ილია ჭავჭავაძის რვა-ცხრა დუელი...

ილია ჭავჭავაძე მაგარი იყო, როგორც სალი კლდე, და დრეკა ვერ უყვესო, - იაკობ მანსვეტაშვილი ჯერ ილიას პორტრეტს შემოხაზავდა, როგორც მტკიცე ნებისყოფის პიროვნებისა, რათა ის ორი დუელი უფრო დამაჯერებლად წარმოესახა; და თვითონ მიზეზიც თვალნათლივ გადაეშალა მკითხველისათვის, თუ რა უბიძგებდა „კაცია-ადამიანის“ შემოქმედს დუელში ეძია პირადი შეურაცხყოფის ჩამორეცხვა.

თითქოს უცნაურია, მემუარისტი ხმლის ელვარებას, ხანჯლების ტრიალს, დამბაჩების გულზე ლულით მიბჯენას რომ ახსენებს, ბოლოსდაბოლოს, ილია მწერალი იყო, რედაქტორი, ბანკირი და არა მეომარი, და ასეთი ასოციაციები რატომ უნდა ჩნდებოდეს მისი სახელის ხსენებისას? მაგრამ იაკობ მანსვეტაშვილს არავისგან ესწავლებოდა ილიას პიროვნული ბუნება და იმ ასოციაციებს ასდევს, რაც ძალდაუტანებლად უჩნდება გონებაში. და სწორედ ამ გამოთქმების ფონზე უდასტურებს მკითხველს, რომ შეუძლებელი იყო ამ პიროვნების შეშინება და ვერარა ძალა გადაათქმევინებდა იმას, რაც მართლად მიაჩნდა. უკან დახევაც არა სცოდნია და როდესაც უსაყვედურებდნენ ჯიუტობას, სიკერპესა და სიმკაცრეს, ყოველთვის ამ ფრაზას შეაგებებდათ:

- მეომრის უკან დახევა, გამოქცევა ბრძოლის ველითგან - სიმუხთლეა, ღალატია.

თვითონვე წარმოედგინა თავი მეომრად, სალიტერატურო - საზოგადოებრივი ასპარეზი კი ბრძოლის ველად.

და მემუარისტს ბარიერთან ილიას არაერთგზის დგომის მიზეზად სწორედ ეს სიმაგრე, შეუპოვრობა, სიმკვეხე და მოურიდებლობა მიაჩნია.

ბარიერთან დგომაო და:

ნიკო ნიკოლაძეს გამოსთხოვდა ორთაბრძოლაში, როდესაც ის რუსულ გაზეთ „ობზორს“ გამოსცემდა. და სეკუნდანტად ამ გაზეთის თანამშრომელს, პოეტ სიმბორსკის აირჩევდა. ნიჭიერ და პატიოსან კაცად მოიხსენიებს მემუარისტი, და, ამასთან, თავგამოდებულ მცდელად, რათა ეს საქმე შერიგებით გათავებულიყო.

ამაოდ ჩაუვლიდა გარჯა, ერთიმეორეის ნიჭისა და უნარის დიდი დამფასებელი ეს ორი პიროვნება პირისპირ წარდგებოდა იარაღმომარჯვებული და...

ვიდრე გასროლის ნიშანს მისცემდნენ, სიმბორსკის გული ამოუჯდებოდა და აქვითინდებოდა. აშკარაა, დასაღუპად არცერთი არ ემეტებოდა - არც ის, ვისაც სეკუნდანტობდა, და არც ის, ვინც ამჯერად იქით მხარეს იდგა, არადა, საქვეყნო ჭაპანს ამდენი ხანია ერთად ეზიდებოდნენ და სწორედ ნიკო ნიკოლაძის თავგამოდების გამო მოხდებოდა, ილია სამუდამოდ რომ არ განუდგებოდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის და მომრიგებელ მოსამართლედ არ ჩაიკარგებოდა დუშეთში.

სეკუნდანტის ტირილი იმოქმედებდა დუელიანტებზე?

რაიმე სხვა მიზეზიც აღმოჩნდებოდა?

დაზუსტებით ვერავინ იტყოდა და აღარც მემუარისტი დაიწყებს ზედმეტ ჩხრეკას, მთავარია, რომ ჩახმახის გამოშლამდე აღარ მივიდოდა საქმე და შერიგებით დაასრულებდნენ.

P.S. ივანე თავის ძმას - ვასილ მაჩაბელს ბარათს უგზავნის პეტერბურგში:

- ნიკოლაძემ ჭავჭავაძეს ცოტაოდენი გადაჰკრა „ობზორ“-ში, რატომ ხმას არ იღებს ჩემს ლაპარაკზედაო. ჭავჭავაძე გაცხარებულიყო და ეს დიდი შეცდომა მოსვლოდა: ნიკოლაძე დუელში გამოეთხოვა.

***

გრიგოლ ყიფშიძე იმასაც გაიხსენებს: ილიას რვა-ცხრა დუელი ჰქონდა, ხან მწერლობის ნიადაგზე გამოწვეული და ხანაც საბანკო მოღვაწეობის გამო გაჩენილიო.

უფრო ნიშანდობლივად აღარ აზუსტებს და აღარც ჩამოთვლის სათითაოდ, მხოლოდ განზოგადებისთვის მოიშველიებს, ილიას ხასიათის რელიეფური წარმოჩენისათვის: დუელში გასული კაცი მუდამ მშვიდობით გადარჩენის იმედით ვერ იქნება და ილიასაც თავი ჰქონდა გაწირული იმ საქმისათვის, რომელიც მართალი ეგონა და საკეთილო ქვეყნისათვისო.

რვა-ცხრაო...

და ყველა ჩაშლილი.

სანიმუშოდ ერთი ეპიზოდია მოხმობილი.

ბანკის კრებაა და საგანგებო სარევიზიო კომისიის ბრალდებებს ისმენენ. კომისიის მოხსენება ილიას უჭირავს და კითხულობს.

- თქვენ ნუ კითხულობთ, სხვამ წაიკითხოს, - მოისმის ხმები დამსწრეთაგან.

- მაშ არ მენდობით? - ჰკითხავს ერთ ოპოზიციონერს, როდესაც იგი დაჟინებით მოითხოვს, სხვამ წაიკითხოს კომისიის მოხსენება - ილიას წინააღმდეგ მიმართულიო.

- კარგი, აი, გადამიცია, სხვამ წაიკითხოს, ხოლო თქვენ მე მომცემთ პასუხს მაგისათვის, - შეურაცხყოფის ჩამორეცხვას ამით შეეცდება ილია.

და მეორე დღეს ოპოზიციონერსა და კომისიის წევრს კიდეც ეწვევიან ილიას სეკუნდანტები.

საქმე ბოდიშის მოხდით გათავდება.

მემუარისტი ირწმუნება, ოპოზიციონერი საერთოდ დიდი პატივისმცემელი იყო ილიასი და მისი ღვაწლისა და შემდგომ გულისტკივილით ამბობდა:

- მე მოვეკალი - ჯანდაბას კიდევ ჩემი თავი, მაგრამ მე რომ მომეკლა ის დიდებული კაცი, ხომ მოსვენებას ვეღარასოდეს ვიპოვნიდი ამქვეყნადაო.

გრიგოლ ყიფშიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ ეს ამბავი მოხდა... 1905 წელს, დიახ, ილიას მოხუცობისას, როდესაც სამოცდაათ წელს ბევრიც აღარა აკლია რა.

და წიწამურამდეც რაღა დარჩენილიყო!..


როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
თბილისი, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში