უოლტ უიტმენი - კოსმოსი

იგი, ვინც შეიცავს ნაირსხვაობას და ვინც თავადაა ბუნება,
ვის არსობაშიც ვლინდება დედამიწის ამპლიტუდა, მისი სიმქისე,

სექსუალობა, მისი დიადი შემწყნარებლობა, წონასწორობა,
იგი, ვისთვისაც მარად უცხოა არარაობის თვალთა ღიად შთენილი

სარკლმები, ან ვისი ტვინიც წილნაყარია არარაობის 
მაცნეებთან,

ვინც შეითავსებს რწმენასა და ურწმუნოებას, ვინც თავადაა 
მიჯნურთა შორის უდიდებულესი,

ვისაც დაუთქვამს: სამებით სრული პროპორცია რეალიზმის,
სპირიტუალიზმის, ესთეტიკის და ინტელექტის,

იგი, ვინაც შეჰქმნა ტანი და განსაზღვრა ყველა ასონი და
ორგანონი როგორც თანაბრად კეთილნი,

იგი, ვინც მიწის ან საკუთარი სხეულებრივი რაობის თეორიით განჭვრეტს რთულ ანალოგიათა მეშვეობით სხვა თეორიებს
ქალაქის, ლექსის, ან სხვადასხვა სახელმწიფოთა დიდ 
პოლიტიკის თეორიებს,

იგი, ვისაც სწამს არა მარტო ჩვენი სფერო, საკუთარი
მზით და მთვარითურთ, არამედ სწამს სხვა სფეროებიც 
საკუთარი მზეებით და მთვარეებითურთ,

იგი, ვინც გეგმავს სახლს თავისთვის, და განა თუ ერთი 
დღისთვის, მთელი შემდგომი დროისათვის, სჭვრეტს რასებს,
ერებს, რიცხვებს, თაობებს,

წარსული და მომავალი მკვიდრდებიან მასში, ვით მთელი
სივრცე - ერთიანი განუყოფელი.


თარგმნა ზვიად გამსახურდიამ