იუკიო მიშიმა - ხელისგულები


კოღოსგან დამცავი ბადე ბევრი არ გვქონდა. არ ვიცი, როგორ არ გადაგვედო მამაჩემისგან ტუბერკულოზი - მე, მამას და დედას ერთად გვეძინა. 

მერე კი ბადის ქვეშ ბიძიაც დაგვემატა. 

მახსოვს, ერთ ღამეს ხეებს შორის მოფარფატე ციკადები როგორ იკლებდნენ ტაძრის ბაღს. ალბათ სწორედ ამ ხმაურმა გამაღვიძა. ტალღების ხმაც ისმოდა. ზღვიდან წამოსული ბრიზი დამცავი ბადის ღია მწვანე ბოლოებს აფრიალებდა. მაგრამ იყო რაღაც უცნაური ამ ფრიალში. ბადე ქარისგან იბერებოდა და თან ისე ძლიერ ირხეოდა, თითქოს ქარს ფილტრავსო. ამგვარად ქარი კი არ ამოძრავებდა, პირიქით, თითქოს ის სდევნიდა და ძალას ართმევდა ქარს.

ტატამზე მოსრიალე ბადის ბოლოები ბამბუკის ფოთლებივით შრიალებდა, მაგრამ მისი რხევა ქარის ნაკადის მოძრაობას არ ემთხვეოდა. ბადის უხეში ქსოვილი მოკლე ტალღებად ირხეოდა და ტბის მღელვარე ზედაპირს წააგავდა - თითქოს შორიდან მომავალი გემის მიერ გამოწვეულ ტალღებს მოეღწია ჩვენამდე, ანდაც, პირიქით, უკვე წასულ გემს დაეტოვებინა ტალღოვანი კვალი...

შეშინებულმა, ამ ტალღების გამომწვევს დავუწყე ძებნა. წყვდიადს მივაჩერდი და უეცრად თვალის გუგებში თითქოს უხილავი სადგისები შემესო...

ბადე ოთხი ადამიანისთვის მეტად ვიწრო იყო და, როგორც ჩანს, ძილში იმდენს ვბორგავდი, რომ მამა კუთხეში მივამწყვდიე. ჩემსა და ჩემ მიერ დანახულს შორის გათელილი ლეიბი იდო, კისერთან კი ოთხად მოკეცილი, მძინარე მამის სუნთქვას ვგრძნობდი.

არათანაბარმა, არეულმა სუნთქვამ მიმახვედრა, რომ მას არ ეძინა. როგორც ჩანს, ცდილობდა, როგორმე ხველება შეეკავებინა.

მოულოდნელად, ცამეტი წლის ბიჭუნას ფართოდ გახელილ თვალებს უზარმაზარი, თბილი რაღაც გადაეფარა და სიბნელემ დაისადგურა. უცბადვე მივხვდი, რაც მოხდა: მამამ თვალებზე ხელისგულები ამაფარა.

იმ ხელისგულების შეგრძნება ჩემში დღემდე ცოცხლობს. მისი შეუდარებლად ფართო ხელისგულები, ის ჯოჯოხეთი მყისიერად რომ მოაშორეს ჩემს მზერას. თითქოს სხვა სამყაროდან მოვლენილი ხელისგულები; არ ვიცი, რის გამო გააკეთეს ეს - სიყვარულის, თანაგრძნობისა თუ სირცხვილის გამო იმ ხელისგულებმა მყისიერად მოსპეს და წყვდიადში დამარხეს ჩემ თვალწინ გადაშლილი საშინელი სამყარო.

მამის ხელისგულებში ჩარგული თავი ოდნავ შესამჩნევად დავიქნიე. ეს მსუბუქი მოძრაობა თანხმობის ნიშანი იყო - ვაგრძნობინე, რომ დავყვებოდი მის ნებას, და ხელებიც მომაცილა.

მისი ხელისგულების ბრძანებას დამორჩილებულმა, მთელი ღამე უძილოდ, თვალდახუჭულმა გავატარე, სანამ დილის შუქმა ქუთუთოებზე არ დამანათა.

რამდენიმე წლის შემდეგ, იმდენად გავერთე გარდაცვლილი მამის სახის ყურებით, წვეთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია. მამის სიკვდილთან ერთად მისი ხელისგულებისგან საბოლოოდ გავთავისუფლდი და მისმა მკვდარმა სახემ მაგრძნობინა, რომ ცოცხალი ვიყავი.

ამგვარად, ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, სამაგიერო მიმეზღო მამაჩემის ხელებისთვის, მაგრამ არასოდეს გამივლია გულში, შური მეძია დედაზე, თუმცა არც მიპატიებია მისთვის.

იაპონურიდან თარგმნა დავით გოგინაშვილმა
წიგნი გამოიცა იაპონიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში