რატომ გამოიწვია ილია ორბელიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილი დუელში?

ნაწყვეტი როსტომ ჩხეიძის წიგნიდან - „ქართული დუელიანა“

ილია ორბელიანი, თავს შეურაცხყოფილად რომ იგრძნობდა,დუელში გამოიწვევდა ნიკოლოზ ბარათაშვილს - საკუთარ დისწულს. 

ესაა პირველი ქართული დუელი, რაც მემუარულმა ლიტერატურამ შემოგვინახა, თავისებური არქეტიპი, რომელმაც - როგორც გენებოთ, ისე ახსენით - ერთგვარად განსაზღვრა შურისგების ამ თავისებური ნაირსახეობის ქართული ნაკადი.

და ილია ორბელიანიც აჰყვებოდა ამ საზოგადოებრივ მორალს, როდესაც გააბეზრებდა მაღალაშვილის დამცინავი რეპლიკები, ენამახვილობით ცნობილი ყმაწვილი კაცისა.

ბარათაშვილი რაღა შუაშია?

რა შუაშია და - მეგობრობდა მაღალაშვილთან, მოსწონდა მისი ენამახვილობა, თვითონაც შეეშველებოდა ხოლმე და მაშინაც არ იხევდა უკან, როდესაც მისი მეგობარი ილიკო ორბელიანსაც მისდგებოდა და გარშემომყოფთ მასზე აცინებდა. ბარათაშვილიც ჩაურთავდა და ჩაურთავდა მახვილ ფრაზებს. ილიკო თავშეკავებას ინარჩუნებდა, უკვირდათ კიდეც, ამდენ ხანს როგორი მოთმინებით იტანს დაცინვასო, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მასაც აევსებოდა მოთმინების ფიალა და ერთ თავყრილობაზე იმ განზრახვით წავიდოდა, თუ კიდევ რაიმე შემომკადრა მაღალაშვილმა, უსათუოდ ჩხუბს ავუტეხავს და ხმალში გამოვიწვევო.

ისე მოხდებოდა, რომ იმ დღეს იქ მაღალაშვილი არ მივიდოდა და ილიკო გაგულისებასა და ჟინს ბარათაშვილზე ამოიყრიდა - რა დისწულობა, რისი დისწულობა, ისე აღრენილიყო, უწყინარი შეხუმრების პასუხად მაშინვე დუელში გამოითხოვდა.

იქ მყოფი ამხანაგები, მათ შორის ლევან მელიქიშვილი, შეეცდებოდნენ ხუმრობაში გაეტარებინათ ეს გამოთხოვა, მაგრამ შერიგებას ვერაფრით რომ ვერ მოახერხებდნენ, მოპირისპირენი სეკუნდანტებს აირჩევდნენ.

ილია ორბელიანი ყაბარდოელ ატაჟუკინს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მაღალაშვილს.

დაინიშნებოდა დრო, ადგილი და გაემგზავრებოდნენ დუელიანტებიცა და სეკუნდანტებიც ფეხით.

პირობას დადებდნენ, ვინც ცოცხალი და უვნებელი გადარჩება, დაზიანებული უნდა მიიყვანოს ჭირისუფალთან ან მკვდარი, ან ცოცხალიო.

თითქოს სხვადასხვა ჭირუსუფალი ჰყოლოდეთ!..

გზად ლევან მელიქიშვილი გამხნევებას რომ დაუწყებდა ბარათაშვილს, ორბელიანი ყურს მოჰკრავდა და წყენით ეტყოდა:

- მე კი არ გებრალები, ლევან?

- არა, არ მებრალები, იმიტომ, რომ შენ ხარ მიზეზი ამ დუელისა, - ისეთი საყვედურით მიუგებს ის, თითქოს ოინბაზური ჩანაფიქრის მონაწილე - და სულაც შთამაგონებელი - არ იყოს და წინასწარვე არ იცოდეს, თუ რითი გათავდება დუელი.

მიველნ დანიშნულ ადგილას, გაზომავენ მანძილს ნაბიჯებით, დატენიან დამბაჩებს და მოპირდაპირეებსაც დააყენებენ.

კი მაგრამ, სად არის ეს „დანიშნული ადგილი“ ანდა როდის მოხდა ეს - კინაღამ საბედისწერო - ეპიზოდი?

იონა მეუნარგია ამის თაობაზე ნიშანდობლივ არაფერს გვამცნობს, მაგრამ სოლომონ ცაიშვილი მისი ორტომეულის - „ქართველი მწერლები“ - გამოცემისთვის დართულ ვრცელ ექსკურსში საგანგებოდ დაინტერესდებოდა ამ დეტალების დაზუსტებით და ლევან მელიქიშვილის ნაამბობის პირვანდელი ვარიანტის წაშლილი სტრიქონების მიხედვით დროს აღადგენდა, როგორც: 1841 წლის შემოდგომას. ხოლო „დანიშნულ ადგილს“ ასე ივარაუდებდა: რაკიღა ეს ადგილი ქვევით, მხოლოდ ფეხით ჩასასვლელი მხარისაკენ ყოფილა, ასეთი მიდამო მაშინდელ თბილისში ორთაჭალის ბაღები, რიყე და მადათოვის კუნძული თუ იყო - ორბელიანთ უბნის უკან, მტკვრის პირას. და ყველაზე საფიქრებელი სწორედ მადათოვის კუნძულია - ორბელიანთა უბნისა (ილია სადაც სახლობს) და ანჩისხატის უბნის (ბარათაშვილი სადაც სახლობს) მცხოვრებთა შეხვედრა უთუოდ ყაბახის მიდამოებში უნდა მომხდარიყო. „ჩასასვლელი“ ადგილიც აქედან მადათოვის კუნძულის მტკვრის ნაპირები იყო, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა წაყვანა დამარცხებული დუელიანტისაო.

შალვა ჩხეტია კი იმ გარემოებას მიაქცევდა ყურადღბას და შესაფერის დოკუმენტურ ცნობასაც მოიპოვებდა, რომ დუელს თურმე ხელს უწყობდა ერთი საპიორის ოფიცერი, ვინმე მატინოვი, ვისაც იონა მეუნარგია პოეტის მეგობართა შორის ასახელებს. იმას გაუღვივებია ცეცხლი და ლამის საბედისწეროდაც გადაუქცევია ბიძა-დისწულის შეხუმრება-ქილიკობანი.

ჯერ კი დანიშნულ ადგილას დგანან, მანძილი ნაბიჯებით გადაუზომავთ, დამბაჩები დაუტენიათ და დუელიანტებიც პირისპირ შეჰყურებენ ერთმანეთს.

და ჯერჯერობით ყოველივე ისე ხდება, ასეთ ვითარებას როგორც შეჰფერის.

ილია ორბელიანს, მაღალს, მაღალ ადგილზე დააყენებენ, ნიკოლოზ ბარათაშვილს, დაბალს, დაბალ ადგილზე, და სეკუნდანტის ხმაზე - ერთი, ორი, სამი - მოწინააღმდეგენი გამოუშლიან ჩახმახს.

ისეც გრძელდება - დუელის შესაფერისად.

იგრიალებს ბარათაშვილის დამბაჩა, ორბელიანის ფალიაში კი მხოლოდ წამალი ამოიწვება. იმას ეგონება, მომატყუესო, და ჩაბერავდა სულს დამბაჩას. მაგრამ ნახავდა თუ არა, გატენილიაო, მოითხოვდა სროლის განმეორებას. მეორეჯერაც გავარდებოდა დამბაჩა და... ბარათაშვილი წაიქცეოდა.

მოვკალიო, გაუელვებდა თუ არა ეს ფიქრი ილიას, მაშინვე გადაეწმინდებოდა გონება და სასოწარკვეილი მივარდებოდა თავის დისწულს, დასწვდებოდა და, შიშით გაოგნებული, მწოლიარეს ჯიბის ახლოს მოავლებდა ხელს.

და „მკვდრის“ ხმა მოესმის:

- აი, ქიშმიში მაქვს, ქიშმიში! ჯიბიდან არ ამომაცალო!

- უი, შენ დაგწყევლოს... შე შეჩვენებულო, გული რად გამიხეთქე, - სულს მოითქვამს ჭკუაზე გადასული ორბელიანი.

ასე გადაიქცა ტრაგედია კომიკურ სცენად, კიდევ ერთ სახალისო, ოინბაზურ ეპიზოდად მაშინდელ ყმაწვილკაცთა ცხოვრებაში, გახსენება რომ არა და არ მოწყინდებოდათ; ოღონდ ათწლეულთა შემდგომ იონა მეუნარგიას რომ არ ჩაეწერა ლევან მელიქიშვილსია და ნიკო ერისთავისაგან, უკვალოდ წაგვეკარგებოდა ეს მრავალმხრივ დამაფიქრებელი დუელი.

ქიშმიში მაქვსო, - ხითხითებდა ბარათაშვილი და გონება ეწმინდებოდა ორბელიანს, ვინც ისედაც მიხვდებოდა თანამეინახეთა ოინბაზობას, მაგრამ სიცილ-ხარხარით მაინც აუხსნიდნენ: დამბაჩები უტყვიოდ გავტენეთო.

პირველი სროლის შემდეგ საიდუმლო რომ არ გამოაშკარავებულიყო, მაღალაშვილი წასჩურჩულებდა მეგობარს: დამბაჩა გავარდება თუ არა, უსათუოდ წაიქეციო.


როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა
„ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“, თბილისი, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში