სერგეი ესენინის დუელიანა თბილისში...

დღესდღეობით მივიწყებულ პოეტთა წყებას შერთვია რაულ გოგოხიაც, ვინც ერთ დროს ჟურნალ-გაზეთებშიც ხშირად ბეჭდავდა ლექსებს და პოეტური კრებულიც გამოეცა („ზამთრის ჩუქურთმა“).

გარდა პოეტობისა, მარჯვე სპეკულანტიც ყოფილა და ხელგაშლილობაც სჩვეოდა, ხშირად პატიჟებდა ქართველ და რუს პოეტებსა და მსახიობებს. სერგეი ესენინსაც დაუახლოვდებოდა და მისი პიროვნებით მოხიბლული ესენინი შეპირდებოდა: მომიტანე შენი ლექსების პწკარედები და რუსულად ვთარგმნიო.

საერთოდ კი ის არავის თარგმნიდაო, - ამ ფრაზის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს მემუარისტი.

იმ დღეებში ესენინი ტიციან ტაბიძეს შეხვედრია და უკითხავს: როგორი პოეტია რაულ გოგოხიაო.

ტიციანს კეთილი სიტყვა როგორ დაცდებოდა, ან ის მაინც ეთქვა: სუსტიო. არც აციებდა, არც აცხელებდა და მიახლიდა: გოგოხია პოეტი სულაც არაა, სპეკულიანტია და მოუტყუებიხარო.

ესენინი, ისედაც აფექტური და ეჭვიანი, ძალიან განაწყენდებოდა: ეს სპეკულიანტი, ეტყობა, პოეზიას დასცინის და მეც გამაბაიბურაო.

და შურისძიებით აღივსებოდა.

შემთხვევაც არ დაიგვიანებდა.

ქართული კლუბის შესავალთან არსებულ რესტორანში „კაფე-დეპარი“ ერთ სუფრას უსხედან:

პაოლო იაშვილი, ტიციანი, ესენინი და გიორგი ლეონიძე. მახლობელ სურას უზის ვანიჩქა ნანიშვილი - მოქეიფე და პოეტთა მეგობარი - ვიღაც მსახიობებთან ერთად. მოშორებით გირგოლ ცეცხლაძე და ალექსანდრე ლორდელიც შეექცევიან ვახშამს. ამ დროს შემოდის რაულ გოგოხია. ესენინი უკვე შეზარხოშებული, სწრაფი ნახტომით მიეჭრება და დაუწყებს საშინელ ლანძღვა-გინებას. ეუბნება: ჩემი მასხრად აგდებისათვის ცხვირ-პირს დაგიმტვრევო, - და საცემრად მიიწევს.

ესენინს გააკავებენ.

გოგოხია დაბნეული, განცვიფრებული შეჰყურებს, ვერ გაუგია, რა ხდება. არ იცის, რა ქნას, და ხმასაც ვერ იღებს.

გიორგი ლეონიძე, მისი ამხანაგი სემინარიიდან მივა და ჩაუჩურჩულებს: დუელში გამოიწვიეო.

გოგოხია გაისწორებს სათვალეს და მტკიცე ხმით შესძახებს: დუელში გიწვევო.

ესენინს ნანიშვილი გადაუჩურჩულებს: გაჰყევიო.

ასე დაინიშნებოდა დუელი.

ესენინის სეკუნდანტი იქნებოდა ვანიჩქა ნანიშვილი, გოგოხიასი - გიორგი ლეონიძე.

იქ დამსწრენი დუელს სერიოზულად არ აღიქვამენ, იფიქრებენ, ესენინი როგორც კი გამოფხიზლდება, მოუბოდიშებს, რადგან ტყუილუბრალოდ გამოლანძღა მისი პატივისმცემელი კაცი, და შერიგდებიანო. მაგრამ ნანიშვილი მოინდომებს, ეს შემთხვევა გასართობად და სასეიროდ გამოიყენოს, ლეონიძესაც აიყოლიებს და ჩუმად მოითათბირებენ: მოდი, ორივე შევაშინოთ და მერე შევარიგოთო.

მეორე დღეს გაუვლიან გოგოხიას და დაანამუსებენ: ხომ გახსოვს, გუშინ დუელში რომ გამოიწვიე ესენინი, ახლა უკან დახევა მთელი ქართველი ხალხის შერცხვენა იქნება, უნდა წამოხვიდე, ჩვენ რევოლვერები უკვე მოვამზადეთო.

იმას საკმაოდ ეცვლებოდა ფერიფური, მაგრამ ჩაცმით ჩაიცმევდა და ნირწამხდარი გაჰყვებოდა სეკუნდანტებს.

ახლა ესენინს მიადგებოდნენ სასტუმრო „ორიანტის“ მესამე სართულზე. ლეონიძე და გოგოხია ქუჩაში დაიცდიდნენ, ნანიშვილი კი ნომერში ააკითხავდა: გოგოხია და მისი სეკუნდანტი ქვემოთ გველოდებიანო.

ჰოი, რას შეშინდებოდა ესენინი... და შიში მოაფიქრებდა დუელისაგან თავის დაღწევის ხერხს. თავის სეკუნდანტს ეტყოდა: წამოვალ, მაგრამ აქვე, გვერდით ნომერში მეგობარი მყავს და მას დავემშვიდობებიო. დაუკაკუნებია კარზე, ოთახიდან კი გამოსულა ჩეკისტი, რომელსაც ნანიშვილი შორიდან იცნობდა.

ესენინი გადაეხვია და გულაჩუყებული ეტყვის: - მშვიდობით, მშვიდობით სამუდამოდ.

იმან, ჩეკისტმა:

- რა მოგივდა, ძვირფასო სერიოჟა, სად მიდიხარ.

და ესენინმა:

- დუელში ვარ გამოწვეული და ჩემი სეკუნდანტიც აქ არის.

მიხვდებოდა ნანიშვილი, სეირი ცუდად რომ ტრიალდებოდა, იშვერდა ფეხს და ისეთი სისწრაფით მიიმალებოდა, ლანძღვა-გინებით დადევნებული ჩეკისტი მის კვალსაც ვეღარ იპოვნიდა.

მთლად კომიკურად ვეღარ გაახსენდებოდა ეს ამბავი, ისეთი ფაცხაფუცხითა და ძრწოლით დაუსხლტებოდა ჩეკისტს. ინანებდა კიდეც, რა მრჯიდა, რა გართობა ავიტეხეო. ეს ალბათ ერთხანს, ვიდრე იმ წუთების მწვავე განცდა გადაუვლიდა და თვალწინ ამოჩნდებოდა რაულ გოგოხიასა და სერგეი ესენინის დამფრთხალი სახეები.

***

დუელი, როგორც ბედისწერის განაჩენი, აფრთხობდა და ძალიანაც აფრთხობდა სერგეი ესენინს. ალექსანდრ პუშკინის აჩრდილი გამოეცხადებოდა, მიხაილ ლერმონტოვის აჩრდილი წამოადგებოდა თავზე და ... ამ რიგის შევსებას სულაც არ აპირებდა.

თუმც დუელი... სპექტაკლად - რატომაც არა?

გიორგი ლეონიძე ერთ საღამოს სასტუმრო „ორიენტში“ რომ შეუვლიდა (იმასაც აზუსტებს ქართველი პოეტი მემუარულ ჩანაწერებში „ორიოდე სიტყვა სერგეი ესენინზე“: ექვსი საათი იქნებოდაო), მასპინძელი მარტო დახვდებოდა, სევდიანი, ნაცარწაყრილი გუნებაზე.

უეცრად აღგზნებული მოუბრუნდებოდა:

- გოგლა, დუელში გიწვევ!

- რა მოგივიდა, რა გაწყენინე?

- ხვალ, დილის ექვს საათზე, კოჯრის გზაზე.

- რა მოხდა, გამაგებინე!

- დუელი, ძმაო, დუელი!

- რას ბავშვობ?

- კაცო, რას ღელავ, რით ვერ მიხვდი? ფუჭი ვაზნებით ვესროლოთ ერთმანეთს და მეორე დღეს გაზეთში დაბეჭდავენ - ესენინსა და ლეონიძეს დუელი ჰქონდათო. მთელი ქვეყანა შეიყრება. მაშ დავიჯერო არ მოგწონს?!

გიორგი ლეონიძე გადაიხარხარებდა.

გააბამდნენ ლაპარაკს და ესენინს მალე სულ მიავიწყდებოდა „დუელის“ ამბავი.

თუმც სკანდალს რომ დაეძებდა, უამისოდ მაინც ვერ გადარჩენილან ის და გოგლა - 1924 წლის 10 ნოემბერს რესტორან „ქიმერიონში“ ისე წაიკიდებოდნენ, საქმეში მილიცია ჩაერეოდა... მეგობრულად შევეჯახეთ, იმავე საღამოს შერიგდითო, მომხდარი გავაბათილეთ, გული გავიწმინდეთ და ახლა სხვაგან გადავინაცვლეთ, სადაც შეღვინებულებმა გათენებამდე დავყავითო, ირწმუნება მემუარისტი, მაგრამ 14 ნოემბერს „რაბოჩაია პრავდა“ ამ ჩხუბს ირონიული სტატიით გამოეხმაურებოდა და შარში პაოლო იაშვილსაც გახვევდა, ვინც იქ საერთოდ არ ყოფილა. ის უარყოფდა თავის მონაწილეობას სკანდალში, ორი ოფიციანტიც დაუდასტურებდა...

***

ესენინს მალე რომ მივიწყდებოდა „დუელის“ ამბავი, მემუარისტის ნაამბობს ვიმეორებთ.

თუმც სინამდვილეში სულაც არ დავიწყდებოდა და, გიორგი ლეონიძეს თუ ჩამოეხსნებოდა, ახლა სხვას ამოიღებდა მიზანში: სანდრო შანშიაშვილს.

და ესეც ამავე ჩანაწერიდან ხდება ცნობილი: ასეთივე წინადადებით მიმართაო.

ესაა და ეს, რასაც გვატყობინებენ.

დიალოგის გაგრძელება, სავსებით მოსალოდნელია. ზუსტადაც განმეორებულიყო:

- რა მოგივიდა? რა გაწყენინე?

- ხვალ, დილის ექვს საათზე, კოჯრის გზაზე!

- რა მოხდა, გამაგებინე!

- დუელი, ძმაო, დუელი!..

თუმც ხალისიან გუნებაზე ვეღარ დგები და თაგვის სოროში შეძრომასაც არ ითაკილებ, ნაცნობ ჩეკისტსაც ჩარევ საქმეში, თუ მოგეჩვენა, მგონი... მგონი მართლაა დუელი მოსალოდნელიო.


როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
თბილისი, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში