სულხან-საბა ორბელიანი - მოგზაურობა ევროპაში

...ი~ზ მარიამობისთვეს წმიდას პაპასთან წავედით. მის პატარა სამწირველოში ხუცესმა წირა ჟამი. პაპა მარჯვენას მხარეს მოფარებით იჯდა. მე ვერ ვხედავდი. ჩემის მეტი ეკლესიაში არავინ იდგა. მისი ძმისწული უფროსი კარზე ეჩოქა. დიაღ, კაი ვაჟკაცი იყო. ამის მეტად არ მენახა. წირვას უკან მოვიდა. მიალერსა, უკაცრავად ვიყაო, ვერ გიახელო. დიდხან დაჯდა ჩემთან. ქვეით მომიჯდა. 

მერმე პაპამ დაგვიძახა. მივედით. კიბით ჩასავალი იყო. ხელი მომკიდა დიდხანს. მითხრა: გაირჯებიო, მაგრამ მიმზირეო. ეს საქმე წმიდა გრიგოლის დიოლოღის დაწესებული არისო. მასუკან სულ ყოვლის დღეს ასე უნდა იქნასო. საკრიპანტი კარდინალი მისდევდა, მერმე მისი ძმისწული კარდინალი, მერმე მე, მერმე მისი ძმისწული კარლო და მერმე მისი ძმა ალექსანდრე, მერმე დავით და მერმე პაპის მოსამსახურენი. ჩავედით ერთს მომცროს სახლში. პაპის წესია, ყოველ დღე თორმეტი გლახა იჯდა. იმ დღეს ცამეტი გლახა იჯდა. ვერ შევიტყევ როგორ მომხდარიყო. ტაბლა უცხო ყვავილებით შეემკოთ. თავს პაპა იდგა. არდაგი მოირტყა. იმისთან მე დამაყენა, მერმე საკრიპანტი კარდინალი. არდაგი ერტყა. მერმე პაპის ძმისწული კარდინალი, მერმე ალექსანდრე და ორი სხვა არდაგებითა. სხვათ მოატანინა საჭმელი. უწინ პაპას მოართვიან. პაპა ორს გლახას მიართმევდის. მერმე კარდინალებმა იმ სხვათ ჩაურიგიან. მერმე პაპამ ტაბლა აკურთხა. ყველამ დავიჩოქეთ. ჯვარი დაგვწერა. გლახებმა ჭამა დაუწყეს. ხუთი რიგი საჭმელი მოიტანეს. დიაღ, საბატიურად სჭამდენ გლახები. დიდი ხანი გამოვიდა. მერმე ხილი მოიტანეს. პურსაც პაპა უჭრიდა, ხორცსაცა იმ ზეითებსა. და ქვეითებსა სხვანი. და ღვინოსაც პაპა მიართმევდა. ის ზეით გლახა ყმაწვილი კაციც იყო და გვანდა საქციელიანი იყო. რამდენჯერ პაპა ღვინოს მიართმევდა, ადგის, თაყუანისცის, დაჯდის, დალიის და ჭიქა პაპას არ მისცის. მაგრამ არა ქნის, ააღებინის, ხელით გამოართვის. მერმე ბოლოს ჩაბძანდა და იქიდამ ღვინო ყველას ჩამოურიგა. მერმე ხილის ჭამის დრო რომ მოვიდა, ერთმა ხუცესმა პურები შემოიტანა, პაპას მოართვა, დაიჩოქა. პაპამ ლოცვა წაუკითხა, აიაზმა ასხურა. გლახები ააყენა ფეხზე და ის პური თითო თითოს ჩამოურიგეს, იმათ წინ დაიწყეს. მერმე ხილი ჭამეს. მასუკან შაქრის ქადა ჩამოურიგეს. ისიც წინ დაიწყეს. სხვა საჭმელები აიღეს. მერმე პაპამ ტაბლა აკურთხა. ხელი დაიბანა. არდაგი შემოიხსნეს. ისევ ბოლოს ჩაბძანდა. თვითო ნახევარი მარჩილი და თვითო ამინაშატი უბოძა, თავის ხელით ჩამოურიგა. მერმე გლახები ადგენ. ყველამ ფეხზე აკოცეს. წამოვიდნენ. მე ისევ თან წამიტანა. ჩემთვის უღირსი სიტყვა მიბძანა: რაც გინდა მთხოვეო. მადლი გარდავიხადე. ჩემი სათხოვარი ყველა უთხოვრად აღმისრულდა-მეთქი. მომეხვია. მაკოცა. ფეხს ვაკოცე. გზის საქმეები დაგვარიგა. გამომისტუმრა. მიბძანა: ასე მალე არ გაგიშვებდიო, მაგრამ ვახტანგ მეფის უკითხავად წამოსულხარო, რომ დამეჭირე, იმას გულს დააკლდებაო, და წადი, მისი საქმე მოიჭირვეო. ას სამოცი იქაური სკუთი ებოძა, სამასი მარჩილია, გზის ხარჯად. გამოის ერთის წმიდის მართას დედათ მონასტერი მაჩვენეს. მომცრო ეკკლესია იყო, მაგრამ უცხოდ შემკული იყო. სულ მოწერილი, მარმარილოთ იყო აშენებული. კედელი, სვეტი, თუ ხატის ყდები. უცხოთ გამიკვირდა. ენკრატისები გალობდენ, მაგრამ მათი გალობა საკვირველი რამ არის. ამავ საღამოს წავედით სულის წმიდის მონასტერში. პაპის სამადლოა. ერთის ეპისკოპოსის ხელთ არის. შიგა დგას. დიდის ფრენჭიფის შვილია მიმიძღვა, დამარონინა. უპატრონო ექვსასი სნეული იწვა კაცი. და იმ კაცების სახლი ზედ გზაზე იყო. ვინც ავი დედაკაცი დაორსულდება შვილს ვერ წაიხდენს. იქ გზაზე ერთი ჭახრაკია. იმაში რბილად აგია. შიგ ყმაწვილს შეაწვენენ. მოაბრუნებენ, ზარს დაჰკვრენ. ქალები წავლენ. ის ავადმყოფის მომვლელი წაიყვანს ამ ყმაწვილს. სხვა ჭახრაკია. იმაში ჩააწვენს. მოაბრუნებს. დედაკაცებში გაიყუანს, რომ დედაკაცი კაცს ვერ ნახავს სალაპარაკოდ და კაცი დედაკაცსა. იქ თორმეტი ძიძა იყო. ცამეტს ჩჩვილს ყმაწვილს ზრდიდენ. რომ ყმაწვილი სამის ოთხის კვირისა შეიქნება, გარეთ მისცემენ სხვას ძიძასა. თვეში მარჩილი აქვსთ, და ოთხს წელიწადზე ამათვე მოაბარებს. თუ ქალია, ქალებში გაურევენ, და თუ ვაჟია, ზოგს გარეთ ოსტატს მიაბარებენ, ზოგს იქავ შემოიყუანენ, იქ ზრდიან. ჩემობას შვიდასი ქალი შინ იყო მონასტერში და ორმოცდა-ათი ვაჟი და ცამეტი ჩჩვილი. სამი იმ დღეს მოეყვანათ, მე რომ მიველ. და რვაასი ქალაქში ებარა. ეს სულ პაპის სასმელ-საჭმლითა და ტანსაცმითა, წამლითა, აქიმით, ჯარათი. იქ აკეთებდენ ქალები საქალოს ხელობასა და კაცები საკაცოსა. მათი მოძღვრები და გამდელები გაუყრელად იქ უდგას. წალკოტები, შადრევნები გარიგებული. თუ ქალი მონაზონად შედგა, თუ ქმარი შეირთო, მათ ას მარჩილს ზითვად მიცემენ. და ბუშს ბუშსა შერთვენ, მართალს მართალსა.

მალთას მისვლა. ოცდა ხუთი ღვინობისთვე. ოთხი ჟამი დარჩომილიყო, მალთას მივედით. მალთას ამბავი რომ დავსწერო, ძნელია, როგორც არის, მის დაწერა.

მალთა კუნძულია - მელიტონი, რომ წმიდა პავლე მოციქულს ხელზე გველმა უკბინა, მრავალი გველით და მას უკან კაცს ვეღარ უკბენს. მრავალი ხუთოც იპოება. მასუკან მთელი გველი, გაქვავებული გველის თვალი, ენაები, თავი გაქვავებული მრავალი. კურნებაც შეუძლია. მალთა სამოცი მილია სიმგრგვლე და შიგ სამოცი სოფელია. მალთას ქალაქი აღმოსავლეთის მხარეს არის, ზღვის პირს. უწინ ზეით ყოფილა. ხვანთქარი სამჯერ თითონ მიხდომია. ერთხელ კიდეც აუღია, მაგრამ გამოუქცევიათ. მიმშველე მრავალი მიშველებია. მასუკან ზღვის პირად აუშენებიათ. ზღვის პირს ერთი კლდეა ვაკე. უფლის ციხის მსგავსი, ადვილი საჭრელი. და ერთი ნავსაყუდელი ერთს მხარეს მოუვლის, მეორე - მეორეს მხარეს. და მერმე ოროლად გაიყოფა. ორივ ქალაქს უკან თავებს მოიკრებენ ახლო-ახლო და ორი სხვადასხვა მხარეს მიდგებიან. სულ კლდეა. ერთი კარი ზღვიდამ შევა, ერთი ხმელეთიდამ. ორივ კარები, კლდე გაუხვრეტიათ დიდს ადგილსა, და ისე შეისვლება. შესავალზე ორგანვე ხიდები დაუცთ. ქვეშეთ კლდე ჩაუჭრიათ. ხიდს როსცა უნდა აიღებენ, როცა უნდა გასდებენ. ჯაჭვებით არის გამართული. ხმელეთის გზისკენ, ხიდს იქით, ერთი კაი მინდორი აქვს. მინდორსა და ქალაქსა შუა ორს ალაგას კლდე გაუჭრიათ. ორი ფილისკინა შემოუვლიათ, რომ მეტად ღრმა და განიერი. მინდორს უკან, ზღვის სრუტეებიც ახლო-ახლო მოვა. ერთი მაგარი ციხე შუა გაუბამთ და კარი გვირაბად ჩაუტანიათ. ეტლები შევა, გამოვა. იმის ქვეით გალავნები: ზოგი ციხის მსგავსად, ზოგი წალკოტები აუშენებიათ, და მაღალი გალავნები მოუსწორებიათ და ხეები დაურგავთ, რომ ფოლორცები ასე დაუქსაქსავთ, მშვიდობაში, თუარ იქაური კაცი, ვერას გაიგებს, ძნელად შევა, არამთუ მიმხდომმა კაცმა რა გააწყოს. ზღვის ორსავ ნავსაყუდელი პირზე სულ გარშემო სხვა სოფლები აუშენებიათ. ერთი ქალაქად გაუხდიათ. შიგ სრულ ახლო-ახლო ციხეები დიდრონი დაუტანებიათ. ოცდაცამეტი ციხეა. და ახლა ჩემობას იმ სოფლებს გარს სრულ გალავანს ავლებდენ, ციხედ ამაგრებდენ ხვანთქრის მოლოდინს ჰგონებდენ. ქალაქი არც დიდია, არც მომცრობა ეთქმის. მაგრამ აქ რაც შენობა დამიწერია, სრულობით გათლილი ქვაა. ქალაქი, გალავნები, ციხეები, გაღმა სოფლები, მისი გალავნები, თუ ფოლორცის ქვაფენილი, გაუთლელი ქვა არსად იპოება. ციხეებში, თუ გალავნებზე სულ ასე ზარბაზნები აწყვია, ორი კაცი შუა თუ გაუარს. წყალი შორიდამ აქვს მოტანილი. მაგრამ ასეთი ჭები მოურთავთ, ერთის წლის წყალი შეინახება. და ამას გარდა რაც წვიმა მოვა სრულ ხეებში აქვს ადგილი შესანახავი. სიკილია ახლო აქვს. შუა სამოცი მილია ზღვა. ალიკორნა ექვსასი მილია. და მარჩილია ცხრაასი მილი. ჯენევიაც ახლო, ალიკორნიას ზეით. მალე მიეშველებიან.

კ~ვ ღვინობისთვეს მათს უფროსთან წაგვიყვანეს. გრან მაგისტროს ეძახიან, რომელ გამოითარგმანება: დიდი ოსტატი. ვინც მალთის ელად დადგება, დიდის თავადის შვილი უნდა იყოს, ან მეფისა, ან დუკასი, თვარა შვიდს თაობას აქათ, თუ მათს სახლში ან ვაჭრის ქალი, ან უგვაროს კაცისა შესულა, ვეღარ შეიქნება მალთისელად. ის დიდი ოსტატი - სპანელი ფრენჭიფე იყო, სამოცდა თხუთმეტის წლისა, მაგრამ სიბერე მეტად დასჩნეოდა. თავი, ხელი სულ ძალზე უკანკალებდა. მოგვიძღვნენ. მათი სახლები სულ თლილი იყო. მისი სასახლე ხომ უკეთესი იქნებოდა. მრავალი ჯარი იდგა. დაბლა გავლეთ და კიბეზე ავედით. რიგის რიგისად მალთისელნი გამოგვეგებნეს. გვისალმნენ რა მაღლა ავედით ერთს დიდს სახლში, აქათ და იქით, სრულ მალთისელნი იდგენ. შევლეთ - და სხვა სახლი უპატიოსნესი და უცხოს ფარდაგებითა. და უპატიოსნე მალთისელნი იდგენ წყობითა. შევლეთ სხვა სახლი. აგრევ მათი უკეთესი და მათგან უხუცესნი დგენ. და სხვა სახლში - მხცოვანი და ძველად მისულნი დგენ. და რომელი მიგვიძღოდა, ის მალთისელი ფრანცისი იყო. რასა წამს მივედით, მაშინვე მოვიდა და გვნახა. დიდს ოსტატს ჩამოღმა ის იყო. ისიც მეტად ბერი კაცი. ხელმოკიდებით იარებოდა. მიგვიძღვა დიდის ოსტატის კარზე. დიდი ოსტატი კარზე გამოგვეგება. შეგვიყვანა. დაჯდა. წინ დამისვა. სწორედ მომიკითხა, მიალერსა, ჩვენი ქვეყნის ამბავი მკითხა, ჩემის მგზავრობისა. და წამოვედით. სადაც ვიყავით, იქიდამ აგვყარეს. კაფუჩინის მონასტერში დაგვაყენეს.

კ~ზ ღვინობისთვეს მოვიდნენ რიგისრიგით მალთისელნი დიდებულნი და გვნახეს.

ი~ე ღვინობისთვეს ერთი მალთისის ხომალდი და ერთი არაბის ხომალდი ღამით შეყრილიყვნენ. არაბის ხომალდში ხუთასი კაცი მჯდარიყო და სამოცი ზარბაზანი. მალთისისაში ცოტანი. არაბისას ეკითხა: ვინ ხართო? მალთისელებს ეთქვათ: ჯენეველნი ვართო. ამათ ეკითხათ. იმათ სიცოტავით აეგდოთ: ჩვენ ზღვისანი ვართო. იმ ღამეს ვერა გაეგნოთ. რა გათენდა, ეცნათ ერთმანეთი. დაეშინათ. ის არაბის ნავი მთლივ დანთქმულიყო. ზარბაზნები წყობით ეკრათ. და ამათში ორი საპატიო კაცი მალთისელი და ხუთი დაბალი კაცი მომკვდარიყო. იმ ხომალდისა ხუთასისაგან შვიდი კაცი მორჩომილიყო. ცურვით მოეწიათ, თოკებით ამოეყვანათ. ოთხი ქრისტიანი ტყვე რომ მათ დაეტევებინა და სამი არაბი. მათი ახალხანის ომები მრავალი მიამბეს, მაგრამ ერთი ოთხის წლისა მიამბეს. ასევ ორის ხომალდის შეყრა: ერთი მალთისელისა და ერთი ჯაზაირეთისა. მაშინც მალთისელებს ასევ გამარჯვებოდა და მათი რეიზი მცურავი დაეჭირათ. იმ რეიზს ერქვა: მარტო მე ამ ხომალდითაო შვიდასი ქრისტიანის ხომალდი წამიხდენიაო. ეს ამისთვის დავწერე, რომ ამ დიდს საქრისტიანოსაც ასეთი მტერები ჰყვანან. მაგრამ მალთისელები დიაღ კაცნი არიან. ქრისტიანთ მტერთ ასე უზმენ. ღმერთმან იმდენი დღეგრძელება და ცხოვნება მოგცეთ, რამდენი ასი ათასი ტყვე, ან იმ ქალაქში, ან კუნძულში და ან ნავებში ჰყვანდესთ. ქართველნიც ვნახე: ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რომ თათრისათვის წაერთმიათ. ენა ისევ კარგი იცოდნენ. აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა, ქართული.

კ~ჱ ღვინობისთვეს ლიმენას გაღმა გაველ პაპის ჯანიშინის სანახავად. გაღმა ციხეები რომ იყო, მალთისის ქალაქს პირდაპირ, უბრძოლველს სოფელს ეძახიან ამისათვის, რომ ხვანთქარი რომ მოსულა, მაშინ ეს ქალაქი მაღლა სახლებულა. ყველა აუღიათ და ის ციხე ვერ აუღიათ. ახლა ეს ქალაქიც დაბლა ჩამოსახლებულა, უმაგრესსა და მის პირდაპირ ადგილსა. და ის ციხეებიც უფრო გაუმაგრებიათ და დიდი ქალაქი შექმნილა, იმ მხრის ნავსაყუდელი ექვს შტოდ განიყოფა, გრძლად, რომ უფროსი ლიმენი არც კი მინახავს, სივიწროეს გარდა, რომ თოფი ყველგან გაუწევს. და გაღმა ერთი შენობა შექნილა, რომ სამს ლიმენას სულ გარ შენობა შემორტყმია. დიდრონი ციხეები და ქალაქი სრულ თლილი ქვა. გალავნები, წალკოტის კედლები, - სრულ თლილი ქვაა. მე ასე მგონია, ეს თლილი ქვებით შენობა გაძრახ ექნათ. კლდეს სჭრიან. რაც დაღრმავდება, გარდასავარდნელი შეიქნება. და მოჭრილით კედლებზე აგებდენ. ორ რიგად მაგრდება. მაგრამ ქალაქს გარეთ მინდორი და კარი რომ დავსწერე და გზები დაქსაქსული. იქიც სამს ადგილს ისევ თვითო კარი გაუხვრეტიათ კლდეში, რომ ეტლები შევა-გამოვა, და ზედ ზარბაზნები მოურთავთ. და სრულ ის კუნძული საცნაური, თუ რაც კედლებით დაუქსაქსავთ, რომ კაცს გაუკვირდება.

~ლ ღვინობისთვეს ერთმა მალთისელმა უფროსმა კაცმა გვიწვია სადილად. ფრანცისი იყო. ქალაქს გარეთ ერთი მომცრო ნარინჯის წალკოტი ჰქონდა. კაი სასახლე ზღვაზე წაკიდებული. და კარგა დაგვხდა. მერმე წაგვიყვანეს სადაც წამალს ნაყვენ. დიდი სახლი იყო, სად გვარჯილას ადუღებდენ, სად გოგირდსა და გვარჯილას ნაყდენ. დიდი ორი გელაზი იყო. თორმეტი როდინი იყო სინისა და როდინის სანაყელი იყო ხისა. ერთის ჯორით ჭახრაკს აბრუნებდენ. თორმეტს ადგილს წამალი ინაყებოდა. ერთს დღეს ხუთი ყანთარი დაინაყებოდა. თვითო ყანთარი ოცდა ათი სტამბოლის ბათმანი იქნებოდა. თვითო ბათმანი ორმოცდა რვა თუხტი რომ ხუთი ცხენის საპალნე უფრო მოვა. ერთს სხვას ახალს აკეთებდენ: როდინს ხისასა და როდინის ქვას სინისასა. ასე თქვეს: ეს ორს იმდენს დანაყსო. და ჩემობას მზა არ იყო. კარგა გვიალერსა.

ლ~ა ღვინობისთვე დიდმა ოსტატმა გვაწვია. თვითონ თავს იჯდა. ერთი მე და სამი უფროსი მალთისელი. ერთი ის გუშინდელი მასპინძელი იყო. დაგვსხა. ჩვენ ოთხნი მოქვემოთ გაღმა-გამოღმა ვისხედით. სხვა ვერავინ დაჯდა. მოსამსახურედ სრულ დიდრონი მალთისელნი იმსახურებოდენ. ზოგნი ისე გარ თავს გვადგნენ. მისი ფიალა და ნალბაქი მისი დანა-კოვზები ოქროსი იყო. სხვა სრულ ყველა ვეცხლისა. და უცხოს ფარდაგებით მოფარდაგული სახლები. და სხვა ხარჯი და ულუფა არა დაუხარჯავს რა. სადილს უკან სხვა მალთისელი იყო. ისიც ფრანცისი. იმას უდარბაზე. დია კაი მორთული სახლ-კარი ჰქონდა, ზღვაზე წაკიდებული. მრავალი რამ კაი ვნახეთ მის სახლებში. მაგრამ გრძელი ამბავი თავის საწყენია. ერთი საკრავი ვნახე მის სახლში. ზღვის საკრავს ეძახდენ. სამკუთხი ჩანა ჰქონდა ექვს მტკაველამდი ჩანის სიგრძე. თავი წვრილად წამოსული. ხელიც გრძელი ჰქონდა. ხუთ ძლის სისხო. ჩანა და ხელით მაღალს კაცს უმაღლე იყო. ერთი ალყა ება ლერწამის კალმის სისხო. და ჭიანურსავით ძუით უკრავდა. ტარის კერძო მარტო ცერს ხმარობდა. ზედ ალყაზე რვას ადგილს ქაღალდის ნიშანი ეკრა, ფარდის მაგიერ. მართალს მოგახსენებ, არც უცხოობით, არც სიტკბოთი და არც სიმაღლე-სიმდაბლით უკეთესი საკრავი არ მინახავს. სხვა საკრავებიც იყო: წინწილი, ჭიანური. მაგრამ ერთის ალყით, ერთის თითით კრული, დიაღ მეუცხოვა და ყველასაც სჯობდა. არ ვიცი, ეგები უცხოობამ მაჩვენა ისე ტკბილად და არ იყო. მაგრამ მე ხომ ასე მგონია მალთისელების უფროსი გრან მაგისტრო, რომელი დიდს ოსტატად გამოითარგმნება, ყველაზე უფროსობს. და იმას გარდა შვიდი თავი კაცნი არიან: სამი ფრანცისი, ერთი იტალიელი, ერთი ნემსა და ორი სპანისა. იმ შვიდთა თვითოს სამსამი შედეგი ჰყავს, რომ ოცდა ერთი იქნება. ამ ოცდა ერთს კაცს გულზე დიდრონი ჯვარები აკერია როგორც უფროსსა. და თავნი ესენი არიან, ამათგან გამოირჩევა დიდი ოსტატი, რომ მოკვდება, შვიდში, რომელიც სჯობს, ეს ოცდა ერთი კაცი გამოირჩევს: რომელსაც თერთმეტი თანმოხმე ჰყავს ის დაჯდება. ნაკლებით არ იქნება. ამ ოცდა ერთს თავს კაცს ზოგს ასი ახლავს მალთისელი, სულ დიდებულთ შვილი, ზოგს ორმოცი, ზოგს ათი, ზოგს ორასიც. ნამეტნავი კაცის გუნებაზე და სიკეთეზე ჰკიდია. ჩემობას თქვეს ახლა სამი ათასი იქნებიანო და ხან მოემატებაო და ხან დააკლდებაო.

ორს გიორგობისთვეს წამიყვანეს, იმათი ქსენონი მაჩვენეს. ერთს უფროსს მალთისელს ებარა. სამასი სნეული იწვა. ამ სნეულებს სხვა მოსამსახურე ვერ მსახურებს. შვიდს დღეს ეს შვიდი თავი მალთისელნი, თავისის უმცროსის თავადის შვილებით, ემსახურებიან, მაგრამ, დიაღ, სუფთად და პატიოსნად. მეც მამსახურეს. მათში გამირიეს. მაგრამ სამსახურებელი და ჭურჭელი სულ: ქვაბი, სინი, თეფში, ჯამი, სნეულის შარდის გასასვლელი ამდენის კაცისა სრულ ვეცხლი იყო. ზოგმა უფროსმა კაცებმა გვაწვიეს. მრავალი სიმდიდრე ვნახე. მათს სახლში ვინც მათი მოკვდება, ოთხი წილი საქონელი იოვანე ნათლისმცემლისა არის და ერთი წილი თუ უნდა ნათესავს მისცემს, თუ უნდა სხვას საქმეზე დახარჯავს. ვინც ამათში მრავალს ომსა და საჯილდოოს იქს, დიდი ოსტატი სოფელს მისცემს. ასე თქვეს: ორი წლის მოსავალს თავისთვის დაიჭერსო. ჩემობას თორმეტი ათასი თათრის ტყვე თქვეს, რომ იყო. ან სნეულისა, ან ტყვეს, ან მაგისთანა მწირსა და მოსრულეს სულ ნათლისმცემლის თეთრი ინახავს სასნეულოში. ის დამავიწყდა: მრავალი რიგი საჭმელი იყო, სხვადასხვა რიგი. და რაც სნეული იწვა თითო ფიცარი ეკიდა. ნიშანი რომ ეწერა საჭმლის ჭამაზე. წამოდგა აქიმი, ნუსხა ხელთ ეჭირა და უკითხავდა: ამ სნეულს ეს საჭმელი მიართვით, ამას ესო და იმ საჭმელს მიართმიდენ. ტყვეების სასნეულო სხვა იყო და დედაკაცებისა სხვა, ცალ-ცალკე.

~დ ნოემბერს წამიყვანეს ნათლისმცემლის ეკლესიაში. ის არის მალთისელთ ბატონი. დიაღ, კარგა ნაშენები და შიგნითაც - უცხოდ მოყვანილი იყო. ცხრამეტი სამწირველო იყო. თვითოს სამწირველოს ტრაპეზი მთელი ვეცხლი იყო და ოროლი სასანთლე ასეთი, თვით ოცს თუმანს ვერ გამოვიდოდა. სხვასა სანთლისა და კანდლის რიცხვი ვინ იცის, არ ამიღია. ვერც გაუელ. პირველ მიმიყვანეს მარცხენას მხარეს სამწირველოში. დიაღ, კარგა მორთული იყო. ერთი ყოვლა წმიდის ხატი მაღლა ესვენა, დიდი, და ძე არ ეჭირა. კარგა შემკული მურასად. იმისი მითხრეს: პირველ ეს მალთისელნი როდოსს მდგარან და იმის მთაში უპოვიათ. როდესაც აქ ჩამოსულან, თან წამოუყვანიათ. და არც იცოდნენ ვისი დახატული იყო. მერმე დიდს ტრაპეზთან მიმიყვანეს. იქ მარმარილო გათლილი ქრისტე და იოვანე ნათელს სცემდა. რომიდამ მოეტანათ. დიაღ, უცხოდ გასაკვირვალი იყო. ცოცხალი მეგონა. და მასუკან მარჯვენას სამწირველოზე მიმიყვანეს. იქ ესვენა წმიდა მოწამე კლემენტოს მთელი. ეს სხვა მოწამეა. ესეც წმიდა პაპას მოეცა ამათთვის და იმას ზეით მრავალი მოჭედილი: წმიდის კლარას ხელი, თუ თავი, თუ სხვა ნაწილები. იქიდამ ეკკლესიაში ჩაგვატარეს. სამწირველოები ვნახეთ. და ბოლოს კარისაკენ ერთი კარი გააღეს. იქ შეგვიძღვნენ. მრავალი უცხო რამ ვნახეთ: ჯვარის ნაწილი დიდი და მაღალი, ოქროთ მინაქრათ გაკეთებული. ჯვარის ნაწილი ცოტა იჯდა, მაგრამ ჯვარი დიდი მურასად შემკული. მრავალი კაი თვალი. დიდი წინ საძღოლი ჯვარი ოთხი: ორი ოქროსი მურასა, ორი ვეცხლისა უცხოდ გამოყვანილი. ქრისტეს აკვნის ნატეხი მომცრო, ვეცხლით გაკეთებული. მრავალს ანგელოს, ზოგს ეჭირათ, ზოგი გარ ეხვია. უცხოდ და საკვირველად ნაქმარი, ერთი უკეთესი არცარა მინახავს, ზიარების შარავანდედი წმიდას ნათლისმცემელს თავზე ადგა, ალმასით გაკეთებული. ზიარების შარავანდედი ყირმიზის იაგუნდით გაკეთებული. სხვა უცხო ზიარების შარავანდედი, დიდი, ორი ლიტრა ოქრო მეტი მგონია, უცხოდ ნაქმარი და ვეცხლის კუბო, ორს დიდს ანგელოსს ეჭირა. და მაღლა დიდი გვირგვინი, ვეცხლისა. აგრევ ანგელოსებს ეჭირა. სხვა ზიარების შარავანდედი სხვა მინაქრად პატიოსნად გაკეთებული. ბარძიმ-ფეშხუმი ოქროსი, მინაქარი სამი. სხვა ოქროსი. ორი ვეცხლისა. არ დამითვლია. ჯვარი ბროლისა, ზედ ჯვარცმა და ოთხი მახარებელნი, მინაქრად ნაქმარი. ყელსაკიდი სხვა ჯვარი, კაის თვალებითა და სხვილის მარგალიტით. ყელსაკიდი კიდევ სხვა ოქროს ჯვარი. ყელსაკიდი იუდას აღებულის ვეცხლისაგან. ორი, თითო აბაზისტოლი იქნებოდა, ბეჭედი მურასა. დიდი სხვა, მურასა. გულსაკიდი დიდის თვალებითა. ყავარჯენი საეპისკოპოსო, კარგა შემკული. მიტრა ექვსი: სამი მურასად თვალმარგალიტით, სამი სირმით შეკერული. წმიდის ნიკოლოზის მარჯვენა მკლავი მურასად შემკული. წმიდის იოვანე ოქროპირის მკლავი, მურასად შემკული. დიდის ანტონის მკლავის ნატეხი, შემკობილი. წმიდის ილარიონის ნაწილი. წმიდის ეკატირინე ალექსანდრიელის ქალწულ-მოწამის მარჯვენა მკლავი, კარგა შემკული. ქრისტემ რომ ბეჭედი შეაცვა, ისე ზედ აცვია. წმიდის სტეფანე პირველ მოწამის მკლავი. წმიდის სტაქოს თავი. წმიდის სილოვანეს მკლავი. წმიდის პიოს, რომ-პაპის სამხრე, წმიდის ურსულას ნაწილები. რაც ვერ დავისწავლე სხვა. ვეცხლის დიდი ზანდუკი, ბროლით გაკეთებული. მრავალი წმიდათ ნაწილები. ვეცხლის ყვავილები უცხოდ მოყვანილი. ოქროსი ერთი. და ვეცხლის საცეცხლურები. ოქროსი და ვეცხლისა კანდელები, უანგარიშო. სხვა ვეცხლის ზიარების შარავანდედი, უცხოდ ნაქმარი, ძოწით შეწყობილი. ზიარების შარავანდედი, საკვირველი, ოქროთ მოჭედილი. სახარებები, კონდაკები და მისი ვეცხლის სკამები. სხვა სახლში შეგვიყვანეს. მრავალი უცხო შესამოსები. თითოს ფერისაგან ცხრა ხელი. ზოგი ნაკერი, ზოგი სტავრა, ხარა ხავერდი, ზოგი ქამხა. ერთი ვეცხლის ხომლი იყო, მოშლილი, არ ეკიდა. ორი ათას ორას სკუთად გაეკეთებინათ. ოთხმოცი სანთელი აენთებოდა. სხვა კანდელები, რაც დაეკიდებოდა, არ ვიცი. ერთი იმისთანა სხვაგან ვერსად ვნახეთ. იქიდამ გაგვაბრუნეს სხვა მხარეს. ცხრა კლიტით დაკლეტილი იყო. ერთი იმ დიდს ოსტატს ჰქონდა, ერთი დეკანოზს და შვიდი კლიტე შვიდი თავი მალთისელი რომ დავსწერე, იმათ. გააღეს. მაღლა ერთი ვეცხლის კუბო იყო. გამოასვენეს ოქროს კუბო, ბროლით გაკეთებული. მერმე ის გახსნეს. გამოასვენეს წმიდის ნათლის მცემლის მაჯას წინ მარჯვენა ხელი მთელი, უნაკლულო, რომელიც ხელი ქრისტეს თავზე დაადვა, ძვირფასად შემკობილი. ამას გვამთხვიეს. ის იმისი დეკანოსი ხუცესია და სხვა ხუცებიც მრავალი იყო, მაგრამ ის დეკანოსი მთავარეპისკოპოსის პატივში არის. და იმისი უმცროსი ხუცები ეპისკოპოსის პატივში. სამიოდ დიდის საქმით არის. მერმე თავის სასახლეში აგვიძღვა. სასახლისას ვერას დაგიწერ. ზედ სასახლის ერდოზე ერთი ასეთი ნარინჯის წალკოტი ჰქონდა, გავკვირდი. ბოლოს შადრევანი ამოდიოდა. გათლილის ქვის თალარი ედგა. სამგნით ზღვას უმზერდა. შუა ქალაქში იყო. ქალაქის თავს დასჭვრეტდა. მრავალი კაი ყვავილი უყვაოდა. სხვას მხარეს ისევ ერდოზე ვაზის ტალავარი ჰქონდა. ერთს საკვირველად ესეც იყო. მალთაზე ბარბაროზნი ახლო არიან. ას ოთხმოცდა ხუთი მილია.

მალთადამ მარჩილია ცხრაასი მილია.
მალთადამ ჯენევია რვაასი მილია.
მალთადამ ალიკორნა შვიდასი მილია.
მალთადამ რომი ექვსასი მილია.
მალთადამ ანაპოლი ოთხას ორმოცდა ათი მილია.
სიკილია ნაპოლისა და მალთას შუა კუნძული ძეს.
მალთადამ სიკილია სამოცი მილია.
მალთადამ მორა ხუთასი მილია.
მალთადამ კონსტანტინეპოლი ათას ორასი მილია, მაგრამ ათას ოთხასად უნდა იანგარიშოს, ამისათვის რომ მრავალი კუნძულია და გზა მიუხვევს, მოუხვევს.
მალთადამ კანდია, რომელსა თურქნი გირითს უხმობენ, ექვსასი მილია.
მალთადამ ზმირინი ცხრაასი მილია.
მალთადამ როდოს კუნძული, რომ მალთელები პირველ იქ მდგარან, იერუსალიმს უკან ცხრაასი მილია.
მალთადამ კვიპრეს კუნძული ათას-ასი მილია.

ერთს დღეს მოვიდა ისევ ფრანცისი, წალკოტში რომ გვაწვივა. წამიყვანა, ქალაქს გარეთ გალავნები დამარონინა და კარები და მათი შემოსავლის სიმაგრეები მაჩვენა. სამას გალავანს გარეთ სამიათასამდი მუშა უდგა. კლდეს ჰკაფდენ. განით ორმოც ადლამდი იქნებოდა და სიგრძით სულობით გარშემო. ასე სიღრმე უნდა ჩაეჭრათ, რომ კაცი უხიდოდ ვერ გამოსულიყო. და ნაჭერს ქვას გალავნებზე მუშაობდენ, უცხო რიგად რასმე ამაგრებდენ, რომ რომელიც გალავანი აეღოთ, შიგნიდამ ეომათ. მაგრამ გალავნები თავად კლდე იყო ჩაჭრილი. მერმე თლილის ქვით ასეთი კედლები, რომ ზარბაზნისაგან არა გაეწყობოდარა. იმ დიდებულს მუსუ დესამსონ ერქვა. კიდევ წაგვიყვანა თავის სახლში სადილად. კარგა დაგვხდა. ეს ოთხმოცის წლისა იყო და ისევ ვაჟკაცისავით შეძლება ჰქონდა. არც კბილი აკლდა, არც თვალს, არც ყურს. ეს თავის ვაჟკაცობას წასულიყო კონსტანტინეპოლის დასაწვავად. თანადოს რომ მისულიყო მიპარვით, მრავალი ნავი ხლებოდა, იქ ხონთქარის ხომალდებია, ისინი იქ დახდომოდა. შემბულიყვნენ და გამარჯვებოდა. იქიდამ წამოეღო დიდი ყალიონი ი~ბ, ხომალდი ლ~ც, ჩექთურა ორმოცდა თექვსმეტი, სხვა ნავები ასი, და კაფიდნის მანუნა სამი და გამობრუნებულიყო. მშვიდობით მოსულიყო. მერმე სხვა წასულიყო იქავ. თანადოს მიხდომოდა და იმასაც დიდი ზიანი ექნა. თანადოს კონსტანტინპოლზე ახლოა, თეთრის ზღვის სრუტის პირში. ტაძრად მიყვანება დღეს მათი უფროსი ნათლისმცემლის საყდარს გამოვიდა. ორმოცი ზარბაზანი მეტი გასტყორცეს.

კ~გ გიორგობისთვეს ფრანგულის ანგარიშით ოთხი ქრისტეშობის თვე იყო, - წმიდის ბარბარას დღეობა. იმავ წუხრსა და მეორეს დღეს ორასი ზარბაზანი მეტი, მგონია, გასტყორცნეს. იმავ ბარბარობას დღეს ის გამარჯვებული ხომალდი მოვიდა, რომ ბარბაროზნი დაენთქა, და ცოტახანს უკან სხვა მეკობრე მოვიდა. ერთი ბარბაროზის მეკობრე ნავი შემოჰყროდა. შებმულიყვნენ. მეორედ დაერჩინათ, მოიყვანეს. ასი კაცი იჯდა შიგ.

კ~დ გიორგობისთვეს წაგვიყვანეს ძველს ქალაქში, სადაც წმიდა პავლეს ექადაგა. კაი შენობა იყო. შუა ადგილია იმ კუნძულისა, მაღალი გორა. ზღვა ყოლგნით ჩანს. კაი წყაროები გამოდის. წყალი მალთას იქიდამ მიდის. შვიდი მილია მალთადამ ის ადგილი. შუა ადგილს ერთი მომცრო, მაღალი ადგილია. წმიდა პავლე იქ მდგარა და იქ უქადაგია. იმისთვის გარ გათლილის ქვის ფანჯარა მოუვლიათ და შუაზე მარმარილოს გათლილი პავლე დგას, ხელგაშლილი, ქადაგებასავით. კაცს გეგონებოდა, აგერ ხმას ამოიღებსო. იმას იქით ერთი კაი ეკკლესია, დიდი, წმიდის პავლესი, სადაც გველმა უკბინა, კარგად შემკული. და იმას იქით სხვა მომცრო ეკკლესია იყო, წმიდა პავლესი. იმას ქვეშ ჩაგვიყვანეს. ერთს ტრაპეზზე წმიდა პავლე იდგა მარმარილოსი, მქადაგებელი, და მეორეს ტრაპეზზე წმიდა ლუკა მახარობელი. ხელთ ყოვლად წმიდის ხატი ეჭირა, მარმარილოსი. ვითამ ხატევდა. სამს თვეს იქ მდგარან ორნივ მოციქულნი. იმას შიგნით ერთი პატარა ქვაბია. წმიდის პავლეს და წმიდის ლუკას ხატები ესვენა. მაგრამ წმიდას პავლეს თეთრი მიწა იქ ითხრება, მრავალი ქვეყნის კაცნი მიდიან, ჰკაფენ, სჭრიან, საპალნეებით მიაქვსთ და ისევ პატარაა, როგორც მაშინ ყოფილა.

კ~ზ გიორგობისთვეს ფრანგულის ანგარიშით რვა დეკემბერი იყო, ანას მუცლად ღება. მალთას დიდი ჟამი ყოფილა. მრავალი მოწყვეტილაო. წმიდის ანნას შეხვეწიან, აღთქმა დაუცთ. მაშინვე ჟამი გაქარვებულა. ციხეს გარეთ მინდვრის ბოლოს ანნას მუცლად ღების ეკკლესია აუშენებიათ. მომცრო და დია ტურფა. და ყოველს იმ დღეს ნათლისმცემლის დიდ ეკკლესიაში დიდს დღესასწაულს გარდაიხდიან და შუას დღეს უკან დიდებას გამოვლენ, იმ საყდარს მოვლენ. პირველად კაფუჩინების დროშა გამოვიდა და ოროლნი კაფუჩინები მოდიოდნენ. მერმე კომენტვალისა, მას უკან კარმელიტანისა, მას უკან აგვისტინისა, მერმე წოკოლანტისა, მას უკან დომენიკანისა. სრულ ოროლნი მოდიოდნენ. მერმე ნათლისმცემლის ხუცები, შემოსილნი. დროშა არა ჰქონდათ. ჯვარი მოუძღოდათ, მერმე უფროსი ხუცესი მიტრითა და ყავარჯნითა ერთს მღვდელს, შემოსილს, ცალი ფილონის კალთა ეჭირა, მეორეს - მეორე. იმას უკან გრამსტრა მოვიდოდა. წინ ორი ჯვარი შემოსილს მღვდლებს ეჭირა, მოუძღოდენ. უკან რაც მალთისელია, რაც იქ იყო, თან მოსდევდა. მალთისელნი, საპატიო კაცის შვილნი, სამი ათასი იქნება. ოთხი ათასი სოლდათი ჰყავსთ. მე რომ მიველ, ტყვე თორმეტი ათასი თქვეს. და ას და შვიდი ჩემობას მოიყვანეს. რასაც ქრისტიანეს დაახელებენ, არ დაატყვებენ: თუ უნდა გაუშვებენ, თუ უნდა შეინახავენ. თათარი ტყვედ ჰყოლოდათ. ერთი აფხაზი, ოთხი გურული, ერთი გუგუნავა სეხნიას შვილი იყო. დედაკაცებიც გურიელი, მეგრელი დარჩომოდათ. კაის პატივით ინახავდენ. წამოსვლა უნდოდათ. მე დაუშალე. რომ მოდენა დაიწყო ჯარმა, ყველგან ზარების ცემა შეიქნა. და რა დროშები ქალაქის კარს გამოვიდა, დაიწყეს ზარბაზნის სროლა. ასე ნელა ისროდენ, თვლა დაესწრობოდა. ასი ზარბაზანი გასტყორცნეს. მერმე დასავლეთის მხარეს ნავსაყუდლის ხომალდებმა დაუწყეს სროლა. მოვიდენ ეკკლესიაში. ილოცეს. გაბრუნდენ. სამხრის ნავსაყუდელში მე რასაც ხომალდს ვხედავდი, იმათ ზარბაზანი არ გაუგდიათ, მაგრამ იქით სხვა ნავსაყუდელი იყო. დიდრონი ხომალდები იმაში იდგა. ოთხი სხვა ციხე იყო. დაუშინეს. თვლა არა და ზარბაზნის სროლაც აღარ გაირჩეოდა. ორი დიდი ციხე ხმელეთის კარს აქათ-იქით არის. ორსავ ბანზე სრულ ზარბაზნები წამოაწყვეს. მერმე ისინი ერთს ამ ციხიდამ გამოაგდებდენ, მეორეს იმ სხვიდამ მოგვიანოდ ისროდენ. მათ თვალსაც დაასწრებდა კაცი. მე ორმოცდა ათამდი ვთვალე და წამოველ. მწუხარის არ მელოცა. და რამდენი ესროლეს, არ ვიცი. მალთაში არიან თორმეტის წლიდამ უზემოესი, რაც ეზიარებიან, ორმოც და ჩვიდმეტი ათას ორმოცდა ცამეტი სული ქალი და კაცი.

კ~ზ გიორგობისთვეს ფრანცისის მეფის ხომალდი მოგვივიდა, კონსტანტინეპოლეს წასაყვანი.

ოცდა რვა გიორგობისთვეს წაველ. გრამესტროს გამოვესალმე. და სრულ დიდრონი კაცები და პაპის ჯანიშნი მოვიდენ, გვნახეს და ეპისკოპოსმანცა. მალთა, დიაღ, თბილი ადგილია. დეკემბერში იასამანი და ყვავილები ჰყვაოდა. ლეღვს გასცვივდა ფურცელი, თვარა ვენახს ისევ ესხა. არც თოვლი, არც თრთვილი, არც ყინვა არ იცის იქაურ ზამთარ. რა ჩრდილოს ქარი აქროლდება, ცოტა რამ სიცივე შეიქნება. ზაფხულ მეტად ცხელს ამბობენ, სულ კლდეა, ვაკე და ყორე. მრავალი გველი და ვერას ავნებს კაცსა. უნაყოფო. სადაც წალკოტია, ნარინჯ თურინჯი დგა, თვარა უწალკოტოთ ხე არსად არის. ზამთარი სულ მწვანეა. ბალახი ზაფხულ არ იქნებაო სიცხისაგან. მალთას პირდაპირ რომ ბარბაროზთ თემია, სამი დიდი ხელმწიფე ზის, რომ ხვანთქარს არ ემორჩილებიან. აქათ თავს თუნის ხელმწიფეა, ხვანთქარის მესაზღვრე და უარშიო და მალთისაც მტერია. და მრავალი მეკობრე ნავი იარება. იმას იქით ალჯერი არის. და მერმე მორაგო ფრანცისის. ზეით ოლანდისის პირდაპირ ფრანცისის მეფე. და მორაგოს ბატონს თავისის ხელით სამოცდა ათი ათასი კაცი მოუკლავს. მათში დიდი სახელი სადმეა. მეტად ცხელს ქვეყნებს ამბობენ, შავნი არიან.

~ე დეკემბერს წამოვედით მალთადამ. გრამესტროს დიდი კატარღა ებოძა ჩვენის ხომალდის გასატანად ამისათვის, რომ ნავსაყუდელიდამ თუ ხომალდს ასე არ გასწიეს და ზღვამდი არ შეიტანეს, თუ ქარი არა სცემს, ვერ გავა. ქარი სრულებით თავათ ჩვენი არ იყო. მერმე ნავსაყუდელით არ გაისვლებოდა. ორასი კაცი იქნებოდა ნიჩბის მზეველი. გაგვიყვანეს. გავედით, ვიარეთ და ვერ ვიარეთ იმ ღამეს სრულებით დავრჩით ცუდად.

~ვ დეკემბერს იქავ შევედით. მალთას რომ ქარი წინააღმდეგი იყო და შვიდსაც იქავ დავდეგით.

~ჱ დეკემბერს ღმერთმან კაი ქარი გვიბოძა. წამოვედით. შუა დღე და ის დღე, ის ღამე სულ ჩვენი ქარი გვიქროდა კაი, მერმე გაძლიერდა. ხომალდს ჩქარა ატარებდა, მაგრამ ძლიერად ღელავდა. მორია გამოვიარეთ და ვლეთ. ხან ქარი სრულებით დადგა. ნეღრა პონტო გამოვლეთ. ჩრდილოსკენ დარჩა. და სარდენია, რომელ არს კრიტელ და ნამასტაკი და კანდია, რომელსა თათარნი გირითს უხმობენ, სამხრეთისაკენ დარჩა. გამოვეთ ქიო, რომელსა თათარნი სახიზს უხმობენ. აქ გამოდის თეთრი კევი.

ქარი ძლიერი იყო. ის ღამე შიშით ვიბრუნეთ. ზმირინს აღარ მიგვიშვა. გათენდა. გამოვბრუნდით.

ჩვიდმეტს დეკემბერს მიტილინის კუნძულში შემოვედით. უცხოდ დიდი გრძელი და კაი ნავსაყუდელი ჰქონდა. სხვა კუნძულები, რაც მოჩნდა, უნაყოფო, უხეო. და ეს სულ ზეთის ხე. სხვა ხენი მრავალი, სრულობით შეფოთლილი. ზაფხულივით საამოვნო იყო.

კ~ა დეკემბერს კაი ქარი ადგა. გამოვედით ნავსაყუდლით. სამოცდა თხუთმეტი მილი იყო ზმირინამდე. შუადღემდე სამოცი მილი გამოვლეთ. ქარმა იკლო. შუადღეს უკან ღამით ერთ ჟამამდე ნავსაყუდლამდი ვერ მოვაწიეთ. ზმირინის ქალაქს ქვეით ციხეა. ციხეს მოშორებით ზღვა ჩააგდეს. დავდეგით. იქიდამ აღარ დავიძარით. კაფიდანი ნავით წავიდა ქალაქში. ზმირინის ზღვა ერთი ყურე უკუდწყვეტილია. თხუთმეტი მილი იქნება, განიც დიდი, და ზმირინის ქალაქი მე ვერ ვნახე, კაის ადგილს, ყოველი ქვეყანა მხრად არის იმაზე. ასეთს ადგილს მგზავრი არ დააკლდება. ქალაქი აგრე დიდი არ არის. მიღმადამ ჩნდა: კარგა ვერა, მაგრამ ვისგანაც შევიტყევით, სიდიდე მაგდენი არა აქვს. და სხვა რიგად ყოვლის ქვეყნის მგზავრი იქ იპოვება. გარშემო მთები. კიდეც წამოეთოვლა შუამდე. მთებზე თხელი თოვლი მოჩნდა. დაბლებზე არ იყო. დაბალი სრულებით ზეთის ხე. გვერდობი და გორები შემწვანებული ხეებითა. უფროსი ერთს ფოთელი ესხა. ისევ ზაფხულის მზგავსი იყო. სიცივეც შევიტყევით. მერმე შობას ღამეს თოვლიც მოვიდა ამდენი, რომ ხომალდებზე ხელით მოიხვეტებოდა. მომცრო ქალაქი კაის ქალაქს გვანდა. მაგრამ ან უწინ რომ კუნძულში ვიყავით, ან ამ ქალაქის გარშემო შენობა არსად ერქვა. უწინდელი კუნძული სახიზის ტოლია. მისი ზომა ზეით დამიწერია. მაგრამ შენობა ერთს ადგილს ექვსიოდ, მეორეს ადგილს ათიოდ კომლი კაცი ჩნდა. სხვაგან თუ რამდენი იყო არ ვიცი. რაც არ მინახავს, არ დავსწერე. გარედამ ზმირინის გარეშემო რაც ჩნდა, დიაღ, დიდი და კაი ადგილი ჩნდა, მაგრამ ხუთი ექვსი სოფელი არა ჩნდა. ერთი მოჩნდა. ასამდი კუამლი, თუ მეტი, თუ ნაკლები იქნებოდა. ორ უბნად იყო, სხვა ათსა და თხუთმეტს კუამლზე მეტი არა მგონია. მაგრამ ადგილი, მიწა, ნაყოფი სანატრელი და სადაც თათარს მიუწევია, იქ ღვთის ნათელი აღარ დამდგარა, ამას გაუოხრებია. ნეტავი ნახოთ და ვინც ნახავთ, ჩემს სიმართლეს მაშინ შეიტყობთ. ეს რაც ვნახე ხომალდიდამ, თვარე იქ მიწაზე არ გავსულვარ. იმ კუნძულში კი გაველ. მრავალიც ვიარე. ამ ზმირინის თათრები უფრო სიკეთის ხმას იგდებენ. ქრისტიანს პატივს სდებენ. ძალს ვერ უზმენ. კაცთ სიკეთითა, თუ ფრანგების სათნოდ იქმონენ, თქვენ გასინჯეთ. საფრანგეთის გზაც დიაღ არის, პირდაპირ არის.

კ~ზ დეკემბერს წამოვედით ზმირინიდამ და იქვე ახლო ნავსაყუდელში დავდეგით. ქარი არ გვივარგოდა.

კ~თ დეკემბერს კაი ქარი იდგა. წამოვედით. ო მილი ვლეთ. ბიტილიმის ქალაქს მოვედით. მასვე კუნძულს შინ მივდეგით, მაგრამ იმ ნავსაყუდელში სხვას გარეთ ქალაქიც იყო, არც მომცრო და ციხე. ფაშაც იჯდა. ადგილი კარგი და შვენიერი. შენობა ცოტა რაღაც იყო იქავ. უფრო ერქვა შენობა. მაგრამ ქალაქი კაის ადგილს იყო. ანადოლი ახლო და სხვა კუნძულები. მიწა და ადგილები მოსაწონი და სანატრელი. და შენობა მეტად ცოტა.

ლ~ დეკემბერს წამოვედით ბიტილმიდამ. გამოველთ სრუტი. ბიდლიმის კუნძულში იყო ზეთის ხეოვანი, ნარინჯოვანი. მაგრამ შენობა ძვირად. მარჯვნით ანადოლი. ანადოლზე ახლო ვიარებოდით. ნაყოფიერი და კაი ქვეყნები იყო. ის ღამე სულ ღელვა იყო. კონსტანტინეპოლის სრუტთან რომ მოვაწიეთ, გათენდა.

ლ~ა დეკემბერს სრუტში ვეღარ შევედით. ქარი პირისკენ იყო. იქ ერთს ადგილს ღუზა ჩააგდეს. დადგენ. ავი ქარი ქროდა სხვაგან წასვლა აღარ იქნებოდა. ის ღამე, მეორე დღე, ერთი იანვარი სულ დღე და ღამე ძლიერი ღელვა იყო. ავდარი, ნისლიანი. ასეთი ღელვა იყო, ღუზაჩაგდებული ხომალდი დიდს ადგილს დაძრა. ათს იანვარამდი ხან ცოტად დაწყნარდის ზღვა და უფროსი ერთს სრულებით ღელვა იყო. ათს იანვარს ცოტა რამ ჩვენი ქარი ამოვიდა. ვიარეთ სრუტისკენ და შევედით, ღვთის ძალითა, პირველს დარდანელს ციხეთა, რომელ არს გაღმა-გამოღმა. პირველითგანვე ქრისტიანობის ჟამთასა. ხოლო არს დარდანელის ციხით მთაწმინდამდე მილი სამოცდა თხუთმეტი. პირველის დარდანელით ამ მეორეს დარდანელამდე, რომელი აწ თურქთ აუშენებიათ, არს მილი ათორმეტი კონსტანტინეპოლის მხარეს.

ი~ა იანვარს შუა ღამე დაიწყო ისევ იმავ ქარმა, წინააღმდგომმა, ქროლა. დავრჩით სრუტეში, მაგრამ ღელვის შიში აღარ გვქონდა.

ი~გ იანვარს ამოვიდა ჩვენი ქარი. ვიარეთ და გამოვლეთ კალიპოლი და მოვახლოვდით მარმარას. კალიპოლი ერთი მომცრო ძველი ქალაქია, ზღვის პირს, ურუმელში. და მარმარის ზღვაში ერთი კუნძულია, მაღალი მთა, თეთრი მარმარილო გამოდის, ანადოლის მხარეს. იქ ქარი ჩავარდა. ის დღე, ის ღამე იქ ვიდეგით ცუდად. მაგრამ, დიაღ, კაი ქვეყნები მოჩნდა. შენობა ძვირად, და სადაც სოფლები იყო ცოცოტა, თათართაგან აოხრებული.

ი~ე იანვარს ვლეთ ცოტა რამ და მარმარას გამოვცილდით. და ისევ ქარი ჩავარდა. ხანდახან ამოვიდის, არ ერქვა.

ი~ზ იანვარს ქარი გვერდისა ჰქროდა. ღამე ბნელი და ნისლიანი ვიარეთ. ავი კაფიდანი გვყვანდა, ბრიყვი და შეუსმინარი. კონსტანტინეპოლეს მივახლოვდით. ღამით ნავსაყუდელში ვერ შევიდოდით. ქარი იქიდამ იყო. იქავ ტრიალი დაიწყეს გათენებამდი. თურმე ბნელში ვეღარ გაიგეს რა. ხმელეთი ახლო იყო. ჩვენი ხომალდი ლიას მოხვდა და შიგ დაეფლა. ღმერთმან შეგვიწყალა, ქვა არ იყო, არც რიყე, თვარა ხომალდი გასქდებოდა. ჯერ შუაღამე ვერ იყო. გაისარჯნენ. ღმერთმან ქარიც დააწყნარა, თვარა წავხდებოდით. ხან ზარბაზნები ბოლოზე დააყარეს, ხან ღუზაები ჩაყარეს და თოკით ზივეს. შეგვიბრალა ღმერთმან, გათენდა და ხომალდიც მოგლიჯა. წამოვედით. კონსტანტინეპოლეს მოვედით. იედი-ყულასთან დავდეგით.

ი~თ იანვარს დილაზე დესპანს ნავი ებოძა, ენგიჩრები. გამოვედით ხომალდიდამ. კონსტანტინეპოლის სამი კუთხე შემოუარეთ. იქიდამ კარგა გავსინჯე. ხომალდიდამაცა. დიდი ქალაქია და მრავალი შენობა, მაგრამ საფრანგეთიდამ მოსულს აღარას მოგვეწონა. ოღონ ადგილი მისთანა არსად არის, თვარა შენობა და სხვა რამე არად გვეჩვენა. გარ გალავანი უფროსი ერთს დაქცეული, დაძველებული, ახალი ნაკეთები არცადრა. ოღონ იედი-ყულა, შვიდივ კოშკი. რუსის ელჩი რომ იქ შეიყვანეს, მაშინ გაუთეთრებიათ, გაუგლესიათ სხვა რიგად. შიგნით არ შევსულვარ. არც მინახავ, მაგრამ გარედამ რაც ჩნდა, გავსინჯეთ და შიგნითაც მნახველის კაცისაგან შევიტყევით, რაც შეიტყობოდა. მოვედით და დესპანმა იქვე ჩვენს სადგომს დაგვაყენა კაის ხელის შეწყობითა.

გ~ მარტს ხვანთქარმა ნაღლი მანქანა ქნა: მორაზე გალაშქრა.

ექვსს მარტს საღამოს კონსტანტინეპოლეს სუკუდარას, პერას, გალატას, რაც მინარი იყო, ყველაზე ჩირახოვანი ქნეს ხვანთქარის გამარჯვებისათვის. მაჰმადის შობის ღამე არისო.

თ~ მარტს გალატასაკენ ნავსაყუდლის სასახლეში დაჯდა. რაც ნავის რეიზი იყო, ხალათები ჩააცვა. და კაფიდან ფაშა გადგა. მრავალი წვრილი ნავი შეიყარა. ხვანთქრის წინ შეგროვდენ. დიდხანს იდგენ. მერმე საომარმა კატარღამ დენა დაიწყო. ოცდა ათი დიდი და მომცრო კატარღა იყო. მრავალი ზარბაზანი გავარდა. კაი შილინგი იქნა.

ი ~ დ დიდი კატარღა იყო. სხვა მომცრო. ერთი დიდი გალიონი. ას ოცი ზარბაზანი ძესო, ათას ხუთასი კაცი არისო. ამ გალიონისა ასე მითხრეს: თხუთმეტი წელიწადია აშენდა და პირველი მგზავრობა ეს არისო. მეტად შვენიერი გალიონი იყო. იმ დღეს ორი დიდი გალიონი სხვა უკან მიყვა. და ყველანი შავის ზღვის სრუტეში დადგენ.

კ~ მარტს გადგა კაფიდან ფაშის უფროსი გალიონი და ხუთი კატარღა თან ახლდა. სხვა თავწვრილად წავიდა.

თ~ აპრილს ხვანთქარს ქალი ეყოლა. და ადრანიდამ ამბავი მოვიდა: სამი დღე სულ შილინგი იყო, ზარბაზნის სროლა. ზედ ვაჟის ყოლის ამბავი მოვიდა. ათს დღეს სულ ზარბაზნის სროლა იყო. სამი დღე ქალისათვის, შვიდი ვაჟისათვის.

კონსტანტინეპოლის სიმგრგვლე არის ექვსი ეჯი, რომელ არს თვრამეტი მილი.
კონსტანტინეპოლეს და გალატას და პერას და უსკუდარას არიან ხარკის მიმცემი თხუთმეტის წლიდამ სამოც წლამდი:
ბერძენი სული ორმოცდა სამი ათასი,
სომეხი - ჩვიდმეტი ათასი,
ურია - თორმეტი ათასი,
ფრანგი სული - ორი ათასი,
ქრისტიანი სტუმარი - ოთხი ათასი,
ტყვე კატარღისა თუ სხვა - ორი ათასი,
თათარი - ოთხას სამოცდა თხუთმეტი ათასი.
ფრანგი და თათარი ხარკს არ მისცემს.

ჩვიდმეტი თვე კონსტანტინეპოლეს დავყავ და მაისის ცამეტს წამოვედით. ფრანცისის დესპანმა საგძალი ხარჯი გაგვირიგა. და ერთი ჭანეთის ათინელი რეიზი იშოეს. ოთხასი მარჩილი მისცა: ესენი ქობულეთს გურიას გაიყვანეო და გურიელს მიაბარეო. და ამათი წიგნი მოგვიტანეო, მშვიდობით მისვლისა. და ეს პირობა გამოართვა, რომ ოცის თავის მეხომალდის მეტი არავინ ჩასვას ჩვენს ხომალდშია. წამოგვიყვანა. რა კონსტანტინეპოლის სრუტს გამოვედით, შავი ზღვის შემოსავალზე, მოიყვანა თათრები, ენგიჩრები, ენგიჩარ აღა და სულ ჩვენი ხომალდი ასე თათრით აავსო. მე ზეით ვერც კამარად, ვერც ადგილი ვიშოვე. დაბლა ხომალდის ფსკერში ჩემს პაქსიმადზე ვიჯდი და ვიწვი. მაშინვე შევიტყევ სიმუხთლე. მაგრამ რა მექნა. დაბრუნების ღონე აღარ იყო. და ტკბილის სიტყვით გვატყუებდა. კარგი ქარები დაგვიდგა. მეათეს დღეს ათინას მის სახლებთან მოვედით. მითხრა: შინ გავალო, ორსაოდ დღეს მოვისვენებო, ამ თათრებს ხომალდიდამ ამოუშვებ, თავთავეთვის წავლენო და შენ მშვიდობით ქობულეთს მიგიყვანო. რომ არ დამეჯერებინა, რა მექნა. გავედით. თათარი ამოიყვანა, სრულ გაუშვა. უკან ტრაპიზონის ფაშას შეატყობინა, წინ გონიის სანჯახსა, რომ ამისთანა დიდი კაცი მოვაო. მრავალი საქონელი მოაქსო და ფრანგები მოჰყავსო. ელჩები არიანო. ესენი დაიჭირეთო. მე თან სამი პატრი კაფუჩინი თბილისის ქალაქისათვის და ერთი პატრი იეზოვიტი შირვანისათვის მომდევდენ და ერთი ზანდუკი ისპანის, პალიოზისა, ფრანცისის დესპანმა გამომატანა, ისპაანს გასაგზანი. და ბურსელი ვაჭარი, ხოჯა აივაზი ჩალაბი ერქვა, შვილიან თან მომდევდა, განჯას აბრეშუმის სასყიდლად. ოთხი დღე იქ დაგვაყენა. მასუკან გვითხრა: მე გურიას ხომალდს ვეღარ წამოვიღებო, აფხაზი აშლილია, მეშინიანო და თუ გინდათ, პატარას ნავით წადითო, გინდა გურიას, გინდა ახალციხეზედაო. რაღა მექნა. ერთს ნავში ხოჯა აივაზი და მისი ამხანაგები ჩასხდნენ. ერთში ჩვენ და პატრები. წამოვედით. ზღვის პირ ცოტა ხანი ვლეთ. აგვიღელდა ზღვა და ორივ ნავი ერთმანეთს მოსხლიტა. იმათი ნავი ხოფას გააგდო და ჩვენი ნავი იმას ქვეით. იქ მეტყვე თათრები იყვნენ, იმერეთიდამ ტყვეები მიჰყვანდათ კონსტანტინეპოლს დასასყიდლად. თუ ისინი იქ არ დაგვსწრებოდნენ, სრულ წავხდებოდით. მოგვეშველნენ. გავედით. ოთხი დღე იქ ვიდეგით. სრულ დღე და ღამე ძლიერ ღელვა იყო. მოვიდნენ ჭანები. დაგვიჭირეს. მრავალი გვსარჯეს. ოცი მარჩილი წაგვართვეს. ზანდუკები დაგვიმტვრიეს. ტყვილად მებაჟობა იჩემეს და მრავალი გვაჭირვეს. მე ჩემი ზრუნვა არა რა მაქვნდა, მაგრამ სამთა მათ იტალიელთა მამათათვის ვიყავ დაღონებული, რამეთუ უცხონი იყვნეს და ენა არ იცოდნენ. და ხვანთქრისაგან ბრძანებულ იყო არა წამოსვლა შავთა მათ ზღვათა იტალიელთა და დასავლეთის კაცთა. ოთხი დღე და ღამე მუნ ვიყავით. მეხუთე დღეს წამოვედით ნავებით. მოვედით ხოფას. იქ გონიის სანჯახი დაგვხვდა. ნავები წინ მოგვაგება. დაგვიჭირეს. წაგვიყვანეს. მიგვასწრეს ერთის სახლში. აღარც აივაზა გვაჩვენეს. დაგვიჭირეს ჩვენ და პატრები და ერთს ადგილს დაგვაყენეს. მაშინ ახალციხის ფაშის დისწული იქ მოსულიყო, ალიბეგ, ჩვენი მცნობი იყო. რა შეეტყო ჩემი სახელი, კაცები გამოეგზავნა. ჩვენი თავი და პატრები და ჩვენი საქონელი ყველა წაართვა და თავის სადგომს მიგვიყვანა დიდის პატივით. იმ ღამეს აივაზი ჩალაბი მოვიდა, მითხრა: ეს ალიბეგ ხვალ კონსტანტინეპოლეს მივაო. ხომალდი მზათა ჰქონდა. რა ეს წავა, უკან დაგვეწევიან და უარესს იქმონენ. ახლა ამან მოგვარჩინა. ცოტა რამ მივართვათო, მიზეზი არა დავიდვათ რაო. მომეწონა და ოთხმოცი მარჩილი იმ გონიის ბეგს მივეცით. და დილაზე ალიბეგ ცხენები გვიქირავა. ერთი ფაშის კაცი თან გამოგვატანა და გამოგვისტუმრა. აივაზა იქავ დარჩა. ჩვენ არტანუჯისაკენ წამოვედით. ის დღე ვიარეთ საღამო ბინდზედ ჩხალას მოვედით. იქ დავდეგით. იმ გონიის ბეგს ალიბეგ წასული ენახა, ევლო ის ღამე. მეორეს დღეს დილაზე უკან მოგვეწია. მე მითხრა: შენ შენი ბარგი გადაარჩიეო, ეს ფრანგები მე მომეცო, ხვანთქარის ყადაღა არისო. მე შორს დაუჭირე: როგორ მივცემდი. დაგვიჭირეს ყველაყანი. ბარგი და კარავ-მოფენილობა სრულ აიკლეს. ჩვენ ენგიჩარებს მიგვცეს. ქვეითები გონიისაკენ გაგვგზავნეს. მე მაცხელებდა. აგვატარეს ერთი უცხო პირაღმართი. სულს იქით გზა აღარ მქონდა: ბერი კაცი და სნეული და მაცხელებდა. სამოცი ფლური უბეში მედვა, ისიც წამართვეს. ამაში აივაზა ჩალაბი მოსულიყო. ეშუღლა: ვის კლავ. ვინ გგონია, რას გიზმენ, არ იციო? მოვიდა ჩემთან. მაღალს წვერზე მთის თავზე დაგვაყენეს. ოთხასი მარჩილი უქადა ჩვენის გაშვებისათვის. თვითან ჩამობრუნდა ვეცხლის მოსატანად. იქ იმათ მძევლად პატრი ითხოეს. ისინი და ჩემი მოსამსახურენი გამოვგზავნე. მე მზევლად დავდეგ და ჩემთან კანდელაკის შვილიც დაიჭირეს. წამოვიდა აივაზა. სანამ ამ მთას ჩამოივლიდა და თეთრს ამოიტანდა, დაბინდდა, წაგვიკრეს ხელები, თეთრი მოგვატყუეო, და ამ ღამეს გონიისაკენ გაგვგზავნეს. წვიმა და ნისლი. ღამე და ავი დაღმართი. ეშმაკისაგან თუ გაივლებოდა. რას ჭირით ჩავიარეთ, ენით არ ითქმის. შუაღამისას ერთის კაცის სახლში შევედით და მაშვრალთ წაგვეძინა. ორი პალნიანი ცხენი გამოეგზავნათ, დაგვაღვიძეს. შეგვსხეს, წამოგვიყვანეს. ერთი ენგიჩარი მოგვეწია. უბელო ცხენს იჯდა. წვიმაში საწვიმარი წამართო, თვითონ ქვეშ დაიდვა. მე სიცივემ და წვიმამ უარესი მიყო. მოგვიყვანეს აივაზა ჩალაბთან. სანამდის ჩვენ მთიდამ ჩამოვდიოდით, ორი პატრი სხვა თათრებს დაეჭირათ. წაეყვანათ. ჩამოველ, შევიტყევ. თავზარი დამეცა. ჩვენ გამოგვისტუმრა აივაზა ჩალაბმა და თვითონ წავიდა. სამოცი მარჩილი იმ პატრებისათვის მისცა და მოასხა ისინიც. ვიარეთ. ნიგალის ხევში. ხან იქ გარდაგვიდგენ წინა და დაგვსაჯეს და ხან იქ. თეთრი სულ აივაზა ჩალაბისა იხარჯებოდა. არტანუჯს მოვედით. ისაყ-ფაშის ცოლი კარგა მოგვეპყრა, კარგა დაგვაყენა. სავახშმო ებოძა. ერთი თავისი აღა იმან გამოგვატანა. არტანს რომ მოვედით, მაშინ ახალციხეს ასლან-ფაშა იჯდა, ისაყ-ფაშის ბიძაშვილი. არტანს წინ გადაგვიდგა, ექვსასი მარჩილი იმან წაგვართვა. სხვა რამდენი რამ წამართვა. ძაღლებიც არ გამოგვატანეს. მოვაწიეთ ჩვენს ქვეყანას. მოვედი აბოცს.

მაშინ ქართლში მეფედ იასე იჯდა, გიორგი მეფის ძმის წული ცოლად შეერთო. არ ერგებოდა. ნათესაობაც შეეშალა. და ვერც ჩემზედ იყო კაის გულითა. მე ვალი მრავალი მემართა ბურსელის ვაჭრებისა. რომ რაც გზაზე წამართვეს, მათგან ავიღე და იმერეთს მათ აღარ გამიშვეს. ჩემს ძმებსაც კაცი გამოეგზავნათ, ქართლში ჩასვლა დაეშალათ. მაგრამ ღონე აღარ იყო. ჩამოველ. მეფემაც კაი პატივი მცა, მაგრამ ასრე სრვა გახშირებულიყო, მრავალი სული ამოეწყვიტა და თბილისიც აყრას და ხიზვნას აპირობდა. ჩემი მოვალეები განჯას აბრეშუმისათვის მიეშურებოდენ. ივლისის თვე იყო. ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდენ და ასე შეკრეს ყოველი: ჩემი ნათესავი და მოყვარე და მეფე-დარბაისელნი, ვერავინ შემომეწია. ვალის მიცემაც გამიჭირდა. თბილისს ერთი დავრდომილი ნათლიდედა მყვანდა, კათოლიკე მართლმადიდებელი. მან დაიწყო სიარული. მას ავს დროს თავისის მოყვრებისა და მეცნიერთაგან, რაც ვალი მემართა, სულ მოაგროვა და მოვალეები გაისტუმრა.

მერმე სამღვდელოთ შფოთი აღძრეს ჩემზედ. კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს. მაგრამ მეფე ვერ აიყოლიეს. სამი თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ. ვისთვისაც ესოდენი ჭირი მენახა და ვისაც მეფობას ვსცდილობდი, ათხუთმეტის წლისა იყო. მოატყუეს. მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს. მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ. და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყოველნი დაეტუქსა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში