. ვემონები, რადგან ასე მსურს, ასე მიმაჩნია საჭიროდ და არა იმიტომ, ვთქვათ, რუსთაველთანაც რომ გვხვდება ნებაყოფლობითი მონობის მაგალითი. რუსთაველთანაც იმიტომ გვხვდება მსგავსი მაგალითი, თავისთავად უაღრესად ადამიანურ მოთხოვნილებასთან რომ გვაქვს საქმე. მაგრამ, რაკი რუსთაველი ვახსენეთ, იქ ორმხრივ მონებაზეა ლაპარაკი ხაზგასმულად - ერთმანეთს ემონებიან და არა რომელიმე მათგანს. თანაც, მაინც და მაინც, ავთანდილსა და ტარიელს “სჭირთ ერთმანეთის მონება” და არა, ვთქვათ, ტარიელსა და ფრიდონს. აქ თანასწორთა, თანატოლთა, თანამზრახველთა ურთიერთ მონებაზეა ლაპარაკი და არა მონარქისა და ვასალის ცალმხრივ მორჩილებასა თუ თაყვანისცემაზე. მე მგონი, სწორედ ეს ცალმხრივობაა ჩვენი დღევანდელი დაბნეულობის მიზეზიც...

რუსთაველზე გასვლა არ მინდა: მტრის თვალს არ ენახება თურმე იქაურობა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ “თბილისთან” და “მხატვრის სახლთან” ერთად მთელი ჩემი წარსული დაიწვა. (1992წელი)

ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებასა აქვს და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ. არავის არა აქვს ნება რუსთაველის პროსპექტზე საარტილერიო ომი გააჩაღოს, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც სამარცხვინო რეჟიმის დროსაც, ჩემს ახალგაზრდობაში, ხულიგნებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ ხულიგნობას და უბატონოდ არ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს!!!

შოუ ამბობდა, ინგლისელებმა მშობლიური ენა ცუდად ვიცითო. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა არ ვიცით.

კამიუს რომ დავესესხოთ, ქვეყანას გადაარჩენს გულის სინათლით განათებული გონება!

ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურადღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ - პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით.

არასოდეს, არც ერთი წამით არ უნდა დაგვავიწყდეს “გარდაქმნის” გარიჟრაჟზე მოსკოვის ქუჩებში “მოულოდნელად”, “თავისთავად” დაბადებული ლოზუნგი: “გაუმარჯოს საქართველოს უქართველებოდ!”

ქვეყნის გადარჩენა არ შეიძლება, სანამ არ გარდაიქმნება თავად ადამიანი. უფრო სწორად, ადამიანის გარდაქმნა თავისთავად გამოიწვევს ქვეყნის გარდაქმნასაც. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ერთსა და იმავე ადამიანებს ვავალებთ ქვეყნის დაქცევასაც და აშენებასაც. შედეგიც ნათელია!

ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ - ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!

გონკურები განსაკუთრებული ძმები იყვნენ - ერთად წერდნენ - რაც სრულებითაც არ არის ძმობის დამახასიათებელი თვისება. რაც მთავარია, არც მხოლოდ ძმობაა საკმარისი საერთო შემოქმედებისათვის. ძმობაზე მეტი მნიშვნელობა აქვს პოზიციას, მრწამსს, მიზნის ერთიანობას. მხოლოდ ძმობა, ასევე, არ არის საკმარისი, შენი შინაგანი ცხოვრების თანამონაწილედ გახადოს მეორე ადამიანი.

კამიუ: “როცა ისინი (მწერლები) ლაპარაკობენ, თავს ვესხმით და ვაკრიტიკებთ, ხოლო, თუკი თავმდაბლობის გამო სდუმან, ახლა მათი დუმილი ხდება ჩვენი გაუთავებული მსჯელობის საგანი და დუმილისთვის ვკიცხავთ საჯაროდ”.

კამიუს მიაჩნია (და მეც სავსებით ვიზიარებ ამ აზრს), რომ თავისუფლებისა და სამართლიანობის გათიშვა ისეთივე არასწორია, როგორც შრომის და კულტურის, მშრომელთა და ინტელიგენტთა. “თავისუფლებას თუ ვალდებულებად ჩავთვლით და არა პრივილეგიად, მხოლოდ მაშინ მოხდება შერწყმა (გაერთიანება) მშრომელებისა და ინტელიგენტებისა, რამდენადაც ყველაფერი, რაც ამდაბლებს შრომას, ამდაბლებს გონებასაც და პირიქით, ყველაფერი, რაც ამდიდრებს გონებას, ამდიდრებს შრომასაც”.

ჰესე ამბობს, ათი ათას გერმანელში ერთს ვერ მონახავ, გერმანულად წერდეს და მეტყველებდეს გერმანულადო. იქნებ, არა მარტო ქართველი, არამედ ნებისმიერი ხალხის თვისებაა მშობლიური ენისადმი არასერიოზული, აგდებული დამოკიდებულება?! თუ ასეა, მთლად დაღუპულები არ ვყოფილვართ. მაგრამ, არც თავის დაიმედება შეიძლება ამით. გერმანელს ჯვარი სწერია. გერმანიაში გერმანულის იმდენი საუკეთესო მცოდნე, რამდენი კაციც საერთოდ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველთვის იქნება. ბერლინის კედელს დაანგრევ, გერმანულ კულტურას კი კენჭსაც ვერ ჩამოამტვრევ. ჩვენ გაცილებით მეტის ცოდნა გვმართებს, განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ, ამქვეყნად არსებობის უფლება რომ შევინარჩუნოთ, თუკი რასაკვირველია, მოპოვებული გვაქვს. სხვათაშორის, ბერნარდ შოუც საყვედურობს ინგლისელებს, მშობლიური ენის არ ცოდნას, მაგრამ ამით თავის დაიმედება ისევ ჩვენს სიბრიყვეს დაამტკიცებს მხოლოდ. ჩვენ ილიას უნდა ვუსმინოთ! სიმართლეს მხოლოდ ის გვეტყვის. შოუმ და ჰესემ, ალბათ, არც იცოდნენ ქართული ენაც თუ არსებობდა ამ ქვეყანაზე.

...იმ დღეს რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ, წიგნის მაღაზიის წინ გამოტანილი დახლიდან ვიღაცამ ჩემი წიგნი აიღო და გადაფურცლა. უნებურად დავიძაბე, გავილურსე, გავიგონე, როგორ აბრაგუნდა მკერდში გული. ასე ემართება, ალბათ, მეთევზეს, როცა მის მისატყუარს თევზი გაეთამაშება.

ილიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის შემოქმედებას მნიშვნელობა დაჰკარგოდეს რომელიმე ჭკუათამყოფელი ქართველისათვის; არ ყოფილა, ილიას შემდეგ, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერალი, რომელსაც არ განეცადოს როგორც მისი პოეზიის, ისევე პროზის კეთილისმყოფელი გავლენა; ილიას ფენომენი უფალივით მრავალმხრივია და განუყოფელი, ანუ, განუყოფლად იყოფის მხოლოდ, ესე იგი, ერთსა და იმავე დროს, დიდი მწერალიცაა და დიდი მოღვაწეც. ილია ჭავჭავაძე ჯერ ისევ ჩვენთან არის, ჩვენ შორის ტრიალებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა.

“ულისე” მომავლის წიგნია. ყველა კულტურულ ხალხს, რომელიც ხვალაც აპირებს ცხოვრებას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თარგმნილი თავის ენაზე. ჩვენ გვაქვს. თუ საქართველო ქვეყნად დარჩება, თუ ქართველი ხალხი ხვალაც შეინარჩუნებს თავის მეობას, ნიკო ყიასაშვილის სახელი გაცილებით მეტს ეცოდინება, ვიდრე დღეს იცის. “ულისე” საუკუნის დასაწყისში დაიწერა, მაგრამ მთელი საუკუნის განმავლობაში, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერლისთვის ის უფრო ფინიშის აღმნიშვნელი ხაზი იყო, ვიდრე სტარტისა.

შვედეთის აკადემიამ ჩემი კანდიდატურა სცნო, ალბათ ესეც რა- ღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩვენს გაჭირვებას ვერ უშველის. მთავარი წინ არის. (1999 წ.)

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს” - გვითხრა პოეტმა, ჩვენ გაფრთხილებად კი არ მივიღეთ ეს, არამედ რჩევად. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს. ქართული ენის დაცვის კომიტეტი, ჯერჯერობით, საკუთარ უფლებებს იცავს მხოლოდ. თბილისს ნამდვილად არ ეტყობა, მის მშობლიურ ენას მართლა რომ იცავს ვინმე...

დამთავრდა ჩემი მწერლობა - რაც დავწერე ნაგავია, რისი დაწერაც მსურდა, ვერ დავწერე! ბასტა! ამოიწურა მადანი, დაწყდა წყარო, დაილია სანთელი, გათავდა პური... მიიწურა სიცოცხლე, როგორც ეს ნოემბერი... მწერლობა, ასე თუ ისე, კიდევ ამართლებდა ჩემ ამქვეყნიურ არსებობას. ნამდვილად უაზრობაა, ამ დღეში ვიყო და თანაც ვერაფერს ვწერდე... რაღაც უნდა მოხდეს! აუცილებლად. დღითი დღე ვეფლობი უმოქმედობისა და უაზრობის ჭაობში... წნევის გაზომვა და მაჯის დათვლა გამართლებულია, თუკი რამეს ქმნი, რაღაცისთვის გჭირდება ნორმალური წნევა და მაჯა. ამაზრზენი სანახავია საკუთარი მაჯის მთვლელი კაცი. საცოდაობაა! არ მინდა ვიყო საცოდავი. არ მინდა! მაგრამ სიკვდილის რომ მეშინია? მერე რა?! ეს ცხოველური შიშია და მეტი არაფერი. მარტო სიკვდილის ხომ არ მეშინია?! მეშინია მიწისძვრისაც, ხანძრისაც, მთვრალი ხულიგნებისაც, ხუნაგისაც, გრიპისაც... ღმერთმა იცის, რისი აღარ ეშინია კაცს, მაგრამ მაინც კვდება. ასე რომ, შიში დიდი დაბრკოლება არ არის. შიშს მოევლება. მთავარია... მთავარია არ გინდოდეს სიკვდილი. ამისთვის კი ბევრი რამ არის საჭირო, გარდა ჯანმრთელობისა, საქმე უნდა გქონდეს და აკეთებდე. ქალი უნდა გყავდეს და... მოკლედ, დროა, ჭკუას მოვუხმოთ და ერთხელ კიდევ გავიბრძოლოთ... სჯობს ბრძოლის ველზე მოკვდე, ვიდრე წარმოდგენილმა ბრძოლების შიშმა მოგკლას ლოგინში ბოლოს...

იკითხეთ, იკითხეთ ყველაფერი - ცუდიც და კარგიც, გასართობიც და განმანათლებელიც. კითხვა სავალდებულო შრომაა და საკმაოდ მძიმეც, როგორც მიწის ხვნა, გუთნის გამოჭედვა, ღვინის დაყენება. მხოლოდ თვალით აღქმული სიტყვა დაკარგული შრომაა. სიტყვას უნდა ჩასწვდე გონებითაც და გულითაც. განუწყვეტლივ უნდა ეცადოთ, როგორმე შეაღწიოთ სიტყვაში და იქიდან დაინახოთ უთქვენოდ დარჩენილი სამყარო - უპირველეს ყოვლისა, თქვენს ამქვეყნიურ დანიშნულებას, თქვენს მოწოდებას დაინახავთ, რაც არა მარტო გაგიიოლებთ ცხოვრებას, ანუ, არამხოლოდ მიწიერი პურის მოსაპოვლებად იზრუნებთ, არამედ სულიერისაც, ანუ, იმ პატარა მინდვრის გადასარჩენად, რომელზედაც თქვენი წილი, მაინცდამაინც თქვენთვის განკუთვნილი პური მოდის და რომელსაც სამშობლო ჰქვია...

რუსეთისგან გავთავისუფლდეთ, სამშობლოსგან კი არა! ჩვენ პირიქით მოგვდის, სამშობლოსგან ვთავისუფლდებით და რუსეთისკენ მივილტვით ისევ... უშენოთ ჩვენი სიცოცხლე, ვაჰმე როგორი ძნელიაო... ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა?!

“ქართველი კი, თავით ფეხებამდე აბრეშუმისა და ხავერდის ტანისამოსშია გახვეული - ეს არის მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი”. ალექსანდრე დიუმა

ცივილიზაცია, თავისი არსით, დამპყრობელია, მისთვის არც სამშობლო არსებობს, არც ეროვნებები, არც ადათ-წესები. პირიქით, თავის წესებს ამკვიდრებს ყველგან, თუნდაც, იმავე კომპიუტერის მეშვეობით. ერთადერთი, ვის წინაშეც უმწეოა, კულტურაა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ცივილიზაცია კი არ იმონებს, თავად ემონება კულტურას. ამიტომ, რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო მეტ სიკეთეს გამორჩება ცივილიზაციას. ჩვენი ხსნაც ისევ და ისევ კულტურაა. კულტურა გვაძლევს სახესა და სახელს, რითაც გამოგვარჩევს სხვებისაგან და, ამავე დროს, სისხლხორციანად გვაკავშირებს ყველასთან, ვისაც არა მარტო შექმნა, არამედ სხვისი შექმნილის დანახვა და დაფასება შეუძლია.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში