ხორხე ლუის ბორხესი - ბუენოს-აირესი

(წიგნიდან „საიდუმლო დამწერლობა“, 1981 წ.)

მე სხვა ქალაქში დავიბადე,

მასაც ასევე ბუენოს – აირესი ერქვა.

მე მახსოვს რკინის გისოსის კაკუნი შემოსასვლელში,

მე მახსოვს ჟასმინები და წყლის რეზერვუარი,

რაც ნოსტალგიას იწვევს;

მე მახსოვს ვარდისფერი ლენტი დევიზით,

რომელიც ადრე მხიარული წითელი ფერის იყო (1).

მე მახსოვს მწველი მზე და სიესტა,

მე მახსოვს ორი რაპირა,

გადაჯვარედინებული უდაბურ ადგილას,

მე მახსოვს გაზის ფანრები და კაცი

გრძელი გათლილი კეტით.

მე მახსოვს დიდებული დრო და ადამიანები,

გაუფრთხილებლად რომ მოდიოდნენ.

მე მახსოვს ყავარჯენი,

გრძელწვეტიან დაშნასთან ერთად;

მე მახსოვს ის, რაც თვითონ მინახავს,

და ისიც, რაც მშობლებმა მიამბეს,

მე მახსოვს მასედონიო საკონდიტროს კუთხეში,

ონსეს მოედანზე,

მე მახსოვს მიწით სავსე ურმები

და მტვრის ბუღი ონსეს მოედანზე,

მე მახსოვს მოდური ტანსაცმლის მაღაზია

ტუკუმანის ქუჩაზე

(აქედან ორი ნაბიჯის მოშორებით გარდაიცვალა

ესტანისლაო დელ კამპო (2) 

მე მახსოვს მესამე შიდა პატარა ეზო,

თითქმის მიუკარებელი,

რომელიც მონებისთვის იყო განკუთვნილი.

მე ვინახავ მეხსიერებაში

ალემის (3) გასროლას პისტოლეტიდან

დახურულ ეკიპაჟში.

ასეთ ბუენოს – აირესში, რაც ამჟამად მეკუთვნის,

ალბათ, უცხო ვიქნებოდი.

მე ვიცი, რომ ერთადერთი სამოთხე –

ადამიანისთვის მისაწვდომი,

ეს – დაკარგული სამოთხეა.

ვიღაც, თითქმის ისეთივე, როგორც მე, ვიღაცა,

ვისაც არ წაუკითხავს ეს გვერდი,

გამოიტირებს ცემენტის კოშკსა და დამხობილ ობელისკს.

***

(1) - ბორხესის მშობლების ოჯახში ინახებოდა დიქტატორ როსასის (1793 – 1877) მომხრეების ლენტი დევიზით, რომელიც იუწყებოდა: „სიკვდილი შეშლილ მოღალატე ველურ ურკიზეს“. ოდესღაც ეს ლენტი ხასხასა წითელი ფერისა იყო, დროთა განმავლობაში კი ფერმკრთალი ვარდისფერი გახდა.

(2) - ესტანისლაო დელ კამპო (1834 – 1880) – არგენტინელი პოეტი. ავტორი პოემისა „ფაუსტი“ (1866). 1948 წელს ბორხესმა დაწერა წინასიტყვაობა ამ პოემისთვის. 

(3) - ლეანდრო ნისეფორო ალემი (1844 – 1896) – არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწე, მოქალაქეთა რადიკალური კავშირის დამფუძნებელი. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმის გამო, რომ ყოფილი თანამებრძოლებისგან მიიღო წერილი, სადაც ღალატი ბრალდებოდა.

ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში