რატომ გააღიზიანა სტალინი ლადო გუდიაშვილის ნახატმა?!


სტალინი მარტო „გერცოგოვინა ფლორის“ მარკის პაპიროსს სწევდა. ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში, რომლის მოწევაც დროდადრო მოეხალისებოდა, მაგრამ მაგიდაზე უცბად ჩვენი ფაბრიკის პაპიროსი გაჩნდა.

მას „საქართველო“ ერქვა და კოლოფზე დოინჯშემორტყმული ქალი ეხატა. ქალის პოზა და მთელი სხეულის ნაკვთები საკმაოდ გამომწვევი შტრიხებით იყო შესრულებული. ჩანდა, რომ პაპიროსის კოლოფი მაგიდაზე რომელიღაც სტუმარმა დადო.

სტალინმა კოლოფი აიღო, ყოველი მხრიდან დაათვალიერა და განსაკუთრებით ქალის ფიგურას დააკვირდა.

- საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, უნდა სხვები მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს.

- მხატვრები კი გვყავს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ჩვენ ეს სურათი არ შეგვიმჩნევია.

- ეტიკეტი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, გუდიაშვილის ნამუშევარია, - „შემაშველა“ სიტყვა პ. შარიამ, - მაგრამ, როგორც ჩანს, სურათი ვერ გამოუვიდა.

- სადაური გუდიაშვილი?

- მთიულია, - ვუპასუხე, - ნიჭი და განათლება არ აკლია, რამდენიმე წელიწადი პარიზში დასახელოვნებლად გაატარა.

- სწორედ ამაშია უბედურება. პარიზში წავლენ, უხეირო ხერხებს გადმოიღებენ, რაც კარგია, იმას კი არ შეისწავლიან.

- ამ მარკას, ამხანაგო სტალინ, სულ აღარ გამოვუშვებთ, პაპიროსს „საქართველო“ რად უნდა ეწეროს, ეტიკეტებს კი მეტ ყურადღებას მივაქცევთ, - აღვუთქვი ამხანაგ სტალინს და შევეცადე ამ საგანზე ლაპარაკი ამით დაგვემთავრებინა.

საქმე ის არის, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი კომუნისტების ერთი ნაწილის აღშფოთება იმის გამო, რომ ლ. გუდიაშვილმა კათალიკოსის შეკვეთით ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა დახატა. პეტრე შარიას გულახდილობა რომ ვიცოდი, მას შეეძლო თავისი „ინფორმაციისათვის“ ეს ამბავიც მიეყოლებინა. სტალინს ამ ფაქტისათვის იქნებ ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, რომ საქმე გართულებულიყო.



***



საუბრის დროს მომიახლოვდა, მე პაპიროსის კოლოფი ამოვიღე, რომ მომეწია. ამოვიღე კიდეც ერთი ღერი და კოლოფის უკანა ჯიბეში ჩადებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და მითხრა:

- „საქართველოს“ ეწევი ხომ? ეს პაპიროსი „საქართველოს“ ყუთია?!

- დიახ, ამხანაგო სტალინ. ხომ არ ინებებთ?

- არა, მაგიტომ არ მიკითხავს, უბრალოდ დავინახე და გამახსენდა. განა პირველად ვხედავ, - შეჩერდა და წამით ჩაფიქრდა, - ჯერ ეს სახელწოდება პაპიროსზე გაგიგია? მერე კიდევ, ასეთი სახელწოდებით უშვებ პაპიროსს და ყუთზე კი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი ქალი მიუკრავთ. ვის წარმოადგენს ეს ქალი: ძველს, ახალს თუ მომავალ საქართველოს? ამის დამხატავს არც ცოლი ჰყავს, არც დედა, არც ქალიშვილი; ან სინდისი მაინც არ გააჩნია, ქართველი ქალი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი მეძავის სახით რომ გამოუყვანია ასე საქვეყნოდ?

„ვაი შენ ჩემო თავო და ჩემო ლადო!“ - დამკრა თავში და ცივმა ოფლმა დამასხა. რა ვქნა ახლა, რა ვუპასუხო. ისე აღიქვა და, რაც მთავარია, იმგვარი კუთხით შეაფასა ეს მართლაც განზე ფეხებგადგმული, მკერდავსე ქალი, რომ ძნელად თუ შეედავები. საეჭვოდაც რომ მიიჩნიო მისი ნათქვამი, მიდი და შეეპასუხე, როცა ასე გაცეცხლებით, ასეთი აგზნებიტ მოამრგვალა სათქმელი. ჯიბეში ჩადებული ყუთი სიმწრისაგან ხელისგულში მოვჭმუჭნე, პირისკენაც ინსტიქტურად წავიღე ხელი, რომ ჯერ აუნთებელი პაპიროსიც, სტალინის მიერ ასე გალანძღული, მომეშორებინა და სწორედ ამ დროს, ამ მოძრაობაში ვიპოვე სიტუაციის განმმუხტველი სიტყვაცა და საქციელიც, - ისევ ჩემმა არტისტობამ მიშველა: პაპიროსი ისეთი სახით მოვიცილე ამ მოძრაობით გამომეხატა, „ამის მოწევა აწი იქნება - მეთქი?“ და ვთქვი:

- აქამდე გემო მაინც ჰქონდა ამ საწამლავს და ახლა...

სტალინს და გარშემო მყოფთაც გაეცინათ:

- არა, ბიჭო თუთუნს რას ვერჩით, თუთუნი კი ვარგა. მე კოლოფზე და ზედ დახატულზე გითხარი, - ამით ისევ მომთხოვა პასუხი, მაგრამ, მე უკვე გონს ვიყავ მოსული და ისიც მოვიფიქრე უკვე, ჩემი საყვარელი ლადოს „დანაშაული“ როგორ შემემსუბუქებინა:

- რაც დაუკვეთეს, მხატვრიდანაც ის მიიღეს, ამხანაგო სტალინ, - და მაშინვე თვით ლადოს მხატვრობაზე გადავიტანე საუბარი ისე, რომ საშუალება არ მისცემოდა არავის, რაიმე სიტყვა ჩაერთო, - მაგ მხატვრის ნამუშევრები რომ გენახათ, თუნდაც მეჩაიე ქალებზე, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციის ფონზე, ანგელოსების კრებულივით რომ შემოსევიან მწვანე ბუჩქებს, ალბათ, პირადად მისდამი ასეთ სიმკაცრეს აღარ გამოიჩენდით. ერთ-ერთი მისი სურათი დაჟინებით რომ მოეთხოვათ ამ კოლოფისათვის, ვთქვათ, „ფრესკის ღიმილი“ - ეს უკვე მარტო პაპიროსის რეკლამა კი არ იქნებოდა, არამედ ჩვენი, ქართული კულტურის პროპაგანდაც. მაგრამ პაპიროსის კოლოფზე გამოსაკრავად ასეთი ნახატის გამეტებაც ცოდო იქნებოდა და, ვერც მხატვარი წავიდოდა ამაზე. ეს კი, პატივცემულო ამხანაგო სტალინ, უბრალოდ რომ ვთქვათ, მხატვრის „ხალტურაა“, თვითონაც გესმით, ხანდახან კუჭისათვის ცოდვილობს მხატვარი და, თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ამ კოლოფზე აღბეჭდილ ნახატს არავითარი შინაარსი არ გააჩნია, - წინასწარ განზრახვით უშინაარსო შევარქვი ჩემი ლადოს „საქართველოს“ ყუთის გაფორმებას; მაშინ, ასე, სრულიად წინასწარი განზრახვით ვთქვი, მაგრამ დღემდე სტალინის იმ დახასიათების შემდეგ, ეს ერთადერთი ნამუშევარია ლადო გუდიაშვილისა, რომელიც არ მომწონს (თუმცა მანამდე არ დავკვირვებულვარ ასე მის ნახატს).

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში