ალეკო შუღლაძე - გადამალვა

ადამიანის მდებარეობით სივრცეში და მისი სხეულის ამა თუ იმ პოზიციით, გაჭირვების ხარისხის ამოცნობა შეგვიძლია.

***

გარდუვალი საშიშროების გრძნობა მაინც არ გტოვებს ადამიანს.

***

ადამიანი ყოველთვის ეძებს მოტივს და დამნაშავეს.

***

ადვილია დანაშაულის გაზიარება და ტრაბახი, როცა პასუხისმგებლობა სხვას ეკისრება.

***

იმაზე კარგი არაფერი ყოფილა, დამნაშავეს ადამიანურად რომ მოეპყრობი და არაფერს აგრძნობინებ.

***

რა საოცარი რამ ყოფილა პატიება დამცირების გარეშე, თუ დამნაშავეც მოგყვება და გაძლევს ამის საშუალებას.

***

ადამიანი ვერ ძლებს მტრის ხატის გარეშე.

***

დიდი დაპირისპირება მცირე დეტალებში ვლინდება.

***

„წერეთლის გამზირზე“ ახალგაზრდები შემოლაგდნენ, გიტარითა და ხალხურის სიმღერით. უფრო ყვიროდნენ, ვიდრე მღეროდნენ. ნასვამებს არ ჰგავდნენ. არ მომინდა ამ სიტუაციაში ყოფნა და ვიფიქრე, გავალ, შემდეგ მატარებელს დაველოდები-მეთქი. ერთი არ მღეროდა და მაგარ ჯანზე იყო. შეხტა, ზემოთა სახელურს ჩამოეკიდა და აზიდვები იწყო. ფეხები მოხრილი ჰქონდა, იატაკს რომ არ შეხებოდა. ვიცოდი, რომ სტუდენტები უნდა მყვარებოდა. ვიცოდი, მათ გამოსვლებს და პროტესტს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ყველა სახელმწიფოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეფიქრა მათზე, როგორც ბრბოს ერთ-ერთ სახეობაზე.

***

ნებისმიერ ვითარებაში, სრულიად არაადეკვატურ ადგილას, რომელიმე საბჭოთა მამაკაცი უცბად შეახტებოდა, რაიმეს ეკიდებოდა და იწყებდა აზიდვებს.

***

ხშირად საზოგადოება დაპირისპირებას უფრო პატიობს ინდივიდს, ვიდრე გულგრილობას. საზოგადოება შეყვარებულივით არის, ყურადღება არ უნდა მოაკლო. შეგიძლიამ ცირე კონფლიქტშიც შეხვიდე, მაგრამ გულგრილობას არ გაპატიებს.

***

როცა განსხვავებულ გზას ირჩევ, მზად უნდა იყო. [...] როცა სხვა გზას ირჩევ, იდუმალი დახმარების იმედი გაქვს, და თუ ის არ მოდის, მაშინ გული გიჩუყდება, ცრემლი მოგდის, გარიყულობის განცდა გეუფლება... თუმცა, იმავდროულად, სადღაც სულის სიღრმეში მარტოსულობის ნეტარებასაც განიცდი.

***

ალბათ არ დამიჯერებთ და ვნახე მყიდველი, რომელმაც მსოფლიო კლასიკის ტომების ყიდვა გადაიფიქრა მათი შპალერის ფერტან შეუთავსებლობის გამო. ვიცნო მამაკაცს, „კაფკა პლაჟზე“ რომ იყიდა ჩემგან და სამი თვის შემდეგ მითხრა: რამდენი ხანია გეძებ, არ მომეწონა შენგან ნაყიდი წიგნი და უკან უნდა დაგიბრუნოო.

***

იდეალურად დალაგებულ სახლზე ცუდი არაფერი არსებობს: საერთოდ ვეღარ ახერხებ მასში ცხოვრებას, თითსაც ვერ ანძრევ, რადგან ეგრევე არეულობა შეგაქვს დეკორაციაში. თუ რამეს გადაადგილებ, მალევე უკან უნდა დააბრუნო, თითქოს საგნები შელოცვილები არიან და ახალ ადგილას ვერ იარსებებენ.

***

თვითონ მალევიჩს თუ უშველა თავისივე კვადრატმა? ვან გოგს თუ უშველა მზესუმზირამ? როგორ გადაარჩინეს ტაიტელმა ქალებმა გოგენი? სად იყო მერი, გალაკტიონი რომ ხტებოდა? როგორ სევდას გრძნობდა გოდერძი ჩოხელი, როცა კვდებოდა?

***

წიგნების დისტრიბუტორი ვიყავი. სხვადასხვა ოფისებში და დაწესებულებებში დამქონდა გასაყიდად. [...] წიგნის კარდაკარ ტარებისას დისტრიბუტორმა ოთხი რამ უნდა გაითვალისწინოს:

(1) ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს, წიგნები რომ ათრიოს.

(2) მყიდველს უნდა აუხსნას, წიგნი რომ სჭირდება. უნდა დააჯეროს, უნდა დაარწმუნოს - კითხვა კარგია, აუცილებელია.

(3) არ ეშინოდეს წიგნების ნისიად დატოვების.

(4) უნდა შეეძლოს დაცვის პოლიციისაგან დასხლტომა და გაუჩინარება.

თავიდან გვიჭირდა ამ სამუშაოზე. 21-ე საუკუნე ახალი დაწყებული იყო. ოფისებში ხალხი ისეთი გაკვირვებული გვიცქერდა, თითქოს წიგნს კი არა, რამე ასაფეთქებელს ვთავაზობდით. ხშირად უხეშად მოუმართავთ და გამოვუგდივარტ. მახსოვს, ერთ პოლიკნილიკაში, ლაბორატორიის უფროსმა კოლბებით სავსე ოთახში შემიყვანა და ცხვირის გატეხვით დამემუქრა.

***

როცა სწავლა დავამთავრე, ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ექსპერიმენტულ საამქროში არაფერს ვაკეთებდი და ხელფასი მაინც მქონდა. სანამ ფიქრებში წასულ გოგონას ჩარხმა თითები არ მოაწყვიტა, მანამდე ვერ მივხვდი, ქარხნიდან რომ უნდა წამოვსულიყავი.

***

ქალი დგას გაჩერებაზე, მაგარი კუბელი ქალი. სხვებიც დგანან ავტობუსის გაჩერებაზე. იქვე სახლიდან მუსიკის ხმა გამოდის, საცეკვაოს ჰგავს, თან სიმღერაა. და ეს ჩვენი ქალი ცეკვას იყებს. მუსიკას აჰყვა, აი, ასე უცბად, ეგრე მოუნდა, ბევრი არ უფიქრია. გრაციოზულად მოძრაობს. თავისთვის ცეკვავს, მხოლდო თავისი სიამოვნებისთვის. გესმის რა მაგარია? მუსიკამ ეგრევე შეაღწია მასში და ქალი ააცეკვა. არავის უკვირს. იქ მდგომებს ოდნავ ეღიმებათ, მოსწონთ. ეს პერფორმანსია. ეს კუბაა.

***

ნუთუ სადმე წერია, საკუთარი ცოდვები სხვაში რომ უნდა მოკლას კაცმა?

***

ისე ვცხოვრობთ, ჩანს ვიღაცას უკვე დაუმარცხებია ჩვენი მოდგმა.

***

ოჯახურმა ცხოვრებამ მაგრად გამომწურა. ჩათრევა იცის და თავიც რომ დააღწიო, უკვე გამოწურული ლიმონივით ხარ, აღარავის სჭირდები. შეიძლება გითხრან კიდეც, ახლა თავისუფალი ხარ, აკეთე რაც გინდა, მაგრამ გამოწურული ლიმონი ვის სჭირდება? - არავის.

***

მიწისქვეშა მაფია ძირითადად გაუნათლებელი სუბიექტებისგან შედგებოდა და ამიტომაც ყველაზე მეტ ფულს სწორედ ისინი შოულობდნენ. მათ არასოდეს სწონიდათ საკუთარი სუბიექტური შეხედულებები ლიტერატურაზე და არც კაცობრიობის განათლებისკენ ჰქონდათ იოტისოდენა სწრაფვა - „ლევად“ დაბეჭდავდნენ ყველაფერს, რაც გაიყიდებოდა.

***

ძალიან ბევრი რამ, კარგიც კი, ქართველებს ბეზრდებათ.

***

„ჰარი პოტერი“ - ძნელია ებრძოლო ბესტსელერს, თუნდაც რელიგიური მოტივებით. თანაც ხომ ხვდებით, მსოფლიოს ბავშვებს რელიგია სულ არ ადარდებთ და მშობლებიც იკიდებენ აკრძალვებს, როცა მათ შვილებს კითხვა უყვარდებათ. იქ, სადაც მოზარდი შვიდ ტომს წაიკითხავს ორ თვეში - რელიგია მოიცდის.

***

მინდა იცოდეთ, რომ მყიდველს აჯადოვებს სათაურში სიტყვა: „საქართველო“: „ჩემი საქართველო“, „საქართველოს საოცრებანი“, „საქართველოს დიდი მეფეები“ და ა.შ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გაურკვევლობასთან იქნება გაიგივებული საქართველო, მით უფრო კარგად გაიყიდება: „წაქცეული და წამომდგარი საქართველო“, „საქართველო იჯვამს და მაინც არ ნებდება“ და სხვ. სიტყვა „საქართველო სარეკლამო ხრიკად იქცა და ნახევრად შიშველ ქალს დაემსგავსა, ყველა პროდუქციას რომ ახლავს თან: კარაქს, ბუშტს, მთას, წყალს, ეპილაციას და... დანარჩენი თქვენ გაიხსენეთ.

***

უნდა ეცადო, კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაგესიზმროს შეყვარებული, რომელსაც ეხვევი და კოცნი, ჩასჩურჩულებ, რა კარგი ხარ, რა კარგი... იმას კი ხელები ჯინსის წინა ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. სრული კრახია: უკანა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, საღეჭი რეზინის მოტკაცუნე არსება.

***

ქალს თუ არ უნდა შენი გახდეს, უბრალოდ არ გაძლევს. ამით ყველაფერი ნათქვამია: მოსწონხარ, გისმენს, გირეკავს, გეამხანაგება, გენათესავება და არ გაძლევს. ორგაზმი ერთგვარი საშვია მის სამყაროში.

***

საიდუმლოს გამხელიდან პირველი დღეები შეყვარებულისგან არაფერს ელი, სანაცვლოდ არაფერს სთხოვ, ისედაც კარგად ხარ. ტკივილი მოგვიანებით მოდის.

***

აუდიტორიას როცა ბეზრდები, უნდა გაყუჩდე.

***

ამომრჩევლის მოტყუება ათასჯერ შეიძლება ერტი და იმავე აფერით.

***

სხვის გულებში ცხოვრება კარგია, როცა შენ ამას აცნობიერებ (როცა ვინმეს უყვარხარ და მის გულში ხარ - ამ სიყვარულს ნეტარებით აღიქვამ). თუ ვეღარ აცნობიერებ, მაშინ მთელი წინა უსასრულო წარსულიც ქრება.

***

რიტუალური სმა არ იძლევა ღრმად ფიქრის საშუალებას და მალევე, შემდეგ სადღეგრძელოს უცბად გამოჰყავს ადამიანი სევდანარევი მდგომარეობიდან.

***

თუ ფიქრს აკონტროლებ, შიშსაც დაძლევ. შიშის დაძლევით ტკივილს გააქრობ. შეიძლება ვერ გააქრო, თუმცა მიხვდები: სხვა გამოსავალი არ არის, შენი ტვირთია, უნდა გტკიოდეს! წევხარ, გტკივა და აღარ გეშინია... უბრალოდ, სხეული ვეღარ უძლებს და უშიშრად კვდები.

***

ჩვენ ვირჩევდით სამშობლოს, ვირჩევდით მომავალს. ღმერთს არ უჩუქებია ჩვენთვის ეს მიწა. ღვთისმშობელი ჩვენს მხარეზე რომ ყოფილიყო, საქართველოს კი არ გვაჩუქებდა, საერთოდ წაგვართმევდა ყველაფერს და საბოლოოდ მივხვდებოდით - ჩვენი არასდროს არაფერი ყოფილა.

***

ნოსტალგიას ხეირი არ მოაქვს. როცა სამშობლოს ველებზე ფიქრობ, სამსახურზე ფიქრობ, კარგ ხალხზე, შვილებზე - წვალობ, არც იქ ხარ და არც არსად!

***

როცა შინაგანად მშვიდი ხარ, მძღნერის სუნი აღარ გადარდებს, ვერც გრძნობ.

***

ღმერთი ერთსა და იმავე წამს უნდა ყოფილიყო კიდეც ღმერთი და არც უნდა ყოფილიყო. თან არის, თან - არა. მას უნდა სცოდნოდა, ჯვარზე რომ გააკრავდნენ, ოღონდ ჯვარზე გაკრულს არც წარსული და არც მომავალი საერთოდ არ უნდა ხსომებოდა. ის ნამდვილად უნდა მომკვდარიყო და მოკვდა კიდეც. შეიძლება ვერც გაცოცხლებულიყო. მას არ უნდა სცოდნოდა, რომ აღდგებოდა და იმავდროულად, მისი ყოვლისშემძლეობა არ დაუშვებდა, რომ არ გაცოცხლებულიყო. ანუ - ბოროტებას შეუძლია მისი მოკვლა და თან - ნურას უკაცრავად - მას ვერ მოკლავ. მას სტკივა, ის ტირის, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ - ის არასოდეს ტირის. შეგიძლია სილა გააწნა, ხელს არ შემოგიბრუნებს, ძალიან მორჩილია... ვერ გაარტყამ სილას, ხელი მოგძვრება გარტყმამდე... და არ გძვრება, სილას ურტყამ! როცა ის ბავშვია, დედა თოკით აბამს. ვის შეუძლია ღმერთის დაბმა, სად გაგონილა? გესმით მისი ხმა, ხეზე მიბმული როგორ ტირის? მან ყველაფერი იცის და თანაც დაბნეულია. უსწრაფესად იღებს გადაწყვეტილებას, ყოველი მისი ნაფიქრი წამებში რეალიზდება, არაფერი ეშლება. არადა, ხშირად მრჩეველი სჭირდება, აწონ-დაწონვა უყვარს, სხვის აზრს ითვალისწინებს, ორჭოფობს. ასეთ ღმერთს სიცილი შეუძლია, კარგად მღერის.

***

ჩვენი ქალაქი სამარცხვინოდ გვიან იღვიძებს.

***

აქვეა ლიფტის დამწვარი ღილაკები და თვით ლიფტიც, სადაც გაჭედილი ადამიანების შიშია დაგროვილი.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში