მოსკოვი - ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში | გაბრიელ გარსია მარკესი

ნაწყვეტი გაბრიელ გარსია მარკესის წიგნიდან - „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“

გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი

მოსკოვი ყველაზე დიდი სოფელია მსოფლიოში. როცა შენდებოდა, ეტყობა, არავინ ფიქრობდა ადამიანურ განზომილებებზე: თითქოს ამოხაპულია და დატკეპნილი. უხეებოა, სახლები იგივეა, რაც უკრაინის სოფლებში ვნახეთ: პატარა, მაგრამ ჰეროიკულ იერსახოვანი. აქაც და იქაც ერთი ხელი იგრძნობოდა - ალბანელების, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ აქ მეტი სივრცე, მეტი ფული და მეტი დრო მისცეს შიშისმომგვრელი დეკორაციების ხორცშესასხმელად. 

ქალაქის მთელი ცენტრი წარმოადგენს პროვინციულ ეზოებს: მავთულებზე სარეცხი შრება, დედები თავიანთ ჩვილებს ძუძუს აწოვებენ, პროპორციებში განსხვავება ამ სოფლურ სახლებსაც აქვთ: მოსკოვური სამსართულიანი უბრალო სახლი დასავლურ ხუთსართულიან საზოგადოებივ სახლზე მაღალია და რა თქმა უნდა უფრო ძვირიც არის, მძიმეც და თეატრალურიც.

ზოგი შენობა ქარხნულად მიქარგულ-მოქარგულს ჰგავს. მარმარილო, როგორც ჩანს, ადგილს არ უთმობს შუშას. ვაჭრობა არ არის, ღარიბული მაღაზიების ფართო, თითქმის ცარიელი ვიტრინები საცოდავად გამოიყურება საკონდიტროს არქიტექტურული ნაწარმის ფონზე. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ფართო სივრცეს ხალხის ნაკადი ლავასავით მოსდებია.

[...]

მოსკოვში მოკრძალებული ქუჩები იშვიათობაა, აქ უმეტესწილად პროსპექტებია, პოლიტიკური და სენტიმენტალური ცენტრისკენ - წითელი მოედნისკენ. ტრანსპორტი - უველოსიპედო - ჭრელია და ჰალუცინაციური. ურუგვაის ელჩის ახლთახალი კადილაკი, აშშ-ს ელჩის ძველი მოდელის ავტომობილი - სრულს კონტრასტს ქმნის ნეიტრალური ფერის რუსულ მანქანებთან, რომლებიც ომამდელი ამერიკული მოდელების ალი კვალია და საბჭოელებს ისე დაჰყავთ, როგორც ცხენებშებმული ეტლები. ეტყობა, ტრადიციული „ტროიკა“ ჯერაც არ დავიწყებიათ. მიუყვებიან პროსპექტს, სადღაც წრეზე უხვევენ და შემდეგ დიდი სიჩქარით „მიაჭენებენ“ პერიფერიიდან ცენტრისკენ. ცოტა ხანს ჩერდებიან, შუქნიშანს გარს უვლიან და შემდეგ ისევ აიწყვეტენ პროსპექტის მეორე მხარეს, ალბათ ისევ უკან დასაბრუნებლად.

[...]

კლასების გაქრობა აშკარაა და შთამბეჭდავი. აქ ყველა ერთნაირია, ერთი სიმაღლისანი, ერთნაირად აცვიათ ძველი ტანსაცმელი, გაქუცული, უხარისხო ფეხსაცმელი, არსად გარბიან, ერთ ადგილზეც არ დგანან - თითქოს დროს ანაწილებენ სასიცოცხლოდ. ერთნაირად მოშტერო და სალმიანი სოფლელი ხალხია, თანაც - კოლოსალურად ბევრი.

[...]

ლენინისა და სტალინის მავზოლეუმები დღის პირველ საათზე რომ გააღეს, რიგი ორ კილომეტრზე იყო გაჭიმული. რიგი წინ მიიწევს, არ ჩერდება, ურნებთან წამით შეჩერებაც კი შეუძლებელია. დღის ოთხ საათზე მავზოლეუმი რომ დაკეტეს, რიგი კვლავ ორკილომეტრიანი იყო, მეტი სიგრძის რიგი დაუშვებელია. ამიტომ იდგა იქ პოლოიცია. წარმოვიდგინე ზამთარი, ქარბუქი და მავზოლეუმის წინ ორკილომეტრიანი რიგი...

[...]

მოსკოვში, სადაც ყველაფერი თითქოს წელში მოხრილი და დამძიმებულია, თავისივე კოლოსალურობით, წითელი მოედანი - ქალაქის გული - იმედს გაუცრუებს ადამიანს თავისი სიპატარავით.

[...]

ერთმა გოგონამ მკითხა, რა არ მოგწონთ საბჭოთა კავშირისო. თავში უცებ დამიტრიალდა აზრი, გონებაში აღვიდგინე ის, რაც მართლა მიკვირდა: მოსკოვში ძაღლი არ დამინახავს.

- ჩემი აზრით, საშინელებაა, ძაღლები შეჭმულია, - ვთქვი მე.

უცებ უკანა რიგებიდან ქალის შეძახილი მოისმა ესპანურად: „ეს არის კაპიტალისტური პრესის ცილისწამება!“

მე ავუხსენი, ეს პირადად ჩემი შეფასებაა-მეთქი. მათ სერიოზულად უარყვეს, ძაღლები არავის უჭამიაო, მაგრამ ის კი აღნიშნეს, რომ მოსკოვში მართლაც ცოტა ძაღლია.

ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში