გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - 1918 წლის ომი სომხეთთან

1918 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა შორის ურთიერთობა ისე გართულდა, რომ ჩვენი მთავრობა იძულებული შეიქნა სომხეთის საზღვრებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. 

საჭიროა აქ მოვიხსენო, რომ, როდესაც ოსმალები იერიშით მიდიოდნენ სომხეთზე, ქართულმა ჯარებმა გერმანელების დახმარებით შეაჩერეს ისინი სოფელ სანაინის რაიონში, სადაც შემდეგში დაიდო ჩვენი სახელმწიფოს საზღვარი.

უთანხმოება ამ ორ მთავრობას შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბრიდან, როდესაც სომხეთის არმიის პირველი და მეოთხე ლეგიონები მოულოდნელად გადმოვიდნენ სახელმწიფოებრივ საზღვარზე სადგურ კობერსა და იქვე, ახლო მდებარე ხიდს შუა და დაიჭირეს სანაინის მიდამოები.

საქართველოს მთავრობამ გენ. გ. წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა და მას დაუქვემდებარა ყველა იქ დაბანაკებული ჯარის ნაწილები, და ამასთანავე, მის განკარგულებაში გაიგზავნა მე-2 დივიზიის ზოგიერთი ნაწილი.

ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური მოლაპარაკებანი 9 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში სომხები გაფაციცებით ემზადებოდნენ საომრად, რაც ჩანს პოლკ. ტერ-ნიკოღოსოვის ბრძანებიდან, რომელიც გადაეცა პრაპ. ტერ-პეტროსიანს 1918 წლის 1-ლ ნოემბერს სოფ. გერგერში. ეს საბუთი შემდგომში ომის დროს ერთ-ერთ ტყვედ ჩავარდნილს ჩამოვართვით.

[...]

17 დეკემბერს, საღამოს, სასახლეში დამიბარეს, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ განმიცხადა, რომ მთავრობამ დამნიშნა სომხეთის წინააღმდეგ მოქმედი ლაშქრის სარდლად.

ამავე დღეს მობილიზაციაც გამოცხადდა.

[...]

ჩემი წასვლის დღეს ჩემთან გენერალი კვინიტაძე მოვიდა და მთხოვა, გამომეყენებინა იგი საქმეში. მე წინადადება მივეცი დაეჭირა შტაბის უფროსის თავისუფალი ადგილი.

[...]

შუადღის 4 საათზე სადახლოში წავედი მარჯვენა ფრთის პოზიციების დასათვალიერებლად. გენერალ გ. წულუკიძესთან რომ მივედი, იქ სამხედრო მინისტრის შიკრიკი დამხვდა, რომელიც თურმე მე მეძებდა.

შიკრიკმა ჩემს სახელზე გამოგზავნილი პაკეტი ჩამაბარა.

მასში იყო ბრძანება, რომლის ძალით 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, მე უნდა შემეჩერებინა სამხედრო მოქმედებანი და ჯარის ნაწილები უნდა დამეტოვებინა დაკავებულ პოზიციებზე, რადგან დაიწყო საზავო მოლაპარაკება სომხებთან.

ამასთან, მაცნობებდნენ, რომ ჩვენსა და სომხებს შორის მომხდარ კონფლიქტში ჩაერივნენ ინგლისელები, რომელთაც სურთ შეწყვიტონ სისხლისღვრა ორ მეზობელ ერს შორის, და ამ მიზნით ქმნიან ნეიტრალურ ზონას, რომელსაც ისინი დაიჭერენ საკუთრი ჯარებით. ამ ბრძანების ზუსტად სისრულეში მოყვანა მე მევალებოდა, ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ბრძანებას, რა თქმა უნდა, დავემორჩილე და გავეცი ჯარებისადმი სათანადო განკარგულებანი.

პირველ იანვარს მოვიდნენ ინგლისელები და დააყენეს თავიანთი პიკეტები სადგურ აირუმიდან სად. შაგალამდე.

როდესაც სომხების ჯარებმა, ბრძანების თანახმად, დაიხიეს იმ ადგილებზე, სადაც წინათ იდგნენ, მე მივიღე ბრძანება თანდათანობით მომეხსნა ჯარები პოზიციებიდან და შევდგომოდი მათ ევაკუაციას.

9 იანვრისთვის მთავარი ძალების ევაკუაცია დავამთავრე და 10 იანვარს ჩემი შტაბით ტფილისში დავბრუნდი.


გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში