ზლატან იბრაჰიმოვიჩი - მე-ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ეს წიგნი ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც წლების განმავლობაში ჭირსა და ლხინში გვერდით მედგა. მინდა ასევე იმ ბავშვებს მივმართო, რომლებიც თავს განსხვავებულ ადამიანებად მიიჩნევენ. ვინც არაორდინარულია და ყოველთვის გამოარჩევენ უჩვეულო საქციელის გამო. არაორდინარულობაში პრობლემას ვერ ვხედავ. გჯეროდეთ საკუთარი თავის. მეც თქვენნაირი ვიყავი და ყველაფერი გამომივიდა.

***

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ „ბარსელონა“ რაღაცით სკოლას ან ინსტიტუტს ჰგავდა. გუნდში მართლაც კარგი ბიჭები იყვნენ – იქვე მყავდა მაქსველიც, ჩემი ძველი მეგობარი ჯერ კიდევ „აიაქსსა“ და „ინტერში“ თამაშის დროიდან. სიმართლე გითხრათ, არც ერთი ფეხბურთელი თავს სუპერვარსკვლავად არ მიიჩნევდა, რაც უცნაური იყო. მესი, ხავი, ინიესტა – სკოლის მოსწავლეებივით იქცეოდნენ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თავჩაქინდრულები იდგნენ და ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდნენ. სასაცილო იყო. იტალიაში მწვრთნელმა რომ ფეხბურთელებს ხტუნაობა მოსთხოვოს, ვარსკვლავები მას გაკვირვებით შეხედავენ და ჰკითხავენ: და რატომ უნდა ვიხტუნაოთ? აქ ყველა მითითებას ემორჩილებოდა. მე კი ამ სიტუაციას საერთოდ ვერ ვერგებოდი.

***

უძრაობას ვერ ვეგუები, მოქმედება მჭირდება. საერთოდ გიჟივით ვატარებ. ჩემი „პორშეთი“ 325 კილომეტრი ერთ საათში დავფარე.

***

თავს კარგად ვგრძნობდი. შემდეგ კი უცნაური რამ მოხდა, რაც მესის უკავშირდებოდა. იგი დიდებული ფეხბურთელია. მე მას კარგად არ ვიცნობდი. პიროვნულად ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით. ის „ბარსას“ 13 წლის ასაკში შეუერთდა, ამ კულტურით აღიზარდა და ბარსელონას „სკოლის“ წესებთან მიმართებაში თავს მშვენივრად გრძნობს. მესი გუნდში გრავიტაციის ცენტრია, რაც ბუნებრივია, რადგანაც დიდებულად თამაშობს. თუმცა ამჯერად „ბარსაში“ მე ვიყავი და მასზე მეტი გოლი გამქონდა. იგი გვარდიოლასთან მივიდა და განუცხადა: „მარჯვენა ფლანგზე თამაში არ მსურს. ცენტრში უნდა გამამწესო“. ფორვარდის პოზიციაზე ვიდექი, მაგრამ გვარდიოლას ეს ფეხებზე ეკიდა. მან ტაქტიკა შეცვალა. 4-3-3 განლაგებიდან 4-5-1-ზე გადავერთეთ, სადაც მე წინ ვიდექი, მესი ჩემ უკან და შესაბამისად ჩრდილში აღმოვჩნდი. ბურთი მუდამ მესის მისდიოდა. ხელ-ფეხი შემეკრა. მოედანზე ჩიტივით თავისუფლება მჭირდება. ისეთ ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ცდილობს ყველასგან გამორჩეული იყოს. გვარდიოლამ კი გამწირა. ეს იყო სიმართლე.

***

ჟოზე მომწონს, რადგან მუდამ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. საკუთარი გუნდის ლიდერია. თუმცა არც სხვებზე ზრუნვას ივიწყებს. „ინტერში“ ყოფნისას იგი ხშირად ტელეფონით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიგზავნიდა და აინტერესებდა როგორ ვიყავი. ის გვარდიოლას ანტიპოდი იყო. თუკი მოურინიო ირგვლივ ყველაფერს ანათებდა, გვარდიოლა – აბნელებდა. ვფიქრობ, გვარდიოლა მუდამ ჟოზესთან გაჯიბრებას ცდილობდა.

***

შვედი ჟურნალისტები ამბობდენ, რომ მინო რაიოლა ჩემს იმიჯს ანადგურებდა. აქაც დავწერ – მინო გენიოსია!

***

გაბრაზებისას თვალზე ბინდი მეკვრება და ახლოს ყოფნას არავის ვურჩევ.

***

თამაშის შემდეგ გასახდელში შევედი და ვინმეზე თავდასხმა აზრადაც არ მქონია. თუმცა, რბილად რომ ვთქვა, არ გამიმართლა, ჩემი მტერი იქ იდგა და თავს იფხანდა. ოთახში ცოტა ხალხი იყო, მხოლოდ ტურე და ერთი-ორი თანაგუნდელი. შუაში მეტალის ყუთი იდო, სადაც თამაშის შემდეგ მაისურებს ვყრიდით და მეც ამ ყუთს მივშტერებოდი. შემდეგ მთელი ძალით ამოვცხე. ყუთმა სადღაც სამი მეტრი იფრინა. ამაზე არ გავჩერებულვარ და ყვირილი მოვრთე: „ყვერები არა გაქვს!“ და კიდევ უფრო უარესები, და იქ ვე დავამატე: „მოურინიოს წინაშე ჩაისვარე. ეშმაკსაც წაუღიხარ!“ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ალბათ ფიქრობთ, რომ გვარდიოლა მინიმუმ რაიმეს იტყოდა, იმას მაინც, რომ უნდა დავწყნარებულიყავი და მწვრთნელთან ასე არ მესაუბრა. მაგრამ ის საშინელი მშიშარაა. მან მეტალის ყუთს დამლაგებელივით ხელი დაავლო და ოთახიდან უხმოდ გავიდა.

***

ბრძოლას ვიწყებდი. დამიჯერეთ, ეს ძალიან კარგად გამომდის. მაგარი მოჩხუბარი ვარ. თუმცა ბრძოლის დაწყების წინ მინოს ვესაუბრე. ჩვენ ყველა ხრიკს ერთად ვგეგმავთ – როგორც გონივრულს, ისე ბინძურს...

***

ბავშვობაში ველოსიპედების მოპარვა დავიწყე. ბოქლომებს ვტეხდი. მალე ამ საქმის ოსტატი გავხდი. ერთი, ორი და – ველოსიპედი ჩემი იყო. ქურდი გავხდი. ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდი. ერთხელ შავებში გამოვეწყვე, რემბოს სტილში და სამხედრო ველოსიპედი მოვიპარე. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მაგრამ პროცესი უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებდა, ვიდრე თავად ახალი ველოსიპედი. მხოლოდ რამდენჯერმე ჩავვარდი.

***

დედა ხის კოვზით გვცემდა და ისეც ყოფილა, რომ შუა ცემის დროს ეს კოვზი გადატეხილა. ამ შემთხვევაში კოვზი მე უნდა მეყიდა, თითქოს მისი გატეხვაც ჩემი ბრალი ყოფილიყო.

***

გულშემატკივრები ხშირად მეკითხებიან, რა პროფესიას დავეუფლებოდი, ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი. წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება ტიპურ სისხლის სამართლის დამნაშავედ ვქცეულიყავი. ჩემს ბიჭობაში ჩემ ირგვლივ უამრავი დანაშაული ხდებოდა. ეს არა მხოლოდ ველოსიპედებს ეხება. ხშირად დიდ სუპერმარკეტებსაც ვძარცვავდით და ამისგან დიდ სიამოვნებასაც ვიღებდი.

***

პირველად 17 თუ 18 წლისა ვიყავი, როცა ალკოჰოლი გავსინჯე და სხვა თინეიჯერების მსგავსად, გზაში ვაღებინე. იმ დღის მერე იშვიათად დამილევია, ალბათ მხოლოდ ერთხელ, გასახდელში, როცა „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტო მოვიგე. იმ გველაძუა ტრეზეგემ მიბიძგა მაშინ დალევისაკენ.

***

წყენას მეც ძნელად ვივიწყებ. მაგალითად, დიდხანს მახსოვს მოწინააღმდეგის მიერ ფეხებში ჩარტყმის მომენტი. არასოდეს მავიწყდება მოწინააღმდეგე გუნდის მცველებთან ჭიდილისას მათი უმსგავსო საქციელი.

***

ერთი პერიოდი მეკარის პოზიციაზეც ვთამაშობდი. წარმოდგენა არა მაქვს, რატომ. შეიძლება ჩვენი გუნდის მეკარეს ვეჩხუბე და რამე ისეთი ვუთხარი – რომ ის აბსოლუტურად უსარგებლო იყო და მეკარეობა მასზე უკეთ შემეძლო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა. თუმცა ერთ-ერთ თამაშში უამრავი გოლი გამიტანეს და გავგიჟდი. ყველას განავალი ვუწოდე. ამავე სიტყვებით მოვიხსენიე ფეხბურთი. ვთქვი, რომ მთელი დედამიწა უსარგებლო იყო და ფეხბურთის ნაცვლად ყინულის ჰოკეიზე ვაპირებდი სიარულს: – თქვე ტრაკებო, ჰოკეი ბევრად უკეთესია! მე ჰოკეის ვარსკვლავი გავხდები! თავიდან მომწყდით.

***

არ მომწონს ის ხალხი, რომლებიც დღეს გამოდის და ამბობს: „ვიცოდით, რომ ზლატანისაგან დიდი ტალანტი გამოვიდოდა; ყველაფერი, რაც იცის, პრაქტიკულად მე ვასწავლე; ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“. არ დაიჯეროთ, ეს ყოველივე სისულელეა. არავის არაფერი უთქვამს. არც დიდ კლუბებს დაუხევიათ კალთები. თუმცა მეც, ჩემი მხრივ, სტაბილურობა მაკლდა. ერთ თამაშში თუ რვა გოლს გავიტანდი, მეორეში არაფერი გამომდიოდა.

***

თითქმის ყველაფერში ეჭვმიტანილი ვიყავი, გუნდში რაც კი რამ იკარგებოდა. მაბრალებდნენ სახლების ძარცვასაც. მაშინ, როდესაც სხვებს „ადიდასისა“ და „პუმას“ უახლესი მოდელის კენგურუს ტყავისაგან დამზადებული ბუცები ეცვათ, მე ჩემი პირველი ბუცები ფასდაკლების მაღაზიაში 59.90 კრონად შევიძინე, სადაც ის პომიდორსა და ბოსტნეულს შორის ეწყო. არასოდეს მქონია ისეთი რამ, რითაც სხვასთან თავის მოწონებას შევძლებდი.

***

მოედანზე პატრიკ ვიეირა, ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი იდგნენ. მე მათ ცხადად ვხედავდი, თუმცა ყველაზე დიდებული ის იყო, რომ წინ არსენ ვენგერთან შეხვედრა მელოდა. ვენგერი მაშინ არც ისე დიდი ხნის დანიშნული იყო. ის „არსენალის“ ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი გახლდათ და მის დანიშვნას პრესაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:

„ვინ არის არსენი?“ – ასეთი იყო იმ დღეებში გამომავალი პრესის სათაურები. მაგრამ მან მეორე სეზონშივე დუბლი გაახერხა – ინგლისის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი მოიპოვა და საოცრად პოპულარული გახდა.

როცა მის კაბინეტში შევედით, თავი პატარა ბიჭი მეგონა. შეხვედრაზე მე, ჰას ბორგი და კიდევ ერთი საფეხბურთო აგენტი მივედით, რომლის სახელიც ახლა აღარ მახსოვს. ვენგერმა თვალი თვალში გამიყარა და ცახცახი დავიწყე. თვალით მზომავდა და გეგონებოდა, მზერით ჩემს გახვრეტას აპირებსო.

ის, როგორც წესი, თითოეული მოთამაშის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნის – როგორები არიან, ემოციურად სტაბილურები თუ მყიფეები და ა. შ. ვენგერი სიღრმისეული პიროვნებაა, როგორც ყველა დიდი მწვრთნელი. თავიდან სიტყვის თქმაც ვერ შევძელი. ჯერ ჩუმად დარცხვენილი ვიჯექი, მოგვიანებით კი მოთმინება დავკარგე. ვენგერის ერთმა ქმედებამ გამაღიზიანა. ის ყოველ წუთას ფანჯარაში იცქირებოდა, თითქოს ვიღაცას უთვალთვალებსო. მომეჩვენა, რომ ყველაფერზე თვალი ეჭირა.

– შეგიძლიათ ჩვენთან სინჯები გაიაროთ. ვნახოთ როგორ დააკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს. – მითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ თავის ხელში აყვანას ვცდილობდი, მისმა ამ სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა. მინდოდა იქვე მეჩვენებინა რა შემეძლო.

– მომეცით ბუცები. სინჯებისთვის მზად ვარ. ახლავე ყველაფერს დაგიმტკიცებთ. – ვუპასუხე მე.

თუმცა მალევე საქმეში ჰას ბორგი ჩაერთო.

– არავითარ შემთხვევაში. ჩვენ აქ სინჯებზე არ მოვსულვართ, – განაცხადა მან და მე მაშინვე მივხვდი ჰასის ჩანაფიქრს. „არსენალს“ ან ვაინტერესებდი, ან არა. გასინჯვაზე მისვლა თავის დამცირება გამოდიოდა და ჩვენ სუსტ პოზიციაში გვაყენებდა. ამიტომაც უარი ვთქვით:

„უკაცრავად, ბატონო ვენგერ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“.

***

ფეხბურთში მარტო თამაში საკმარისი არ არის, პიროვნულ თვისებებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ბრწყინვალე ტალანტი იყო, მაგრამ საქმის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გქონდეს. დაინტერესებული კლუბი ამ დროს მთელს პაკეტს ყიდულობს, რომელიც ფეხბურთელისა და პიროვნებისაგან შედგება.

***

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მკითხეს, რომელიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელს ხომ არ ვამსგავსებდი თავს.

– არა. არსებობს მხოლოდ ერთი ზლატანი, – ვუპასუხე მე.

***

გასართობად, როგორც წესი, მეგობრებთან ერთად დავდივარ. სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია. მე ცუდ ტიპებს იოლად ვპოულობ, თითქოს ერთმანეთს ვიზიდავთო და დიდად არც ეს ამბავი მაწუხებს.

***

მამა რამდენჯერმე ჰოლანდიაშიც იყო ჩამოსული ჩემი თამაშების სანახავად. სწორედ მის საპატივცემლოდ „აიაქსში“ მაისურზე „ზლატანის“ ნაცვლად „იბრაჰიმოვიჩი“ მეწერა.

***

მეორედ ჰელენას Sony Vaio-ს ლეპტოპი ვაჩუქე. თუმცა შემდეგ წავკამათდით და არ მინდოდა მას ჩემი საჩუქრით ესარგებლა. კეკის დავავალე ის ლეპტოპი შინ მოეტანა. როგორც წესი, კეკი მიჯერებდა. ის ჰელენასთან წავიდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? ჰელენას გადაეწყვიტა არაფერიც არ დაებრუნებინა. ჩვენ მალევე შევრიგდით.

***

„აიაქსში“ გატარებული პერიოდი ყველაზე გიჟური იყო. ეს მანამდე, სანამ მინო რაიოლა და ფაბიო კაპელო გზაზე დამაყენებდნენ.

***

კრიტიკის ქარცეცხლი ხშირად მატყდებოდა თავს, რადგანაც მოწინააღმდეგის შეტევისას ჩვენი გუნდის დაცვას ნაკლებად ვეხმარებოდი. ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ერთხელ ამის შესახებ რჩევა ვან ბასტენს ვკითხე.

– ნუ დაუჯერებ მწვრთნელებს! – მითხრა მან.

– აბა რა ვქნა?

– დაცვაში თამაშზე ენერგიას ნუ დახარჯავ. შენი ძალა შეტევაში უნდა გამოიყენო. გუნდისთვის სარგებლის მოტანა გოლების გატანითა და შეტევაში ყოფნით შეგიძლია და არა დაცვაში დგომით.

***

ვან გაალი ტრაკი იყო. ის კო ადრიაანსეს ჰგავდა, დიქტატორობა უნდოდა. სახეზე ღიმილიც კი არ ეკარებოდა. როგორც მოთამაშე, არაფრით გამორჩეული იყო, მაგრამ მთელ ჰოლანდიაში იცნობდნენ როგორც წარმატებულ მწვრთნელს, რომელმაც „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მთავრობისგანაც დაფასებული იყო.

[...]

ვან გაალს სათამაშო სქემებზე საუბარი უყვარდა. ის ფეხბურთელებს სახელების ნაცვლად სათამაშო ნომრის მიხედვით მიმარ თავდა. ექვსი წადი იქ, ხუთი მოდი აქ – ისმოდა ხშირად.

***

ვან ბასტენს გავესაუბრე:

„როგორ ფიქრობ, „რომას“ ვარიანტი კარგი არ იქნება? შევძლებ იქაური მოთხოვნები დავაკმაყოფილო?“

– დარჩი „აიაქსში“ და სათამაშო შესაძლებლობები განავითარე, სანამ იტალიაში გადახვალ.

– რატომ?

– იქ ძალიან მძიმე მოთხოვნებია. აქ თამაშში ხუთი-ექვსი შესაძლებლობა გეძლევა გოლის გასატანად. იტალიაში კი მხოლოდ ერთი ან ორი შანსი გაქვს და ის უნდა გამოიყენო, – ამიხსნა მან და მეც დავეთანხმე.

***

1993 წელს რაიოლამ ბერგკამპის „ინტერში“ ტრანსფერი უზრუნველყო, 2001 წელს კი 41 მილიონ ევროდ ნედვედი „იუვენტუსში“ გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, მინო გამორჩეულ აგენტად არ მიაჩნდათ, თუმცა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მას არაფრის ეშინოდა და სატრანსფერო გარიგებისას უამრავ ხრიკს მიმართავდა. ეს მშვენიერი იყო.

***

პოპულარული იყო გამოთქმა, რომელიც ჯონ კარეუმ, „ვალენსიას“ ნორვეგიელმა ლეგიონერმა ჩემ შეფასებისას გამოიყენა. მან ჩემი თამაში გააკრიტიკა, მე კი პასუხად განვაცხადე:

– რასაც კარეუ ფეხბურთის ბურთით იზამს, მე ის ფორთოხლით შემიძლია გავაკეთო, – და ახლა ერთი ნორვეგიელი ჟურნალისტი ფორთოხლით ხელში მოვიდა და მთხოვდა მეჩვენებინა, რისი გაკეთება შემეძლო.

რატომ უნდა გამეხადა ის პოპულარული? რატომ უნდა წამოვგებულიყავი ანკესზე?

– შეგიძლია ეგ ფორთოხალი გათალო და შეჭამო. მასში ბევრი ვიტამინია. – ვუთხარი მე და, ცხადია, ეს ფრთიანი ფრაზა მასმედიამ აიტაცა.

ისევ ქედმაღალი გამოვედი. სულ უფრო ხშირად იწერებოდა თუ როგორი დაძაბული ურთიერთობა მქონდა ჟურნალისტებთან.

***

გუნდში კიდევ ერთი ქედმაღალი ჰოლანდიელი ბიჭი გამოჩნდა, სახელად რაფაელ ვან დერ ვაარტი. როგორც თავად ამბობდა, ბოშასავით იზრდებოდა, მთელ დროს ეზოში ბურთის დევნაში ატარებდა და ლუდის ქილებით კარის ძელებს აკეთებდა. გვიყვებოდა, რომ ეს ძალიან დაეხმარა ტექნიკის დახვეწაში. ათი წლის ასაკში ვარჯიში „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო – ის ბრწყინვალე იყო. მთავარ გუნდში დაწინაურებამდე ერთი წლით ადრე რაფაელ ვან დერ ვაარტი ევროპის ყველაზე დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ის ცდილობდა მაგარი ტიპის სახელი დაემკვიდრებინა და ლიდერად ქცეულიყო. ჩვენ შორის ქიშპობაც სწორედ იმ დროიდან დაიწყო.

[...]

„ბრედას“ ვეთამაშებოდით და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 3:0 ვიგებდით. ვან დერ ვაარტის შემცვლელად „აიაქსის“ ახალგაზრული გუნდიდან ერთი ბიჭი დაეწინაურებინათ, რომლის სახელიც უესლი სნაიდერი გახლდათ. კარგი ბიჭი ჩანდა. ინტელიგენტურად მოთამაშე. მან მეოთხე გოლი გაიტანა და ანგარიში 4:1 გახდა.

მისი გოლიდან ხუთი წუთის შემდეგ კი ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მივიღე. ზურგს უკან მოწინააღმდეგის მცველი იდგა. კორპუსით ბურთი დავფარე და მას გავცდი. ჩემ წინ მეორე მცველი აღიმართა და მასაც დრიბლინგით ჩავუქროლე. ეს მხოლოდ შესავალი იყო, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. დარტყმის იმიტაცია გავაკეთე და კარს მივუახლოვდი. შემდეგ ისევ დარტყმის იმიტაცია. ვცდილობდი, დასარტყმელი სივრცე გამომეთავისუფლებინა. ჩემ წინ ახალ-ახალი მცველები ჩნდებოდნენ. ალბათ ვინმესთვის პასი უნდა გადამეწოდებინა, თუმცა შესაბამის პოზიციაში ვერავის ვხედავდი. ამის ნაცვლად სიჩქარე ავკრიფე და სლალომით საჯარიმოში შევედი, მეკარეს გავცდი და მარცხენა ფეხით ბურთი ცარიელ კარში გადავგზავნე.

ფანტასტიკური გოლი გამოვიდა. ეს რაღაცით 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარადონას მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს ჰგავდა. დრიბლინგით მთელი გუნდი მოვატყუე და სტადიონი ლამის დაინგრა. ყველა გაგიჟდა. კუმანიც კი არანორმალურივით დახტოდა. გეგონებოდა ჩემ მიმართ არსებული სიძულვილი უცებ სიყვარულად გარდაისახაო. ყველა მამხნევებდა და ყვიროდა. ყველანი ფეხზე იდგნენ და ზე ვით-ქვევით დახტოდნენ – ყველა, ერთის გარდა. კამერებმა მოედანზე რაფაელ ვან დერ ვაარტი მოძებნეს. ის ლოჟაში უემო ციოდ იჯდა. სახეზე კუნთიც კი არ ათამაშებია, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა გოლი გაიტანა. ისე იჯდა, თითქოს ჩემი გოლი მისთვის ყველაზე დიდი უბედურება ყოფილიყო და შესაძლოა, ეს ასეც იყო.

***

მახსოვს, ერთხელ უეინ რუნიმ თქვა – როდესაც კორიდორში მიმავალი ფაბიო კაპელო გვერდით ჩაგივლის, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მკვდარი ხარო. ის უბრალოდ ყავას აიღებდა და გვერდზე ჩაგივლიდა ისე, რომ ხშირად ზედაც არ შემოგხედავდა, ხანდახან კი ჩურჩულით იტყოდა: „Cioa“. უცებ გაქრებოდა და ისე ჩანდა, თითქოს შენ იქ სულაც არ იყავი.

[...]

მე ვიცნობ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც კაპელოს ჰკითხა:

– როგორ შეძელით ყველასგან ამხელა პატივისცემა მოგეპოვებინათ?

– პატივისცემას ვერ მოიპოვებ, ის უნდა მიიტაცო, – უპასუხა კაპელომ და მისი ეს სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა.

[...]

როცა კაპელო ბრაზობს, თითქმის ვერავინ ახერხებს მას თვალი გაუსწოროს. თუ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსს მისცემს, ხოლო ეს უკანასკნელი კი მას ვერ გამოიყენებს, შეუძლია სტადიონისკენ მისასვლელი გზა დაივიწყოს. კაპელოსთან პრობლემებზე ვერავინ დაიჩივლებს. კაპელო ფეხბურთელის მეგობარი არ არის. ის ფეხბურთელებს არ ესაუბრება. ის რკინის სერჟანტია და თუ თქვენთან ინდივიდუალური შეხვედრა გადაწყვიტა, კარგად არ უნდა გენიშნათ. თუმცა წინასწარ არასოდეს იცი, რას გეტყვის. მას შეუძლია ადამიანი გაანადგუროს და შემდეგ ისევ თავიდან შექმნას. მახსოვს, ერთ-ერთ ვარჯიშზე ტაქტიკური სქემის დახვეწაზე ვმუშაობდით. კაპელომ სასტვენი დაახეთქა და იყვირა:

დატოვეთ მოედანი! – ვერავინ გაიგო რა ხდებოდა. – რა დავაშავეთ? რატომ უნდა გავიდეთ? – ძლივს დაიზლაზნებით. საზიზღრები ხართ. იმ დღეს ვარჯიში აღარ გამართულა და ეს უცნაური იყო, თუმცა, ცხადია, ის რაღაცას გვიმზადებდა. უნდოდა მეორე დღეს ვარჯიშზე მეომრებივით მოტივირებული მივსულიყავით.

***

იტალიაში ხალხი ფეხბურთის ნიადაგზე აფრენს. თუკი შვედეთში თამაშის შესახებ მხოლოდ მის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე და მატჩის მეორე დღეს წერენ, იტალიაში ეს პროცესი მთელი კვირა გრძელდება. შენს თამაშს მუდამ განიხილავენ, ყველა დეტალზე მსჯელობენ.

***

კაპელო კი თავის მხრივ სულ ამას ჩამჩიჩინებდა:

– შენი სხეულიდან „აიაქსი“ უნდა განვდევნო.

– კი, ბატონო.

– არაფერში მჭირდება ჰოლანდიური სტილი: ერთი, ორი, ერთი, ორი, გაითამაშე კედელი, ითამაშე ლამაზად და ტექნიკურად. მოატყუე მოწინააღმდეგის მთელი გუნდი. ამის გარეშე მჭირდები. მე გოლები მინდა. გასაგებია? მე შენში იტალიური აზროვნება უნდა ჩამოვაყალიბო. მკვლელის ინსტინქტი უნდა ჩამოგიყალიბდეს.

***

მოედანზე არსებობს ერთი – საფეხბურთო ენა.

***

ნედვედიც მინოს კლიენტი იყო და წინა წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ. იმ ფეხბურთელებს შორის, ვის გვერდითაც თამაში მომიწია, მგონი, მას ყველაზე მეტად უყვარდა ვარჯიში. ის ვარჯიშების წინ ერთი საათი ველოსიპედით დადიოდა. ვარჯიშის შემდეგ კი კიდევ ერთი საათი დარბოდა.

***

სწორედ „იუვეში“ შემარქვეს პირველად „იბრა“ და ეს სახელი მოჯიმ მომიგონა, მაგრამ ერთი პერიოდი „ფლამენგოსაც“ მეძახდნენ. ჯერ კიდევ ძალიან გამხდარი ვიყავი – ექვსნახევარი ფუტის სიმაღლისა და მხოლოდ 84 კილოგრამს ვიწონიდი.

***

ვისწავლე, რომ თამაშისას მოედანზე მყოფი დიდი ვარსკვლავებისთვის არაფერი უნდა დამეთმო. კაპელო ამის გაგებაში დამეხმარა. მყარად უნდა იდგე და ვარსკვლავებს საშუალება არ მისცე გადაგიარონ – პირიქით, შენ უნდა გადაუარო მათ.

***

კარიერაში როგორც კი რაიმეს მივაღწევდი, იმწუთასვე ტატუს ვიხატავდი. ტატუ ნარკოტიკივით მექცა. ყოველთვის რაღაც სიახლე მინდოდა. თუმცა დასაწყისში ტატუირების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი. ალექსანდრ ოსტლუნდი დამეხმარა და პირველი ტატუ, რომელიც გავიკეთე, ჩემი სახელი იყო – ის წელზე თეთრი მელნით ამოვისვირინგე. მისი დანახვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა რუჯი მქონდა. მერე გაბედულება მომემატა. მუდამ მახსოვდა გამოთქმა – „მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს“. გაზეთებში შეეძლოთ, რაც უნდოდათ ის დაეწერათ. ისინი ვერაფერს დამაკლებდნენ. მხოლოდ ღმერთს შეეძლო განვესაჯე! ცხოვრებაში ყველა საკუთარ გზას ირჩევს. გადავწყვიტე ეს სიტყვები ამომესვირინგებინა. ამასთან ერთად დრაკონიც დავიხატე, რადგანაც იაპონურ კულტურაში დრაკონი მებრძოლის ნიშანს წარმოადგენს და საკუთარ თავს მეც მებრძოლად მივიჩნევდი. თევზი ჭანარიც ამოვისვირინგე – ეს ის თევზია, დინების საწინააღმდეგოდ რომ მიცურავს. ასევე დავიხატე ბუდას სიმბოლოც, რაც ტრავმებისაგან გიცავს, სტიქიებიც – მიწა, წყალი, ცეცხლი, და მკლავებზე ოჯახის წევრების სახელები დავიტანე: მამა, ძმები და მოგვიანებით ჩემი შვილები; მარცხენა მკლავზე კი ის ქალები, რომლებზეც ვგიჟდები: დედა, სანელა, მაგრამ ჩემი ნახევარდების სახელებზე, რომლებიც ოჯახს გამოეყვნენ, უარი ვთქვი.

***

მიხაილოვიჩი მართლა ძლიერი იყო. ის იმ პერიოდში მსოფლიოში ჯარიმების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიაჩნდათ და ხშირად მოწინააღმდეგე წყობიდან სიტყვითაც გამოჰყავდა. მან პატრიკ ვიეირას ჩემპიონთა ლიგის მატჩისას „ნეგრო დი მერდა“ ანუ შავი განავალი უწოდა და რასიზმში დაადანაშაულეს. მეორე შემთხვევაში კი მან რუმინელ ადრიან მუტუს ხელი დაარტყა და შეაფურთხა, რის გამოც რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მას შეეძლო ბომბივით აფეთქებულიყო.

***

მე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად და „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს. ესეც ჩემი პირადი სკუდეტო! შეუჩერებლად ვსვამდი და დევიდ ტრეზეგეც მხარს მიბამდა. ის ფრანგი იყო, მაგ რამ არგენტინელობდა, რადგან წარმოშობით იქიდან იყო. არყის სუნად ყარდა იქაურობა. საშინლად გამოვტყვერი. პიაცა კასტელოზე მდებარე საკუთარ სახლში დავბრუნდი და შევატყე, რომ ყველაფერი ბრუნავდა. ვიფიქრე შხაპი მიმეღო, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. თავი ტყვიასავით მძიმე მქონდა და ბოლოს სააბაზანოში ჩამეძინა. ჰელენამ გამაღვიძა, ის თავზე მადგა და დამცინოდა. გავაფრთხილე, რომ ამაზე სიტყვა არსად დასცდენოდა.

***

მოჯი თავისებური იყო, თუმცა მას პატივს სცემდნენ და მასთან საუბარი მუდამ სიამოვნებთ. იგი ყოველთვის ათიანში არტყამდა. ჰქონდა შინაგანი ძალა და სიახლეებსაც ადვილად უღებ და ალღოს. პირად კონტრაქტზე ხელახალი მოლაპარაკებები, ცხადია, ჩემთვის საინტერესო ჩანდა. იმედი მქონდა, რომ უკე თეს პირობებს მივიღებდი. თუმცა, ამასთან, საერთოდ არ მსურდა მოჯი გამებრაზებინა და ვცდილობდი თავი ყოველთვის ზრდილობიანად დამეჭირა.

ჩემ გვერდით მინო იყო და მას რევერანსები არ ხიბლავს. ის შეშლილია. შევარდებოდა ხოლმე მოჯის კაბინეტში, სავარძელში ჩაეშვებოდა და ფეხებს მაგიდაზე აწყობდა.

– ამის დედაც, ის მალე მოვა. ნუ ჩაყრი შრომას წყალში. დაჯექი და მოგვისმინე, – ეტყოდა მოჯის.

– წადი, თავი დამანებე და ჩუმად იყავი, – ეტყოდა მოჯი და ეს მოსალოდნელიც იყო.

ეს მინოს სტილია და მოლაპარაკებებს ასე აწარმოებს. მე კი მუდამ ვშფოთავდი და მეგონა, რომ შეიძლებოდა მას ასეთი ქცევით ყველაფერი წყალში ჩაეყარა. მოჯი კაბინეტში სიგარით ხელში დადიოდა, შემდეგ კი მინოსთან ჩერდებოდა და ეუბნებოდა, რომ სავარძელში ჩამჯდარიყო.

– დაჯე და ვილაპარაკოთ! – პასუხებდა მინო და, ცხადია, მან იცოდა, რასაც აკეთებდა. ის და მოჯი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

***

„იუვენტუსში“ პატრიკ ვიეირაც გადმოვიდა და თავიდანვე ჩანდა, რომ მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყო. ჩვენ თავიდან ერთი-ორჯერ ვიჩხუბეთ კიდეც. მე სუსტების დაჩაგვრა არ მიყვარს, ვიეირასნაირ ტიპებს კი არაფერს დავუთმობ. მახსოვს, ეს ამბავი მინდორზე მოხდა. მე თავისუფალი სივრცე მოვძებნე და გავიქეცი. ბურთი ვიეირას ჰქონდა და დავუძახე: – მომე ეს დედამოტყნული ბურთი! – ცხადია, კარგად ვიცოდი, ვიეირა ვინ იყო. ის წლების განმავლობაში „არსენალის“ კაპიტანი გახლდათ. ამ გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გამხდარიყო, საფრანგეთის ნაკრებში კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. ის ვარსკვლავი იყო, თუმცა მე მაინც დავუყვირე. ამის მიზეზი მქონდა: – მოკეტე და გაიქეცი, – დამისისინა მან. – მომეცი ბურთი და გავჩუმდები, – ვუთხარი მე და ჩხუბიც დაიწყო. ხალხი ჩვენს გაშველებას ცდილობდა. ისე, გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ მოწმობდა, რომ ორივეს გამარჯვებულის მენტალიტეტი გვქონდა. სპორტის ამ სახეობაში კარგი ტიპობა არ გამოდის. პატრიკ ვიეირას სტილია, რომ ნების მიერ მომენტში ასი პროცენტით დაიხარჯოს და მინახავს, როგორ ახერხებს საკუთარი თამაშით გუნდის აყოლიებას. სულ რამდენიმე ფეხბურთელია, ვის მიმართაც ისე თივე პატივისცემას ვგრძნობ, როგორიც ვიეირას მიმართ მქონდა. მის თამაშში უმაღლესი ხარისხი იგრძნობოდა. დიდებული გრძნო ბაა, როცა იცი, რომ შენ უკან, ნახევარდაცვაში, მისი და ნედვედის მსგავსი ფეხბურთელები დგანან.

***

„იუვენტუსის“ მენეჯმენტი – ჯირაუდო, ბეტეგა და მოჯი – გადადგა და ეს უცნაური იყო. ყველა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოჯიმ პრესას ასე განუცხადა:

„მე სული დავკარგე. ის მომიკლეს“.

მეორე დღეს მილანის საფონდო ბირჟაზე „იუვენტუსის“ აქციების ფასი კატასტროფულად დავარდა. მახსოვს, ფიზიკური მომ ზადების დარბაზში გუნდის შეკრება გაიმართა, ის წუთები არასოდეს დამავიწყდება. მოჯიც მოვიდა. გარეგნულად ძველებურად გამოიყურებოდა – ჩაცმა, მიხვრა-მოხვრა, დომინანტური სტილი. თუმცა შინაგანად უკვე სხვა მოჯი იყო. იმ დღეებში კიდევ ერთმა სკანდალმა იფეთქა, რომელშიც მისი ვაჟიც იყო გარეული. მან გვითხრა, თუ როგორ შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, ისიც მახსოვს, რომ დავეთანხმე. ეს ყოველივე პიროვნულ დონემდე დადიოდა და ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმცა ეს ის არ იყო, რამაც ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ყველაზე მეტად მაშინ ავღელდი, როდესაც მოჯიმ ტირილი დაიწყო. შიგნეულობა მეწვოდა. სუსტი მოჯი ადრე ვერასოდეს წარმომედგინა. მას მუდამ შეეძლო ემოციების კონტროლი. ის სიძლიერეს ასხივებდა. ახლა კი... როგორ აგიხსნათ?

***

ყველა ბარი, სადაც მივდივარ, მოდური ხდება.

***

„მილანში“ ყოფნისას, ერთ ტიპს ვეჩხუბე. მისი სახელი ოგუჩი ონიევუა. მართლაც მძიმე ჩხუბი გამოგვივიდა. ცხადია, არ ვფიქრობ, რომ მუშტების ქნევა მისაღები საქციელია. თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ საჯაროდ დამიცვა. მათ ჩემთან ერთად ერთიანი ფრონტი შექმნეს. ასე იქცევიან იტალიაში. ისინი თავის მოთამაშეს საჯაროდ კბილებით იცავენ და პირად ურთიერთობაში აკრიტიკებენ. აქ, შვედეთში, კი გუნდი ცუდ და კარგ ბიჭებად იყოფა.

***

კლუბში ახლადმისულს თავი ძალიან პატარა გგონია. ყველაფერი ახალია, ყველას თავისი როლი და ადგილი უჭირავს. შეგიძლია, თავი ჩაღუნო და მოკრძალებული ბიჭი იყო. ამ შემთხვევაში შენს არავითარ ინიციატივას აღარ მიიღებენ. დროს კარგავ.

***

თუ მოედნის მიღმა ერთად არ ხართ, ეს მოედანზე იჩენს თავს, მოტივაციასა და გუნდური სულის ჩამოყალიბებაზე იმოქმედებს. ფეხბურთში ყველაფერი დეტალებისაგან შედგება და ასეთ რამეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.

***

როგორც წესი, ვცდილობ, უცხო ახლოს არ მოვუშვა. რთული გზა გამოვიარე და ვიცი, ხალხი ცდილობს ეს გამოიყენოს – მე ვიცნობ ზლატანს, აი, რა მაგარი ტიპი ვარ.

***

ჩემი დონის ფეხბურთელი რაღაცით ფორთოხალს წააგავს. კლუბი მას ბოლომდე გამოწურავს და შემდეგ მისი გაყიდვის დროც დგება. შესაძლოა, ეს უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ეს თამაშის ნაწილია. ჩვენ კლუბის მფლობელობაში ვართ და ის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი სანატორიუმი არაა. ჩვენ იქ გამარჯვებისთვის მიგვიწვიეს და ხანდახან ექიმებმაც არ იციან რა გზას დაადგნენ. როგორ მოექცნენ ფეხბურთელებს, როგორც პაციენტებს თუ როგორც კლუბის პროდუქციას? ისინი ზოგადი პროფილის კლინიკაში კი არ მუშაობენ, არამედ კლუბს ეკუთვნიან. აი, სწორედ მაშინ დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს თავადვე უნდა მიხედო, ხმა ამოიღო. შეგიძლია, იყვირო კიდეც, თუმცა ეს ნაკლებად მუშაობს. შენს ტკივილს შენ მეტი ვერავინ გაიგებს. შენზე უკეთ შენი სხეულისა არავის გაეგება.

***

რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე უნდა დარჩეს. ხშირად მომხდარა ისე, რომ ვისთანაც მიჩხუბია, მალე დავმეგობრებულვართ, შესაძლოა იმიტომაც, რომ ისიც ჩემნაირი უტვინო გამომდგარა. მიყვარს მებრძოლი ფეხბურთელები.

***

მოურიონიომ ბობი რობსონისაგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა. როდესაც რობსონი პორტუგალიურ კლუბ „სპორტინგს“ წვრთნიდა, თარჯიმანი დასჭირდა. მოურინიო კლუბში სწორედ ამ საქმეზე მივიდა, კარგად ფლობდა უცხო ენებს. თუმცა რობსონმა მალევე შეამჩნია, რომ მოურინიოს სხვა საქმის კეთების ნიჭიც ჰქონდა. ამ გონებაგახსნილი ადამიანისგან საინტერესო იდეები იყო მოსალოდნელი.

ერთხელ ბობი რობსონმა ჟოზეს სთხოვა, თამაშის წინ მოწინააღმდეგის გუნდზე ანგარიში დაეწერა. „ვერ წარმომედგინა, ჩემგან როგორ ანგარიშს ელოდა. რა უნდა სცოდნოდა თარჯიმანს?“ – გაიხსენა მოურინიომ მოგვიანებით.

მისი ანალიზი ბრწყინვალე გამოდგა. რობსონი აღტაცებას ვერ მალავდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი მაღალ დონეზე არასოდეს ეთამაშა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რობსონმა მისგან ისეთი ანგარიში მიიღო, როგორიც იქამდე არასოდეს ენახა.

„ოჰ, ალბათ სათანადოდ ვერ ვაფასებდი ამ თარჯიმან ბიჭს“ – გაიფიქრა მან.

როდესაც ბობი რობსონი სხვა კლუბში გადავიდა, მან თარჯიმანიც იახლა. მოურინიო კი სწავლას განაგრძობდა და არა მხოლოდ ფაქტებსა და ტაქტიკას, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც ითვისებდა. ბოლოს ის თავად გახდა „პორტოს“ მწვრთნელი. ეს ამბავი 2002 წელს მოხდა.

***

ჟოზე ბევრს მუშაობდა. ის სხვებზე ორჯერ მეტს შრომობს. დღე და ღამე ფეხბურთით ცხოვრობს და მას აანალიზებს. არასოდეს შემხვედრია მწვრთნელი, რომელსაც მოწინააღმდეგე ისე კარგად ჰყავდეს შესწავლილი, როგორც ჟოზეს. ის მოწინააღმდეგის გუნდის თამაშის ტაქტიკის ჩვეულებრივი შესწავლით კი არ შემოიფარგლება, არამედ თითქმის ყველა დეტალს სწავლობს, გუნდის მესამე მეკარის ფეხის ზომასაც კი.

[...]

მისი უამრავი ფოტო მენახა – ფოტო ელეგანტური, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანისა, თუმცა შეხვედრისას გავვოცდი, როცა ვნახე დაბალი კაცი ვიწრო მხრებით. ფეხბურთელების გვერდით ძალიან პატარა მოჩანს. თუმცა იმ წუთასვე მივხვდი, რომ ქარიზმატული იყო. ფეხბურთელებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მათ შორის მათგანაც, ვინც გუნდში თავს ხელშეუხებლად მიიჩნევდა, არადა, ზოგიერთ ფეხბურთელს მხრებამდეც კი ძლივს სწვდებოდა. ერთი წამითაც არავის ეჩაგვრინებოდა. პირდაპირ საქმეზე გადადიოდა და სრულიად უკარება ხდებოდა: დღეიდან ასე და ასე იქნება, თქვენ ასე და ასე მოიქცევით – ამბობდა ის.

[...]

გუნდის მოტივირების დიდოსტატი იყო, თუმცა იყო ერთი რამ, რაც მართლაც მაწუხებდა: მისი სახის გამომეტყველება ჩვენი თამაშისას. რაც არ უნდა გამეკეთებინა და როგორი გოლიც არ უნდა გამეტანა, ის ყინულივით ცივ გამოხედვას ინარჩუნებდა. ღიმილსაც კი ვერ შეამჩნევდით, არავითარი ჟესტი, საერთოდ არაფერი. თითქოს სრულებით არაფერი მომხდარაო, თითქოს უძრაობას უყურებდა.

[...]

თამაშის წინ და დასრულების შემდეგ მოურინიო კლდესავითაა. თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მატჩს აანალიზებს და ჩვენზე შეტევა იწყება.

***

იტალიელ გულშემატკივარზე მეტად ბომბარდირი არავის უყვარს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბომბარდირი სხვაგან გადასვლას გადაწყვეტს, მათ იგი დასანახად ეჯავრებათ.

***

დაიმახსოვრეთ, გაბრაზებულს თუ სადმე თვალს მომკრავთ, ნუ შეწუხდებით. შეიძ ლება, ზოგჯერ რამე სისულელე ჩავიდინო და მსაჯმა წითელი ბარათი მაჩვენოს, თუმცა, უმეტესწილად, გაბრაზება კარგის ნიშანია. მთელი ჩემი კარიერა რევანშზე დგას.

***

როცა ძალიან ცდილობ, შეიძლება, საერთოდ არაფერი გამოგივიდეს. ეს ამბავი ყველა ფორვარდმა კარგად იცის. გოლის გატანაზე გამუდმებით ფიქრი არცთუ ისე კარგია. ყველაფერი ინსტინქტის დონეზე უნდა იყოს დაყვანილი.

***

ჟოზე მომიახლოვდა:

– არ უნდა მიგეტოვებინე!

– მაპატიე, ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი.

– იცოდე, თუ დაგვტოვებ, მეც წავალ „ინტერიდან“.

ღმერთო ჩემო, რა უნდა მეთქვა. შემძრა მისმა ამ სიტყვებმა: იცოდე, თუ დაგვტოვებ, მეც წავალ.

– მადლობა. შენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, – ვუთხარი.

– მადლობა.

ვისაუბრეთ. ის მე მგავს. სიამაყით სავსეა და გამარჯვებისკენ ნებისმიერ ფასად ისწრაფვის. ბოლოს კი ისევ გამეხუმრა:

– იბრა!

– ჰო...

– „ბარსაში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიდიხარ, არა?

– შეიძლება ითქვას...

– გახსოვდეს, წელს ის ჩვენ დაგვრჩება. ჩემპიონთა თასი მილანში უნდა ჩამოვიტანოთ.

 ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

***

მესი, ხავი და ინიესტა კარგი, თავმდაბალი ბიჭები არიან. რამდენადაც ისინი მოედანზე ბრწყინავენ, იმდენად ადვილი იყო მათთან საერთო ენის გამონახვა. არასოდეს ყოფილა ისე, რომ რომელიმე გამოსულიყო და ეთქვას – „შემომხედეთ, ყველაზე მაგარი ვარო“ და არავითარი მოდების ჩვენება გასახდელში, როგორც ეს იტალიაში ხშირად ხდებოდა. მესი და სხვა ფეხბურთელები პიჯაკებს ატარებდნენ და თავმდაბლობას ინარჩუნებდნენ.

***

მახსენდება ჯორჯო კიელინი, „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი. ჩვენ ერთად ვთამაშობდით და მოგვიანებით, როდესაც „ინტერში“ გადავედი, ერთმანეთს მოედანზე დავუპირისპირდით. ის აჩრდილივით დამსდევდა:

„აბა, მოდი აქ, ძველებურად არ გეგონოს!“ – მეუბნებოდა ჯორჯო და ამ სიტყვებით ჩემს პროვოცირებას ცდილობდა.

შემდეგ უკნიდან ფეხებში ჩამივარდა. ეს არაკაცური საქციელია. ასეთ დროს ვერ ხედავ, შენ უკან ვინ დგას და... ტკივილისგან გავმწარდი. ძალიან მტკიოდა, თუმცა სიტყვაც არ დამცდენია. ასეთ დროს არაფერს ვამბობ. ჩემთვის ვფიქრობ: შემდეგი ორთაბრძოლისას ხურდას დაგიბრუნებ. შემდეგ კი მას ისე დავეჯახე, დიდი ხანი ფეხზე წამოდგომა უჭირდა.

ასე რომ, არამც და არამც მე მინდორზე საზიზღრობებს არ ვიძახი. ორთაბრძოლებში კი ბომბივით ვარ.

საფინალო სასტვენის შემდეგ მასთან მივედი, თავი დავუჭირე და ურჩი ძაღლივით წამოვათრიე. კიელინი, ცოტა არ იყოს, შეშინდა. – ხომ გინდოდა ჩხუბი, ჰოდა, ვიჩხუბოთ, – ვუყვიროდი და გასახდელისკენ მიმყავდა.





მთარგმნელი ივანე ჩხიკვაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში