სვეტლანა ალექსიევიჩი - ცინკის ბიჭები

1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო ავღანეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება. ომი გრძელდებოდა 1979 წლიდან 1989 წლამდე - ცხრა წელიწადი, ერთი თვე და ცხრამეტი დღე. ავღანეთი გამოიარა საბჭოთა კავშირის შეზღუდული კონტიგენტის ნახევარ მილიონზე მეტმა მეომარმა. საბჭოთა შეიარაღებული ძალების მარტო ცოცხალი ძალის დანაკარგმა შეადგინა 15 051 კაცი. უგზოუკვლოდ დაკარგულთა და დატყვევებულთა რიცხვი უტოლდებოდა 417 სამხედრო მოსამსახურეს. 2000 წლის მონაცემებით, ტყვეობიდან ვერ დაბრუნდა და უგზოუვკლოდ დაიკარგა 287 ადამიანი...

Polit.ru, 19 ნოემბერი, 2003 წელი

***

ავღანი - ავღანეთში ნაომარი მებრძოლები ერთმანეთთან საუბარში ქვეყნის სახელწოდებას ასე მოიხსენიებდნენ.

***

მიდის ომის მეშვიდე წელი!.. ჩვენ კი არაფერი ვიცით მის შესახებ, საგმირო რეპორტაჟების გარდა. დროდადრო უსიამოვნოდ შეგვაკრთობს ხოლმე შორიდან ჩამოტანილი ცინკის კუბოები, რომლებიც ვერ თავსდებიან პენალის ზომის „ხრუშჩოვკებში“.

***

ჯერ ისვრი და მერე არკვევ - ქალი იყო თუ ბავშვი... ყველას თავისი წილი კოშმარი აქვს.

***

ჰყვებიან, რომ, როდესაც კლავენ, ცდილობენ თვით აქლემსაც არ უყურონ თვალებში. აქ ათეისტები არ არიან. და ყველას იდუმალი ნიშნებისა სწამს.

***

ავედი ვერტმფრენში... ზემოდან დავინახე მზის სხივებში ლამაზად და საშინლად მბზინავი სამარაგოდ წინასწარ გამზადებული ასობით ცინკის კუბო...

გადააწყდები რაიმე მსგავსს და მაშინვე გაგიელვებს აზრი: ლიტერატურას სული ამოსდის თავის საზღვრებში...

***

როდესაც ტყვია გხვდება, შენ გესმის, რომ ამ შეგრზნების დავიწყება შეუძლებელია, არაფერში არ აგერევა - სველი წკიპურტი მოგაწებეს თითქოს.

***

ადამიანებისთვის ომში არ არსებობს სიკვდილის საიდუმლო. მოკვლა - ეს უბრალოდ სასხლეტზე თითის გამოკვრაა.

***

ვხედავ, რომ ადამიანისგან ერთ წამში აღარაფერი რჩება - თითქოს არც ყოფილა ქვეყნად. ცარიელი კუბოთი იგზავნება სამშობლოში საპარადო ფორმა. უცხო ქვეყნის მიწას ჩაუყრიან, რათა საჭირო წონა ჰქონდეს კუბოს...

***

ჯარისკაცი ოცნებობდა... ჰქონდა სამად სამი ჯარისკაცული ოცნება: ეყიდა თავსაფარი დედისათვის, კოსმეტიკური ნაკრები - მეგობარი გოგონასათვის და თავისთვის - საცურაო ტრუსები. მაშინ მსგავსი ტრუსები „კავშირში“ არ არსებობდა. აი, ასეთი იყო ეს ომი.

***

ჩვენ „ავღანელებს“ გვეძახიან. სხვისი სახელია. როგორც ნიშანი, დამღა. ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორც სხვები.

***

იქ მე ყველაფერი სამართლიანად მეჩვენებოდა, აქ კი შევძრწუნდი, როდესაც გამახსენდა მტვერში დაგდებული უხელფეხო პატარა გოგონა... ეგდო, როგორც გატეხილი თოჯინა... ჩვენი დაბომბვის შემდეგ... ჩვენ კი გვიკვირდა, რატომ არ ვუყვარდით.

***

რა ფერის არის სისხლი? ჰოსპიტალში ის წითელია, მშრალ ქვიშაზე - რუხი, კლდეზე, საღამოობით - ხასხასა სილურჯისა, უკვე ცოცხალი ტონალობის გარეშე. მძიემდ დაჭრილი ადამიანის სხეულიდან სისხლი ჩქარა მოედინება, როგორც გატეხილი ქილიდან... იფერფლება ადამიანის სიცოცხლე... მხოლოდ თვალებს არ სცილდება ბრწყინვა ბოლომდე და სადღაც შენს მიღმა იცქირებიან... სადღაც შენს მიღმა, დაჟინებით...

***

ძნელია, ეზიარო რაიმე იდეალებს, როდესაც სხვათა ქვეყანაში ომობ, და კაცმა არ იცის, რატომ და რისთვის.

***

ქალებმა დაგვსვეს მაგიდასთან და გაგვიმასპინძლდნენ. როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ, ეს ქალები და მათი შვილები ყიშლაკმა სასიკვდილოდ გაიმეტა: ქვები და ჯოხები დაუშინეს. მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს. ჩვენ კი მათთან ჩვენი კანონებით მივდიოდით... მეჩეთებში ქუდდახურული შევდიოდით...

***

სომხეთის რადიოს ეკითხებიან: რა არის პოლიტიკა? სომხური რადიო პასუხობს: თქვენ გინახავთ, როგორ ფსამს კოღო? აი, პოლიტიკა კიდევ უფრო ფაქიზი რამ არის!

***

ქარავანს ვესროდით, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა. ადამიანებს ცალკე ვხვრეტდით, სახედრებს - ცალკე. ისინი ერთნაირად დუმდნენ და ელოდნენ სიკვდილს. დაჭრილი სახედარი ისე ყროყინებდა, თითქოს რკინაზე სხვა რკინა გადაეტარებინოთ.

***

არ შევსწრებივარ, რომ ჩვენს გოგონებს ეტარებინოთ საბრძოლო ჯილდოები, კიდეც რომ ჰქონოდათ. ერთმა ჩამოიკიდა მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“. ყველანი იცინოდნენ: „საწოლში დამსახურებისათვის“. იმიტომ, რომ ცნობილია - მედლის მიღება შეიძლება ბატალიონის მეთაურთან გატარებული ღამისთვის. რატომ იყო, რომ იქ ქალებს იწვევდნენ? არ გამოდიოდა მათ გარეშე... გესმით? ზოგიერთი ბატონი ოფიცრები ჭკუაზე შეირყეოდნენ. ქალები კი რატომღა იწევდნენ ომში წასასვლელად? ფულის გამო... კარგი ფული იყო... მაგნიტოფონს იყიდდი, ნივთებს. დაბრუნდები სახლში და - გაყიდი. „კავშირში“ ამდენს ვერ იშოვი, ვერ დააგროვებ.

***

გოგონები მედუქნეებთან წვებოდნენ მოდური ტანსაცმლის გულისთვის. შეხვალ დუქანში, მოზარდები... ბავშვები... ყვირიან: „ხანუმ ჯიკ-ჯიკ“ და მიგითითებენ დამხმარე სათავსოსკენ.

***

ჯარისკაცები - ესენი სულ პატარა ბიჭები არიან - თვრამეტ-ცხრამეტი წლისანი, სულ ბავშვები. ისინი აქედან წელში გადატეხილები მიდიან, ბევრი რამ ნახეს... ბევრი... როგორ იყიდება ქალი ერთ ყუთ... თუმცა რის ყუთ - ორ ქილა „ტუშონკაზე“, მერე ამ თვალებით ის შეხედავს თავის ცოლს, ყველას... მათ აქ ხედვა დაუზიანეს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ისინი შემდეგ როგორღაც სხვანაირად იქცევიან „კავშირში“.

***

მედესანტე სამი წამით ანგელოზია - პარაშუტის გახსნამდე, სამი წუთი - არწივი, ვიდრე მიფრინავს, დანარჩენ დროს კი ფორანში შესაბმელი ცხენია.

***

საბჭოთა ჯარისკაცი ყველაზე იაფი ჯარისკაცია, ყველაზე მომთმენი, ყველაზე უდრტვინველი... არ არის უზრუნველყოფილი, არ არის დაცული. იოლად ჩამოწერადი მასალაა. ასე იყო ორმოცდაერთ წელში... ორმოცდაათი წლის შემდეგაც ასეა...

***

„ორია რამ ქვეყნად, თითქო ერთი იყოს: პირველ რიგში ქალი, მეორეში - ღვინო. ქალზე უფრო ტკბილი, და ღვინოზე მნდომი კაცებისათვის არის - ომი!“ (რადიარდ კიპლინგის ლექსიდან)

***

რანგების საჯარისო სისტემა: ფიცის მიღებამდე „დუხ“ - „სული“, ფიცის შემდეგ - „ჩიჟარა“, ნახევარი წლის შემდეგ - „ჩერპაკი“, „ჩერპაკიდან“ წლინახევრამდე - „ბაბუ“, ორი წლიდან - „დემბელი“. ხოლო სულ დასაწყისში შენ ხარ უსხეულო სული „დუხი“ და შენი ცხოვრება სრული პარაშა...

***

ადამიანი არ იცვლება ომში, ადამიანი იცვლება ომის შემდეგ. იცვლება, როდესაც იმავე თვალებით, რომლითაც უცქერდა - რა იყო იქ, უცქერს იმას - რაც არის აქ.

***

თუ სიკვდილს ელდოები საპატარძლოსავით, ის მოვა კიდეც პატარძლად.

***

ავღანელებთან... მათთან მამათმავლობა მოსული პონტია. შედიხარ მარტო დუქანში „ამხანაგო, მოდი... მოდი აქ, მე შენ უკანალში მიგარჭობ და ამის ფასად რაც გინდა წაიღე - თავსაფარი წაუღე დედას“.

***

დედა ნუ მომიკვდება! ვსვამთ ყველაფერს, რაც იწვის, ვჟიმავთ ყველაფერს, რაც მოძრაობს, ხოლო თუ არ მოძრაობს, ავამოძრავებთ და გავჟიმავთ!

***

სამშობლოს საყვარელი ქალივით არ ირჩევენ, ის გეძლევა და თუ შენ დაიბადე ამ ქვეყანაში, უნდა შეძლო კიდეც აქვე მოკვდე. შეიძლება ჩაძაღლდე, შეიძლება დაიღუპო, მაგრამ შენ უნდა შეძლო, რომ გარდაიცვალო.

***

ვისი ომი იყო ეს? ეს იყო დედების ომი - ისინი ომობდნენ. და ცრემლებამდე იომებენ. გვიპატრონებენ, გამოითხოვენ ჩვენს სულებს. ხალხს კი არაფერი განუცდია. ხალხმა არაფერიც არ იცის.

***

იყო ასეთი რწმენაც: თუ თვითონ მოითხოვე ავღანეთში წასვლა - ეს ამბავი კეთილად არ დამთავრდება, თუ გაგაგზავნეს და მოვალეობას იხდი - შეიძლება დაბრუნდე კიდეც.

***

ავღანეთში, რომელიღაც ოფიცრისგან გადავიწერე: „უცხოელი, რომელიც მოხვდება ავღანეთში, განსაკუთრებული ციური მფარველობის ქვეშ უნდა იყოს, თუ იქიდან გამოვა ჯანმრთელი, უვნებელი და თავიც ებმება მხრებზე...“

***

ადამიანში ადამიანური გრამია და წვეთია. აი, რა გავიგე ომში.

***

„მამაკაცები ომში ომობენ და ქალები ომის შემდეგ... ჩვენ ომის შემდეგ ვომობთ“, - დედა.

***

ავღანელებსაც არ ეშინოდათ სიკვდილის... თუკი ადამიანს სიკვდილისა არ ეშინია, როგორ შეიძლება მათ დაემუქრო სიკვდილით?

***

კულტურის თხელი ფენის შიგნიდან იქვე თავს იჩენს ხოლმე მხეცი.

***

ავღანელებში ჩაი სტუმართმოყვარეობის უეჭველი ატრიბუტია. ჩაის გარეშე არ დაიწყება მუშაობა, არ შედგება საქმიანი საუბარი, უარი ჩაიზე იგივეა, მისალმებისას კაცს ხელი რომ არ ჩამოართვა.

***

ეს არის ავღანელთა ერთ-ერთი თავისებურება - ლაპარაკი შეუძლია და უყვარს ყველას. ლინგვისტიკაში არსებობს ტერმინი: „ემოციური შეფერადება“. ხოლო ავღანელებს მეტყველება არათუ მხოლოდ შეფერადებული აქვთ, არამედ გაფერადებულიც: მეტაფორებით, ეპითეტებით, შედარებებით.

***

პროფესიონალ სამხედროებს სხვა ფსიქოლოგია უყალიბდებათ: ომი სამართლიანია თუ უსამართლო, ამას მნიშვნელობა არა აქვს. სადაც გვგზავნიან, იქ სამართლიანიცაა და საჭიროცაა.

***

ჯარი ვერ ითმენს თავისუფალ აზროვნებას. ჩაგაყენეს მწყობრში და - ამას იქით თქვენ მოქმედებთ მხოლოდ სამხედრო ბრძანების მიხედვით. დილიდან საღამომდე.

***

ვინ გითხრათ, რომ ჩვენ იქ ომი წავაგეთ? ჩვენ წავაგეთ აქ, შინ, „კავშირში“. არადა, რა ლამაზად შეგვეძლო დაბრუნება! დამწვარ-დათუთქულები, შეტრუსულები... ბევრის მნახველნი და განმცდელნი... მაგრამ არ მოგვცეს ამის საშუალება... არ მოგვცეს აქ უფლება, არ მოგცემს აქ საქმე.


რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქუთათელაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში