ყარაჩოღელი VS კინტო

ყარაჩოღელი! კინტო! ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ, ძველი თბილისის სინიდისის შენარჩუნებისათვის, ამ ორ ტიპს განვაცალკევებთ.

კინტო და ყარაჩოღელი სხვადასხვა ჯურის ხალხია.

კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, - გაქსუებული, დაღლარა, თახსირი, ერთი სიტყვით, კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა.

ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი.

კინტო თვალმანკიერია და გულხეშენი; კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა.

ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადგენი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი.

***

ყარაჩოღელი და კინტო თვით ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ნება მიბოძეთ, მათი გარდერობი გაგაცნოთ:

ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელი ნიშნავს შავ-ჩოხიანს. მაშასადამე, ყარაჩოღელს აცვია - შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგაკეთბული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ - შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი.

მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობაჩი, შავი შალისაგან იკერებიდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. ამ შარვლის ფართე ტოტები შიგნიდანა ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში.

საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს.

მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში - მწვანე ბაღდადი, „გალიბანდის“ ქუდი, წელში - ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის - ქისა წეკოთი.

***

კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს (კინტ - ძველებურად კუდიანებსაც ნიშნავდა). კინტოს აცვია ჩითის პერანგი, - წინწკალშეყრილი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვერდზე აქვს, მარცხენა მხრით. საყელოზე ოთხი ღილი აკვრია, მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს. აცვია შვი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ). ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს; თავზე - ქეჩის ქუდი, ან „კიზიროკიანი შლიაპა“, ფეხზე - უქუსლო ჩუსტები (საგარეოდ - გარმონისებური ეგრეთწოდებული „დაწყობილი ჩექმები“), გულზე -საათი ძეწკვით, წელზე - აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი. ქამარში - უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არა ხმარობენ.

***

ყარაჩოღლის ხმა -  ტკბილია და შთამბეჭდავი;

კინტოს ხმა - ხრინწმოკიდებული და ხმელი.

ყარაჩოღელის მიხვრა-მოხვრა მტკიცეა;

კინტოსი - ოკრობოკრო.

ყარაჩოღელი - თვით ჰქმნის სიტყვის შედევრებს;

კინტო - ამ სიტყვებსაც ამახინჯებს.

ყარაჩოღელი მღეროდა:

„გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,
მიზეზისა გამო სხვისა-და-სხვისა!“

კინტო მღერის:

„არღანჩიკო, დაუკარ,
ფაიტონჩიკ გარეკე!“

ყარაჩოღელი შეფრფვინვით შეჰღაღადებს თავის სატრფოს: 

„შენ არზრუმის ცისკარი ხარ, გულნარა,
მანათობლად აღმომხდარი, გულნარა“.

კინტო თვის ოჯახსაც არ ინდობს:

„ჩემი ცოლი ანანა
ხან (მწყალობს) და ხან არა!“

ყარაჩოღელის მუსიკა დუდუკია;

კინტოსი - არღანი.

ყარაჩოღელის რეპერტუარი:

1. „ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელ მოდის მაღლა ციდანა, 
დაბეჭდილი წიგნი მომდის საყვარლისგანა“.

2. „ახ, მთვარევ, მთვარევ, დამწვართ იმედო!“ 

და სხვ.

კინტო ამ სიმღერებს ასე ასრულებს:

1. „Кусок-кусок облак идет свисок небеса-ო,
Запечатан письмо несет от любовница-ო.“

2. „Ах, луна, луна, жаренных надежда...“

და სხვ.

***

ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა.

კინტომ არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელები; იგი უარჰყოფს ქამრიან ჭიქებსაც და უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდანა სვამს:

„დე, ჩაჭყაპე ღვინოს, კახურს,
მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს;
მას ეშხისგან ტვინი უხურს, -
ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“

კინტო ნამარდია; (ნამარდი - 1. არავაჟკაცი; უხასიათო; გულდედალი, უღირსი, გამწირავი, დაუნდობელი, მზაკვარი, უკეთური, მუხთალი, მოღალატე, უნამუსო, ვერაგი, გაუტანელი, თავკერძი. 2. არაკაცი, ჯაბანი, ჯომარდის ანტიპოდი, არსებობს ხალხური ზღაპარი: „ჯომარდი და ნამარდი“)

ყარაჩოღელი - ჯომარდი. (ჯომარდი - მხნე, გულადი, რაინდი)

***

მათი აღებ-მიცემობის დიალოგიც კი სხვანაირია.

კინტო თვის მუშტარს ათასგვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნება (მაგალითბი ნუ გვინდა!)...

ყარაჩოღელი სიტყვა-პასუხი კი ამ შემთხვევაშიც ჭკუის სალესავია. მაგ., ყარაჩოღელთან მიდის დედა, რომელსაც თან ლამაზი ქალიშვილიც ახლავს, რაღაცის ყიდვა უნდათ:

- რა ღირს, შვილო, ეს საქონელი?
- რვა აბაზი.
- ექვს აბაზად არ შეიძლება?
- ეგ ქალი შენი რა არის, დედი?
- შვილია, შვილო!
- შეიძლება!

აი, სინამდვილიდან აღებული ამ პატარა ფაქტიდანაც ნათლად სჩანს, თუ როგორი ეშხის და მარიფათის ადამიანი იყო ძველი თბილისის ძველი ყარაჩოღელი.

კინტოს მოსწრებული სიტყვა გაცვეთილი ფრაზაა, ათასჯერ ნათქვამი, შაბლონური, ყოველთვის ორჭოფული, მშიშარა და შიშველი.

ყარაჩოღელის სიტყვა კი თამამია და გულუბრყვილო. ერთადერთი, რაც გამოჰყვათ კინტოებს ყარაჩოღლებისაგან - მიმიკური ირონიაა.

ძველად ყარაჩოღელებს ჩვეულებათ ჰქოდნათ, წამწამს გამოიძრობდნენ და ქვაზე დანაყავდნენ, ნიშნად მუდმივი ძმობისა;

კინტო კი ასე ხოტონიკობს: მეგობარი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო!

ყარაჩოღელს მობეზრდა ყავახანები, „ტრახტირები“, მასაც უნდა „ზევით-ზევით“ ავიდეს:

„დალოცვილო! როგორ თუ რა მაჯავრებს,
გული მტკივა, მინდა გაგიზიარო;
რათა, ძმაო, ერთი მითხარი, რისათვის -
მე - ტრახტირში, შენ - თეატრში იარო!“

კინტო კი თავის პარტნიორს ასე ეუბნება:

„ხოჯივანქში მატურები რომ არი,
იქ ამოდი, ვითამაშოთ ყომარი“.


ყარაჩოღელი ხშირად თვით იგონებს ათასგვარ გასართობს, რომელიც მერე ადათებში გადადის.

კინტო კი სპობს ამ ადათებს. მისი გასართობია: ყომარი, ბილწსიტყვაობა, სოდომგომორის ცოდვა და ის ხელმრუშობა, რომელზედაც შოთამ თქვა:

„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან,
ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან,
მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან“.

ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა. ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით: „ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“. ყარაჩოღელი სინთეზია ქართულ-სპარსული ურთიერთობისა და საზოგადოდ, აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა. (ყონაღი - სტუმარი)

კინტო კი შექმნილია შერეულ ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. იგი ნალეკია ყარაჩოღელთა ოჯახისა, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. კინტო, როგორც ცუღლუტი, მცირე უნარის და მცირე მოთხოვნილების პატრონი, კმაყოფილდება ორგროშიანი მოგებით, რომელსაც დიდხანს ჯიბეში არც კი იჩერებს: ან იმდღესვე ფლანგავს მიკიტნის დახლთან, ან ყომარბაზებში აგებს.

როგორც რუსეთში იყო „Босяк“-ი, ეს ლოთი მწიგნობარი, პარიზში თავისებური ტიპი „Apache“-ი, ისეც ჩვენმა თბილისმა, მხოლოდ თბილისმა, წარმოშვა ეს ბედასლი, თავნება, „პაჟარნი“, ლევანდი და დაუდევარიტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით მაინცდამაინც დიდი სიბოროტის ჩადენა არ შეუძლიან.

***

ახრიზამანი - 1. აღსასრულის დღე, განკითხვის დღე, მაგ., კინტოები, როცა თუთას ჰყიდიან, ჰყვირიან ხოლმე: აბა, ახრიზამანი თუთა! ახრიზამანი თუთაო! ე.ი. უკანასკნელი, ბოლო თუთაო. სხვანაირად ამბობენ: ერთი დესეტნიკი ვცემე, მაგრამ გული ვერ ვიჯერე, ხელები ისევ მექავებოდა. ეხლა კიდევ მეორე შემხვდა და მეუბნება: რათ დამთვრალხარო, გავეცალო, როგორ გავეცალო, თუ არადა ახრიზამანში აქაც ცემა გამოდისო!... 2. ბოლო, დასასრული.

***

გობაკი - 1. ყარაჩოღულ-კინტოური ვერცხლის ქამრის ბუშტი. ზოგჯერ ეს გობაკი ისე დიდათ არის გამობურთული, რომ შიგ ერთი ჩარექა ღვინო ჩადის. რასაკვირველია, პატრონს სასახელოდ მიაჩნდა ხოლმე. 2. ცალკე არ ითქმის. „გობაკებიანი ქამარი“, ე.ი. ქამარი, რომელსაც წინ რამდენიმე მუშტისოდენა ჯამფილები აქვს. ზოგჯერ ამ გობაკის ბირთვი ისე მოზრდილი იყო, რომ შიგ, როგორც ამბობენ, „ნახევარი ხელადა ღვინო ჩავიდოდა“.

***

დანდალა - 1. მეტი სახელი იყო ერთი უშნო კინტოსი, რომელსაც სმენა არა ჰქონდა ზოგიერთ დიაკვნებივით და უგემურად ჰყვიროდა: „ატამი“, „ატამი“, - ვინმეს ყიდვა რომ სდომოდა, ვერ ყიდულობდა. ეს კინტო სულ არ ჰგავდა იმ მენახშირეს, რომლის დაძახილი ისე მიყვარდა, რომ მთელი საათობით დავდევდი უკან მისი ლამაზი ტემბრის ხმის მოსასმენად. 2. მეტი სახელი კაცისა.

***

დარიკუას ცირკი - ერთი დარიკუა იყო, ოსის ქალი, სახელგატეხილი, კვირაცხოვლობას ლუდით ვაჭრობდა; იაფფასიანი ცირკი.

***

დერციკი - 1. თერძი. იყვნენ კარგი ხელოსნებიც. ჩვენს უბანში ერთი დერციკი იყო ტიგრანა სირეკანაშვილი. იმის შეკერილ ჩოხას თუ ახალუხს ხელად იცნობდნენ, ისე კარგად ჰკერავდა. - მერე კუზი არ უშლიდა? - ვეუბნები ერთ მოქალაქეს. - მუშტარს დააწვენდა და ისე აუღებდა ხოლმე ზომას, კუზის გამო ვერ სწვდებოდა. 2. უფრო კი ყარაჩოღულ ჩოხა-ახალუხის მკერვალი.

***

თარაფი - „თბილისელი კინტო ვარ, თარფით ვყიდი წიგნებსა, ვწერამ ლექსებს უაზროს, თავზე ვხატავ ციკნებსა“.

***

თასაკი - 1. კინტოებისთვის თაბახი დასადები დარგვალებული ტილო. ალბათ წარმოსდგება ფესიდან, ფესი - თასის მსგავსი. ჰგავს თავსაკრავს. 2. დახვეული ფეშტამალი ან ტილო, რომელსაც კინტოები ხმარობენ თავზე თაბახქვეშ.

***

კინტო - 1. თაბახით ხილის გამყიდავი, ფეხზედ მოვაჭრე ბაყალი. 2. - კინტოს სპარსეთში ჰქვია „ტაბაკ-კაშ“, ე.ი. თაბახის ამწევი“. კინტო არ არის სპარსული სიტყვა. ასეთ მოვაჭრეს, რომელიც ფეხზე ვაჭრობს და რომელსაც თავზე თაბახი უდგას, ჰქვიან: „თაბახ-ქაშა“ (თაბახის ამწევი). თაბახქაშე, ფალავანი - პეხლევან. კინტოობა - თავზე თაბახით ვაჭრობა ქუჩა-ქუჩა დატარებით. წვინტლიანო ქინთო. 3. კინტო - წარმოსდგება სიტყვიდან „კინტი“. კინტო ჰქვიან იმ დახვეულ ტილოს, რომელსაც თავზე თაბახქვეშ იდებენ კინტოები.

***

ტარანანა-ნაინა - ჰანგი ზურნისა „საჭიდაო“. არის ერთი ანეგდოტი: ერთხელ ფოთში მოჰხვდა ერთი კინტო. შეხვდა ბაზარში ერთ მეგრელს, რომელიც ჰყიდდა ტარანს. კინტო ეუბნება: „ე, ძმობილო, რა თევზია ეს?“ მეგრელმა სხაპასხუპით უპასუხა: ტარანა, ტარანა, ტარანა. კინტომ ვერაფერი გაიგო და გაკვირვებული შეეკითხა: ჰჰაა! მეგრელმა კვლავ უთხრა: ტარანა, ტარანა, ტარანა. კინტომ უყურა, უყურა და ჩაიღიღინა გაბმით: „ტარანა-ნაინა“...

***

ყარაჩოღ(ხ)ელი - თათრ. ყარა ნიშნავს შავს, ჩოღა ხომ ჩოხაა, ე.ი. შავჩოხოსანი.

***

შალახო - ერთგვარი ყარაჩოღული ცეკვაა ზურნის ქვეშ.

***

შე ჩემის უზალთუნიანო - კინტოების გამოთქმაა.


წყარო - იოსებ გრიშაშვილი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“
იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში