ბაჩანა ბრეგვაძე - მარკუს ავრელიუსი

„წარმართულ სამყაროში შეიძლებოდა ყოფილიყო ქველი იმპერატორი - მარკუს ავრელიუსი, მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში თვით გარდასულ საუკუნეთა მბრძანებლები - ფრანგი ლუდოვიკოები თუ ნაპოლეონები, ჩვენი ეკატერინე II-ები და ნიკოლოზ I-ები, გერმანელი თუ ინგლისელი ფრიდრიხები, ჰენრიხები და ელიზავეტები, მეხოტბეთა მთელი მცდელობის მიუხედავად, ზიზღის მეტს ვერაფერს გვინერგავენ ჩვენს დროში“, - ლევ ტოლსტოი. 

***

მარკუს ავრელიუსის ტახტზე ასვლით მთავრდება ე.წ. „რომაული მშვიდობიანობის“ (Pax romana) პერიოდი და იწყება ძნელბედობათა ახალი ციკლი იმპერიის ცხოვრებაში. წყალდიდობანი, მიწისძვრები და შიმშილობანი, ბარბაროსთა შემოსევები და შინააშლილობანი, - აი, რითი აღინიშნა მარკუს ავრელიუსის პრინციპატობის დასაწყისი.

***

„...გუშინ, ნავახშმევს, წიგნებს ჩავუჯექი და ვკითხულობდი საღამოს ცხრა საათიდან დღის ორ საათამდე. ორიდან სამამდე სანდლების ამარა ვსეირნობდა ჩემი ოთახის წინ. მერე ფეხთ ჩავიცვი, საგუმი მოვისხი, - რადგან ნაბრძანები მაქვს ასე ვეახლო იმპერატორს და გავწიე, რათა მივსალმებოდი ჩემს მბრძანებელს. სანადიროდ წასვლა გადავწყვიტეთ და წავედით კიდეც. ხელი მოგვემართა: დავხოცეთ ტახები... და ბოლოს, სასახლეში დავბრუნდით. ყველამ თავთავის საქმეს მიაშურა, მე - ჩემს წიგნებს... ორ საათს ვიწექი და ვკითხულობდი კატონის სიტყვებს. კითხვის შემდეგ ვწერდი. ძლივს დავჯღაბნე ორიოდე სტრიქონი, რომელიც იმის ღირსია, რომ ცეცხლს მისცენ ან წყალს გაატანონ...

ცოტა არ იყოს, მაციებს: „არ ვიცი, იმიტომ, რომ სანდლების ამარა ვსეირნობდი, თუ იმიტომ, რომ ვერაფერი დავწერე“ .

***

გამომიგზავნე კატონის, ციცერონის, სალუსტიუსის, გრაკხუსისა და კიდევ ერთი რომელიმე პოეტის ნაწარმოებნი, რომელთაც თვითონ მიიჩნევ უმჯობესად; რადგან მე დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება, სწორედ ამგვარი სახის დასვენება: ეგების კითხვამ დამავიწყოს დაღლილობა, ან იქნებ სულაც დამაძლევინოს იგი“.

***

„მარკუს ავრელიუსი იმის წყალობით გახდა მარკუს ავრელიუსი, რომ მის წინაშე იდგა ცხოვრებისეული სრულქმნილების ისეთი შესანიშნავი ნიმუში, როგორიც იყო ანტონინუსი, რომელიც მან ჯეროვნად შეიცნო, შეიყვარა და დააფასა“:

„მამობილის წყალობით ვეზიარე თვინიერებას. ის მასწავლიდა, არასოდეს მეღალატნა ხანგრძლივი ბჭობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისთვის, არად ჩამეგდო ფუჭი დიდება, მყვარებოდა შრომა და ყურადღებით მოვკიდებოდი ყველაფერს, რასაც ოდნავი სარგებლობის მოტანა მაინც შეეძლო ერისთვის; მასწავლიდა, როგორ მიმეგო თითოეულისთვის მისი კუთვნილი, როგორ გამერჩია, ასდ მლმობელი ვყოფილიყავ, სად - ულმობელი, როგორ მომეკვეთა მამათმავლობის ბილწება და როგორ დავდებოდი მტლად ქვეყნის ინტერესებს... მას სურდა აღმოეფხვრა მემკვიდრის სულიდან ყოველგვარი მზვაობა და სანაცვლოდ უბრალოება და თავმდაბლობა ჩაენერგა მისთვის. ის მასწავლიდა, შეიძლება სასახლის კარზე ცხოვრობდეს კაცი, მაგრამ არ საჭიროებდესო სხეულის მცველთ, არც მდიდრულ სამოსს თუ მაშხალებს, ქანდაკებებს და სხვათ მისთანათ, რადგან სასახლის მკვიდრსაც ხელეწიფების თურმე მდაბიორივით უბრალოდ იცხოვროს, მაგრამ ისე კი, რომ ამ უბრალოებას არ უმსხვერპლოს ჰეგემონის მოვალეობანი, რომელთაც ხალხი და სახელმწიფო აკისრებს მას“.

***

ანტონინუსისა და მარკუს ავრელიუსის მმართველობა განსაკუთრებით კეთილისმყოფელი აღმოჩნდა მონებისათვის. მონობის ზოგიერთი არაადამიანური სისასტიკე აღკვეთილ იქნა..., მონის მოკვლა დანაშაულად ცხადდება. დანაშაულადვე ეთვლება პატრონს მონების წამება და დასახიჩრება... მონა პირველად იღებს სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლებას და პიროვნება, სახელმწიფოს წევრი ხდება. ის თავისი საკუთრებისა და ოჯახის პატრონია. ქმრის, ცოლისა და მათი ბავშვების ცალ-ცალკე გაყიდვა იკრძალება. ზოგიერთი კერძო შემთხვევის გარდ,ა პატრონს უფლება არა აქვს გლადიატორად გაყიდოს მონა, ხოლო მონა ქალი, რომელსაც იმ პირობით ჰყიდიან, რომ მან ne prostituatur (არ იმრუშოს) დაზღვეულია ლუპანარში მოხვედრისგან. ძალაში შედის favor libertatis (საროსკიპო); საჭოჭმანო შემთხვევებში დასაშვებია კანონის ინტერპრეტაცია განთავისუფლების სასარგებლოდ. სასამართლოს ჰუმანურობა არბილებს კანონის სიმკაცრეს“.

***

მარტოდმარტო ებრძოდა ბარბაროსებს. ჩრდილოური ზამთრის გულისგამაწვრილებლად გრძელსა და ნაღვლიან ღამეებში თავის საზამთრო ბანაკში (castra hiberna) ჩაკეტილი ეს მარტოსული სენეკას მოძღვრის - სექსტიუსის მსგავსად თითოეული განვლილი დღის ანგარშის აბარებდა საკუთარ სინდისს, ფიქრობდა ხალხთა ურთიერთბრძოლისა და ხოცვა-ჟლეტის უაზრობასა და ამაოებაზე, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ პრობლემაზე, ადამიანის ადგილზე სამყაროში, მის ბედსა თუ დანიშნულებაზე, და კოშმარული ხილვებისგან თანდათანობით განთავისუფლებული, ოდნავ მბჟუტავი სინათლის შუქზე წერდა თავისი სულიერი ცხოვრების ინტიმურ დღიურს - „წარმართული სულის ამ სახარებას“. ასე იქმნებოდა „ფიქრები“, სიტყვა-სიტყვით - „საკუთარი თავისადმი“ - ეს ჭეშმარიტი უნიკუმი არა მარტო რომაული, არამედ ბერძნული მწერლობის ისტორიაშიც, რადგან „ფიქრები“ ბერძნულადაა დაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ მარკუს ავრელიუსისთვის - დაბადებით რომალისთვის ბერძნული თითქოს უცხო ენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში საქმე სრულიადაც არ არის ასე. თუ ფრონტონთან მიმოწერისას იმპერატორი ლათინურს იყენებს, სამაგიეროდ, ის ბერძნულად წერს ყოველთვის, როცა თავის თავს ელაპარაკება და როცა მარტო რჩება საკუთარი სინდისის წინაშე... მაგრამ აქ ჩვენ არაფერი არ გვაგონებს სიტყვების თამაშს და აზრის ხელოვნურ ტრანსპოზიციას.

მარკუს ავრელიუსი - რომაელი საზოგადოებაში და თავის პოსტზე, - ნამდვილი ბრძენია, როგორც მორალისტი და მოაზროვნე. სწორედ ამ ენით ამცნეს მომავალ იმპერატორს მისმა მოძღვრებმა წარუვალი სიკეთე და ზნეობრივი ქცევის წესები, მთელი სიბრძნე და მთელი სიქველე; სწორედ ამ ენაზე ელაპარაკება მას თავისი სინდისი და ისიც, ინსტინქტურად, ამავე ენაზე ეპასუხება მას“.

***

„იყავი, როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები, ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხოვრება ბობოქარი წყლის მძვინვარება“.

***

„შენ გკლავენ, ასო-ასო გგლეჯენ და გაგინებენ, მაგრამ განა ეს ხელს უშლის სულს შეინარჩუნოს სიწმინდე, სიბრძნე, ზომიერება და სამართლიანობა? ეს იმას ჰგავს, კამკამა წყაროს თავს წაადგეს ვინმე გულარძნილი და გინებით მოინდომოს მისი სიწმინდის წაბილწვა: წყარო მაინც არ მოიშლის წყაროობას, ანკარა და ამოდ სასმელი. თუმცა გინებით კი არა, მწვირითაც რომ ამოავსოს იგი, წყარო უმალვე წარიტაცებს, წარეცხს უწმინდურს და ხელახლა დაიწმინდება. როდისღა მოისმენ შენს სულში ამ მარადმდენი წყაროს ჩუხჩუხს და არა შმორიანი ჭაობის სუნთქვას? როცა მალიმალ შეაფარებ თავს შენსავე სულს, ვნებათაგან, თავისუფალს, კეთილმოსურნეს, მარტივს და მართალს“.

***

„კაცნი განმარტოებას ეძებენ და სოფლის მყუდროებისკენ, ზღვათა ნაპირებისა და მთებისკენ ეშურებიან; შენც ამას ნატრობ და მიელტვი ყველაზე მეტად. მაგრამ ეს მხოლოდ უმეცრების და უმწეობის ნიშანია, მეტი არაფრის, რადგან შენ შეგიძლია ყოველ წამს განმარტოვდე შენსავე თავში. ხოლო ყველაზე მყუდრო და უშფოთველი სადგური, სადაც კაცს შეუძლია განმარტოვდეს - სულია მისი... მაშ, მალიმალ მიაშურე მაგ მყუდრო სადგურს და, ამრიგად, განაახლე შენივე თავი“...

***

როცა გარემოებათა დამთრგუნველი ძალი გაშფოთებს, მეყვსეულად შეეფარე შენსავე თავს, და, თუ აუცილებლობა არ გაიძულებს, ნუ დაარღვევ შენი სულიერი ცხოვრების მშვიდსა და თანაბარ რიტმს, რადგან, რაც უფრო ხშირად მიუბრუნდები ჰარმონიას, მით უფრო მკვიდრ წილს დაიდებ მასში“.

***

„განმარტოვდი შენსავე თავში: შენი წარმმართველი საწყისი თავისი ბუნებით თვითკმარია და საკუთარი მართლმოქმედებითა და მისგან გამომდინარე აუმღვრევლობით კმაყოფილი“.

***

„პატივმოყვარე თავის სიკეთეს სხვათა მოქმედებაში ხედავს, განცხრომის ტრფიალი - თავის შეგრძნებებსი, ბრძენი - საკუთარ მოღვაწეობაში“.

***

„ზიზღით ნუკი ემსჭვალვი სიკვდილს, არამედ უდრტვინველად მიიღე იგი, როგორც ერთი იმ მოვლენათაგანი, რომელიც სასურველად უჩანს ბუნებას, რადგან სულისა და სხეულის გაყრა არაფრით არ განსხვავდება სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული ისეთი ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა სიყრმე და სიბერე, ზრდა და სიმწიფე, კბილებისა თუ წვერის ამოსვლა, ჭაღარის შერევა, განაყოფიერება, ორსულობა, მშობიარობა და ასე შემდეგ... და როგორც ელი, როდის გამოვა შენი პირმშო მეუღლსი საშოდან, ისევე უნდა ელოდე, როდის დააღწევს თავს შენი სული ხორციელი გარსის ტყვეობას“.

***

„აზია, ევროპა - მხოლოდ ორი წერტილია სამყაროში; მთელი ოკეანე - წვეთია სამყაროში; ათონის მთა - ქვიშის მარცვალია სამყაროში. მთელი აწმყო - წამია მარადისობაში. ყველაფერი უბადრუკია, ცვლადი, ხრწნადი და მსწრაფლწარმავალი“.


გამომცემლობა „ლითერასი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში