გაბრიელ გარსია მარკესი - მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.

***

„რკინის ფარდა“ წითლად და თეთრად შეღებილი ძელია

„რკინის ფარდა“ არც ფარდაა და არც რკინა, ის სადალაქოს რეკლამასავით წითლად და თეთრად შეღებილი სასაზღვრო ძელია. სამი თვე იმ ძელს მიღმა მომიწია ყოფნა და მივხვდი, რომ თუ საღი აზრი შეცდომას დაუშვებს და საქმეს დროზე არ მიხედავს, „რკინის ფარდა“ შეიძლება მართლა რკინის ფარდა გახდეს. თორმეტი წლის მანძილზე ჯიუტად გაწელილ პროპაგანდას უფრო მეტი ძალა აღმოაჩნდა, ვიდრე მთელი ფილოსოფიურ სისტემას: ყოველდღე ჟურნალისტური ლიტერატურის გადაცემების დამთავრებისთანავე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით - მეტაფორების მოშველიებით - ცდილობდნენ საღი აზრის გაქრობას.

***

ორ გერმანიას შუაში გამყოფი ხაზივით გასდევდა შესანიშნავი ავტოსტრადა, რომელიც ჰიტლერის ბრძანებით გაუკეთებიათ მისი ძლიერი საომარი მანქანების, საომარი ტექნიკის გასატარებლად.

***

ერთი უაირაღო ჯარისკაცი გაგვიძღვა ერთ-ერთი სარკმლისკენ, სადაც ორი უნიფორმიანი ახალგაზრდა გველოდებოდა. ეტყობოდათ, უფრო უვიცები რომ იყვნენ, ვიდრე მკაცრები, თუმცა არც გულითადობას იჩენდნენ მაინცდამაინც. გაოცებული ვიყავი, აღმოსავლეთ სამყაროს დიდი კარიბჭე ამ პირტიტველა წერა-კითხვის უცოდინარ ბიჭებს როგორ ანდეს დასაცავად-მეთქი.

***

თუ დასავლეთ გერმანიის გზებზე ათასგვარი განცხადება და რეკლამაა გამოფენილი, აღმოსავლეთ ნაწილში პრეზიდენტ ადენაუერის კარიკატურაა გამოტანილი - პრეზიდენტს ტანი რვაფეხასავით აქვს და ცდილობს პროლეტარიატი თავის საცეცებში მოიმწყვდიოს. აქ ლიტერატურულ მეტაფორებს არ იშურებდნენ: კომუნიზმის თემას ხალისიანი, გამომწვევი ფერებით ახალისებენ, ადენაური კი გამოყვანილი ჰყავთ როგორც საშინელი კაპიტალიზმის წარმომადგენელი და წარმმართველი.

***

ბერლინი უაზრობაა

ზოგან ფანჯრიდან ფანჯრამდე გაბმულ თოჯზე გაფენილი სარეცხი ნეაპოლის ვიწრო აღმართებსა და ქუჩებს მოაგონებს კაცს. დასავლეთ ბერლინში სახალხო განცხადებების დაფა და ადგილი ფერად შუქში იძირება, აღმოსავლეთ ბერლინში კი მხოლოდ წითელი ვარსკვლავი ანათებს.

***

სუიციდამდე ერთი საათით ადრე, როცა რუსები მიმდგარი იყვნენ მისი სახლის კარს, ჰიტლერმა ბრძანება გასცა, მეტრო წყლით აევსოთ, რათა იქ თავშეფარებულ ხალხს მიეტოვებინა იქაურობა და ქუჩის ბრძოლებში ჩართულიყვნენ.

***

ექსპროპრირებული ადამიანები ერთიანდებიან ერთმანეთის პრობლემების გასაზიარებლად

ამბობენ: რა სისულელეა, თუ მთელი ძალაუფლება პროლეტარიატის ხელშია, მაშინ ვის უწყობენ გაფიცვას, საკუთა თავს? ეს სოფიზმია. „გერმანიაში რევოლუცია არ მომხდარა, - გვეუბნებიან მარქსისტი სტუდენტები. - საბჭოთა კავშირიდან ჩამოიტანეს სკივრით და აქ ხალხის დაუკითხავად გაავრცელეს“.

***

ხალხი მძიმე ინდუსტრიის განვითარებას ვერ ხედავს. მას მძიმე ინდუსტრია კი არა, საუზმედ ერბოკვერცხი, გამაგრილებელი სასმელი და სიგარეტი უნდა. ერთადერთს, რასაც ახალს ხედავს, ეს ორად გაყოფილი გერმანია და ტყვიამფრქვევიანი რუსი ჯარისკაცები არიან. დასავლეთ გერმანიის მოსახლეობაც ზუსტად ამასვე ხედავს: ორად გაყოფილ გერმანიას და ბოლო მოდელის მანქანებში მსხდომ ამერიკელ ჯარისკაცებს. გერმანიის არც ერთ ნაწილს, არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს პროტესტი არ გამოუთქვამს, რადგან იციან, ომი წააგეს და რაღაც დროით თავმოდრეკილებს მოუწევდათ ცხოვრება, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ისიც იციან, რაც სურთ ყველაზე მეტად, ვიდრე იტყვიან სოციალიზმს ან კაპიტალიზმს: გერმანიის გაერთიანება და უცხო ჯარის გაყრა აქედან.

***

ვფიქრობ, სადღაც ღრმად ყველას აქვს ადამიანურობის დაკარგვის შეგრძნება. შიში მასას არ აძლევს საშუალებას დაინახოს ინდივიდი.

***

ჩეხი ქალისთვის ნეილონის წინდა ძალიან ძვირი სიამოვნებაა

ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო.

***

ერთი ჩეხისთვის ერთ ფრანგს თურმე კონფიდენციალურად გაუნდვია: პარიზში არის ადგილი, სადაც ჩეხური ფული იცვლება სამჯერ მეტ ფასად, ვიდრე ოფიციალურიაო. ჩეხს უარი უთქვამს ამ შემოთავაზებაზე:
- ეს დააზარალებს ჩვენს ეკონომიკას.

***

ხალხი პრაღაში ყველაფერზე ისე რეაგირებს, როგორც ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანაში

ასეთია პრაღა: მისი სიძველე არ ჰგავს ანაქრონისტულს. ძველი ქალაქის ძნელადსავალ ქუჩებში დაინახავ შენობებს, სადაც ისტორიული ლუდხანაცაა, პიკასოს რეპროდუქციებიც და ელექტროკალკულატორების მაღაზიაც. როდესაც ჩეხებს ჰკითხეს, რა უნდა პიკასოს მანდ, ძველ ლუდხანაშიო, ჩეხებმა უპასუხეს, ხომ არიან ადამიანები, პიკასო რომ მოსწონთო.

***

საბჭოთა გავლენა ძნელად შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ჩეხეთის მთავრობა ყველაზე ერთგულია მოსკოვისო. წითელი ვარსკვლავი ამშვენებს ლოკომოტივებს, საზოგადოებრივ შენობებს, მაგრამ არ ჰგავს სიყალბეს. ერთი საბჭოთ სამხედრო პირიც კი არ შეგვხვედრია ჩვენს იქ ყოფნაში. მოსკოვის მარმარილოებმა და ყელში ამოსულმა საკონდიტროებმა ვერაფერი დააკლეს პრაღის უნიკალურ არქიტექტურას. არიან პიროვნებები, ეროვნული სულისკვეთებით აღსავსენი, ძლიერნი და დინამიურნი, რაც ყოველ წვრილმანში ჩანს და რაც გამორიცხავს ქედმოხრას, ლაქიობას, თაღლითობას ოფიციოზის წინაშე, ისეთს, როგორიც აღმოსავლეთ გერმანიაში, შემდეგ კი უნგრეთში ვნახეთ.

***

მოსკოველი ქალები - რომლებიც ქუჩაში ლაქლაქა და კომუნიკაბელურები არიან - მეტროთი მგზავრობენ იმავე გზნებით, რა გზნებითაც მგზავრობენ დასავლეთის ქალბატონები მეტაფიზიკური ტრამვაით დილის წირვაზე.

***

ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი

იძულებითი მხიარულება - დეკრეტით თავსმოხვეული - არ მოქმედებს ხალხზე, რომელმაც ბევრი ტანჯვა-წვალება გამოიარა. ბევრს იმედი არ დაუკარგავს, ცხოვრება წინ არისო და რაც მთავარია, ყველამ კარგად იცის, რომ ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში ნაციონალური დრამა - ოჯახური პრობლემები. კომერციული საქმიანობა აქაც ისეთივე გასაცოდავებულია, როგორც აღმოსავლეთ გერმანიაში. მხოლოდ წიგნების მაღაზიები მუშაობენ სრული დატვირთვით - ყველაზე თანამედროვე, ყველაზე მდიდრული, სუფთა და ხალხმრავალი მაღაზიები. ვარშავა გადავსებულია წიგნებით და მათი ფასი სკანდალურად დაბალია. ყველაზე დიდი ფასი ადევს ჯეკ ლონდონის მოთხრობებს... სამკითხველო დარბაზები დილის 8 საათიდან ღიაა და მაშინვე ივსება ხალხით. პოლონელები იქ დასაჯდომად არ მოდიან. მოდიან იმიტომ, რომ კითხვით შეავსონ ცხოვრების ცარიელი დღეები. კითხულობენ ტრამვაის მოლოდინში - ლამის მთელი დღე - გრძელ რიგში დგომისას, კითხულობენ დილის გაზეთების მოლოდინში და ამ ყოველივეს რაღაცნაირი რელილიგიური ელფერი დაყვება.

***

ხალხის ცხოვრება ვიტრინების თვალიერებაში გადის.

***

პოლონელებს გული გაბზარული აქვთ, მაგრამ არა გატეხილი, უკიდურესად, უსაშველოდ უჭირთ, მაგრამ არ ეპუებიან, პირიქით უჯანყდებიან. ძველი გაცრეცილი ტანსაცმელი და ძირგავარდნილი ფეხსაცმელი პოლონელებს ხელს არ უშლის ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნონ.

***

პოლონელებთან შეუძლებელია რუსებზე ლაპარაკი, რადგან მაშინვე იწყებენ ლანძღვა-გინებას.

***

ფრანგულის სწავლების ტრადიციას პოლონეთში, ოჯახებში დღესაც იცავენ. ვარშავის ყველა საჯარო დაწესებულება ლაპარაკობს ფრანგულად.

ფრანგ მწერლებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში ჯეროვანი დაფასება არ აქვთ, საზოგადოებამ დიდებული შეხვედრა მოუწყო პოლონეთში. პარიზის პრესამ გამოაქვეყნა პატარა სტატია სათაურით: „თუ გინდა გაიგო, რას ფიქრობს ფრანგი მემარცხენე, უნდა წაიკითხო ვარშავის პრესა“. სარტრის ერთი-ორი ბოლო სტატია პირველად პოლონურ ენაზე დაიბეჭდა. მერე კი ფრანგულად, ვარშავის პრესაში გაიმართა პოლემიკა საუკეთესო ფრანგ მწერლებსა და პოლონელ მწერლებს შორის, რომელთა არსებობა არც კი იცოდნენ პარიზში.

***

სსრკ: 22 400 000 კილომეტრზე მხოლოდ „კოკა-კოლას“ რეკლამებია გამოფენილი

დედამიწა უფრო მრგვალია, ვიდრე ზოგს ჰგონია.

***

თუ მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობით გული გაგიწვრილდებათ, თუ „ცარიელი“ საათები ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებთ, რომ ლამის სუიციდამდე მიხვიდეთ, ასეთ დროს ყველაზე სწორი პოზიცია ჰორიზონტალური პოზიციაა. ჰოდა, მიდით, განაგრძეთ წოლა!

***

საბჭოთა კავშირში ყავას არ სვამენ - რაც ძალიან ცუდია - სამაგიეროდ, ჭიქა ჩაიზე არასოდეს ამბობენ უარს. მოსკოვის კარგ სასტუმროებში ჩინურ სურნელოვან ჩაის სთავაზობენ სტუმრებს. ვაგონ-რესტორნის ოფიციანტმა ინგლისური ლექსიკონი მოიშველია და გვითხრა: ჩაი რუსული ტრადიციაა და ის მხოლოდ ორასი წლისააო.

***

მაგიდასთან მშვენიერ ესპანურ ენაზე, კასტილიურ კილოზე საუბრობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი იმ 32 000 ბავშვიდან, ვისა მშობლები ესპანეთის სამოქალაქო ომში დაეღუპა. დაობლებული ბავშვები საბჭოთა კავშირში 1937 წელს ჩამოიყვანეს. გავიდა წლები, დაოჯახდნენ, შეეძინათ შვილები, მიღებული პროესიის, განათლების მიხედვით ემსახურებიან საბჭოთა ქვეყანას.

[...]

მოსკოვშიც სხვა ესპანელებისგანაც ბევრი რამ გავიგეთ: როგორ ზრდიდნენ, როგორ ასწავლიდნენ. მშობლიური ენა რომ არ დავიწყებოდათ, სკოლაში მე-6 კლასამდე მხოლოდ ესპანურ ენაზე ასწავლიდნენ ყველა საგანს. ასმენინებდნენ ლექციებს ესპანურ ცივილიზაციაზე, კულტურაზე. უხსნიდნენ, რომ ესპანეთი იყო მათი სამშობლო და უნერგავდნენ მის სიყვარულს. პატრიოტიზმის გრძნობა არც არასდროს ტოვებდა საბჭოთა ესპანელებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ესპანური ენა ყველაზე სალაპარაკო უცხო ენა გახდა მოსკოვში.

***

უნდა ითქვას, რომ ნამდვილად დიდი სიკეთეა, საბჭოთა ადამიანები რომ თითქმის არავის ტოვებენ უსაჩუქროდ. ჩუქნიან ყველაფერს, ძვირფასსაც და უბრალოსაც. უკრაინის ერთ სოფელში მოხუცმა ქალმა გატეხილი სავარცხელი მაჩუქა. ალალად ჩუქნიან.

***

უახლოვდები მოსკოვს და რაღაც უნაური თრთოლვა გიპყრობს; უახლოვდება და გემატება ფორიაქი, მოთენთილობა, არ იცი, როდის იწყება ქალაქი.

წითელ მოედანზე, მავზოლეუმში სტალინი უსინდისოდ განისვენებს

გორკის თეატრი პატარა, მაგრამ უძველესი თეატრია. ჩვენმა მოულოდნელმა, შემთხვევითმა მისვლამ იქაურობას თითქოს სხივი შემატა. „ამ თეატრს, - თქვა რუსმა ქალმა მშვიდი ღიმილით, - კარტოფილების თეატრს ვეძახი, რადგან მისი საუკეთესო მსახიობები მიწაში არიან“.

***

საბჭოეთში ადამიანები ისტერიულები არიან სენტიმენტალობის დროს. მხიარულები კი დახტიან როგორც კაზაკები ცეკვისას, პერანგს იხდიან, რომ გააჩუქონ, ცხარედ ტირიან მეგობრებთან დამშვიდობებისას, მაგრამ ამავე დროს საოცრად ფრთხილები და წინდახედულები არიან პოლიტიკაზე საუბრისას. ამ მიწისზედა სივრცეში ამაოა მათთან საუბარი რაიიმე ახლის მოლოდინში: პასუხები გამოქვეყნებულიაო, ამბობენ. უსასრულოდ იმეორებენ „პრავდას“ არგუმენტებს.

***

ჯერ არავინ შემხვედრია, სტალინის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი სიტყვა დასცდენოდა, გარდა ჩვენი შემთხვევითი გარეკილი თარჯიმნისა. ეტყობა, არსებობს გულის მითი, რომელმაც რაღაც დაამუხრუჭა ადამიანების თავში: „რაც არ უნდა თქვათ მის საწინააღმდეგოდ, სტალინი მაინც სტალინია, მორჩა, წერტილი“.

მისმა პორტრეტებმა ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა ძალზე გონივრულად, ხრუშჩოვის პორტრეტების ჩანავლების გარეშე. მხოლოდ ლენინი დარჩა. მისი ხსოვნა წმიდათაწმიდაა. ერთი სიტყვით, სტალინზე რაც გინდა თქვი, რაც გინდა გააკეთე მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ლენინი ხელშეუხებელია.

***

ერთ ლენინგრადელ მუსიკის პროფესორს, რომელსაც შემთხვევით შევხვდით, ვკითხეთ, რა განსხვავებაა წარსულსა და აწმყოს შორისო. მან უყოყმანოდ გვიპასუხა: „განსხვავება ის არის, რომ ახლა ვფიქრობთ“. ეს არის ყველაზე საინტერესო პასუხი, რომელიც მოვისმინე სტალინის წინააღმდეგ.

***

საბჭოთ კავშირში ფრანც კაფკას1 წიგნებს არ იცნობენ. ითქვა, რომ ის არის მავნე მეტაფიზიკის მოციქული. ალბათ სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა.

1(აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ჟურნალში მთავრდება ფრანც კაფკას წერილების გამოქვეყნება. ეს წერილები ეძღნება საშვების, ნებართვების კომპანიას და მის მეპატრონეებს. იმავე ჟურნალმა გამოაქვეყნა ერთი უცნობი წერილი, რომელშიც კაფკა საკუთარ თავზე იღებს მუშების დაცვას „ნებართვების საქმოსნებისგან“.)

***

მავზოლეუმის წინ ორ კილომეტრზე გაჭიმულ რიგში მდგომი ადამიანები პირველად მოვიდნენ იმ კაცის ცხედრის სანახავად, ვინც მათ თავს მოახვია საკუთარი მორალი და ვინც ცოტას თუ უნახავს ცხოვრებაში. ვისაც არ ვკითხეთ მოსკოვში, არავის უნახავს იგი. წელიწადში ორჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე ტრიბუნაზე საბჭოელ მაღალჩინოსანთა, დიპლომატთა და შეიარაღებული ძალების ელიტარულ წარმომადგენლებთან ერთად. დემონსტრაციის დროს ხალხს არ ჰქონდა წითელ მოედანზე შესვლის უფლება. სტალინი კრემლიდან მარტო გადიოდა, ყირიმშიც მარტო მიემგზავრებოდა ხოლმე დასასვენებლად, შვებულების გასატარებლად. ერთმა ინჟინერმა - რომელიც დნეპრის კაშხალის მშენებლობაში მონაწილეობდა - გვითხრა, დარწმუნებული ვარ, ერთხელაც იქნება, საეჭვოდ მიიჩნევენ მის არსებობასო.

***

სტალინს ასაკი არ გააჩნდა. როდესაც გარდაიცვალა, სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული. თმა სრულიად გაჭაღარავებოდა. უკვე ეტყობოდა ფიზიკურად გამოფიტვის ნიშნები. მაგრამ ხალხის წარმოსახვაში სტალინი იმ ასაკისა და ისეთივე დარჩა, როგორიც სურათებიდან ახსოვდათ. ხალხისთვის ის დროის გარეთ არსებობდა. ასე ფიქრობდნენ შორეული ტუნდრის სოფლებშიც. მისი სახელი იყო ყველგან: მოსკოვის პროსპექტებზე და ჩელუსკინის უბადრუკი ფოსტის შენობაზე. ჩელუსკინისა, რომელიც პოლარულ წრეზე შორსაა. სტალინის სურათი გარეთ თუ შიგნით ყველგან შეგხვდებათ: დაწესებულებებში, კაბინეტებში, საცხოვრებელ სახლებში, ფულზე, საფოსტო მარკებსა და საკვები პროდუქტის შესაფუთ ქაღალდზეც კი. სტალინგრადში 70 მეტრის სიმაღლის ქანდაკება დგას. მისი სამხედრო ფორმის თითოეული ღილი ნახევარი მეტრის დიამეტრისაა.

***

„რომ გავიგოთ, სინამდვილეში ვინ იყო სტალინი, ბევრმა წყალმა უნდა ჩაიაროს, დიდი ამბები უნდა მოხდეს, - მითხრა ერთმა ახალგაზრდა საბჭოთა მწერალმა, - ერთი რამ არ მომწონდა მისი: ისე მართავდა დედამიწის ზურგზე ყველაზე ვრცელსა და მრავალფეროვან, მრავალეროვან ქვეყანას, თითქოს მისი საკუთარი დუქანი ყოფილიყოს“. იმავე ინფორმატორის აზრით, საბჭოთ კავშირში გამეფებული უგემოვნობა შეუძლებელია არ დაუკავშირო სტალინის პიროვნებას - ის იყო სოფლელი ქართველი, დაბნეული მდიდრული კრემლის წინაშე.

***

დოსტოევსკი, რომელსაც სტალინმა რეაქციონერობა დააბრალა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელმეორედ მზადდებოდა გამოსაცემად.

***

საბჭოთა ადამიანი დაღალა კონტრასტებმა

საბჭოთა კავშირს ელექტრონული კალკულატორის 17 სახეობა აქვს. აქვს, მაგრამ ვერ აწარმოებს ინდუსტრიული მასშტაბით. ამ ახსნამ თითქოს თვალები ამიხილა: ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე თანამგზავრი დასვა, სინამდვილეში კონტრასტების ქვეყანაა, რადგან მშრომელები ერთ პატარა ოთახში შეკუჭულები ცხოვრობენ და იკვებებიან მხოლოდ იმის ცოდნით, რომ მათმა ქვეყანამ თანამგზავრი დასვა მთვარეზე.

***

კარჩაკეტილი ციხესიმაგრე - აი, რა დაუტოვა სტალინმა თავის ხალხს. და მაინც საბჭოელები ისე იქცეოდნენ დასავლეთის წინაშე, რომ სასაცილოები და შესაბრალისები ჩანდნენ. თვითონ ვერაფერს ხვდებოდნენ.

***

როდესაც ხალხმა გაიგო, რომ სახელმწიფოს აქვს წყალბადის ბომბები - ვისაც უნახავს მოსკოვის მაღაზიების თითქმის ცარიელი ვიტრინები - ძნელად თუ დაიჯერა ვინმემ. მაგრამ სწორედაც რომ უნდა დაიჯეროს, რადგან ეს ბომბები, რაკეტები, მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები, ტიტანური შესაძლებლობების ყოფილი უდაბური ადგილები, - ეს ყველაფერი შექმნილია ორმოცი წლის მანძილზე ძირგავარდნილი ფეხსაცმლისა და უბრალოზე უბრალო ტანსაცმლის ხარჯზე. თითქმის ნახევარი საუკუნე მხოლოდ რკინის სიმწკლარტე იგრძნობა ირგვლივ.

***

ავტობუსს სადგურისკენ მივყავართ. საზღვარზე დაგვხვდა ერთი ბრგე თარჯიმანი, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავდა ჩარლზ ლოუტონს. ძლივს ამოვიდა ვაგონში. „მოვედი, რათა ბოდიში მოგიხადოთ“. „რატომ?“ - ვკითხე გაკვირვებულმა. „რადგან არავინ მოვიდა ყვავილების გადმოსაცემად“, - გვიპასუხა თითქმის აცრემლებულმა. მერე აგვიხსნა, საზღვართან დელეგატების გაცილების პასუხისმგებელი ორგანიზატორი ვარო. მეგონა, ყველა სტუმარი გაემგზავრა. ტელეფონით გადავეცი ბრძანება, ყვავილები აღარ მოიტანოთ-მეთქი, მერე ისიც დაუმატა, ჰიმნის სამღერლად მოსასვლელი ბავშვებიც სკოლებში დაბრუნდნენო.

***

ლატარიის ბილეთებზე უფრო დიდი რიგია, ვიდრე პურზე

მიუხედავად იმ ხმაურიანი პუბლიკაციებისა, დასავლეთის გაზეთებში რომ იბეჭდებოდა ბუდაპეშტის მოვლენების შესახებ, ცოტა გაზვიადებული მეჩვენებოდა. რამდენიმე შენობას ფასადი შერჩენილი ჰქონდა, მერე გავიგე, რომ ბუდაპეშტელები ოთხი დღე-ღამე შენობებში იყვნენ ჩასაფრებულები და იქიდან ებრძოდნენ რუსების ტანკებს. საბჭოთ ჯარს - 80 000 კაცს - ნაბრძანები ჰქონდა ჩაეხშო აჯანყება. მათი ტაქტიკა იყო მარტივი და ეფექტური; შენობების პირისპირ დგებოდნენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში ესროდნენ ფასადებს. წინააღმდეგობა იყო გმირული, თავგანწირული. ბავშვები მალულად გადიოდნენ ქუჩაში, ტანკზე ძვრებოდნენ და ასაფეთქებელ ბოთლებს აგდებდნენ შიგნით. ოფიციალური ცნობები იუწყებოდნენ, რომ ამ ოთხ დღეში დაიღუპა 5 000 კაცი და დაიჭრა 20 000, რომ აღარაფერი ვთქვათ შენობების ნგრევისას დაღუპულ ადამიანებზე. საბჭოთა კავშირი არ აცხადებდა თავისი დანაკარგის რაოდენობას.

***

ბუდაპეშტში შენობათა კედლებზე სქლად არის დადღაბნილი - „მიმალულო კონტრრევოლუციონერებო, გეშინოდეთ ხალხის ძალაუფლებისა!

***

როცა ხალხი დუმს, ეს ან შიშის ბრალია, ან მის სულში ჩასახული რისხვისა.


ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში