რას იხსენებდა ანა ახმატოვა ამადეო მოდილიანის შესახებ

„მე ნამდვილად მჯერა იმათი, რომელნიც ისეთს არ აგვიწერენ მოდილიანის, როგორსაც მე ვიცნობდი. და აი რატომ: 

ჯერ ერთი, მე შემეძლო მცოდნოდა მისი პიროვნების რომელიმე ერთი მხარე (მომხიბვლელი) - მე ხომ უბრალოდ უცხო ვიყავი, ჩემის მხრივ არცთუ დიდად გარკვეული ოცი წლის ქალიშვილი, უცხო ქვეყნიდან ჩასული;

მეორე, მე თვითონაც შევნიშნე მასში დიდი გარდატეხა, როცა ჩვენ 1911 წელს შევხვდით ერთმანეთს. თითქოს ერთიანად ჩაშავებულიყო, დაპატარავებულიყო. 1910 წელს მე მას ძალიან იშვიათად ვხვდებოდი, სულ რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა მთელი ზამთრის განმავლობაში მხატავდა.


... ეტყობა, ჩვენთვის, ორივესთვის, გაუგებარი იყო ერთი მთავარი, არსებითი: ყველაფერი, რაც ხდებოდა, ჩვენთვის, ორივესთვის, მხოლოდ ცხოვრების დასაწყისი იყო, მისთვის ძალიან ხანმოკლე, ჩემთვის ძალიან გრძელი ცხოვრებისა. ხელოვნების მხურვალე სუნთქვას ჯერ არ დაესვა თავისი დაღი, ჯერ არ შეეცვალა სახე ამ ორი არსებისა. ეს იყო ნათლით მოსილი, განთიადის მომასწავებელი ხანა, მაგრამ მომავალი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ბევრად უფრო ადრე აფენს ჩრდილს სავალ გზაზე, უკვე გვიკაკუნებდა ფანჯარაზე, ეფარებოდა ფანჯრებს, იწრებოდა ჩვენს სიზმრებში, გვაშინებდა ბოდლერის საშინელი პარიზით, რომელიც სადღაც იქვე, ჩვენს გვერდით ჩასაფრებულიყო, და ყველაფერი ღვთიური, რაც კი ამადეოს გააჩნდა, მხოლოდ სადღაც ბინდ-ბუნდიდან მინათებდა.

მას ანტონიუსის თავი ჰქონდა და თვალებიდან ოქროს ნაპერწკლები სცვიოდა. იგი არავის არ ჰგავდა ქვეყანაზე. მისი ხმა როგორღაც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. მე მას ღატაკად ვიცნობდი და გაუგებარი იყო, რითი ცხოვრობდა. როგორც მხატვარს, ოდნავი აღიარებაც არა ჰქონია. მაშინ, 1911 წელს, იგი Impasse Falguiere-ზე ცხოვრობდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ ლუქსემბურგის ბაღში ჩვენ ყოველთვის მერხებზე ვისხედით და არა დაქირავებულ საკმებზე, როგორც ეს მიღებული იყო. იგი საერთოდ არ უჩიოდ არც აშკარა გაჭირვებას და არც იმას, რომ არავინ აღიარებდა, რაც ასევე აშკარა იყო. მხოლოდ ერთხელ, 1911 წელს მითხრა: გასულ ზამთარს იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ფიქრიც აღარ შემეძლო ჩემთვის ყველაზე უძვირფასესზე.

იგი თითქოს გარშემორტყმული იყო მარტოობის გაუვალი კედლით. არ მახსოვს, ვინმეს მისალმებოდა ლუქსემბურგის ბაღში ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა ასე თუ ისე იცნობდა ერთმანეთს. არ მომისმენია მისგან არც ერთი ნაცნობის, მეგობრის ან მხატვრის სახელი, არც რაიმე ხუმრობა წამოსცდენია. არასოდეს მინახავს მთვრალი. არც ღვინის სუნი მიგრძვნია მისგან. ეტყობა, შემდეგ დაიწყო სმა. ჰაშიში კი როგორღაც გამოერეოდა ხოლმე მის საუბარში.

... ამ ხანებში მოდილიანი სკულპტურით იყო გატაცებული, მუშაობდა პატარა ეზოში, თავისი სახელოსნოს წინ. მუშაობდა როგორც მუშა (დაცარიელებულ ქუჩაში ისმოდა მისი ჩაქუჩის კაკუნი). მისი სახელოსნოს კედლებზე ეკიდა არაჩვეულებრივი სიგრძის პორტრეტები (როგორც ახლა მაგონდება, ჭერიდან იატაკამდე). მათი რეპროდუქციები არსად მინახავს. ნეტავი თუ გადარჩა? თავის სკულპტურას იგი „la chose”-ს (ნივთს) უწოდებდა. მგონი, გამოფენილიც ჰქონდა 1911 წელს „Independants”-ში. მე მთხოვა მივსულიყავი სანახავად, მაგრამ გამოფენაზე არ მომკარებია, რადგან მარტო არ ვიყავი, მეგობრები მახლდნენ. ჩემი დიდი ავბედობის ჟამს, როცა მრავალი ნივთი დავკარგე, ამ ქანდაკების ფოტოც დამეკარგა.

ამ ხანებში მოდილიანი სულ ეგვიპტეზე ლაპარაკობდა. ხშირად მივყავდი ლუვრში, ეგვიპტის განყოფილებაში, მარწმუნებდა, რომ სხვა დანარჩენი ყურადღების ღირსიც არ იყო, „tout le reste”. მეც დამხატა ეგვიპტის დედოფლებისა და მოცეკვავეების თავსამკაულებით. ეტყობოდა, მთლიანად შთანთქა ეგვიპტის დიდებულმა ხელოვნებამ. როგორც ჩანს, ეგვიპტე მისი უკანასკნელი გატაცება იყო. სულ მალე კი იგი იმდენად თვითმყოფადი შეიქმნა, რომ აღარავის გახსენება აღარ გინდოდა, როცა მის ტილოებს შეჰყურებდი. ახლა მოდილიანის ამ პერიოდს periode negre-ს (ზანგური პერიოდი) უწოდებენ.

...წვიმაში (პარიზში ხშირია წვიმა) მოდილიანი ძალიან ძველი, უზარმაზარი შავი ქოლგით დადიოდა. ჩვენ ხშირად ვისხედით ამ ქოლგის ქვეშ ლუქსემბურგის ბაღში. ზაფხულის თბილი წვიმა მოდიოდა. ჩვენს გვერდით თვლემდა le vieux palais a l’italienne, (იტალიური გემოვნებით ნაგები ძველი სასახლე), ჩვენ კი ორი ხმით ვკითხულობდით ვერლენს, რომელიც კარგად გვახსოვდა ზეპირად და გვიხაროდა, რომ ორივეს ერთი და იგივე ლექსები გვაგონდებოდა.

...უფროსები გვიჩვენებდნენ, ლუქსემბურგის ბაღის რომელ ხეივანზე გაივლიდა ხოლმე ვერლენი, როცა „თავისი კაფედან“, სადაც ყოველდღე ენამზეობდა, „თავის რესტორანში“ მიდიოდა სასადილოდ. მაგრამ 1911 წელს ამ ხეივანში ვერლენი კი არა, მაღალი ვაჟბატონი დასეირნობდა, უნაკლო სერთუკში გამოწყობილი, ცილინდრითა და საპატიო ლეგიონის ბაფთით მკერდდამშვენებული. „ანრი დე რენიე“, - ჩურჩულებდნენ ჩვენს მეზობლად მსხდომნი.

ჩვენთვის კი, ორივესთვის, ამ სახელს არავითარი ჟღერადობა არ გააჩნდა. მოდილიანის ანატოლ ფრანსის გაგონებაც არ უნდოდა (თუმცა, ასევე ფიქრობდნენ სხვა განათლებული პარიზელებიც). უხაროდა, რომ მეც არ მიყვარდა იგი. ლუქსემბურგის ბაღში ახლა ვერლენის ქანდაკება იდგა, რომელიც სწორედ იმ წელს გაიხსნა. დიახ, ჰიუგოზე კი მოდიალინიმ პირდაპირ მითხრა: „Mais, madame, Hugo, c’est declamatoire” (ოჰ, ქალბატონო, ჰიუგო ხომ დეკლამაციაა).

... მოდილიანი დიდად წუხდა, რომ არ შეეძლო ჩემი ლექსების გაგება. ეგონა, მათში სასწაულს იხილავდა, ეს კი მხოლოდ პირველი გაუბედავი ცდები იყო (მაგალითად, „აპოლონში“, 1911 წელს). „აპოლონის“ მხატვრობაზე კი მოდილიანი გულწრფელად იცინოდა.

მე დიდად გაოცებული ვიყავი, როცა მოდილიანიმ ლამაზად მიიჩნია ერთი სრულიად ულამაზო კაცი და დაჟინებით იცავდა თავის აზრს. მე ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ, ეტყობა, იგი ისე არ ხედავდა ყველაფერს, როგორც ჩვენ.

ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც პარიზში მოდას ეძხიან და დიდებული ეპითეტებით ამკობენ, მოდილიანი სულაც არ ამჩნევდა.

...ჩვენ უმეტესად ლექსებზე ვლაპარაკობდით. ორივემ ძალიან ბევრი ფრანგული ლექსი ვიცოდით ზეპირად: ვერლენის, ლაფორგის, მალარმეს, ბოდლერის...

დანტე არასოდეს წაუკითხავს ჩემთვის, შეიძლება იმიტომ, რომ მაშინ იტალიური ენა არ ვიცოდი.

... „Les chants de Maldoror”-ს („მალდორორის სიმღერები“) გამუდმებით ჯიბით ატარებდა. მაშინ ეს წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო.

[...]

გრაფ დე ლოტრეამონის რომანი „მალდორორის სიმღერები“ დაწერილია არა ლექსად, არამედ პროზად, თუმცა ზოგჯერ თითქმის მუსიკალურად რიტმიზებულ პროზად. ამასთან ეს პატარა ტომი, ჟანგისფერ ყდაზე ამოკვეთილი წითელი ასოებით, მართლაც ძალიან ძნელად მისაწვდომი ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო, რადგან 1890 წლის შემდეგ აღარ გამოსულა და მაშინაც მხოლოდ ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა. ამ წიგნის შოვნა ნახევრად ღატაკი მხატვრისათვის, რომელიც ყველაზე აუცილებელის უფლებასაც არ აძლევდა თავს, რასაკვირველია, იოლი არ იქნებოდა.

[...]

გრაფ დე ლოტრეამონი ფსევდონიმია. ეს სახელი ისესხა იზიდორ ლუსიენ დიუკასმა ეჟენ სიუს ერთი პერსონაჟისაგან თავისი ერთადერთი დამთავრებული ნაწარმოებისთვის.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში