ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე სალმან რუშდის - ეშმაკეული აიების შესახებ

ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან - „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“

– სინდისი სრულებით არ გაგაჩნია. ეშმაკსაც კი დაუბეჭდავდი წიგნებს, – ხუმრობით ეუბნება სულთანი თალჰას მას მერე, რაც თალიბანის ლანძღვით გული იჯერა.

თალჰა იშმუშნება, მაგრამ თავის სიტყვას მაინც არ უხვევს.

– თალიბანი არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას. ისინი პატივს სცემენ ყურანს, ჩვენს წინასწარმეტყველებსა და ტრადიციებს. მე ისეთ რამეს არასოდეს დავბეჭდავდი, რაც ისლამს ეწინააღმდეგება.

– მაგალითად, რას არ დაბეჭდავდი? – სიცილით ეკითხება სულთანი.

თალჰა ფიქრობს.

– მაგალითად, „ეშმაკეულ აიებს“ და სალმან რუშდის სხვა ნაწარმოებებს. მალე ალაჰი მის სამალავსაც მიგვაგნებინებს.

ხალიჩაზე მსხდომი კაცები „ეშმაკეული აიების“ გაგონებაზე ყურებს ცქვეტენ. ეს წიგნი არც ერთ მათგანს არ წაუკითხავს.

– ის კაცი სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ როგორღაც ყოველთვის ახერხებს თავის დაძვრენას. ის ადამიანებიც, რომლებიც მას წიგნებს უბეჭდავენ, მოსაკლავები არიან! – ამატებს თალჰა, – მის ნაწერებს არანაირ ფასად არ დავბეჭდავდი, რადგან მან ალაჰის სახელი შეაგინა და შეურაცხყო.

– იმ კაცმა ღრმა ჭრილობა მოგვაყენა. გულში დანა ჩაგვცა. იმედი მაქვს, ბოლოს მაინც დაიჭერენ! – ამატებს თალჰას ნათქვამს რომელიღაცა.

სულთანიც ეთანხმება:

– მან ჩვენი სული შეაგინა და სანამ სხვებსაც აიყოლიებდეს, ვინმემ უნდა შეაჩეროს. კომუნისტებმაც არაერთხელ სცადეს ჩვენი განადგურება, მაგრამ ისინი ჩვენი რელიგიის მიმართ პატარა პატივისცემას მაინც გამოხატავდნენ. ეს კაცი კი, რომელიც თავის თავს მუსულმანს უწოდებს, ასეთ სიბინძურეებს წერს...

ცოტა ხნით ყველა ჩუმდება, თითქოს მოღალატე რუშდის ხსენებამ ყველა შავბნელი ფიქრების ტყვეობაში მოაქციაო.

– ადრე თუ გვიან, მაინც დაიჭერენ, ინშალაჰ! თუ ღვთის ნება იქნება! – ამბობს ბოლოს თალჰა.

ნორვეგიულიდან თარგმნა - თამარ კვიჟინაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში