იუკიო მიშიმა - ოქროს ტაძარი

ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც დაუბრკოლებლად წარმოთქვამენ სიტყვებს, შეუძლიათ ღია დატოვონ ამგვარი კარი, რათა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს მათ შინაგან სამყაროსა და გარესამყაროს შორის, მაგრამ მე ეს არაფრით შემეძლო. ჩემი გასაღები ჟანგით იყო დაფარული. ენაბლუს წვალება, პირველი ბგერების გამოთქმისას, მახეში გაბმული ჩიტის ტანჯვას წააგავს - თავის გამოხსნას რომ ცდილობს. საბოლოოდ, თავს კი გამოიხსნის, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

***

დუმილი საკმარისი იქნებოდა ყოველგვარი სისასტიკის გასამართლებლად.

***

როდესაც გააცნობიერებ, რომ შეგწევს ძალა, ეს სამყარო მკლავებში მოიქციო და ბოლომდე გამოწურო, მაშინ... მაგრამ ამგვარი თვითშემეცნება მეტად მძიმე ტვირთია პატარა ბიჭის სიამაყისთვის. სიამაყე უფრო მსუბუქი, ნათელი, თვალისთვის ადვილად აღსაქმელი და მეტად ბრწყინვალე უნდა იყოს.

***

სხვებს ჩემი არ ესმოდათ და სწორედ ეს წარმოადგენდა ჩემი სიამაყის ერთადერთ წყაროს. შესაბამისად, არასოდეს მიჩნდებოდა სურვილი, რაიმე სახით გამომეხატა თავი და სათქმელი სხვებამდე მიმეტანა. ვფიქრობდი, თვით განგებამ არ მიწყალობა რაიმე ისეთი, რაც ადამიანს თვალში მოხვდებოდა-მეთქი. და ჩემი მარტოობაც ნელ- ნელა იზრდებოდა, ნასუქი ღორივით…

***

გავიფიქრე, ახლა მხოლოდ სიტყვებს შეუძლია ჩემი გადარჩენა-მეთქი. სულ ეს შეცდომა მომდის ხოლმე. სწორედ მაშინ, როცა მოქმედებაა საჭირო, მე მთელი ყურადღება სიტყვებზე გადამაქვს.

***

სხვები რომ არ არსებობდნენ, სირცხვილიც ვეღარ იპოვიდა გზას ამ ქვეყნისაკენ.

***

იმისათვის, რომ თავისუფლად შევხედო მზეს, ყველა სხვა უნდა განადგურდეს...

***

ადამიანი მხოლოდ მაშინ იწყებს შფოთვას, როცა სისხლი დაიღვრება. მაგრამ როცა სისხლი დაიღვრება, ტრაგედია უკვე მომხდარია.

***

ოქროს ტაძარი სამსართულიანი კოშკია, რომელიც სარკის ტბას გადმოჰყურებს. ითვლება, რომ ტაძარი აშენდა დაახლოებით 1398 წელს (ოეის ეპოქის მე-5 წელს). პირველი და მეორე სართულები ჰეიანისა და კამაკურას ეპოქების არისტოკრატთა სასახლეების სტილისაა. გამოყენებულია შიტომიდო - ორი ნაწილისგან შემდგარი ასაწევი კარები.

მესამე სართული წარმოადგენს სამი კვადრატული კენის (ძველი იაპონური საზომი ერთეული. უტოლდება დაახლოებით 1.8 მეტრს) ფართობის მქონე ნაგებობას, რომელიც შესრულებულია წმინდა ძენ-ბუდისტურ სტილში. ცენტრალურ ნაწილში გაჭრილია ამ სტილისთვის დამახასიათებელი ხის კარი, მარჯვნივ და მარცხნივ კი - რომბისებური სარკმელები. ალვის ხის ქერქით დაფარულ სახურავზე მოოქროვილი სპილენძის ფენიქსია აღმართული, რაც ჰოგიო ძუკურის სტილს უსვამს ხაზს.

ტაძრის მონოტონურობას არღვევს ორფერდა სახურავით დაფარული სათევზაო პავილიონი, რომელიც ზედ გუბურაზე გამოდის. მცირედ დაქანებული სახურავებითა და ხის ნატიფი კედლებით, ოქროს ტაძრის კომპლექსი საბაღო არქიტექტურის შედევრია და გამოირჩევა საერო და ბუდისტური არქიტექტურული სტილების საოცარი ჰარმონიით.

***

არ გავაზვიადებ, თუ ვიტყვი, რომ პირველი სირთულე, რომელსაც ცხოვრებაში გადავეყარე, სილამაზე იყო.

***

მაშფოთებდა და მაღიზიანებდა თვით ის აზრიც კი, რომ სადღაც, ჩემთვის უცნობ სამყაროში სილამაზე არსებობდა. თუკი სილამაზე მართლაც სუფევდა, მაშ, ჩემი არსებობა მოწყვეტილი იყო ამ სილამაზეს.

***

ნუთუ სილამაზე შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რაც სილამაზეს ამდენად მოკლებულია?

***

ხომ შეიძლება, რომ სილამაზე თავის დასაცავად ადამიანების მზერას ატყუებდეს?

***

როგორ ცოცხლადაც უნდა მოჩანდეს გარდაცვლილის სახე, ეს მხოლოდ გარსია - სინამდვილეში ის უწყვეტად ვარდება უსასრულობაში, საიდანაც ვეღარასოდეს მობრუნდება. ცხედრის სახე ყველაზე გულწრფელად მოგვითხრობს, თუ რამდენად შორეული და მიუწვდომელია ჩვენთვის მატერია.

***

ჩემი ცხოვრება მისი პერანგივით დაჭმუჭნული იყო. მაგრამ, მიუხედავად ნაკეცებისა, მაინც როგორ ბზინავდა ეს თეთრი ნაჭერი! და იქნებ - მეც?..

***

ომის წყალობით, ჩემი მეოცნებე ბუნება ძალას იკრებდა და სულ უფრო ვშორდეობდი სინამდვილეს. ჩვენნაირი ყმაწვილებისთვის ომი უშინაარსო, საშინელი სიზმრის მსგავსი რამ იყო - სიცოცხლის აზრს მოწყვეტილი და საგიჟეთის იზოლატორს დამსგავსებული.

***

ვოცნებობდი მხოლოდ ისეთ უბედურებასა და ტრაგედიაზე, რომელიც ადამიანის წარმოსახვასაც კი გასცდებოდა - ციდან ჩამოსულ უზარმაზარ დგუშზე, რომელცი ადამიანებსა თუ ნივთებს, სილამაზესა თუ სიმახინჯეს, ყველაფერს ერთიანად გასრესდა და გაანადგურებდა. ზოგჯერ ადრეული გაზაფხულის ცის უჩვეულო ელვარებაც კი დედამიწაზე აღმართული გიგანტური ცულის პირის ცივ ნათებად მეჩვენებოდა. მხოლოდ და მხოლოდ მის დარტყმას ველოდი - ელვის უსწრაფეს დარტყმას, რომელიც ფიქრის დროსაც კი არ დაგვიტოვებდა. ახლაც უცნაურად მეჩნევება ხოლმე - მსგავს შავბნელ აზრებს თავიდანვე არ ვყავდი შეპყრობილი. ჩემი ცნობისმოყვარეობის ობიექტი, ჩემთვის ბოძებული გამოცანა მხოლოდ სილამაზე და მისი შეცნობა უნდა ყოფილიყო... თუმცა კი, არა მგონია, ომის გამო ავყოლოდი ამ ბნელ ფიქრებს. ადამიანი, თუკი მხოლოდ სილამაზის აღქმას ესწრაფვის, გაუაზრებლად შეეჩეხება ამქვეყნად ყველაზე ბოროტ ზრახვებს. ალბათ ასეა ის მოწყობილი.

***

გონებაგაფანტულობის მოკლე წამები იმ ლურჯ ნაგლეჯებს ჰგავს, ღრუბლებით დაფარულ ცაზე ხანდახან რომ გამოჩნდება ხოლმე.

***

მამის სიკვდილთან ერტად მისი ხელისგულებისგან საბოლოოდ გავთავისუფლდი და მისმა მკვდარმა სახემ მაგრძნობინა, რომ ცოცხალი ვიყავი...

***

ამ სამყაროს ყველაზე ამაღლებული გრძნობები ყველაზე ბინძური გრძნობებისგან არ განსხვავდება. ორივეს ერთნაირი ეფექტი აქვს და მკვლელობის სურვილიც კი არ განსხვავდება ღრმა თანაგრძნობისაგან.

***

ნეტავ რატომ მიიჩნევენ ნაწლავებგადმოყრილ ცხედარს საშინელ სანახაობად? რატომ ვიფარებთ თვალებზე ხელს შეძრწუნებულები, როცა ვხედავთ ადამიანის შიგნითა მხარეს? რატომ აგდებს შოკში ადამიანს გადმომდინარე სისხლის ხილვა? განა რა არის ასეთი მახინჯი ადამიანის შიგნეულში? განა ახალგაზრდა მბზინვარე კანის სილამაზე და შიგნეულობა ერთი ბუნების არაა?

***

როცა ომი დამთავრებულია, ადამიანებს ბოროტი ზრახვები უწამლავთ გონებას. ქალები და კაცები ერთმანეთს სახეებზე აკვირდებიან და თან სდევთ სიკვდილივით საძაგელი ქმედებების სუნი, რომელსაც სულ მალე ყველა იგრძნობს.

***

ფიფქები საოცარი სისწრაფით ცვიოდა... ბავშვობაში ასე ხშირად ვიქცეოდი და მაშინაც ზემოთ ავიხედე, პირი ფართოთ გავაღე. ფიფქები კბილებზე მედებოდა და ისეთ ხმებს გამოსცემდა, თითქოს თუნუქის თხელ ფურცლებს ატკაცუნებენო. ვგრძნობდი, რომ ფიფქები უხვად ცვიოდა პირის ღრუში და წითელ ხორცზე დნებოდა. თოვლი თავს ბავშვებად გვაგრძნობინებს ხოლმე.

***

ერთ უცხოურ სიმღერაში ნათქვამია, შავი თვალები ბოროტი და სასტიკიაო. ისე კი, ალბათ ადამიანის ბუნებაა, ყველაფერ უცხოში სისასტიკე დაინახოს.

***

ხეიბრებსაც ხომ ლამაზმანებივით თამამი, მოურიდებელი სილამაზე გააჩნიათ. ხეიბრებსაც და ლამაზმანებსაც ყელში აქვთ ამოსული, რომ ხალხი მუდმივად მათ უყურებს. თავად მათი არსებობა გულისხმობს იმას, რომ ხალხის მზერა დღენიადაგ თან უნდა სდევდეთ და გასაქანს არ აძლევდეთ, ამიტომ, კუთხეში მიმწყვდეულები, თვალს თვალში მოურიდებლად გაგიყრიან. იმარჯვებს ის, ვინც თვალს არ აარიდებს.

***

უკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის დაპირისპირების ნაპრალს აჩენს, ალბათ მალევე გაქრება, თუკი ჩვენსა და სამყაროს შორის რომელიმე შეძლებს გარდაქმნას.

***

სიცილის მომგვრელი გარეგნობის ადამიანმა კარგად იცის, რომ კომიკურობა შემთხვევით ტრაგიკულ სანახაობაში არ უნდა გადაეზარდოს.

***

ადამიანებს ჰგონიათ, თუკი სარკეში არ ჩაიხედეს, საკუთარ თავს ვერ დაინახავენ.

***

ჯოჯოხეთის განსაკუთრებულობაც სწორედ ესაა, რომ უკუნეთის მიუხედავად, მისი ყველა კუნჭული ცხადზე ცხადად ჩანს.

***

განა ვინმეს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ თუ ლამაზმანს ოცნებებისგან დაუბინდავი თვალებით შეხედავ, ის უცბად მახინჯ დედაბრად არ გადაიქცევა?

***

შენი ავხორცული სურვილების ობიექტთან მანძილის შემცირებას კი არ უნდა ეცადო, არამედ როგორმე უნდა შეინარჩუნო ეს მანძილი, რათა ობიექტი ყოველთვის ობიექტად რჩებოდეს.

***

სამყარო სულ ერთ ადგილას დგას და ამავე დროს აღწევს დანიშნულების ადგილს.

***

რწმენა იმისა, თითქოს არავინ არასოდეს შეგიყვარებს, თავად კაცობრიობის არსებობის საფუძველია.

***

იცი, რომ ავიადაბომბვების მერე ყველას, ვისაც გვამები გაჰქონდა, სიკეთე და სათნოება ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი? აგონიის, სისხლისა და სიკვდილისწინა ამოხრიალების ხილვა ადამიანებს თავმდაბლობისკენ უბიძგებს, სულს უფრო მეტ სიფაქიზეს, ნათელსა და სითბოს სძენს. ადამიანის სისასტიკისა და სიმხეცის მიზეზები ამაში არაა. სასტიკები სწორედ ასეთ დროს ვხდებით, როცა გაზაფხულის ნათელ დღეებში კარგად მოვლილ მდელოზე ვსხედვართ და უდარდელად ვუყურებთ, თუ როგორ თამაშობენ ფოთლებს შორის გამომძვრალი მზის სხივები. ამ სამყაროს ყველა კოშმარი, ყველა ისტორიული ბოროტება ასე იბადება. თუმცა დღისით-მზისით სისხლით მოთხვრილი, აგონიაში მყოფი ადამიანის ხილვა კოშმარს ხორცს ასხამს. ამ შემთხვევაში კოშმარი სხვათა საშინელი ტკივილია და მეტი არაფერი. სხვათა შორის, რომ იცოდე, სხვათა ტკივილს ჩვენ ვერ ვგრძნობთ. განა ეს ბედნიერება არაა?!

***

სიცოცხლე და განადგურება ერთია! თუ ცხოვრება მოკლებულია ბუნებრიობასაც და ოქროს ტაძრის მაგვარ სილამაზესაც, მაშ ეს ცხოვრება კი არა, უბრალოდ, ტკივილით გამოწვეული კონვულსიებია.

***

ღრუბლები თეთრად იყო განათებული და ადვილად მიხვდებოდი, რომ მათ უკან მზე იმალებოდა, ისევე როგორც კიმონოს ფენების მიღმა ამოიცნობა ხოლმე ქალის თეთრი მკერდი.

***

პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლება შედეგად დიდებულ საფლავს ტოვებს. ასეთი ხალხი მართლაც ბრწყინვალე, შთამბეჭდავ აკლდამებს იშენებს. თუმცა ამ სულელებს სიცოცხლეში საერთოდ არ გააჩნიათ ფანტაზია და საფლავებიც ისეთივე აქვთ, რომ წარმოსახვას გასაქანს არ უტოვებს. მაგრამ აი, კეთილშობილი ხალხის საფლავები სულ სხვაა, ისინი თავის და სხვების ფანტაზიას ეყრდნობიან და ამიტომაცაა, რომ მათი განსასვენებელი მნახველთა წარმოსახვას ძაბავს და აცოცხლებს. მე ეს უკანასკნელი უფრო საცოდავი სანახაობა მგონია. სიკვდილის მერეც კი ადამიანებისგან რაღაცას ითხოვს, თითქოს გვემუდარება, წარმოსახვის უნარი მოვიშველიოთ.

***

ჯოჯოხეთის სუნთქვა შევიგრძენი. ეს სუნთქვა, როგორც ჩანს, ადამიანის ფიქრებისა თუ სურვილების საპასუხოდ, დღე-ღამის განურჩევლად, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება გაჩნდეს. როგორც ჩანს, მყისვე იქ იბადება, სადაც კი მოვუხმობთ.

***

ყვავილების დაცვენის შემდეგ, ხეებს ფასი ეკარგებათ, ისევე როგორც აზრი არა აქვს გარდაცვლილი ლამაზმანის სახელის ძახილს.

***

შეუძლებელია ერთი ხელით მარადისობას, მეორეთი კი ცხოვრებას ეპოტინებოდე.

***

მისი გამჭვირვალე სამყარო - ზუსტად იმიტომ, რომ ზედმეტად წმინდა და გამჭვირვალე იყო - მოსახვევიდან გამოვარდნილმა სატვირთომ ვერ დაინახა, შეასკდა და ნაფლეთებად აქცია.

***

ომიკუჯი იაპონური მკითხაობაა. სპეციალურ ყუთში მოთავსებულია პატარა ფურცლები ან ხის დაფები, რომლებზეც ბედია დაწერილი...

***

რა ადვილია გარდაცვლილთა სიყვარული, ცოცხლებისგან განსხვავებით!

***

ნუცუკე - შუა საუკუნეების იაპონიაში გავრცელებული ტრადიცია, ხისგან გამოკვეთილი დეკორატიული ფიგურები...

***

ადამიანს ბუნების მრავალფეროვანი საკუთრების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს ნაბოძები. ის, ცვალებადობის წესზე დაფუძნებით, ცდილობს, ეს საჩუქარი განავრცოს და გაამრავლოს - ეს არის და ეს.

***

ადამიანივით მოკვდავ არსებას ძირფესვიანად ვერ მოსპობ, მაგრამ ოქროს ტაძრის მსგავს, ერთი შეხედვით, მუდმივ სილამაზეს ადვილად აღგვი პირისაგან მიწისა. რატომ ვერ ამჩნევენ ამას ადამიანები?

***

ასლის შექმნაზე დაფუძნებულ უკვდავებას აზრი არა აქვს.

***

ჩვენს არსებობს დროის კრისტალიზებული სუბსტენცია განსაზღვრავს, რომელიც თავს მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

წარმოიდგინეთ პატარა კომოდი, რომელიც დურგალმა სახლის კომფორტისთვის შექმნა. დრო თანდათან მის ფორმას დაიმორჩილებს და რამდენიმე ათწლეულის ან ასწლეულის შემდეგ ისე გამოჩნდება, თითქოს თავად დრო გარდაიქმნა და ამ ფორმაში გაიყინა. ის მცირე სივრცე, რომელსაც ნივთი იკავებს, შემდგომში გამკვრივებული დროის სასუფევლად იქცევა. ამ ერთგვარი გარდაქმნის პროცესში ნივთს ნელ-ნელა მისი სული ცვლის.

შუა საუკუნეების ერთ-ერთ ზღაპრების წიგნში მცხოვრები სულის, ცუკუმოგამის ჩანაწერებში ასეთი რამ წერია:

და იანის უძველესი თქმულება მოგვითხრობს, რომ ნივთები ასი წლის მერე სულს იძენენ, რომელიც ადამიანის გულს აცდუნებს. ამ სულს ცუკუმოგამი ეწოდება. ამიტომ, ჩვეულების მიხედვით, ყოველი გაზაფხულის დადგომამდე სამურაის აბჯრიდან ავ სულებს გამოდევნიან და გზაზე გაყრიან. ამას გაზაფხულის სახლის განწმენდა ეწოდება. ეს ადათი ყოველ წელს სრულდება, რათა ცუკუმოგამის გამოღვიძების მეასე წლამდე ერთი წლით ადრე უბედურება განიდევნოს.

***

მხოლოდ ცნობიერებას შეუძლია სამყაროს შეცვლა. ამ სამყაროში სხვა ვერაფერი მოახდენს სულ მცირე ცვლილებასაც კი. მხოლოდ ცნობიერებას შეუძლია ყველაფერი ხელუხლებლად დატოვოს და ამავე დროს სახეც უცვალოს. ცნობიერებისთვის სამყარო მუდმივად უცვლელი და ამავე დროს მუდმივად ცვალებადია.

ადამიანს ცნობიერების იარაღი სიცოცხლის ასატანად აქვს ნაბოძები. მხეცს ასეთი რამ არ სჭირდება, მისთვის სიცოცხლე არასოდეს არის მტანჯველი. სიცოცხლემ თავადვე შეაიარაღა ცნობიერებით ადამიანი, რომლის ხვედრიც მისი აუტანლობაა. თუმცა სიცოცხლის სიმძიმეს ამით არაფერი მოჰკლებია. ეს არის და ეს.

***

ჰოტეი - სიუხვის ღიპიანი, მხიარული ღმერთი.

***
მანეკინეკო - კატა, რომელიც თათის ქნევით ეპატიჟება სტუმრებსა და სიმდიდრეს.

***

სამყაროს თვალიერება თავად ჩემი არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენდა.

***

მაღალი წოდების ბერებს ხშირად სთხოვენ აზრის გამოთქმას სხვადასხვა საკითხზე, დაწყებული ადამიანთა ბუნებით და დამთავრებული ანტიკვარიატით. ამიტომ ისინი პირდაპირ მსჯელობას ხშირად თავს არიდებენ, რათა, მცდარი პასუხის შემთხვევაში, სხვებმა არ დასცინონ. რა თქმა უნდა, რაიმე ძენ-ბუდისტურ შეგონებას უმალვე მოიშველიებენ ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი, ისეთ ორჭოფულ პასუხს იძლევიან, რომლის გაგება ისეც შეიძლება და ასეც.

***

ადამიანებს მოკლე მახსოვრობა აქვთ.

***

სილამაზე ყველა მცირე დაპირისპირებას, ქიშპსა თუ უთანხმოებას ჰარმონიად აქცევს.

***

იტადენი - ფეხმარდი ღმერთი ბუდისტური მითოლოგიიდან.

***

უეცრად აშლილ მოგონებებს აღდგენის, განახლების მაგიური ძალა გააჩნიათ. წარსული ყოველთვის წარსულისკენ არ გვექაჩება. მასში ის ძლიერი ზამბარებიცაა, რომლებიც ჩვენთან შეხებისას მყისვე იშლებიან და წინ, მომავლისკენ გვიბიძგებენ.


იაპონურიდან თარგმნა დავით გოგინაშვილმა
წიგნი გამოიცა იაპონიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში