რაზე საუბრობდნენ გიორგი მაზნიაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი 1921 წლის 24 თებერვალს?

1921 წლის 24 თებერვალს, როდესაც ჩემი რაზმით ტფილისის რკინიგზის სადგურს დავუპირისპირდი, სადგურის შესასვლელთან მრავალი ავტომობილი შევამჩნიე. იმ ფიქრით, რომ შეიძლება მენახა მთავარსარდალი, ან მთავრობის რომელიმე წევრი და გამეგო დაწვრილებით უკან დახევის მიზეზი, სადგურისაკენ გავუხვიე. 

დარბაზი გაჭედილი იყო ქალაქის მაცხოვრებლებით. ყველა ჩქარობდა წასულიყო მატარებლით, რომლებიც ერთი მეორეზე მიდიოდნენ მცხეთისკენ. მგზავრთა შორის შევამჩნიე პოეტების ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვგონებ, ლევან მეტრეველი.

ისინი ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, როგორ მოქცეულიყვნენ: მთხოვდნენ, ამეხსნა მდგომარეობა. მათ ვუპასუხე:

- ყმაწვილებო, არ ვიცი, რად აიღეს ხელი ტფილისის დაცვაზე და რად წავიდნენ მთავრობა და მთავარსარდალი, ალბათ, მათ ჰქონდათ სერიოზული მიზეზები. მაგრამ არ მესმის, თქვენ რად ტოვებთ დედაქალაქს! რამდენადაც გიცნობთ, თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ტფილისში, მიიღეთ ენერგიული ზომები მცხოვრებლების დასამშვიდებლად. ჩემი აზრით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ მოწინააღმდეგსთან, უნდა უთხრათ, რომ საქართველოს მთვრობამ და მისმა ჯარებმა დატოვეს ტფილისი და თხოვოთ, მიიღონ ზომები, რომ ხალხის ნაძირალა ელემენტებმა არ ისარგებლონ არეულობით ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს და ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას არ მიჰყონ ხელი, ამით თქვენ ჩვენს დედაქალაქს დიდ სარგებლობას მოუტანთ, - ეს ვუთხარი და საჩქაროდ გავშორდი, რადგან ჩემს რაზმს უნდა დავწეოდი.

შემდეგში გავიგე, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ჩემი რჩევა და ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს ტფილისში რომ არ დაიწყო ძალმომრეობა და ძარცვა, ეს გარემოება, ჩემი აზრით, სხვათა შორის უნდა მიეწეროს ჩვენი პოეტების ზემოხსენებული ჯგუფის უნარიანობასაც.

გიორგი მაზნიაშვილი - „მოგონებანი“ 
გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში