გო - თამაში ადამიანების შესაცნობად...

გო ძველი დროიდანვე პოპულარობით სარგებლობდა იაპონიაში. ვარაუდობენ, რომ ეს თამაში 1300 წლის წინ შემოიტანეს ჩინეთიდან. პირველ ხანებში დაცული იყო ჩინური მანერა, მაგრამ თანდათანობით თამაშმა მოდიფიკაცია განიცადა და შეითვისა სპეციფიკური იაპონური ფორმები.

გოს ორი კაცი თამაშობს დაფასთან, რომელიც 19 ხაზით სიგრძივ და განივად არის დაყოფილი, რაც 361 გადაკვეთას ქმნის. უფრო ნაკლები ხაზებით დაყოფილი დაფაც (13X13) გამოიყენება, რომელზეც, ბუნებრივია, ნაკლები გადაკვეთა ხდება. სათამაშოდ იყენებენ 180 თეთრი და 181 შავი ქვისაგან (ერთი ზედმეტი შავი ქვა პირველი სვლის უპირატესობის საკომპენსაციოდ ეძლევა შავებით მოთამაშეს) შემდგარ კომპლექტს. მოთამაშენი რიგრიგობით აწყობენ ქვებს ხაზების გადაკვეთაზე. თითოეული ვალდებულია თავისი ქვებით დაფის იმხელა ნაწილი დაიკავოს, სადაც გადაკვეთათა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიას სჭარბობს.

ყველაზე ადვილია შემოსაზღვრო ფართობი დაფის ნაპირას ან კუთხესთან, რაკი მისი ნაწილი უკვე შემოსაზღვრულია კიდით. სწორედ აქედან იწყება თამაში. მოწინააღმდეგე, თავის მხრივ, ქვებით ღობავს საკუთარ ნაწილს. ამასთან, ყურადღებით აკვირდება პარტნორს და ცდილობს თავისი ქვა დროულად დადოს საზღვარზე, რითაც ხელს შეუშლის მის მიერ მიზანში ამოღებული ტერიტორიის „დაპყრობას“. პარტნორები გვერდს უვლიან სხვის ქვებს და ცდილობენ მონიშნული უბნები თავისი ქვებით ჩაკეტონ.

გოს თამაში კომბინაციათა განუსაზღვრელ რაოდენობას გულისხმობს. თამაში ავითარებს ადამიანის ბევრ თვისებას (გამოთვლასა და კომბინირებას, სტრატეგიასა და ტაქტიკას, პარტნიროის ფსიქოლოგიაში გარკვევას), ამიტომაც მას დიდი გატაცებით თამაშობენ. თამაში მთავრდება, როცა ტერიტორიების შემდგომი შემოსაზღვრის რაიმე შანსი აღარ რჩება. პარტია დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. მოგებულად ის ითვლება, ვისაც მეტი ფართობი აქვს შემოსაზღვრული. ითვლიან საზღვრებში მოქცეული კვადრატების რაოდენობას.

გოს თამაშში მოწმდება მოთამაშეთა არა მარტო გონებრივი მონაცემები და კვალიფიკაცია, არამედ ხასიათიც, რასაც იაპონელები დიდ ყურადღებას აქცევენ. მოთამაშე ყოველთვის თავშეკავებული უნდა იყოს, არ ეფანტებოდეს ყურადღება, იყოს თავაზიანი და ცდილობდეს, რომ თამაში სასიამოვნო იყოს ორივე მხრისათვის, ამასთან, ქვები მარტო მომგებიანად კი არ განალაგოს დაფაზე, არამედ ლამაზადაც. გოს ცნობილი იაპონელი ოსტატები ყოველთვის აღნიშნავდნენ: თუ მოწინააღმდეგენი მხოლოდ გამარჯვებისკენ ისწრაფვიან, ისინი ვერ მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას თამაშისაგან. ერთმა იაპონელმა ოსტატმა თავის დროზე ჩამოაყალიბა გოს თამაშის მთავარი მცნება: „გოს მოთამაშემ გამარჯვების ეგოისტურ სურვილზე უარი უნდა განაცხადოს“.

იაპონიაში ოთახის თამაშებს შორის გოს პირველი ადგილი უჭირავს, ითვლება, რომ ამ თამაშით იაპონელები სიამოვნებას იღებენ, ეცნობიან პარტნიორს და თავის ხასიათს. 

იაპონელები ამბობენ - კონკრეტული ადამიანი რომ შეიცნო, მასთან გოს რამდენიმე პარტია უნდა ითამაშო...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში