ჰარუკი მურაკამი - უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

გამარჯვების სურვილია მნიშვნელოვანი, რეალურ სამყაროში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები.

***

ნათელი მიზნების დასახვა ცხოვრებას აიოლებს.

***

შეგვიძლია, მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტორიას, რომელმაც ისინი დაგიტოვა, ვერ წაშლი.

***

ისტორიას ვერ შეცვლი, ვერ წაშლი. ეგ საკუთარი თავის დანგრევის ტოლფასი იქნება.

***

არსებობს ფიქრები, რომლებიც, რაც უნდა მოხდეს, არ უნდა გამოამჟღავნო.

***

ეჭვიანობა ყველაზე უსასოო ციხე იყო სამყაროში. ეჭვიანობა ისეთი რამ არ იყო, სადაც ვიღაც სხვა შეიტყუებს კაცს, არამედ ის საკანი, სადაც თავისივე ნებით შედიოდა, კარს კეტავდა და გასაღებს მალავდა. და ქვეყნად არც ერთმა სხვა სულიერმა არ იცოდა, იქ რომ იყო გამოკეტილი ის ვიღაც. რა თქმა უნდა, თუკი გაქცევას მოინდომებდა, შეძლებდა კიდეც. ეს ციხე ხომ, ბოლოს და ბოლოს, მისივე გული იყო. მაგრამ ვერ გადაეწყვიტა. გული გაუქვავდა. სწორედ ეგ იყო ეჭვიანობის მთავარი არსიც.

***

ჩვევაში გაუჯდა თანდათან კითხვა. და ეს ისეთი ჩვევა იყო, ცხოვრებაში წინ რომ წასწევდა.

***

იდეები წვერივითაა, ვიდრე არ წამოგეზრდება, არ გაქვს. ვოლტერმა თქვა ეს.

***

ხუთივე ოცდაათი წლისა იყო - იმ ასაკისა, როცა აღარავინ ოცნებობს ჰარმონიული თემის ჩამოყალიბებაზე.

***

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს მაინც თავისი სახელი არ მოსწონს.

***

სახელი მამამისმა უბოძა. მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მამამისს უკვე გადაეწყვიტა მისი სახელი. რატომ - გაუგებარია. შეიძლება იმის გამო, რომ მამამისმა თავისი ცხოვრების უამრავი წელი ისე გაატარა, რომ საკუთარი ხელით არაფერი გაუკეთებია.

***

იმას, ვისაც თავისუფლებას წაართმევენ, ბოლოს აუცილებლად შესძულდება ვინმე.

***

ორიგინალურობა სხვა არაფერია, თუ არა გონივრული იმიტაცია. ასე თქვა რეალისტმა ვოლტერმა.

***

ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს. ეს აზროვნებაზეც ვრცელდება. საზღვრებმა არ უნდა შეგაშინოს და არც საზღვრების მოშლას უნდა უფრთხოდე. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ეგაა, თავისუფლება თუ გინდა - აფასებდე და გძაგდეს საზღვრები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ცხოვრებაში მეორეული რამეებიც არსებობს.

***

როცა ამბავს თხზავ, ყოველ ჯერზე, როცა ხელახლა ყვები, დეტალები იცვლება. ამბის შელამაზებას ცდილობ და გავიწყდება, ადრე რას მოჰყევი.

***

რაც უნდა ჩუმად და მყუდროდ გეჩვენებოდეს ვინმეს ცხოვრება, მის წარსულში მაინც მოიძებნება ისეთი დრო, როცა თავი ჩიხში გამომწყვდეულად უგრძნია, დრო, როცა ოდნავ გადასულა ჭკუიდან. მგონი, ყოველ ადამიანს სჭირდება, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ შეემთხვას.

***

ზოგჯერ კარგია ნიჭის ქონა. მომხიბვლელად გამოიყურება ნიჭიერი ადამიანი, ყურადღებას იქცევს, თუ გაუმართლებს, ასე ფულსაც იშოვის. ქალები ბუზებივით დაეხვევიან. ამ მხრივ, ნიჭის ქონა უნიჭობას სჯობს. მაგრამ ნიჭი მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ დაუზარელ ფიზიკურ და მენტალურ ენერგიას იყენებს კაცი. მაგრამ საკმარისია, ერთადერთი ჭანჭიკი მოეშალოს გონებაში, ან რამე ფუნქცია დაერღვეს სხეულში, და ნიჭის გამოვლენას მაშინვე წინ ეღობება რაღაც.

მყიფეა ადამიანის სხეული. ის კომპლექსური სისტემაა, რომლის დაზიანება ძალზე ტრივიალურ რამეს შეუძლია, და ხშირად, რამე რომ დაზიანდება, ძალიან რთული ხდება მისი შეკეთება. ატკივებულ მხარს რამე ეშველება, მაგრამ ბევრი ისეთიც დაემართება ადამიანს, რომელსაც ვერაფერს უშველის. შეიძლება, ნიჭი ის ფუნდამენტია, რომელზეც დგას ადამიანი, მაგრამ, ამასთანავე, ისეთი არასანდოა, რომ არავინ იცის, მომდევნო წამს რა მოხდება, შესაბამისად, რა აზრი უნდა ჰქონდეს ნიჭის ქონას?

***

მოცარტი და შუბერტი ახალგაზრდები დაიხოცნენ, მაგრამ მათი მუსიკა დღემდე ცოცხალია. ეგეთი ნიჭი გამონაკლისია. ძირითადად, იმათ, ვინც გენიალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, საფასურის გადახდა მოუწიათ სანაცვლოდ - ხანმოკლე სიცოცხლის ან უდროო სიკვდილის სახით. ისინი გარიგებას დებენ, სასწორზე აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს. ამ გარიგებას ღმერთთან დებენ თუ ეშმაკთან, ეგ აღარ ვიცი.

***

უამრავი არაფრისმაქნისი, უვარგისი ადამიანის სიკვდილი მინახავს, თუ იმ ადამიანებს გამოუვიდათ, მეც როგორმე გავუმკლავდები.

***

ეს არც სიზმარი იყო, არც ილუზია. სინამდვილე უნდა ყოფილიყო. თუმცა წონა აკლდა, წონა, რომელსაც სინამდვილისგან მოელი.

***

სახლი მალე აავსო ახალდაფქული ყავის სურნელმა, სურნელმა, რომელიც ღამეს დღისაგან მიჯნავს.

***

ყველას რაღაც გამოსდის კარგად.

***

იმდენად გულგრილ სამყაროში ვცხოვრობთ, და ამის მიუხედავად, მაინც უზარმაზარი ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია სხვებზე. თუ მოისურვებ, ვინმეს შესახებ ცნობები შეკრიბო, არ გაგიჭირდება. და მაინც, თითქმის არაფერი ვიცით ხოლმე ერთმანეთის ცხოვრებაზე.

***

მობილური ტელეფონები ისეთი მოსახერხებელია, რომ მოუხერხებელი გახდა.

***

უმეტესობას არ ანაღვლებს სხვების ბრძანებებს რომ ასრულებს. სინამდვილეში, მათ უხარიათ კიდეც, სხვა რომ ეუბნება, რა აკეთონ. შეიძლება დაიწუწუნონ, მაგრამ გულწრფელად არ ადარდებთ ეგ. მხოლოდ და მხოლოდ ჩვევა აქვთ შეძენილი ბუზღუნისა. რომ უთხრა, თვითონ მოიფიქრონ რამე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და მასზე პასუხისმგებლობა აიღონ, ვერაფერს გახდებიან.

***

რელიგიური კულტები და პერსონალური განვითარების სემინარები ძირითადად იმის ცდაში არიან, რომ ფული დასტყუონ ადამიანს, ამისთვის, ტვინს გამოურეცხავენ ხოლმე მსმენელს.

***

ვინც ნამდვილად დამოუკიდებლად აზროვნებს ჯობია თავი დაანებო და ტყუილად არ ეცადო მათ გასულელებას. ყოველ სისტემას სჭირდება მათნაირი ელიტარული ხალხი. თუ ყველაფერი წესისამებრ წარიმართება, ისინი მმართველ პოზიციებზე მოხვდებიან.

***

არიან კიდევ ისეთები, ვინც იღებს ზემოდან წამოსულ ბრძანებებს და იმას აკეთებს, რასაც დაავალებენ. ასეთია ადამიანების უმეტესობა. ჩემი უხეში გამოთვლებით, მოსახლეობის 85 პროცენტი ასეთია.

***

ყველაფერი იმიჯია. მნიშვნელოვანი ისაა, რას ილაპარაკებენ შენზე. და როცა კარგ რეპუტაციას მოიპოვებ, შენი დროც დადგება.

***

ზოგჯერ სიმართლე ქვიშაში ჩაფლულ ქალაქს მაგონებს. დრო რომ გადის, ქვიშა იკლებს, იფანტება და გამოჩნდება ის, რაც დაფარული იყო.

***

შეიძლება მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტორიას, რომელმაც ისინი დაგიტოვა, ვერ გადაშლი.

***

ნიჭი კონტეინერს ჰგავს. რამდენი გინდა ივარჯიში, მისი მოცულობა არასოდეს შეიცვლება. მხოლოდ და მხოლოდ იმავე მოცულობის წყალს დაიტევს და ვერავითარ შემთხვევაში მეტს ვერა.

***

ცხოვრების მანძილზე თანდათანობით ვახერხებთ შევიცნოთ ჩვენი თავი, და რაც მეტს აღმოვაჩენთ, უფრო მეტად ვკარგავთ საკუთარ თავებს.

***

ადამიანებს ხშირად არასწორად ესმით სიტყვა „გავრცელებულის“ მნიშვნელობა, თუნდაც რაღაც ტენდენცია გავრცელებული იყოს, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანთა შორის გაბატონდება.

***

არის რაღაცეები, რასაც გოგონები მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს უყვებიან. და ეგ ამბები არასოდეს ქალთა სამყაროდან არ ჟონავს. ზოგჯერ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, მაგრამ არის საიდუმლოები, რომლებსაც გულმოდგინედ ვიცავთ, ისე, რომ ბიჭებმა არასოდეს შეიტყონ.

***

ადამიანები მუდმივ მოძრაობაში არიან, არასოდეს ჩერდებიან. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

***

ტკივილის განცდა რომ შემიძლია, ეგეც კარგია. შარში მაშინ გაქვს თავი გაყოფილი, როცა ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობ.

***

ყველას აქვს თავისი შინაგანი ხმა, თუმცა იშვიათად ახერხებენ მისთვის ყურის დაგდებას.

***

ცხოვრებაში ზოგი რამ ისეთი ჩახლართულია, რომ მისი ახსნა ნებისმიერ ენაზე ჭირს.

***

ადამიანის გული ღამის ჩიტებსა ჰგავს. რაღაცას ელის ჩუმად, მშვიდად, წყნარად, და შემდეგ, დრო რომ მოვა, პირდაპირ მიფრინავს მისკენ.

***

ცხოვრებაში უამრავ რამესთან გიწევს გამკლავება, უამრავ რამესთან, - ერი ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდა, - ერთ რამეს ყოველთვის მეორესთან აქვს კავშირი. ცდი ერთის მოგვარებას, და მაშინვე მეორე წამოყოფს თავს, მაშინვე მასთან მოგიწევს გამკლავება. არ არის ადგილი, ყველაფერი მოაგვარო.

***

პრობლემებისგან გათავისუფლება ადვილი არ არის. თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თავის ნებაზე უნდა მივუშვათ და არაფერს ვეცადოთ. შეიძლება, მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტოიას მაინც ვერ შეცვლი.

***

არის ხუფები, რომლებიც ისე მჭიდროდ ახურავს ქილებს, რომ მათ უკვე ვეღარ მოხსნი.

***

მხოლოდ და მხოლოდ ჰარმონია როდი აკავშირებს გულებს ერთმანეთთან. ისინი ჭრილობებით არიან გადაჯაჭვულნი. ტკივილი ტკივილშია ჩაწნული, სისუსტე - სისუსტეში. არ არსებობს სიჩუმე ამოძახილის გარეშე, მიტევება - სირცხვილის გარეშე, მიღება - დანაკარგის გარეშე. აი, რით იკვებება ჰარმონიის ფესვები.

***

ვინც გადარჩა ვალდებულება აკისრია. ვალდებულება ისაა, რომ ცხოვრება განაგრძონ. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ეს ცხოვრება იდეალური.

***

და განა ვინმემ დანამდვილებით იცის, თვითონ რას წარმოადგენს?

***

თუ რამე მართლა დიადია, მას პატარა შეცდომა ვერ დაამსხვრევს და ვერ გაანადგურებს.

***

თუ ხარვეზს აღმოაჩენ, მის გამოსწორებას მოგვიანებითაც შეძლებ, ჯერ პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

***

საჭირო სიტყვები ყოველთვის უდროოდ, დაგვიანებით ადგება კაცს ენაზე.

***

ჩვენი ცხოვრება რთულ, ჩახლართულ მუსიკალურ ნოტებს ჰგავს, სავსეა კრიპტოგრამული ჩანაწერებით, მეთექვსმეტედებითა და ოცდაათწამიანი ნოტებით, და სხვა უცნაური ნიშნებით. თითქმის შეუძლებელია უშეცდომოდ მათი შესრულება, და რომ შეძლო კიდეც, სწორ ხმებადაც რომ გადააქციო, მაინც შეიძლება ადამიანებმა სწორად ვერ გაიგონ, ვერ დააფასონ, შეიძლება არსსა და მნიშვნელობასაც ვერ ჩასწვდნენო. და ვინ მოგცემს გარანტიას იმისა, რომ ეს გახდით ადამიანებს ბედნიერს? რატომ უნდა იყოს სხვათა ცხოვრების ნამოღვაწარი ასეთი ჩახლართული?


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში