გენერალი გიორგი კვინიტაძე - ქართველ მებრძოლთა საგმირო საქმეები

ნაწყვეტი გენერალ გიორგი კვინიტაძის წიგნიდან - ჩემი მოგონებები 1917-1921
თბილისის დაცვისას, ქართველ მებრძოლთა საგმირო საქმეები:

მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჯგუფზე რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა. უპირველესად მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განლაგებული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა უნდა შევადაროთ ერთმანეთს. 19 თებევრლიდან ტაბახმელასა და კოჯრის მონაკვეთებზე ბრძოლები არ შეწყვეტილა, ისინი დღედაღამ მიმდინარეობდა და საქმე ხშირად ხიშტის დარტყმამდეც მიდიოდა. გააფთრება უმაღლეს ზღვარს აღწევდა; სანგრები ხშირად მტრის ხელში გადადიოდა, მაგრამ მებრძოლთა თავდადებული შეტაკების შემდეგ კვლავ გვიბრუნდებოდა. რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ.

ერთ უბანზე მტერი რამდენიმე ათეული კაცის შემადგენლობით, წინ გაიჭრა და უფროსი ლეიტენანტის გოგი ალექსი-მესხიშვილის ბატარეაზე იერიში მიიტანა. იგი სროლით ისე იყო გართული, ლამის ზურგიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე ვერც კი შენიშნა; მხოლოდ უკანასკნელ წამს, როცა სულ ათიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, ალექსი-მესხიშვილმა შენიშნა ისინი, „ჩემსკენო“, დაიძახა, არტილერისტების მცირე ჯგუფი თავის გარშემო უცებ შემოიკრიბა და „ვაშას“ ძახილით, გაშიშვლებული ხმლით მტერს ეკვეთა; იმავდროულად, მეორე მხრიდან შენიშნა მოწინააღმდეგე საშველად გაგზავნილმა რამდენიმე ათეულმა იუნკერმა, რომლებიც ბრძოლაში უმალ ჩაებნენ. მტერი დამარცხდა.

სხვა ადგილას, ერთ-ერთი შეტაკებისას, რომელიც ჩვენი წარმატებით დასრულდა, სასიკვდილოდ დაიჭრა იუნკერი შალვა ერისთავი. იგი ბრძოლის ველზე იწვა და კვდებოდა. ერთი იუნკერი საშველად მივარდა. მომაკვდავმა ნახევრად უგონომ, ვერ იცნო ამხანაგი და შეჰყვირა: „შეჩერდი, ვინ ხარო“, ამასთან, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და თოფი მოიმარჯვა. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. იგი ბოლო წუთებშიც მტერზე ფიქრობდა.

კიდევ ერთი შემთხვევა. ერთგან, სოღანლუღის ქედზე, ერთი ოფიცერი, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, სამ ჯარისკაცთან ერთად ზურგიდან მიეშურებოდა პოზიციებზე. დანიშნულების ადგილამდე 150 ნაბიჯიღა რჩებოდა. ღამე იყო; უეცრად მოწინააღმდეგე შეამჩნია, 20-მდე კაცი იქნებოდა. სიბნელეში გრძელი ფარაჯები, დამახასიათებელი ნაცრისფერი ცხვრის ფაფახები მოჩანდა. სამ ჯარისკაცთან ერთად თოფმომარჯვებული მტერს ეკვეთა; იმათ ყვირილი ატეხეს, „არ გვესროლოთ, გნებდებითო“. სამმა ჩვენმა ჯარისკაცმა ოფიცერთან ერთად ისინი ტყვედ ჩაიგდო.

კიდევ ერთ ოფიცერზე გიამბობთ, ვისშიც ძლიერი იყო მოვალეობის გრძნობა. უკვე დიდი ხანია ვსახურობ, რუსეთ-იაპონიის ომშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ მსგავსი შემთხვევის მოწმე არც ვყოფილვარ, არც სხვისგან მსმენია. სკოლის ოფიცერს, კაპიტან ყიფიანს ერთი სანგარი ეკავა, თან ორმოცამდე სათადარიგო კაცი ახლდა. მოწინააღმდეგე, ძლების უპირატესობით, თანდათან უახლოვდებოდა. მსროლელთა ცეცხლი მას ვერ შეაჩერებდა, პირდაპირ შებმა გარდაუვალი იყო. ამ დროს ყველა მისმა ჯარისკაცმა სანგარი მიატოვა და უკან გაიქცა. კაპიტანმა ყიფიანმა ხელქვეითების პანიკისას გაქცეულთა შეჩერება ვეღარ შეძლო. იგი სანგარში დარჩა და რევოლვერიდან ოთხი ტყვია დაიხალა. მეხუთეს გასროლა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს საშველად რამდენიმე იუნკერმა მიირბინა და ხიშტებით უკუაქცია მტერი. ერთი იუნკერი კაპიტან ყიფიანს მივარდა და რევოლვერი ხელიდან გამოგლიჯა. ოთხი ტყვიით დაჭრილი გადასახვევ პუნქტში მიიყვანეს, სადაც თავისი უფროსის გენერალ ჩხეიძის შეკითხვაზე „თავს რატომ იკლავდიო“, უპასუხა: „მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა მიმატოვეს, თვალებში როგორღა შემოგხედავდითო“. ეს ჭაბუკი მოვალეობის უდიდესი გრძნობით იყო გამსჭვალული, რაც კვლავ დაამტკიცა რამდენიმე დღეში. თბილისში რომ დავტოვეთ, იგი ჰოსპიტალში იწვა. თბილისის დატოვება რომ შეიტყო, ჰოსპიტალიდან გამოიქცა და მცხეთაში ფეხით ჩამოვიდა. აქ იგი ვაგონში მოათავსეს.

ამგვარი გმირობა გამოავლინეს თბილისის დამცველებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ბრძოლისას. ალბათ ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო და მათ შესახებ უშუალო მონაწილეებმა უკეთ იციან. სამწუხაროდ, ასეთი გმირობა მარცხენა სანაპიროს ჯგუფს, სადაც გვარდიელთა ნაწილები იმყოფებოდა, არ გამოუვლენია.

თბილისი ალყაში მოექცა

ამრიგად, 24 თებერვალს, საღამოს ხუთი-ექვსი საათისთვის ასეთი ვითარება შეიქმნა. თბილისი მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა და 25 თებერვალს რკალი უსათუოდ შეიკვრებოდა.

[...]

თბილისის ქუჩებში ბრძოლების გამართვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქალაქი ტაფობზე მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული. ეს იყო ხაფანგი, საიდანაც ვერავინ ვერ გააღწევდა და ჯარი იძულებული გახდებოდა დანებებულიყო. ჯარის გაყვანა და თბილისიდან 12-13 ვერსზე გამაგრება გადავწყვიტე. თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა, ჯარისა და მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა. ჩემი ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ვაცნობე. თბილისზე გავლით ბრძოლით უკანდახევა წარმატებას არ გვიქადდა. საუკეთესო საშუალება ღამის სიბნელეში უკანდახევა იყო.

[...]

როგორც აღვნიშნე, ბრძოლები მთელ ფრონტზე შეწყდა. უკანდახევა ვბრძანე, მთავრობის თავმჯდომარემ საბოლოოდ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მთავარსარდლად დანიშვნისთანავე თბილისის ევაკუაციისა და ქალაქში მხოლოდ სამხედრო ხელისუფლების დატოვებას დაბეჯითებით ვითხოვდი. ჩემი მოთხოვნა არასრულყოფილად შესრულდა. დამფუძნებელ სათათბიროსა და მთავრობას მიაჩნდა, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში მათ მიერ დედაქალაქის მიტოვება ჯარის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ამ გამონაკლისს იმ პირობით დავთანხმდი, რომ მათი ევაკუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მომხდარიყო და საბოლოო ევაკუაციას ხელს არ შეუშლიდა. დამარწმუნეს, ასე იქნებაო. ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას დავეთანხმე, რადგან შეიარაღებული ძალების მორალურ მდგომარეობას ვითვალისწინებდი, რომლის ¾ გვარდიისგან შედგებოდა; თავისი თვისებებიდან გამომდინარე, გვარდია, რომელიც არანაირ დისციპლინას არ ცნობდა, განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებოდა ქალაქიდან ერის წარმომადგენელთ წასვლით.

არ შემიძლია ერთი ოფიცრის მონათხრობი არ გავიხსენო, ვინც რამდენიმე გვარდიელის საუბარს მოჰკრა ყური: „გენერალი კვინიტაძე კარგად იბრძვის, მაგრამ მისი გამარჯვება ხელს არ გვაძლევს, რადგან ძველ რეჟიმს დაამყარებსო“. ვერ ვიტყვი, რომ ყველა გვარდიელი ასე ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთს ასეთი აზრი უტრიალებდა.

ევაკუაცია, როგორც მარწმუნებდნენ, ისე სწრაფად ვერ მოხერხდა. საღამოს 5-6 საათისთვის მთავრობის თავმჯდომარეს მოვახსენე ჩემი გადაწყვეტილება უკანდახევის შესახებ; ბრძოლის ყველა საშუალება ამოვწურეთ და ალყაში მოქცევა გვემუქრებოდა. 9 საათისთვის ეს ბრძანება ჯარს გადაეცა, რომელსაც უკანდახევა 12 საათზე უნდა დაეწყო. დამფუძნებელი სათათბიროს მატარებელი მხოლოდ დილის სამ საათზე გავიდა, სხვა მატარებლებს, იმის შიშით, რომ ამ მატარებელს რამე არ შემთხვეოდა და არ შეფერხებულიყო, არ უშვებდნენ. შემდეგ გადმომცეს, რომ ამ მატარებლის ორთქმავალს რაღაც გაუგებრობა დამართნია და შესაცვლელი გამხდარა. ამ შეფერხების წყალობით მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჯარი ახლადგასულ მატარებელს დაეწია. არ შემიძლია გასასვლელად გამზადებული ყველა მატარებლის ჩამოთვლა, ვინაიდან რკინიგზის ევაკუაცია სამხედრო უწყების გამგებლობაში არ შედიოდა.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921
თბილისი, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში