ნიკოლო მაკიაველი - სამხედრო ხელოვნებისათვის

ნიკოლო მაკიაველის რჩევები სამხედრო ხელოვნებისთვის:

• ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისთვის, საზიანოა შენთვის; ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის საზიანოა მტრისათვის. იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების უფრო მეტი იმედი ჰქონდეს.

• ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის.

• უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით. ეს ხელოვნება ყოველგვარ სხვა ხელოვნებაზე სასარგებლოა.

• თუკი მოწინააღმდეგის მოლაშქრეთა ნაწილი შენს მხარეზე გადმოვა და ერთგულად გემსახურება, ყოველთვის დიდ წარმატებად მიიჩნიე ეს. მოღალატენი უფრო მეტად ასუსტებენ მოწინააღმდეგეს, ვიდრე მოკლულნი, თუმცა ისინი საეჭვონი ჩანან ახალი მეგობრების თვალში და საძულველნი - ძველების თვალში.

• ძნელი მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც. მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანი. ყოველგვარი მოულოდნელობა აფრთხობს ლაშქარს; ის გულგრილია ყოველივე ჩვეულისა და თანდათანობითის მიმართ. ამიტომ შეაჩვიე შენი ჯარი მტერს და ხანმოკლე შეტაკებებით გააცანი იგი, ვიდრე გადამწყვეტი ბრძოლისათვის დასძრავდე ჯარისკაცებს.

• ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას მიელტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს.

• ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებდეს.

• თუ გსურს დღისით გაიგო, ჯაშუში ხომ არ შემოგეპარა ბანაკში, უბრძანე ყველამ თავ-თავის კარავს მიაშუროს.

• უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილებების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი.

• მშვიდობის დროს სიმკაცრითა და სასჯელის შიშით დაიურვე ჯარისკაცები, ომის დროს კი იმედიტა და ჯილდოს აღთქმით წააქეზე ისინი.

• ძნელია მოულოდნელობასთან ბრძოლა, ყოველივე წინასწარ გათვალისწინებულთან - ადვილი.

• ხალხი, იარაღი, ფული და პური - აი, ომის სასიცოცხლო ძალა, მაგრამ ამ ოთხიდან უმთავრესია პირველი ორი, ვინაიდან ხალხითა და იარაღით ყოველთვის შეიძლება ფულისა და პურის შოვნა, მაშინ, როდესაც მარტოოდან ფულითა და პურით ვერც ხალხს იშოვი და ვერც იარაღს...

***

• სასარგებლოა ისიც, რომ მტრისადმი ზიზღის გრძნობას უნერგავდე შენს მებრძოლებს; ასე იქცეოდა სპარტელი აგელაოსი, რომელიც თავისი ჯარისკაცების თვალწინ აშიშვლებდა რამდენიმე სპარსელს, რათა ამ უსუსური და უნიათო სხეულების შემყურე მის მეომრებს შეეგნოთ, რომ ასეთი მტრების შიში მხოლოდ მხდალს თუ შეიძლება ჰქონოდა.

• მეორენი თავიანთ მებრძოლებს იძულებით აქეზებდნენ საომრად და წინასწარ უცხადებდნენ, რომ ხსნის ერთადერთი იმედი მხოლოდ გამარჯვება იყო.

• ეს უკანასკნელი საშუალება ყველაზე ქმედითია და ჯარისკაცებში ყველაზე უკეთ ავითარებს სიმხნევეს. ამ სიმხნევესვე განამტკიცებს სიყვარული სამშობლოსადმი, ისევე როგორც მხედართმთავრისადმი ერთგულება და ნდობა.

• ნდობის სათავე კი სვიანად ხმარებული საჭურველი, ურყევი საომარი წყობა, მოპოვებული გამარჯვებები და მხედართმთავრის სახელი და დიდება გახლავთ. სამშობლოს სიყვარული ბუნებით თანდაყოლილი გრძნობაა, მხედართმთავრის სიყვარულს კი მისი ნიჭი განაპირობებს, რომელიც ამ შემთხვევაში ყოველგვარ ქველმოქმედებაზე უმჯობესია.

• აუცილებლობა მრავალსახოვანია, მაგრამ ის უპირობო ხდება, როცა მთელი არჩევანი ერთადერთი შესაძლებლობით შემოიფარგლება: სიკვდილი ან გამარჯვება.


ნაწყვეტი ბაჩანა ბრეგვაძის ესსედან - „ნიკოლო მაკიაველი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში