არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო

ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ორთაჭალჰესი თბილისელი გვამების ნავსაყუდელია - მტკვარში საკუთარი სურვილით ჩამხტარიც და გადაგდებულიც, ყველა აქ იყრის თავს, ჰესის გადაღმა კი სამგორის რაიონის პოლიციელებსაც ბლომად აქვთ საგანგებოდ ამ საქმისთვის დამზადებული გრძელი ჯოხები და „ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში“ - ვინ უფრო ყოჩაღია და ვინ პირველი და საით გადააცურებს გვამს. სამგორშიც და ისანშიც ყოჩარები და დაუზარლები მუშაობენ. უბრალოდ, ზამთრის ამ დილას ისანმა იმარჯვა და ახალი მკვლელობის, შესაძლოა თვითმკვლელობის, საქმე სამგორს დაეწერება...

***

სადარბაზო სიგარეტის ნამწვებით არის სავსე. ჩვენი სადარბაზო შეყვარებულების ღამის თავშესაფარია. კარი არ ეკეტება, თუმცა მე სხვა დაუკეტავი სადარბაზოებიც მეგულება გარშემო, ოღონდ, ჩვენსას განსაკუთრებით ეტანებიან და, მგონი, სარკის ამბავი უნდა იყოს... შეუძლიათ, საფეხურებზე ისხდნენ და თან სარკეში იყურონ. სარკე მათი ალერსის მოწმეც არის და იმის დასტურიც, რომ მართლა ჰყავთ ერთმანეთი. ალბათ ეზომებიან, ეტოლებიან კიდეც ერთმანეთს.

ვერტიკალურად ატრიალებული უზარმაზარი თვალის ფორმა აქვს მედიკოს სარკეს. ადამიანის თვალი კიდევ არ არის იდეალური ინსტრუმენტი. ძალიან ახლო მანძილზე ფოკუსი ერევა და ლაქებადღა ხედავ ძვირფასი თვალების შუქს, მოღერებულ ყელზე სამკაულის ბრჭყვიალებას და მაშინ შეგიძლია, მალვით გააპარო სარკისკენ მზერა, საკრეს მოჰპარო რაკურსი და, ვინ იცის, ისეთი რამ დაგანახოს სარკემ, რომ აქეთ მოგპაროს ღიმილი...

ოღონდ ეგ არის, რომ ნამწვებს ყრიან.

***

არსებობს ორი რამ, რომლის კინოში გამოსახვა აბსოლუტურად შეუძლებელია: რეალისტურად გამოსახო სასიყვარულო აქტი და ღვთისადმი მიმართული ლოცვა. მე არ მჯერა მსახიობი ქალის ან მამაკაცის, რომელიც ცდილობს, დამარწმუნოს, რომ მთლიანად ეძლევა სიყვარულს, მე ვერ ვუჯერებ მსახიობს, რომელიც ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ლოცულობს...

ასე სჯეროდა ბებერ ორსონ უელსს...

***

ამ ქალაქს ახსოვს თავისი გმირები. ეს ქალაქი ძალიან ჰგავს მკაცრი რეჟიმის ციხეს. აქ ვერასოდეს მოდუნდები, სვაბოდაზეც ვერ იქნები თავისუფალი. ამჩატებას აქ არავინ გაპატიებს. აქ არაფერი იმალება, თითქოს ადამიანს საკნიდან საკანში, ზონიდან ზონაში მისი საქციელის ან უსაქციელობის ზეპირი ქსივა მუდამ თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს. საბავშვო ბაღიდან - სკოლაში, სკოლიდან - ინსტიტუტში, იქიდან - ზრდასრულ ცხოვრებაში, სიბერეში...

***

შუქნიშანი ქვეითად მოსიარულეებს არ სწყალობს, ჩვენთვის მწვანე სულ რამდენიმე წამით ანთია და პენსიონერები ლამის სირბილით ცდილობენ „ზებრაზე“ გადასწრებას, მაგრამ, თუ სადღაც დაბლა, ფილარმონიის მიდამოებში ხარ, ქუჩაზე მიაბიჯებ და შენსას ფიქრობ, უცებ აღმოაჩენ, რომ რამდენიმე წამით მანქანები ჩუმდებიან, პროსპექტი მათგან ცარიელდება და ბუტბუტივით ჩაგესმის გამვლელ-გამომვლელის ერთმანეთთან ლაპარაკი. მანქანის ნაცვლად ადამიანის ხმა გესმის და ყურს თუ მიუგდებ... მაინც ვერაფერს გაიგონებ აზრიანს.

***

მამის ნაჩუქარი წარწერიანი წიგნები ორ კაპიკად იყიდება უნივერსიტეტის წინ... დღეს ვერაფერი ვნახე საინტერესო, ხშირად მარტო წარწერის გამო მიყიდია წიგნი.

***

მთაში ამბები არ იწერება, ზეპირად გადადის თაობიდან თაობაზე და ამიტომაც ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო, გუშინდელიც, გუშინწინდელიც, იმისწინდელიც. ოღონდ ყველაფერი ნამდვილია. იყო და არა იყო რა კი არა - იყო...

ერთ ღამეს სამმა ავაზაკმა კვირიკეს ხატი გაიტაცა, ოღონდ ხატმა იმძლავრა და თავგზა აურია მძარცველებს. მთელი ღამე ეკლესიის გარშემო იარეს და როცა დაათენდათ, ჭკუიდან შეიშალნენ. აი, ასე ძლიერად იმუშავეს ხატმა და უფალმა!

***

პორტში გაზრდილი ადამიანი ყველაფერს იკადრებს.

***

როდესაც ფილმს დეტალურად ჰყვებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს გადაიღებენ.

***

ყველამ თვალი აგვარიდა და მივხვდი, რამდენად გულგრილი შეიძლება იყოს ეს ქალაქი. კლასში მერამდენე ყოჩი ხარ? რამდენს ერევი? - თბილისელი ბიძების საყვარელი კითხვები... მერე იგივე ბიძები არ გამჩნევენ, თვალს არ გისწორებენ ნაცემს და სისხლმდინარეს.

***

როცა კაცი საკუთარ სიკარგეს მალავს, ეგ ყველაზე დიდი შიშია.

***

შეიძლება, მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, გავიფიქრე, რომ არაფერია იმაზე უარესი, როცა შენი ქალაქი თუნდაც შენივე ქვეყნის სამხედროების ხელში გადადის...

***

„ადამიანი რომ იბადება, თანდაყოლილი მხოლოდ ვინმეს ან რამეს ცაჭიდება, ჩაბღუჯვა აქვს, ხელის გაშვებას კი მერე სწავლობს“.

***

ხანდახან მიყვარს ბუნებაში მოსიარულე თბილისელების ცქერა. საამისოდ ბევრი უნდა იარო, მაგრამ ღირს. პოდიუმად გადაქცეულ კუს ტბას უნდა ასცდე, კიდევ უფრო მაღლა, ბულბულების ჭალისკენ ახვიდე. იქიდან ხელის გულივით მოჩანს ქვაბულში მოქცეული და გამონაბოლქვში გახვეული შენი სამოსახლო, ცენტრის და ლოგიკის გარეშე მდინარის გასწვრივ და გარდიგარდმო გაზრდილი ჩვენი ქალაქი, რომელიც ზევიდან დიდი ვერაფერი სანახაობაა, ამიტომაც ჯობია, ისევ ხალხს დააკვირდე და ნახავ, რომ შემხვედრი ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან, მშვიდები და საკუთარ თავში ჩაღრმავებულები ხდებიან. ტყის ამბავია ეგ, ტყე აბრუნებს ადამიანს ხილულ ან გაუცნობიერებელ წარსულში.

კაცობრიობას თავისი ყრმობა ტყეში აქვს გატარებული...

***

ბავშვი წითელ კენჭს იღებს და აგდებს. ჩაბღუჯვა და გაშვება... ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებას. ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით, რომ მთავარი ყოფილა... პატარა ბიჭს კი სულ უკეთ და უკეთ გამოსდის თავისი საქმე. უფრო და უფრო შორს ისვრის. ის შორი ერთი ნაბიჯიც არ არის, მაგრამ მაინც...

დაუმუშავებელი, მიწიდან აღებული ქვა ადამიანის პირველი იარაღია. სამხრეთული სპილოს დროინდელი ადამიანი ქვით აგდებდა ხიდან მწიფე ნაყოფს. ქვით კლავდა იმავე ხეზე შემომსხდარ ფრინველს. მისი ძირითადი ნადავლი ფრინველები და წვრილფეხა ცხოველები იყო. ქვის სროლით იცავდა თავს დიდი და საშიში მხეცებისგან...

[...]

ქვა შეიძლება უთანასწორო ბრძოლის კეთილშობილი იარაღი იყოს. კაცობრიობა ლამაზია, როდესაც ტანკს ესვრის ქვას და საზიზღარი, როდესაც პირზე დუჟმომდგარი იმავე ქვით ვიღაც უმწეოს ქოლავს. ოღონდაც ეს ორივე ქმედება სულ ადვილად შეიძლება ჩაიდინოს ერთმა და იმავე ადამიანმა.

***

ბრძოლის წაგებას აქვს თავისი პრივილეგიები. წამებული და მსხვერპლი შენ გამოდიხარ და მოწინააღმდეგე კი - ჯალათი და ყასაბი.

***

ამ ქალაქს არც საიდუმლოების შენახვა შეუძლია და არც საამისო ნება აქვს.

***

მდიდართან მეგობრობის შენარჩუნების ერთადერთი გზა არსებობს - არასოდეს უნდა სთხოვო ფული.

***

ბედნიერება მხოლოდ ერთდუბლიანი შეიძლება იყოს.

***

ხულიგანი ერთადერთია, ვისაც სისტემა ვერ ერევა. ხულიგნობის ბედნიერება არაფერში არ გაიცვლება, ფულით ვერ იყიდი... სანამ ხულიგნობის ჩადენა შეგვიძლია, კარგად არის ჩვენი საქმე... მერე, როცა აღარ შეგვიძლია, უკვე აღარ არის საქმე კარგად... მერე პრობლემები იწყება...

***

მომეჩვენა, რომ არა ვართ ცუდი ხალხი - თუნდაც იმიტომ, რომ უპატრონო მიცვალებულის პატრონობა შეგვიძლია...

***

ბავშვობის გემოები ხომ მერე აღარ გვიბრუნდება. თბილისში თუთის შემოსვლა ნამდვილი დღესასწაულია ბავშვებისთვის - ჩვენთვის ასე იყო და ხიდან საერთოდ არ ჩამოვდიოდით. ხელები კიდევ სულ მწიფე თუთისგან გვქონდა გაშავებული და შეიძლება არ იცით, მაგრამ ეს სიშავე საპონსაც არ ამოჰყავს და ერთადერთი საშუალება ამ ლაქის მოსაცილელბად, იცით, რა არის? მკუხე ნაყოფი უნდა გაჭყლიტო, დიდხანს სრისო ხელებით და იმას ამოჰყავს...

სასტიკია ჩემი ალეგორია, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტი, - ჩვენ ისევ მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხან რუსეთს ვემონებით, ხან - ამერიკას, იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, იმისთვის, რომ თავისუფალ ერად ვიქცეთ, ახალგაზრდების სისხლია საჭირო, რომელიც, იმ თუთის ახალგაზრდა ნაყოფის მსგავსად, მონობის ლაქებს ჩამოგვრეცხავს.

***

მართლა მეჩვენება, რომ სხვადასხვა დროს ბრიუსელსა და რომში, ბერლინსა და ათენში ნანახი ყველა ინდიელი ერთი და იგივე ადამიანია - პირდაპირ ინკების თუ მაიების ბარელიეფიდან ან მელ გიბსონის სისხლიანი კინოდან გადმოხატული პროფილით, თავისი მელოდიური მუსიკის თანხლებით, ფერადი ბუმბულებით მორთული, ახლა ჩვენს ქალაქში აკეთებს მარტივ ბუქნებს, რომლებიც შეიძლება ოდესღაც მისი ხალხის საომარი ხორუმი იყო... ანდების მოხეტიალე შვილმა ჩვენამდეც ჩამოაღწია... ახლა საკუთარი თვალით ნახავ ინდიელს, რომელიც პლეხანოველებისთვის უკრავს და ცეკვავს კიდეც.

***

იყო დრო, როცა მთელი თბილისი ეცემოდა, თუკი ვინმე უცხოელი ჩვენს ენაზე თუნდაც ორიოდ სიტყვას გადააბამდა. ახლა გაიტენა ქალაქი და ქვეყანა ქართულად მოლაპარაკე ევროპელი მარგინალებით.

***

ქართველების ბედი ეგრეა - ან ძალიან ვეჯავრებით, ან ძალიან ვუყვარვართ.

***

მეთევზეებისა და მეძავების ამხანაგობა სანაპიროზე, მტკვრის პირას. რამდენჯერმე მინახავს ეს სურათი. აი, სად არის ამბავი! არ უნდა დაიზარო, გადახვიდე, ყური დაუგდო, მოუსმინო, თუ გაგიკარეს და მიგიღეს... ჩემსა და მათ შორის მანქანების ორმხრივი უწყვეტი ნაკადია... მღვრიე წყალში თევზაობა... არ იცი, რა მოჰყვება ანკესს, ვინ გაგიჩერებს, ვის ჩაუჯდები, რა გადაგხდება. მერე ისევ ამ სანაპიროზე ბრუნდებიან, ზოგჯერ კლიენტისგან გადაგდებულები, ზოგჯერ გალახულებიც. მეთევზეები კი ისევ აქ ხვდებიან, მტკვარში ჩაგდებული ანკესებით, ფლეგმატური სახეებითა და უწმაწური ხუმრობებით. ჰო, აქ ალბათ დიალოგები იქნება საოცარი და თან ნამდვილზე ნამდვილი! მგონია, რომ სიგარეტს და არაყს არასდროს დაამადლებენ ერთმანეთს. ნაღდი კინოა... ჯანდაბა!

ძმები ლუმიერების დედაც!

***

ცხოვრება გრძელია, იმაზე გრძელი, შენ რომ გგონია, იმაზე გრძელი, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, ირონიის გარეშე ძალიან გაგიჭირდება.

***

კიდევ საკითხავია, ვის მიმართ უფროა დამნაშავე ბრძანებების და მითითებების მომგონი - ვისაც კლავს თუ ვისაც ათაყვანებს და საკუთარ იარაღად აქცევს?

***

ქალები რაღაცით მუდამ უფროსები არიან ჩვენზე, დაბადებიდან რაღაც თანდაყოლილი ცოდნით არიან უპირატესნი.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში