ვუდი ალენი - მოკლე გზამკვლევი სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში

რევოლუციის მოსახდენად საჭიროა ორი წინაპირობა: უნდა არსებობდეს ვინმე ან რამე, ვისაც ან რასაც აუჯანყდებიან და ვინმე, ვინც აჯანყდება. ამისათვის, როგორც წესი, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოეწყობიან ხოლმე, დროსა და ადგილსაც ათანხმებენ, და იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე გამოცხადდება, წამოწყება წარუმატებლად სრულდება. 1650 წელს ჩინეთის რევოლუციის დროს, არც ერთი მხარე გამოცხადდა დანიშნულ ადგილას, ამიტომ დარბაზში გადახდილი ქირა ქარს გაატანეს. 

ის ხალხი თუ პარტიები, რომელსაც უჯანყდებიან, „მჩაგვრელების“ სახელით არიან ცნობილი და მათ უცხო თვალიც ადვილად შეამჩნევს, რადგან სწორედ ისინი არიან, ყველაზე მეტად რომ ხალისობენ. „მჩაგვრელებს“, როგორც წესი, კოსტიუმები აცვიათ ხოლმე, მიწას ფლობენ და მთელი ღამე შეუძლიათ რადიოს მოუსმინონ ისე, რომ მათ არავინ დაუყვირებს. მათი საქმე მხოლოდ „სტატუს კვოს“ შენარჩუნებაა, რაც ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი რომ უცვლელად რჩება, თუმცა კი ყოველ ორ წელიწადში ვიღაც-ვიღაცებს კედლების შეღებვის სურვილი წამოუვლით ხოლმე.

თუკი „მჩაგვრელები“ მეტისმეტად მკაცრი აღმოჩნდებიან, პოლიციური რეჟიმის მმართველობა დგება, ყოველგვარი აზრთა სხვადასხვაობა იკრძალება, მათ შორის, ხითხითი და ისიც, „გასიებული“ დაუძახო ქალაქის მერს. ადამიანის უფლებები ძალიან შეზღუდულია ასეთ რეჟიმში, სიტყვის თავისუფლების შესახებ არც კი სმენიათ, თუმცა კი პანტომიმის თავისუფლება მეტ-ნაკლებად დაცული არის. მთავრობის გასაკრიტიკებელი აზრების გამოთქმა არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ მათ ცეკვას ეხება საქმე. პრესის თავისუფლებაც შეზღუდულია, მმართველი პარტია „თხზავს“ ახალ ამბებს, და თავის მოქალაქეებს მხოლოდ მათთვის მისაღებ პოლიტიკურ იდეებს აწვდის და ფეხბურთის ისეთ ანგარიშებს ამცნობს, რომელიც არეულობას არ გამოიწვევს.

იმ ჯგუფებს, რომლებიც რევოლუციას აწყობენ, „დაჩაგრულები“ ეწოდებათ და მათ, როგორც წესი, ნახავთ უთავბოლოდ მოხეტიალეებს, მობუზღუნეებს ან კიდევ თავის ტკივილზე მოლაპარაკეებს (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მჩაგვრელები არასდროს ჯანყდებიან და არ ელტვიან ჩაგრულები გახდნენ, მაშინ ხომ საცვლების გამოცვლა დასჭირდებოდათ).

რამდენიმე ცნობილი რევოლუცია: 

საფრანგეთის რევოლუცია – გლეხებმა ძალით ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და მაშინვე საკეტები შეუცვალეს სასახლის კარებს, რომ უკან დაბრუნებული დიდებულები სასახლეში ვეღარ შესულიყვნენ. მერე ნადიმი გამართეს და მუცლები ამოიყორეს. როცა, ბოლოს და ბოლოს, დიდებულებმა ისევ შემოაღწიეს სასახლეში, იძულებული გახდნენ, იქაურობა მოესუფთავებინათ, ლაქები ამოეყვანათ და სიგარეტის ნამწვავები მოეგროვებინათ.

რუსეთის რევოლუციამ, რომელიც წლების მანძილზე მწიფდებოდა, უეცრად ამოხეთქა, როცა რუსი ყმები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, ცარი რომ ცარია და არა ვიღაც სხვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციის შემდეგ „ჩაგრულები“ სწრაფადვე იქცევიან „მჩაგვრელებად“. რა თქმა უნდა, ამ დროს მათი ტელეფონთან გამოჭერა მეტისმეტად რთული საქმე ხდება და ის ფული, სიგარეტისა და საღეჭი რეზინისთვის რომ ისესხეს ჩვენგან, ხახვივით შერჩებათ.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მეთოდები: 

შიმშილობა

ჩაგრული იმდენ ხანს არ ჭამს, ვიდრე მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. გაიძვერა პოლიტიკოსები ხშირად გაფიცულებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ტოვებენ ნამცხვრებს ან ჩედარის ყველს, მაგრამ მოშიმშილემ ამ გამოცდას უნდა გაუძლოს. თუ მმართველი პარტია მოახერხებს და ჩაგრულებს რამეს შეაჭმევს, გაფიცულების დაშოშმინება უფრო ადვილად ხდება. თუ იმასაც მოახერხებენ, თან აჭამონ და თან ანგარიშიც გაასწორებინონ, მთავრობის წევრები გამარჯვებულან და ეგაა. პაკისტანში შიმშილობის აქცია მთავრობამ უგემრიელესი „კორდონ ბლუთი“ დაარღვია, რომელზეც მასებმა უარი ვერ თქვეს, მაგრამ ასეთი ნუგბარი იშვიათია. შიმშილობის აქციის დროს პრობლემა იმაშია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გაფიცულს შესაძლოა ძალიან მოშივდეს. მთავრობა კი რუპორებით დაატარებს თავის კაცებს, რომლებიც გაიძახიან „მმ, რა გემრიელია ქათმის ხორცი... მმ, ბარდაც რა გემრიელია!“

შიმშილობის აქციის გაუმჯობესებული ვერსიაც არსებობს იმათთვის, ვისი პოლიტიკური მოთხოვნებიც ამდენად რადიკალური არაა – ისინი ხახვზე ამბობენ უარს. ამ პატარა ჟესტს თუ სწორად გამოიყენებს კაცი, შესაძლოა დიდი გავლენაც მოახდინო მთავრობაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაჰათმა განდის უარმა, რამეთი შეეკმაზათ მისი სალათა, ბრიტანეთის მთავრობა შეარცხვინა და იძულებული გახადა, დათმობებზე წასულიყო.

გარდა საჭმლისა, შეგიძლიათ ასევე უარი თქვათ ბანქოს თამაშზე, ღიმილზე, და წეროსავით ცალ ფეხზე დგომაზე.

მჯდომარე აქცია

ამოირჩიეთ ადგილი და იქ დაჯექით. დაჯექით-მეთქი. სხვაგვარად, ეგონებათ, რომ ბუქნაობთ, და ეს პოზა კი პოლიტიკურად არამომგებიანია, თუ მთავრობა თვითონაც ბუქნებს არ აკეთებს (ეს ძალზედ იშვიათია, თუმცა, როგორც წესი, ცივ ამინდში მთავრობის წევრები დროდადრო მიწისკენ იხრებიან ხოლმე). ოინი იმაში მდგომარეობს, რომ იქამდე იჯდე გაუნძრევლად, ვიდრე მთავრობა დათმობაზე არ წავა, მაგრამ როგორც შიმშილობის აქციის დროს, მთავრობა აქაც ეცდება გაფიცულები შეაცდინოს. შეიძლება განაცხადონ: „აბა, წამოვდგეთ ყველა, ვიხურებით“, ან – „ერთი წამით წამოდექი რა, ვნახო ერთი, რამსიმაღლე ხარ“.

დემონსტრაციები და მარშირება 

დემონსტრაციაში მთავარი ისაა, დაგინახონ. აქედან გამომდინარეობს ცნება „დემონსტრაცია“. თუ ვინმე თავისთვის მოაწყობს დემონსტრაციას სახლში, ეს დემონსტრაცია კი არა, „სულელური ქცევა“ ან „ტრაკული საქციელი“ იქნება.

ყველაზე ნათელი მაგალითი დემონსტრაციისა ბოსტონის ჩაის პარტიისა იყო, როდესაც ინდიელებად გადაცმულმა ამერიკელებმა ზღვაში გადაყარეს ბრიტანული ჩაის პარტია. მოგვიანებით, ინდიელები გამოეწყვნენ ამერიკელებივით და ბრიტანელები გადაყარეს ზღვაში. მერე კი ბრიტანელებმა, ჩაიდ გადაცმულებმა, ერთმანეთი გადაყარეს ზღვაში. ბოლოს კი, სრულიად უმიზეზოდ გერმანულმა დაქირავებულმა ჯარებმა, ტროელ ქალებად გადაცმულებმა, ზღვაში ისკუპეს.

დემონსტრაციისას კარგია ხელში გეჭიროს პლაკატი, რომელიც შენს პოზიციას გამოხატავს. აი, რამდენიმე მაგალითი: 1. შემცირდეს გადასახადები, 2. გაიზარდოს გადასახადები, 3. ნუ დასცინით სპარსელებს.

სხვა მაგალითები სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა: 

მერიის წინ დგომა. იქამდე დგომა და სიტყვა „პუდინგის“ გამეორება, ვიდრე მოთხოვნებს არ დაგიკმაყოფილებენ.

გზის გადაკეტვა ცხვრის ფარის სავაჭრო უბანში გადენვით.

დამაარსებლებთან დარეკვა სახლში და მღერა: „ბეს, შენ ახლა ჩემი ქალი ხარ“.

პოლიციელივით გადაცმა და მერე ქუჩაში ხტუნვა-თამაში.

თავის არტიშოკად მოჩვენება და გამვლელებისთვის პანღურის ამორტყმა.


ვუდი ალენი - ჩემი აპოლოგია

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში