ვაცის, ანუ დიქტატორის პორტრეტი


1930 წელს, დომინიკის რესპუბლიკის პირველი გაყალბებული არჩევნების (რომელსაც მრავალი გაყალბება მოჰყვა) შედეგად, რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი გახდა. მომავალმა დიქტატორმა ამომრჩეველთა ხმების – 99% მიიღო. დომინიკის რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ინფორმაციით, ტრუხილიოს მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რიცხვს აჭარბებდა.

სიზუსტის მანიაკალური ჩვევით შეპყრობილი, ტრუხილიო ოთხ საათზე ადრე არ დგებოდა. არც ერთი წუთით ადრე და არც ერთი წუთით გვიან. ამ ადამიანს შეეძლო დღეღამეში ოცი საათი ემუშავა და ორ-სამ საათიანი ძილის შემდეგ, ალიონზე ყმაწვილივით ცინცხალს დაეწყო შრომა.

სისუფთავე, სხეულის მოვლა და ტანისამოსი ერთადერთი რელიგია იყო, რომელსაც ტრუხილიო მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად აღასრულებდა. კბილების გახეხვასა და გაპარსვას ყოველთვის გულმოდგინებით ეკიდებოდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, ჯიბეგაფხეკილი ყმაწვილი რომ იყო სან კრისტობალში.

ვერცხლისფერი თმა ყოველთვის კარგად ჰქონდა დავარცხნილი და პატარა ულვაშით ჰიტლერს ბაძავდა. როგორც თავად ამბობდა, ჰიტლერს თაყვანს არა მისი იდეების, არამედ სამხედრო ფორმის უნაკლო ჩაცმისა და სამხედრო აღლუმებზე განსაკუთრებული დგომის გამო სცემდა.

სანამ იპარსავდა, იბანდა და იცვამდა, როგორც წესი, რადიოს უსმენდა (საინფორმაციო გამოშვება დილის ხუთ საათზე იწყებოდა, მაგრამ, როდესაც მისმა ძმამ, პეტანმა, „დომინიკის ხმის“ მეპატრონემ, შეიტყო, რომ უფროსი ოთხ საათზე იღვიძებდა, გადაცემა ერთი საათით გადასწია. სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც მიბაძეს).

გულდასმით იპუდრავდა სახეს, რათა უთხელესი ფენით დაეფარა ის სიშავე, დედის მხრიდან რომ ერგო მემკვიდრეობით – ფერადკანიანი ჰაიტიელებისგან, რომელთა კვალიც უცხოებზეც სძულდა და საკუთარ სახეზეც.

ლეგენდის თანახმად, „ტრუხილიო არასდროს ოფლიანდებოდა“. ზაფხულის თაკარა მზეში მაუდის მუნდირი, ხავერდის ჟილეტი და ხელთათმანები ეცვა, მაგრამ შუბლზე წვეთ ოფლს ვერ შენიშნავდით. თუ არ უნდოდა, არ ოფლიანდებოდა, მხოლოდ მარტოობისას, ვარჯიშის დროს აძლევდა საკუთარ სხეულს უფლებას, რომ მოშვებულიყო.

ვერ იტანდა დაუდევრობასა და უწესრიგობას. ნაოჭი არასდროს ჰქონდა სამხედრო ფორმაზე, ჟაკეტზე ან კოსტიუმზე. პირად ადიუტანტებში, უშუალოდ მის დაცვაზე რომ იყვნენ პასუხისმგებელნი, ამძვრალი ღილი, ლაქა, ნაოჭი შარვალსა და კიტელზე ან ირიბად დახურული კეპი მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა და რამდენიმედღიანი მკაცრი რეჟიმით და ხანდახან, გარიცხვითა და რეგულარულ ჯარში გადაყვანით ისჯებოდა.

„დისციპლინას ვუმადლი ყველაფერს, რაც ვარ“, დისციპლინა–მისი ცხოვრების ღერძი – „Marine“-ს (ამერიკის შეერთებული შტატების ქვეითი ჯარი) დამსახურება იყო.

სან პედრო დე მაკორისში, ოკუპაციის მესამე წელს, „იანკებმა“ დომინიკის რესპუბლიკის პოლიციაში ჩასარიცხად ურთულესი გამოცდები ჩაატარეს. ტრუხილიომ დიდი ძალისხმევის გარეშე ჩააბარა. წვრთნის დროს ასპირანტების ნახევარზე მეტი გარეთ დარჩა, ის კი ტკბებოდა ნებისმიერი დავალებით, რომელიც სიმარჯვეს, სიმამაცეს, თავგანწირვას ან გამძლეობას ეხებოდა. ყველაზე ველური წვრთნაც კი მოსწონდა, ისეთები, ნებისყოფისა და უფროსისადმი მორჩილების გამოსაცდელად რომ ატარებდნენ: ჯგუფთან ერთად ლაფში ჩაყურყუმელავება, მთაში საკუთარი შარდის სმით თავის გადარჩენა, რტოების, ბალახის, კალიების დაღეჭვა. სერჟანტმა გიტლემანმა ყველაზე მაღალი შეფასება მისცა: „შენ ბევრს მიაღწევ, ტრუხილიო“.

დროს ყოველთვის ზუსტად მიჰყვებოდა. ეს მისი ერთ-ერთი ცრურწმენა იყო: ზუსტად ხუთ საათზე თუ არ შევიდოდა სამუშაო კაბინეტში, იმ დღეს უსიამოვნება ელოდა.

ტრუხილიოს რისხვა თუ ნაპირს გადალახავდა, ვერავითარი ჯებირი ვერ შეაჩერებდა. როდესაც საჭირო იყო, შეეძლო სიმშვიდისთვის მოეხმო. იცოდა თვალთმაქცობა, თავაზიანობა, გულითადი მოპყრობა ყველაზე „ამაზრზენ“ ადამიანურ ნარჩენებთან: მოღალატეების ქვრივებთან, შვილებთან, ძმებთან... თუ საჭირო იყო.

შეუპოვარი, პირდაპირი მზერა ჰქონდა, ასეთი გამოხედვით მოსაუბრეს უხერხულობაში აგდებდა. ტრუხილიოს წინაშე უამრავ ოფიცერსა და უამრავ დომინიკელს, გამბედაობა და ღირსების გრძნობა უკვალოდ უქრებოდა. ქველმოქმედი მათ გონებრივ სიმტკიცესა და ფიზიკურ ძალას თრგუნავდა, მორჩილება ს და თვინიერებას უნერგავდა.

არასოდეს ყოფილა დეპრესიების და დამთრგუნველი ფიქრებისკენ მიდრეკილი. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ჭრილობების ლოკვაზე დრო არასოდეს დაუკარგავს. „სახელმწიფო მოღვაწე არასოდეს ნანობს თავის გადაწყვეტილებებს“, არც ტრუხილიოს უნანია როდისმე. ხელისუფლების სათავეში ყოფნის ოცდაათი წლის განმავლობაში – მანამდეც, ჟანდარმერიაში რომ მუშაობდა და კიდევ უფრო ადრე, შაქრის ჭარხლის ფაბრიკაში – ზედამხედველად, შეეჩვია წარსულზე დრო არ გაეფლანგა, მიღებული გადაწყვეტილებების გამო არც სინანულში ჩავარდნილიყო და არც სიხარულს მისცემოდა.

„მე რომ ეჭვები მქონოდა, ვერასოდეს აღვადგენდი ამ მკვდარ ქვეყანას, ვერასოდეს ვიმოქმედებდი, ზეციდან რამე ნიშანს რომ დავლოდებოდი. საკუთარ თავს ვენდე, მეტს არავის, სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილებებს რომ ვიღებდი. ზოგჯერ, შესაძლოა ვცდებოდი კიდეც, რასაკვირველია“.

რომანტიკული? ტრუხილიო? შესაძლოა რომელიმე ქალთან, ვინც ჰყვარებია – კი, ალბათ, ლინა ლოვატონთან. მაგრამ სენტიმენტალური არეალის მიღმა, პოლიტიკაში, თავი ყოველთვის კლასიკურ ადამიანად – რაციონალურ, მშვიდ, შორისმხედველად მიაჩნდა.

ინტელექტუალებსა და ლიტერატორებზე ყოველთვის ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. კიბის უმაღლეს საფეხურზე მისთვის სამხედროები იყვნენ – მოვალეობას ასრულებდნენ, ინტრიგებს ცოტას ხლართავდნენ და დროს არ ართმევდნენ. შემდეგ - გლეხები. ბატეიებში, ბოიოებსა და შაქრის საწარმოებში „ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღი, მშრომელი, ღირსეული ხალხი“. შემდეგ – ბიუროკრატები, ბიზნესმენები, ვაჭრები. ლიტერატორები და ინტელექტუალები უკანასკნელნი იყვნენ, ღვთისმსახურების ჩათვლითაც კი.

„მე დრო არა მაქვს, ის სისულელეები წავიკითხო, რასაც ინტელექტუალები წერენ.  პოეზია, რომანები, ნოველები. სახელმწიფო საქმეები მეტისმეტად მშთანთქმელია. არ წამიკითხავს არც ჩემზე დაწერილი სტატიები, არც „დომინიკის ისტორია“. ასევე არ წამიკითხავს ის ასობით წიგნი, პოეტებმა, დრამატურგებმა, რომანისტებმა რომ მომიძღვნეს. ჩემი ცოლის ნაჯღაბნი აბდაუბდაც არ წამიკითხავს. მე ამის დრო არა მაქვს, არც იმის დრო მაქვს, ფილმები ვნახო, მუსიკას მოვუსმინო, ბალეტზე ან გალერეაში წავიდე. გარდა ამისა, დიდად არასოდეს ვენდობოდი არტისტებს. უხერხემლოები არიან, ღირსების გრძნობა არ გააჩნიათ, ღალატისკენ მიდრეკილები და ძალიან დამთმობები“, – ამბობდა ქველმოქმედი.

ყავას არ სვამდა და სადილზე არც ალკოჰოლს ეკარებოდა; სასმელს მხოლოდ სან კრისტობალში, თავის მამულში ან კაობას* სახლში, ახლობლების გარემოცვაში მიირთმევდა.

ფრთხილი, დახვეწილი და ელეგანტური საუბრისას – გველების მომთვინიერებელი, როცა ამის სურვილი ჰქონდა – მოულოდნელად, ღამღამობით, რამდენიმე ჭიქა ესპანური კონიაკის, „კარლ I“-ის დალევის შემდეგ, ისეთ უწმაწურ სიტყვებს ამბობდა, რომლებიც მხოლოდ შაქრის ქარხანაში, ფერმაში, ოსამას სატვირთო პორტში ან საროსკიპოში შეიძლებოდა მოგესმინა. საუბრობდა ისე, როგორც მამაკაცები საუბრობენ მაშინ, უფრო „მაჩოები“ რომ უნდათ გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ხანდახან, იმ დროის უხამსობებს როშავდა, ახალგაზრდობაში სან კრისტობალში ან ჟანდარმერიაში მუშაობის დროს რომ ამბობდა. გარშემომყოფნი ისეთივე შემართებით უწონებდნენ „მახვილსიტყვაობას“, როგორც ოფიციალურ გამოსვლებს. გენერალისიმუსს თავი მოჰქონდა იმ „მდედრებით, ნახმარი რომ ჰყავდა“, რასაც ასევე მხურვალედ მიესალმებოდნენ.

ახალგაზრდობიდანვე, სან კრისტობალში, ტრუხილიო ყოველთვის შინაგან ინტუიციას მიჰყვებოდა და მერე ერთი თვალის შევლება, ხან მოკლე საუბრი ან უბრალო მინიშნება მიახვედრებდა ხოლმე, რომ ეს ადამიანი გამოადგებოდა. ასე აირჩია თანამებრძოლების დიდი უმრავლესობა და საქმე ცუდად არ წასვლია. თანამებრძოლების არჩევის დროს გენერალსიმუსი პირად გრძნობებს ანგარიშს არ უწევდა და ადამიანებს მხოლოდ გენერალისიმუსის სანდოობით კი არა, ნიჭიერებითაც ირჩევდა.

„ყველაზე ცუდი, რაც დომინიკელს შეიძლება შეემთხვეს, ისაა, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი გამოვიდეს, რადგან ადრე თუ გვიან, ტრუხილიო რეჟიმის სამსახურში გამოიძახებს და როცა მოიხმობს, უარის თქმის უფლება არ ექნება“, – ასე ფიქრობდნენ ანტიტრუხილიოისტები.

მეტსახელების შერქმევაში ქველმოქმედი ახალგაზრდობიდანვე ენამახვილი იყო. ეს დაუნდობელი მეტსახელები მსხვერპლთათვის ისეთი სისხლხორცეული ხდებოდა, რომ ნამდვილ სახელს ანაცვლებდა.

კარგად იცნობდა მოღალატეებს, ყნოსვით გრძნობდა მანამ, სანამ გაყიდიდნენ. ზოგიერთები – ბეატას კუნძულზე, ზვიგენების სტომაქში იყვნენ და ზოგი – დომინიკელთა მიწის ჭიებს ასუქებდნენ.

ყველას სჯეროდა, რომ ვაცი სამშობლოს განმათავისუფლებელი იყო. ტრუხილიომ დაასრულა პარტიზანული ბრძოლა, ქვეყანას ჰაიტიელების ახალი თავდასხმის საფრთხე ააცილა, ბოლო მოუღო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მონურ მორჩილებას – საბაჟოებს აკონტროლებდნენ, დომინიკური მონეტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ქვეყნის ბიუჯეტსაც კი ამტკიცებდნენ. ავად თუ კარგად, ტრუხილიომ ქვეყნის მმართველობის სათავეში დომინიკის ყველაზე ბრწყინვალე თავები მოიყვანა. ამასთან შედარებით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენ ქალს გაჟიმავდა? ან ფაბრიკები, მამულები თუ ექნებოდა და საქონელი ეყოლებოდა? განა დომინიკის რესპუბლიკას არ ამდიდრებდა? განა, ამ ქვეყანას მთელ კარიბეში საუკეთესო სამხედრო ძალები არ შეუქმნა?

„ამ ქვეყნის გამო, ეს ხელები სისხლით დავისვარე, შავკანიანებს კვლავ რომ არ დავეპყარით. ასობით ათასები იყვნენ ყოველ კუთხეში. დღეს დომინიკის რესპუბლიკა არ იარსებებდა. 1940 წელივით მთელი კუნძული ჰაიტიელების იქნებოდა. გადარჩენილი ერთი მუჭა თეთრები შავკანიანებს მოჯამაგირეებად დაუდგებოდნენ. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემი მმართველობის ოცდაათი წლის განმავლობაში. ხელისუფლებაში ყოფნა ხანდახან სისხლში გასვრას გაიძულებს. ქვეყნის საკეთილდღეოდ ბევრჯერ მომიწია ამის გაკეთება, მაგრამ, ღირსების გრძნობა მაქვს. ხელი არასოდეს ამკანკალებია, რადგან მხოლოდ მაშინ გამიცია სიკვდილით დასჯის ბრძანება, როცა ქვეყნის კეთილდღეობისთვის იყო აუცილებელი“.

ისე არაფერი ადუღაბებს ადამიანებს, როგორც სისხლი. სწორედ ამის გამო შეეზარდა ტრუხილიო ამ ქვეყანას – უმადურების, ლაჩრებისა და მოღალატეების ქვეყანას, ჩამორჩენილობის, ქაოსის, უცოდინარობისა და ველურობისგან რომ დაეხსნა, ბევრი სისხლი დაღვარა – „მომავალში მადლიერნი მაინც დარჩებიან ეს ბრიყვები?“

„ბედნიერი ვიქნებოდი, მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ქვეყნის მმართველობას სხვა სახეც აქვს – ბინძური, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პოლიტიკის საუკეთესო საკითხებით: კანონებით, რეფორმებით, დიპლომატიური მოლაპარაკებებით, სოციალური ცვლილებებით დაკავება. არ მითხრათ, რომ არ იცით, ქვეყანაში მშვიდობა როგორ მიიღწევა. რამდენი მსხვერპლით და რამდენი სისხლით“.

ვაცმა ნამდვილად გარდაქმნა დომინიკის რესპუბლიკა. ააშენა გზები, ხიდები, ფაბრიკები და იმავდროულად, თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია ყველა სფერო – პოლიტიკური, სამხედრო, ინსტიტუციონალური, სოციალური, ეკონომიკური. იმდენად უსაზღვრო იყო ტრუხილიოს ძალაუფლება, რომ ყველა სხვა დიქტატორი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკას სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ჰყოლია, მათ შორის, ულისეს ერო-ლილისი, რომელიც ადრე სასტიკი ჩანდა, გენერალისიმუსთან საბრალო პიგმედ გამოიყურებოდა.

მან დაუბრუნა დომინიკელებს იანკების ხელში არსებული საბაჟოები, მან მოაგვარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საგარეო ვალის საკითხი, რის გამოც კონგრესმა ფინანსური რესტავრატორის საპატიო წოდება მიანიჭა. მან შექმნა მთელ კარიბეში საუკეთესოდ შეიარაღებული თანამედროვე და პროფესიული ჯარი.

ტრუხილიომ კომპანიები დააფუძნა და ბიზნესი დაიწყო, სამუშაო ადგილები რომ შეექმნა და ქვეყანა განვითარებულიყო, საშუალება რომ ჰქონოდა მტერი და მოყვარე დაესაჩუქრებინა და დომინიკელები კმაყოფილი ჰყოლოდა. და, თავის მეგობრებს, თანამშრომლებს და მოსამსახურეებს განა ისევე არ ეპყრობოდა, როგორც პეტრონიუსი “Quo vadis”-ში? ქერის ორმოში ჩაყარა, უძვირფასეს საჩუქრებს უძღვნიდა დაბადების დღეზე, ქორწინებაზე, შვილის გაჩენაზე, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ან უბრალოდ, იმის დასტურად, რომ ერთგულების დაფასება შეეძლო. ჩუქნიდა პესოებს, სახლებს, მიწებს, აქციებს, საკუთარი კომპანიებისა და მამულების მეწილეებად ხდიდა, საქმეს უჩენდა, კარგი შემოსავალი რომ ჰქონოდათ და სახელმწიფო არ გაეძარცვათ.

„მირჩევნია ჩემს თანამშრომლებს წარმატებული ბიზნესი ჰქონდეთ, ვიდრე მოიპარონ; ქვეყნისთვის კარგ ბიზნესს სარგებელი მოაქვს, ხალხს სამუშაოს აძლევს, სიმდიდრეს ქმნის, მოსახლეობის განწყობას ამაღლებს. მოპარვა კი ხალხში დემორალიზაციას იწვევს“.

ტრუხილიოს ფული დიდად არ აინტერესებდა. ძალაუფლების მოსახვეჭად სჭირდებოდა. თავისი ცხოვრების დასაწყისში ფულის გარეშე გზას ვერ გაიკაფავდა, სან კრისტობალის ძალიან მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა და ყმაწვილკაცობიდან ნებისმიერ საქმეზე უნდა მოეწერა ხელი, ღირსეულად რომ ჩაეცვა. შემდეგ ფული დაეხმარა, რომ ნაყოფიერად ეშრომა, წინააღმდეგობები გადაელახა, ეყიდა, ეპირფერა, მოექრთამა საჭირო ხალხი, ან დაესაჯა, ვინც საქმეში დაბრკოლებას შეუქმნიდა.

ვაცს ფული საქმისთვის სჭირდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, განა მილიონიან საჩუქრებს დაურიგებდა დომინიკელებს ყოველ 24 ოქტომბერს, მისი დაბადების დღე რომ აღენიშნათ? რამდენი მილიონი პესო დახარჯა ამ წლების განმავლობაში შეფუთულ საწუწნ კანფეტებში, შოკოლადებში, სათამაშოებში, ხილში, კაბებში, შარვლებში, ფეხსაცმელებში, სამაჯურებში, მძივებში, გამაგრილებელ სასმელებში, ბლუზებში, დისკებში, ქურთუ კებში, საქაღალდეებში, ჟურნალებში, იმ დაუსრულებელ მსვლელობებში, უფროსის დღეობაზე მთავრობის სასახლესთან რომ აწ ყობდნენ? და, კიდევ უფრო მეტი – ნათლიმამებსა და ნათლულებზე – კოლექტიური ნათლობის დროს, მთავრობის სასახლის სამლოცველოში, სადაც სამი ათეული წელია კვირაში ერთხელ, ხანდახან კი ორჯერ, ასობით ახალშობილს ნათლავს? მილიონობით, მილიონობით პესო.

ცხადია, მომგებიანი დაბანდება იყო. ეს აზრი თავად ტრუხილიოს მოუვიდა თავში ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში. კარგად იცნობდა დომინიკელების ფსიქოლოგიას. გლეხთან, მუშასთან, ხელოსანთან, ვაჭართან ნათელმირონით დაახლოებით, იმ უბედური კაცის თუ ქალის სამუდამო ერთგულებას მოიპოვებდა, რომელსაც ნათლობის შემდეგ გულში იკრავდა და ორი ათას პესოს ჩუქნიდა. ორი ათასს, – კარგ დროს. მაგრამ, რადგან ნათლულების რაოდენობა კვირაში ოცით, ორმოცდაათით, ასით, ორასით იზრდებოდა, საჩუქრები – ნაწილობრივ, დომინიკური ეკონომიკის დაღმასვლის გამო, რომელიც 1955 წლის თავისუფალი ერების მშვიდობისა და ძმობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო – ჯერ ათას ხუთას პესო მდე შეამცირა, შემდეგ – ათასამდე, ხუთასამდე, ორასამდე და ბოლოს ას პესომდე, – თითოეულ ნათლულზე.

ტრუხილიოს რეჟიმის მეათე წლისთავზე, მისი ინიციალები დომინიკური პარტიის დევიზში გამოჩნდა – Rectitud, Libertad, Trabajo y Moralidad (Rafael Leónidas Trujillo Molina). ეს სიტყვები:  სამართლიანობა, თავისუფლება, შრომა, ზნეობა - ქვეყნის ყველა ქუჩასა და მოედანს მოედო და ოჯახების დიდმა უმრავლესობამაც აიტაცა – „დომინიკელების სულში და გონებაში უნდა იყოს ეს სიტყვები ჩაბეჭდილი, ამ ოთხ სიტყვაშია დაწურული ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას გავუკეთე“, - აღნიშნავდა ქველმოქმედი.

არასოდეს საუბრობდა საკუთარ ოჯახზე, უახლოეს ადამიანებთანაც კი. მიაჩნდა, რომ ოჯახი – თუნდაც მუქთახორების, მცონარების, გაიძვერებისა და უბადრუკი დემონებისა – მეგობრობასა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას, წმინდა ცნებაა, ღირსების საკითხია. გულს ტკენდა უცხოს წინაშე, როგორი სანდო ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო, მისი ოჯახის მანკიერებანი სააშკარაოზე რომ გამოდიოდა.

ყოველთვის, როცა საკუთარ შვილებზე ფიქრობდა, კუჭის თავთან სიმწარეს გრძნობდა: წარმატებული ხელმოცარულები, ოცნებებისგან დაცლილები! პარიზში პოლოს თამაშობენ და ფრანგ ქალებს ჟიმავენ მაშინ, როცა მათი მამა გადარჩენისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული.

მისი შვილები, ბოჰემურები, მფლანგველები, ხასიათისა და ამბიციების გარეშე მხოლოდ დროსტარებისთვის ვარგოდნენ. ტრუხილიოს ძმებს დაემსგავსნენ და არა მას. ისეთივე მცონარები იყვნენ, როგორც ნეგრო, პეტანი, პიპი, ანიბალი – ხულიგნების ხროვა, მუქთამჭამელები, უქნარა და უბადრუკი დემონები, აი, ვინ იყვნენ მისი ძმები. არც ერთს მისი ენერგიის, შემართებისა და ხედვის მისხალიც არ გამოჰყვა.

„ის კი მართალია, ყველა ტრუხილიო ისეთი რომ არაა, როგორიც მე. არც ჩემს ძმებს, არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილებს არ უყვართ ეს ქვეყანა ისე, როგორც მე. ანგარებიანები არიან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ ვითარებაში დროს მაკარგვინებენ. სულ გაფაციცებული უნდა ვიყო, ჩემი ბრძანებები აბუჩად რომ არ აიგდონ“.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეზობელი სახელმწიფოების მიერ სანქციის დაწესების შემდეგ,  ტრუხილიომ მკაცრი ბრძანება გასცა - არც ერთ დომინიკელს, მისი ოჯახის ჩათვლით, ერთი პესო არ გაეტანა ქვეყნიდან, სანამ სანქციები მოქმედებდა. არ დაუშვებდა გაქცეული ვირთხების შეჯიბრებას იმ გემიდან, რომელიც უსათუოდ ჩაიძირებოდა თუ მთელი ეკიპაჟი – ოფიცრებიდან დაწყებული კაპიტნების ჩათვლით – გაიქცეოდა.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი ოჯახი იყო. ჩემი ძმები, საკუთარი ცოლი, შვილები. მსგავსი უბედურება გინახავს? სმა, ფული და ჟიმაობა – მეტი ჰორიზონტი არ გააჩნიათ. რომელიმეს ძალუძს ჩემი საქმის გაგრძელება? რა ელის ამ ქვეყანას, მე რომ აღარ ვიქნები?“

მაშინ რა მოხდება, როცა პირადად ვეღარ შეძლებს აღკვეთოს უგულისყურობა, უნიათობა და უგუნურება, ხომ შეიძლება მიწასთან გაასწორონ ის, რაც ასეთი ძალისხმევით შექმნა? კვლავ 1930 წლის ანარქია, სიღატაკე, ჩამორჩენილობა და გარიყულობა დაბრუნდება ქვეყანაში? ეჰ, რამფისს, ესოდენ ნანატრ შვილს რომ შეეძლოს მისი საქმეების გაგრძელება! მაგრამ არც ქვეყანა ანაღვლებს და არც პოლიტიკა აინტერესებს. მხოლოდ სასმელი, პოლო და ქალები. ჯანდაბა! გენერალი რამფის ტრუხილიო, დომინიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლოს თამაშობს და პარიზის “ლიდოს“ მოცეკვავეებს ჟიმავს მაშინ, როდესაც მამამისი აქ მარტო იბრძვის, ეკლესიის, შეერთებული შტატების, შეთქმულებისა და ლენჩების წინააღმდეგ.

რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო იმ ხელისუფალთ არ მიეკუთვნებოდა, ტყვიების ზუზუნის გაგონებაზე ძალაუფლებას რომ თმობენ.

„მე „Marine“-ს (ამერიკის შეერთებული შტატების ქვეითი ჯარი) შორის ვისწავლე რა არის ღირსება. იქ გავიგე, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამაკაცი ნებისმიერ დროს. ის, რომ ღირსების მქონენი არ გარბიან, იბრძვიან და თუ უნდა დაიღუპონ, ბრძოლაში იღუპებიან. ვერც კენედი, ვერც ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ვერც საძულველი და ქალაჩუნა შავკანიანი ბეტანკური, ვერც კომუნისტი ფიდელ კასტრო ვერ მაიძულებენ იმ ქვეყნიდან გაქცევას, რომელსაც, რაც აქვს, ყველაფერს მე უნდა მიმადლოდეს“, - ამბობდა დიქტატორი.

მას ვერ წარმოედგინა, თუ რატომ შეიძლებოდა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ იმ ადამიანების შვილებს, შვილიშვილებსა და ნათესავებს, რომლებმაც ყველაზე მეტად ისარგებლეს რეჟიმით; თუმცა, როგორც აღნიშნავდა, ერთგულება დომინიკელთა თვისება არაა, ოცდაათი წელია ემლიქვნელებიან, ტაშს უკრავენ, თაყვანს სცემენ, მაგრამ ქარის მიმართულების შეცვლისთანავე მუშტებს მოუღერებენ.

„როგორ მოულოდნელობასაც არ უნდა გვიმზადებდეს მომავალი, ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: მსოფლიომ შეიძლება ნახოს მკვდარი ტრუხილიო, მაგრამ ვერასოდეს ნახავს ბატისტასავით გაქცეულს, პერეს ხიმენესივით გაპარულს ან როხას პინილიასავით ტრიბუნალის გისოსებს მიღმა მჯდომს. დომინიკის სახელმწიფო მოღვაწეს სხვა მორალი და სხვა რასა აქვს. მე თუ მომკლავენ, ვინმე ძალიან ახლობელი იქნება, ასე ვთქვათ, მოღალატე ოჯახში, ეს დიდ უბედურებას მოგიტანთ. სწორედ ამიტომ არ ჩამოვდივარ უნაგირიდან, ასე რომ არ იყოს, გადავდგებოდი, როგორც მირჩევდნენ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის გამოგზავნილები: უილიამ პაული, გენერალი კლარკი და სენატორი სმაზერსი, რუზველტის მეგობარი. თეთრი სახლის გზავნილი იყო. ამისთვის მოვიდნენ. მთხოვდნენ, ქვეყანა დამეტოვებინა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარს მთავაზობდნენ . „იქ ხელშეუხებელი იქნება თქვენი ქონება”. ამ ჭკუასუსტებს ბატისტაში, როხას პინილიასა და პერეს ხიმენესში შევეშალე ... აქედან მხოლოდ მკვდარს გამიტანენ...“

1961 წლის 30 მაისს, სან კრისტობალშიმდებარე კაობას სახლისკენ* მიმავალი რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო, შეთქმულებმა მანქანაში –1957 წელს გამოშვებულ ლურჯ „შევროლეში“ ჩაცხრილეს.


* კაობას სახლი – წითელი ხის, მაჰაგონის სახლი. ტრუხილიოს რეზიდენცია ქალაქგარეთ. სახელგანთქმული კაობას სახლი დიქტატორმა ტრუხილიომ 1940 წელს ააშენებინა სან კრისტობალში, დომინიკის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტში. სამსართულიანი სახლი შიგნით წითელი ხით იყო მოპირკეთებული და სწორედ ამის გამო წითელი ხის სახლი ეწოდა. ამ სახლში დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, თავის ღამეულ შეხვედრებს მართავდა ქალებთან.

მომზადებულია მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ვაცის ნადიმის“ მიხედვით
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში