თავშესაქცევი ისტორიული ამბები...
ლოიდ ჯორჯი საქართველოსა და ქართველების შესახებ
ლოიდ ჯორჯს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და ქართველების შესახებ ერთ ნათქვამს მიაწერენ:
1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი ერტ-ერთი საზეიმო შეხვედრის დროს ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი.
როცა მათ ჩაცმულობას ყურადღება მიაქცია ერთმა მოხუცებულმა ლორდმა და მათი ვინაობა-სადაურობა იკითხა, ბრიტანეთის პრემიერმა უპასუხა:
- ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებით.
სპარტელი დედა
ჟან-ჟაკ რუსოს მოჰყავს ერთი ეპიზოდი სპარტელთა ცხოვრებიდან:
„სპარტელ ქალს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა ლაშქრად წასული და ბრძოლის ამბავს ელოდა.
მოდის ჰილოტი (მონა) და ბრძოლის შესახებ დედის შეკითხვაზე პასუხობს:
- თქვენი ხუთივე შვილი მოკლეს.
- უღირსო მონავ, განა ამის შესახებ გკითხე?
- ჩვენ გავიმარჯვეთ.
დედა მირბის ტაძარში და მადლობას სწირავს ღმერთს გამარჯვებისთვის.
სპარტელი მოქალაქის აღტაცება
ჟან-ჟაკ რუსო თავის განთქმულ პედაგოგიურ თხზულებაში „ემილი ანუ აღზრდის შესახე“, მსჯელობს მოქალაქის მორალზე და მოჰყავს მაგალითი:
„ლაკედემონელმა მოქალაქემ, ვინმე პედერეტმა სამასკაციანი სათათბიროს წევრობა ითხოვა და უარი როცა უთხრეს, აღტაცებული იყო, რომ სპარტაში მასზე ღირსეული სამასი კაცი აღმოჩნდა“.
დანტონი და რობესპიერი
„განა ადამიანს შეუძლია, თვისი სამშობლო საკუთარი ფეხსაცმელების ქუსლებით თან წაიღოს?“ - უპასუხა მან.
ჟორჟ ჟაკ დანტონი 1794 წლის 5 აპრილს მოაკვდინეს გილიოტინით. სიკვდილის წინ იგი თავს იმხნევებდა:
„წინ, დანტონ, სისუსტე არ უნდა შეგეტყოს“, ხოლო, როცა იმ სახლს ჩაუარა, რომელშიც რობესპიერი ცხოვრობდა, შესძახა:
„მაქსიმილიან, გელოდები, შენ მალე მომყვები უკან!“.
სხვა ისტორიებსაც ჰყვებიან: ეშაფოტზე დანტონმა გადააგდო თოკი, რომლითაც ხელების შეკვრას უპირებდნენ, რობესპიერისთვის გამოგადგებათო. როცა ჰკითხეს, შენი უკანასკნელი სურვილი რა იქნებაო, უპასუხა:
„ჩემი თავი იმის ღირსია, რომ ხალხს უჩვენოთ, ხოლო გვამი - რობესპიერსო“.
მაქსიმილიან რობესპიერმა სამთხვენახევრის შემდეგ, 1794 წლის 28 ივლისს გაიზიარა თავისი ყოფილი თანამებრძოლისა და მოწინააღმდეგის ბედი.
ქართველობის პატივი
1916 წლის 16 თებერვალს რუსეთის არმიამ ოსმალეთთან მიმდინარე ბრძოლების დროს ერზრუმი აიღო. მაშინ გენერალი იუდენიჩი თურმე მიუბრუნდა მის გვერდით მდგარ გიორგი კვინიტაძეს და უთხრა:
„გიორგი ივანოვიჩ, განდობთ თქვენ, როგორც ქართველს, პირველი შეხვიდეთ ერზრუმში“.
მთავარია სიმშვიდე
მარენგოსთან ბრძოლის დროს ცუდად იყო ფრანგების საქმე. გამარჯვების სასწორი საცაა ავსტრიელების მხარეს უნდა გადახრილიყო. ამგვარ ვითარებაში შეშფოთებულმა გენერალმა ბერტიემ აღელვებით მოახსენა ნაპოლეონს საბრძოლო პოზიციების არევ-დარევის შესახებ.
- გენერალო, - შენიშნა იმხანად საფრანგეთის პირველმა კონსულმა და მთავარსარდალმა, - შეეცადეთ, ასეთ დროს გულცივად ილაპარაკოთ ხოლმე.
ვოლტერის წერილი
მარი ფრანსუა არუე ვოლტერის მსახურმა წერა-კითხვა არ იცოდა. ერთხელ მან თავის ბატონს სთხოვა, სოფელში ჩემს ნათესავებთან გასაგზავნი წერილი დამიწერეთო. წერა რომ დაამთავრა, ვოლტერმა ხმამაღლა წაუკითხა მსახურს წერილი და ჰკითხა:
- კიდევ ხომ არ დავუმატო რამე?
- დიახ, ბატონო, - უპასუხა მსახურმა, - მისწერეთ, რომ ბოდიშს ვუხდი ასეთი სულელური სტილისთვის და რომ წერილის ავტორი თქვენ ბრძანდებით.
ტეხასელთა მისალმება
აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ჩასვლას ტეხასის შტატში, დალასში, ამ ქალაქის ცენტრალური გაზეთი „დალას მორნინგ ნიუსი“ ამგვარი მისალმებით შეხვდა:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მისტერ კენედი, იმ ქალაქში, რომელმაც ჯერ კიდევ 1960 თქვენი არჩევის დროს უარყო თქვენი ფილოსოფია და პოლიტიკა, და კიდევ უფრო გადაჭრით, თავგამოდებით, სრული ზიზღით უარყოფს მას 1964 წელს“.
კრომველის სკეპტიციზმი
ოლივერ კრომველის მეგობრებმა შენიშნეს, თუ რამდენად აღფრთოვანებული იყო ხალხი მისი პიროვნებით და მიუთითეს მის შესახვედრად გამოსულ მრავალრიცხოვან მოსახლეობაზე.
კრომველმა ღიმილით უპუსახა მეგობრებს:
- ეგენი უფრო მეტნი იქნებოდნენ, ჩამოსახრჩობად რომ მივყავდე.
„სტუმართმოყვარე“ დალასი
1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი. დალასში, ტეხასის შტატის მთავარ ქალაქში ჩასვლისას, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადგილობრივი გუბერნატორის მეუღლე მისის კონელი მიუბრუნდა მანქანაში მჯდომ კენედის და უთხრა:
- თქვენ ვერ იტყვით, რომ დალასი ცხვირჩამოშვებული გხვდებათ, - და ხალხით გაჭედილ ქუჩაზე მიუთითა.
„მარსელიოზას“ თავგადასავალი
საინტერესოა, რომ „მარსელიეზას“ ადრეულ მოწინააღმდეგეთა შორის იყო თვით რუჟე დე ლილის დედა, რწმენით მონარქისტი, რომელიც თავის შვილს 1792 წელს სწერდა:
„ეს რა რევოლუციურ ჰიმნს მღერის საფრანგეთში მოხეტიალე ავაზაკთა ბრბო და ჩვენს გვარს უკავშირებს?“.
ტროცკის ლოგიკა და საქმე
რომან დიუგე გადმოგვცემს:
„თბილისში ერთ პატარა ეკლესიასთან ლენინის თაბაშირის ქანდაკება დგას. ტროცკიმ ქალაქში სეირნობისას ამ ეკლესიის წინ გაიარა. ზარები რეკდნენ. ტროცკიმ თქვა:
„ან ეს ძეგლი უნდა დარჩეს, ან - ეს ეკლესია“.
თქვა და გზა განაგრძო. რამდენიმე საათში ეკლესია დახურეს, რამდენიმე დღის მერე კი დაანგრიეს“.
სახიფათო ექსპერიმენტი
1906 წლის ქართულ ანარქისტულ ჟურნალში „ნობათი“ გადმოცემულია 1848 წლის რევოლუციის ერთი ეპიზოდი დრეზდენში, რომელშიც ხელმძღვანელ როლს ასრულებდა სახელგანთქმული რუსი რევოლუციონერი მიხელ ბაკუნინი.
დრეზდენის ალყის თუ იერიშის წინ, როცა პრუსიელი ჯარისკაცები ქალაქის კარს მიადგნენ, „ბაკუნინმა გამოტანინა მუზეუმიდან რაფაელის მადონა და დაადგმევინა ქალაქის ჭიშკრის ზევით: ვნახოთ, პრუსიელები თუ გაბედავენ და დახვრეტენ ამ უძვირფასეს განძს ძველი ხელოვნებისაო. პრუსიელებმა მართლაც ვერ გაბედეს რაფაელის მადონას დახვრეტა და ბაკუნინმა ამასობაში დრო მოიგო.
„თუ მადონას სიცოცხლეში არ უქნია სასწაული, შემდეგ მისმა სურათმა ხომ მაინც მოახდინაო“, ხუმრობდა ბაკუნინი.
დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები