ხორხე ლუის ბორხესი - თითქმის საშინელი სამსჯავრო

(წიგნიდან „მთვარის მეორე მხარე“ - 1926 წ.)

ჩემი ლაღი უსაქმურობა ცხოვრობს და

თავისუფლდება ღამის მრავალფეროვნებისგან.

ღამე – ეს მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია.

ჩემი გულის კუნჭულში მე ვამართლებ

და ხოტბას ვასხამ საკუთარ თავს:

მე ვიყავი სამყაროს მოწმე; მე ვაღიარე სამყაროს იშვიათობა.

მე ვუმღერე მარადიულს: მთვარის ნათელ გარსს და

სიყვარულისგან წითლად აღაჟღაჟებულ ლოყებს.

მე ლექსებში ავსახე ჩემს გარშემო არსებული ქალაქი

და მოწყვეტილი გარეუბნები.

მე გამოვხატე გაოცება იქ, სადაც სხვები

ლაპარაკობდნენ ჩვეულებრივად.

ფლეიტის ჰანგის გამეორებით

მე აღვანთე საკუთარი ხმა დაისებით.

სიმღერებში მე აღტაცებას მგვრიდნენ ჩემი სისხლისმიერი

წინაპრები და ოცნებების წინამორბედნი.

მე ვიყავი და ვარ.

მტკიცე სიტყვებით დავაკავშირე ჩემი გრძნობა,

რომელსაც შეეძლო ალერსში განიავება.

დიდიხნის წინანდელი საზიზღრობის ხსოვნა

დაუბრუნდა ჩემს გულს.

მოქცევისგან ნაპირზე გამორიყული მკვდარი ცხენივით

ის დაუბრუნდა ჩემს გულს.

და მაინც ჩემს გვერდითაა ქუჩები და მთვარე.

წყალი აგრძელებს, სიხარულით აღავსოს ჩემი ბაგეები

და ლექსები უარს არ ამბობენ საკუთარ მუსიკაზე.

მე გარემოცული ვარ სილამაზის საშინელებით;

ვინ გაბედავს, განმსაჯოს მე, თუკი ჩემი მარტოობის ამ

უზარმაზარმა მთვარემ უკვე ყოველივე მაპატია?


ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში