ხორხე ლუის ბორხესი - დარაჯი

(წიგნიდან „ვეფხვების ოქრო“ - 1972 წ.)

თენდება და მე ვიხსენებ საკუთარ თავს;

ის აქ არის.

უპირველესად ის მატყობინებს მე თავის

( და ასევე ჩემს) სახელს.

მე ვუბრუნდები მონობას,

რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტი გრძელდება.

ის თავს მახვევს მე საკუთარ მახსოვრობას.

ის თავს მახვევს მე ადამიანური არსებობის

ყოველდღიურ პირობას.

მე, დიდი ხანია, მიწევს მათი მოვლა;

ის ითხოვს, რომ მას ფეხები დავბანო.

ის მდარაჯობს მე სარკეებში,

წითელი ხის კარადებში,

ვიტრინის მინებში...

ერთმა და შემდგომ კი სხვა ქალმა უარყო იგი

და მე მომიწია, მასთან ერთად გამეყო ეს მწუხარება.

ახლა მისი კარნახით ვწერ ამ ლექსებს,

რომლებიც არ მომწონს;

მან მაიძულა, მესწავლა

რთული ანგლოსაქსურის ბუნდოვანი კურსი.

მან მაზიარა მე

პატივმიგების წარმართულ კულტს ომში დაღუპულთა ,

თუმცა სათუოა, მათთან სიტყვის გაცვლა შემძლებოდა.

კიბის ბოლო საფეხურზე ვგრძნობ,

რომ ის სადღაც გვერდით არის:

ჩემს ნაბიჯებსა და ჩემს ხმაში.

მე ვერ ვიტან მას თავიდან ბოლომდე.

მე კმაყოფილებით აღვნიშნავ,

რომ ის თითქმის ვერაფერს ხედავს.

მე ვიმყოფები მრგვალ საკანში,

რომელიც უსასრულო კედლებით არის შემოსაზღვრული.

არცერთი ჩვენს შორის არ ატყუებს ერთმანეთს,

მაგრამ სათითაოდ ორთავე ვცრუობთ.

ჩვენ საკმაოდ ვიცნობთ ერთმანეთს,

ჩემო განუყრელო ძმაო.

შენ სვამ წყალს ჩემი ფინჯნიდან

და მიირთმევ ჩემს ლუკმაპურს,

თვითმკვლელობის კარები გაღებულია,

თუმცა თეოლოგები ამტკიცებენ,

რომ იმქვეყნიური სამეფოს წყვდიადში

შევხვდები საკუთარ თავს, თავადაც ჩემს მომლოდინეს.


ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში